იანულატოსი – ადამიანის უფლებების მართლმადიდებლური ხედვა

ანასტასიოს იანულატოსი, არქიეპისკოპოსი
ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მართლმადიდებლური ხედვა
არქიეპისკოპოსი ანასტასიოსი ათენის ნაციონალური უნივერსიტეტის „რელიგიების ისტორიის“ იმერიტასი[1] პროფესორი და თეოლოგიის ფაკულტეტის ყოფილი დეკანია, სადაც იგი ოცი წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს. გამოქვეყნებული აქვს 8 წიგნი და 150-მდე სტატია, რომელთა უმრავლესობა მრავალ ენაზეა თარგმნილი. იგი ამჟამად ტირანისა და სრულიად ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელია. არის აგრეთვე ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ცენტრალური კომიტეტის პრეზიდენტი.
უფლებადაცვით სფეროში მოღვაწე მრავალი ადამიანი, როგორც წესი, ამჯობინებს თავი აარიდოს რელიგიურ საკითხებზე საუბარს, მაგრამ როდესაც ადამიანის არსებობის საზრისის საკითხს ვეხებით, იძულებულნი ვხდებით „მეტაფიზიკურ“ დისკურსს მივმართოთ. ზოგიერთები კი, რომლებიც შესაძლებლად მიიჩნევენ ამ ორი სფეროს ურთიერთმიმართებას, საბოლოო ჯამში, მაინც ნეგატიურ პოზიციას იკავებენ (ამ ორი სფეროს ურთიერთიმართების საკითხისადმი. – დ. თ.).
ცნებების „პერსონის“ და „ადამიანური პიროვნების“ მნიშვნელობა
ყველა სხვა დეკლარაციის მსგავსად, ადამიანის უფლებების საყოველთაო (უნივერსალურ) დეკლარაციაში ნახსენებია „ადამიანური პიროვნების ღირსება“ (პრეამბულა) და პიროვნების „თავისუფალი და სრული რეალიზება“ (მუხლი 29). იდეა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკურმა ინსტიტუტებმა და სხვა სოციალურმა სტრუქტურებმა, რომლებიც ინდივიდის ცხოვრებას გამოხატავენ, უნდა აღიარონ ადამიანური პიროვნების ცნება, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც ადამიანების ცნობიერებაში თანდათან, ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესის შედეგად ჩამოყალიბდა. 1789 წელს ფრანგულ რევოლუციასთან ერთად ბურჟუაზიული კლასი სოციალური ცხოვრების ყველა ასპექტის განსაზღვრას რადიკალური ინდივიდუალიზმის საფუძველზე ცდილობდა. თუმცა ამას ინდივიდის სანუკვარი განთავისუფლების გზაზე შედეგი არ მოუტანია. პირიქით, საზოგადოების დაცვის სახელმწიფო პასუხისმგებლობა კოშმარული (nightmarish) ხარისხით გაიზარდა. ხალხის უფლებები და მოთხოვნები რეპრესიებს აწყდებოდა. რადიკალური ინდივიდუალიზმის ამ ფორმამ გზა გაუკვალა ფილოსოფიურ ლიბერალიზმს. ამან კი წმინდა ფორმალიზმი წარმოშვა, რომელმაც კანონი ეთიკისგან და საზოგადოება სახელმწიფოსგან განაცალკევა. ავტონომიის მორალურმა პრინციპმა საბოლოოდ მოახდინა ადამიანის ცხოვრების უფრო ღრმა ასპექტებისა და ადამიანური არსებობის მთავარი პრობლემების იგნორირება.
