ანდერსენი – ერთი დედის ამბავი

ჰანს ქრისტიან ანდერსენი
დედა შვილის აკვანთან იჯდა და ბავშვს სევდიანად უმღეროდა; როგორ წუხდა, როგორ ეშინოდა, რომ ბავშვი მოკვდებოდა, რომლის პატარა სახე სულ გაფითრებულიყო. ბავშვს თვალები დახუჭული ჰქონდა და მისი ისედაც დასუსტებული სუნთქვა დროდადრო უფრო მძიმდებოდა, თითქოს ოხრავდა… პატარა ბავშვის ასეთი ტანჯვის შემყურე დედას გული ტკივილისგან ეკუმშებოდა.
უეცრად კარზე კაკუნი გაისმა. ოთახში ასალში გახვეული ერთი საცოდავი მოხუცი შემოვიდა. ასალი ხომ ათბობს? მას კი სწორედ სითბო სჭირდებოდა, რადგან გარეთ ცივი ზამთარი იდგა. ყველაფერი თოვლითა და ყინულით იყო დაფარული. გარეთ ისეთი ქარი ქროდა, რომ ძვალ-რბილში ატანდა.
როცა ქალმა სიცივისგან მოცახცახე მოხუცი დაინახა, წამიერად ჩაძინებულ ბავშვს მოშორდა, რომ სტუმრისთვის კათხა ლუდი ჩამოესხა და ღუმელში გასაცხელებლად შეედგა. ამასობაში მოხუცი ბავშვის აკვანს მიუჯდა და მისი რწევა დაიწყო. მალე დედაც ჩამოჯდა მის გვერდით და თავისი ავადმყოფი შვილის პაწია ხელი ხელში აიღო.
– ხომ არ დავკარგავ მას? – ჰკითხა ქალმა, – ღმერთი არ წამართმევს შვილს!
მოხუცმა (რომელიც თავად იყო სიკვდილი) რაღაც უცნაურად დაუქნია თავი. ვერ გაარკვევდი, თანხმობის ნიშანი იყო ეს თუ უარყოფის. დედამ თავი დახარა. მას თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა. ცოტა ხანში ქალს თავი ძალიან დაუმძიმდა: ის ხომ უკვე სამი დღე-ღამის უძინარი იყო? ამიტომ სულ ერთი წუთით ჩათვლიმა, რის შემდეგაც უეცრად შეკრთა და სიცივისგან აკანკალდა.
– ეს რა არის? – გაკვირვებულმა წამოიძახა, როცა დაინახა, რომ მოხუცი და მისი ბავშვი ერთდროულად გამქრალიყვნენ ოთახიდან.
კუთხეში ძველებური საათი სულ უფრო ანელებდა თავის მუშაობას. მძიმე ტყვიის საწონმა იატაკს მიაღწია და ბუმ! – საათი ხმაურიანად გაჩერდა.
საცოდავი დედა სახლიდან გამოვარდა და შვილს ხმამაღლა ეძახდა.
გარეთ თოვლიან მიწაზე შავ და გრძელ სამოსში გახვეული ერთი ქალი იჯდა. მან დედას უთხრა:
– სიკვდილი ეწვია შენს სახლს. დავინახე, თუ როგორ გაუჩინარდა შენს შვილთან ერთად. სიკვდილი ქარზე სწრაფად დაჰქრის და არასოდეს აბრუნებს იმას, რასაც ერთხელ წაიღებს.
– შენ მხოლოდ მითხარი რომელ მხარეს წავიდა და მე მას ვიპოვი – უთხრა დედამ.
– ვიცი სადაც წავიდა, მაგრამ არ გეტყვი, სანამ ყველა იმ სიმღერას არ მიმღერებ, რასაც შენს პატარას უმღეროდი – უთხრა შავით მოსილმა ქალმა, – ძალიან მიყვარს ეს სიმღერები, არაერთხელ მომისმენია. მე ხომ ღამე ვარ და ყველა მათგანი ცხადად ჩამესმოდა, როცა ავადმყოფ შვილს ცრემლიანი უმღეროდი.
– ყველა სიმღერას გიმღერებ, ყველას! – შესძახა დედამ – მაგრამ ეხლა ნუ მაყოვნებ. უნდა დავეწიო სიკვდილს, რომ ჩემი შვილი ვიპოვო.
ღამეს არაფერი უპასუხია. რაღა უნდა ექნა გამწარებულ დედას? აქვითინებულმა იწყო მღერა. ბევრი სიმღერა იმღერა დედამ ღამის წინაშე, მაგრამ უფრო მეტი ცრემლი დაღვარა. ბოლოს ღამემ როგორც იქნა ამოღერღა:
– მარჯვნივ იარე და პირდაპირ დაბურული ფიჭვნარისკენ გაიქეცი. იქ მიჰქროდა სიკვდილი შენს შვილთან ერთად.
