დავით თინიკაშვილი “ვის და რატომ ვებრძვით?: ანუ რა ამოძრავებთ რელიგიურ მოშურნეებს?”

„როდესაც ლოცვად დგახართ, მიუტევეთ, ვინც რამე გცოდათ“
იესო ქრისტე (მარკოზის სახარება 11:25)
„ჯერ შემოირიგე შენი ძმა, და მხოლოდ შემდეგ მოდი და შესწირე შესაწირავი“
იესო ქრისტე (მათეს სახარება 5:24)
„ქვის სროლა ძალზედ ადვილია. ‘ძველი იგი კაციც’ ჩვენში სწორედ ნებადართულ საბაბს ეძებს ქვის სასროლად. ყველაზე ხელსაყრელი კი მისთვის მოშურნეობით შენიღბვაა“.
არქიეპისკოპოსი იოანე სან-ფრანცისკელი 1
ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ მყარად არის ფესვგადგმული ერთი თვისება: თუკი ვინმე ღიად აანალიზებს დომინანტურ ეკლესიაში შექმნილ ვითარებას, ეს რატომღაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანს (რომელსაც, სამრევლო ტერმინოლოგიით, „არაეკლესიური“ ქრისტიანი ეწოდება, და ამიტომ, იგულისხმება, რომ რეალურად მას არც შესტკივა გული ეკლესიაში შექმნილ ვითარებაზე) ან უკვე დატოვებული აქვს ეკლესია და, ასე ვთქვათ, „გარედან“ ებრძვის მას, ან ამას ე. წ. „ქულების ჩაწერისთვის“ ან, უბრალოდ, კეკლუცობისთვის აკეთებს. ამიტომ სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, მინდა აღვნიშნო, რომ ვიყავი, ვარ და ვიქნები მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი და არ ვაპირებ მისთვის ზურგის შექცევას არც „კეთილშობილური“ და არც მერკანტილური მოტივებით.
საზოგადოებაში ხშირად ისმის კითხვა, თუ რატომ არის ესა თუ ის რელიგია სხვაზე უკეთესი ან უარესი? ასევე ხშირად მოგვიწოდებენ განსხვავებული რწმენის მქონე ადამიანთა მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულებისაკენ, ან პირიქით – გვესმის მოწოდებები ვიბრძოლოთ მათ წინააღმდეგ. მაგრამ ძალიან იშვიათად მოისმენთ კონკრეტულ და გასაგებ მსჯელობებს იმის შესახებ, თუ რა სხვაობები და წინააღმდეგობები არსებობს რეალურად რელიგიურ მიმდინარეობებს შორის და რომელი მათგანია უმნიშვნელო, გაზვიადებული ან საერთოდ გამოგონილი, რამდენად დანაშაულებრივი და დასაგმობია ეს განსხვავებები. ხოლო მსგავსებებს, რომელთაც საკმაოდ მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობათა ურთიერთდაახლოების გზაზე, არ ექცევა სათანადო ყურადღება.
ამგვარი ვითარების გამო ჩვენს საზოგადოებაში დღემდე ბატონობს უკიდურესი ანტაგონიზმი რელიგიური ნიშნით განსხვავებული ადამიანების მიმართ. მთავარი ბრალდების თანახმად, არამართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიები საფრთხეს წარმოადგენენ როგორც მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, ასევე მთლიანად სახელმწიფოსთვისაც. ქვემოთ შევეცადოთ ობიექტურად განვიხილოთ ორივე ეს საშიშროება.

არამართლმადიდებელი ეკლესიები, როგორც საფრთხე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის

ამ საფრთხეში ძირითადად პროზელიტიზმს გულისხმობენ. ამასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოება (რასაც ზოგჯერ არ ექცევა სათანადო ყურადღება): საქართველოში სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესია საკუთარ წევრებს იძენს არა მართლმადიდებელი მრევლის, არამედ უმთავრესად იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებიც მანამდე ან ათეისტები, ან, უბრალოდ, რელიგიურად ინდიფერენტული და ე. წ. „სეკულარული“ ადამიანები, ან თუნდაც ნომინალური მართლმადიდებლები და „არაეკლესიური“ ქრისტიანები იყვნენ. რასაკვირველია, არსებობს ცალკეული ფაქტები „ეკლესიური“ მართლმადიდებლების გადასვლისა სხვადასხვა ქრისტიანულ ეკლესიებსა თუ საერთოდ არაქრისტიანულ რელიგიებში, ისევე როგორც პირიქით, მაგრამ რატომღაც ხშირად ვერ ვაცნობიერებთ ამგვარი ქმედების გამომწვევ მიზეზებს ან ვაცნობიერებთ, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარს ვერიდებით (რითიც ხელს ვუწყობთ არსებული ვითარების შენარჩუნებას). ასეთი „გადასვლები“, ჯერ ერთი, თავისუფალი არჩევანის შედეგია, არავინ არავის აიძულებს ამგვარად მოქცევას, და მეორეც, უნდა ვიკითხოთ, რატომ აკეთებენ ამგვარ არჩევანს? ეს იმაზე ხომ არ მიუთითებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ ასეთი ადამიანების (1) სულიერი, (2) მორალური და (3) ინტელექტუალური მოთხოვნილებების სათანადოდ დაკმაყოფილებას?
დღეს საქართველოში არსებული ქრისტიანული ეკლესიების მიზანს სრულიად არ წარმოადგენს ადამიანების ე. წ. გადაბირება. ამის შესახებ არამარტო არსებული ვითარების ლოგიკური ანალიზი მეტყველებს (თუმცა ეს ემპირიული დაკვირვებითაც აშკარაა), არამედ თავად ამ ქრისტიანული ეკლესიების ხელმძღვანელთა სრულიად მკაფიო განაცხადები თუ „აჯენდები“.
მოვუსმინოთ, მაგალითად, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსს მალხაზ სონღულაშვილს, რომელიც ამ პრობლემასთან დაკავშირებით შემდეგს აცხადებს: „შეიძლება არსებობდეს ისეთი უხეში პრეცედენტები, როცა ესა თუ ის ბაპტისტი პასტორი მოუწოდებს მოქცევისკენ სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებს, მაგრამ ეს არ უნდა განვიხილოთ როგორც ჩვენი პრინციპი. პროზელიტიზმი ჩვენთვის მიუღებელია. როცა ადამიანი მართლმადიდებელია ან კათოლიკე ან სხვა რომელიმე ეკლესიის წევრი, ჩვენ მის მოქცევაზე არ ვფიქრობთ, ჩვენი მიზანია, რომ იგი იყოს უფრო კარგი მართლმადიდებელი, უფრო კარგი კათოლიკე და ა.შ.“2
მოვუსმინოთ საქართველოში რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურსაც, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს. ის იხსენებს ერთი შემთხვევას, როდესაც მართლმადიდებელს კათოლიკურ ეკლესიაში გადასვლა სურდა, ეპისკოპოსმა კი მას ურჩია: „…ქრისტიანი ყოველთვის დამაკავშირებელი და გამაერთიანებელია. დარჩი მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში და აქციე შენი სიყვარული ხიდად მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის“.3 არც ევანგელურორმოცდაათიანელთა ეკლესიის ეპისკოპოსი ოლეგ ხუბაშვილი დგას განსხვავებულ პოზიციაზე.4 შეიძლებოდა სპეციალური გამოკითხვის ჩატარება იმის გასარკვევად, თუ რას ფიქრობენ საქართველოში გავრცელებული არამართლმადიდებელი ეკლესიები პროზელიტიზმის თაობაზე.
ამის ფონზე აკვიატებულ იდეად ჩანს (თუ შეგნებულ ცილისწამებად არა) არქიმანდრიტ რაფაელ კარელინის მოსაზრებები, რომელთა მიხედვითაც კათოლიკეებს, ბაპტისტებს, ორმოცდაათიანელებს და სხვა ქრისტიანული ეკლესიების წარმომადგენლებს მართლმადიდებლები არ მიაჩნიათ ქრისტიანებად, და რომ მათ, არც მეტი, არც ნაკლები, ჩვენი „გაქრისტიანება“5 სურთ. უფრო რადიკალური შეფასებებია გამოთქმული მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის სახელით გამოცემულ წიგნში: „ქვეყანას მწვალებლები და სექტანტები შემოსევიან, ჩვენს წმინდა, სამოციქულო ეკლესიას მოსჯარვიან და ძიძგნიან: სამწყსოსა სტაცებენ ერსა თუ ბერსა, ღალატი აღარ გაგვკვირვებია: იუდას აჩრდილი დადის ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში“.6

სტატისტიკა:

რეალურ ვითარებაში გასარკვევად ალბათ საკმარისი იქნებოდა პროზელიტიზმის თაობაზე მხოლოდ სტატისტიკური მონაცემებით გვესაუბრა: საქართველოში მცხოვრებ არამართლმადიდებელთა რიცხვი ერთად აღებული შეადგენს ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 18,5%25-ს, ხოლო ის პროტესტანტული დენომინაციები, რომელთაც ხშირად საშიშ ძალებად წარმოგვიდგენენ (ბაპტისტები, ორმოცდაათიანელები, ადვენტისტები, იეჰოვას მოწმეები, ხსნის არმია), ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 0,6%25-ს შეადგენს.7 ასეთი რაოდენობის ძალას კი, რომც გააჩნდეს სურვილი ქვეყნის ტრადიციულ ღირებულებებზე გავლენის მოხდენისა, ამას, უბრალოდ, ვერ შეძლებს. თუმცა მანამდე გასარკვევია რა იგულისხმება ტრადიციულ ღირებულებებში და რატომ უნდა შეუქმნან მათ საფრთხე ზემოხსენებულმა ჯგუფებმა.

არამართლმადიდებელი ეკლესიები, როგორც საფრთხე სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის

გავრცელებული შეხედულების მიხედვით, არამართლმადიდებელი ეკლესიები საფრთხეს წარმოადგენენ არა მხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ მთლიანად სახელმწიფოსთვისაც, ყოველი მოქალაქისათვის, რადგან თითქმის ყველა დენომინაცია და აღმსარებლობა, ყოველგვარი დიფერენცირების გარეშე, ადამიანებზე მავნე გავლენის მქონე გაერთიანებებად ცხადდება. მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურთა უმრავლესობის აზრით, გარდა იმისა, რომ ნებისმიერი „სექტის“ წევრი „უკვდავ სულს იღუპავს“, მათი ფსიქიკა და ფიზიკური ჯანმრთელობაც სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას.
ეს პრობლემა არსებობს ზოგადად. როგორც ცნობილია, დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში ავტორიტარული კულტებისა და ტოტალიტარული სექტების საქმიანობა აქტიურად შეისწავლება. ქვეყნის პარლამენტებთან ფუნქციონირებს საგამოძიებო კომისიები, რომლებიც ფილოსოფიური ან რელიგიური მიმართულების იმგვარ ჯგუფებს სწავლობენ, რომელთა საქმიანობაც საზოგადოების წევრთათვის ზიანის მომტანი ან ღირსების შემლახავია. შემუშავებულია კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება საშიშად ჩაითვალოს ამა თუ იმ დაჯგუფის საქმიანობა. ეს კრიტერიუმებია:
1. ახალი წევრების მოზიდვა არაკეთილსინდისიერი მეთოდებით (სწორედ ამ ქმედებას ეწოდება პროზელიტიზმი);
2. ადეპტებზე ან მათი ოჯახის წევრებზე ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზეწოლა;
3. აუცილებელ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა;
4. ოჯახის დაშლისკენ მიმართული ქმედებები;
5. ძალადობის გამოყენება, განსაკუთრებით სექსუალური ხასიათისა;
6. მოძრაობიდან გასვლის უფლების ჩამორთმევა;
7. ზღვარგადასული ფინანსური მოთხოვნები;
8. დემოკრატიული საზოგადოების ბოროტების მიზეზად გამოცხადება და სხვ.
არსებობს კიდევ ერთი ზოგადი მახასიათებელი, რომლის მიხედვითაც ტოტალიტარულ სექტად შეიძლება ჩაითვალოს ის რელიგიური გაერთიანება, რომელიც არ აღიარებს დანარჩენი საზოგადოების ღირებულებებს და მწვავე კონფლიქტშია მათთან. სწორედ ამიტომ ელემენტარული უმეცრების გამოვლინებად ჩაითვლება, თუკი ვინმე „სექტის“ და, მით უმეტეს, „ტოტალიტარული სექტის“ კვალიფიკაციას მიანიჭებს, მაგალითად, კათოლიკურ, ლუთერანულ, ანგლიკანურ, ბაპტისტურ, ადვენტისტურ, ორმოცდაათიანელთა და ყველა იმ ეკლესიას, რომელთა სარწმუნოებრივი და სოციალური სწავლება არ შეიცავს მსგავს ნიშნებსა და ტენდენციებს.
ევროპის სახელმწიფოთა უმეტესი ნაწილი აქვეყნებს ვრცელ მოხსენებებს, რომლებშიც მოცემულია საშიშად მიჩნეული რელიგიური გაერთიანებების ჩამონათვალი და მათი საქმიანობის აღწერა. მაგალითად, საფრანგეთის მოხსენება შეიცავს სექტის ტიპის 170 მოძრაობისა და შედარებით მცირე 800 დაჯგუფების საქმიანობის აღწერას. მიუხედავად იმისა, რომ მოხსენებაში ვრცლადაა წარმოდგენილი ასეთი მოძრაობების მხრიდან მომდინარე საშიშროება როგორც ცალკეული ინდივიდის, ისე სახელმწიფოსთვის, „მასში ვერსად ნახავთ თუნდაც მინიშნებას ისეთი სპეციალური კანონების მიღების საჭიროებაზე, რომლებიც შეზღუდავდნენ დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის უმთავრეს პირობას – თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპების უზენაესობას“.8 თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იმავე საფრანგეთში 2001 წლის 12 ივნისს მიღებულ იქნა კანონი, რომელიც ითვალისწინებს „ზოგიერთი იურიდიული პირის სამოქალაქო წესით გაუქმებას (დისოლუციას). კერძოდ, აღნიშნული კანონით შესაძლებელია იმ ორგანიზაციათა გაუქმება, რომლის საქმიანობასაც ადამიანებზე ფიზიკური და ფსიქიკური ზემოქმედების განხორციელება და მათი ექსპლუატაცია შეადგენს. საზოგადოებრივი გაერთიანების საქმიანობის შეწყვეტის საფუძველი კი შეიძლება გახდეს შესაბამისი ორგანიზაციის წევრთა ან ხელმძღვანელთა მიმართ გამოტანილი საბოლოო სისხლის სამართლის განაჩენი…“ 9. ასევე „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა უშვებს სხვასთან ერთად, რელიგიურ გაერთიანებათა საქმიანობის აკრძალვის შესაძლებლობასაც“.10
რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? მოქმედებენ თუ არა ჩვენს ქვეყანაში ტოტალიტარული სექტები, რომელთა საქმიანობა ზიანის მომტანია ადამიანებისთვის ფიზიკური, ფსიქიკური, მორალური ან თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით?
არა, ამგვარი დაჯგუფებების არსებობის შესახებ მონაცემები არ არსებობს. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი საქართველოში მსგავსი რელიგიური გაერთიანე-ბები გამოჩნდებიან, სახელმწიფოს მიერ ამ ორგანიზაციების აკრძალვა, ვერ იქნებოდა საკითხის ეფექტურად გადაჭრის საშუალება. ასეთ მექანიზმად მხოლოდ მოსახლეობასთან ფართომასშტაბიანი საინფორმაციო მუშაობა შეიძლება ჩაითვალოს, სათანადო ტესტებისა და ბუკლეტების გავრცელება, რომელთა დახმარებითაც ადამიანები შეძლებენ შეამოწმონ შემოთავაზებული ე.წ. ფსიქო-სოციალური დახმარების კეთილსაიმედოობა და ა.შ.
თუკი ამის აუცილებლობა გაჩნდება, მაშინ, ევროპის ქვეყნების მსგავსად, შესაძლებელია ჩვენშიც შეიქმნას სპეციალური ანგარიშების მომამზადებელი ინსტიტუტი, რომელიც საზოგადოებას გააფრთხილებს იმ ორგანიზაციათა საქმიანობის თაობაზე, რომლებიც ზღუდავენ ადამიანთა უფლებებსა და თავისუფლებებს, მიზანმიმართულად ახდენენ მათ ფსიქიკურ თუ ფინანსურ დაკაბალებას, ქადაგებენ ძალადობას და სხვ.

რელიგიური შეუწყნარებლობის რეალური მოტივები

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ნათელი ხდება, რომ სხვადასხვა ქრისტიანული მიმდინარეობა არავითარ საფრთხეს არ უქმნის ჩვენს ქვეყანაში არც დომინანტ ეკლესიას და არც სახელმწიფოს. მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურთა ძირითადი ნაწილი განურჩევლად ეწინააღმდეგება ყველა სხვა ქრისტიანული ეკლესიის საქმიანობას. ჩნდება ბუნებრივი კითხვა: რატომ? ამასთან დაკავშირებით, იმ მოტივების წარმოჩენას შევეცდები, რომლებიც შესაძლოა ამგვარი რელიგიური შეუწყნარებლობის მთავარი მიზეზები იყოს.

