კახა ბენდუქიძე “ხანდახან მნიშვნელოვანია, ადამიანმა მეტი იფიქროს და ნაკლები იკითხოს”

წიგნი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი
თუ წიგნზე როგორც ქაღალდის აკინძულ ფურცლებზე ვისაუბრებთ – გვიანი შუა საუკუნეებიდან არსებულ ფორმატზე, დღეს მას სულ უფრო და უფრო ცვლის კომპიუტერი. ბევრი ნაცნობი მყავს, რომელთაც ტექსტის წაკითხვა კომპიუტერში ურჩევნიათ, ვიდრე ქაღალდზე დატანილის. ქაღალდის წიგნის როლი და ფუნქცია მნიშვნელოვნად იცვლება.
თუ წიგნზე, როგორც ლიტერატურულ ნაწარმოებზე ვისაუბრებთ, ეს სულ სხვა საკითხია. კარგი ნაწარმოები უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე უბრალოდ წიგნი, თუმცა აქაც დიდი მოდიფიკაციაა მოსალოდნელი იმიტომ, რომ დღეს ენა, რიტმი და ა.შ. იცვლება. ბუნებრივია, დიადი ნაწარმოებები საუკუნეები დარჩება, მაგრამ ძალიან ბევრი ნაწარმოები გაქრება. დღეს არსებობს შესაძლებლობა ადამიანმა ინფორმაცია უფრო მრავალფეროვანი საშუალებებით მიიღოს, ვიდრე წინა საუკუნეებში. მაგალითად, ახლა სქელტანიანი წიგნის ნაცვლად შეიძლება იგივე ინფორმაცია ბლოგებიდან, ფილმებიდან, კლიპებიდან მიიღო. შეუძლებელია ამან გავლენა არ მოახდინოს ფორმატზე.
ლიტერატურა, რომლის კითხვასაც უპირატესობას ანიჭებთ
ადრე ბევრად უფრო მეტ წიგნს ვკითხულობდი, ვიდრე დღეს. რაც შეეხება, თანამედროვე მხატვრულ ლიტერატურას, მისი კითხვით მაინცდამაინც დროს არ ვხარჯავ. შეიძლება ეს სწორი არაა, თუმცა ცოტას დავიცდი, გაიაროს დრომ და თუ ჯანი მექნება, წავიკითხავ წიგნს, რომელიც 20 წლის გავლის შემდგომაც ისევ ღირებული იქნება და დროს გაუძლებს. ზოგადად რომ გითხრათ, მსუბუქად დაწერილი წიგნები მიყვარს. არ მიყვარს წიგნები, რომლებიც რთულადაა დაწერილი, განსაკუთრებით ბევრი ფილოსოფიით. წიგნის კითხვის დროს ძალიან ვნერვიულობ, რადგან ავტორს რაღაცეებში არ ვეთანხმები, ვფიქრობ ეს ასე რატომ დაწერა და არა პირიქით, რაც ძალიან მაფორიაქებს. საკუთარი თავი იმდენად მიყვარს, რომ ნაწარმოები, რომელიც წასაკითხად რთულია, არ ვკითხულობ. არ მინდა თავს დავაძალო, რადგან დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ამად ღირს. თავიდან ბოლომდე წელიწადში მხოლოდ რამდენიმე წიგნს ვკითხულობ. იმიტომ, რომ წიგნების უმრავლესობა ოპტიმალურად არაა შედგენილი.
