ანტონ ჩეხოვი “მღვდელმთავარი”

ანტონ ჩეხოვი ითვლება თანამედროვე ნოველისა და დრამატურგიის ფუძემდებლად რუსეთში. დაიბადა 1806წ. ქალაქ ტაგანროგში. ის კარგად იცნობდა მეცხრამეტე საუკუნის დაბალი-საშუალო ფენისა და გლეხების ცხოვრების რეალიებს და ეს ობიექტურად და ყოველგვარი სენტიმენტალობის გარეშე ასახა თავის ნაწერებში. პავლე, ჩეხოვის მამა, იყო რელიგიური ზილოტი და დესპოტურად ექცეოდა ოჯახის წევრებს. ის ატერორებდა ანტონს და მის უფროს ძმას, აიძულებდა მათ საათობით ეკითხათ ლოცვები და სახარება. უფროსი ძმის, ალექსანდრესადმი მიწერილ წერილში, დათარიღებული 1898წ, რომელიც შემდეგ დაიბეჭდა ავრამ იარმოლნიკის „ანტონ ჩეხოვის წერილებში“, ჩეხოვი წერს: „ჩვენი ბავშვობა იმდენად იყო დაღდასმული დესპოტიზმითა და ტყუილით, რომ მისი გახსენებისას ადამიანს გულისრევისა და შიშის გრძნობა გაუჩნდება“. მწერლის დედას, ევგენიას, შესანიშნავად ეხერხებოდა ამბების მოყოლა და სავარაუდოა, რომ ჩეხოვმა მისგან მიიღო თხრობისა და წერის ნიჭი.
ჩეხოვს მიღებული ჰქონდა სამედიცინო განათლება და თავისი მოღვაწეობის ადრეულ პერიოდში მუშაობდა ექიმად. 1903 წლიდან იყო რედაქტორი ჟურნალ „Русская Мысль“-ის ლიტერატურული განყოფილებისა. დააარსა სკოლა ორ სოფელში. 1888წ. მიიღო პუშკინის პრიზი მოთხრობების კრებულისთვის „В сумерках“. 1899წ. აირჩიეს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსად; დაჯილდოებულია წმ. სტანისლავის ორდენით ეროვნულ განათლებაში შეტანილი წვლილისათვის, 1899წ. დრამატურგებისა და საოპერო კომპოზიტორების საზოგადოებამ დააჯილდოვა გრიბოედოვის პრიზით ოთხმოქმედებიანი პიესისათვის „Три сестры“. 1904 წლის 2 ივლისს ანტონ ჩეხოვი გარდაიცვალა გერმანიის ქალაქ ბადენვილერში.

 

1.
ბზობის კვირაძალს წმ. პეტრეს მონასტერში საღამოს ლოცვა მიმდინარეობდა. როდესაც ბზის გაცემა დაიწყეს, უკვე ათი საათი მთავრდებოდა. ყოველივე ბინდმა მოიცვა. ეკლესიაში ხალხი ზღვასავით ირწეოდა, ეპისკოპოს პეტრეს, რომელიც უკვე სამი დღეა შეუძლოდ იყო, ეჩვენებოდა, რომ ყველა სახე: მოხუცის, ახალგაზრდის, ქალის, კაცის ერთმანეთს ჰგავდა, ყველას, ვინც ბზაზე მოდიოდა, თვალების ერთი და იგივე გამომეტყველება ჰქონდა. ბინდბუნდში კარები არ მოჩანდა, ხალხი მოძრაობდა და, როგორც ჩანდა, ამას დასასრული არ ექნებოდა. გალობდა ქალთა გუნდი, კანონს კითხულობდა მონაზონი.
როგორი ჩახუთული ჰაერი იყო, როგორ ცხელოდა, როგორ იწელებოდა ლოცვა! ეპისკოპოსი პეტრე დაიღალა. მისი სუნთქვა მძიმე იყო, ხშირი, მშრალი, დაღლილობისგან მხრები სტკიოდა, ფეხები უკანალებდა. არასასიამოვნო მოსასმენი იყო, როცა სალოსი გუნდის გალობის დროს ზოგჯერ ყვიროდა. უცებ, როგორც სიზმარში, ეპისკოპოსს მოეჩვენა, რომ თითქოს ხალხის ტალღიდან დედამისი მარია ტიმოფეევნა მოუახლოვდა, რომელიც მას უკვე ცხრა წელია არ უნახავს ან მოხუცი, რომელიც ძალიან ჰგავდა დედას, ბზის აღების შემდეგ გვერდზე გადაინაცვლა და კეთილი ღიმილით მისჩერებოდა, სანამ ბრბოს არ შეერია. რატომღაც ცრემლები მოერია. სულში მშვიდობას გრძნობდა, მაგრამ განუწყვეტლივ უყურებდა მარჯვენა კლიროსს, სადაც კითხულობდნენ. საღამოს ბინდში უკვე შეუძლებელი იყო ვინმეს ცნობა. ეპისკოპოსი ტიროდა, ცრემლები აუბრჭყვიალდა სახეზე, წვერებზე. აი, იქვე კიდევ ვიღაც ატირდა, მის გვერდზე ვიღაცა და ასე მთელი ტაძარი ჩუმად ტიროდა. ცოტა ხნის შემდეგ მონაზონთა გუნდი ატირდა, მერე კი აღარ ტიროდნენ, ყველაფერი უწინდებურად იყო.
მალე მსახურებაც დამთავრდა, როდესაც ეპისკოპოსი შინ წასასვლელად ეტლში ჯდებოდა, მთვარის შუქით განათებულ ბაღში მძინე ზარების მხიარული და ლამაზი რეკვა ისმოდა. თეთრი კედლები, თეთრი ჯვრები საფლავებზე, თეთრი არყის ხეები და შავი ჩრდილი შორეულ ცაზე, ზედ მონასტრის თავზე აღმართული მთვარე, როგორც ჩანდა, ცხოვრობდნენ თავისი განსაკუთრებული, გაუგებარი, მაგრამ ადამიანისთვის არცთუ შორეული ცხოვრებით.
