ჯონ ერიქსონი “ქორწინება და მისი ალტერნატივები”

Reverend John H. Erickson is an Eastern Orthodox American scholar, with specialization in the areas of Orthodox Canon Law and Church History. http://www.svots.edu/content/very-rev-john-h-erickson
ჩვენი საზაფხულო ლექციების თემას საკმაოდ მწვავე ხასიათი აქვს: “აქვს თუ არა მომავალი ქრისტიანულ ქორწინებას?” ფაქტიურად ჩვენ ყოველდღიურად გვესმის მედიიდან თუ როგორ აყენებენ გამოწვევის წინაშე ქორწინების “ტრადიციულ” განსაზღვრებასა და წარმოდგენას. 2004 წლის პირველ თვეებში მსჯელობა ფოკუსირებული იყო ერთიდაიმავე სქესის პირთა შორის ქორწინების საკითხზე, რომელიც ახლა დაკანონებულია მასაჩუსეტის შტატში, ასევე ზოგიერთ სხვა ადგილას და რომელიც ხმამაღალი მხარდაჭერით სარგებლობს სხვადასხვა გაერთიანებებში, ზოგიერთი ქრისტიანული ეკლესიის ჩათვლით. მაგრამ ქორწინების “ტრადიციული” გაგების წინააღმდეგ ბრძოლა არ შემოიფარგლება მხოლოდ მედიასივრცით. რამდენიმე ათწლეულის წინ ჩვენს ლექსიკონში შემოვიდა ტერმინი “ღია ქორწინება”. ჩვენ ასევე შევიტყვეთ იმის შესახებ, თუ როგორ კვალიფიცირდება ქორწინება სხვადასხვა ფორმალური ქორწინებამდელი შეთანხმებებით. დღევანდელ დღეს განქორწინებების რიცხვი ძალზე გაზრდილია და მათ ხშირად მეორედ, მესამედ და ა.შ. ქორწინებები მოჰყვება ხოლმე (შემაშფოთებელი სტატისტიკა: ამ თვალსაზრისით, ქორწინების საშუალო ხანგრძლივობა აშშ-ში არის ხუთი წელი). ჩვენ, როგორც საზოგადოება, ვერ ვხედავთ რაიმე ნეგატიურს სექსსა და ქორწინებაში, განსხვავებით ტელესივრცისგან, სადაც სექსი გადაიქცა გართობის სფეროდ, ხოლო ქორწინება კი პერმანენტულ ხუმრობად.
რა პასუხი უნდა გავცეთ ამ ყოველივეს? ადვილია იმის მოწოდება, რომ საჭიროა აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ ქორწინებისა და ოჯახის “ტრადიციული” ღირებულებები. გარშემო ჩვენ შეგვიძლია იმ ადამიანების პოვნა, რომლებიც ასე ცხოვრობენ – არა მხოლოდ ზოგიერთი ტელე-ევანგელისტისა და პოლიტიკოსის ჩათვლით. ასევე ადვილია იმის გამეორება, რასაც სხვა უამრავი ადამიანი ამბობს და ამტკიცებს. სამაგიეროდ რთულია, – მაგრამ უფრო აუცილებელი, – გამოვიკვლიოთ და შევამოწმოთ საკუთარი გაგება ქრისტიანული ქორწინებისა. გვაქვს კი ჩვენ განსხვავებული ხედვა, რომელიც შეგვიძლია შევთავაზოთ საზოგადოებას, ვიდრე მათი მარტივი დაგმობა? რა გამოწვევის წინაშე შეგვიძლია ჩვენ დავაყენოთ თანამედროვე სამყარო?
მე მჯერა, რომ ჩვენ მართლაც ძლიერი ხედვა გვაქვს ამ საკითხზე რომლის შემოთავაზებაც შეგვიძლია. მაგრამ მე, ასევე მჯერა, რომ ეს ხედვა იქნება განსხვავებული, როგორც თანამედროვე სამყაროს ხედვისგან, ასევე ქორწინების ტრადიციული გაგებისგან, რომელსაც ვხვდებით ჩვენს საზოგადოებაში და რომელიც შეიძლება მივუსადაგოთ საკუთარ თავს ყოველგვარი კრიტიკული მიდგომის გარეშე.
მსურს დავიწყო ისტორიული ცნობების ზოგიერთი ასპექტიდან – არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისტორიკოსი ვარ. მნიშვნელოვანია ჩვენი აკვიატებული იდეების გადამოწმება, რას მივიჩნევთ დასაბუთებულად და საერთო წარმოდგენად ყოველი კულტურის, ყოველი ისტორიული ეპოქის ადამიანისთვის, ანუ ნორმალურად და ნორმატიულად ზოგადად ყველა ადამიანისთვის. ხშირად ვფიქრობთ, რომ წარსული ძალიან ჰგავს აწმყოს და, ალბათ, შედარებით ნაკლებად დეგრადირებულად მიგვაჩნია იგი. ჩვენ ნოსტალგიით ვიყურებით უკან “წარსული კეთილი დღეებისკენ”. სწორედ იქ გვეგულება “ტრადიციული” ოჯახური ღირებულებები და ოჯახის ტრადიციული გაგება. მეთოდოლოგიურად მნიშვნელოვანია, განვიხილოთ ქორწინების ეს არცთუ ისე შორსმჭვრეტელური გაგება. სანამ ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტიანები, ჩვენი განსხვავებული ხმისა და ხედვის აღდგენასა და მის წარდგენას შევძლებთ ამ სამყაროს წინაშე, მანამდე აუცილებლად უნდა ვაცნობიერებდეთ თუ როგორი განსხვავებული იყო წარსული. კერძოდ, უნდა ვიცოდეთ, რა უზარმაზარი სხვაობა არსებობს წინამოდერნულ ტრადიციულ საზოგადოებასა და მოდერნულ საზოგადოებას შორის, როგორც ეს გამომჟღავნდა განსაკუთრებით ბოლო საუკუნეში. რეალობები, რომლებთან ურთიერთობაც დღეს ადამიანებს უწევთ, ვინც ქორწინდება ან არ ქორწინდება, ვისაც შვილები ჰყავს და ვისაც არ ჰყავს, არ არის იგივეობრივი იმისა, რაც არსებობდა ათასი, ორი ათასი, ან თუნდაც ასი წლის წინათ. აქ ორიოდე ფაქტორის მიმოხილვა შეიძლებოდა.