ლიბერალური ინდივიდუალიზმის იდეოლოგიამ პიროვნების ცნება, ძირითადად, იმისთვის გამოიყენა, რომ შეეზღუდა სახელმწიფოს აქტივობა და დაეცვა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სფეროები მისი (სახელმწიფოს) ჩარევისაგან. როგორც ამტკიცებდნენ, ადამიანი თავისუფალია აკეთოს ყველაფერი, რაც აკრძალული არ არის კანონით, სახელმწიფო კი ვალდებულია აღასრულოს ყოველივე ის, რისი აღსრულების დელეგირებაც მისთვის კანონმა დაადგინა [2]. თანამედროვე საზოგადოება ინარჩუნებს მზარდი პლურალიზმის ტენდენციას. ჩვენი საუკუნე ეძებს ახალ პრინციპს, რომელზეც შეძლებს სახელმწიფოს, კანონისა და ეკონომიკის დაფუძნებასა და განვითარებას. შედეგად, თანამედროვე საზოგადოება მიდრეკილია ადამიანები განიხილოს ინდივიდუალურ, ავტონომიურ მოცემულობებად, პიროვნებებად. თავიდან ჰუმანიზმმა ავტონომიის ცნება მორალურ და ინტელექტუალურ თავისუფლებას დაუკავშირა. სოციალურ-ეკონომიკურმა (სოციოეცონომიც) ლიბერალიზმმა იგივე არგუმენტი გამოიყენა სახელმწიფო ჩარევებისა და მისი აქტივობის შეზღუდვის საფუძვლად. მაგრამ მოვლენებმა აჩვენა, რომ სოციალურ-ეკონომიკურ ლიბერალიზმს არ აინტერესებდა ადამიანის რეალური საჭიროებანი, უფრო მეტიც, არც შეეძლო ამის გაგება.
მე-19 საუკუნის კლასობრივმა ბრძოლებმა და მე-20 საუკუნის სოციალურმა და პოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ უფრო წინ წასწია ადამიანის ფუნდამენტური თავისუფლება არა როგორც ლოგიკური იდეა, არამედ როგორც მორალური მოთხოვნა. ამრიგად, იმ უამრავი კრიზისის შედეგად, რომელსაც კაცობრიობა წააწყდა მე-20 საუკუნეში, პიროვნების იდეამ კიდევ ერთხელ იჩინა თავი როგორც ცენტრალურმა (pivotal) პრინციპმა, რომელიც სხვა პრიციპებს, – პოლიტიკურს, სოციალურს, ეთიკურსა და სამართლებრივს, – ჰარმონიული არსებობის საშუალებას აძლევს.
მე-20 საუკუნეში კაცობრიობა სოციალური ორგანიზაციის ორგვარი ფორმის ტირანიის ქვეშ მოექცა: დასავლეთის კაპიტალისტური მენტალობის, რომელმაც აგნოსტიკურ ინდივიდუალიზმს მისცა ბიძგი, და სხადასხვა ტიპის ტოტალიტარული რეჟიმებისა, რომელმაც ხალხი უსახელო ინდივიდების მასად აქცია, აშკარა თუ სხვადასხვა სლოგანებსა და გულუბრყვილო მესიანისტურ იდეოლოგიებს ამოფარებული დიქტატორობის საშუალებით.
დასავლეთევროპულმა ჰუმანიზმმა, თავისი ძალისხმევით ჩამოეყალიბებინა კაცობრიობის განვითარებასთან დაკავშირებული თეორიები, პიროვნების ცნება დააკავშირა ავტონომიურ ეთიკასთან ან წმინდად ჰუმანისტურ ფილოსოფიასთან. თუმცა თავად მნიშვნელობა და გამოცდილება პიროვნებისა ქრისტიანული თეოლოგიური აზროვნების, განსაკუთრებით კი ბერძენი მამების მიერ ჩამოყალიბდა. პიროვნების ცნება ყოველთვის იყო მთავარი კონცეპტი ადამიანურ ყოფიერებასა და საზოგადოებასთან დაკავშირებული პრობლემების გააზრების ნებისმიერი ორთოდოქსული მცდელობების დროს. მართლაც, ამ ცნებას უშუალოდ უკავშირებენ ორთოდოქსულ თეოლოგიას[3], და სიტყვებს „ჩვენს ხატად და მსგავსად“ მოიაზრებენ მითითებად ადამიანებზე როგორც პიროვნებებზე, არა ინდივიდუუმებზე[4].