აპრილის დასაწყისი იყო და გაზაფხულის თბილი დღის შემდეგ აცივდა, მსუბუქ, ცივ ჰაერში იგრძნობიდა გაზაფხულის სუნთქვა. მონასტრიდან ქალაქამდე ქვიშიანი გზა იყო და მასზე მლოცველები მიჩანჩალებდნენ. ყველა მდუმარედ იყო, ჩაფიქრებული, გარშემო ყოველივე ნორჩი და ახლობელი იყო: ხეები, ცა და მთვარეც კი, გიჩნდებოდა სურვილი რომ ყველაფერი მუდამ ასე ყოფილიყო.
როგორც იქნა ეტლი მთავარ ქუჩაზე გამოვიდა. მაღაზიები უკვე დაკეტიკი იყო, მხოლოდ მილიონერი ვაჭრის, ერაკინის სახლთან ენთო ძლიერად მოციმციმე ელექტროშუქი. მის გარშემო ხალხი ირეოდა. ერთმანეთს მიჰყვა ფართო, ბნელი ქუჩები, მინდორი ფიჭვის სურნელს აფრქვევდა. უცებ წინ აღიმართა თეთრი ქონგურებიანი კედელი, შემდეგ მაღალი სამრეკლო და გვერდით ხუთი ოქროს გუმბათი – ეს პანკრეატიევის მონასტერი იყო, რომელშიც ცხოვრობდა ეპისკოპოსი პეტრე. ამ მონასტერსაც ჩაფიქრებული მთვარე ადგა თავზე. კარეტა ჭიშკარში შევიდა, რამდენიმე ადგილას მთვარის შუქზე გაიელვა ბერის შავმა ფიგურამ, ისმოდა ბაკუნი ქვის ფილებზე…
– თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, დედათქვენი მობრძანდა, – მოახსენა მოწაფემ, როდესაც იგი თავისთან შედიოდა.
– დედა? როდის მოვიდა?
– საღამოს ლოცვის წინ. ჯერ თქვენ გეძებდით, შემდგე დედათა მონასტერში წავედით.
– ესე იგი, წეღან ეკლესიაში მართლა ვნახე! ო, ღმერთო!
ეპისკოპოსმა პეტრემ სიხარულისგან გაიცინა.
– თქვენო თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, დედათქვენმა დამიბარა, – გააგრძელა მოწაფემ, – რომ ხვალე მობრძანდება. თან გოგონა ახლდა, ალბათ, შვილიშვილი. ოვსიანიკოვის ფუნდუკში გაჩერდნენ.
– რომელი საათია ახლა?
– თორმეტი დაიწყო.
– ეჰ, საწყენია!
ეპისკოპოსი ცოტა ხნით სასტუმროში დაჯდა, ფიქრობდა და თითქოს არ სჯეროდა, რომ უკვე ასე გვიანია. ხელ-ფეხი სტეხდა, კეფა სტკიოდა. ცხელოდა და თავს უქეიფოდ გრძნობდა. მცირედ შეისვენა და საძინებელ ოთახში შევიდა. აქაც ჩამოჯდა და დედაზე ფიქრობდა. მოესმა, როგორ გავიდა მოწაფე და როგორ ახველებდა კედელს მიღმა მამა სისოი, მღვდელმონაზონი.
უსამღვდელოესმა პეტრემ ტანსაცმელი გამოიცვალა და ძილის წინ ლოცვა დაიწყო. იგი ყურადღებით კითხულობდა ამ ძველ, დიდი ხნის ნაცნობ ლოცვებს და თან დედაზე ფიქრობდა. დედამისს ცხრა შვილი ჰყავდა და ორმოცამდე შვილიშვილი. ოდესღაც თავის დიაკონ ქმართან ერთად ცხოვრობდა ღარიბ სოფელში, ძალიან დიდხანს, ჩვიდმეტიდან სამოც წლამდე. უსამღვდელოეს პეტრეს იგი ბავშვობიდან ახსოვდა, თითქმის სამი წლიდან და როგორ უყვარდა! მას ძვირფასი დაუვიწყარი ბავშვობა ჰქონდა. რატომ ეჩვენება ეს სამუდამოდ წასული და დაუბერებელი ხანა ასე ნათელი და მდიდარი, ვიდრე სინამდვილეში იყო? როდესაც ბავშვობაში ავად ხდებოდა, როგორი ნაზი და მგრძნობიარე იყო მაშინ დედა! ახლა ეს მოგონებები ლოცვას ერეოდა, სულ უფრო მკაფიო ხდებოდა და დედაზე ფიქრში ლოცვა ხელს არ უშლიდა.
ლოცვის შემდეგ გაიხადა და დაწვა. მაშინვე თვალწინ წარუდგა გარდაცვლილი მამა, დედა, მშობლიური სოფელი ლესოპოლიე.. გაახსენდა სოფლის მღვდელიც, მამა სიმეონი, თავმდაბალი, კეთილი, თავად მღვდელი მსუქანი იყო, ტანმორჩილი, მისი სემინარისტი შვილი კი ზორბა აღნაგობისა, თან მრისხანე ხმით ლაპარაკობდა; ერთხელ იგი მზარეულზე გაბრაზდა და ასე უყვირა: „უხ, შე იეგუდიელის სახედაროო!“ მამა სიმეონს ამის გაგონებაზე არაფერი უთქვამს, მხოლოდ უკვირდა, რომ ვერაფრით გაიხსენა, სად მოიხსენიებოდა საღვთო წერილში ამგვარი სახედარი. სიმეონის შემდეგ ლესოპოლიეში მღვდლად მსახურობდა მამა დამიანე, რომელიც ბევრს სვამდა. სოფელში მასწავლებლად იყო მატვეი ნიკოლაევიჩი, კეთილი ადამიანი, მაგრამ ისიც ლოთი. მის კედელზე ყოველთვის ეკიდა წკეპლების კონა, ქვემოთ კი სრულიად უაზრო წარწერა ლათინურ ენაზე: „betula kinderbalsamica secuta“. მას ერთი ბანჯგვლიანი ძაღლიც ჰყავდა, რომელსაც სინტაქსისს უწოდებდა.