პირველ რიგში, ქორწინების ადგილი პირად ცხოვრებასა და საზოგადოებაში განსხვავებულია. ჩვენ დღეს უამრავი არჩევანის წინაშე ვდგავართ, მაგალითად, დავქორწინდეთ თუ არა. წინა-მოდერნული საზოგადოებების უმეტესობაში კი არცთუ ისე ფართო არჩევანი არსებობდა ცხოვრების წესთან დაკავშირებით. სოციალური და, ასევე, ფიზიკური მობილურობის შედარებით მეტად შეზღუდულობის პირობებში ბევრი რამ დამტკიცებულად ითვლებოდა. შენი ცხოვრება ბევრ რამეში მსგავსი უნდა ყოფილიყო შენი მშობლების ცხოვრებისა. თუ მამაშენი ფერმერი იყო, შენც ფერმერი უნდა ყოფილიყავი, ან ფერმერის ცოლი. ზოგიერთი იშვიათი გამონაკლისის გარდა, უნდა გეცხოვრა იმავე სოფელში; უნდა დარჩენილიყავი იმავე სოციალურ კლასში. შენ უნდა დაქორწინებულიყავი, თან ძალიან ახალგაზრდა, ეს ეხებოდა განსაკუთრებით ქალიშვილებს. ქორწინებაში ყოფნისას გქონდა ნათლად განსაზღვრული ფუნქციები, რომელიც დადგენილი იყო მანამდე არსებული წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციის მიერ, სექსთან დაკავშირებული საკითხების ჩათვლით. შენ უნდა გყოლოდა ბავშვები, თუ შეგეძლო, რადგან შენთვის ისინი საჭირონი იყვნენ ეკონომიკური მიზეზებით, რათა დაგხმარებოდნენ საველე სამუშაოებში ან ვაჭრობაში. ამრიგად, სამოქალაქო საზოგადოების არარსებობის დროს, რომელსაც შეუძლია გარკვეული სოციალური დაცვის მიცემა ინდივიდებისათვის, თვით შენი ფიზიკური გადარჩენა დამოკიდებული იყო ოჯახური ქსელისა და ერთგვარი კლანის ფლობაზე, რომელსაც შენი დახმარება შეეძლო სხვადასხვა უბედური შემთხვევის დროს ან ვინმეს წინააღმდეგ შურისძიებისას.
რომის იმპერიაში, სადაც ქრისტიანობა თავდაპირველად გავრცელდა, “ოჯახური ღირებულებები” ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. რომაული სამართალი ბევრ სტიმულს იძლეოდა დაქორწინებისათვის, ხოლო ვისაც არ სურდა დაქორწინება, მათთვის ჯარიმები იყო გათვალისწინებული. მაგრამ ყოველივე ეს, ძირითადად, უტილიტარული მოსაზრებებით კეთდებოდა: საჭირო იყო, შენარჩუნებულიყო ერთგვარი სოციალური სტრუქტურა და უზრუნველყოფილიყო იმპერიის ეკონომიკური კეთილდღეობა. ქალები და მამაკაცები საზოგადო მსახურებებში უნდა ყოფილიყვნენ ჩართულნი, მამაკაცებს ასევე უნდა ჰქონოდათ ოჯახური მეურნეობა, – ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს იყო პატრიარქალური, ანდროცენტრული საზოგადოება, – ხოლო ქალებს უნდა ეშვათ და აღეზარდათ შვილები. ასე იყო ძველ იუდაიზმშიც, “ოჯახური ღირებულებები” აქაც მნიშვნელოვანია. მამაკაცს აუცილებლად უნდა ჰყოლოდა შვილი შთამომავლობის გასაგრძელებლად, რადგან შთამომავალი უზრუნველყოფდა შენს უკვდავებასა და სახელს. ლევიტელთა კანონების მიხედვით თუ მამაკაცი გარდაიცვლებოდა შვილის გარეშე, მისი ძმა უნდა შესულიყო გარდაცვლილის ცოლთან და აღედგინა მისთვის შთამომავლობა. ასე რომ, მაშინ, იქნებოდა ეს რომის იმპერია თუ იუდაური სამყარო, არ უნდა გქონოდა საღვთო წყალობისა და ადამიანთა მხრიდან პატივისცემის იმედი, თუ არ იყავი დაქორწინებული და არ გყავდა შვილები. მაშინ მარტოხელებისთვის ან უნაყოფოთათვის არ არსებობდა (სრულფასოვანი, დ.თ.) ადგილი საზოგადოებაში! ასეთი ტიპის ადამიანები წარმოადგენდნენ დაქვემდებარებულ ელემენტებს დიდ სასახლეებში – მონები, გაუთხოვარი ქალიშვილები, დაქვრივებული ასაკოვანი ქალები და სხვ., რომლებსაც უნდა შეესრულებინათ აუცილებელი სამსახური დიდ საოჯახო მეურნეობაში, ბავშვებისა თუ მოხუცებულების მოვლის ჩათვლით.
კიდევ ერთი გარემოება: ბერძნულ-რომაულ სამყაროში, როგორც სხვა მრავალ ტრადიციულ საზოგადოებაში, ქორწინებისა და ოჯახისგან არ ელოდნენ ყველა მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ცხოვრებაში. ქორწინება მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკური კეთილდღეობისთვის – მამაკაცს თავისი შვილებისა და მეუღლის მიმართ ისეთივე დამოკიდებულება ჰქონდა, როგორც თავისი საკუთრების დანარჩენი ნაწილისადმი. მაგრამ ემოციურ განტვირთვას იგი მეგობრებში ახდენდა, რომელიც შესაძლებელი იყო მხოლოდ თანატოლებში, საზოგადოების სხვა მამრობითი სქესის წარმომადგენლებთან ერთად, და არა მანდილოსნებთან, მონებთან ან სხვა დაქვემდებარებულ ადამიანებთან ერთად. ხშირად მამაკაცი ოჯახს (მეუღლეს) არ აღიქვამდა სექსუალური სიამოვნების მიღების საშუალებად. ერთ-ერთი ძველი გამონათქვამი დაახლოებით ასე ჟღერს: ღმერთებმა ჩვენ ცოლები მოგვანიჭა კანონიერი შვილების ყოლისთვის, მამაკაცები მეგობრობისთვის, კურტიზანები კი სიამოვნებისთვის.
