ბრაიან ტიერნი – რელიგიური უფლებები: ისტორიული პესპექტივა

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გაეროს რამდენიმე დოკუმენტში რელიგიის თავისუფლება ადამიანის უფლებად არის გამოცხადებული. ამ იდეალისადმი ერთგულება ყველა ძირითადმა ეკლესიამ გამოხატა. მაგრამ ყოველთვის ასე როდი იყო. როგორც ამას წინათ ერთ-ერთმა წამყვანმა მკვლევარმა აღნიშნა, “რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში რელიგიის ისტორიისთვის დამახასიათებელი იყო შეუწყნარებლობა და დევნა”. იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხშირად ქრისტიანები თვით ქრისტიანებისგან იდევნებოდნენ, და წერს: “ეჭვი არ არის, რომ რელიგია და თავისუფლება არ არიან ერთმანეთის ბუნებრივი მოკავშირეები”. ეს უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც რელიგიური უფლებების თანამედროვე იდეის ისტორიულ საფუძვლებზე ვმსჯელობთ.
დასავლეთის გამოცდილება, რაზედაც განსაკუთრებით მინდა შევჩერდე, გარკვეული აზრით სანიმუშოა, რამდენადაც სწავლება ადამიანის უფლებების შესახებ სწორედ ქრისტიანულ დასავლეთში წარმოიშვა. რა თქმა უნდა, ყველა მსოფლიო რელიგია საუბრობს სამართლიანობის იდეალზე და სამართლებრივ წესრიგზე ადამიანურ ურთიერთობებში, თუმცა, როგორც წესი, მათ სწავლებებში ეს იდეალები ადამიანის ბუნებრივი უფლებების კატეგორიებით არ გამოხატულა. თვით დასავლეთშიც კი ეს კონცეფცია დიდი ტანჯვა-ვაებით ჩამოყალიბდა. დღეს ჩვეულებრივ მოვლენას წამოადგენს იმის მტკიცება, რომ რელიგიური უფლებები ყველა დანარჩენი უფლების “ქვაკუთხედია”, როგორც ამას, მაგალითად, პაპი იოანე პავლე II ამბობდა. მაგრამ ისტორიული პერსპექტივის გათვალისწინებით ნათელი ხდება, რომ რელიგიური უფლებების შესახებ ყველაზე გვიან (ანუ სხვა სახის უფლებების ჩამოყალიბების შემდეგ) იწყება მსჯელობა.
ქრისტიანულ ეკლესიათაგან რომის კათოლიკური ეკლესია იყო უკანასკნელი, რომელმაც გულწრფელად აღიარა რელიგიური თავისუფლების პრინციპი. თუმცა ეს დაგვიანება დადებით მომენტსაც შეიცავდა, რადგან ამ ეკლესიის უმაღლესმა იერარქიამ შეძლო ამ სწავლების ყველაზე მეტად მომწიფებული და დასაბუთებული ვარიანტის ჩამოყალიბება. “დეკლარაცია რელიგიური თავისუფლების შესახებ” რომელიც მიღებულ იქნა ვატიკანის II კრებაზე და 1965 წელს გამოქვეყნდა, მყარ საფუძველს გვაძლევს ამ საკითხის განსახილავად:
“ვატიკანის მიმდინარე კრება აცხადებს, რომ პიროვნებას აქვს რელიგიის თავისუფლების უფლება. ეს თავისუფლება ნიშნავს ყოველი ადამიანის დაცულობას ცალკეული ინდივიდის, სოციალური ჯგუფისა და ნებისმიერი ადამიანური ძალადობისგან… რელიგიური თავისუფლების საფუძველი სწორედ პიროვნების ღირსებაშია, რომელიც შეიცნობა როგორც გამოცხადებით მოცემულ ღვთის სიტყვაში, ასევე თვით გონების მეშვეობით”.
დეკლარაციის ამ მონაკვეთში ამომწურავად არის საუბარი იძულებაზე, რომელიც არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან, არამედ “ადამიანური ძალადობისგანაც” მომდინარეობს. რელიგიური თავისუფლება განსაზღვრულია როგორც “უფლება”, როგორც პიროვნების ბუნებრივი უფლება. ასევე საინტერესოა, რომ ამ ბუნებრივ უფლებას, რომელიც ადამიანური გონებით შეიცნობა, საფუძველი ღვთაებრივ გამოცხადებაში აქვს და შესაბამისად ქრისტიანული სარწმუნოების განუყოფელი ნაწილია. დეკლარაცია შეიცავს მსუბუქ მინიშნებასაც, რომ ამგვარი მტკიცებები იმ რელიგიური ძალადობის პოლიტიკის საბოლოო უარყოფას წარმოადგენს, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ახორციელებდა კათოლიკური ეკლესია.