მღვდელმთავარს გაეცინა. სოფელ ლესოპოლიედან რვა ვერსის მოშორებით იყო სოფელი ობნინო სასწაულმოქმედი ხატით. ზაფხულობით გამოჰქონდათ ეს ხატი და ატარებდნენ სხვადასხვა სოფელში, მღვდელმთავარს კი ეჩვენებოდა, რომ ჰაერი სიხარულით იყო სავსე და იგი (მაშინ პავლუშას ეძახდნენ) უქუდოდ და ფეხშიშველი, გულუბრყვილო რწმენითა და მიამიტი ღიმილით მისდევდა ამ ხატს. ახლა გაახსენდა, რომ ობნინოში ყოველთვის ბევრი ხალხი იყო და იქაური მღვდელი, მამა ალექსი, პროსკომიდიის აღსრულება რომ მოესწრო, თავსი ყრუ ძმისწულ ილარიონს ავალებდა მოსახსენებლების წაკითხვას. ილარიონიც კითხულობდა, რისთვისაც ზოგჯერ შაურიანებსა და ორშაურიანებს იღებდა. ერთხელაც, როცა უკვე ჭაღარა და მელოტი იყო ფურცელზე ნაწერი დაინახა: „სულელი ხარ შენ, ილარიონ!“ თხუთმეტ წლამდე პავლუშა განუვითარებელი იყო და ცუდად სწავლობდა, რის გამოც სასულიერო სასწავლებლიდან მის გაყვანას და დუქანში მიბარებასაც კი აპირებდნენ. ერთხელ, როცა ობნინოს ფოსტაში მოვიდა წერილების წასაღებად, დიდხანს უყურებდა ჩინოვნიკებს და ასეთი რამ ჰკითხა: „თუ შეიძლება მიპასუხეთ, როგორ იღებთ საჩივრებს: ყოველთვე თუ ყოველდღე?“
მღვდელმთავარმა პირჯვარი გადაიწერა და გვერდი იცვალა, მეტი რომ აღარ ეფიქრა.
– დედაჩემი მოვიდა… – გაიხსენა მან და გაიღიმა.
ფანჯარაში მთვარე იყურებოდა, იატაკზე ჩრდილები ჩანდა. ჭრიჭინების სიმღერა ისმოდა. გვერდითა ოთახში მამა სისოი ხვრინავდა. იგი ერთ დროს იკონომოსად მსახურობდა ეპარქიის მღვდელმთავართან, ახლა კი „ყოფილ მამა იკონომოსს“ უწოდებენ. სამოცდაათი წლისა იყო, ცხოვრობდა მონასტერში ქალაქიდან თექვსმეტიოდე ვერსის დაშორებით, ახლაც, სადაც მოუწევს, იმ ქალაქში ცხოვრობს. სამი დღის წინ პანკრატიევის მონასტერში მოსულიყო და მეუფე პეტრემ თავისთან დაიტოვა, რომ თავისუფალ დროს ელაპარაკა აქაურ საქმეებზე…
ორის ნახევარზე ცისკრის ზარები შამოჰკრეს. მოესმა, როგორ დაახველა მამა სისოიმ და უკმაყოფილოდ წაიბურდღუნა რაღაც, მერე კი ადგა და იატაკზე ფეხშიშველმა გაიარა.
– მამა სისოი! – დაუძახა მეუფემ.
სისოი შებრუნდა და უკვე ჩექმებითა და სანთლით ხელში გამოჩნდა, თავზეც ძველი სკუფია ეხურა.
– არ მეძინება! – თქვა მეუფემ – დაჯდომისას, – ალბათ, ავად ვარ, . მაგრამ რა მჭირს, არ ვიცი. სიცხე მექნება.
– გაცვდებოდით მეუფევ, სასანთლე ქონით უნდა დაგზილოთ.
– სისოი ცოტა ხანი იდგა და დაამთქნარა: „ოჰ, ღმერთო, შემიწყალე მე ცოდვილი“.
– ერაკინთან ელექტროშუქი გააკეთეს, – თქვა მან, – არ მომნონს მე ეს!
მამა სისოი მოხუცი იყო, მსუქანი, მოხრილი, ყოველთვის რაღაცით უკმაყოფილო, თვალები კი ბრაზიანი და კიბოსავით გადმოკარკლული ჰქონდა.
– არ მომწონს! – გაიმეორა წასვლისას, – არ მომწონს, ღმერთმა უშველოთ.
2
მეორე დღეს, ბზობის კვირას, ეპისკოპოსი პეტრე ქალაქის ტაძარში სწირავდა, შემდეგ ეპარქიის მღვდელმთავარს ესტუმრა, ასევე მოინახულა ერთი მოხუცი, ავადმყოფი გენერალი და ბოლოს შინ გაემგზავრა. ორი საათვისთვის ძვირფასი სტუმრები ესტუმრნენ: მოხუცი დედა და დისშვილი კატია, შვიდიოდე წლის გოგონა. სადილის დროს ფანჯარაში განუწყვეტლივ იჭყიტებოდა გაზაფხულის მზე და მხიარულად ანათებდა კატიას წითურ თმებში. ასევე ისმოდა ჭილყვავებისა და შოშიების გნიასი.