შეეძლო კი ვინმეს, არა აქვს მნიშვნელობა – რა მიზეზით, უგულებელეყო ქორწინებისა და ოჯახის შექმნის სოციალური მოთხოვნები? – ამის აღსრულება ძალიან ძნელი იყო ანტიკურ (იუდაურ თუ ბერძნულ-რომაულ) სამყაროში და უმეტეს ნაწილში წინა-მოდერნული საზოგადოებებისა. მაგრამ ქრისტიანობამ ქორწინებისა და ოჯახის სრულიად განსხვავებული ხედვა შესთავაზა ძველ სამყაროს – საკმაოდ რევოლუციური და `განმანთავისუფლებელი”. ქრისტიანობამ ადამიანებს შემდეგი უთხრა: არ არის აუცილებელი მხოლოდ დაქორწინება და შვილების შობა იმისათვის, რომ ცხოვნდე, იმისათვის, რომ დაიმსახურო ღვთის წყალობა და პატივდებულ იქნე ადამიანთა საზოგადოებაში. ქრისტიანობა აფასებს ქორწინებას, მაგრამ იგი, ასევე პატივს მიაგებს ცელიბატს (დაუქორწინებლობას). მაგალითად, უნაყოფო იოაკიმე და ანა, ზაქარია და ელისაბედი კურთხეულნი იყვნენ ღვთისგან. მოკლედ, ქრისტიანობამ ქორწინებისა და ოჯახის ინსტიტუციას გამოაცალა აბსოლუტური მნიშვნელობა. მან ქორწინება და ოჯახის გაგება, ისევე როგორც ზოგადად ადამიანური ურთიერთობები, მოათავსა სრულიად ახალ პერსპექტივაში, რომელიც შესაძლებელი ხდება ქრისტეს თავდადებული სიყვარულის შედეგად ადამიანების მიმართ. ძველი სამყარო მაღალ შეფასებას აძლევდა ქორწინებას, მაგრამ მცდარი მიზეზების გამო. იგი ფასდებოდა იმდენად, რამდენადაც დაოჯახება მოიაზრებოდა ერთგვარ თავდაცვად სიკვდილისაგან – საზოგადოების, ვიღაცის, საკუთარი სიკვდილისაგან. მაგრამ ქრისტემ აჩვენა, რომ სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე სიკვდილი.
ჩვენ მომავალში დავუბრუნდებით ქრისტიანობის მიერ შემოთავაზებულ ამ ახალ ხედვას მრავალი ასპექტის გამო. თუმცა ამჯერად მე მსურს დავუბრუნდე იმ საკითხს, რომელიც ზემოთ წამოვჭერი: განსხვავება წინა-მოდერნული საზოგადოების ანტიკურ, ტრადიციულ სამყაროსა და თანამედროვე სამყაროს შორის, რომელშიც ქორწინებისა და ოჯახის “ტრადიციული” გაგება დაყენებულია გამოწვევის წინაშე.
რა თქმა უნდა, თანამედროვე სამყაროში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ეკონომიკური და სოციალური მობილობა. საყოველთაოდ მიღებული აღარაა აზრი იმის შესახებ, რომ შენი ცხოვრება აუცილებლად უნდა ჰგავდეს შენი მშობლების ცხოვრებას. პირიქით! დღეს უკვე სრულიად შესაძლებელია, რომ ღარიბი ემიგრანტი მეშახტის ვაჟი ან ქალიშვილი გახდეს დოქტორი, იურისტი, წარმატებული ბიზნესმენი და ჩვენ, ამერიკელებს, ძალიან გვიხარია ასეთი შესაძლებლობის არსებობის გამო. ჩვენ ხშირად მივუთითებთ ინდივიდის ღირსებასა და უფლებებზე, ვანიჭებთ რა შედარებით ნაკლებ მნიშვნელობას ჯგუფს, კლანს, საზოგადოებას მთლიანობაში. ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ასევე პიროვნულ რეალიზაციას, ხშირად ვაქცევთ რა ამ პროცესს ცხოვრების მიზნად. ჩვენ წახალისებული ვართ იმის აღმოჩენით, თუ რა არის რეალურად მნიშვნელოვანი ჩემთვის, რა გვაბედნიერებს, რა გვაკმაყოფილებს. მოცემულ თანამედროვე სამყაროს სიმდიდრეში როგორღაც ვახერხებთ საკუთარი კმაყოფილების დაფინანსებას.
თანამედროვე სამყაროში უკვე აღარ არის ცხადი კავშირი ქორწინებასა და ყოველდღიური ცხოვრების შენარჩუნებას ან ამქვეყნიურ ბედნიერებას შორის. ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში ქორწინება აღარ წარმოადგენს ეკონომიკურ და პრაქტიკულ აუცილებლობას. თქვენ არანაირი მიზეზით აღარ ხართ ვალდებულნი, ვიყოთ ყოველთვის ერთად (თქვენ ასევე შეგიძლიათ, გძულდეთ თქვენი მეუღლე). თქვენ აღარ ხართ იძულებული დაქორწინდეთ, იმისათვის, რომ გქონდეთ ცხოვრების კომფორტი. თქვენ შეგიძლიათ უამრავი საშუალება გამოძებნოთ ოჯახის გარეთ საკუთარი თავის რეალიზაციისთვის და პიროვნული გამოცდილების გამდიდრებისთვის საკუთარ კარიერაში. თანამედროვე სამყაროში დაქორწინება თუ დაუქორწინებლობა, ბავშვების ყოლა თუ არყოლა, ითხოვს უფრო მეტ ცნობიერ, შეგნებულ გადაწყვეტილებას, ვიდრე ეს ტრადიციულ საზოგადოებებში იყო. მაგრამ აქ ერთგვარი ირონიაა.
