დავით თინიკაშვილი “აქვთ თუ არა წარმართებს გადარჩენის შანსი?”

„მოციქულ პავლეს მსგავსი ფართო თვალსაწიერის მქონე წინამძღოლები რომც გამოჩნდნენ, მილიონობით შეზღუდული კონსერვატორი რაღას იზამს?“
ანტონ კარტაშევი [1]
როგორი იქნება იმ ადამიანთა საუკუნო ხვედრი, რომლებიც ისტორიულად არ იცნობდნენ ქრისტეს, არაფერი გაეგოთ მის შესახებ, მაგრამ რომლებიც ზნეობრივად და უზენაესი ღვთაებრივი ძალის მიმართ მოწიწების გრძნობით ცხოვრობდნენ? რას გვაუწყებენ ამის შესახებ ეკლესიის წმ. მამები?
ზოგიერთის აზრით, წარმართებს, როგორც ეკლესიის გარეთ მყოფ ადამიანებს, არ გააჩნიათ ცხონების არავითარი შანსი, რადგან ისინი არ იცნობენ ლოგოსს, განხორციელებულ ღვთის სიტყვას ანუ მაცხოვარ იესო ქრისტეს. მაგრამ დავიწყოთ იქიდან, რომ წარმართები ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ისინი, ვინც ეკლესიის საზღვრებში მყოფებად ითვლებიან და როგორც წმ. წერილი გვაუწყებს, ღმერთი სიყვარულია – სიყვარული, რომელსაც არ შეუძლია არ სურდეს ყველა ადამიანის გადარჩენა. ადამიანს, რომელსაც ტრანსცენდენტური ღვთაებრივი არსების რწმენა აქვს, სწორედ ამ რწმენის მიხედვით აცნობიერებს და წარმართავს თავის შინაგან ცხოვრებას. რწმენის ქონა ნიშნავს აღიარებდე შემოქმედის არსებობას და ცხოვრობდე მისი კანონების თანახმად. რწმენა, რომელიც არ აღიარებს ღვთაებრივ საწყისს, არ წარმოადგენს რწმენას. რამდენადაც ცდილობენ ადამიანები მათში ბუნებრივად ჩადებული ღვთაებრივი მცნებების დაცვას, იმდენად არიან ისინი ახლოს შემოქმედთან და იმდენად წარმართავს მათ უფალი. შესაძლოა ზოგიერთი წარმართი ისევე ზნეობრივად ცხოვრობდა, როგორც, მაგალითად, ქრისტიანები, ან გაცილებით უკეთესადაც [2]. ადამიანები კი ზნეობრივ ცხოვრებას ეწევიან ან უფლის წინაშე, ან მხოლოდ ადამიანთა დასანახად. გარეგნულად პირველი მეორის მსგავსია, მაგრამ შინაგანად ისინი მკვეთრად განსხვავდებიან: პირველი მოსაწონია ღვთისათვის, მეორე – არა. თუკი ადამიანი იმიტომ არ მტრობს სხვა ადამიანს, რომ ეს ეწინააღმდეგება ღვთის მცნებას, იგი ბოროტებისაგან თავს იკავებს სულიერი მოტივებით, მაგრამ ვინც უსამართლო ქცევაზე უარს ამბობს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვების თვალში კეთილი ადამიანის სახელი მოიპოვოს ან რაიმე პირადი სარგებელი მიიღოს, იგი მოქმედებს მიწიერი ინტერესებით. ეს ადამიანი, ეკლესიის მამათა სწავლებით, ვერ ჩაითვლება უფლის მცნების აღმსრულებლად.
მართალია, წარმართებისთვის ჭეშმარიტი ღვთის რწმენა (ღვთივგამოცხადებული რელიგია) პირდაპირი გზით არ ყოფილა გამჟღავნებული, როგორც ეს ებრაელებთან მიმართებაში მოხდა, მაგრამ წარმართები შინაგანად, ინტუიციით ხვდებოდნენ ამგვარი ღმერთის არსებობას (ამის დამადასტურებლად შეიძლება ასევე ჩაითვალოს მათ მიერ აგებული, პავლეს სიტყვით, „უცნობი ღმერთის“ სამსხვერპლო). ამგვარ უხილავ ღმერთთან ისინი თავისებური ურთიერთობის დამყარებას ცდილობდნენ. ამ ურთიერთობას ძალზედ საინტერესო ანალოგიით გადმოსცემს, მაგალითად, ცნობილი რუსი თეოლოგი, ალექსი ოსიპოვი: „თოჯინასთან მოთამაშე გოგონამ არ იცის როგორ იბადება ბავშვი, მაგრამ თქვენ მას ვერაფრით წაართმევთ ამ თოჯინას. ეს იმიტომ, რომ მასში ინტუიციის დონეზეა ჩადებული დედობის იდეა. ასევე არსებობს ყველა ჩვენთაგანში ღმერთთან შეხვედრის ინტუიცია, უნარი იმისა, რომ შეგვიძლია მასთან ურთიერთობა და ეს ინტუიცია ადამიანების მიერ ვლინდება სხვადასხვა წარმოდგენების, ფორმებისა თუ სურათების საშუალებით. წარმართობა – ეს არის თოჯინასთან მოთამაშე გოგონა” [3]. ასევე საინტერესოდ მსჯელობს ამ მხრივ მიტროპოლიტი ანტონი ბლუმიც: „ღმერთის გამოგონება არავის შეუძლია და ამიტომაც ყველა რელიგია, რომელიც ღმერთზე საუბრობს, საუბრობს ღმერთის უშუალო განცდიდან გამომდინარე. ეს გამოცდილება შეიძლება ძალიან არასრული იყოს, მაგრამ ის რეალურია… ვფიქრობ, დედამიწაზე არ არსებობს ერთი ადამიანიც კი, რომელიც არ დაცემულა მუხლებზე ცოცხალი ღმერთის წინაშე, რომლის სიახლოვეც მან იგრძნო. თუმცა შემდგომ, თავის ამ გამოცდილებას როგორ გამოხატავს იგი გონების საშუალებით, როგორ ფორმებს მისცემს მას, როგორ განმარტავს მას, აი, აქ შეიძლება დაიწყოს გადახრები, შეცდომები… მაგრამ საწყისი გამოცდილება ყოველთვის რეალურია“ [4].
მართლაც მრავალფეროვანია რელიგიური ქცევების ის ფორმები, რომლებსაც წარმართები ავლენდნენ თავისი შინაგანი რწმენის გამოსახატავად. ერთ-ერთ ასეთ საინტერესო ფორმაზე მიუთითა, მაგალითად, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ერთ-ერთ თავის ქადაგებაში: „წარმართებს, რამდენადაც მათთვის აღსარება უცნობი იყო, ასეთი წესი ჰქონდათ: გადიოდნენ ზღვის სანაპიროზე, თავიანთ ცოდვებს ზღვის ტალღებს უყვებოდნენ და სწამდათ, რომ ტალღები მათ ცოდვებს წაიღებდა“ [5].
საინტერესოა, არსებობდნენ თუ არა რჩეული ერის გარეთ ღვთისთვის სათნო წარმართები? მათ შესახებ თავად წმ. წერილი საუბრობს. ასეთები იყვნენ, მაგალითად:
1) იობი, რომელსაც წმ. წერილი ახასიათებს, როგორც „უბიწოს, სამართლიანსა და ღვთისმოშიშს“ (იობი 1,1). ამიტომ ეკლესია სამართლიანად განუკუთვნებს იობს ძველი აღთქმის მართალთა რიცხვს.
2) მელქისედეკი, რომელიც იყო სალიმის მეფე და ამავე დროს „უზენაესი ღმერთის მღვდელი“ (შეს. 14,18). მოციქული პავლე მელქისედეკს უწოდებს ღვთის ძის მსგავსს და მღვდლად შთენილს სამარადისოდ (ებრ. 7,3). ასევე საყურადღებოა პავლე მოციქულის სიტყვები, რომლის მიხედვითაც ადამიანი შეიძლება საერთოდ არ იყოს ფორმალურად, მემკვიდრეობითი ხელდასხმით დადგენილი მღვდელი და ამ „ჯაჭვისაგან“ სრულიად დამოუკიდებლად იყოს ღვთისაგან მღვდლად კურთხეული: „სრულყოფა რომ ლევიტელთა მღვდლების მეშვეობით მიიღწეოდეს, რაღა საჭირო იქნებოდა მელქისედეკის წესისამებრ აღმდგარიყო სხვა მღვდელი და არა აარონის წესისამებრ წოდებულიყო?“ (ებრ. 7,11).
3) იათორი, მიდიამელი (ანუ არაიუდეველი) მღვდელი, მოსეს სიმამრი (გამოს. 2,16).
4) საბას დედოფალი (3 მეფ. 10,1; 2 ნეშტ. 9,1), რომელიც ცხოვრობდა და მეფობდა ეთიოპიაში. ნეტარი თეოდორიტეს აზრით, იგი ყველა იმ წარმართის განსახიერებას წარმოადგენდა, რომლებიც, იმყოფებოდნენ რა რჯულის გარეთ, ქრისტესკენ მოისწრაფვოდნენ [6].
5) რაქაბ მეძავი (ისუ ნავე 2,1; 6,25), რომელზეც იაკობ მოციქული შემდეგს ამბობს: „განა რწმენით არ გამართლდა მეძავი რაქაბიც…?“ (იაკ. 2,25); მოციქული პავლეც იგივეს მოწმობს: „რწმენით მეძავი რაქაბი არ დაღუპულა…“(ებრ. 11,31).
6) სოლომონის მიერ ტაძრის კურთხევისას წარმოთქმულ ლოცვაში (3 მეფ. 8, 41-42) მოიპოვება ნათელი სიტყვები, საიდანაც ჩანს, რომ ისრაელის გარეთაც არსებობდნენ ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელნი.