– უკვე ცხრა წელია ერთმანეთი არ გვინახავს, – თქვა მოხუცმა,- გუშინ კი მონასტერში, როგორც კი შემოგხედეთ, ღმერთო, ოდნავადაც არ შეცვლილხართ, მხოლოდ ცოტათი გამხდარხართ და წვერი უფრო მოგიშვიათ. გუშინ საღამოს ლოცვაზე ძნელი იყო თავის შეკავება, ყველა ტიროდა. მეც, როდესაც თქვენ გიყურებდით, ავტირდი, რატომ, არ ვიცი, მისი წმინდა ნებაა!
მიუხედავად იმ სინაზისა, რომლითაც ლაპარაკობდა, შესამჩნევი იყო, რომ ვერ გადაეწყვიტა, შენობით მიემართა მისთვის თუ თქვენობით, გაეცინა თუ არა. ის უფრო დიაკონისად გრძნობდა თავს, ვიდრე დედად. ხოლო კატია განუწყვეტლივ შეჰყურებდა ეპისკოპოს ბიძას, თითქოს უნდოდა გამოეცნო, როგორი ადამიანი იყო. თმები ხავერდის ბაფთით აეწია ზემოთ, ცხვირი აპრეხილი პქონდა და თვალები – კვიმატი. სანამ სადილად დაჯდებოდა, ჭიქა გაუტყდა, ამიტომ ბებია, საუბრის დროს მისგან შორს დგამდა ხან ჭიქას, ხან სირჩას. უსამღვდელოესი უსმენდა დედას და თან ახსენდებოდა, მრავალი წლის წინათ როგორ დაჰყვებოდა მასსა და თავის და-ძმებს ნათესავებთან, რომლებსაც მდიდრებად თვლიდნენ. მაშინ შვილებს უვლიდა, ახლა კი შვილიშვილებს და აი, კატიაც კი მოიყვანა.
– ვარენკას, თქვენს დას, ოთხი შვილი ჰყავს, – უყვებოდა იგი, – აი ეს, კატია, ყველაზე უფროსია.
– ნიკანორი როგორ არის? – იკითხა უსამღვდელოესმა უფროსი ძმის შესახებ.
– არა უშავს, მადლობა ღმერთს, მაგრამ ერთი კია: მისმა ძმამ, ნივოლაშამ, ჩემმა შვილიშვილმა, არ ისურვა საეკლესიო გზით წასვლა, უნივერსიტეტში წავიდა საექიმოზე. ჰგონია, უკეთესია, თუმცა ვინ იცის, მისი წმინდა ნებაა.
– ნიკოლაშა მკვდრებს ჭრის, – თქვა კატიამ და წყალი დაიქცია მუხლებზე.
– შენ ჭკვიანად იჯექი შვილო, – უთხრა ბებიამ და ჭიქა ხელიდან გამოართვა, – ჭამე და ილოცე.
– რამდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს! – აღნიშნა მეუფემ და მოხუცს მხარსა და ხელზე ნაზად მიუალერსა, – დედა, ძალიან მენატრებოდი საზღვარგარეთ, ძალიან.
– გმადლობთ.
– ზიხარ ღია ფანჯარასთან, მარტოდმარტო, მოგესმის მუსიკის ხმა და სევდა მოგერევა შენი ქვეყნის გამო. მზად ხარ ყველაფერი გაიღო შინ დასაბრუნებლად.
დედას გაეღიმა, გაუხარდა, მაგრამ მაშინვე სერიოზული გამომეტყველება მიიღო და თქვა:
– გმადლობთ.
უცებ შეეცვალა განწყობა. დედამისს უყურებდა და ვერ გაეგო, რატომ ჰქონდა მას სახესა და ხმაში ასეთი მოწიწება, ამის გამო ვეღარ ცნობდა მას. მოიღუშა. თან თავიც ასტკივდა, როგორც გუშინ, ფეხები ძლიერად სტეხდა და თევზიც უმარილო ეჩვენებოდა, უგემური, გამუდმებით სწყუროდა.
სადილის შემდეგ ორი მდიდარი მემამულე ქალი მობრძანდა, რომლებიც საათ-ნახევარი მდუმარედ ისხდნენ და სახეები ჩამოუგრძელდათ, ასევე საქმეზე მოვიდა ერთი არქიმანდრიტი, მდუმარე და ნახევრად ყრუ. მწუხრისა დარეკეს, მზე ტყის მიღმა ჩაეშვა, დღე გაილია. ეკლესიიდან მოსვლის შემდეგ მეუფემ ნაჩქარევად ილოცა და ლოგინში ჩაწვა.
უსიამოვნო იყო სადილზე ნაჭამი თევზის გახსენება. მთვარის შუქი აწუხებდა, შემდეგ ხმა მოესმა. გვერდითა ოთახში მამა სისოი პოლიტიკაზე საუბრობდა.
– ახლა იაპონელებს ომი აქეთ, ომობენ. იაპონელები, ბებია, იგივე ჩერნოგორელები არიან, ერთი ტომისანი, თურქეთის უღლის ქვეშ ერთად იყვნენ. ხოლო შემდეგ მარია ტიმოფეევნას ხმა გაისმა:
– ჩაი გეახელით, ახლა წავედით ჩვენ მამა ეგორთან, მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის…
დიდი საქმე იყო „ჩაის დალევა“ და, როგორც ჩანდა, თავის სიცოცხლეში მან მხოლოდ ის იცოდა, რომ ჩაის სვამდა. უსამღვდელოესს ნელ-ნელა, ბუნდოვნად გაახსენდა სემინარია, აკადემია. სამი წელი იგი ბერძნული ენის მასწავლებელი იყო სემინარიაში, სათვალეების გარეშე წიგნში ვეღარ იყურებოდა, შემდეგ ბერად აღიკვეცა და ინსპექტორად გაამწესეს. მერე დაიცვა დისერტაცია. ოცდათორმეტი წლის ასაკში სემინარიის რექტორად დანიშნეს, აიყვანეს არქიმანდრიტის ხარისხში და მაშინ ცხოვრება ძალზე მსუბუქი და სასიამოვნო ეჩვენებოდა. შემდეგ ავადმყოფობდა, ძალიან გახდა, კინაღამ დაბრმავდა. ექიმის რჩევით ყველაფერი უნდა მიეტოვებინა და საზღვარგარეთ წასულიყო.