თანამედროვე სამყაროში, ისევე როგორც ტრადიციულ საზოგადოებაში, ქორწინება და ოჯახი წარმოდგენილია როგორც ნორმა ნორმალური ადამიანისთვის. 1950-იან წლებში საზოგადო ნორმა იყო, რომ ყველა ღირსეული ადამიანი უნდა დაქორწინებულიყო, ჰყოლოდა ბავშვები, ჰქონოდა ლამაზი სახლი, მანქანა და ა. შ. ყოფილიყო სკოლაში მშობელთა და მასწავლებელთა
კომიტეტისა და ასევე ეკლესიის აქტიური წევრი (რა თქმა უნდა, ამ მოდელს ყველა ვერ ერგებოდა, მაგრამ ეს ყოველთვის ეჭვსა და უნდობლობას იწვევდა საზოგადოებაში). ჩვენ ხშირად დღევანდელი თვალთახედვით ვუყურებთ მას, როგორც `ტრადიციულ” ქორწინებას, ნორმალურს და ნორმატიულს. მაგრამ ქორწინების აუცილებლობის ელემენტი წარსულ ხანაში არ არსებობდა: მიზანი გახდა პიროვნული რეალიზება ქორწინებით, სადაც ამის (ქორწინების) მიღწევა შესაძლებელია. იდეალური ქორწინება, როგორც ეს წარმოდგენილია 1920-30-იან წლების შემდგომ, ხდება “მეგობრული ქორწინება”: შეუღლებით ქმრი და ცოლი ბედნიერდებიან, როგორც ურთიერთშემწეები, საყვარლები, საუკეთესო, სულიერი მეგობრები. ძველი დროისგან განსხვავებით, ქორწინება განიხილება ადგილად, სადაც ნორმალური ადამიანი, როგორც მამაკაცი, ასევე ქალი, შეიძლება ელოდოს ფაქტიურად ყველა კმაყოფილებას: სექსუალურს, ემოციურს, სულიერს.
ქრისტიანებს ფართოდ აქვთ შეთვისებული ქორწინების ამგვარი გაგება. ეს განსაკუთრებით სიმართლეს წარმოადგენს ევანგელურ პროტესტანტიზმთან მიმართებაში, სადაც ქორწინება ხშირად წარმოდგენილია როგორც მისაღები მდგომარეობა “კარგი” ქრისტიანებისთვის, როგორც ღვთის უმაღლესი მოწოდება ქალებისა და მამაკაცებისადმი. მაგრამ ჩვენ, მართლმადიდებლებიც, ასე ვაკეთებთ. ზოგჯერ ჩვენ ვიწყებთ კიდეც ცელიბატური ცხოვრების შესახებ ადრეული, და შესაძლოა არაჯანსაღი, კონცეფციის წინააღმდეგ იმ ციტატების ძებნას პატრისტიკულ ნაშრომებში, რომლებიც დადებით შეფასებებს აძლევენ ქორწინებასა და სექსუალურ აქტივობას, მაგრამ, მეორეს მხრივ, შესაძლოა, უკმაყოფილებასაც გამოვხატავდეთ იმ უამრავი პატრისტიკული ტექსტის მიმართ, რომლებიც არ გამოირჩევიან მსგავსი ენთუზიაზმით. უმეტესწილად, ქორწინებაზე დაწერილ პოპულარულ წიგნებში, დაუქორწინებელი ცხოვრება – ცელიბატობა ნებისმიერ გამოხატულებაში, მონაზვნობის ჩათვლით, – არ არის წარმოდგენილი როგორც ერთ-ერთი შესაძლო არჩევანი. მინდა მოვიყვანო რამოდენიმე შერჩეული ციტატა სტუდენტთა იმ მოკლე ესსეებიდან ქორწინების შესახებ, რომლის დაწერაც პროფესორმა როსიმ და მე დავავალეთ მათ: “მათი სულიერი სიჯანსაღისთვის საჭიროა ადამიანებს ჰქონდეთ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ცხოვრების წესი” – აქ კონტექსტი მიუთითებს, რომ დაუქორწინებელი ადამიანები თავიდან იცილებენ პასუხისმგებლობას. “ეკლესია და სამღვდელოება უნდა დაეხმარონ ადამიანებს მეგობრის, ცხოვრების თანამგზავრის პოვნაში”. ეკლესიამ უნდა `მისცეს რწმენა დაუქორწინებელ ადამიანებს და გაუფანტოს ქორწინების შიში ქადაგების, საუბრების, ლექციების მეშვეობით”. მაგრამ ეს ციტატები სრულად ვერ ასახავს მათ შეხედულებებს. მაგალითად, წინა წლებში დაწერლი ზოგიერთი მინი-ესსე მიუთითებდა, რომ “ქორწინება ყველასათვის არ არის” და რომ ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ მარტოხელა მდგომარეობა, როგორც მხოლოდ დროებითი, არანორმალური მდგომარეობა, რომელიც უნდა გამოსწორდეს. თუმცა დომინანტური ტენდენციის მიხედვით ქორწინება წარმოდგენილია, როგორც ნორმა ქრისტიანული ცხოვრებისთვის.
ეს, რა თქმა უნდა, უდიდეს ზეწოლას გულისხმობს დაუქორწინებელ ადამიანებზე. ამ მხრივ საინტერესოა, მაგალითად, ასეთი სახის კომენტარები, რომელიც ხშირად გვესმის: “ვერ გამიგია, ასეთმა მიმზიდველმა ახალგაზრდა გოგომ, როგორიც შენ ხარ, ვერ იპოვა მეუღლე”. ან: “რამდენი შვილი გყავთ? არც ერთი, მე არ ვარ დაქორწინებული. ოჰ, ძალიან ვწუხვარ…” მაგრამ ეს აგრეთვე გულისხმობს ზეწოლას დაქორწინებულებზეც. რეალური ოჯახური ცხოვრება ძალზე იშვიათად აღწევს პიროვნული რეალიზაციისა და ბედნიერების იმ დონეს, რასაც ჩვენ მანამდე მოველოდით (წარმოგვედგინა) დაოჯახებისგან. ეს ხშირად იმედგაცრუების წყარო ხდება. ჩვენ ვფიქრობთ: რაღაც არასწორი უნდა იყოს ჩვენს ქორწინებაში. ეს რაღაც არაადეკვატურია, სულაც არ ჰგავს იმას, რასაც საზოგადოება და ეკლესია ჰპირდება დაუქორწინებელ ადამიანებს. ოჯახური ცხოვრება არ მაძლევს მე ბედნიერებას ახლა და ალბათ, უკვე არც არასოდეს მომანიჭებს მას. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი ქორწინება ისეთივე თბილი და გემრიელი იყოს, როგორც ჩვენ ამას ზოგიერთ ფილმში ვხედავთ.