7) ნეემანი, ასურელი მხედართმთავარი, რომელიც მოწიწებით თხოვდა შემწეობას უფლის წინასწარმეტყველს (4 მეფ. 5,1 და შემდ.).
8) წარმართული ქალაქის, ნინევიის მოსახლეობა, რომლებიც დაემორჩილნენ რა იონა წინასწარმეტყველს, ღრმა სინანული გამოხატეს, რითაც ღვთისაგან წყალობა მიიღეს (იხ. იონა III თავი).
9) კორნელიოს ასისთავი, რომელიც იყო წარმართი, მაგრამ რომლის ლოცვებიც შესმენილ იქნა უფლისაგან (საქმ. 10,31).
გარდა ამისა, „მაცხოვარი თავისი ამქვეყნიური მოღვაწეობის დროს წარმართებში ზოგჯერ ისეთ რწმენას ხედავდა, რომელსაც თვით ებრაელებშიც ვერ პოულობდა (მათ. 8,10), და რომ მოციქულთა ქადაგებით ქრისტეს ეკლესია სწრაფად იქნა დაფუძნებული წარმართული სამყაროს თითქმის ყველა მხარეში“ [7].
სამწუხაროდ, სათანადო ყურადღება არ ექცევა ხოლმე იმ ფაქტსაც, რომ წარმართებისთვის ასევე ხელმისაწვდომი იყო წმინდა წერილიც: ქრისტეს მოსვლამდე ორი საუკუნით ადრე ებრაულიდან ბერძნულად განხორციელდა წმ. წერილის თარგმანი (ე.წ. „სეპტუაგინტა“). ასე რომ, ამ დროიდან წარმართებისთვის უკვე ცნობილი ხდება ის ღვთაებრივი სიბრძნე, რომელსაც ღმერთი წმ. წერილით გადმოსცემს. ამას ძველი ეკლესიის მამებიც ადასტურებდნენ, თვით წარმართთა მოწმობების თანახმად, რომ ბევრი წარმართი სწავლული „იყენებდა და საზრდოობდა მოსესა და წინასწარმეტყველთა წიგნებით“ [8].
ამრიგად, ღვთის რჩეული ერის გარეთ სრულიად საკმარისი საშუალებები (შინაგანი რჯული და წმ. წერილი) არსებობდა იმისათვის, რომ ღვთის ნება აღესრულებინა და, ალბათ, სწორედ ამის საფუძველზეა მითითებული მოციქულთა საქმეებში, რომ „ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქმ. 10,35).
განსახილველ თემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღების ღირსია პავლე მოციქულის შემდეგი სიტყვები წარმართთა სინდისით გამართლების შესახებ:
„დიდებაი და პატივი და მშვიდობაი ყოველსა მოქმედსა კეთილისასა: ჰურიასა პირველად და მერმე წარმართსა, რამეთუ არა არს თუალთ-ღებაი ღმრთისა თანა. რამეთუ რომელთა იგი უსჯულოდ შესცოდეს, უსჯულოდცა წარწყმდენ, და რომელთა სჯულსა შინა შესცოდეს, სჯულითაცა ისაჯნეს. რამეთუ არა მსმენელნი სჯულისანი განმართლდენ წინაშე ღმრთისა, არამედ მყოფელნი სჯულისანი განმართლდენ. რამეთუ წარმართთა, რომელთა სჯული არა აქუნდა, ბუნებითსა მას სჯულსა ჰყოფდეს. ამათ, რამეთუ სჯული არა აქუს, თავისა თვისისა თვითსჯულ არიან: რომელნი გამოაჩინებენ საქმესა სჯულისასა დაწერილსა გულთა შინა მათთა თანამოწამებითა მათდა გონებისა მათისაითა, და შორის ურთიერთას გულისსიტყუანი შეასმენდნენ ანუ სიტყუას-უგებდენ დღესა მას, რომელსა სჯიდეს ღმერთი დაფარულსა მას კაცთასა მსგავსად სახარებისა…“ (რომ. 2, 10-16). (მოციქულის ამ ციტატას შეგნებულად ვიმოწმებ ძველქართულად, ვინაიდან, როგორც ცნობილია, წმ. წერილის თანამედროვე თარგმანი ჩვენი ფუნდამენტალისტებისთვის არ წარმოადგენს, მათივე განსაზღვრებით, „მადლმოსილ“ ტექსტს. ამრიგად, მოციქულის სიტყვების არაადეკვატურად გადმოცემასთან დაკავშირებული პრეტენზიები იმთავითვე იქნება აცილებული).
მიუხედავად მოციქულის ზემოთმოყვანილი მსჯელობის სრული სიცხადისა წარმართების ბუნებითი რჯულით (ანუ სინდისით) გამართლების შესაძლებლობის შესახებ, ის საკმაოდ უცნაური და აშკარად ტენდენციური ინტერპრეტაციების საგანი ხდება ზოგიერთი თანამედროვე ავტორის მხრიდან. მაგალითად, არქიმანდრიტი რაფაელი კარელინი წერს: „…პავლე მოციქული ამბობს, რომ წარმართები, რომლებმაც ვერ იცნეს ქრისტე, თავიანთი სინდისის კანონებით განისჯებიანო. მას არ უთქვამს ისინი ცხონდებიანო, სხვა შემთხვევაში რატომ მოვიდოდა ღმერთი ამქვეყნად? სინდისის მიხედვით განსჯა გარკვეულ მისაგებელსაც გულისხმობს“ [9].
შევეცადოთ გავარკვიოთ რამდენად მოეპოვება ამგვარ ახსნას საფუძველი ეკლესიის მამათა ტრადიციაში. მაგრამ სანამ მათ მემკვიდრეობას მივმართავდეთ, ყურადღებით დავუკვირდეთ თავად პავლე მოციქულისა და არქიმანდრიტ რაფაელის ძირითად გამოთქმებს. ეს უკანასკნელი წერს: „მას არ უთქვამს ისინი ცხონდებიანო“. პავლე მოციქული კი ცხადად წერს: „მყოფელნი სჯულისანი განმართლდენ. რამეთუ წარმართთა, რომელთა სჯული არა აქუნდა, ბუნებითსა მას სჯულსა ჰყოფდეს“ (რომ. 2, 13-14). ე.ი. წარმართები, რომლებიც ბუნებით რჯულს აღასრულებენ ღვთის წინაშე – „განმართლდებიან“! მოვუსმინოთ წმ. მამებსაც. პირველ რიგში, მივმართოთ წმ. წერილის უშუალოდ ამ ადგილის მათეულ ეგზეგეზას.
წმ. იოანე ოქროპირი: „მოციქულის მიერ უარიყოფება სხეულის წინადაცვეთა და აშკარად მიუთითებს თვით ცხოვრების აუცილებლობაზე. როდესაც ელინი ამის (წინადაცვეთის წესის, დ.თ.) გარეშე ცხონდება, ხოლო იუდეველი კი ამ წესთან ერთად ისჯება, მაშინ იუდეველობა უსარგებლო ხდება. ელინებში მოციქული გულისხმობს არა კერპთაყვანისმცემლებს, არამედ სათნოებებით მცხოვრებ წარმართებს (იგულისხმება ერთი ღმერთის თაყვანისმცემელი წარმართები, დ.თ.), რომლებიც თავისუფალნი არიან რჯულის წესებისაგან“ [10].
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელიც იმეორებს ოქროპირის ამ მოსაზრებას: „აღიარებს რა (მოციქული, დ.თ.) იმ ფაქტს, რომ წარმართი დასჯილი იქნება ბოროტებისათვის, ამ აზრიდან ასევე გამოჰყავს ის დასკვნაც, რომ წარმართი დაჯილდოვებულიც იქნება სიკეთისათვის. (…) ელინებში გულისხმობს არა კერპთაყვანისმცემლებს, არამედ ღვთისთვის სათნოდ მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც არ გააჩნდათ (მოსეს, დ.თ.) რჯული. ასეთები იყვნენ: მელქისედეკი, იობი, ნინეველები, კორნელიოს ასისთავი და სხვა. (…) თუ საქმეების მიხედვით იუდეველსა და წარმართს შორის არ არის არავითარი განსხვავება, მაშინ არ არსებობს არავითარი დაბრკოლება, რომ ამ უკანასკნელს იგივე ხვედრი ერგოს, რაც პირველს“ [11].
ნეტარი თეოდორიტე კვირელი: „რჯული ითხოვს საქმეებს. ამიტომ თუ წინადაცვეთილს საქმეები არა აქვს, ხოლო წინადაუცვეთელს გააჩნია ისინი, მაშინ განა სამართლიანი არ იქნება, რომ შენ გეწოდოს ურჯულო, ხოლო მან კი მიიღოს შენი საპატიო სახელი და მას ეწოდოს არა წინადაუცვეთელი, როგორც შენ მიმართავ მას გასაკიცხად, არამედ წინადაცვეთილი, რომელმაც წინადაიცვითა სულის მანკიერება?“ [12].
სხვა ადგილას, კერძოდ, რომ. 3,1-ის განმარტებაში ნეტარი თეოდორიტე წერს: „…ზოგიერთი უცხოტომელ ხალხთაგან, შემკობილია რა ღვთისმოშიშებითა და სათნოებებით, ქებას იმსახურებენ ღვთისაგან…” [13].
წმ. თეოფანე დაყუდებული: „დავუშვათ წინადაუცვეთელმა აღასრულა რჯულის ყველა მოთხოვნა, ნუთუ იგი არ მიიღებს გამართლებას, როგორც წინადაცვეთილი? არა მხოლოდ გამართლდება, უფრო მეტიც, იგი განსჯის კიდეც წინადაცვეთილ ცოდვილს“ [14].
