დავით თინიკაშვილი “ავთენტურ/დამახინჯებული ეპისტოლე მტრული იდეოლოგიის ძიებაში”

სახელმწიფოში ავტორიტეტული ინსტიტუციების ხმა დროულად უნდა ისმოდეს ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა და განწყობებზე. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია ეს ხმა იყოს კომპეტენტური და საზოგადოებას არ უქმნიდეს მცდარ წარმოდგენებს ამა თუ იმ ღირებულებაზე. მეორე მხრივ, საზოგადოების სიჯანსაღე ვლინდება მის კრიტიკულ დამოკიდებულებაში ნებისმიერი ამგვარი ხმის მიმართ, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს – პარლამენტიდან, მთავრობიდან, სასამართლოდან, მედიიდან თუ ეკლესიიდან. მოქალაქეს ნამდვილად არ მართებს მონური მორჩილება და უკრიტიკოდ მიღება თუნდაც ეკლესიის სახელით გამოთქმული შეხედულებებისა. ამას თავად ეკლესია არ ითხოვს (არ უნდა ითხოვდეს). მით უმეტეს, როცა საკითხი ეხება ისეთი საკითხების ანალიზს, რომელსაც საეკლესიო სწავლებასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს.
დიდი ხანია არსებობს ეჭვი, რომ საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეების ზოგიერთი მთავარი თუ არამთავარი შეხედულება და ზოგჯერ სულისკვეთებაც, არ არის ისეთი შინაარსისა და ფორმის, როგორადაც ამას თვით პატრიარქი დაწერდა. არ ვგულისხმობთ მხოლოდ 2012 წლის სააღდგომო ეპისტოლის შინაარსის გამო ატეხილ აჟიოტაჟს იმის შესახებ, რომ წაკითხულ იქნა ერთი ტექსტი და გავრცელდა სხვა. საუბარია ეპისტოლის იმ მონაკვეთზე სადაც ნახსენებია ბუდა-ბარი, კაზინოებისა და ტოტალიზატორების არსებობა. არქიდიაკონ დემეტრეს მიერ საჯაროდ წაკითხული ეპისტოლის ვიდეოკადრებში კი ეს მონაკვეთი არ ისმის. ამ საკითხზე საინფორმაციო სააგენტოების ვებ-გვერდებზე გავრცელდა შემდეგი ინფორმაცია: „პროტოპროსვიტერ გიორგი ზვიადაძის განმარტებით, აღნიშნული ეპიზოდი არქიდიაკონ დემეტრეს კითხვისას გამორჩა”.
თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის უმთავრესი მანკიერება ეპისტოლეში შემდეგი იდეური წნეხის ქვეშ ექცევა: „…ამოქმედდა ასეთი პრინციპი: ნებისმიერი ქმედება მისაღებია, თუ იგი არ ზღუდავს სხვის თავისუფლებას. მაგ: სხვისი უზნეობა თუ მე არაფერს მიშავებს, ეს ქმედება უარყოფითი აღარ არის… და დაიწყო ამგვარი აზროვნების ყველგან დამკვიდრება, რაც არის აჯანყება ზნეობისა და ადამიანურობის წინააღმდეგ. თავისუფლება და ზნეობრიობა ბუნებითია ადამიანისათვის. რომელიმე მათგანის უგულებელყოფა იწვევს პიროვნების და ასევე საზოგადოების დამახინჯებას. სეკულარიზაციის მიმდევრებმა წინ წამოწიეს რა ცრუ თავისუფლების იდეა, ზნეობა საერთოდ ჩამოაშორეს მას” .
აქ მინიშნება აშკარად ე.წ. ჰუმანისტური მორალის პრინციპზე გვაქვს სხვისი თავისუფლების საზღვრების დაცვის შესახებ. მაგრამ რატომ შეიძლება რელიგიისთვის მიუღებელი იყოს სხვისი თავისუფლების შელახვის აკრძალვა? ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ მსჯელობის ფოკუსში ეს ასპექტი არ ექცევა. აზრთა სხვაობას შეიძლება იწვევდეს შემდეგი საკითხი: უპირისპირდება თუ არა ერთმანეთს ჰუმანისტური და რელიგიური მორალი? თუ ჩვენ უბრალოდ სხვადასხვა დონეებთან და სიბრტყეებთან გვაქვს საქმე?
რელიგიური პრაქტიკის საბოლოო მიზანია ადამიანის განღმრთობა (თეოზისი). ჰუმანისტურ-სეკულარულ ეთიკას არ აქვს ამის პრეტენზია. მისი მიზანი მხოლოდ მოქალაქეებს შორის ურთიერთობების მოწესრიგება და დაბალანსებაა. ასეთ სამოქალაქო გარემოში არვინაა შეზღუდული უფრო სრულყოფილ და სპეციფიკურ პრაქტიკას (კერძოდ, რელიგიურ ასკეზას) მიმართოს. ასე რომ, თუნდაც მხოლოდ ამის გამო, შეუძლებელია ამ ორი მორალის ერთმანეთთან დაპირისპირება.