პიროვნების განვითარება და განხორციელება
თვით საზოგადოების ცნება აშკარად გულისხმობს, რომ თითოეული პიროვნების უფლება დაკავშირებულია ყველა სხვა პიროვნების უფლებასთან. უფლებები და ვალდებულებები ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი. გარდა ამისა, ინდივიდუალური უფლებები ჰარმონიაში უნდა იყოს სოციალურ და პოლიტიკურ უფლებებთან. ადამიანის ღირსების პატივისცემა უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე უბრალოდ პასიური აღიარება სხვათა უფლებებისა, განსაკუთრებით სოციალური პლურალიზმის ერაში. ეს პატივისცემა ითხოვს აქტიურ ჩარევას ჩვენი მოყვასის (fellow human beings) ცხოვრების კრიტიკულ მომენტებში. ეს ნიშნავს მათთვის გულითადი დახმარების აღმოჩენას ადამიანური ცვლილებებისა და განვითარების კვალობაზე.
აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს „აღაპე“-ს (ბერძ. „სიყვარულის“) ქრისტიანულ გაგებას. მას ერთადერთს შეუძლია საზოგადოების ტრანსფორმირება ქვიშის ინდივიდუალური მარცვლების გროვიდან (სადაც ისინი ერთმანეთისგან იზოლირებულნი და ერთმანეთისადმი ინდიფერენტულნი არიან) ორგანულ მთლიანობად, რომლის უჯრედებიც ერთმანეთს ეხმარებიან ზრდაში. თითოეულ ადამიანს აქვს უფლება იყოს სიყვარულის ობიექტი საზოგადოების მხრიდან. თავად ღმერთმა, თავისი სიყვარულის ძალით მოგვცა ჩვენ ამის უფლება. იმისათვის, რომ ვიყოთ ჭეშმარიტად თავისუფალნი, თითოეულ ჩვენგანს უნდა უყვარდეს, რადგან სწორედ სიყვარულში ხორციელდება თავისუფლება. წმინდა სამების შესახებ ორთოდოქსულ დოქტრინაში პიროვნება და საზოგადოება ჰარმონიულადაა ერთმანეთთან დაკავშირებული: პიროვნება სრულად არის ინტეგრირებული საზოგადოებაში, თუმცა მისი მთლიანობა ასევე სრულად არის დაცული.
ჩვენს ეპოქაში, როცა ადამიანის უფლებების თაყვანისცემამ კერპთაყვანისმცემლობის ხარისხს მიაღწია, ქრისტიანული აზროვნება და ცხოვრების ქრისტიანული გამოცდილება მოუწოდებს ადამიანს ნებაყოფლობით შესწიროს მსხვერპლად საკუთარი „უფლება“ სიყვარულის გულისთვის. რასაკვირველია, ქრისტიანობა არავის ავალდებულებს ამის გაკეთებას, ეს მხოლოდ თავისუფალი არჩევანის საქმეა. სიყვარული ეს არის აქტიური არჩევანი, რომელიც სამართლებრივი კონსტრუქციების ვიწრო ჩარჩოების მიღმა ბრწყინავს. მოსეს რჯულისგან თუ ადამიანის მიერ შექმნილი სხვა ნებისმიერი კანონისგან განსხვავებით, სიყვარული თავისუფლებას ანიჭებს ადამიანს. პავლე მოციქული წერს: „სიყვარული რჯულის აღსრულებაა“ (რომ. 13:10).
პიროვნული ცნობიერება და მთლიანობა
ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სხვადასხვა დეკლარაციას, უდავოდ, ძალზე დიდი მნიშვნელობა (great importance) აქვს საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. ასევე სახელმწიფოს რეგულაციურ ფუნქციასაც გადამწყვეტი როლი ენიჭება. მაგრამ ჩვენს კომპლექსურ და რთულ საზოგადოებაში არსებობს ძალიან ბევრი მოხერხებული და ცინიკური გზა ამ უფლებების დარღვევისა თუ მათი დაცვისგან თავის არიდებისა. ადამიანები არ განიცდიან იმ საშუალებათა დეფიციტს, რომლის დახმარებითაც სხვებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობას იღებენ და ამ უსამართლობისგან ადამიანის უფლებების გამოგონებაც ვერ იცავს მათ. ადამიანის უფლებების დეკლარაციებს არ შეუძლიათ დაარწმუნონ ადამიანები ნებაყოფლობით განახორციელონ ცხოვრებაში მათი (ამ დეკლარაციების) მოწოდებანი. ის ფარისევლური მანერა, რომლითაც ადამიანის უფლებების საკითხს ეპყრობოდნენ საერთაშორისო დონეზე, ჩვენი საუკუნის ყველაზე ცინიკური ირონიაა.