ასევე სხვა ადგილას წმ. თეოფანე წერს: „წარმართი განისჯება, და შემდეგ დაჯილდოვდება, ან დაისჯება. როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში მათი ხვედრი გადაწყდება იმ კანონის შესრულების, ან არშესრულების მიხედვით, რომელსაც თითოეული მათგანი აუცილებლად მიიჩნევდა საკუთარი თავისთვის. მოციქული შეუმჩნევლად მიდის თავის მთავარ აზრამდე – სულიწმინდის მადლის წინაშე იუდეველისა და წარმართის თანასწორობამდე“ [15].
ეპისკოპოსი ნიკანორი: „…როგორც იუდეველი შეიძლება წარმართზე უარესი იყოს თავისი ცხოვრებით, ასევე შეიძლება წინადაუცვეთელი წარმართი სჯობდეს იუდეველს თავისი ცხოვრებით და შესაბამისად შესაძლოა მან ღვთისაგან წყალობა მიიღოს, როგორც კარგმა იუდეველმა, რომელიც ამართლებს თავის მოწოდებას. ასეთი წარმართები თავისი ცხოვრებითა და რწმენით წარმოადგენენ ჭეშმარიტ ისრაელიანებს“ [16].
არქიმანდრიტი ირინეოსი: „მოციქული ამბობს, რომ თუმცა წარმართებს არ ჰქონიათ დაწერილი რჯული, მაგრამ არც ყოველგვარი რჯულის გარეშე ყოფილან დატოვებულნი. მათ გააჩნდათ ბუნებრივი რჯული, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობდნენ და აღასრულებდნენ ყველაფერს, რისი გაკეთებაც საჭირო იყო დაწერილი რჯულის მიხედვით, რადგან დაწერილი რჯული არაფრით არ განსხვავდება შინაგანი (ბუნებრივი) რჯულისაგან, სხვაგვარად როგორ შეძლებდნენ ისინი იმგვარი სათნოებების აღსრულებას, რომლებიც სრულიად ეთანხმება რჯულის მოთხოვნებს? ვინაიდან ბევრი მათგანი იყო ღვთისმოშიში, სამართლიანი, მოწყალე და ა.შ.” [17].
თანამედროვე ბიბლეისტთა კოლექტივის მიერ გამოცემული ნაშრომიდან რომაელთა მეორე თავის შესაბამისი ადგილის კომენტირებისას ვკითხულობთ: „წარმართებსაც გააჩნიათ რჯული, ამიტომ იუდეველებსა და წარმართებს შორის არ არის ისეთი დიდი სხვაობა, როგორც ეს იუდეველებს ეჩვენებოდათ. წარმართებს არ გააჩნდათ მოსეს რჯული, მაგრამ როდესაც ისინი თავისი ბუნებით რჯულისმიერს აღასრულებდნენ, ანუ უფლის რჯულისაგან იცავდნენ გარკვეულ ნორმებს (თავს იკავებდნენ მკვლელობისაგან, ქურდობისაგან, მრუშობისაგან, პატივს მიაგებდნენ მშობლებს და ა. შ.), ამით ამჟღავნებენ, რომ თავად წარმოადგენენ საკუთარი თავისთვის რჯულს. (…) პავლე მოციქული აქ გამოთქვამს თავის სწავლებას „ბუნებრივი გამოცხადების შესახებ“ (თავი 1) და შეგვახსენებს, რომ თითოეულმა ადამიანმა რაღაც იცის ღვთის ნების შესახებ“ [18]. ასევე ცოტა ქვემოთ აღნიშნული მკვლევარები წერენ: „…მოციქული პავლე იმის წარმოჩენას ცდილობდა, რომ იუდეველებს წარმართებთან შედარებით არავითარი უპირატესობა არ გააჩნიათ ღვთის სამსჯავროზე“ [19].
ანალოგიური აზრები შეგვიძლია ვიპოვოთ ეკლესიის მამათა არაეგზეგეტიკურ შრომებშიც. ქვემოთ ნაწილობრივ ვეყრდნობი ა. ოსიპოვის დასახელებულ ნაშრომს, რომელშიც კარგად არის თავმოყრილი ეკლესიის ზოგიერთი მამის შეხედულება ამ საკითხზე.
წმ. იუსტინე მარტვილი: „ისინი, რომლებიც ლოგოსის თანახმად ცხოვრობდნენ ქრისტიანები არიან, თუმცა ისინი უღმერთოებად მიაჩნდათ. ელინებს შორის ასეთები იყვნენ: სოკრატე, ჰერაკლიტე და მათი მსგავსნი, ხოლო ბარბაროსთა შორის: აბრაამი, ანანია, აზარია, მისაელი, ილია და ბევრი სხვა“ [20]. პროფესორი ოსიპოვი იქვე უთითებს, რომ „არცერთ წმ. მამას არ დაუყენებია ეჭვის ქვეშ წმ. იუსტინეს ეს აზრი“ [21].
წმ. იუსტინესთან სხვა მსგავსი გამონათქვამიც გვხვდება: „ყველაფერი, რაც კი ოდესმე კარგი უთქვამთ ფილოსოფოსებსა და კანონმდებლებს, ყოველივე ეს მათ მიერ გამოთქმულია ლოგოსის ჭვრეტის შედეგად, რომელიც არის ქრისტე“ [22].
კლიმენტი ალექსანდრიელი: „ელინებისათვის ფილოსოფია ქრისტესთან ისეთივე მიმყვანებელი იყო, როგორც რჯული იუდეველთათვის“ [23].
წმ. ირინეოს ლიონელი: „ქრისტე მოვიდა არა მხოლოდ მათთვის, რომლებმაც მისი ირწმუნეს, არამედ ყველა ადამიანისათვის, რომელთაც ქრისტეს ხილვა და მისი ხმის მოსმენა სურდათ” [24].
წმ. მაქსიმე აღმსარებლის აზრით, ხშირად წარმართებსა და ბარბაროსებს კეთილი არჩევანის გაკეთებაში სულიწმინდა ეხმარება, რომელიც მათში სინდისის სახით არის წარმოდგენილი. „მრავალს აღმოვაჩენთ უკიდურესად ბარბაროსულ და მომთაბარე ადამიანთა შორის, რომლებიც კეთილმშვენიერებას განიკუთვნებენ და ძველთაგანვე მათ შორის გაბატონებულ მხეცურ კანონებს უკუაგდებენ. აი, ამგვარად არის ყველაში სულიწმინდა“ [25]. შესაძლოა წმ. მაქსიმე ეყრდნობა სახარების სიტყვებს, რომელთა მიხედვითაც ქრისტეს ეწოდება „ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც განანათლებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად“ (ინ. 1,9).
არც წმ. კლიმენტი რომაელისთვის იყო, მაგალითად, სადავო წარმართებში სულიწმინდის მოქმედება, რომლის შემწეობითაც, მისი აზრით, წარმართები ქველ და საგმირო საქმეებსაც კი აღასრულებდნენ. თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში წმ. მამა მათ ამგვარ საქმეებზე საუბრობს: „…წარმართებისგანაც მოვიტანოთ მაგალითები: მრავალმა მეფემ და წინამძღოლმა, მინდობილმა მისნის ნათქვამს, უბედურების ჟამს სიკვდილს მისცა თავი, რომ საკუთარი სისხლით გადაერჩინათ სხვები. მრავალი გაშორდა თავის ქალაქს, რათა მეტად აღარ ყოფილიყო იქ მშფოთვარება…“ [26].
წმ. ბასილი დიდმა, როგორც ცნობილია, წარმართთა ქველი საქმეების აღწერას მთელი ტრაქტატიც კი მიუძღვნა ამგვარი სათაურით „ახალგაზრდებს იმის შესახებ, თუ როგორ მივიღოთ სარგებლობა წარმართული თხზულებებისგან“.
წმ. იოანე დამასკელის თქმით კი „გარეშე“ (ანუ არაქრისტიანულ) სიბრძნეში მართალია არის რაღაც მიუღებელი, მაგრამ მათგან შესაძლებელია „წმინდა ოქროს“ გამორჩევაც, რომლისგანაც „უდიდესი ძლიერების შეძენას შევძლებთ“[27].
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველიც, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ წარმართ ფილოსოფოსთა ცდომილებების შესახებ საუბრობდა, საქებარ სიტყვებს არ იშურებს მათ მიმართ. იგი ერთ-ერთი თავისი მოწაფისათვის დაწერილ პოემაში „სათნოების შესახებ“ (რუსულ თარგმანში მას ეწოდება „თავმდაბლობის, უმანკოებისა და თავშეკავების შესახებ“) იმის შესახებ საუბრობს, თუ როგორ შეუძლია ქრისტიანს საკუთარი თავის აღზრდა წარმართ ფილოსოფოსთა ცხოვრებასა და ქცევებში არსებული მაგალითებით [28]. აქვე საინტერესო უნდა იყოს ასევე წმ. იოანე ოქროპირის (რომელსაც ყველაზე ხშირად იმოწმებენ და არც თუ ისე უსამართლოდ, როგორც წარმართთა მძაფრ კრიტიკოსს) შემდეგი სიტყვები: „…თუ წმ. წერილიდან ვერ სწავლობთ, მაშინ იძულებული ვარ წარმართებისგან მოგიყვანოთ მაგალითები…“ [29].
ობიექტურობისათვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიის ზოგიერთი ძველი მამა წარმართული სიბრძნეს გმობდა, როგორც ყოვლად უსარგებლოსა და გამოუსადეგარს მორწმუნე ადამიანისთვის. მაგალითად, როგორც უკვე ავღნიშნეთ, იოანე ოქროპირთან (იხ. მისი საუბარი მათეს სახარებაზე 1,4), მაკარი დიდთან (იხ. მისი 42 საუბარი) და სხვა. მაგრამ ამ გარემოების შესახებ შესანიშნავად მსჯელობდა არქიმ. პორფირის შემდეგ სიტყვებს: „…არც იმას ვმალავთ, რომ ზოგიერთი წმ. მამა ძველი ფილოსოფოსების მიმართ საკმაოდ შეურაცხმყოფელ გამოთქმებსაც არ ერიდებოდა. მაგალითად, იოანე ოქროპირი პლატონსა და სოკრატეს ზოგიერთი მცდარი აზრისთვის თითქმის შეშლილებს უწოდებს და ამბობს, რომ ისინი მხოლოდ ამაო დიდებას ეძიებდნენ და სხვა არაფერი აინტერესებდათ. ცხადია, ეს გადაჭარბებაა. წმინდა მამების უმეტესობა ქება-დიდებას ასხამს ძველ ფილოსოფოსებს ქრისტიანულ სწავლებასთან მიახლოებული სწავლებისთვის“ [30].
იგივე მოვლენაზე გასათვალისწინებელ შეფასებას გამოთქვამს პატროლოგი ედიშერ ჭელიძეც: „საზოგადოდ უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიის მამათა დამოკიდებულება ანტიკური აზროვნებისადმი ხშირად მცდარად არის გაგებული. როდესაც ესა თუ ის საეკლესიო პირი უარყოფს, მაგალითად, გარეშე სიბრძნეს, უარყოფს, ჩვეულებრივ, იმ პირთა წინაშე, რომლებიც ხსენებულ სიბრძნეს საბოლოო ჭეშმარიტებად სახავენ“ [31]. სხვა ცნობილი პატროლოგისა და საეკლესიო მოღვაწის, ეპისკოპოს ილარიონ ალფეევის სამართლიანი მითითებით, სწორედ იმის გამო, რომ ეკლესიის მამათა უმრავლესობა ანტიკურ ფილოსოფიას განიხილავდა როგორც ქრისტიანული ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ გზას, „ძველი ქრისტიანული ტაძრების კარიბჭეებში მოწამეებისა და წმინდანების გვერდით გამოსახული იყო სოკრატე, პლატონი და არისტოტელე“ [32].
ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე არ შემიძლია არ დავიმოწმო ცნობილი ბერძენი თეოლოგის, იოანე კარმირისის ბრწყინვალე სიტყვები. იგი, ეყრდნობა რა აღმოსავლელი მამების ნააზრევს, მიუთითებს, რომ ღმერთი ასევე მოქმედებს ხილული ეკლესიის საზღვრებს გარეთაც: „არა მხოლოდ ქრისტიანები, არამედ არაქრისტიანებიც, ურწმუნოებიც და წარმართებიც შეიძლება გახდნენ წევრნი და მემკვიდრენი „ერთი სხეულისა და უფლის აღთქმის თანაზიარნი იესო ქრისტეში“ (ეფ. 3,6) – ეკლესიის მეშვეობით, რომელსაც ასევე წარმართები და არაქრიასტიანები შესაძლოა უხილავად მიეკუთვნებიან საკუთარი რწმენისა და მაცხოვნებელი მადლის მეშვეობით, რომელსაც ღმერთი უანგარო ძღვენის სახით ანიჭებს მათ, რამდენადაც პირველსაც და მეორესაც საეკლესიო ხასიათი აქვს“ [33].
განვაგრძოთ ეკლესიის მამათა ციტირება.
წმ. იოანე ოქროპირის აზრით, წარმართები დამნაშავენი არიან, რომ საკუთარი ფილოსოფოსებისათვის ყურის გდება არ სურდათ და რომ განსაჯეს სოკრატე, ანაქსაგორა, პითაგორელები და სხვები“ [34].
წმ. სერაფიმ საროველთანაც გვხვდება, მაგალითად, ამგვარი გამონათქვამი: „როგორც ებრაელ ერში, ასევე წარმართებშიც შენარჩუნებული იყო ღვთის ცოდნა“ [35].
პროფესორ ოსიპოვის მიერ დამოწმებულ წმ. სერაფიმეს ამ აზრს, ჩვენის მხრივ, დავუმატებდით იგივე მამის შემდეგ მსჯელობასაც: „არა ისეთი ძალით, როგორც საღვთო ერში, მაგრამ საღვთო სულის გამოვლინება წარმართებშიც ხდებოდა, რომლებიც არ იცნობდნენ ჭეშმარიტ ღმერთს, რადგან მათ შორისაც კი პოულობდა ღმერთი თავის რჩეულ ადამიანებს. ასეთები იყვნენ, მაგალითად, ქალწული წინასწარმეტყველები – სიბილები, რომლებმაც თავისი ქალწულობა, მართალია, უცნობ ღმერთს შესწირეს, მაგრამ მაინც ღმერთს, სამყაროს შემოქმედსა და ყოვლისმპყრობელს, სამყაროს განმგებელს, როგორადაც იგი წარმართებს ჰყავდათ წარმოდგენილი. ასევე წარმართი ფილოსოფოსები, რომლებიც, მართალია საღვთო ნათელს მოკლებულნი წყვდიადში დაეხეტებოდნენ, მაგრამ ეძებდნენ რა ჭეშმარიტებას, რომელიც ღვთისათვის დიდად მოსაწონია, შეეძლოთ ღვთისათვის მოსაწონი ამ ძიების გამო არ ყოფილიყვნენ უთანაზიარო საღვთო სულთან, ვინაიდან ნათქვამია: „წარმართები, რომლებიც ღმერთს არ იცნობენ, ბუნებით რჯულს და ღვთისთვის სათნო საქმეებს აღასრულებენ“ [36]. წარმართ წინასწარმეტყველ სიბილებთან დაკავშირებით ასევე დავიმოწმებდით მეორე საუკუნის მოღვაწეს, წმ. თეოფილე ანტიოქიელს, რომელსაც, მართალია, უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა ზოგადად ანტიკური სიბრძნის მიმართ, მაგრამ უშუალოდ სიბილინურ ტექსტებს ჭეშმარიტ წინასწარმეტყველებებს უწოდებს [37].
წმ. თეოფანე დაყუდებული: „მიუკერძოებელია ღმერთი და თითოეულს განსჯის იმ კანონის მიხედვით, რომელიც აუცილებლად მიაჩნდა მას საკუთარი თავისთვის“ [38].
წმ. ნექტარიოს ოპტინელი: „უბრალო ინდუსი, რომელსაც სწამს უფლის და აღასრულებს მის ნებას, როგორც შეუძლია, გადარჩება; ხოლო ის, ვინც იცნობს ქრისტიანობას, მაგრამ მაინც ინდუისტური მისტიკური გზით მიდის, ვერა“ [39].
გარდა ამისა, ისიც უნდა აღინიშნოს, თუ რას ასწავლის ეკლესიის ესქატოლოგიური მოძღვრება ამ საკითხის შესახებ, არის თუ არა მასში რაიმე მინიშნება წარმართების სასუფეველში დამკვიდრების შესახებ? ამასთან დაკავშირებით, მაგალითად, ღვთისმეტყველების დოქტორს, სქემარქიმანდრიტ იოანეს (მასლოვი) აპოკალიფსიდან მოჰყავს ერთი საინტერესო ადგილი, რომელსაც იქვე უკეთებს კომენტარს: „მოციქული იოანე ღვთისმეტყველი წერს: „ვიხილე: და აჰა ერი ფრიადი, რომლისა აღრიცხუვად ვერვინ შემძლებელ იყო, ყოველთაგან წარმართთა და ტომთა და ერთა და ენათა, მდგომარენი წინაშე საყდრისა და წინაშე კრავისა შემოსილნი სამოსლითა სპეტაკითა…“ (აპოკ. 7,9). ამ სიტყვებიდან იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც აღასრულებს ღვთის ნებას, მიიღებს საუკუნო სიცოცხლეს“ [40].

რა საერთოა არქიმანდრიტ რაფაელსა და ეკლესიის მამებს შორის?

არ ვფიქრობ, რომ მოუზომავი და არაადეკვატურია ამ ქვეთავის სათაურში გამოთქმული ხსენებული ავტორის ამგვარი შეფასება ჩემი მხრიდან, რადგან ეს ნათლად წარმოვაჩინე ზემოთ წარმოდგენილ ეკლესიის მამათა სწავლების საფუძველზე. გარდა ამისა, პატივცემული არქიმანდრიტი რაფაელი ხშირად აძლევს საკუთარ თავს უფლებას მსგავსი (და ზოგჯერ უფრო მძაფრი) სიტყვებით მიმართოს ოპონენტებს. მაგალითად, მის ერთ-ერთ პოლემიკურ ბროშურას, არც მეტი არც ნაკლები, ასეთი სათაური აქვს: Какое согласие между Христом и… профессором А. И. Осиповым? (2002). ასევე ცნობილია მისი აგდებული და უკიდურესად აგრესიული დამოკიდებულება ზოგადად მეცნიერებისა და კულტურის ცნობილი და რესპექტაბელური წარმომადგენლების მიმართ. მაგალითად, ის გოეთესა და ბაირონის შემოქმედებას ცალსახად “დემონურ ნაწერებად” მოიხსენიებს. ასევე “საინტერესო” შედარებას იმოწმებს იგი, მაგალითად, სამსახიობო ხელოვნებაზე: “პირველი, ვისაც უნდოდა ღმერთის როლი ეთამაშა, სატანა იყო” [41].
სად შეიძლება ვეძებოთ არქიმანდრიტ რაფაელ კარელინისეული სწავლების ფესვები? ის, რომ ამგვარ სწავლებას არავითარი საერთო არა აქვს ეკლესიის მამათა მოძღვრებასთან, ამაში უკვე დავრწმუნდით [42].