ფიჭვნარის სიღრმეში, არმისული გზაჯვარედინამდე, დედა შეჩერდა და დაფიქრდა: „რომელ მხარეს უნდა წავიდე ახლა?“ გზების გადაკვეთაზე ერთი ეკლიანი ბუჩქი იდგა. თითქმის სულ გაყინული. მას არც ფოთლები ჰქონდა და არც ყვავილები.
– აქ სიკვდილს ხომ არ ჩაუვლია ჩემს შვილთან ერთად? – ჰკითხა დედამ საცოდავ ბუჩქს.
– კი, ჩაიარა – უპასუხა ეკლიანმა ბუჩქმა – მაგრამ სანამ არ გამათბობ შენი თბილი მკერდით, მანამ არ გეტყვი საით გაიქროლა. ჩემს ტოტებს მალე ყინული გადაფარავს და მთლიანად გავიყინები.
ქალი მყისვე ბუჩქს მიუახლოვდა და გულში ჩაიკრა. დედას ბასრი ეკლები სხეულში ისე ღრმად შეესო, რომ მისი მკერდიდან სისხლმა იწყო დენა. ბუჩქი კი ისე გათბა, რომ აყვავილდა და მწვანე ფოთლები გამოისხა, მიუხედავად ზამთრის ღამის სიცივისა. აი, ასეთი მხურვალეა დედის გული… მადლიერმა ბუჩქმა დედას გზა ასწავლა.
როცა ქალი მითითებულ გზას გაუყვა, ის ერთ დიდ ტბას მიადგა; არც ნავი და არც რაიმე ბორანი არსად ჩანდა, რომ ტბის მეორე ნაპირზე გადასულიყო. ქალი წყალს დააკვირდა და შეამჩნია, რომ მისი ზედაპირი ოდნავ მოყინულიყო. ყინული ნამდვილად ვერ გაუძლებდა მას. სასოწარკვეთილი დედა მაინც ცდილობს ტბის გადაკვეთას. ამისთვის ის ტბის დალევას იწყებს – მწუხარე დედას ასე სურდა ტბის ამოშრობა. ქალი კარგად ხვდებოდა, რომ ამას ვერ შეძლებდა, მაგრამ დედას სასწაულის სჯეროდა.
– არა, ასე არაფერი გამოვა! – შესძახა უცებ ტბამ, – მოდი მოვრიგდეთ. მე მარგალიტებს ვაგროვებ. ასეთი ნათელი და უძირო თვალები, როგორც შენ გაქვს, არასდროს მინახავს. გამოაყოლე ცრემლებს შენი ლამაზი თვალები და სამუდამოდ დატოვე ჩემთან. ამის სანაცვლოდ თავად გადაგიყვან მეორე ნაპირზე იმ დიდ სათბურთან, სადაც სიკვდილი თავის ყვავილებსა და ხეებს ზრდის. იქ თითოეული მცენარე – ადამიანის სიცოცხლეა!
– ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდ ჩემი შვილი დავიბრუნო! – თქვა აცრემლებულმა ქალმა და ტირილს უმატა.
დედამ თავისი ლამაზი თვალები მართლაც გააყოლა ცრემლებს და როცა მათ ტბის ძირამდე მიაღწიეს, იქ ორ ძვირფას მარგალიტებად გადაიქცნენ. ამის შემდეგ ტბამ აიტაცა ქალი და ერთი მოქნევით გადააქროლა გაღმა ნაპირზე, სადაც უზარმაზარი სათბური აღმართულიყო.
ქალმა თავიდან ვერ გაარჩია რა იყო ეს: ეკლიანი ბუჩქებით გარშემორტყმული მთა, რომელიც გვირაბებით იყო გადათხრილი, თუ ჩვეულებრივი სახლი. ბავშვის დედა ხომ უკვე ბრმა იყო?
– სად ვეძებო სიკვდილი, რომელმაც შვილი მომტაცა? – გამწარებულმა უმისამართოთ ამოიძახა დედამ.
– სიკვდილი ჯერ არ დაბრუნებულა – მოესმა მოხუცი მებაღე ქალის ხმა, რომელიც სათბურს დარაჯობდა.
– როგორ მოაღწიე აქამდე? ვინ დაგეხმარა? – გაკვირვებულმა ჰკითხა მოხუცმა მებაღემ.
– ღმერთი დამეხმარა, რომელმაც დიდი მოწყალება მოიღო ჩემზე და შემაძლებინა აქამდე მოსვლა. შენც იყავი მოწყალე. გთხოვ, მითხარი სად არის ჩემი შვილი?