მეტაფიზიკური მოტივაცია

გავრცელებული აზრით, ადამიანთა მარადიული ხსნა მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას შეუძლია. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ეკლესია ყველანაირად ცდილობს გააფართოოს თავისი ხილული საზღვრები, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიცვას. სწორედ ამით არის განპირობებული მისი საყოველთაო მისწრაფება მაქსიმალურად შეავიწროოს და შეასუსტოს არამართლმადიდებელი ეკლესიების გავლენა ადამიანებზე, მოიპოვოს დომინანტური მდგომარეობა საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროში, იქნება ეს პოლიტიკური საზოგადოება, მედიასივრცე, განათლების სისტემა თუ სხვ. ვფიქრობ, ამავე მეტაფიზიკური (დოქტრინალური) მოტივით არის განპირობებული სხვა ქრისტიანული ეკლესიებისათვის ტაძრების არდაბრუნების პოლიტიკა.11 ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილი მართლმადიდებელი თეოლოგი, დეკანოზი იოანე მეიენდორფი, შემდეგს წერდა: „…ამჟამად მიმდინარე, ხშირად ძალიან უხეში, ბრძოლა თითოეული ტაძრის ან მიწის ნაგლეჯის გამო, რომელიც ერთმანეთის წინააღმდეგ ამხედრებს ქრისტიანებს, ჭეშმარიტად დემონურია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამით ქრისტიანული რწმენა თავს ირცხვენს ურწმუნოთა წინაშე, არამედ ასევე იმიტომ, რომ ამას არ გააჩნია არავითარი სულიერი და საღვთისმეტყველო შინაარსი“.12
ვფიქრობ, ასეთი მრავალი განშტოების მქონე საეკლესიო სტრატეგია თავისუფლად შეიძლება დაყვანილ იქნეს ერთ კონკრეტულ დოქტრინალურ, კერძოდ, სოტერიოლოგიურ საკითხამდე. ამის გამო აუცილებლად მიმაჩნია სწორედ ამ კუთხით წარიმართოს კვალიფიციური თეოლოგიური მუშაობა, რათა მოიხსნას ხელოვნურად შექმნილი ეს უმთავრესი ბარიერი, რომელიც, როგორც ფესვი ხეს, ისე კვებავს ყველა სხვა აქტივობას და ძლიერი შთამაგონებელი წყაროა ექსკლუზივისტი მართლმადიდებლებისთვის. საჭიროა წინ წამოვწიოთ იმ მართლმადიდებელი თეოლოგების „ანალიტიკა“, რომლებიც მთელი სისრულით გადმოსცემენ ეკლესიის დოქტრინალური სწავლების ინკლუზიურობას.
მაგრამ ეს პროცესი არ უნდა იქნეს აღქმული მხოლოდ კონკრეტული სოციალურპოლიტიკური (ლიბერალურდემოკრატიული) კონიუნქტურით გამოწვეულ საჭიროებად, რომელსაც არანაირი კავშირი არ ექნება ქრისტიანულ თეოლოგიასთან. სწორედაც რომ პირიქით: ნამდვილი ქრისტიანული ღვთისმეტყველება არ არის ექსკლუზივისტური. ამრიგად, აღნიშნული ბარიერის მოხსნაში ვგულისხმობ მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ადეკვატურ გადმოცემას და არავითარ შემთხვევაში მის რაიმენაირ შეცვლას/დამახინჯებას ან ნაძალადევ ინტერპრეტირებას.

ეკონომიკური მოტივაცია

მარტივად თუ ვიტყვით, ამ მოტივაციის მიხედვით, მართლმადიდებელი ეკლესიის სწრაფვა საკუთარი გავლენის მაქსიმალური გაფართოებისაკენ ან მისი შენარჩუნებისაკენ, განპირობებულია საკუთარი მატერიალური სარგებლის გაზრდით. ალბათ ყველასათვის ნათელია, რომ ამ ორ მოვლენას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს, რადგან, რაც უფრო ძლიერი და ფართომასშტაბიანია ესა თუ ის ინსტიტუტი, მით უფრო მეტად უწევენ მას ანგარიშს, ითვალისწინებენ მის ინტერესებს, ცდილობენ მოიპოვონ მისი კეთილგანწყობა, უშურველად ანიჭებენ სხვადასხვა შეღავათებს და ა. შ.
მაგალითად, საქართველოში მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2002 წლიდან საკუთარი დომინანტურობის წყალობით უკვე მოიპოვა და დაიკანონა სერიოზული ფინანსური შეღავათები კონსტიტუციის თანაფარდი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტით, „საკონსტიტუციო შეთანხმებით“ (რომელიც ხშირად შეცდომით მოიხსენიება როგორც კონკორდატი). ამ შეთანხმების ძალით დომინანტი აღმსარებლობა საქართველოში გათავისუფლებულია ყველა სახის გადასახადისგან, იქნება ეს საღვთისმსახურო პროდუქციის წარმოების გადასახადი,13 სახელმწიფო ბაჟი თუ სავალუტო და საშემოსავლო გადასახდი.14 გარდა ამისა, სახელმწიფო „მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას“15 აფინანსებს. ასევე, თვით საეკლესიო მოხმარების პროდუქციის გაყიდვისგან შემოსული თანხაც არ არის უმნიშვნელო იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მოქმედ ტაძართა 98%25, რომლებშიც ეს ნივთები იყიდება, მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის. და ბოლოს ყველაზე საინტერესო: ვინაიდან ეკლესიას აკრძალული აქვს უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა16, საპატრიარქოს სახელით ამგვარ საქმიანობას (პროდუქციის წარმოება თუ მისი იმპორტ-ექსპორტი) სხვადასხვა ორგანიზაციები ახორციელებენ, რომელთა შორის არიან უშუალოდ საპატრიარქოს ეკონომიკური განყოფილებებისა და საფინანსო საბჭოს მიერ შექმნილი ორგანიზაციები და ფონდები.