გარდა ამისა, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი არ დაიყვანება მხოლოდ სახელმწიფოსა და მისი სტრუქტურების დონეზე, არამედ საზოგადოების ყველა ჯგუფის ქცევაზეც ვრცელდება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ არსებობს კერძო ინტერესები, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით ცდილობენ ადამიანის უფლებების გაუქმებას (abolish) სხვა ქვეყნებში.
პრობლემა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ მოვახდინოთ უკვე არსებული დეკლარაციების ტრანსფორმაცია ინტელექტუალური და ლეგალური კონსტრუქციებიდან ცხოვრებისეულ რეალობად. კანონს შეუძლია მხოლოდ დააფიქსიროს დარღვევისა და გამოვლენა ცოდვის ბუნება. მაგრამ კანონს არ შეუძლია მისი აღმოფხვრა.
ბოროტების ფესვი კი ადამიანის ანგარებაშია, რომელიც ყოველთვის პოულობს გზას კანონის დასარღვევად[5], რათა საკუთარ ეგოისტურ მიზნებს ემსახუროს. ყოველივე ეს კი მიგვითითებს პიროვნების ცნობიერებისა და მთლიანობის უზარმაზარ მნიშვნელობაზე, თუკი ვაპირებთ სხვათა უფლებების პატივისცემას. იმისათვის, რომ გამოვიყენოთ ჩვენი ლოგიკა და სათანადოდ განვახორციელოთ (გამოვხატოთ, დ. თ.) საკუთარი ნება, უწყვეტად უნდა განვიწმინდოთ საკუთარი გულები. ამ მხრივ ადამიანის რელიგიური რწმენისა და ნამდვილი, ჯანსაღი რელიგიური ცნობიერების კულტივაციას უმნიშვნელოვანესი როლის შესრულება შეუძლია. პიროვნული პასუხისმგებლობის ამ აზრის განვითარებით თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გახდეს მტკიცე მებრძოლი ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ, როგორც საზოგადოებაში, ასევე ჩვენს საკუთარ გულებში. ფილოსოფიურ ნატურალიზმზე დაფუძნებული მატერიალისტური თეორიები განსხვავდება ამ მიდგომისგან: ერთი მხრივ, მათი თეორიული წანამძღვრები ლოგიკური აუცილებლობით იმ დასკვნამდე მიდიან, რომ ადამიანები არ არიან თანასწორნი, რადგან უთანასწორობა ცხოველთა და მცენარეთა სამყაროშიც დომინირებს. მეორე მხრივ, ფსიქოლოგიურად, ისინი აქეზებენ ჩვენს პატივმოყვარე და ანგარებიან იმპულსებს, უგულებელიყოფა რა ამავე დროს თავისუფალი ნებიდან მომდინარე ყოველგვარი თავშეკავება.
შინაგანი თავისუფლებისკენ
ორთოდოქსულ ტრადიციაში თავისუფლების რეალიზება მიმართულია განსხვავებული, უფრო მაღალი სიბრტყისკენ: უპირველეს ყოვლისა, იგი მიმართულია შინაგანი სიმშვიდის მისაღწევად, რაც აუცილებელი პირობაა სრულად განვითარებული პიროვნებისთვის. თავისუფლების ეს ძიება ორთოდოქსულ-ქრისტიანული აზროვნებისა და ცხოვრების მთავარი მახასიათებელია, რომელიც ხაზს უსვამს ორთოდოქსიაში თვითკონტროლზე, საკუთარი მოთხოვნილებებისგან თავშეკავებაზე, მარხვაზე, ერთი სიტყვით, ასკეტური ცხოვრების წესზე ყურადღების გამახვილების საჭიროებას.