პირდაპირ შეიძლებოდა იმის თქმაც, რომ რაფაელ კარელინის პოზიცია ტიპიურ პროტესტანტულ ფუნდამენტალიზმს ჩამოჰგავს როგორც თავისი შინაარსით, ისე ფორმით, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ძველი ეკლესიის სწავლებასთან. ამის საილუსტრაციოდ ქვემოთ მოკლედ წარმოვადგენთ პროტესტანტი ავტორის, ალან მორისონის აბსოლუტურად ანალოგიურ პოზიციას აღნიშნულ საკითხზე [43].
მორისონი კრიტიკულად განიხილავს ზოგიერთი „ფართო შეხედულებების“ მქონე თანამედროვე თეოლოგის მსჯელობას ჩვენთვის საინტერესო საკითხზე. მაგალითად, ის იმოწმებს კანადელი ანგლიკანი ეპისკოპოსის, მიქაელ ინგჰემის შემდეგ მოსაზრებას: „იესო ქრისტე უნდა იყოს ჭეშმარიტების ერთადერთი კრიტერიუმი. მე მჯერა, რომ ცხონება არ არის მხოლოდ ქრისტიანების კუთვნილება. პავლე მოციქულს ეს ნათლად სწამდა“. მორისონი ამგვარი მსჯელობის წინააღმდეგობრიობაზე მიუთითებს. მისი აზრით, შეუთავსებელია, ერთის მხრივ, გამოთქმა „ქრისტე, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტება“ და მეორეს მხრივ, აზრი არა მხოლოდ ქრისტიანთა გადარჩენის შესახებ. მაგრამ საკითხისადმი მორისონისეული მიდგომა ვერ იტევს იმ სისავსეს, რომლის შესახებაც პავლე მოციქული საუბრობს. მართალია, იესო ქრისტე ერთადერთ ჭეშმარიტებას წარმოადგენს, მაგრამ მისკენ მიმავალი გზები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. სხვა სიტყვებით, როდესაც წარმართები ბუნებით რჯულს იცავენ, ისინი ამით ღვთის ნებას აღასრულებენ.
ა. მორისონი თავისი ნარკვევის ერთ ქვეთავში სათაურით „სამი წინასწარმატყველი წარმართთა გადარჩენის შესახებ“, იმოწმებს სხვა სამი თეოლოგის მსჯელობას, რომელთაც საკუთარი კომენტარებით გვთავაზობს.
1. თეოლოგი უილიამ დევისი: „მადლი და ჭეშმარიტება რომელიც არსებობს სხვა რელიგიებში წარმოადგენს ქრისტეს ნათელს, რომელიც გაანათლებს ყველა კაცს ამ ქვეყნად მოსულს. (ყველა ადამიანში) არსებობს ღვთის მადლი შეუცნობლად“. აქ დავამატებდი, რომ უილიამ დევისი სრულ თანხმობაშია, მაგალითად, წმ. მაქსიმე აღმსარებელთან, რომელიც ანალოგიურ აზრს გამოთქვამდა სულიწმინდის ყველა ადამიანში მყოფობასთან დაკავშირებით (იხ. ზემოთ). თუმცა ა. მორისონი აცხადებს, რომ ამგვარი მიდგომისას „უკვე აღარ არსებობს აუცილებლობა გარედან სახარების მიღებისა, რადგან თითოეულ ადამიანს უკვე აქვს ქრისტეს ნათელი“. ეს ძალზედ სუსტი არგუმენტია, რადგან თუკი წარმართებს ობიექტური მიზეზით არ შეუძლიათ ქრისტეს სახარების მიღება და თუკი მათ ღმერთმა გადარჩენის სხვა საშუალება უბოძა, ეს სრულიად არ ნიშნავს, რომ სახარება აღარ არის აუცილებელი მათთვის, ვისაც მისი მიღების საშუალება აქვს. ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებს თუ გავიმეორებთ, ზოგი მიდის მთავარი გზით, ზოგი კი გვერდითა ბილიკით, მაგრამ ორივე ერთი მიმართულებით და შესაბამისად ერთი მიზნისკენ.
2. თეოლოგი ჯეი გერი: „ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ იმ მარტივ იდეას, რომ მარადისობის ნაპერწკალი (the spark of eternity) არსებობს თითოეულ ადამიანში“ მორისონის აზრით, ამგვარი შეხედულება პირდაპირ „ოკულტური და ეზოთერული სწავლებიდანაა“ ამოღებული. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია, რადგან შეხედულება, რომლის მიხედვითაც თითოეულ ადამიანში არსებობს „მარადისობის ნაპერწკალი“ (გავიგებთ ამ გამოთქმას როგორც „ღვთის ხატებას“, თუ როგორც „სულის უკვდავებას“, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს) წითელ ზოლად გასდევს ეკლესიის მამათა მთელს მემკვიდრეობას.
3. თეოლოგი ტონი კამპოლო: „არ არსებობს გადარჩენა ქრისტეს გარეშე. ასეთია ჩემი ევანგელური აზროვნება. მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ქრისტე მხოლოდ ქრისტიანებში ცოცხლობს“. მორისონის აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ კამპოლოს „შესაძლებლად მიაჩნია ქრისტეს მყოფობა იმ ადამიანებშიც, რომლებიც სხვათა მიერ იწოდებიან ურწმუნოებად, წარმართებად და ა.შ.“ მაგრამ კამპოლოს არ დაუზუსტებია, რომ ის არაქრისტიანებში ურწმუნოებს გულისხმობდა, რადგან აქ აქცენტი, ძირითადად, წარმართებზე და იმ მორწმუნეებზე კეთდება, რომლებიც ფორმალურად არ ითვლებიან ქრისტიანებად, თუმცა, შესაძლოა, უფრო მეტად სათნონიც კი იყვნენ ღვთისათვის, ვიდრე ზოგიერთი ქრისტიანი.
ნარკვევის სხვა ადგილას იმ შეხედულების განსამტკიცებლად, რომ ადამიანებში აღარ მკვიდრობს ღმერთი, მორისონი უთითებს ფაქტზე, როდესაც „სულიწმინდამ დატოვა ადამი ცოდვით დაცემის შემდეგ“ [44]. გარდა ამისა, მორისონი იმოწმებს აგრეთვე „შესაქმის“ იმ სიტყვებსაც, სადაც ღმერთი წარღვნის წინ აცხადებს: „არ დარჩება სული ჩემი ამ ადამიანებში საუკუნოდ, რადგან ხორციელნი არიან ისინი“ (შეს. 6,3), რის შემდეგაც აგრძელებს: „ადამიანი იმდენად იყო განძარცვული მადლისგან (from grace), როგორც დაცემის შედეგი, რომ იგი უბრალოდ „ხორცად“ იწოდება. ამას მოწმობს იუდა მოციქულიც, როდესაც იგი ცოდვილ ადამიანს აღწერს, როგორც „სულის არმქონეს“ (იუდ. 1,19)“ [45].
ეს მოსაზრება რამდენიმე მიზეზის გამო არის მცდარი:
პირველი: ნუთუ აქ ის იგულისხმება, რომ ადამის დაცემიდან მოყოლებული დღემდე ადამიანებში აღარ მოქმედებს სულიწმინდა? ბუნებრივია, რომ ამ კითხვაზე მხოლოდ ერთადერთი უარყოფითი პასუხი შეიძლება არსებობდეს.
მეორე: დავუშვათ ძველი აღთქმის განმავლობაში სულიწმინდა არ მოქმედებდა ადამიანებში (რაც აგრეთვე შეუძლებელია ისრაელში და მის გარეთ მყოფი მართალი ადამიანების მაგალითების ფონზე), განა შეიძლება იგივე ვიფიქროთ ქრისტეს მოსვლის შემდგომ პერიოდეზეც, როდესაც მან აღდგომის შემდეგ თავის მოწაფეებს მიმართა: „მიიღეთ სულიწმინდა“ (ინ. 20,22). გარდა ამისა, პავლე მოციქული წარმართ კორინთელებს პირდაპირ და გასაგებად ეუბნებოდა: „ნუთუ არ იცით, რომ ღმერთის ტაძარნი ხართ და სული ღვთისა დამკვიდრებულია თქვენში?“ (1 კორ. 3, 16). ასევე წარმართი გალატელებისადმი წერს: „ღმერთმა მოავლინა წარმართებში თავისი ძის სული“ (გალ. 4,6), ხოლო წარმართ რომაელებთან ქადაგებისას კი პავლე უდიადეს და უზენაეს პრინციპს გამოთქვამს: „ყველა, ვისაც ღვთის სული წარმართავს, ღვთის ძეა“ (რომ. 8,14).