– რა მოხდა შემდეგ? – იკითხა სისოიმ გვერდითა ოთახში.
– ჩაის ვსვამდით.. – უპასუხა მარია ტიმოფეევნამ.
– მამაო, თქვენ მწვანე წვერი გაქვთ! – უცებ თქვა გაკვირვებულმა კატიამ და გაიცინა.
უსამღვდელოესს გაახსენდა, რომ ჭაღარა მამა სისოის წვერი მართლაც მომწვანო ჰქონდა და გაეცინა.
– ღმერთო, რა თავნებაა ეს გოგონა! ჭკვიანად იჯექი.
უსამღვდელოესს თეთრი ეკლესია მოაგონდა, სადაც მსახურობდა საზღვარგარეთ ცხოვრების დროს; ასევე გაახსენდა თბილი ზღვის ხმაური. ბინას ხუთი ოთახი ჰქონდა, მაღალი და ნათელი, კაბინეტში ახალი საწერი მაგიდა, ბიბლიოთეკა. ბევრს კითხულობდა, ხშირად წერდა. გაახსენდა, როგორ ენატრებოდა სამშობლო, როგორ მღეროდა მისი ფანჯრების ქვეშ ბრმა მათხოვარი და როცა მას უსმენდა, რატომღაც ყოველთვის წარსული ახსენდებოდა. გავიდა რვა წელი და სამშობლოში გამოიძახეს, ახლა იგი უკვე ქორეპისკოპოსია და წარსული სადღაც შორს დარჩა, ბურანში, თითქოს სიზმარი იყო.. საძინებელ ოთახში მამა სისოი შემოვიდა სანთლით ხელში.
– უკვე გძინავთ, მეუფეო? – გაუკვირდა მას.
– რა იყო? ჯერ ხომ ადრეა, ათი საათიც არ არის. სანთელი მოვიტანე, თქვენი დაზელვის დროა.
– სიცხე მაქვს, – ჩაილაპარაკა მეუფემ და დაჯდა, – რაღაცა მჭირს, თავში ვგრძნობ რაღაცა…
სისოიმ პერანგი გაიხადა და მკერდისა და ზურგის დაზელვა დაუწყო.
– აი ასე, აი ასე, – აყოლებდა, – დღეს ქალაქში ვიყავი, იმასთან ვიყავი, რა ქვია… სიდონელ დეკანოზთან… ჩაი გეახელით მასთან… რაღაც არ მომწონს მე იგი! არ მომწონს!
3.
ეპარქიის მღვდელმთავარს, მოხუცსა და ძალზე მსუქანს, რევმატიზმი ან ნეკრესის ქარი სჭირდა. უკვე ერთი თვეა ლოგინიდან არ ამდგარა. უსამღვდელოესი პეტრე მის ნაცვლად იღებდა მნახველებს. და ახლა, როცა თვითონაც შეუძლოდ გახდა, მასზე ძალზე უარყოფითად იმოქმედა იმ სიცარიელემ, წვრილმანობამ, რასაც ითხოვდნენ, რაზეც ჩიოდნენ. მას აღიზიანებდა განუვითარებლობა, სიტლანქე და ყველა ეს წვრილმანი ზემეტად ეჩვენებოდა და თქრგუნავდა. ახლა კარგად ესმოდა ეპარქიის ეპისკოპოსის, რომელიც ოდესღაც, ახალგაზრდობის წლებში წერდა „მოძღვრებას თავისუფალი ნების შესახებ“, ახლა კი, როგორც ჩანდა, მთლიანად წვრილმანებზე გადაერთო, ყველაფერი დაივიწყა და აღარ ფიქრობდა ღმერთზე. საზღვარგარეთ ყოფნისას უსამღვდელოესი პეტრე სულ გადაეჩვია რუსულ ცხოვრებას და ახლა უჭირდა მისი ატანა. ხალხი უხეში ეჩვენებოდა, მომჩივანი ქალები – მოსაწყენი და უგუნურები, სემინარისტები და მათი მასწავლებლები – გაუნათლებლები, ზოგჯერ ველურებიც კი. შემომავალი და გამავალი ფურცლები ათი ათასობით იყო. და რა ფურცლები! და ამის გამო არც ერთი თავისუფალი წუთი, მთელი დღე შფოთში ხარ. უსამღვდელოესი პეტრე ეკლესიაში თუ მოისვენებდა.