ჩემი ამოცანა, როგორც ისტორიკოსისა, იმის ახსნის მცდელობაა, თუ როგორ გავიარეთ ჩვენ მთელი ეს გზა – ერეტიკოსთა შევიწროებიდან რელიგიური თავისუფლების აღიარებამდე. სკეპტიკოსმა, რომელიც ქრისტიანული ეკლესიის ისტორიას გაეცნობა, შეიძლება თქვას, რომ შუა საუკუნეებში ქრისტიანული ეკლესია ერთს ნიშნავდა, 1965 წლიდან კი – მეორეს. უფრო თანაგრძნობით განმსჭვალული ადამიანი კი ალბათ დაეთანხმებოდა იმ აზრს, რომ ეკლესია დროის მსვლელობასთან ერთად მართლაც ცვლის თავის სწავლებას, ვინაიდან “მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება”, რაზედაც ვატიკანის II კრება საუბრობს, ჭეშმარიტების უფრო ღრმა გააზრებაში გვეხმარება, გააზრებაში, რომელიც თავიდანვეა უწყებული რელიგიათა დამფუძნებლების მიერ.
აზრი იმის შესახებ, რომ დროთა განმავლობაში მოცემული პრობლემის გაგება უფრო ღრმავდება და იხვეწება, სიახლესა და ისტორიული განვითარების მხოლოდ თანამედროვე გაგებას არ წარმოადგენს. მაგალითად, XIII საუკუნეში ფრანცისკანელი თეოლოგი პეტრე ოლივი რელიგიური ჭეშმარიტებების ახალი განმარტების აუცილებლობაზე წერს: “…და რაც მეტი დრო გადის, მით უფრო მეტი ინტენსივობით უნდა ხდებოდეს ეს განახლება”. მისი მასწავლებელი, წმ. ბონავენტურა კი ამბობდა, რომ წმიდა წერილში არსებული ჭეშმარიტების “მარცვლები” თანდათანობით მწიფდება ადამიანების გონებაში: “წმიდა წერილისა და მისი საიდუმლოებების გაგება მხოლოდ ისტორიული პროცესების არსის წვდომითაა შესაძლებელი”. ეს ადამიანები სულაც არ ამტკიცებდნენ, ღვთაებრივი ჭეშმარიტება ცვალებადიაო, მხოლოდ იმას გულისხმობდნენ, რომ დროთა განმავლობაში ადამიანი უფრო ღრმად წვდება წმიდა წერილს. ჩვენი აზრით კი, ამგვარი წვდომა შესაძლებელია სპეციფიკური ისტორიული გამოცდილების დაგროვების შედეგად, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ძალიან მწარე იყოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც რელიგიური უფლებების თემას ვეხებით.
ადრეული ეკლესია
პირველივე საუკუნეებიდან მოკიდებული ქრისტიანულ ტრადიციაში არსებობდა იდეები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იყო როგორც რელიგიური თავისუფლების შესახებ სწავლების განვითარება, ასევე დევნის პრაქტიკის დასაბუთებაც. თავად იესო საყოველთაო სიყვარულს ასწავლიდა (მთ. 5:44). იესომ უარი თქვა პოლიტიკური მესიის როლზე, როცა განაცხადა, რომ მისი მეუფება არ არის ამქვეყნიური (ინ. 18:36). საკუთარ მიმდევრებს მან თავისუფლების ახალი სახეობა შესთავაზა: “შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ” (ინ. 8:32). პავლეც საკმაოდ მჭევრმეტყველურად წერდა იმის შესახებ, რომ მტკიცედ უნდა ვიდგეთ იმ “თავისუფლებაში, რომელიც ქრისტემ მოგვანიჭა” (გალ. 5:1). თუმცა, თუკი რელიგიური თავისუფლების იდეალი დამახასიათებელი იყო ქრისტიანული აზროვნებისთვის, ამის შესახებ, რასაკვირველია, ყოველთვის ღიად როდი საუბრობდნენ. შეუწყნარებლობის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობდა იმ უპატივცემლობაში, რომლითაც ადრეული ქრისტიანები ეპყრობოდნენ ყველა სხვა რელიგიას, ასევე იმ დარწმუნებულობაში, რომ მხოლოდ ისინი იცნობენ ჭეშმარიტ ღმერთს და მხოლოდ ისინი ადგანან ცხონებისკენ მიმავალ ერთადერთ ჭეშმარიტ გზას, ყველა დანარჩენი კი, ვინც ეკლესიის გარეთაა, სამუდამოდ იღუპებიან.