– აბა, რომ არ ვიცნობ შენს შვილს? თან შენ ბრმა ყოფილხარ. დღეს ღამე ბევრი მცენარე დაჭკნა. მალე სიკვდილი დაბრუნდება მათ გადასარგავად ერთი ადგილიდან მეორეზე. აქ თითოეულ ადამიანს ხე ან ყვავილი ადამიანის სიცოცხლეა, იმის მიხედვით, თუ როგორ იცხოვრა მანამდე. როგორც ხედავ, გარეგნულად ჩვეულებრივი მცენარეებია, მაგრამ მათში ადამიანური გული ფეთქავს. შეგიძლია თითოეულ მცენარეს მიუახლოვდე: იქნებ გულის ცემით იცნო შენი შვილი. ახლა კი მითხარი, რას მომცემ იმის სანაცვლოდ, თუკი ამის გაკეტების უფლებას მოგცემ?
– მეტი არაფერი დამრჩენია მე უბადრუკს და არ ვიცი რა უნდა მოგცე. როგორც ხედავ, საკუთარი თვალებიც კი ტბას მივეცი. მაგრამ მზად ვარ სამყაროს კიდისკენაც გავემართო, თუკი ამას მომთხოვ, – უპასუხა დედამ.
– ამ სიშორეზე არაფერი მაქვს საძებნი! მოდი, შენი შავი გრძელი თმა მომეცი. ძალიან ლამაზია. სანაცვლოდ კი ჩემს ჭაღარა თმას მოგცემ. უთმობას ხომ მაინც გირჩევნია?
– სულ ეს გინდა? თანახმა ვარ! – უპასუხა დედამ და თავისი უმშვენიერესი შავი თმა მოხუც ქალს აჩუქა. სანაცვლოდ კი ჭაღარა თმა მიიღო.
ამის შემდეგ დედა სიკვდილის მიერ მოწყობილ უშველებელ სათბურის თვალიერება იწყო, სადაც სხვადასხვა სახეობის ხე, ყვავილი და წყლის მცენარე იზრდებოდა. ოდნავ მოშორებით ნახევრად ჩამომჭკნარ ყვავილებს გველი შემოჰხვეოდა, ზოგი მცენარის ღეროს კი კიბორჩხლის მარწუხები ჰქონდა მოჭერილი. სათბურში ისეთი ხეების ნახვაც შეიძლებოდა, რომლებიც ზომით ძალიან დიდები იყვნენ, მაგრამ ისეთ პატარა ქოთნებში იყვნენ მოთავსებულნი, რომ გეგონებოდა საცოდავი ქოთნები მალე გასკდებოდა. ბევრი პაწაწინა ყვავილიც იყო, რომლებიც ხავსში გადაწნულნი მიწაში იზრდებოდნენ. საბრალო ქალს უამრავი ყვავილის შემოწმება მოუწია, თითოეულთან იხრებოდა და ყველას გულის ცემას ისმენდა. უცებ, ამდენ მცენარეში თავისი შვილი ამოიცნო.
– აი, ეს არის! – სიხარულით შესძახა დედამ და ხელი გაიწოდა პატარა ცისფერი ყვავილისკენ, რომელსაც თავი დაეხარა სევდიანად.
– არ შეეხო! – გააფრთხილა მოხუცმა – შეგიძლია მხოლოდ მის გვერდით დადგე და როცა სიკვდილი დაბრუნდება, მისი სხვა ადგილას გადარგვის საშუალება არ მისცე. დაემუქრე, რომ თუ ამას გააკეთებს, შენ სხვა ყვავილებს ამოგლეჯ მიწიდან. სიკვდილს ამის შეეშინდება, რადგან მათ სიცოცხლეზე პასუხისმგებელია ღმერთის წინაშე, რომლის ნების გარეშე არც ერთი ყვავილი არ უნდა იყოს მიწიდან ამოღებული.
უეცრად მყინვარე სიცივემ დაუბერა. ბრმა დედამ იგრძნო, თუ როგორ მოქრიალდა სიკვდილი.
– როგორ იპოვე გზა? როგორ შეძელი და დამასწარი აქ მოსვლა? – ჰკითხა დედას სიკვდილმა.
– მე დედა ვარ! – მკაცრად უპასუხა ქალმა.
სიკვდილი უმალ იმ პატარა ყვავილის ამოსაღებად დაიხარა, რომელსაც უკვე დედა იცავდა. სიკვდილი დაბრკოლებას წააწყდა, რადგან დედამ სწრაფად დააფარა პატარა ყვავილს თავისი ხელები. მაშინ სიკვდილმა ქალის ხელებზე ძლიერად შეუბერა ყინულივით ცივი ჰაერი. ქალმა ვერ გაუძლო და ხელები უმწეოდ ჩამოუშვა.
