კლაივ ლუისი – ლოცვის ძალა

კლაივ სტეპლზ ლუისი დაიბადა 1898 წლის 29 ნოემბერს ბელფასტში, მრეცხავის ოჯახში.
ადრეულ ასაკში გამოიