დავით თინიკაშვილი – სულიერი თუ ხორციელი „ვალენტინობა“?

15 აპრილს სიყვარულის დღე ყოფილა – ქართული ვალენტინობა! მე კი მეგონა, მხოლოდ 14 თებერვალს აღინიშნებოდა გრძნობა, რომლის გარეშეც ქართველებისთვის „მზე არ სუფევს ცის კამარაზე“. მაგრამ არა… ქართველი ადამიანის მოსიყვარულე ბუნება, აბა, როგორ იკმარებს მხოლოდ ერთი დღე მიუძღვნას ხსენებულ გრძნობა-ინსტინქტს, რომლის შესახებაც სხვა ქართველი პოეტი ამტკიცებდა, „სიყვარულო ძალსა შენსა, ვინ არს რომე არ ჰმონებდესო“. სხვათა შორის დასავლეთში ამავე დღეს – 14 თებერვალს აღინიშნება ალტერნატიული დღესასწაული “Singles Awareness Day” (S.A.D.) მათთვის, ვინც არ არის შეყვარებული. მაგრამ საქართველოში ხომ ყველა შეყვარებულია, ყველას გული სავსეა სიყვარულით, რაც ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში ვლინდება? ამაში ეჭვიც არ შეგეპაროთ, გაფრთხილებთ…
ირკვევა, რომ ქართველები სიყვარულის დღეს მეორედ 15 აპრილსაც აღნიშნავენ. ამ დღის დაწესება, როგორც ამბობენ, კავშირდება ვინმე ბესო ჩუბინიძეს, ჟურნალ „ვარსკვლავების“ რედაქტორს. ეს დღე მისი საყვარელი მეუღლის დაბადების დღე ყოფილა. ჰოდა, თინეიჯერობამაც აიტაცა ეს იდეა და ასე მივიღეთ „ქართული ვალენტინობა“.
დამიდგეს თვალები თუ იმის თქმა მინდოდეს, რომ სიყვარულისთვის ორი დღის მიძღვნა საჭირო არ არის. არც იმის დამტკიცებას ვცდილობ, რომ სიყვარულის საერთაშორისო (14 თებერვალი) დღის პარალელურად ანალოგიური დღესასწაული, ოღონდ სხვა თარიღით, სხვა ქვეყნებში არ არსებობს (აბა, გეგონათ მარტო ქართველი ადამიანის ბუნებაა ასერიგად მოსიყვარულე? ვერ მოგართვით). მაგ., რუსეთში სიყვარულისა და ოჯახის (მარტო სიყვარულის არა) დღედ მიჩნეულია 8 ივლისი, რომელიც საეკლესიო დღესასწაულს – წმ. პეტრესა და თებრონეს ხსენების დღეს უკავშირდება. აქ, როგორც ჩანს, ქართველებმა რუსებს გადავუჯოკრეთ, რადგან ჩვენი მეორე სიყვარულის დღის წარმოშობა ნამდვილად არ უკავშირდება რომელიმე რელიგიურ დღეს და ზოგადად რელიგიურ გრძნობებს… მაგრამ მოიცათ, ხალხო, სად გეჩქარებათ? საჭიროა უფრო კარგად მოვჭუტოთ თვალები და მეტი ყურადღებით დავაკვირდეთ რეალობას.
ჯერ ერთი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მკაცრად გმობს ე. წ. ვალენტინობის დღეს, როგორც არაქრისტიანულ და წარმართულ დღესასწაულს. მეორეც, ქართული ეკლესია მის სანაცვლოდ ე. წ. „სულიერი სიყვარულის“ დღეს – გერგეთობას სთავაზობს თვისა ერსა, რომელიც 16 ივლისს აღინიშნება. ვიკიპედიაშიც კია გამოჭიმული საპატრიარქოს პრეს-სამსახურის ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ „ეს დღესასწაული განსხვავდება კათოლიკური წმინდა ვალენტინის დღისგან, რადგან გერგეთობა სულიერი სიყვარულის დღეა“. თუმცა ვალენტინობის, როგორც სიყვარულის დღის კათოლიკური ეკლესიის დღესასწაულად გამოცხადება, რბილად და ზრდილობიანად თუ ვიტყვით, საკითხში ელემენტარული გაუთვითცნობიერებულობის ბრალია.
„ხორციელი სიყვარულის“ დღის – ვალენტინობის ნაცვლად მხოლოდ გერგეთობას როდი გვთავაზობენ… მაგ., ერთი ქართველი ავტორი, ვინმე ნ. ღამბაშიძე სიყვარულის საერთაშორისო დღის (ვალენტინობის) აღნიშვნის ნაცვლად გვირჩევს წმინდა დავით გარეჯელს ვთხოვოთ ოჯახური ბედნიერებისა და შვილიერების მონიჭება. როგორც მიჩნეულია, ეს წმინდანი უშვილო ქალების მკურნალადაც ითვლება.