– ნუ მეწინააღმდეგები! შენ არ ხარ ჩემზე ძლიერი! – უთხრა სიკვდილმა დედას.
– მაგრამ უფალია შენზე ძლიერი! – მიუგო დედამ.
– მე სწორედ მის ნებას ვასრულებ! – უპასუხა სიკვდილმა – მისი მებაღე ვარ. ამ სათბურიდან ყვავილებისა და ხეების გადარგვა სამოთხის ბაღში მე მევალება. მაგრამ რა ხდება იმ დიად ბაღში, რომელიც ყველასთვის უცნობ ადგილასაა, ამაზე საუბარს მე შენთან ვერ გავბედავ.
– დამიბრუნე ჩემი შვილი! – შესძახა ატირებულმა დედამ. მერე უცებ დაიხარა და ორივე ხელით ორი ყვავილის მოგლეჯვა დააპირა, თან სიკვდილს ეუბნებოდა:
– იცოდე, შენს ყველა ყვავილს ამოვგლეჯ ამ სათბურში, რადგან სასოწარკვეთილი ვარ!
– არ გაბედო! – დაიგრგვინა სიკვდილმა.
ქალი შეცბა.
სიკვდილმა უთხრა:
– შენ ამბობ, რომ უბედური და სასოწარკვეთილი ხარ. მაგრამ გინდა, რომ სხვა დედაც გააუბედურო?
– სხვა დედა? – გაკვირვებულმა გაიმეორა საბრალო ქალმა და მაშინვე გაუშვა ორივე ყვავილს ხელი.
– გამომართვი შენი თვალები – უთხრა სიკვდილმა, – ტბიდან ამოვკრიფე. იქ ისინი ძლიერ კაშკაშებდნენ. გამომართვი და ნათლად დაინახავ ყველაფერს. ჩაიხედე ამ ღრმა ჭაში და იმ ყვავილების სახელებს გეტყვი, რომელთა ამოგლეჯვასაც ახლა აპირებდი. ამ ჭაში ნებისმიერი მათგანის მომავალსა და მიწიერ ცხოვრებას დაინახავ.
დედამ ჭაში ჩაიხედა. რა საამო ყოფილა იმის ნახვა, თუ როგორი მადლიანი იყო ამ სამყაროსთვის ერთი ადამიანის ცხოვრება, რამდენი ბედნიერება და სიხარული მოჰქონდა მას გარშემომყოფთათვის. მაგრამ დედის ყურადღება უცებ მეორე ადამიანის ცხოვრებამ მიიპყრო. მისმა ტანჯვამ, გაჭირვებამ და უბედურებამ მწუხარება მოჰგვარა ქალს.
– ორივე მათგანის ბედი უფლის ნებაა – უთხრა სიკვდილმა.
– მითხარი, ამ ორი ყვავილიდან რომელი ეკუთვნის უბედურ და რომელი ბედნიერ სიცოცხლეს? – ჰკითხა ქალმა.
– ამას არ გეტყვი! მაგრამ იცოდე, რომ ერთი მათგანი სწორედ შენი შვილის ბედი იყო, რომლის მომავალიც ახლა დაინახე.
დედას საშინელი კვნესა აღმოხდა.
– რა ბედი ელოდა ჩემს შვილს? მითხარი! გადამირჩინე უმანკო ბავშვი! დაიფარე ჩემი შვილი უბედურებისაგან… ან უმჯობესია წაიყვანო ის უფლის სასუფეველში. დაივიწყე ჩემი ხვეწნა-მუდარა და ცრემლები, დაივიწყე ყველაფერი, რასაც ახლა მოვითხოვდი.
– ვერ გავიგე რა გინდა: დაგიბრუნო თუ წავიყვანო შენი შვილი უცნობ ადგილას?
დედა მუხლებზე დაეცა და ღმერთს შეევედრა:
– ნუ მომისმენ, უფალო, როცა შენი ყოვლადკეთილი ნების საწინააღმდეგოს ვითხოვ! ნუ მომისმენ… ნუ მომისმენ… ნუ მომისმენ…
უმწეოდ თავდახრილი დედა მწუხარედ იმეორებდა ამ სიტყვებს.
ბოლოს დედამ დაინახა თუ როგორ მიჰყავდა სიკვდილს მისი შვილი უცნობ ქვეყანაში.
სპეციალურად საიტისთვის თარგმნა ნინო ჯანაშვილმა
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s