მიუხედავად ამისა, საკუთარი გზის ჭეშმარიტების რწმენა სრულიადაც არ გულისხმობს იმას, რომ სხვები ძალით უნდა დავაყენოთ იმ გზაზე, რომელზედაც ჩვენ ვდგავართ. ადრეული ეკლესიის პერიოდში ქრისტიანები შემწყნარებლები იყვნენ სხვათა მიმართ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ თავადვე იყვნენ დევნის მსხვერპლნი. რა თქმა უნდა, სიტუაცია დრამატულად შეიცვალა მას შემდეგ, რაც იმპერატორები ქრისტიანები გახდნენ. იმპერატორმა კონსტანტინემ 313 წლის ედიქტით ოფიციალურად აღიარა როგორც ქრისტიანული ეკლესია, ასევე სხვა რელიგიები, “რათა ყველას შეძლებოდა ღვთისმსახურების აღსრულება თავისი სურვილისამებრ”. მოგვიანებით ქრისტიანმა იმპერატორებმა უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავეს არაქრისტიანული რელიგიების მიმართ. თუმცა IV საუკუნეში ისეთი ქრისტიანი აპოლოგეტები, როგორებიც იყვნენ ილარიონ პიქტავიელი და ლაკტანციუსი, ჯერ კიდევ იცავდნენ რელიგიური თავისუფლების პრინციპს. ამავე საუკუნის მიწურულს წმ. მარტინ ტურელმა მკაცრად დაგმო ეპისკოპოსთა ის ჯგუფი, რომლებიც ცდილობდნენ დაერწმუნებინათ იმპერატორი ერთ-ერთი პრისცილიანელი ერეტიკოსის დასჯის აუცილებლობაში. ყველაზე ნათლად რელიგიური თავისუფლების შესახებ ალბათ ლაკტანციუსს აქვს ნათქვამი: “რელიგიასთან მიმართებით აუცილებლად უნდა არსებობდეს თავისუფლება, რადგან ისე არაფერი განსაზღვრავს რელიგიას, როგორც თავისუფალი ნება, და დაუშვებელია ადამიანს მოეთხოვოს ღვთისმსახურება, თუკი მას ეს არ სურს”.
ეკლესიის მამათა წარმოდგენების მნიშვნელოვანი გარდაქმნა შეინიშნება ავგუსტინედან (354-430) მოკიდებული. 395 წელს ავგუსტინემ, როცა იგი ქალაქ ჰიპონიის (ჩრდ. აფრიკა) ეპისკოპოსი გახდა, აღმოაჩინა, რომ ამ რეგიონში ორთოდოქსებსა და ერეტიკოსებს (კერძოდ, დონატისტებს) შორის გამძაფრებულ საეკლესიო განხეთქილებებს ჰქონდა ადგილი. რელიგიური მტრობა ხშირად იწვევდა სხვადასხვა სახის უწესრიგობებსა და შეტაკებებსაც კი. რამდენიმე წლის განმავლობაში ავგუსტინეს ღრმად სწამდა, რომ მხოლოდ მშვიდობიან დარწმუნებას შეეძლო შედეგის მოტანა ანუ განხეთქილების დაძლევა, მაგრამ საბოლოოდ მან გაიზიარა თავისი თანამოსაგრე ეპისკოპოსთა თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც სხვაგვარად მოაზროვნეთა დასათრგუნად სამოქალაქო ხელისუფლებისადმი მიმართვა იყო საჭირო. როგორც ჩანს, ასეთი პოლიტიკის დასაცავად დაწერილი ავგუსტინეს ნაშრომები ეწინააღმდეგება მის ადრეულ ნაშრომებს, სადაც იგი რელიგიურ საკითხებში თავისუფლების აუცილებლობას ასაბუთებს, თუმცა ავგუსტინე ყოველთვის იმას ამტკიცებდა, რომ ერეტიკოსთა საცხოვნებლად მოქმედებდა. “უკეთესია გიყვარდეს სიმკაცრით, ვიდრე მზაკვრობდე თავზე ხელის გადასმით”, – წერდა იგი. ამართლებდა რა ძალადობას ერეტიკოსებთან მიმართებით, ავგუსტინე ეყრდნობოდა ერთ-ერთ სახარებისეულ იგავს მდიდარ ადამიანზე, რომელიც დიდი წვეულებისთვის ემზადებოდა. როდესაც წვეულნი არ მოვიდნენ, მასპინძელმა მსახურებს სხვა სტუმრების მოყვანა დაავალა. ხოლო, როცა მოახსენეს, კიდევ დარჩა სუფრასთან ადგილებიო, ბატონმა ბრძანა: “გადი გზებსა და შუკებში და ძალით მოიყვანე წვეულნი, რათა აივსოს ჩემი სახლი” (ლუკა 14:23).