როცა პატარა ვიყავი, ზოგიერთი წიგნი ძალიან მიყვარდა. მაგალითად, ძალიან მიყვარდა ჟიულ ვერნის “საიდუმლო კუნძული”. ლიტერატურული სილამაზე კი არ მომწონდა, არამედ ის, თუ როგორ იყო აღწერილი ამბავი, ადამიანთა ჯგუფის ისტორია, რომლებმაც არაფრისგან თავიანთი მიკრო-ცივილიზაცია შექმნეს. ეს წიგნი, დაახლოებით 40-ჯერ წავიკითხე. დავამთავრებდი მის კითხვას და მერე ხელახლა ვიწყებდი იმიტომ, რომ მომწონდა თვითონ პროცესი, თუ რას აკეთებდა ეს ხალხი, მათი შემართებით და უნარებით აღფრთოვანებული ვიყავი. მერე დეიდაჩემს შეეშინდა, ეს ბავშვი ამდენი კითხვით არ გამოშტერდესო და “საიდუმლო კუნძული” საგულდაგულოდ გადამალა. გარდა ამისა, ადრეც და ახლაც ძალიან მომწონს ალექსანდრე დიუმას “სამი მუშკეტერი”. იმიტომ, რომ ეს შესანიშნავი ნაწარმოები აბსოლუტურად ძალდატანების გარეშე იკითხება. ასევე, არ ვემხრობი წიგნების ფეტიშიზაციას. არ ვემხრობი იმ აზრს, რომ აუცილებლად უზომოდ ბევრი წიგნი უნდა გქონდეს წაკითხული. ხანდახან უფრო მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა მეტი იფიქროს და ნაკლები იკითხოს.
პირველი წიგნი
წიგნი, რომელიც მას შემდეგ რაც კითხვა ვისწავლე და დამოუკიდებლად წავიკითხე, მაუგლი იყო. შეიძლება ითქვას, რომ კარგად კითხვა სწორედ ამ წიგნით ვისწავლე. მაშინ იმდენად არა, თუმცა გვიანდელ ასაკში, ამ წიგნმა ბევრი რამ მასწავლა, ახლა უფრო მეტს ვხვდები, ანალოგიებს ვავლებ, ხშირად მომყავს ამ ნაწარმოებიდან მაგალითები.
სავალდებულო საკითხავი
უკაცრავად, მაგრამ სავსებით არ მაინტერესებს რა არის სავალდებულო. თუ კონკრეტული წიგნის კითხვა ჩემთვის უსიამოვნოა, მას არ ვკითხულობ. მათ შორის ეს შეიძლება იყოს ძალიან ცნობილი ავტორის ცნობილი შედევრიც. ღმერთმა ხელი მოუმართოს ამგვარი წიგნის მკითხველებს, თუ აინტერესებთ წაიკითხონ, მაგრამ მე, მაგალითად ფოლკნერი, დოსტოევსკი და ჯოისი საერთოდ არ მიზიდავს და ამის თქმის არც მრცხვენია. საერთოდ, იდეა ცოდნის უნივერსალური კორპუსის შესახებ, ტყუილია. ადამიანი თავად არის საკუთარი თავის პატრონი – თავისუფალი, მას არავის ვალი არ აქვს და უფლებამოსილია რაც მოესურვება ის წაიკითხოს. ხშირად მსმენია – ვაიმე, როგორ შეიძლება დოსტოევსკი არ ჰქონდეს ადამიანს წაკითხულიო, ეს ჩემთვის მიუღებელია. ბოლო-ბოლო, რუსთაველს ხომ არ ჰქონდა დოსტოევსკი წაკითხული?
– ანუ, თუ სწორად გავიგე, გარკვეულწილად თქვენ იზიარებთ მოსაზრებას, რომ არც უწიგნურობა ვარგა და არც მეტისმეტად წიგნიდან ხედვა?
– დიახ. წაგიკითხავთ ორი გენიოსის ნათქვამს – “რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა, მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა, არა ვიქმ ცოდნა რას გვარგებს ფილოსოფოსთა მტრობისა, მით ვისწავლებით მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა” და მეორე – “მაგრამ უსუბ ეუბნება – შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ, სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ”, ანუ აქ ხომ საუბარი არ არის შემდეგზე – სასიკვდილო ვარ იმიტომ, რომ შენ ჯეიმს ჯოისი ან დოსტოევსკი რომ არ წაიკითხეო?! არამედ ეს ნაწარმოები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც პიროვნებად ჩამოყალიბებაში გვიწყობს ხელს. წიგნში “ჩაღრმავებას” აზრი აქვს, თუ ეს ცხოვრების შეცვლაში გიწყობს ხელს. ასეთ შემთხვევაში ეს კარგია, მაგრამ, ეს თუ უბრალოდ, პიროვნების შინაგანი საუბარია საკუთარ თავთან, ყველას ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ, ჩემი აზრით, ცხოვრება უფრო საინტერესოა. გუშინ კაბინეტიდან რომ გავდიოდი, დარბაზში სტუდენტები ჩინურ თამაშს – გო-ს თამაშობდნენ. ეს საკმაოდ რთული თამაშია, რომელიც ჭადრაკს წააგავს. ვერ მოვითმინე და მათ ვუთხარი – ეს სისულელეა-მეთქი. არა, თუ მოსწონთ ითამაშონ, მაგრამ ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ჭადრაკის, გოს, ან ნარდის თამაში. ეს ყველაფერი გასართობადაა კარგი, თუმცა ისეც შეიძლება მოხდეს, რომ მთელი ცხოვრება ჭადრაკის თამაშს მიუძღვნა, მაგრამ ცხოვრება მაინც უფრო საინტერესოა. თუნდაც იმიტომ, რომ იგი მოულოდნელია. ამ თამაშებში ჩვენ შედეგი ვიცით – ან ერთი მოიგებს, ან მეორე, ან ყაიმი იქნება, ცხოვრებაში კი, ჩვენ არ ვიცით რა მოხდება, ამიტომ იგი ბევრად საინტერესოა.
– წიგნის შემთხვევაში როგორღაა?
– ასევეა წიგნზეც. ცხადია, ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაში ლიტერატურას ძალიან დიდი როლი უკავია, თუმცა ეს მან მაშინ მოიპოვა, როდესაც სხვა ფორმატი არ არსებობდა, არამედ არსებობდა ან პოეზიის, ან პროზის, ან დრამატული ფორმით. დღეს არსებობს სხვა ფორმატებიც, თუნდაც ფილმის, კომიქსების სახით. დღემდე წიგნი მაღალინტელექტუალურ ღირებულებად ითვლება, სპექტაკლი და ფილმი უმრავლესად მდარე ხელოვნებად ითვლებოდა. სხვათა შორის, ანალოგია ზუსტად ისეთივეა, როგორც შექსპირის ეპოქის დროს იყო. ანუ, რასაც მაშინ შექსპირზე ამბობდნენ, იმასვე იძახიან დღეს ფილმებზე – მდარე ხელოვნებააო. მე თუ მკითხავთ, შექსპირი დღეს ფილმებს გადაიღებდა და ოსკარსაც მიიღებდა. წერდა იმიტომ, რომ მაშინ სხვა გზა არ იყო. დღეს მისი ნაწარმოებების ეკრანიზაცია ბევრად უფრო მეტ ადამიანს აქვს ნანახი, ვიდრე მისი პიესები ორიგინალში წაკითხული.
– მსახიობებისგან მსმენია, სცენის მტვერს რომ გადაყლაპავ, მას ვეღარ მოშორდებიო. წიგნის მტვრის შემთხვევაში როგორ არის, არსებობენ წიგნები, რომლებიც დავიწყების მტვერში არასოდეს იკარგება?
– ალბათ, არის, რადგან ჰომეროსი დღემდე არსებობს, გამოდის, რომ იგი ათასწლეულებს უძლებს. თუმცა ფორმატი თანდათანობით ქრება. კი არის ასეთი მოვლენა, არსებობს დასავლური ცივილიზაცია, რომელიც რეალურად მცირე რაოდენობის ფუნდამენტალურ ნაწარმოებზეა დაყრდნობილი, იგივე ჰომეროსზე. მაგრამ, მეორე მხრივ, სხვანაირად აღზრდილი ადამიანიც შეიძლება წარმატებული იყოს. ჩინეთში გაზრდილი ხალხი სულ სხვა ინფორმაციას იღებს. ისინი, ცხადია აზიის ცივილიზაციის ხალხია, მაგრამ ცხოვრებაში ძალიან წარმატებულნი. მაგრამ მთავარი მაინც არის ის, რასაც რუსთაველი, ან ვაჟა-ფშაველა გადმოგვცემს, რომ კაცად გაზრდა, პიროვნებად ჩამოყალიბებაა მნიშვნელოვანი.