იმისათვის, რომ ადამიანები ნამდვილ, სრულ და თავისუფალ პიროვნებებად ტრანსფორმირდნენ და ფრაგმენტულ არსებებად არ დარჩნენ, დაცულნი უნდა იყვნენ საკუთარი ანგარებიანი ბუნებისაგან, იმ საფრთხისაგან, რასაც მათი საკუთარი ეგო წარმოადგენს. ქრისტიანული რეფლექსია მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებები დარღვევის საფრთხის წინაშეა არა მხოლოდ გარშემომყოფთაგან განხორციელებული ტირანიის შედეგად, არამედ მაშინაც, როცა საკუთარი თავის ტირანიას ვახდენთ, როდესაც ნებას ვაძლევთ უკონტროლო იმპულსებს, რომ გვმართონ. ამრიგად, ქრისტიანული აზროვნება ნათელს ჰფენს თვითგანადგურების იმ ეგზისტენციალურ უფსკრულს, რომელიც კაცობრიობას ემუქრება.
იმგვარი გაგების საწინააღმდეგოდ, რომლის მიხედვითაც „ჩემი უფლებები“ უპირობოა, ჩვენ კვლავ გვესმის ქრისტიანობის „ემანსიპაციური“ მოწოდება: იმისათვის, რომ მოიპოვო საკუთარი თავი (ცხოვრება), მსხვერპლად უნდა გაიღო იგი (შდრ., მათე 16:24). ამ სიტყვებით გამოხატული შეგნება დიამეტრულად საპირისპიროა იმ ხედვისა, რომლის მიხედვითაც „ჩემს უფლებებს“ აბსოლუტური ხასიათი აქვს, ვინაიდან იგი საკუთარი თავის ჯვარცმის თავისუფალ და ეგზისტენციალურ არჩევანს გულისხმობს. მსოფლიო მასშტაბით თანასწორობისა (equality) და ძმობის (brotherhood) უზრუნველყოფა მიიღწევა არა ჯვაროსნული ლაშქრობებით, არამედ ჯვრის თავისუფალი ტვირთვით.
პიროვნება, რომელსაც ორთოდოქსული ტრადიცია ჩვენი ცხოვრების სახედ და თანამედროვე მომხმარებლური ადამიანის ნიმუშად წარმოგვიდგენს, არ არის კმაყოფილი ბურჟუა (bourgeois) მაქსიმალურად დაცული ინდივიდუალური უფლებებით, რასაც თან ახლავს სოციალური რესპექტაბელობით განმსჭვალული ცხოვრება, არამედ ერთგვარი წმინდანი, მარტვილი, ასკეტია: ადამიანი, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი მისწრაფებებისგან ფულისადმი, ქონებისადმი, სახელისადმი (ძალაუფლებისადმი, დ. თ.) და რომელიც შინაგანი თავისუფლების სისავსეს განიცდის. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც „სულიწმინდის შთაგონებითა“ და „ქრისტესმიერი ცხოვრებით“ ცხოვრობს უგულებელყოფს საკუთარ ფიზიკურ სხეულს და მხოლოდ საკუთარი არსებობის უხორცო ელემენტზე ზრუნავს. პირიქით, ისინი აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ სოციალურ ცხოვრებაში და სული წმინდის ხელმძღვანელობით ეგოიზმის ყველა ფორმისგან საკუთარი თავის განთავისუფლებისკენ მიისწრაფიან. ცხოვრებისადმი ამგვარი მიდგომა შეუძლებელია კანონმა დაამკვიდროს. ეს არის პიროვნული თავისუფლების გამოხატულება, სიყვარულის გადმოღვრა ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი ქრისტესთვის. ეს მომდინარეობს იმ ნათელი შეგნებიდან, რომ ადამიანის ღმერთთან „მსგავსება“ სიყვარულში არსებული თავისუფლებით ვლინდება.
ამგვარ შინაგან თავისუფლებას აქვს ძალა საკუთარი თავის განმტკიცებისა არახელსაყრელ პირობებსა და იმ გარემოშიც კი, სადაც პატივისცემის ნატამალიც კი არ არსებობს ადამიანის უფლებებისადმი, – ციხეებში, საკონცენტრაციო ბანაკებში და ზოგადად მჩაგვრელი რეჟიმების დროს, – რადგან არანაირ გარეგან ძალას არ შეუძლია შეზღუდოს და გაანადგუროს იგი.