აბა, სხვაგვარად როგორ გინდა უძველესი კულტურისა და დიადი ტრადიციების ერო და ბერო? ოღონდ ამ დიად ტრადიციებში რა იგულისხმება ჯერ ვერვინ განმარტა გასაგებად და ხელშესახებად. სამაგიეროდ, კარგად და საკმაოდ ხელშესახებად ვიცით ქართველთა ბუნების მანკიერებანი, მათ შორის გენეტიკური, მაგრამ ამაზე სხვა დროს… პრინციპში რა საჭიროა ვრცელი ახსნა-განმარტებანი ამ დიადი ტრადიციებისა: მთავარი ხომ ის არის, რომ ჭეშმარიტი მამულიშვილები არასოდეს დააყენებენ ეჭვის ქვეშ ამ აქსიომატურ გამონათქვამს? ჰოდა ასე, ქართველო თინეიჯერნო, ხომ ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში? გეგონათ ასე ადვილად მიემსჭვალებოდით უზნეო ევროპის ბოიფრენდ-გერლფრენდობის ინსტიტუტს? ვერ მოგართვეს… მომინდომეს ჰელოუინები და სხვადასხვა სახის „ფართები“.
ახლა, მოდით ცოტა დავსერიოზულდეთ და როგორღაც შევეცადოთ იმის გაანალიზებას თუ რატომ გვაქვს სწორედ ასეთი რეალობა. გონებაჩლუნგი ხალხი მაინცდამაინც არ უნდა ვიყოთ. რატომ მოჩანს ყველაფერი ისე, რომ ამ ჩვენს ახალგაზრდობას (და არა მხოლოდ მათ) ყოველ ფეხის ნაბიჯზე „უშხამავს“ (სწორედ ეს სიტყვა არაერთხელ გამიგია ახალგაზრდებისგან) სასულიერონი ყველა იმ სიამოვნებას, რომელიც მათ ჩვეულებრივად ეჩვენებათ, ამ უკანასკნელთ კი მიუღებლად? ნუთუ მართლა ამგვარი ბოროტი განზრახვა აქვთ ეკლესიის მსახურთ, რომელნიც თანამედროვე ადამიანის ყოველი ნაბიჯის კონტროლს ცდილობს და არ აცლის მას ბედნიერ ცხოვრებას?
აქ გასაგებია, რომ ეს პრობლემა შეიძლება არც აწუხებდეთ ეკლესიისგან შორს მდგარ ადამიანებს (ახალგაზრდებს თუ ძველგაზრდებს), რადგან მათთვის სულ ერთია კლერიკალები რას იტყვიან. მაგრამ რა ჰქნან იმ ადამიანებმა, ვისთვისაც ღირებულია ეკლესიის ხმა, მაგრამ, მეორეს მხრივ, ახსნას ვერ უძებნიან და ფრიად გაკვირვებული რჩებიან ეკლესიის მსახურთა მიერ გაკეთებული ამა თუ იმ განცხადებისა თუ მოწოდების გამო?
მოდით შევინარჩუნოთ ობიექტურობა და ვივარაუდოთ, რომ ეკლესიის მსახურთ (საპატრიარქოს ჩინოვნიკების ჩათვლით) კეთილი მოტივები ამოძრავებთ, როდესაც ასეთი „ამკრძალავი“ ან „დამგმობი“ ხასიათის განცხადებებით გამოდიან ასპარეზზე. ეს უბრალოდ წარსულიდან მომდინარე ინერციის ბრალია, რომელსაც ზოგიერთი ქვეყნის მართლმადიდებელმა ეკლესიამ (აბა, ერეტიკოსი კათოლიკები და პროტესტანტები რა სახსენებელია) წარმატებით დააღწია თავი. ამრიგად, პრობლემა უნდა ვეძებოთ არა კლერიკოსთა „მზაკვარ ბუნებაში“, არამედ სრულიად მარტივ გარემოებაში: გარესამყაროს სპეციფიკურ აღქმაში, რომელიც ხშირად მოძველებული, არაადეკვატური და შესაბამისად არაეფექტურია. აქ, რასაკვირველია, ეკლესიის ყველა მსახურს არ ვგულისხმობ, რადგან ვიცი, მათ შორისაც არსებობენ სხვაგვარი დამოკიდებულების მქონენიც, მაგრამ მათ მხოლოდ ერთი ხელის თითებზე თუ ჩამოთვლით. როგორც იტყვიან, ისინი ამინდს ვერ ქმნიან.