ჩვენ არასწორი დამოკიდებულება გვექნება ამ სამყაროსადმი, რომელშიც ჩვენ უნდა ვეძებოთ საკუთარი ხსნა, თუკი ბრწყინვალე, იდეალიზირებულ, არარეალურ და მიუღწეველ სურათს დავხატავთ ქორწინებაზე, როგორც საბოლოო და უმაღლეს მიზანზე ადამიანურ ცხოვრებაში. თუ ჩვენ მართლა გვსურს გამოწვევის წინაშე დავაყენოთ თანამედროვე სამყარო, არ უნდა გავუწიოთ ანგარიში იმას თუ რას თვლიან “ტრადიციულ ქორწინებად” ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები. ჩვენ მათ განსხვავებული პერსპექტივა უნდა შევთავაზოთ, რომელსაც, უპირველეს ყოვლისა, ვპოულობთ ახალ აღთქმაში, რომელშიც ქორწინებასა და ოჯახს ფარდობითი მნიშვნელობა ენიჭება. ქორწინება კარგია, მაგრამ ასევე კარგია ცელიბატი და არც ერთი მათგანი არ წარმოაგდნეს საბოლოო მიზანს თავისთავად. ორივე, ქორწინებაც და ცელიბატიც, განიხილება როგორც უზენაესი სიკეთე, როგორც საშუალებები, რომლის მეშვეობითაც ადამიანები უფრო მეტად უნდა დაუახლოვდნენ ღმერთს, ვინც არის სიკეთე თავის თავში და წყარო ყოველგვარი სიკეთისა. მოცემულ შემთხვევაში ქორწინების ან ცელიბატის სიკეთე დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად კარგად მოემსახურებიან ისინი უმაღლეს მიზანს, ადამიანის ცხოვნებას.
ეს ხედვა ყველაზე ნათლად წარმოდგენილია პავლე მოციქულის ეპისტოლეებში, განსაკუთრებით კორინთელთა პირველი ეპისტოლის მეშვიდე თავში, სადაც ქორწინების საკითხი განიხილება. მსურს მხოლოდ მიმოვიხილო ზოგიერთი ასპექტი აქედან, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი თემისთვის. თავი იწყება იმ საკითხით, დაქორწინება არის უკეთესი თუ დაუქორწინებლობა. აქ წმ. პავლე იძლევა რჩევას და არა მცნებას. მას სურს, რომ ყველამ ისე იცხოვროს, როგორც თავად, ანუ დაუქორწინებლად, მაგრამ იგი აღიარებს, რომ “ყველას თავისი ნიჭი აქვს მიცემული ღვთისაგან…” საბოლოოდ, მნიშვნელობა არა აქვს იმას, დაქორწინებული ხარ თუ დაუქორწინებელი, თუკი არ ვარდები უზნეობაში. ტექსტი აგრძელებს განხილვას განქორწინებისა და იმ მორწმუნეთა საკითხის შესახებ, რომელნიც ურწმუნოებთან არიან დაქორწინებულნი. ეს არის განყოფილებები, რომელთა განხილვას ჩვენ აქ არ შევუდგებით. პავლე მოციქული წერს: დაე, ყველამ მიიღოს ის ცხოვრება, რომელიც ღმერთმა დაუწესა თითოეულ ადამიანს და რომლისკენაც ღმერთმა მოუწოდა. იუდეველი ხარ თუ წარმართი, დაწინდული თუ დაუწინდავი, ამას არა აქვს მნიშვნელობა, რადგან არც წინადაცვეთილობა ნიშნავს რაიმეს და არც წინადაუცვეთელობა, არამედ ღვთის მცნებების დაცვა. შემდეგ პავლე იმეორებს: “დაე, თითოეული დარჩეს იმ მოწოდებაში, რომლითაც მოუწოდეს. თუ მოწოდებული ხარ როგორც მონა, ნუ ითაკილებ. მაგრამ თუ ძალგიძს გათავისუფლება, უმჯობესია ისარგებლო. ვინაიდან უფლის მიერ მოწოდებული მონა უფლისა თავისუფალია. მსგავსადვე მოწოდებული თავისუფალი ქრისტეს მონაა” (1 კორ. 7, 20-22). ყურადღება მიაქციეთ, როგორ არიან წახალისებულნი აქ როგორც მონა, ასევე თავისუფალი ადამიანი, რათა ახალი ხედვით განიხილონ საკუთარი მდგომარეობა. შემდგომ კი წმ. პავლე კვლავ იმეორებს: “დაე, თითოეული დარჩეს იმ მოწოდებაში, რომლითაც მოუწოდეს”.
რატომ არის ასე მნიშვნელოვანი იმ მდგომარეობაში დარჩენა, რომელშიც ღმერთმა მოგიწოდა, იმ ცხოვრების გაგრძელება, რომელშიც ღმერთმა დაგადგინა? პავლე არ საუბრობს სტატუს ქვოს შენარჩუნებაზე. იგი არ იცავს არაჰუმანურ ბატონობას, რაც დამახასიათებელი იყო მისი ეპოქისთვის. უფრო ზუსტად, იგი მოუწოდებს თავის მკითხველებს, განიხილონ ყველა მათი მდგომარეობა, – ქორწინება, ეთნიკური წარმოშობა, სოციალური სტატუსი, – ესქატოლოგიურ პერსპექტივაში, ანუ კაცობრიობისა და სამყაროს საბოლოო მიზნის შუქზე. ჩვენ ამას ნათლად ვხედავთ შემდგომ მუხლებში: “უქორწინებელთა შესახებ არა მაქვს ბრძანება უფლისგან. მხოლოდ ჩემს რჩევას გაუწყებთ, რადგან შემიწყალა უფალმა, რომ მისი სარწმუნო ვიყო. მე ვფიქრობ, რომ ახლანდელ გასაჭირში ადამიანისთვის უმჯობესია დარჩეს, როგორც არის. თუ შეერთებული ხარ ცოლთან, გაყრას ნუ ეძებ. ხოლო თუ უცოლო ხარ, ცოლს ნუ ეძებ. ცოლიც რომ შეირთო, არ შესცოდავ. და, თუ ქალწული გათხოვდება, არ შესცოდავს. მაგრამ ასეთებს ხორციელი გასაჭირი ექნებათ და არ მეთმობით. ხოლო ამას გეტყვით, ძმანო: ჟამი იწურება, ამიტომ ამიერიდან ცოლიანები იყავით, როგორც უცოლონი; მოტირალნი – როგორც არა მოტირალნი; მოხარულნი – როგორც არა მოხარულნი; მქონენი – როგორც არა მქონენი; სოფლით მოსარგებლენი – როგორც არა მოსარგებლენი, ვინაიდან წარმავალია სოფლის სახე” (1 კორ. 7, 25-31).