ჩემი მიზანი არ არის დავაკნინო ადამიანის უფლებების შესახებ ის საქებარი სიტყვები, რაც კი დაწერილა სხვადასხვა დროს. მინდა, უბრალოდ, აღვწერო ის, რასაც მართლმადიდებლობა მიიჩნევს „აუცილებლად, მართებულად და სათანადოდ“, – ანუ ბერძნულად „დეონ“ (საჭიროება, დ. თ.), – ადამიანთა მოდგმისათვის. ეს ორთოდოქსული „დეონ“-ი აღემატება ადამიანის უფლებების გაგებას, როგორც თავისი მასშტაბით, ასევე თავისი ძალმოსილებითაც.
ბერძნული სიტყვა, რომელიც ადამიანის უფლებების შინაარსის შემცველია, – „დიკაიომატა“, – ქრისტიანულ მსახურებაში უწყვეტად გამოიყენებოდა მოყოლებული ქრისტიანთა პირველი თაობებიდან. იგი ხშირად მეორდება ფსალმუნებში და ფსალმუნების გზით საეკლესიო ჰიმნოლოგიაშიც შევიდა, როგორც მითითება ღვთის დადგენილებებზე, კანონებზე და განგებაზე. 119-ე ფსალმუნი ამის კარგი მაგალითია: „შენი წყალობით, უფალო, სავსეა ქვეყნიერება. მასწავლე შენი წესდებანი“ (მუხლი 64), „წარიმართოს ჩემი გზები შენი წესდების დასაცავად“ (მუხლი 5). ამრიგად, ორთოდოქსული აზროვნება ადამიანურ დიკაიომატა-ს ღვთაებრივ დიკაიომატა-სთან კავშირში, ანუ სამართლიანობასთან, ჭეშმარიტებასთან და ღვთის სიყვარულთან ერთად განიხილავს, რამაც ხელი შეუწყო ინსტიტუტების, პრინციპებისა და ვალდებულებების დამკვიდრებას, რამაც ნოყიერი ნიადაგით უზრუნველყო ადამიანთა მოდგმა ადამიანის უფლებების დასაცავად.
უფლებები მომავალი თაობებისთვის
თვითშეზღუდვა (თვითკონტროლი) და ცხოვრების ასკეტური წესი დაკავშირებულია აგრეთვე კაცობრიობის ადგილის გაცნობიერებასთან უფრო ფართო, ორგანულ მთლიანობაში, – ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს სახით რომ გვაქვს მოცემული, – და იმის აღიარებისკენ, რომ ბუნებრივი რესურსების უგუნურად, მხოლოდ საკუთარი სარგებლობისთვის ხარჯვა, გაუმართლებელია.
როდესაც ადამიანის უფლებების შესახებ ვსაუბრობთ, როგორც წესი, იმ ადამიანების უფლებებს განვიხილავთ, რომლებიც ჩვენს ეპოქაში ცხოვრობენ. მაგრამ იმის ცოდნა, რომ ისტორია გრძელდება და ჩვენს ადგილას მომავალი თაობები მოვლენ, მათი უფლებებისადმიც უფრო მგრძნობიარენი უნდა გაგვხადოს: მათ ბუნების ყველა სიკეთის მიღებისა და ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრების უფლება აქვთ ჩვენს სამყაროში. მრავალი ისეთი პრობლემა, როგორიცაა გარემოს დაბინძურება, ზღვის წყლების დაბინძურება, ტოქსიკური საკვები და ენერგორესურსების წინდაუხედავი ფლანგვა, წარმოადგენს საკითხებს, რომლებიც ასევე უკავშირდება მომავალი თაობების უფლებებს.