ამრიგად, ავგუსტინესთვის სახელმძღვანელო პრინციპად იქცა სიტყვები “აიძულე მოსვლა” და არა “დაარწმუნე მოვიდნენ”, როგორც ეს არასწორად არის გადმოტანილი ახალი აღთქმის ზოგიერთ თარგმანში. ავგუსტინეს განმარტებით, ამ იგავში სტუმრები, რომლებმაც უარყვეს მოწვევა, იუდეველები არიან; წვეულებაზე მოსულნი – წარმართები, რომლებმაც ქრისტიანობა მიიღეს, ხოლო ისინი, რომლებიც ძალით უნდა ყოფილიყვნენ მოყვანილნი, – ერეტიკოსები, რომელთაც ეკლესია დატოვეს. ამიტომ მათ დასაბრუნებლად ძალის გამოყენება კანონიერად უნდა ჩათვლილიყო. ავგუსტინესადმი კეთილგანწყობილი ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ იგი უპირატესობას მაინც დისკუსიასა და დარწმუნების მეთოდს ანიჭებდა რელიგიურ კამათებში, მისთვის იძულების მიზანი იყო არა დასჯა, არამედ ერეტიკოსის დაბრუნება ჭეშმარიტ რწმენაზე. ისტორიკოსთა მეორე ნაწილი კი ავგუსტინეს “ინკვიზიციის პირველ თეორეტიკოსად” მიიჩნევს. ეჭვი არ არის, რომ ავგუსტინეს შეხედულებებმა უდიდესი გავლენა მოახდინა მთელ შუა საუკუნებზე, როცა ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ეკლესია რელიგიურად სხვაგვარად მოაზროვნეთა ჩაგვრის პოლიტიკას ახორციელებდა.
ბუნებრივი უფლებების იდეა
თანამედროვე მკვლევართა შორის არ არსებობს ერთიანი აზრი იმის თაობაზე, თუ როგორ წარმოიშვა სწავლება ადამიანის ბუნებრივი უფლებების შესახებ. მაგალითად, ჟაკ მარიტენის აზრით, ადამიანის უფლებების იდეა ყოველთვის დამახასიათებელი იყო იუდაურ-ქრისტიანული მოძღვრებისთვის ნებისმიერი პიროვნების ღირსებასა და ფასეულობასთან მიმართებით. საწინააღმდეგო თვალსაზრისს გამოთქვამს ლ. შტრაუსი. მან, თავისივე განცხადებით, ყურადღებით გააანალიზა ათეისტური ფილოსოფია თომას ჰობსისა, რომელსაც თანამედროვე უფლებადაცვითი თეორიების ფუძემდებლად თვლიდა. იგი მივიდა დასკვნამდე, რომ ბუნებრივი უფლებების შესახებ იდეა უცხო იყო მანამდე არსებული ყველა კლასიკური და ქრისტიანული ტრადიციისთვის. მოგვიანებით შტრაუსის მოწაფეებიც ამტკიცებდნენ, რომ ბუნებრივ უფლებათა იდეა შეუთავსებელია ქრისტიანულ სწავლებასთან. მაგრამ ეს თვალსაზრისი არ არის დამაჯერებელი, რადგან ჰობსამდეც არსებობდნენ ბუნებრივი უფლებების ქრისტიანი თეორეტიკოსები, მაგალითად, სუარესი და გროციუსი. შუალედური თვალსაზრისი, რომელმაც ფართო აღიარება მოიპოვა, გამოთქმული აქვს მიშელ ვილემს. იგი ამტკიცებდა, რომ ბუნებრივ უფლებათა იდეა ნამდვილად მომდინარეობს ქრისტიანული სწავლებიდან.
ბოლო გამოკვლევების თანახმად, ბუნებრივი უფლებების თეორიათა წარმოშობა XII საუკუნის ქრისტიანულ იურისპრუნდენციას უნდა დავუკავშიროთ, განსაკუთრებით ამ პერიოდის კანონისტების შრომებს. XII საუკუნე განახლების საუკუნე იყო აზროვნებისა და ცხოვრების მრავალ სფეროში. შეიქმნა ახალი სავაჭრო კავშირები, განვითარდა ახალი არქიტექტურა, ხელოვნება და ა. შ. რელიგიურმა აზრმა განსხვავებულად გაამახვილა ყურადღება ადამიანის პიროვნებაზე, პიროვნული ბრალეულობის ცნებაზე, პიროვნულ თანხმობაზე (მაგალითად, დაქორწინების დროს), ცალკეული ადამიანის სინდისზე.
XII საუკუნე იქცა იურისპრუდენციის აღორძინების ხანად, როდესაც აღდგენილ იქნა კლასიკური რომაული სამართალი და ეკლესიის კანონიკური სამართლის პირველი ადეკვატური კოდიფიკაცია განხორციელდა. ადამიანის უფლებებისადმი ინტერესმა კანონისტების დისკურსში ასახვა მაშინ პოვა, როდესაც მათ ჯუს ნატურალე-ს (ბუნებრივი სამართლის) ცნების განხილვა დაიწყეს. მათ ნაშრომებში ეს ცნება ზოგჯერ სუბიექტური მნიშვნელობით განისაზღვრებოდა, როგორც ცალკეული ადამიანისთვის დამახასიათებელი ძალა და უნარი. მიიღეს რა ამოსავალ წერტილად ამგვარი სუბიექტური განსაზღვრება, კანონისტებმა ბუნებრივ უფლებებზე სხვადასხვა წარმოდგენა განავითარეს. 1250 წელს პაპი ინოკენტი IV წერდა, რომ საკუთრების უფლებას ბუნებრივ სამართალში აქვს საწყისი და რომ ურჯულოებიც კი პატივს სცემენ ამ უფლებას საკუთარი მმართველობის (ხელისუფლების) ჩამოყალიბების უფლებასთან ერთად. სხვა ბუნებრივი უფლებები, რომლებიც XIII საუკუნეში ჩამოყალიბდა, იყო თავისუფლების, თვითდაცვისა და გლახაკი ადამიანების უფლება – თავი მდიდარი ადამიანების დახმარებით გაეტანათ. ნიშანდობლივია, რომ ამ დრომდე რელიგიური უფლებების შესახებ კონცეფცია არ არსებობდა.