ამა სოფლის სახე – ყველა მისი ეგოისტური, ანგარებიანი ძალაუფლების სტრუქტურებით და შეუბრალებელი ურთიერთობებით – წარმავალია. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ თავში, კაცობრიობის ისტორიის თვალსაზრისით, არის უფლისადმი ერთგული მსახურება. იუდეველი ხარ თუ ელინი, მონა თუ თავისუფალი ადამიანი, დაქორწინებული თუ დაუქორწინებელი, – ყოველთვის გახსოვდეს შენი მომავალი საზღაური, გეჭიროს მზერა ქვეყნიერების დასასრულისკენ. მთელი შენი ცხოვრების ორიენტირება, ყველა მისი ასპექტით, ამ მიზნისკენ მოახდინე. განვლე შენი ცხოვრება ამ საბოლოო მიზნის იმედითა და მოლოდინით ამ ქვეყნიურ წეს-ჩვეულებებზე ყურადღების გამახვილების გარეშე, ქორწინების ჩათვლით. დაე, შენი ცხოვრების ყველა მხარე, ყველა ურთიერთობა ემსახუროს ამ მიზანს, რაც წარმოადგენს ღვთის განგების სრულ განხორციელებას საკუთარ ქმნილებასთან მიმართებაში.
ამგვარი ესქატოლოგიური პერსპექტივა მნიშვნელოვანი იყო კორინთელებისთვის. ეს ჩვენთვისაც აუცილებელია დღეს. ჩვენ მოწოდებულნი ვართ ისეთებად, როგორებიც ვართ, – კონფლიქტურები, სუსტები, ცოდვილები, წარმოუდგენლად (ინცრედიბლე) ურიცხვი ნიჭებით. მაგრამ ჩვენ მოწოდებულნი ვართ სისავსითა და სიწმინდით ცხოვრებისკენ; მოწოდებულნი ვართ ღვთის სიწმინდეში მონაწილეობისკენ, იმისკენ, რომ თავად გავხდეთ წმინდა არსებები, რომ გავცდეთ ადამიანურ შესაძლებლობებს სიყვარულში, ჩვენი ნებით მივიღოთ ის სიყვარული, რომელიც მზად არის მსხვერპლის გაღებისთვის, რომელიც ღმერთმა გვიჩვენა იესო ქრისტეს მეშვეობით; რომ გამოვხატოთ ამ სიყვარული ჩვენი საკუთარი ცხოვრებით, რა მდგომარეობაშიც არ უნდა დაგვაწესოს (მოგვიწოდოს) ღმერთმა.
ამგვარი ესქატოლოგიური ხედვა სასარგებლოა კონკრეტულად ქორწინებასა და ოჯახთან დაკავშირებულ საკითხთან მიმართებაშიც.
უპირველეს ყოვლისა, თავად ქორწინება რეალურ ცხოვრებაში არ არის სტატიკური ფენომენი იმ იდეალიზირებული სურათის საწინააღმდეგოდ, რომელსაც ასე ხშირად წარმოგვიდგენენ (მაგალითად, იმ რეკლამებში, რომლებიც ადამიანებს ბრწყინვალე სექსს ჰპირდება 70 წლის ასაკამდეც კი). ქორწინება საკუთარ თავში მოიცავს ცვლილებებს, ეტაპებს, რამდენადაც თავად ადამიანები გადიან გარკვეულ ეტაპებს ცხოვრებაში. რასაკვირველია, პირველი ცვლილება მოდის პირველი ბავშვის დაბადებასთან ერთად, როცა ცოლი ხდება “დედიკო” და მისი ყურადღების მნიშვნელოვანი ნაწილი აკლდება ქმარს, გადაიქცევა რა ზრუნვის ძირითად ობიექტად ბავშვი. აღმოაჩენენ კი ისინი კვლავ ერთმანეთს სხვა სახით მაინც ამ ახალ ეტაპზე? დღეს ძალიან ბევრი წყვილისთვის სხვა მნიშვნელოვანი ცვლილება ხდება მაშინ, როცა ერთ-ერთი მათგანი ან ორივე, საბოლოოდ არაშრომისუნარიანი ხდება, მაგალითად, პარკინსონის დაავადებით. ის, რაც აღქმულია როგორც “ოქროს წლები”, შეიძლება ძალიან მძიმე აღმოჩნდეს უბედნიერესად დაქორწინებული წყვილისთვისაც კი. მთავარი შეკითხვა ყველა ამ ეტაპისათვის არის ის, თუ როგორ უნდა იქნეს განხილული მათი მდგომარეობა ინსტრუმენტული ტერმინებით, მაგალითად, რომ ყველა ეტაპი შეიძლება მიღებულ იქნეს, როგორც ახალი შესაძლებლობა სიწმინდეში ზრდისთვის, ან გადაიქცევა თუ არა თითოეული ახალი ეტაპი იმედგაცრუებების წყარო, რადგან სწორედ ეს კონკრეტული ურთიერთობა არ შეესაბამება ოჯახური ბედნიერების შესახებ წარმოდგენას.
მოდით, განვიხილოთ ბავშვებისა და ოჯახების ცხოვრება. რისი შემოთავაზება შეუძლია აქ ესქატოლოგიურ ხედვას? ჩვენ ხშირად ვაქებთ ჩვენს ბავშვებს, ვაკეთებთ ყველაფერს მათთვის. სინამდვილეში კი ეს მხოლოდ ჩვენი ეგოიზმის გამომხატველი შეიძლება იყოს. ბავშვები სიამაყის დიდი წყაროა! ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ შვილების შობა და აღზრდა არ არის თვითმიზანი. ხშირად ზედმეტად ვნერვიულობთ იმის შესახებ, თუ `რა გამოვლენ” ჩვენი შვილები. ეს არ უნდა იყოს ასე. ბავშვების აღზრდა, ისევე როგორც ქორწინების ყველა ასპექტი, უნდა იქნეს განხილული ინსტრუმენტული ტერმინებით: პირველ ადგილზე დააყენე არა შვილები, არამედ ღმერთი. მაგრამ შენმა სიყვარულმა ღვთისადმი, შენმა იმედმა მის მიმართ და მთელი შენი ცხოვრების ორიენტაციამ უფლისკენ არ უნდა დაამცროს შენი სიყვარული შვილების მიმართ. უფრო ზუსტად, ეს განწმენდს მათკენ მიმართულ სიყვარულს, გადააქცევს რა მას ეგოისტური სიყვარულიდან ქრისტეს მსგავსი თავგანწირვითი სიყვარულის
გამოხატულებად.
მაგრამ ბავშვები არ წარმოადგენენ ერთადერთ შესაძლო ინსტრუმენტს ჩვენი სიწმინდის განსამტკიცებლად ქორწინებაში. წმინდა იოანე ოქროპირი, მაგალითად, ძალიან დიდი მგრძნობელობით ეკიდება უშვილობის საკითხს. უშვილო ქორწინებაში სათნოების სხვა საშუალებები შეიძლება იქნეს ჩამოყალიბებული და განვითარებული: სტუმართმოყვარება, სხვათადმი მსახურება. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა შევეწინააღმდეგოთ მხოლოდ ერთმანეთისათვის ცხოვრების ცდუნებას, სიწმინდეში ზრდისათვის და გვერდით მყოფ ადამიანთათვის ზრუნვის გარეშე.
რა შეიძლება ითქვას ქორწინების ალტერნატივების შესახებ? განვითარებულ და ზოგადად განვითარებად სამყაროში დაუქორწინებელი ადამიანები მოსახლეობის მზარდ ნაწილს წარმოადგენენ. აშშ-ში დაახლოებით 50% ახალგაზრდებისა დაუქორწინებელია. ამ ადამიანების უმრავლესობა განქორწინებულია. ზოგიერთი მათგანს დაქორწინება გადააქვს მომავალში სხვადასხვა მიზეზით – განათლების, ეკონომიკური, ემოციური მდგომარეობის, ან პროფესიული თვალსაზრისით. ზოგიერთი კი, შესაძლოა, უკვე ვეღარასოდეს დაქორწინდეს. ზოგიერთი განქორწინებულია, ზოგი კი განცალკევებულად ცხოვრობს, – არა ყოველთვის გაყრის მოლოდინში, – მაგალითად, პატიმრობის გამო. ზოგიერთი დაქვრივებულია. დაუქორწინებელი ადამიანების წინაშე არსებული პრობლემა, რა თქმა უნდა, არის აგრეთვე განქორწინება. და ეს არ არის იგივე პრობლემები, რაც იმ ადამიანთა წინაშე დგას, რომლებიც არასოდეს ყოფილან დაქორწინებულნი, რა ასაკისაც არ უნდა იყვნენ ისინი. მაგრამ არსებობს საერთო პრობლემები. ინტერვიუებში და მიმოხილვებში ხშირად იხსენიება მარტოობის თემა. ასევე მარტოხელა ადამიანები ხშირად განიცდიან სხვა სახის დისკომფორტს, რომელიც უფრო კულტურული ხასიათისაა. მათვის ძნელია იმ წარმოდგენებთან გამკლავება, რომლის მიხედვითაც ოჯახური ცხოვრების მოდელი ეს არის ცოლი, ქმარი, ორი ბავშვი, სამი მანქანა და ძაღლი.
როგორც აღვნიშნე, დაუქორწინებლები ძალიან მრავალფეროვან ჯგუფს ქმნიან. არსებობენ დაუქორწინებელი ადამიანები და ასევე მერყევი მარტოხელა ადამიანები, რომელიც ასე ხშირად არიან წარმოდგენილნი სხვადასხვა განცხადებებში. უამრავი ადამიანი ქორწინებისგან თავს იკავებს სხვადასხვა მიზეზით: ვალდებულების აღების შიშის გამო, “შესაბამისი” კანდიდატის არგამოჩენის ან კარიერის გამო, მაგრამ მარტოხელა ცხოვრება ამერიკაში დღეს სულიერად არასაიმედოა. ახალგაზრდა და არცთუ ისე ახალგაზრდა მარტოხელა ადამიანები ერთგვარ გახანგრძლივებულ მოზარდობას განიცდიან. მათ ბევრად მეტი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, ვიდრე ეს იყო წინა-მოდერნულ საზოგადოებაში – გადაწყვეტილებები განათლების, კარიერის, სამსახურის, ცხოვრებისეული პრობლემების, ცხოვრების სტილთან დაკავშირებით. წარსულში ადამიანების უმეტესობას არ გააჩნდა ამგვარი არჩევანის შესაძლებლობა ასეთ საკითხებში. მაგრამ ახალგაზრდა ადამიანები ხშირად განიცდიან პასუხისმგებლობის შეგრძნების დეფიციტს საკუთარი გადაწყვეტილებების გამო. მაგალითად, სექსი შეიძლება ადვილად გარდაიქმნას რეკრეაციულ აქტივობად, ქუჩაში ჭამის ან კინოთეატრში სიარულის მსგავსად, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ნამდვილ სიყვარულთან. სწორედ ეს უშლის ხელს ნორმალური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში როგორც ქორწინების, ასევე სხვა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.