ყველა ქმნილების უზენაესი უფლებაა გახდნენ იმის შესაფერისნი, რისთვისაც ისინი ღმერთმა შექმნა
და ბოლოს, მართლმადიდებელ ქრისტიანთა უმთავრესი იდეა არის ურყევი სიცხადე, რომ ადამიანი უნდა გარდაიქმნას იმ არსებად, რისთვისაც ის არის შექმნილი. ჩვენი უპირველესი უფლებაა განვახორციელოთ ჩვენი სიღრმისეული ბუნება და მადლის მეშვეობით გავხდეთ „ღვთის შვილნი“. თუკი ყველა სხვა სარგებელი, რისი უზრუნველყოფაც ჩვენთვის ცხოვრებას შეუძლია, ამ უფლების იგნორირებას მოახდენს, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ეგზისტენციისთვის, ეს ჩვენს დეზორიენტირებას გამოიწვევს და ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის მიმართ ინდიფერენტულს გაგვხდის: ქრისტიანული რწმენის კეთილი უწყება ჩვენს ყურადღებას უწყვეტად მიმართავს იმ ფაქტისკენ, რომ ადამიანებს აქვთ უფლება და ვალდებულება იმ ძალაუფლების გამოყენებისა, რომელიც მათ ღვთის მადლით მიეცათ, რათა დაძლიონ საკუთარი ცოდვილი ბუნება და სიკვდილი, მიაღწიონ „განღმრთობას“.
მართლმადიდებლურ-ქრისტიანული აზროვნება საშუალებას გვაძლევს უფრო ღრმად ჩავწვდეთ ადამიანის უფლებების მნიშვნელობას და გვანიჭებს უნარს გავაკეთოთ ყოველივე აუცილებელი, რათა ადამიანის უფლებათა დეკლარაციები მხოლოდ მშრალ, ლეგალისტურ დოკუმენტებად არ დარჩეს. ის ადამიანის უფლებებათა ფარგლების გაფართოებაშიც გვეხმარება, რათა მან სხვა არსებითი საკითხებიც მოიცვას, ისეთები, როგორიცაა საკუთარი ნამდვილი ბუნების პოვნა რეალიზაციისა და ცხოვრების მიზნის მიღწევის უფლება.
ქრისტიანებს ყოველთვის ექნებათ კრიტიკული პოზიცია ისტორიული მოვლენებისადმი. ისინი ბედნიერნი არიან, როდესაც კაცობრიობის სხვადასხვა სახის მიღწევებს ხედავენ, მაგრამ არასოდეს შეჩერდებიან უფრო არსობრივი მიზნების მიღწევის გზაზე. მათ კარგად იციან, რომ „ადამიანის უფლებათა ვერცერთი დეკლარაცია ვერ იქნება სრულყოფილი და ბოლომდე ეფექტური. ასეთი დეკლარაციები ყოველთვის იქნება ისტორიის იმ სპეციფიკური პერიოდების ეთიკური ცნობიერებისა და კულტურის ამსახველი, რომელშიც ისინი იქმნება“[6]. სწორედ ამ მიზეზით ქრისტიანები ფრთხილნი უნდა იყვნენ და ეცადნონ მათი საზოგადოების სამართლებრივი და პოლიტიკური სტრუქტურა უფრო მეტად მომცველი გახადონ მუდმივი რეფორმებისა და გადაფასებების საშუალებით.
თუკი ქრისტიანულ ეკლესიებს სურთ საკუთარი წვლილი შეიტანონ ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში, ისინი მხოლოდ კარგი ანალიზითა და სხვადასხვა სახის გაფრთხილებებით კი არ უნდა შემოიფარგლონ, არამედ რეალურად უნდა აღასრულონ საკუთარი დანიშნულება: იყვნენ მორალისა და სულიერი შთაგონების ცენტრები, სადაც ადამიანებს შეეძლებათ საკუთარი პიროვნების ფორმირება; იყვნენ უანგარო სიყვარულის ლაბორატორიები; ადგილი, სადაც უფლის სასუფეველია გამოვლენილი დედამიწაზე; ადგილი სადაც ადამიანის სიცოცხლის დონე ინდივიდთა კოლექტივებისგან (რომლებიც მხოლოდ ბიოლოგიურად თანაარსებობენ) „პიროვნებათა ურთიერთთანაზიარებისკენ“ (communion of persons) განიცდის ამაღლებას, ანუ იმისაკენ, რაც საკუთარ მოდელად უზენაეს რეალობას იღებს: წმინდა სამებას, რომლის დიდებაც უწყვეტად თაყვანისცემება ეკლესიების მიერ.