მესამე: ნუთუ სულიწმინდა მხოლოდ ქრისტიანებში მკვიდრობს, ხოლო სხვა ადამიანებში კი მხოლოდ დემონური ძალები მოქმედებენ? როგორც ჩანს, მორისონი ამ უკანასკნელი შეხედულების მომხრე უფროა (როგორცეს საერთოდ ფუნდამენტალისტებს ახასიათებთ), რადგან იგი, მაგალითად, ერთ ადგილას გასაგებად წერს: „სული წმინდა მხოლოდ მათში მკვიდრობს, ვინც ქრისტიანთა შორის ირიცხება“, რომლის დასასაბუთებლად იქვე უთითებს შემდეგი სახის ციტატებს მოციქულთა ეპისტოლეებიდან: „ვისაც მე ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას“ (ინ. 14,23); „ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, იგი არც არის მისი“ (რომ. 8,9) და სხვა [46]. მაგრამ მსგავსი ციტატები სრულიადაც არ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ, ვისაც „ქრისტეს სული“ აქვს, ან ვინც ქრისტეს სიტყვას იცავს, აუცილებლად მხოლოდ ქრისტიანთა შორის „ირიცხება“. სულიწმინდა მოქმედებს იმ ადამიანშიც, რომელიც ღვთის ნებას აღასრულებს (დაწერილი თუ დაუწერელი რჯულის მეშვეობით). ამიტომ მთავარია, არა ის, თუ ვინ ატარებს ქრისტიანის სახელს, არამედ ის, თუ ვინ ასრულებს ღვთის ნებას. სწორედ ამას გულისხმობს პავლე მოციქული, როცა წერს: „ყველა, ვისაც ღვთის სული წარმართავს, ღვთის ძეა“ (რომ. 8,14), ანუ პირველადი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის მიერ „ღვთის სულთან“ თანხმობაში ცხოვრებას და არა იმას, თუ ვინ „ირიცხება“ ქრისტიანთა შორის, რადგან პავლე მოციქული იყენებს ზოგად სიტყვას: „ყველა“. იგივე განაცხადა, მაგალითად, პეტრე მოციქულმაც, როდესაც შეიტყო, რომ წარმართი კორნელიოსის ლოცვა ღმერთმა შეისმინა: „ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ მიუკერძოებელია ღმერთი, რადგან ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქ. 10,34-35). მანამდე კი პეტრე იგივე ადამიანებს (წარმართ კორნელიოსის თანამოსახლეებს) ამ სიტყვებით მიმართავს: „თქვენ იცით, რომ იუდეველს ეკრძალება უცხოელთან ურთიერთობა და დაახლოება, მაგრამ მე ღმერთმა მიჩვენა, რომ არცერთ ადამიანს არ ვთვლიდე ბილწად და არაწმინდად“ (საქ. 10,28). ხოლო სულიწმინდის მოქმედების სივრცის შემოსაზღვრა და განსაზღვრა რომ შეუძლებელია, ამის შესახებ თავად ქრისტე უთითებდა: „სულს სადაც უნდა იქ ქრის“ (ინ. 3,8).
ალან მორისონი პავლე მოციქულის კიდევ ერთ ციტატას იმოწმებს, რომელსაც, მისი თქმით, ხშირად იყენებენ ის თეოლოგები, ვინც ყველა ადამიანში ღვთის მყოფობაზე საუბრობს. არეოპაგში ქადაგებისას პავლე აცხადებდა: „ერთი სისხლისგან შექმნა მან კაცთა მთელი მოდგმა, რათა დამკვიდრებულიყვნენ მთელი დედამიწის ზურგზე და დააწესა მათი დამკვიდრების წინასწარდასაზღვრული ჟამნი და ზღვარნი, რათა ეძებნათ ღმერთი, სადმე ხომ არ წავაწყდებით, ან ვპოვებთ მასო, თუმცა შორს როდია თითოეული ჩვენგანისგან, ვინაიდან მისით ვცოცხლობთ და ვმოძრაობთ და ვართ, როგორც ამას ამბობდა ზოგიერთი თქვენი პოეტი: „მისი მოდგმა ვართ“ (საქ. 17,26-28). აქ ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ პავლე მოციქული თვით წარმართი ავტორებისგანაც იმოწმებდა ციტატებს. აქვე უნდა ვახსენოთ აგრეთვე ბასილი დიდის ცნობილი წერილი სათაურით „ახალგაზრდებს იმის თაობაზე, როგორ მიიღონ სარგებლობა წარმართული მწერლობიდან“ [47].
პავლეს ამ შეხედულების მორისონისეული ინტერპრეტაცია ამგვარია: „მართალია ღმერთი ასაზრდოებს მთელს ქმნილებას, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი მკვიდრობს ადამიანებში“ [48]. მაგრამ „ღმერთის მოქმედება“ და „ღმერთის მკვიდრობა“ ადამიანში, ამ შემთხვევაში, ერთიადაიგივე მნიშვნელობის გამოთქმებია, რადგან თუკი ოდესმე წმ. წერილში, ან მამათა ნაშრომებში თქმულა, რომ „ღმერთი მკვიდრობს ადამიანში“, ამას არავინ იგებდა იმ აზრით, რომ ადამიანში ღმერთი თავისი არსით მკვიდრობს. ადამიანურ არსებაში მოქმედებს ღვთაებრივი ენერგიები, რომელთა საშუალებითაც იგი აღწევს განღმრთობას, თუმცა შენარჩუნებული აქვს ადამიანური ბუნება და სწორედ ამით განსხვავდება იგი ღმერთისგან სულიერი სრულყოფის ყველა ეტაპზე. შესაბამისად, როგორც ცნობილია, დოგმატურ ღვთისმეტყველებაში არსებობს ორი სხვადასხვა გამოთქმა: „ღმერთი მადლით“ და „ღმერთი ბუნებით“.
და ბოლოს, ვინაიდან ა. მორისონი გვერდს ვერ აუვლიდა ძველი აღთქმის მართალთა გადარჩენის ფაქტს, იგი იძულებულია ამ საკითხსაც შეეხოს: „შეიძლება ვენმემ იკითხოს: ‘ისეთ ადამიანებს, როგორებიც იყვნენ ნოე, დავითი, ისაია და იერემია, შეიძლებოდა თუ არა, რომ მათ ქრისტე სახელით სცოდნოდათ?“ ისინი არ იცნობდნენ მას, როგორც ‘იესოს, იოსების ძეს’, მაგრამ მათ იმაზე უფრო მეტი იცოდნენ ქრისტეს შესახებ, ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია. ისინი ვერ მოესწრნენ იმ დროს, როცა განხორციელდა აღთქმა მაცხოვრის მოსვლასთან დაკავშირებით, ‘ყველა ისინი რწმენით მოკვდნენ და ვერ მიიღეს აღთქმული, არამედ შორით ხედავდნენ, სწამდათ და აღიარებდნენ’ (ებრ. 11, 13). დავითი ქრისტეს ღმერთად აღიარებდა ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, სანამ ამქვეყნად განხორციელდებოდა (ფს. 110,1; მთ. 22, 41-46). ისაია წინასწარმეტყველმა იმდენი რამ თქვა ქრისტეს შესახებ, რომ მის წიგნს ხშირად უწოდებენ „ისაიას სახარებას“ (იხ. 9, 6-7; 52,12; 53,13)! რაც შეეხება იერემიას, იგი იყო პირველი წინასწარმეტყველი, რომელმაც ახალი აღთქმის შესახებ გვაუწყა (იერ. 31,31-34)“ [49].
ალან მორისონს ეს მსჯელობა იმ აზრის განსამტკიცებლად მოჰყავს, რომ ადამიანი მხოლოდ ქრისტეს მეშვეობით გადარჩება და არა ე.წ. შინაგანი რჯულის (სინდისის) მოთხოვნათა დაცვით. ამიტომ იმოწმებს ზემოთნახსენებ ძველი აღთქმის მართლებს (იუდეველებს), რომლებმაც წინაპრების (იუდეველების) გადმოცემებით იცოდნენ ღვთის აღთქმა მესიის მოსვლასთან დაკავშირებით. მაგრამ მორისონი არაფერს ამბობს იობის, იათორის, საბას დედოფლის და სხვათა შესახებ, რომლებიც არ იყვნენ იუდეველნი და, შესაბამისად, არც ქრისტეს მომავალი მოსვლის შესახებ იცოდნენ წინაპრებისგან რაიმე. ამიტომ მათ სწორედ შინაგანი რჯულის დაცვის გამო უწოდებს ეკლესია ასევე ძველი აღთქმის მართლებს ზემოთდასახელებულ ებრაელებთან ერთად. გარდა ამისა, განა შინაგანი რჯულის დაცვა არ წარმოადგენს ქრისტეს, ანუ ღვთის ნების აღსრულებას?
წინამდებარე სტატიაში განხილულ საკითხთან დაკავშირებით არ შემიძლია ყურადღება არ გავამახვილო არქიმანდრიტ რაფაელ კარელინის კიდევ ერთ შეხედულებაზე. მსჯელობა ეხება იმ წარმართებს, რომლებიც ქრისტეს არ იცნობდნენ: „ბატონი ოსიპოვი ქრისტეს მიმართ რწმენის არქონის ობიექტურ მიზეზებზე მიუთითებს. მაგრამ ყველა ობიექტური მიზეზის უკან ღვთის განგება დგას, რომელიც, ასე ვთქვათ, მოიცავს და მართავს მათ. ასე რომ, ყველა ობიექტური მიზეზი დაიყვანება ერთ სუბიექტურ მიზეზამდე – ადამიანების უუნარობამდე (неспособность) ქრისტეს, როგორც ღვთისა და მაცხოვრის რწმენისა“ [50].
როგორც ცნობილია, არქიმ. რაფაელი უკიდურესად შეურიგებელი პოზიციით გამოირჩევა ყველა იმ თეოლოგიური მსჯელობისადმი, რომელთაც არ გააჩნიათ საფუძველი ეკლესიის მამათა ნააზრევსა და საეკლესიო ტრადიციაში. მაგრამ, როგორც მკითხველიც შეამჩნევდა, ძალიან ხშირად იგი თავად გამოთქვამს ამგვარ თვითნებურ და მხოლოდ საკუთარი გონებით შეთხზულ მსჯელობებსა და ვარაუდებს, რომელთაც მართლაც არაფერი აქვთ საერთო ეკლესიის სწავლებასთან. საინტერესოა, რატომ აძლევს საკუთარ თავს პატივცემული არქიმანდრიტი ამგვარი თამამი შეხედულებების გამოთქმის უფლებას დოგმატურ საკითხზე? ნუთუ ღვთისმეტყველება ის სფეროა, სადაც თავისუფლად შეგვიძლია ავაგოთ საღვთისმეტყველო კონცეფციები პირადი სურვილებისა და გემოვნების მიხედვით? კარგი იქნებოდა მამა რაფაელს მიეთითებინა რომელი საეკლესიო კრების ან რომელი წმ. მამის მიერ გამოითქვა შეხედულება, რომლის მიხედვითაც არაქრისტიანებს არათუ არ სურთ ქრისტეს აღიარება და მიღება, არამედ მათ უბრალოდ ამის უნარი არა აქვთ! გამოდის, რომ ღმერთი არის არა ყოვლადმოწყალე და ყოვლადბრძენი არსება, არამედ შეუბრალებელი და უცნაური ახირებების მქონე შემოქმედი, რომელმაც კაცობრიობის ორ მესამედს იმის უნარიც კი არ მისცა, რომ ჭეშმარიტი ღმერთი აღიარონ და იწამონ.