ვერც იმ შიშს შეეჩვია ვერაფრით, რომელსაც იგი, მიუხედავად თავისი უწყინარი ხასიათისა თავისდაუნებურად აღძრავდა ადამიანებში. როდესაც უყურებდა ადამიანებს, ისინი პატარები, შეშინებულები და დამნაშავეები ეჩვენებოდა. მისი ყველას ეშინოდა, მოხუც დეკანოზებსაც კი, ყველა ფეხებში უვარდებოდა, ხოლო ცოტა ხნის წინ ერთმა სოფლის მღვდლის ცოლმა შიშისაგან ერთი სიტყვაც კი ვერ წარმოთქვა და ისევე წავიდა, როგორც მოვიდა. და იგი, რომელიც არასოდეს იხსენიებდა ადამიანებს ცუდად ქადაგებისას, ვინაიდან ეცოდებოდა ისინი, მომჩივნებთან წყობიდან გამოდიოდა, იატაკზე ისროდა საჩივრის წერილებს. მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც აქ გაუტარებია, არავის მოუმართავს მისთვის გულწრფელად, უბრალოდ და ადამიანურად: მოხუცი დედაც კი უკვე ისეთი აღარ ეჩვენებოდა, როგორც ადრე! უკვირდა, რომ იგი მამა სისოისთან განუწყვეტლივ და თავისუფლად ლაპარაკობდა, ხოლო მასთან, საკუთარ შვილთან კი სერიოზული და მორცხვი იყო. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მის წინაშე თავისუფლად ეჭირა თავი და ყველაფერზე ელაპარაკებოდა, რაზეც სურდა, იყო მოხუცი სისოი, რომელსაც მთელი თავისი სიცოცხლე მღვდელმთავრებთან ჰქონდა გატარებული და თერთმეტი ეპისკოპოსის სული მოენელებინა. ამიტომ ეადვილებოდა მასთან ურთიერთობა, თუმცა, რა საკვირველია, ძალზე მძიმე და ბუზღუნა ადამიანი იყო.
სამშაბათს წირვის შემდეგ, მეუფე სამღვდელმთავრო რეზიდენციაში იჯდა და იქ მთხოვნელებს იღებდა. ღელავდა, შფოთავდა, ბრაზობდა. მერე შინ წავიდა. უწინდელივით შეუძლოდ გრძნობდა თავს, სულ ლოგინისკენ მიუწევდა გული. მაგრამ შევიდა თუ არა ოთახში, მოახსენეს, რომ მნიშვნელოვან საქმეზე ერაკინი, ახალგაზრდა ვაჭარი, ქველმოქმედი მოსულიყო, უნდა მიეღო. ერთი საათის განმავლობაში ძალზე ხმამაღლა ლაპარაკობდა ერაკინი, თითქმის ყვიროდა და ძნელი იყო მისი ნათქვამიდან აზრის გამოტანა.
შემდეგ იღუმენია მობრძანდა შორეული მონასტრიდან. როცა წავიდა, მწუხრის ზარიც ჩამოჰკრეს, ეკლესიაში უნდა წასულიყო.
მწუხრზე მონაზვნები მწყობრად გალობდნენ, შთაგონებით. მსახურობდა შავწვერა ახალგაზრდა მღვდელმონაზონი. მეუფე საკურთხეველში იჯდა, ბნელოდა. მას ცრემლი სდიოდა. ფიქრობდა, აი, უკვე ყველაფერს მიაღწია, რაც კი ხელმისაწვდომი იყო მის მდგომარეობაში, მაგრამ მაინც ჯერ კიდევ არ იყო ნათელი ყველაფერი, რაღაც არ ჰყოფნიდა, სიკვდილი არ უნდოდა. ეჩვენებოდა, რომ ჯერ კიდევ არ ფლობს რაღაც მნიშვნელოვანს. ახლაც მომავლის იმედი აქვს, რომელიც ბავშვობაში, აკადემიაშიც და საზღვარგარეთაც ჰქონდა.
„რა კარგად გალობენ დღეს! – ფიქრობდა, – რა კარგად გალობენ!“
4.
ხუთშაბათს წირვას ატარებდა, ფეხთბანვის წესი უნდა შეესრულებინა. როდესაც ეკლესიაში მსახურება დამთავრდა და ხალხმა სახლებისკენ გაისწია, მზიანი, თბილი ამინდი იყო, თხრილში წყალი ჩხრიალებდა. ხეები უკვე იღვიძებდნენ და იფურჩქნებოდნენ, მათ ზემოთაც უძირო და უსაზღვრო ცისფერი ცა იყო დაკიდული.
სახლში მოსვლისას უსამღვდელოესმა პეტრემ ჩაი მიირთვა, შემდეგ ტანისამოსი გამოიცვალა, ლოგინში ჩაწვა და ბრძანა, რომ დარაბები დაეხურათ. საძინებელ ოთახში ბინდი ჩამოწვა. ძალიან დაღლილი იყო, ფეხებსა და ზურგში ტკივილს გრძნობდა, მძიმე, ცივ ტკივილს, ყურებში კი რაღაც ხმაურს. დიდ ხანია არ უძინია, დიდი ხანია. რაღაც აკვიატებული აზრი უშლიდა ხელს, რომელიც მაშინვე ჩნდებოდა, როგორც კი თვალს მოხუჭავდა. გუშინდელივით დღესაც აღწევდა ხმები მეზობელი ოთახიდან, ჭიქებისა და კოვზების ხმები… მარია ტიმოფეევნა ლათაიებით უყვებოდა რაღაცის შესახებ, ხოლო ეს უკანასკნელი კი უკმაყოფილოდ პასუხობდა: „უჰ, რას ამბობ! უჰ, მაგათი!“ უსამღვდელოესი ცუდ ხასიათზე დადგა, რადგან მოხუც დედას სხვებთან თავისუფლად და უბრალოდ ეჭირა თავი, ხოლო მასთან მორცხვობდა, იშვიათად საუბრობდა და მთელი ამ დღეების განმავლობაში მხოლოდ საბაბს ეძებდა, რომ ფეხზე ამდგარიყო, რადგან დაჯდომის ერიდებოდა. მამა კი? ალბათ, ცოცხალი რომ ყოფილიყო, სიტყვის თქმასაც კი ვერ შეძლებდა მის წინაშე…
გვერდითა ოთახში იატაკზე რაღაც დაეცა და გატყდა. ალბათ, კატიამ დააგდო რამე, რადგან მამა სისოიმ იატაკზე დააფურთხა და გულმოსულად დაილაპარაკა:
– დაწყევლილი ხომ არ არის ეს ბავშვი, ღმერთო, მაპატიე მე ცოდვილს!
სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ ეზოდან ისმოდა რაღაც ხმაური. როცა მეუფემ თვალები გაახილა, ოთახში დაინახა კატია, რომელიც უძრავად იდგა და მას უყურებდა. წითური თმები, ჩვეულებისამებრ, ზემოთ აწეული ჰქონდა.
– შენ ხარ, კატია? – ჰკითხა მან, – ვინ არის ქვემოთ, კარებს რომ აღებს და კეტავს?
– მე არ მესმის, – უთხრა კატიამ და სმენად გადაიქცა.
– აი, ახლა ვიღაცამ გაიარა.
– ეს, ალბათ თქვენი მუცლის ბრალია, ბიძია.
მან გაიცინა და თავზე ხელი გადაუსვა.
– შენ ამბობ, რომ ძმა ნიკოლაშა გვამებს კვეთავს? – ჰკითხა მან და გაჩუმდა.
– კი, სწავლობს.
– როგორი ადამიანია, კეთილია?
– არა უშავს, კეთილია. მხოლოდ არაყს სვამს ბევრს.
– მამაშენი რა დაავადებით გარდაიცვალა?
– სუსტი იყო და გამხდარი. უცებ ყელი ასტკივდა. მეც ავად გავხდი მაშინ, ჩემი ძმა ფედიაც, ყველას ყელი გვტკიოდა. მამა გარდაიცვალა, ჩვენ კი გადავრჩით.
მას უცებ ნიკაპი აუკანკალდა, თვალებზე ცრემლები მოადგა.
– ბიძია, ჩვენ ყველანი დედასთან ერთად ძალიან უბედურები ვიყავით, – უთხრა მოტირალმა ბავშმა, – ცოტაოდენი ფული მოგვეცი, ძია..
მომდგარმა ცრემლმა სიტყვა ვერ ათქმევინა. ხელი ჯერ თავზე გადაუსვა, შემდეგ მხარზე მოჰკიდა და უთხრა:
– კარგი გოგონი, დამშვიდდი, აი, ახლა აღდგომა მოვა და მაშინ დავილაპარაკოთ, აუცილებლად დაგეხმარებით… აუცილებლად…
ამ დროს დედა შემოვიდა ოთახში. შენიშნა, რომ უსამღვდელოესს არ ეძინა და ჰკითხა:
– სუპს ხომ არ მიირთმევთ?
– არა, მადლობა, არ მინდა.
– ავად უნდა იყოთ, როგორც მე ვამჩნევ… თუმცა როგორ არ გახდები ავად! მთელი დღე ფეხზე დგახართ, მთელი დღე, თქვენი შეხედვაც კი მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. არა უშავს, დაისვენეთ, აღარ შეგაწუხებთ ჩემი საუბრით. წავიდეთ კატია, ნუ აწუხებ ბიძიას.
გაახსენდა, დიდი ხნის წინ, ბავშვობაში, ასეთი ხუმრობანარევი მოწიწებული ტონით საუბრობდა ეპისკოპოსთან… თვალები დახუჭა, მაგრამ საათის ხმა ჩაესმოდა, ასევე გვერდითა ოთახიდან სისოის ხველება. დედამისი კვლავ შემოვიდა და ერთი წუთი მოწიწებით შეჰყურებდა მას. შემდეგ საძინებელ ოთახში მოწაფე შემოვიდა.
– მეუფეო!
– რა იყო?
– ცხენები მზადაა, დროა მსახურებაზე წავიდეთ.
– რომელი საათია?
– რვის ოცდახუთი წუთია
ეპისკოპოსმა ჩაიცვა და ტაძრისკენ გაემგზავრა. მთელი თორმეტი სახარების განმავლობაში ტაძარში უძრავად უნდა მდგარიყო. პირველ სახარებას იგი თავად კითხულობდა. ფხიზელი, ჯანმრთელი განწყობა დაეუფლა მას. ზოგჯერ ირგვლივ მიმოიხედავდა, ეჩვენებოდა, რომ ორივე მხრიდან ცეცხლის ალებით იყო გარშემორტყმული. ასევე ეჩვენებოდა, რომ ყველა ეს ხალხი იგივე ადამიანები არიან, რომლებც ეკლესიაში დადიოდნენ მის ბავშვობაში, ახალგაზრდობაში და რომ ისევ ეს ხალხი იქნება ყოველ წელს და ასე დაუსრულებლად.
მამამისი დიაკონი იყო, ბაბუა მღვდელი, დიდი ბაბუა დიაკონი და დანარჩენი წინაპრებიც, ალბათ, სამღვდელოებას განეკუთვნებოდნენ იმ დროიდან, როცა რუსეთში ქრისტიანობა გავრცელდა. მისთვის სამღვდელოებისადმი, საეკლესიო მსახურებისადმი, ზარების ხმისადმი სიყვარული თანდაყოლილი, ღრმა და ამოუძირკვავი იყო. როდესაც მერვე სახარება წაიკითხეს, ხმა შეუსუსტდა და თავი ასტკივდა, ეშინოდა, არ წაქცეულიყო. ფეხებიც გაუშეშდა და ვეღარ გრძნობდა. ამის გამო ვერ გაეგო, როგორ იდგა ჯერ კიდევ ფეხზე, რა ძალა აჩერებდა.
როცა მსახურება დამთავრდა, თორმეტის ნახევარი იყო. შინ მისვლისთანავე უსამღვდელოესმა სამოსი გაიხადა და ლოგინში ჩაწვა, ლოცვაც კი არ უთქვამს. როგორც ეჩვენებოდა, აღარც ლაპარაკი შეეძლო და აღარც ფეხზე დგომა. ისევ საზღვარგარეთ ყოფნა მოუნდა, ძალიან მოუნდა. სიცოცხლეს მისცემდა, ოღონდ აღარ დაენახა ეს საცოდავი, იაფფასიანი დარაბები, დაბალი ჭერი, მონასტრის მძიმე სუნი. ნატრობდა ადამიანს, რომელთანაც საუბარს, გულის გადაყოლებას შეძლებდა.