რა მსახურება შეიძლება გაუწიოს ეკლესიამ დაუქორწინებელ ადამიანებს? როგორ უნდა დაეხმაროს იგი, კერძოდ, ახალგაზრდა მარტოხელა ადამიანებს? ეკლესიის ისტორიის განმავლობაში ეს საკითხი არ მდგარა. დღეს კი უკვე დგას. ჩვენ აღარ ვცხოვრობთ წარსულის ტრადიციულ საზოგადოებაში, არამედ თანამედროვე სამყაროს ნაწილნი ვართ. გარკვეულ ასპექტში პასუხი ნათელია. ეკლესიამ თავისი მსახურებისას, როგორც დაქორწინებულ, ისე დაუქორწინებელ ადამიანებთან მიმართებაში, უნდა წარმოადგინოს ესქატოლოგიური გამოწვევა, რომელიც წმ. პავლემ შესთავაზა კორინთელებს. “თითოეული დარჩეს იმ მოწოდებაში, რომლითაც მოუწოდეს… ვინაიდან წარმავალია სოფლის სახე”. ამგვარ პერსპექტივაში თითოეული ჩვენგანი მოწოდებულია ასკეტური ბრძოლისკენ (ascetical struggle), როგორი მდგომარეობაც არ უნდა გვქონდეს ამ ცხოვრებაში. ბრძოლა, მაგალითად, თვითკმაყოფილებასთან, რომელიც შეიძლება იყოს დიდი საცდური, როგორც დაქორწინებულთათვის, ასევე დაუქორწინებელთათვის. ბრძოლა იმ გზების გამოსაძებნად, რომელიც დაგვეხმარება ღვთის სიყვარულში ზრდისათვის ყველა სიტუაციაში, რომელშიც გვიწევს მოქმედება. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ დაუქორწინებლად ყოფნა გადაულახავი დაბრკოლებაა მთლიანობასა და სიწმინდეში (wholeness and holiness) ზრდისათვის, ისევე, როგორც არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ დაქორწინებული ყოფნა არის გარანტია მთლიანობისა და სიწმინდის მიღწევის გზაზე წარმატებისა.
ყოველი ჩვენგანი სუსტი და დაცემული არსებაა, რომელიც ამა თუ იმ მხრივ ცოდვით არის დაზიანებული. ეს არის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ მოწოდებულნი ვართ ცხოვნებისაკენ ღვთის მადლის შემწეობით. მაგრამ ჩვენ ვგრძნობთ განკურნებისა და მთლიანობის საჭიროებას. ამ კუთხით ეკლესიის გზავნილი მარტივი და პირდაპირია: ამ კურნებისა და მთლიანობის აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ ღმერთის მიერ. ეს არ არის ის გზავნილი, რომელიც ჩვენ ხშირად გვესმის. უფრო ხშირად ჩვენ წახალისებულნი ვართ იმის შეხედულების მისაღებად, რომ ამ კურნებასა და მთლიანობას ვიპოვით სხვაგვარად, რომელთა შორის ყველაზე საუკეთესო გზა დაქორწინებაა. “მარტოხელა მდგომარეობა არასაიმედოა”, ვეუბნებით ახალგაზრდებს. მაგრამ ამ დროს ჩვენ ვგულისხმობთ შემდეგს: “დაქორწინება გადაგიწყვეტს პრობლემას”. არის ეს მართალი? ბევრ ადამიანს სჯერა ეს. ყურადღება მიაქციეთ, მაგალითად, შემდეგ განაცხადს, რომელიც ხშირად გამოითქმის ქორწინებამდელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდებისგან: “დიახ, მე ეჭვიანი ვარ და მოთმინებას ვკარგავ, შეიძლება ფიზიკურადაც შევეხო, თუ ვიფიქრებ, რომ მან სხვა კაცს შეხედა, მაგრამ როცა დავქორწინდებით, ეს არ მოხდება”. მსგავსი სიტყვების მოსმენისას, დარწმუნებული ხარ, რომ ამ ჭაბუკის ძალადობრივი ქცევა არ შეიცვლება. სავარაუდოა, რომ იგი უარესი გახდება ამ მხრივ. ან განვიხილოთ ეს განცხადება: “ჩემი სასიძოს ზოგიერთი ქცევა თავს მაბეზრებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როცა დავქორწინდებით, ჩემი სიყვარული შეცვლის მას”. თუმცა გრძნობ, რომ ეს არ მოხდება! საერთოდ, ქორწინება არ არის გარანტია ცოლ-ქმრული ერთგულებისა და უსაზღვრო ოჯახური ბედნიერებისა. ქორწინება ვერ განკურნავს ყველა იმ ნაკლს, რაც ადამიანებს სჭირთ. ქორწინება შეიძლება იყოს მხოლოდ კონტექსტი, რომელშიც ჩვენ უნდა ვიპოვოთ კურნება და მთლიანობა. მაგრამ თავად ქორწინება არ არის წყარო კურნებისა. დაქორწინებულობა, დაუქორწინებლობის მსგავსად, შეიძლება სულიერად არასაიმედო იყოს – განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი კერპი ხდება. ჩვენ განვიხილავთ გამოწვევებს, რომლებიც ამჟამად ქრისტიანული ქორწინების წინააღმდეგ არის მიმართული, რომელთაც მედიის საშუალებით ჩვენ ფაქტიურად ყოველდღე გვესმის, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ “ტრადიციული” ქორწინებაც შეიძლება გარდაიქმნას გამოწვევად ცხოვნების ქრისტიანულ გაგებასთან მიმართებაში, – უსაფრთხოების ყალბი შეგრძნების შემოთავაზებით, ყალბი დაპირებებით, იმ თვალსაზრისის გავრცელებით, რომ თავად ქორწინებას და არა ღმერთს, შეუძლია მოგვანიჭოს მთლიანობა ამ დანაწევრებულ სამყაროში. ვიღაც ამ მთლიანობას პოულობს ქორწინებაში, ვიღაცა – მარტოხელა ცხოვრებაში. მაგრამ ისინი ვერ შეძლებენ მის მიღებას, თუკი, პირველ რიგში, არ შემობრუნდებიან ყველანაირი კურნებისა და ყოველგვარი მთლიანობის წყაროსკენ – ღვთისაკენ.
ინგლისურიდან თარგმნა დავით თინიკაშვილმა
დაიბეჭდა ჟურნალში “დიალოგი: აღმოსავლურ-დასავლური ქრისტიანული ჟურნალი” #1-2 (6-7), 2007.
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s