სხვა მოტივები

შეიძლებოდა რელიგიური შეუწყნარებლობის მესამე მოტივად რელიგიური ნაციონალიზმის დასახელებაც, რომლის მიხედვითაც, თუ ქართველი არ არის მართლმადიდებელი, ის არც ჭეშმარიტი ქართველია. მაგრამ მთავარ ფაქტორებად მაინც ზემოთ დასახელებული ორი მოტივი მიმაჩნია. ასევე შეიძლებოდა ძალაუფლებისმოყვარების სინდრომის გაერთიანება ეკონომიკურ მოტივთან, რადგან ფინანსური სიძლიერე მნიშვნელოვნად ზრდის ძალაუფლებას და პირიქით.
მაგრამ არ მინდა ვიფიქრო, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სხვა ქრისტიანული ეკლესიების შევიწროების მთავარ მოტივს სწორედ ეკონომიკური ფაქტორი წარმოადგენს. რასაკვირველია, ეკონომიკური მხარე ეკლესიის, როგორც იმავდროულად მიწიერი ინსტიტუტის, არსებობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, ჩემი აზრით, რელიგიური შეუწყნარებლობის მთავარი საფუძველი, პირველ ყოვლისა, ამა თუ იმ ეკლესიის სოტერიოლოგიური სწავლების დამახინჯებულად გადმოცემაში მდგომარეობს.
ამ პრობლემის დასაძლევად სერიოზული მუშაობაა ჩასატარებელი. მისი დაწყება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების რელიგიურ ტრადიციაში არსებობს განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანთა მიმართ შემწყნარებლობისა და მათი პატივისცემისადმი მოწოდების საფუძველი. საბედნიეროდ, არსებობს სხვათა მიმართ პატივისცემის საკმარისი პრეცედენტები რელიგიურ ტრადიციათა უმეტესობაში, რაც განსაკუთრებულად წარმოჩენას საჭიროებს.
სამწუხაროდ, ჯერ კიდევ უიმედოდ დაბალია თეოლოგიური განათლების დონე ქართულ სინამდვილეში. დავიმოწმებ ცნობილ ინგლისელ მართლმადიდებელ თეოლოგს, იღუმენ ანდრია უეიდს: „…ხანდახან ქართველი ღვთისმეტყველები არასაკმარისად მომწიფებულნი, უკიდურესად ფანატიკურები არიან, საერთოდ, ძალიან ბევრი უკიდურესი ტენდენციები შეინიშნება. მაგალითად, სერაფიმ როუზი აქ ხშირად ისე იხსენიება, როგორც მეხუთე სახარება. ამიტომ მეტი ყურადღებაა საჭირო. ის ავტორები უნდა ვიკითხოთ, ვინც მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრში დგანან. (…) მე მოვიარე ათობით მონასტერი საქართველოში და ვნახე, რა ლიტერატურა აქვთ იქ, პირველ რიგში, ძალიან მცირე რაოდენობით და რაც არის მეორეხარისხოვანია, რომლებიც სრულიად არ პასუხობს მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების მთელ სისავსეს…“17