დიდი ხანი ისმოდა ვიღაცის ფეხის ხმა გვერდითა ოთახში და ვერაფრით გაიხსენა, ვინ უნდა ყოფილიყო. ბოლოს სისოი შემოვიდა ოთახში სანთლითა და ჩაის ჭიქით ხელში.
– უკვე დაწექით, მეუფევ? – თქვა მან, – მე კი მოვედი, რომ არყითა და ძმრით დაგზილოთ.
სისოიმ თავისი საქმე დაიწყო. მას არ შეეძლო ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება, ეჩვენებოდა, რომ პანკრატიევის მონასტერში უკვე მთელი წელია ცხოვრობდა. და რაც მთავარია, მისი საუბრიდან ძნელი იყო იმის გარკვევა, სად იყო მისი სახლი, უყვარდა თუ არა ამქვეყნად ვინმე ან არმე, სწამდა თუ არა ღმერთი… თავად მისთვისაც გაუგებარი იყო, რატომაა ბერი, თუმცა ამაზე უკვე აღარ ფიქრობდა, დიდი ხანია გადაავიწყდა, როდის აღკვეცეს ბერად. როგორც ჩანდა, პირდაპირ ბერად დაიბადა.
– კვირამდე დავრჩები, თქვენის ნებართვით, მერე კი წავალ.
– რა მღვდელმთავარი მე ვარ, – წყნარად ამბობდა მეუფე, – აჯობებდა სოფლის მღვდელი, მედავითნე, ან უბრალო ბერი ვყოფილიყავი… მთრგუნავს ეს ყველაფერი, ძალიან მთრგუნავს…
უსამღვდელოესს მთელი ღამე არ ეძინა. დილით კი, ასე რვა საათისთვის, ნაწლავებიდან სისხლდენა დაეწყო. მოწაფეს შეეშინდა და ჯერ არქიმანდრიტთან გაიქცა, შემდეგ მონასტრის ექიმ ივანე ანდრეიჩთან, რომელიც ქალაქში ცხოვრობდა. ექიმი მოხუცი იყო, გრძელი, ჭაღარა წვერებით. ეპისკოპოსს დიდხანს სინჯავდა და თავს იქნევდა:
– იცით მეუფეო, მუცლის ტიფი გაქვთ.
მეუფე ძალიან გამხდარი და ფერმკთალი ჩანდა, სახე დანაოჭებული ჰქონდა, თვალები გაფართოებული. მოვიდა მოხუცი დედა და როცა შვილი ამ მდგომარეობაში დაინახა, ძალზე შეეშინდა. ლოგინის წინ დაეცა და მოთქმა-გოდებას მოჰყვა.
იქვე კატიაც იდგა და ვერ გაეგო, რა სჭირდა ბიძამისს და რატომ ამბობდა ბებია ასეთ სამწუხარო სიტყვებს. უსამღვდელოესი კი ამ დროს ჩვეულებრივ ადამიანად გრძნობდა თავს, რომელიც მინდორეზე სწრაფად, მხიარულად და ჯოხის ქნევით მიაბიჯებს, ზემოდან კი მზით განათებული უსაზღვრო ზეცა დაჰყურებს. იგი ახლა ჩიტივით თავისუფლად გრძნობდა თავს და ყველგან შეეძლო წასვლა.
– შვილო, მიპასუხე, რა გჭირს? – მოთქვამდა მოხუცი.
– ნუ შეაწუხებთ უსამღვდელოესს, – ჩაილაპარაკა სისოიმ ოთახიდან გასვლისას, – ცოტა დაიძინოს, არაფერია ისეთი..
სამი ექიმი მოვიდა, თათბირობდნენ, შემდეგ წავიდნენ. დღე ძალიან გრძელი იყო, შემდეგ ღამე დაიწყო, რომელიც ასევე ძალიან გრძელი იყო.
მეორე დღეს აღდგომა გათენდა. ქალაქში ორმოცდაცხრა ეკლესია და ექვსი მონასტერი იყო. დილიდან საღამომდე ზარების რეკვა გაისმოდა, რომელიც გაზაფხულის ჰაერს არხევდა. ბაზრის დიდ მოედანზეც ხმაური იყო, ისმოდა არღანის ხმა, ასევე გარმონის წრიპინი, აქა-იქ მთვრალი ადამიანების ხმებიც – ერთი სიტყვით, მხიარულება სუფევდა. ასე იყო შარშან და, ალბათ, ასე იქნება გაისადაც.
ერთი თვის შემდეგ ახალი ქორეპისკოპოსი დანიშნეს, უსამღვდელოესი პეტრე კი უკვე აღარავის ახსოვდა. და მხოლოდ მოხუცი დედა, რომელიც ახლა პატარა, მიყრუებულ ქალაქში სიძესთან ცხოვრობდა, საღამოობით საძოვრიდან დაბრუნებული ძროხის შესახვედრად სხვა ქალებთან ერთად გამოსული იწყებდა საუბარს თავის შვილებზე, შვილიშვილებზე და იმაზე, რომ მღვდელმთავარი შვილი ჰყავდა. მორცხვად ლაპარაკობდა, ეშინოდა, რომ არ დაუჯერებდნენ…
და მართლაც, არავის სჯეროდა.
რუსულიდან თარგმნა დავით თინიკაშვილმა
(გამოქვეყნდა ჟურნალში „ზღვარი“ #2 (7) 2006, გვ. 57-64).
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s