დაწუნებული წიგნი
აქ უფრო ისეთ წიგნებს დავასახელებდი, რომლებიც ვერ დავძლიე იმის გამო, რომ ისინი საჩემო არ იყო. ცხადია, ისეთი წიგნებიც არის, რომლებიც წავიკითხე და მივხვდი, რომ მათ კითხვაში დრო ტყუილად დავკარგე.
პოეზია
ლექსების კითხვა არ მიზიდავს, მოსმენა უფრო მიყვარს. ლექსში შინაარსი უფრო მაინტერესებს, ვიდრე ფორმა. ბავშვობიდან ეს პრობლემა მქონდა, ამიტომ არასდროს არ მყავდა კარგი ნიშანი. თუ ლექსი მქონდა სასწავლი, მის შინაარსს ვიმახსოვრებდი, ფორმას კი ვერა, ამიტომ როცა საპასუხოდ გავდიოდი, ლექსს სხვა სიტყვებით ვყვებოდი.
საოჯახო ბიბლიოთეკა
მამაჩემი წიგნების ძალიან დიდი მოყვარული იყო, ამიტომ ძალიან დიდი ბიბლიოთეკა დატოვა, იქ ყველაფერია. ხანდახან მე ვყიდულობ წიგნს, მაგრამ ვხვდები, რომ ამ წიგნს ვერასდროს ვერ წავიკითხავ. თუმცა, რა თქმა უნდა ვიძენ კიდეც წიგნებს, მაგრამ ბიბლიოთეკა საფუძვლიანად რომ განვაახლო, მაშინ ამით უნდა ვიცხოვრო, რაც ჩემს ხასიათში არ არის. ახლა მე უფრო საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაზე ვზრუნავ, ვიდრე საკუთარზე.
წიგნი, რომელიც ღირდა დაღეჭვად და დაგემოვნებად
წიგნს ერთი საინტერესო თვისება აქვს, იგი შეიძლება ბევრჯერ წაიკითხო და ყოველ ჯერზე მასში სხვადასხვა აზრი იპოვო. ყველა წიგნში რაღაც არის გაბნეული.
არსებობს ასეთი აღმოსავლური ლეგენდა, რომელიც ამას ძალიან კარგად ხსნის. ბაღდადის ხალიფას ძალიან დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდა. გაიგო, რომ მტრები ბაღდადის დასაპყრობად მოდიან, ბიბლიოთეკის დაკარგვა არ უნდოდა, ამიტომ მოიყვანა ათასი აქლემი და ათასი გადამწერი. წიგნები ხურჯინებში ჩაალაგა და ბიძაშვილთან – სამარყანდის ხანთან გაატანა. თუ აქლემს რამე მოუვიდოდა, ორი აქლემის ხურჯინი უნდა მოეხსნათ და წიგნების მოკლე შინაარსი გაეკეთებინათ. მოგეხსენებათ, შუამდინარეთიდან სამარყანდამდე საკმაოდ დიდი გზაა, ამიტომ აქლემები და გადამწერებიც გზაში იხოცებოდნენ. მათ გზად აქლემების გამძღოლებიც ახლდათ. ბოლო აქლემიც დაეცა და მოკვდა, აშკარა იყო, რომ ამ ხურჯინის წაღებას ვერ შეძლებდნენ. გამძღოლმა წერა-კითხვა საერთოდ არ იცოდა, გადამწერმა უთხრა – გზის გაგრძელებას ვეღარ შევძლებ, მაგრამ წიგნებს წავიკითხავ, ერთ ეტრატად გადავწერ და შენ წაიღეო. მართლაც ასე მოიქცა. გამძღოლი მშიერი, დახეული ტანსაცმლით ძლივს მილასლასდა სამარყანდის ხანამდე და მას ეტრატი გადასცა, სადაც ეწერა – ალაჰ აკბარ, ანუ ღმერთი დიადია.
გაზეთი „24 საათი“, 3 ივნისი, 2012
http://www.24saati.ge/weekend/story/29145-khandakhan-ufro-mnishvnelovania-rom-adamianma-meti-ifiqros-da-naklebi-ikitkhos
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s