მართლმადიდებლობა ასაზრდოებს და განამტკიცებს განწყობას, რომელსაც შეუძლია ადამიანის მიღება ისეთისა, როგორიც ის არის, მისი თავისუფლების ღრმა პატივისცემითა და ქრისტიანული შეხედულებების თავსმოხვევის გარეშე. ეს აადვილებს კომუნიკაციას „სხვებთან“, მათი ჩათვლით, რომლებიც სხვა რელიგიის ან იდეოლოგიის მიმდევრები არიან. მართლმადიდებლობა აყალიბებს აგრეთვე ღრმა პატივისცემას ადამიანის უფლებებისადმი და წარმოშობს სხვებთან თანამშრომლობის წყურვილს ადამიანის უფლებების უნივერსალური აღიარებისა და მათი დაცვის მისაღწევად.
შენიშვნები:
[1] Emeritus – (გამოითქმის „იმერიტას“) გამოიყენება უნივერსიტეტის გადამდგარი პროფესორის წოდებაში მისი ღვაწლისა და დამსახურების აღსანიშნავად (Oxford Advanced Learner’s Dictionary of Current English, 7th edition, 2009). (მთარგმ.)
[2] იხ. G. Vlachos-ის ანალიზი: „The Sociology of Human Rights“ (in Greek). Athens, 1976.
[3] ორთოდოქსულ აზროვნებაში პიროვნების ცნებისთვის იხ.: I. Zizioulas. „From Mask to Person“, in „Festschrift Honor of the Metropolitan Elder of Chalcedon Meliton (in Greek), Thessaloniki, 1967.
[4] ამგვარი ანთროპოლოგია, რასაკვირველია, ძალზე განსხვავდება სხვა რელიგიური სისტემების ხედვისგან ადამიანის პიროვნებაზე. ბუდისტური სწავლების თანახმად, ადამიანი არის ანატტა („მე“-ს არმქონე), რომელიც მუდმივად იცვლის მენტალურ და ფიზიკურ მდგომარეობათა კომბინაციას, როგორებიცაა შეგრძნება და ცნობიერება. მაშინ, როცა სხვა რელიგიური და ფილოსოფიური სისტემები გარკვეულწილად შეზღუდულად წარმოაჩენს ადამიანის ღირსებას, ქრისტიანობა საუბრობს ღმერთის ინტერვენციაზე ისტორიაში და ეს პროცესი გრძელდება სამყაროსა და თითოეული ინდივიდის არსებობის მანძილზე სული წმინდის მოქმედების მეშვეობით.
[5] აქ, ალბათ, მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი სიამოვნებით დაიმოწმებდა (მის დროს რომ მომხდარიყო) ადამიანის ამგვარი ბუნების გამოვლენის დამადასტურებელ შესანიშნავ მაგალითს, რომელიც ახლახანს (2010 წლის ივლისში) დაფიქსირდა შვეიცარიაში. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყნის მოსახლეობამ რეფერენდუმის გზით დაუფარავად გამოხატა საკუთარი ნება, რომელიც სხვის რელიგიურ უფლებებს არღვევს. იხ. Switzerland Votes Against Religious Freedom: http://www.amnesty.org/en/news-and-updates/news/switzerland-votes-against-religious-freedom-20091130 (მთარგმ.).
[6] Human Rights (in Greek) Athens: Euthyni, 1977.
ინგლისურიდან თარგმნა დავით თინიკაშვილმა
Archbishop Anastasios (Yannoulatos). Facing the World: Orthodox Christian Essays on Global Concerns. Geneva, WCC Publications, 2003, p. 68-76.
პირველად გამოქვეყნდა:
იანულატოსი, ანასტასიოს. „ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მართლმადიდებლური ხედვა“, სოლიდარობა: საქართველოს სახალხო დამცველის პერიოდული გამოცემა # 4 (37), 2010, გვ. 79-84.
ტექსტი ასევე გადატანილია ვებ-გვერდზე:
http://kenozisi.ge/geo/adamianis-fundamenturi-uflebebis-martlmadidebluri-xedva/
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s