დაახლოებით 1300 წლისთვის ჩამოყალიბდა ნატიფი იურიდიული ენა, რომლის საშუალებითაც უკვე შესაძლებელი გახდა ბუნებრივ უფლებათა შესახებ დოქტრინის გამოთქმა. შემდეგი ნაბიჯი იყო სამართლის იურიდიული იდეის შეღწევა პოლიტიკურ ფილოსოფიაზე დაწერილ ნაშრომებში. აქ მართლაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უილიამ ოკამმა. იგი ადრეულ კანონიკურ ტრადიციას ეყრდნობოდა, თუმცა მასზე შორს წასვლაც მოახერხა. ოკამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დამსახურება ის იყო, რომ მან სახარებისეული თავისუფლების ბიბლიური იდეა ბუნებრივი უფლებების შესახებ დოქტრინად გარდაქმნა. თუკი ქრისტიანულ თავისუფლებაზე მსჯელობისას პავლეს ცოდვისგან ან ძველი აღთქმის რჯულისგან თავისუფლება ჰქონდა მხედველობაში, ოკამმა პავლეს შეხედულებები იმისთვის გამოიყენა, რომ ტირანიული მმართველობისგან თავისუფლების შესაძლებლობა დაესაბუთებინა, განსაკუთრებით ეკლესიის შიგნით. იგი წერდა, რომ თვით პაპსაც კი არ შეუძლია დაარღვიოს “უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც ღმერთმა და ბუნებამ მიანიჭა ადამიანს”.
შემდეგ უილიამ ოკამის იდეები XIV ს-ის მიწურულს ცნობილმა თეოლოგმა ჟან ჟერსონმა განავითარა. იგი ამტკიცებდა, რომ ქრისტეს რჯული თავისუფლების რჯულია. ის წუხდა, რომ მის თანამედროვე ეკლესიაში მსგავსი არაფერი შეიმჩნევა, რომ, პირიქით, ქრისტიანები იტანჯებიან მათთვის შემოღებული კანონებისა და წესების ტვირთის გამო, რომლებსაც ადამიანები – ეკლესიის იერარქები – ადგენენ (აქ ალბათ გაგვახსენდება ფარისევლებისადმი მიმართული ქრისტეს სიტყვები: “…კრავენ ტვირთს მძიმეს და ძნელად სატარებელს და დებენ კაცთა მხრებზე, ხოლო თავად თითითაც არ სურთ მისი დაძვრა”, მთ. 23:4. _ მთარგმ.). შეუჯერა რა პავლეს სწავლება ქრისტიანული თავისუფლების შესახებ საკუთარ იდეას ბუნებრივი უფლებების თაობაზე, ჟერსონი ამტკიცებდა, რომ ქრისტიანის მთავარი ვალდებულებაა თავისუფლად, ყოველგვარი იძულების გარეშე იღებდეს წმიდა წერილის ღვთივგამოცხადებულ რჯულსა და ბუნებრივ რჯულსაც, რომლის განსაზღვრა მის გონებასა და სინდისს ძალუძს. ზოგჯერ ჟერსონის მსჯელობები თითქმის თანამედროვე ჟღერადობას იძენს და მოგვიანებით მისი იდეები მართლაც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ბუნებრივი უფლებების თეორიის ჩამოყალიბების პროცესში. ეს იდეები XVI ს-ის ესპანელი სქოლასტიკოსების მეშვეობით გავრცელდა, განსაკუთრებით ამერიკელ ინდიელთა უფლებების გამო გაჩაღებული პოლემიკის დროს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჟერსონი ქრისტიანთა უფლებებს მხოლოდ ეკლესიის შიგნით იცავდა; მას არასოდეს მოსვლია თავში მოსაზრება, რომ ერეტიკოსებსაც შეიძლება ჰქონდეთ თავისი უფლებები ეკლესიასთან მიმართებით.