მაგრამ ამ შეხედულების გასამყარებლად რაფაელ კარელინი ვერც შეძლებდა რომელიმე საეკლესიო მამის დამოწმებას იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამგვარი კადნიერი და ცალსახა დეფინიციები უცხოა ეკლესიის სწავლებისთვის. აი, საწინააღმდეგო ხასიათის შეხედულებებს კი ნამდვილად ვხვდებით წმინდა მამებთან, რომელთა ძირითადი ნაწილი უკვე ჩვენ ზემოთ დავიმოწმეთ.
საბედნიეროდ, ქრისტიანულ ეკლესიას ყოველთვის ეყოლება საეკლესიო მოღვაწეები და თეოლოგები, რომლებიც აღნიშნულ საკითხშიც ერთგულნი არიან ეკლესიის სწავლებისა და სულისკვეთებისა. მაგალითად, წმ. ბენიამინ ფედჩენკოვი (+1922) თავის ერთ-ერთ ესქატოლოგიურ ნარკვევში შემდეგს აღნიშნავდა: „შესაძლოა, ჯერ კიდევ ჩინელებმა, ინდოელებმა და იაპონელებმა უნდა მოგვცენ ახალი პეჩორის ლავრები, ახალი ანტონები და თეოდოსები, მაკარები და სერაფიმები, ვინ იცის?“ [51]. როგორი ოპტიმისტური განწყობაა! როგორ ახლოს დგას ეს სიტყვები იმ სინათლესთან და სიხარულთან, რომელიც ქრისტიანობის განუყოფელი ნაწილია, იმ კეთილ უწყებასთან, (სა)ხარებასთან, რომელიც ქრისტემ უბოძა კაცობრიობას, ასევე მოციქულთა იმ სწავლებასთან, რომლის მიხედვითაც „ღმერთი სიყვარულია“ და არა რაღაც გაუგებარი „მისტიური“ კანონზომიერებისა და მისწრაფებების მქონე არსება, რომელმაც მილიარდობით ადამიანში იმის უნარიც კი არ ჩადო, რომ ჭეშმარიტ ღმერთთან შეხვედრისას მისი მიღება შეძლონ.
ამგვარ წინააღმდეგობაზე მიუთითებდა აგრეთვე მიტროპოლიტი ანტონი ბლუმი (+2004): „სულიერი ხსნა მე წარმომიდგენია შემდეგნაირად: ქრისტეს გარეშე გადარჩენა შეუძლებელია – ეს ერთია; მაგრამ თუკი თქვენ იმის შესაძლებლობაც კი არ ქგონდათ, რომ ქრისტეს შესახებ რაიმე გაგეგოთ, ამის გამო არ იქნებით დასჯილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იმაზე უარესი წინასწარგანსაზღვრულობა იქნება, რაც კალვინისტებს აქვთ; ეს იქნებოდა უბრალოდ ღმერთის თვითნებობა: შენ იქ დაიბადე და ამის გამო დაისჯები“ [52].
ამ გეოგრაფიულ მიზეზს კი არქიმ. რაფაელი მეორე მიზეზსაც უმატებს: არაქრისტიანულ გარემოში მცხოვრებ ადამიანებს თურმე იმის უნარიც კი არა აქვთ, რომ ქრისტე იწამონ. თუმცა, აქვე ისიც უნდა ავღნიშნო, რომ არქიმ. რაფაელი თავის სხვა ნაშრომში საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამს, რომლის მიხედვითაც რწმენა ყველა ადამიანშია „პოტენციურად“ ჩადებული: „სარწმუნოება, ერთი მხრივ, ადამიანის სულის ღვაწლია, მასზეა დამიკიდებული, სწამდეს ან არ სწამდეს, განავითაროს ან ჩაახშოს ეს გრძნობა. მაგრამ, მეორე მხრივ, იგი მუდამ ღვთის ნიჭია. ღვთის მადლის გარეშე სარწმუნოება მხოლოდ ადამიანის სულის პოტენციად, შესაძლებლობად დარჩებოდა“ [53].
ამრიგად, თუ ყველა ადამიანში „პოტენციურად“ არის ჩადებული რწმენის უნარი, თუ ყველა ადამიანს შეუძლია „განავითაროს ან ჩაახშოს ეს გრძნობა“, მაშინ რატომ ვამტკიცებთ ასე დაჟინებით, რომ არაქრისტიანები არავითარ შემთხვევაში არ მიიღებენ ქრისტეს? (ჩვენ აქ არ ვეხებით იმ არაქრისტიანთა საკითხს, რომლებმაც შეიტყვეს ქრისტეს შესახებ, მაგრამ არ მიიღეს იგი).
სამწუხაროდ, არქიმ. რაფაელის მიერ გამოთქმულ ამ შეხედულებას აქვს არა ვარაუდის, არამედ საბოლოო განაჩენისა და მტკიცების ფორმა [54]. მაგრამ იქნებ ცოტა მეტი სიფრთხილის გამოჩენა და თავის შეკავება სჯობდეს, ვიდრე ფრიად საეჭვო შეხედულების დაჟინებით ქადაგება, რადგან, როგორც ცნობილი პატროლოგი, დეკანოზი გიორგი ფლოროვსკი წერს, „ერეტიკულია არა მხოლოდ ის, რაც ნამდვილად და პირდაპირ ეწინააღმდეგება დოგმატურ სწავლებას, არამედ აგრეთვე ისიც, რომელიც ყველასათვის სავალდებულო და დოგმატურ მნიშვნელობას ითვისებს, აშკარად არ გააჩნია რა ამგვარი სტატუსი“ [55].
შენიშვნები:
[1] ანტონ კარტაშევი. „ეკლესიათა ერთობა ისტორიის გადმოსახედიდან”, გრძელიძე, თამარ (რედ.). ეკლესიის საზღვრები: მართლმადიდებელი ეკლესია და ეკუმენური მოძრაობა (სტატიათა კრებული). თბ., 2000, გვ. 60.
[2] მაგალითად, ფრანგი თეოლოგის, დანოს (Daneau, 1596) თხზულებაში “Ethices Christianae” (1577) მოყვანილია ძველ ფილოსოფოსთა მრავალი აზრი იმის შესახებ, რომ ქრისტიანულ და წარმართულ სამყაროს შორის ყოველთვის როდი შეიმჩნეოდა განსხვავება მორალის სფეროში (Ф. А. Брокгаузь; И. А. Ефрон. Энциклопедический словарь. Том 41, СПб., 1897, გვ. 409).
[3] Осипов Алексей. Основное богословие. (Аудиолекций), выпуск I, кассета IX: “Боговоплощение”, გვერდი В.
[4] Блум, Антоний (Митрополит). О встрече. Клин, 1999, გვ. 85.
[5] კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ქადაგება სიონის საკათედრო ტაძარში. 22 ივლისი 2001, გაზ. „მადლი“ #7-8 2001, გვ. 2.
[6] Лопухин, Ал. Толковая библия. том I (3 Цар. 10,1).
[7] Макарий, Харковский (Архиепископ). Православно-догматическое богословие. Том II, СПб., 1868, გვ. 39-40.
[8] Макарий, Харковский. Православно-догматическое богословие. Том II, გვ. 38.
[9] კარელინი, რაფაელი (არქიმანდრიტი). გამოწვევა მოდერნიზმს, თბ., 2000, გვ. 31.
[10] Иоанн Златоуст, Святой. Беседы на послание к Римлянам, Беседа 6,4.
[11] Феофилакт Болгарский, Блаженний. Толкование на посл. к Римлянам 2,10-11.
[12] ნეტარი თეოდორიტეს ეს სიტყვები ციტირებულია: Феофан Затворник. Толкования послании ап. Павла. Послание к Римлянам 2,26, М., 1996, გვ. 178-179.
[13] Феодорит Кирский, Блаженний. Толкование на послание к Римлянам 2,27, Творения Блаж. Феодорита, Епископа Кирского. М., 2003, გვ. 113.
[14] Толкование Послании Павла по трудам Феофана Затворника. СПб., 2002, გვ. 329.
[15] Феофан Затворник, Святой. Толкования послании ап. Павла, Посл. к Римл. 2,11.
[16] Епископ Никанор. Общедоступное обьяснение послания ап. Павла к Римлянам. СПб., 1891, გვ. 29.
[17] Архим. Ириней. Послание к Римлянам со истолкованием. М., 1787, გვ. 56.
[18] Новый Библейский комментарии. часть 3, СПб., 2001, გვ. 400 (წიგნის ორიგინალია: New Bible commentary, რომელიც პირველად 1953 წელს გამოიცა).
[19] Новый Библейский комментарии. часть 3, გვ. 402.
[20] Иустин Философ, Святой. Первая Апология, 46, ციტ.: А. Осипов. Основное Богословие. Аудиокассета №15: ”Спасение вне церкви”, გვერდი B.
[21] იქვე, გვერდი B.
[22] Иустин Философ. Апология 2,10, ციტ.: А. Осипов. Осн. Богос., ”Спасение вне церкви”, გვერდი B.
[23] Осипов, А. Осн. Богос., ”Спасение вне церкви”, გვერდი B.
[24] Осипов, А. Осн. Богос., ”Спасение вне церкви”, გვერდი B.
[25] წმ. მაქსიმე აღმსარებელი. საღვთო წერილის სხვადასხვა სირთულის შესახებ. კითხვა 15; PG 90, 297-300 (ძველი ბერძნულიდან თარგმნა ედიშერ ჭელიძემ), პატროლოგიური გაზეთი „საეკლესიო სიწმინდენი“ #3, 2000, გვ. 2.