საბოლოოდ, გამოდის, რომ ლიბერალური გარემო რელიგიის სამსახურშიც დგას, რადგან ამგვარი სისტემის მიერ უზრუნველყოფილ პირობებში ადამიანს თავისუფლად, ყოველგვარი იძულების გარეშე შეუძლია გახდეს რელიგიური ან არარელიგიური, საკუთარი მოსაზრებით აირჩიოს ან გადაირჩიოს რომელიმე რელიგია.
სამწუხაროდ, ჩვენს მიერ ციტირებულ მონაკვეთს ეპისტოლიდან არ აქვს თავისი ლოგიკური გაგრძელება. ანუ სათქმელი არ არის ბოლომდე ნათქვამი. მაგრამ ამგვარ მსჯელობას ხშირად შეხვდებით ამ ჩვენს რელიგიური ფუნდამენტალისტთა ზეპირ თუ წერილობით ნააზრევში. აღინიშნება, რომ ზოგადად ლიბერალური და სეკულარული სამყაროსთვის ერთნაირად ფასეულია, მაგ., ტრადიციული და არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია (აქ ვიკმაროთ ამ მწვავე საკითხის ხსენება, აღარ ჩამოვთვლით რა სხვებს).
ე.წ. ლიბერალური მორალი ნამდვილად კრძალავს განსხვავებული მსოფლმხედველობის თუ ცხოვრების წესის მქონე ადამიანის ფიზიკურ თუ მორალურ შეურაცხყოფას. ის ყველა ასეთი მოქალაქისთვისთვის ადამიანური არსებობისთვის თანაბრად ღირსეული პირობების უზრუნველყოფას ითხოვს. აქედან გამომდინარე კი მართლაც არსებობს იმგვარი დასკვნის გამოტანის საცდური, რომ თითქოს ლიბერალიზმი აღიარებს ყველა ასარჩევი ფასეულობის თანასწორობას. მაგრამ განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის თანასწორი პირობების შექმნისთვის ზრუნვა არ გულისხმობს ამ წესების/მსოფლმხედველობების, ასე ვთქვათ, „შინაგან” შეფასებას, ერთგვარ დიაგნოზს მათი პოზიტიურობისა თუ ნეგატიურობის შესახებ. სხვა სიტყვებით, თუ ლიბერალიზმი დაუშვებლად მიიჩნევს ლესბოსელზე რაიმეგვარ ზეწოლას მისი „გადაკეთების” მიზნით, ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ლიბერალიზმი მორალურად ან ამორალურად მიიჩნევს ამ კონკრეტულ ცხოვრების წესს – ლესბოსელობას, რადგან მორალური შეფასებები არ არის მისი ფუნქცია.
ამრიგად, გაუგებარია, როგორ შეიძლება ლიბერალიზმის დადანაშაულება „ზნეობისა და ადამიანურობის წინააღმდეგ აჯანყებაში” – როგორც ეს ეპისტოლეშია ნათქვამი. ლათინური „ლიბერ” ხომ თავისუფლებას ნიშნავს, ლიბერალური მორალი კი ყველა ადამიანის თავისუფლების დაცვას? ჩვენს დიდ წინაპრებს, მაგალითად, ილია ჭავჭავაძეს რატომღაც არ ეშინოდათ ამ სიტყვის. ლიბერალიზმი მხოლოდ გარემოს შექმნისკენაა მოწოდებული, რომელშიც თითოეული თავის არჩევანს თავისუფლად („ლიბერალურად“) გააკეთებს.
ლიბერალური იდეოლოგიისა და რელიგიის ერთობლივი მოქმედება სრულიად შესაძლებელია. პირველს შეუძლია ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც მეორე დაუბრკოლებლად და თავისუფლად განახორციელებს თავის მისიონერულ საქმიანობას. ლიბერალიზმის ანტირელიგიურ იდეოლოგიად გამოცხადება რელიგიის შესაძლებლობების შეზღუდვას ნიშნავს, რადგან მას თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში ყველგან სანგარში ჩასაფრებული მტერი მოელანდება. შიში კი არ არის კარგი მეგზური ისეთი მისიის განსახორციელებლად, რომელიც ეკლესიას აკისრია.
წერილი გვინდა დავასრულოთ ფ. ჰაიეკის შემდეგი სიტყვებით: “ნამდვილი ლიბერალიზმი, ფრანგული რევოლუციის რაციონალიზმისგან განსხვავებით არ ებრძვის რელიგიას. მე მხოლოდ სინანული შემიძლია გამოვხატო იმის გამო, რომ მე-19 საუკუნის კონტინენტური ლიბერალიზმი ხშირად იყო განმსჭვალული მებრძოლი, არსობრივად არალიბერალური ანტირელიგიურობით…”
ასე რომ, ნუ შევეცდებით მტრული იმპულსების დანახვას იმ იდეოლოგიაში, რომელიც შეიძლება ჩვენი კარგი მოკავშირე აღმოჩნდეს.
ბლოგი გამოქვეყნდა ჟურნალ „ლიბერალის“ ვებ-გვერდზე, 19 აპრილი, 2012

http://liberali.ge/blogs/view/5379/avtenturdamakhinjebuli-epistole-mtruli-ideologiis-dziebashi

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s