რელიგიური უფლებების წარმოშობა
შუა საუკუნეებში რელიგიური დევნა სამართლიანად და აუცილებლად მიიჩნეოდა. არავინ ფიქრობდა იმას, რომ “ეკლესიის თავისუფლებაში” შესაძლოა მოაზრებული ყოფილიყო თითოეული ქრისტიანის სინდისის თავისუფლება. XVI საუკუნის რეფორმაციამ ახალი ისტორიული კონტექსტი შექმნა, რომელშიც ეს საკითხი ახლებურად იქნა გააზრებული ქრისტიანული სწავლების განახლებული გაგების ფონზე.
ამგვარი ცვლილების მიზეზი არ ყოფილა პირველი დიდი რეფორმატორების კონკრეტული მოძღვრებები. თავისი კათოლიკე ოპონენტების მსგავსად ლუთერიც, კალვინიც, ბულინგერიც და მელანქტონიც იზიარებდნენ თავისი დროის შეხედულებას, რომლის თანახმადაც ერეტიკოსთა შევიწროვება და განადგურებაა საჭირო. ასე რომ, რელიგიური თავისუფლება სხვადასხვა გარემოებათა და მიზეზთა დამთხვევის წყალობით წარმოიშვა, არავინ გეგმავდა მის შემუშავებას მიზანმიმართულად. 1500-დან 1700 წლამდე პერიოდში ამგვარ მიზეზთა ახალი ჯაჭვი წარმოიშვა. ევროპას მრავალი უკიდურესად დამღუპველი რელიგიური ომის გადატანა მოუწია, რამაც ერთმანეთთან მოქიშპე უამრავი რელიგიური დაჯგუფება და სექტა წარმოშვა. საბოლოოდ კი ჩამოყალიბდა ნაციონალური სახელმწიფოები, რომლებსაც შეეძლოთ ლოიალობა მოეთხოვათ სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მიმდევარ საკუთარ ქვეშევრდომთაგან. მაგრამ ამ შედეგის მიღწევამდე რელიგიურ ჯგუფებს ხანგრძლივი დევნის ატანა მოუხდათ სხვადასხვა ქვეყანაში: ჰუგენოტებს – საფრანგეთში, კათოლიკეებსა და პურიტანელ სეპარატისტებს – ინგლისში, ლუთერანებს – გერმანიის კათოლიკურ საგრაფოებში, ხოლო მათ, ვინც კათოლიკურ ორთოდოქსიას ეწინააღმდეგებოდნენ, – ესპანეთში.
თითოეულ ამ ქვეყანაში დევნილები ითხოვდნენ შემწყნარებლობა გამოეჩინათ მათი მრწამსის მიმართ. თუმცა თავიდან ეს მოთხოვნები სულაც არ ეფუძნებოდა რელიგიური თავისუფლების პრინციპს, როგორც ასეთს: ჯერ კიდევ ბუნებრივად მიიჩნეოდა ხელისუფლის უფლება და ვალდებულება დაესაჯა “მცდარ” რელიგიურ გზაზე მდგომნი. ამ დროს, უბრალოდ, თითოეული რელიგიური ჯგუფი დარწმუნებული იყო იმაში, რომ მხოლოდ მასთან არის ჭეშმარიტება.
XVI საუკუნის შუა ხანებიდან უკვე ისმის ხმები ნამდვილი რელიგიური თავისუფლების დასაცავად. პროტესტანტულ ჯგუფებს შორის ანაბაპტისტები და ბაპტისტები ყოველთვის გმობდნენ იძულებას რელიგიურ საკითხებში. მაგალითად, სებასტიან კასტელიონი წერს ტრაქტატს სათაურით “უნდა იდევნებოდნენ თუ არა ერეტიკოსები”, სადაც პირველი ვრცელი არგუმენტაციაა მოცემული სინდისის თავისუფლების დასაცავად.
ძველი მსჯელობები იმის შესახებ, რომ საერო ხელისუფლება არ უნდა აკონტროლებდეს ეკლესიას, ახლა უკვე იმას ნიშნავდა, რომ საერო ხელისუფლებას არ აქვს არავითარი უფლება ერეოდეს მოქალაქეთა მიერ რელიგიის არჩევის საკითხში. პროტესტანტული წიაღიდან გამოსული სხვაგვარადმოაზროვნენი ხშირად აღნიშნავდნენ, საერო ხელისუფლება ისევე შეიძლება ცდებოდეს, როგორც პაპი ან ეპისკოპოსიო. უილიამ უოლვინი აღნიშნავდა: “მდევნელი შეიძლება ცდომილებაში იმყოფებოდეს, ხოლო დევნილი ჭეშმარიტებაში”. სხვა არგუმენტის თანახმად, რომელიც ხელისუფლების მხრიდან რელიგიაზე ზეწოლის წინააღმდეგ არის მიმართული, პროგრესი ღვთაებრივი გამოცხადების გაგებაში შეიძლება მიღწეული იქნეს მხოლოდ თავისუფალი და არგუმენტირებული დისკუსიის საშუალებით. როდესაც მილტონი “თავად რეფორმაციის რეფორმირების~ შესახებ წერდა, ის, პირველ ყოვლისა, ბეჭდური სიტყვის თავისუფლებას მოითხოვდა. როგორც ზემოთ ვნახეთ, შუა საუკუნეებში მოღვაწე თეოლოგები იმ აზრამდე მიდიოდნენ, რომ საუკუნეთა განმავლობაში ადამიანური შეგნება თანდათანობით პროგრესს განიცდიდა წმიდა წერილის გაგების საკითხში. ახლა კი იგულისხმებოდა, რომ ამ პროგრესს აზროვნებისა და გამოხატვის თავისუფლება სჭირდებოდა.
XVII საუკუნის დასასრულს რელიგიური უფლებების საკმაოდ ადეკვატური თეორიები ჩამოყალიბდა. მაგრამ მათ განხორცილებას უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ჩამოყალიბებას. XVIII საუკუნისთვის რელიგიური დევნა უფრო სპორადულ ხასიათს იღებს, თუმცა მხოლოდ XIX საუკუნის ლიბერალური რევოლუციების შემდგომ დაიმკვიდრა რელიგიის თავისუფლების იდეამ თავისი ადგილი დასავლეთის სახელმწიფოების კონსტიტუციებში და მხოლოდ XX საუკუნეში გამოაცხადეს ძირითადმა ქრისტიანულმა ეკლესიებმა რელიგიური უფლებები ქრისტიანული რწმენის განუყოფელ ნაწილად.
დასკვნა
სისასტიკით განმსჭვალული ასწლეულების შემდეგ დასავლეთ ევროპაში თანდათან გააცნობიერეს, რომ სხვადასხვა რელიგიური მრწამსის ადამიანების მიმართ თუ კეთილგანწყობა არა, მოთმენა მაინც არის საჭირო. თუმცა ყველაზე მთავარი რელიგიურ თავისუფლებაში იმ იდეალის დანახვაა, რომელიც ყოველთვის იყო ტრადიციული რწმენის შინაგანი მახასიათებელი. და ჩვენთვის საინტერესოა, თუ რამდენად აქტუალურია ეს დასავლეთქრისტიანული გამოცდილება მსოფლიოსთვის, სადაც ამდენი კულტურა და რელიგიაა.
ზოგიერთი კრიტიკოსი გამოთქვამს აზრს, რომ ადამიანის უფლებების, მათ შორის რელიგიური უფლებების, თაობაზე ყოველ ახალ თამამ განცხადებას ეს დასავლური გაგებანი (ცნებები) საყოველთაო ღირებულებებამდე აჰყავს, შემდეგ კი ყოველგვარი დათქმების გარეშე იგულისხმება, რომ ამგვარი ღირებულებები სხვა საზოგადოებებისთვისაც რელევანტური და ღირებულია, მათი ისტორიისა და კულტურებისგან დამოუკიდებლად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიიჩნევა, რომ ეს, უბრალოდ, დასავლური შოვინიზმის კიდევ ერთი სახეობაა. მეორე მხრივ, აშკარაა, რომ მთელი მსოფლიო მზად არის მიიღოს დასავლური კულტურის გარკვეული ასპექტები, განსაკუთრებით კი დასავლური ტექნოლოგიები. ამასთან დაკავშირებით ვოლფგანგ ჰუბერი აცხადებს, რომ დასავლეთის მხრივ ზედმეტი თავდაჯერებულობა იქნებოდა საკუთარი მატერიალური კულტურის ექსპორტირება მოეხდინა მთელ მსოფლიოში და ამავდროულად იმ აზრზე მდგარიყო, თითქოს დანარჩენ საზოგადოებებს არ შეუძლიათ დასავლური იდეალების დაფასება ან რაიმეს სწავლა დასავლური გამოცდილებიდან.
შეიძლებოდა აღგვენიშნა, რომ, მართალია, ტექნოლოგია პროდუქტია დასავლეთის კულტურული ევოლუციისა, რომელიც რამდენიმე საუკუნეს გრძელდებოდა, მაგრამ ტექნოლოგიის ნაყოფთა _ კომპიუტერის ან შიდა წვის ძრავის _ წარმოება თავისუფლად არის შესაძლებელი სრულიად განსხვავებული კულტურული ტრადიც–ების საზოგადოებებში. რა თქმა უნდა– სიტუაცია რთულდება მაშინ, როცა დასავლეთის რელიგიურ გამოცდილებას მივმართავთ. რაღაც მატერიალურის ექსპორტირება გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე თავისუფლების იდეალებისა. თუმცა ეჭვი არ არის, რომ აღმოსავლეთთან დასავლეთის ურთიერთობის ამ სფეროში არ შეიძლება მხოლოდ ცალმხრივი დინება არსებობდეს. არაძალადობის პრაქტიკის სწავლა, – ან ხელახლა სწავლა, – დასავლეთს ინდოეთისგან, მაჰათმა განდისგან მოუწია. თანამედროვე დასავლური იდეები, რომლებიც გარემოსადმი და ცხოვრების ყველა სახესხვაობისადმი (რელიგიური იდეების ჩათვლით) პატივისცემით მოპყრობას გულისხმობს, ნაწილობრივ ბუდისტური აზროვნების გავლენით ყალიბდება. არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ამა თუ იმ აზიურ ან აფრიკულ საზოგადოებაში რელიგიური უფლებების ინსტიტუციონალიზაციის დასავლურ მეთოდთა ზუსტი კოპირება მოხდება, მით უფრო, თუ იმ გარემოებასაც გავითვალისწინებთ, რომ თვით დასავლეთის სხვადასხვა ქვეყანაშიც კი ამგვარი ინსტიტუციონალიზაციისთვის მიღებული ზომები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან.