„განსხვავებულები“ ადრეულ ეკლესიაში

როგორი იყო ახალდაფუძნებული ქრისტიანული ეკლესიის მმართველთა (მოციქულთა) დამოკიდებულება განსხვავებულად მორწმუნეთა მიმართ? ისინი რამდენიმე მარტივ (და იმავდროულად მთავარ) კრიტერიუმზე მიუთითებდნენ, რომელთა მიხედვითაც მორწმუნეთა ნებისმიერი კრებული წარმოადგენს ეკლესიას, რომელშიც მოქმედებს სულიწმინდა. მოციქულთა სწავლების მიხედვით, აუცილებელია მხოლოდ შემდეგი პრინციპების აღიარება:
1. წმინდა სამების, როგორც ერთი ღმერთისა („მამა, სიტყვა და სულიწმინდა; ეს სამნი ერთი არიან“, 1 ინ. 5:7).
2. ქრისტეს ღვთაებრიობისა („ღვთის სულით მეტყველი ვერავინ შეაჩვენებს იესოს, და ვერც უფლად იტყვის იესოს, თუ არა სულით წმიდით“, 1 კორ. 12:3).
3. ძეღმერთის განხორციელებისა („ყოველი სული, რომელიც აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღმრთისგან არის“, 1 ინ. 4:2).
ასეთი მარტივი იყო მოციქულთა „დოგმატური ღვთისმეტყველება“. მათი აზრით, სწორედ ამ დებულებებისგან შედგება ის ძირითადი და აუცილებელი ფუნდამენტი, რომელზედაც უნდა მდგარიყო ყოველი ქრისტიანული თემი. ყველა დანარჩენი საკითხი ქრისტიანებისთვის თავისუფალი განხილვის საგანი შეიძლებოდა ყოფილიყო. ამგვარ მდგომარეობას შესანიშნავად გამოხატავს შემდეგი ფორმულა, რომელიც ხშირად ნეტარ ავგუსტინეს მიეწერება: „მთავარში ერთიანობა, საკამათოში თავისუფლება და ყოველივეში სიყვარული“.18 თუმცა მსგავსი შეხედულებების აღმოჩენა თავისუფლად შეიძლებოდა ეკლესიის ძველ მამებთანაც (მაგალითად, ირინეოს ლიონელთან, გრიგოლ დიოლოგოსთან, გიორგი მთაწმინდელთან).
შემდგომ მოციქულთა მსგავს პოზიციაზე იდგნენ ეკლესიის მამებიც. მაგალითად, წმ. ბასილი დიდი ე. წ. ერეტიკოსებთან დაკავშირებით წერდა: „…არ უნდა ვითხოვდეთ მათგან ბევრს; ჩვენთან გაერთიანების მოსურნე ძმებს მხოლოდ ნიკეის მრწამსის აღიარებას უნდა ვთავაზობდეთ და თუ ისინი ამაზე თანახმა იქნებიან, მაშინ ისიც უნდა ვთხოვოთ მათ, რომ სულიწმინდას არ უწოდებდნენ ქმნილებას. (…) მეტს არაფერს უნდა ვითხოვდეთ მათგან, რადგან დარწმუნებული ვარ, მათთან უფრო ხანგრძლივი ურთიერთობებისა და კამათის სულისკვეთებისაგან თავისუფალი ერთობლივი მსჯელობის შედეგად, თუკი საჭირო იქნება სიცხადისათვის კიდევ რაიმეს დამატება, ღმერთი ამასაც მოგვანიჭებს…“19. წმ. ბასილის ამ სიტყვების გამო არქიეპისკოპოსი ვასილი შემდეგ კომენტარს აკეთებს: „ეს ტექსტი ძალზე მნიშვნელოვანია. მტკიცედ ითხოვს რა ძირითად დოგმატურ საკითხებზე თანხმობას, ბასილი დიდი იმასაც უშვებს, რომ სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა შესაძლებელია გაერთიანების შემდგომ „კამათის სულისკვეთებისაგან თავისუფალი ერთობლივი მსჯელობის შედეგად“, ამასთანავე თავად ფაქტი გაერთიანებისა ამას ძალზე შეუწყობს ხელს“. მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, დღეს ფუნდამენტალისტი თეოლოგები აცხადებენ, რომ მხოლოდ ამ ძირითადი პუნქტების აღიარება არ არის საკმარისი, რადგან, თუ, მაგალითად, ვინმე ხატებს არ სცემს თაყვანს, მისი სულიერი ცხოვრება სერიოზული ეჭვის ქვეშ დგას, ან თუ ვინმე პირჯვარს მარჯვნიდან მარცხნივ არ იწერს სამი და არა ორი თითით,20 ღმერთს შეურაცხყოფს და თუ ვინმე ახალი კალენდარული სტილის მომხრეა, ვერც ის ჩაითვლება ქრისტეს ნამდვილ მოწაფედ (საინტერესოა, გაბედავენ თუ არა იგივე თქვან, მაგალითად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიზებულ პატრიარქზე, წმ. ამბროსი ხელაიაზე (+1927), რომელიც 1923-25 წლებში მეტეხის ციხეში პატიმრობისას სრულიად შეგნებულად მარხვებს ახალი სტილით იცავდა). თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ იმ პრეტენზიათა უმრავლესობა, რომლებიც დასავლური ქრისტიანობის მიმართ გაისმის, ხშირად სწორედ ამგვარი მესამეხარისხოვანი მნიშვნელობისაა.
აქვე უნდა ითქვას არამართლმადიდებელი ქრისტიანების მიმართ ჩვენში გაბატონებული იმ დამოკიდებულების შესახებაც, რომელიც ასევე ეწინააღმდეგება მოციქულთა საერთო სულისკვეთებას. მხედველობაში მაქვს შემდეგი: როდესაც ხალხში სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიების მსახურნი (კათოლიკური, ლუთერული, ბაპტისტური, ადვენტისტური და სხვ.) ღვთის სიტყვას ქადაგებენ, ეს მოვლენა უკიდურეს გაღიზიანებას იწვევს როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებაში, ასევე „მოშურნე“ მორწმუნეებში. ამის საპირისპიროდ შეიძლებოდა მიგვეთითებინა პავლე მოციქულზე, რომელიც ძალზე მოხარული იყო, როდესაც ხედავდა, რომ სახარება იმ ადამიანების მიერაც იქადაგებოდა, რომლებიც მასთან დაპირისპირებულ მქადაგებლებლად მოიაზრებოდნენ. როგორც პავლე ფილიპელთა ეპისტოლეში წერს, ერთნი პაექრობის სულით ქადაგებენ ქრისტეს, ფიქრობენ რა, რომ ამით დამიმძიმებენ ტვირთს, სხვები კი სიყვარულით ქადაგებენ. „მერედა რა? როგორც უნდა იქადაგებოდეს ქრისტე, პირმოთნეობით თუ ჭეშმარიტებით, მე ვხარობ და კიდეც ვიხარებ“ (ფილ. 1:18).
ამ კუთხით საინტერესოა თავად ქრისტეს შემდეგი სიტყვები: მოციქულ იოანეს შეკითხვაზე: „მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ, და ავუკრძალეთ მას, ვინაიდან ჩვენ არ მოგვდევს“ (ლ. 9:49) იესომ მიუგო: „ნუ უკრძალავთ, რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არა, ჩვენს მხარესაა“ (ლ. 9:50). სხვა სიტყვებით, შესაძლოა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობდნენ მორწმუნეთა ჯგუფები, რომელთაც რაღაც მიზეზით, ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ („ჩვენ არ მოგვდევს“), მაგრამ ამავე დროს, მაცხოვრის სიტყვით, უფლის მოწოდებას ახორციელებდნენ („…ჩვენს მხარესაა“).
როგორც სამართლიანად წერს ერთ-ერთი ავტორიტეტული მართლმადიდებელი თეოლოგი, მთავარეპისკოპოსი ანასტასიოს ალბანელი, „იესო ქრისტე სამწყსოდან არ რიყავდა სხვა რელიგიების მიმდევრებს. იგი საუბრობდა განსხვავებული რელიგიური ტრადიციის ადამიანებთან (სამარიტელი ქალი, ქანაანელი ქალი, რომაელი ასისთავი) და ეხმარებოდა მათ; იგი აღტაცებულია მათი რწმენით, რომლის მსგავსი ისრაელშიც კი არ შეხვედრია (მთ. 8:10; 15:28; ლკ. 7:9)“.21 სხვათა შორის, თუ ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებას მიუკერძოებლად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ იგი არასოდეს კიცხავდა ადამიანებს განსხვავებული რელიგიური შეხედულებებისთვის. ერთადერთი, რის გამოც მაცხოვარი დაუფარავად გამოხატავს გულისწყრომას, ეს არის ადამიანთა თვალთმაქცობა ყოველდღიურ ყოფაში. სწორედ ამის გამო კიცხავს იგი ფარისევლებს, რომელთაც მხოლოდ გარეგნული ზნეობა ახასიათებდათ (ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი იხ. ლუკას სახარებაში 11:38-42).

დასასრული

სტუდენტობისას, როცა ეკლესიის ძველი მამების ნაშრომებს ვეცნობოდი, ერთ-ერთ მათგანთან, კერძოდ, წმ. გრიგოლ ნაზიანზელთან (IV ს.), მისი მესამე სიტყვის მე-17 აბზაცში გამაოგნებელ სიტყვებს წავაწყდი; სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მოშურნეობასა და რელიგიური ექტრემიზმს საუკუნეების წინათაც თითქმის იგივე შინაარსი და მახასიათებლები ჰქონდა, როგორიც დღეს აქვს. წმ. გრიგოლ ნაზიანზელი წერს: “…მზად არიან ყველაფერზე უარი თქვან, მაგრამ არა საკუთარ შეხედულებებზე და არა იმ დოგმატებისადმი მიდრეკილებაზე, რომლებშიც განისწავლნენ. თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ ეს უფრო ზომიერი და არა სრულიად უვარგისი ადამიანების სნეულებაა, რომლებიც, მართალია, სცოდავენ ჭეშმარიტების წინააღმდეგ, მაგრამ ვინაიდან ღვთისმოსაობისათვის ზრუნვის გამო ემართებათ ეს, ახასიათებთ რა უგუნური მოშურნეობა, შესაძლოა, ისე მკაცრად არ იქნენ განკითხულნი და დასჯილნი, როგორც ის ადამიანები, რომლებიც თავისი ბოროტი ნებითა და მზაკვრობით შორდებიან მას”. თითქოს საქებარი უნდა იყოს მოშურნეთა მიერ „ღვთისმოსაობისთვის ზრუნვა“, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან არცთუ ისე მცირე მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებასაც, როგორ და რა მეთოდებით ზრუნავ ადამიანებში ღვთისმოსაობის შესანარჩუნებლად – „ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა ხშირად კეთილი სურვილებით არის მოფენილი“.

შენიშვნები:

1. არქიეპისკოპოსი იოანე სან-ფრანცისკელი. სექტანტობა მართლმადიდებლობაში და მართლმადიდებლობა სექტანტობაში // ჟურნ. „ზღვარი“ №2, 2004, გვ. 19.
2. საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია თავს რეფორმირებულ მართლმადიდებლობად განიხილავს. ინტერვიუ // ზღვარი №1 (6), 2006, გვ. 12
3. „თავისუფლებას თავდაცვით კი არა, სხვებთან შეხვედრით აღწევ“. ინტერვიუ // ზღვარი №2 (7), 2006 გვ. 12. ამ საკითხთან დაკავშირებით არ შემიძლია არ დავიმოწმო მღვდელ გაბრიელე ბრაგანტინის ძალზე სამართლიანი და ტკივილნარევი სიტყვები: „წარმოდგენა, რომ კათოლიკობა სახიფათოდ ვრცელდება, უსაფუძვლო და ცრუ შეხედულებაა. ჩვენი, საქართველოში მოღვაწე კათოლიკე მღვდლების მოვალეობაა მოვემსახუროთ იმ სამრევლოებს, რომლებიც ამ ქვეყანაში კომუნისტების დროსაც კი არსებობდნენ ამა თუ იმ ფორმით. ბევრ სამრევლოში, მაგალითად, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში, უდეში, გორში და სხვაგანაც კათოლიკე მორწმუნეებს ეკლესიები წაართვეს. ისინი ისტორიული თვალსაზრისით და სამართლებრივად კათოლიკეთა საკუთრებაა, მაგრამ მართლმადიდებლებმა დაიკავეს (…). განა ცოტა ნაბიჯი გადადგა კათოლიკურმა ეკლესიამ იმის დასამტკიცებლად, რომ მას არ სურს კონფლიქტი მართლმადიდებელ ეკლესიასთან? მაგალითისთვის ბათუმიც კმარა. მთელს კავკასიაში გამორჩეულ, ულამაზეს კათოლიკურ ეკლესიაში, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, მართლმადიდებლები შეიჭრნენ, ჩვენ კი, სიტუაცია რომ არ გაგვემწვავებინა, ქალაქის განაპირას ავაშენეთ ახალი, პატარა ეკლესია. მაგრამ რა? მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერებმა არც ბოდიში მოგვიხადეს და არც მადლობა გვითხრეს. აღარაფერს ვამბობ ქუთაისის კათოლიკურ ეკლესიაზე. მოიწონებდნენ ამ საქციელს დიდი დავით აღმაშენებელი, მეფე თამარი, დიდი ილია, ვაჟა და აკაკი, დიდი ივანე ჯავახიშვილი, ანდა ექვთიმე თაყაიშვილი?“ (გ. ბრაგანტინი, ნ. პაპუაშვილი. სიმართლისა და სიმართლისათვის ივლიტის ეკლესიაზე. თბ., 2006, გვ. 19-20).
4. იხ. ჩვენი სტატია „ევანგელურ-ორმოცდაათიანელთა ეკლესია“ // ჟურნ. „სოლიდარობა“ №5, 2006.
5. არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი. გამოწვევა მოდერნიზმს. თბ., 2000, გვ. 39.
6. გამოუცხადებელი დემოგრაფიული ომი საქართველოს წინააღმდეგ. თბ., მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, 2007, გვ. 3.
7. საქართველოში არსებულ აღმსარებლობათა პროცენტული რაოდენობის ცხრილი იხ. წიგნში: ნ. პაპუაშვილი. მსოფლიო რელიგიები საქართველოში. თბ., თავისუფლების ინსტიტუტი, 2002, გვ. 220.
8. იხ. ბროშურა „რელიგიურ ურთიერთობათა რეგულირების ზოგიერთი ასპექტი (სექტა)“. თბ., 2002, გვ. 48.
9. იქვე, გვ. 54.
10. იქვე, გვ. 45
11. სწორედ იმის გამო, რომ, მაგალითად, კათოლიკური ეკლესია (და არა მხოლოდ იგი) აღიარებს არაკათოლიკური ეკლესიების წევრთა გადარჩენის შესაძლებლობას, ამ ე. წ. „სატაძრო პოლიტიკისადმიც“ განსხვავებული მიდგომა აქვს: მისთვის მიუღებელია არა მხოლოდ ტაძრების არდაბრუნება კანონიერი მფლობელისთვის, არამედ იგი ზოგჯერ თავად უშენებს ან სთავაზობს უკვე აგებულ ტაძარს არაკათოლიკურ ეკლესიებს. მაგალითად, რომის პაპმა იოანე-პავლე I I -მ საქართველოში მოქმედი კათოლიკური საქველმოქმედო ფონდის „საქართველოს კარიტასის“ თბილისის საბავშვო კომპლექსს „თანხა შემოსწირა მართლმადიდებელი ეკლესიის ასაგებად, რათა მოზარდები საკუთარ რელიგიურ ტრადიციაზე აღიზარდონ“ (საბა. საქართველოს კათოლიკეთა ყოველთვიური მაცნე, ¹8, 2006, გვ. 5). ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2003 წელს ვატიკანი მზად იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიისთვის გადაეცა ტაძარი ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში, რაზედაც (ეპისკოპოს აბრაამ გარმელიას თქმით) ძალზე უარყოფითი გავლენა მოახდინა ამავე წლის სექტემბერში წმ. საყდარსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის მომზადებული ხელშეკრულების წინააღმდეგ თბილისის ქუჩებში მოწყობილმა „ისტერიულმა“ გამოსვლებმა.
12. И. Мейендорф. Рим. Константинополь. Москва. М., 2005, გვ. 8.
13. იხ. საკონსტიტუციო შეთანხმების 6.5 მუხლი.
14. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის 18.09.1994 №03-1-7 ბრძანებულების შესახებ იხ. ნინო ცინცაძის სტატიაში „შეეწიეთ და ღმერთი შეგეწევათ“ // ჟურნ. „არჩევანი“ №2, 2006.
15. საქართველოს სახალხო დამცველის 2004 წლის ანგარიში. თბ., 2005, გვ. 45.
16. იხ. საკონსტიტუციო შეთანხმებაის 6.3 მუხლი.
17. ძველი ქართული ლიტურგიკული ტექსტების კვლევა მსოფლიო მნიშვნელობისაა. ინტერვიუ იღუმენ ანდრია უეიდთან // გაზ. „საპატრიარქოს უწყებანი“, №29, 2006, გვ. 14. ამ თვალსაზრისით, საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო 2001 წელს, მაგალითად, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდმა, რომლის მიხედვითაც „საკმარისი აღარ არის მხოლოდ სასულიერო სემინარიის დონეზე განათლება, აუცილებელია პიროვნებას დამთავრებული ჰქონდეს უმაღლესი სასწავლებელი, უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი“ (ინტერვიუ ბუქარესტის წმ. ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტრის მორჩილთან, ალექსი ქშუტაშვილთან // საპატრიარქოს უწყებანი, №12, 2006, გვ. 14).
18. ეს სიტყვები სინამდვილეში ლუთერან თეოლოგს, პეტრე მაიდერლინს (1582-1651) ეკუთვნის (Эрнест Суттнер. Христианство Востока и Запада. М., ББИ, 2004, გვ. 286).
19. Св. Василий великий. Ер. 113, 1.32-41 (PG 32, 528A) // Василий Кривошеин. Экклезиология св. Василия великого // страницы №3:3, 1998 გვ. 348
20. სხვათა შორის, ორი თითით პირჯვრის წერა მიღებული იყო ძველ ქრისტიანებში, მათ შორის საკმაო ხანი ბიზანტიაშიც (იხ. И. Майендорф. „Существовал ли когда-либо ‘Третий Рим’?,“ მისივე წიგნში: Рим. Константинополь. Москва. М., 2005, გვ. 200).
21. ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი. მართლმადიდებლობის დამოკიდებულება სხვა რელიგიებთან // ჟურნ. „სოლიდარობა“. საქართველოს სახალხო დამცველის პერიოდული გამოცემა, №7, 2006 გვ. 40.

გამოქვეყნდა ჟურნალში “სოლიდარობა: საქართველოს სახალხო დამცველის პერიოდული გამოცემა” #2 (35), 2010, გვ. 90-98.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s