დავსვათ შეკითხვა: რას ნიშნავს, როცა გვეუბნებიან რომ „ხორციელი სიყვარულის“ დღე (იქნება ეს 14 თებერვალი, 15 აპრილი თუ უშაბათო კვირის პარასკევი) აუცილებლად უნდა ჩავანაცვლოთ „სულიერი სიყვარულის“ დღით? ნეტა, როგორია ეს სულიერი სიყვარული? ან ხორციელი სიყვარული როგორ ესმის მოცემული დღესასწაულის კონტექსტში ამ პოზიციის დამცველებს? ან რატომ ვართ დარწმუნებული, რომ ვალენტინობის თუ სხვა ნებისმიერ ლოკალურად დადგენილ სიყვარულის დღეს მაინცდამაინც ხორციელ „სიყვარულებს“ აქვს ადგილი, რომელიც უნდა აიკრძალოს? თუ ამ დღეს ვაჟმა ყვავილები მიართვა გოგოს ან კინოთეატრში დაპატიჟა, ეს აუცილებლად ხორციელ სიყვარულს ნიშნავს ან წინაპირობაა ამგვარი სიყვარულისა? ან საერთოდ, რას ნიშნავს სიყვარული ე. წ. „ხორციელი“ ურთიერთობის გარეშე? იქნებ ეთერული სხეულები გვაქვს, რომლის დანახვასაც სულიერი თვალები სჭირდება და რომელიც ჯერ არ შეგვიძენია ჩვენ ცოდვილებს?
როგორც ვალენტინობის აღნიშვნის მოწინააღმდეგენი აღნიშნავენ, „ქრისტიანული დღესასწაულები ქრისტესა და მის წმინდანებს კიდევ ერთხელ გვაზიარებს. „ვალენტინობას“ კი ამგვარი საფუძველი არ გააჩნია. ტრადიციული ქრისტიანული დენომინაციების მიერ იგი საეკლესიო დღესასწაულად არ მიიღება“ (იხ. თამაზ გაბისონიას წერილი).
რა მოუქნელი აზრია… იქნებ ვინმემ ცოტა უფრო გასაგებად ახსნას, რატომ უნდა გააჩნდეს „სიყვარულის დღეს“ მაინცდამაინც საეკლესიო დღესასწაულის ხასიათი ან საეკლესიო კალენდართან რაიმენაირად დაკავშირებული? რომ არაფერი ვთქვათ იმის შესახებ, რომ თეოკრატიულ სახელმწიფოში არ გვიწევს ცხოვრება, როდის აქეთ ეკრძალება თუნდაც ეკლესიის წევრს სამოქალაქო დღესასწაულების აღნიშვნა? თუკი ეკლესია არ კრძალავს ისეთ საერო დღესასწაულების აღნიშნვნას, როგორიცაა ახალი წელი (1/14 იანვარი), დამოუკიდებლობის დღე (26 მაისი) და მისთანები, რატომ მიიჩნევა მიუღებლად ისეთი დღეების აღნიშვნა, როგორებიცაა ქალთა დღე (8 მარტი) და სიყვარულის დღე (14 თებერვალი/15 აპრილი)? რვა მარტის შესახებ ერთი თვის წინ ვწერდით.
ვფიქრობ, ეს ყველაფერი ორ რამეს უკავშირდება: 1) უცხოს შიში, რადგან ის რაც ჩვენს მიერ არაა დაწესებული ანუ გარედან არის შემოსული, – იქნება ეს დღესასწაული, იდეა თუ ხშირად თავად ადამიანი, – აპრიორი შეიცავს საფრთხეს; 2) საზოგადოების წევრთა გარეგანი კონტროლი, რაც სრულიად ადეკვატური ქმედებებით ვლინდება – აკრძალვა, დაგმობა და მსგავსი. ეს ყველაფერი კი ინფანტილური თვისებებია, სხვა რომ არაფერი ვთქვათ.
წმინდა მამანო, მიეცით ადამიანებს სიყვარულის დღეების აღნიშვნის საშუალება, არა ჩარჩოებში მოქცეული და „გაეკლესიურებული“, არამედ თავისუფალი და თავის ნებაზე მიშვებული სიყვარულისა… რა იცით, იქნებ სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ მოიტანოს ის შედეგი, რომლის მიღწევასაც ზემოთ ხსენებული უიმედოდ მოძველებული მეთოდებით ცდილობთ: ღმერთისკენ მობრუნების სურვილი აღძრას არარელიგიურ ადამიანში, როგორც ეს მადონას ერთ სიმღერაშია, საინტერესო სახელწოდებით – Nothing fails:

I’m not religious
But I feel such love
Makes me want to pray

განა ღმერთი სიყვარული არ არის? დაე, თავისუფლად იგრძნონ „ის“ ადამიანებმა.
ბედნიერ ვალენტინობას გისურვებთ!

გამოქვეყნდა ჟურნალში “ლიბერალი”, 15 აპრილი 2013

http://liberali.ge/articles/view/3110/sulieri-tu-khortsieli-valentinoba

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s