[26] წმ. კლიმენტი რომაელი. კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე. თავი 55, ჟურნ. “გზა სამეუფოს” დანართი #3, თბილისი, 1997, გვ. 48.
[27] წმ. იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი 90, თბილისი 2000, ძველბერძნულიდან თარგმნა ედიშერ ჭელიძემ, გვ. 190.
[28] Алфеев, Иларион. Жизнь и учение Григория Богослова. Глава 2, M., 2002, გვ. 123.
[29] Иоанн Златоуст. Творения. том 7, გვ. 201.
[30] პოპოვი, პორფირი (არქიმანდრიტი). „მამათა ავტორიტეტისა და მათი თხზულებების მნიშვნელობის შესახებ“, საღვთისმეტყველო კრებული [საპატრიარქოს გამოცემა] #3, 1988, გვ. 40.
[31] ჭელიძე, ედიშერ. „წმინდა თეოფილე ანტიოქიელი“, კრებულში: სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა. ტომი 1, თბ., 1990, გვ. 51.
[32] ალფეევი, ილარიონი. სარწმუნოების საიდუმლოება: მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების შესავალი. თარგმნა ვლადიმერ ჩხიკვაძემ. თბ.: ქრისტიანული სარწმუნოებისა და მართლმადიდებლური აღმსარებლობის გამავრცებელი საზ-ბა “ფერისცვალება”, 2013, გვ. 34 (ქართული თარგმანის გამოცემამდე დამოწმებული გამოცემა: Алфеев, Иларион. Таинство веры: Введение в православное догматическое богословие. M., 2003).
[33] ციტ.: Ианоулатос, Анастасии (Архиепископ). „Отношения православия к другим религиям“, Новая Европа №15, 2002, გვ. 34.
[34] Иоанн Златоуст. Творения. том 5, 1899, СПб., ст. 773, ციტ.: Осипов, А. Осн. Богос., ”Спасение вне церкви”, გვერდი B.
[35] Осипов, А. Осн. Богос., ”Спасение вне церкви”, გვერდი B.
[36] წმ. სერაფიმ საროველი. „საუბარი… მოტოვილოვთან (თარგმანი ექვთიმე კოჭლამაზაშვილისა)“, ჟურნ. „ჯვარი ვაზისა“ #4, 1992.
[37] იხ. ჩვენამდე მოღწეული მისი ერთადერთი ნაშრომი “ავტოლიკესადმი”. წიგნი 2, თავი 31 და 36, ჭელიძე, ედიშერ. „წმინდა თეოფილე ანტიოქიელი“, კრებულში: სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა. ტომი 1, თბ., 1990, გვ. 51.
[38] Осипов, А. Осн. Богос., ”Спасение вне церкви”, გვერდი B.
[39] Осипов, А. Осн. Богос., ”Спасение вне церкви”, გვერდი B.
[40] Маслов, Иоанн. „Церковь, ее историческое развитие и назначение“, Маслов, Иоанн. Св. Тихон Задонский и его учение о спасении. М., 1995, გვ. 434.
[41] კარელინი, რაფაელი (არქიმანდრიტი). შეფარული დემონიზმი. თბ., 2003, გვ. 22, 36.
[42] სამწუხაროდ, აღნიშნული საკითხი არ არის ერთადერთი, რომლის შესახებაც ხსენებული არქიმანდრიტის მიერ გამოთქმული სწავლება არ არის მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების იდენტური. ასეთია, მაგალითად, მისი შეხედულებები, რომლის მიხედვითაც ვინც ფორმალურად არ ეკუთვნის მართლმადიდებელ ეკლესიას, უპირობოდ ჯოჯოხეთში იმკვიდრებს ადგილს; რომ მოუნათლავი ჩვილები ექვემდებარებიან მარადიულ ტანჯვას და ა. შ. ასევე საინტერესოა, მაგალითად, თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო კათედრის გამგის, პროფესორ ედიშერ ჭელიძის მიერ ნესტორიანული შეხედულებების აღმოჩენა მის პუბლიკაციებში (იხ. ედიშერ ჭელიძის სტატია “არ არის კარგი ღვთის მსჯავრთა ჩხრეკა”, გაზეთი “თბილისის სასულ. აკადემია და სემინარია” #5, 1999, გვ. 5; ამ საკითხის ეკლესიის მამათა სწავლებაზე დაფუძნებული ვრცელი ახსნა იხ. ედიშერ ჭელიძის სხვა სტატიაში “იცის თუ არა ქრისტემ თავისი მოსვლის დღე და საათი თავისი კაცობრივი ბუნებით?”, გაზეთი “საეკლესიო სიწმინდენი” #2, 2000). არქიმანდრიტი რაფაელი და მისი თანამოაზრენი სხვა მცდარ შეხედულებებსაც ავრცელებენ. მაგ., სწავლებას იმის შესახებ, რომ წინაპართა პიროვნული ცოდვები გენეტიკურად გადაეცემა შთამომავლობას და რომ თითქოს მამათა დანაშაულს ღმერთი მათ მემკვიდრეებს მოჰკითხავს. პატროლოგმა ედიშერ ჭელიძემ ამ სწავლებასაც ერესის კვალიფიკაცია მიანიჭა (იხ. ედიშერ ჭელიძე. მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში. თბ., 2004, გვ. 84-174; აღნიშნული ნაშრომი წარმოადგენს პასუხს ფუნდამენტალისტური ორგანიზაციის, წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირის მიერ გამოქვეყნებულ ბროშურაზე “ვის შემოაქვს შფოთი საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში. თბ., 2003).
[43] Morison, Alan. Is there salvation for devout pagans? // http://www.diakrisis.org/challenge_to_cm_.htm
[44] Morison, A. Is there… p.12 of 26
[45] Morison, A. Is there… p. 13 of 26
[46] Morison, A. Is there… p. 15 of 26
[47] ბასილი დიდი. „ახალგაზრდებს იმის თაობაზე, როგორ მიიღონ სარგებლობა წარმართული მწერლობიდან“, ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო გვანცა კოპლატაძემ. თბ., 2011, ტექსტი ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=453%3A2011-11-03-19-21-59&catid=42%3A2010-01-18-18-08-42&Itemid=60&lang=ka
[48] Morison, A. Is there… p.15 of 26
[49] Morison, A. Is there… p. 22 of 26
[50] Карелин, Рафаил (Архим.). Какое согласие между Христом и… профессором А. И. Осиповым? Крест св. Нины, 2002, გვ. 27; ალექსი ოსპიპოვის თანამოაზრის, თეოლოგიის დოქტორ ა. ზაიცევის საპასუხო ნაშრომში („Распроси ближнего твоего прежде, нежели грозить ему”, http://korolev.msk.ru/books/919/polbog1/polbog1/H01-T.htm ), ამ შეხედულებას არ ექცევა ჯეროვანი ყურადღება, სამწუხაროდ. ზოგადად კი, ზაიცევის ნაშრომში სრულიად ნათლად და საკმარისი არგუმენტებითაა გამოვლენილი არქიმ. რაფაელის რელიგიური მსოფლმხედველობის წინააღმდეგობა მართლმადიდებლურ თეოლოგიასთან.
[51] Федченков, Вениамин (Митрополит). „О конце мира“, Альфа и Омега № 1(12) 1997, გვ. 124.
[52] Блум, Антоний (Митрополит). О встрече. Клин, 1999, გვ. 169
[53] კარელინი, რაფაელი. საუბრები მართლმადიდებლობაზე. თბ., გამომცემლობა “კიდევაც დაიზრდებიან”, 1994, გვ. 16.
[54] საერთოდ ფუნდამენტალისტური ყაიდის აზროვნებისთვის უცხოა ფრთხილი მსჯელობანი და ვარაუდები. მათი აზრით, არ არსებობს საკითხი, რომელზეც ქრისტიანობას მკაფიო პასუხი არა აქვს. ამას, ბუნებრივია, ძნელად თუ დაეთანხმება ნებისმიერი საკუთარი თავის პატივისმცემელი თეოლოგი. ისტორიიდან ცხადი ხდება, რომ ეკლესია გარკვეულ საკითხებზე დუმილს ამჯობინებდა. მაგალითად, წმინდა ბასილი დიდი აღნიშნავს, რომ ზოგჯერ იმ საკითხების შესახებ ცოდნა, რომელთა გათავისებაც, დოსტოევსკის სიტყვით, „ევკლიდური გონების“ მქონე ადამიანისთვის შეუძლებელია, მდუმარების ერთ-ერთი სახეობით, ბუნდოვანი გამოთქმებითაა დაფარული: “ერთია დოგმატი და მეორეა ქადაგება. დოგმატი დაცულია მდუმარებით, ხოლო ქადაგება გამოითქმება საჯაროდ. გამოთქმების ცნობილი ბუნდოვანებები, რომელთაც ზოგჯერ წმინდა წერილში ვხვდებით, ასევე წარმოადგენს მდუმარების სახეობას” (Св. Василий Великий. О Святом Духе, 27, ციტ.: Вл. Лосский. Богословие и Боговидение. M., 2000, გვ. 335).
[55] Флоровский, Георгий. „Дом Отчий“, Флоровский, Г. Избранные Богословские Статьи. M., 2000, გვ. 30.
სტატია გამოქვეყნდა თეოლოგიურ ჟურნალში „ემაოსი“ #2 (9), 2007, გვ. 30-55.

სტატია ასევე გადატანილია პავლე მოციქულის სახელობის მართლმ. ღვთისმეტყვ. ცენტრის საიტზე (18 იანვარი 2016): http://www.orthodoxtheology.ge/salvationofpagans/

სტატია პდფ-ში ფუტნოუტებით (footnotes) იხ.: Academia.edu

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s