მიუხედავად ყოველივე ამისა, მდგომარეობა, რომელშიც დღეს იმყოფება მსოფლიო, გვაძლევს იმ ვარაუდის საფუძველს, რომ დასავლეთის მიერ ასეთი დიდი სიმწარით გათავისებული გაკვეთილები მართლაც მიღებულ იქნეს მსოფლიოს დანარჩენი ნაწილის მიერ. რიგ ქვეყნებში რელიგიური უმცირესობები ჯერ კიდევ აშკარად იდევნებიან ან, უკეთეს შემთხვევაში, მოკლებულნი არიან ყველა სამოქალაქო უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. რელიგიური ფუნდამენტალიზმის ახალი ფორმები ყველა იმ ადამიანის სიძულვილსა და შიშს იწვევს, ვინც რჩეული ჯგუფის მიღმა იმყოფება. ბევრ რეგიონში, ჩრდილოეთ ირლანდიიდან შრი ლანკამდე, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში, ისლამური სამყაროს ზოგიერთ რეგიონში, რელიგიური მტრობა ეთნიკურ სიძულვილთანაც არის შერწყმული, რაც ფეთქებადსაშიშ ვითარებას ქმნის. ამგვარ ძალადობრივ ქმედებათა სპექტრი ცალკეულ მკვლელობებს თუ მასობრივ ხოცვა-ჟლეტას, შემდეგ კი აშკარა სამოქალაქო ომებსაც გულისხმობს. თანამედროვე სამყაროში რელიგიური კონფლიქტი საყოველთაო უწესრიგობის ძირითადი მიზეზია. რელიგიური უფლებების აღიარება აუცილებელია, თუკი ჩვენ ნამდვილად გვსურს ოდესმე ნორმალურ მსოფლიო წესრიგს მივაღწიოთ.
შესაძლოა ერთადერთი გამოსავალი ჩვენი რელიგიური ტრადიციების წყაროებთან (ფუნდამენტთან) მიბრუნება იყოს. საუბრობენ რა რელიგიურ უფლებებზე, თანამედროვე ქრისტიანები ამ გაგებას ადამიანის, ვითარცა უფლის ქმნილების, ღირსებაზე აფუძნებენ; თუმცა მუჰამედიც ამბობდა: “ჭეშმარიტად, ყველა ადამიანი იმსახურებს პატივისცემას”. იესომ მცნებად დაგვიტოვა მტრების სიყვარული, ხოლო გაუტამა ბუდა აცხადებდა: “სიძულვილის დაძლევა შესაძლებელია არა სიძულვილით, არამედ მხოლოდ სიყვარულით”. ყველა მსოფლიო რელიგიის დამფუძნებელი ქადაგებდა პატივისცემასა და თანაგრძნობას ყველა ადამიანის მიმართ და სწორედ ეს არის ყველაზე საუკეთესო არგუმენტი რელიგიური თავისუფლების სასარგებლოდ. ხშირად შემთხვევითი ისტორიული გარემოებები ხელს უშლის ადამიანს სწორად გაიგოს ის თავდაპირველი გამოცხადება და ინტუიცია, რომლებიც ჩვენი რელიგიური ტრადიციების საფუძველში დევს. იქნებ საუკეთესო წამალი ჩვენი ეპოქის ფსევდოფუნდამენტალიზმის გამოვლინებათა წინააღმდეგ სწორედ ჭეშმარიტი ფუნდამენტალიზმია, ანუ მსოფლიო რელიგიათა დამფუძნებლების სიტყვების, სულისკვეთებისა და ქცევებისაკენ მიბრუნება?
თარგმნა დავით თინიკაშვილმა
პირველად გამოქვეყნდა:
ტიერნი, ბრაიან. რელიგიური უფლებები: ისტორიული პერსპექტივა“, სოლიდარობა: საქართველოს სახალხო დამცველის პერიოდული გამოცემა N3(30), 2009, გვ. 91-99.
სტატია გადატანილია სახალხო დამცველის ოფისის ტოლერანტობის ცენტრის ვებ-გვერდზე:
http://tolerantoba.ge/index.php?id=1281619837&kat=269
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s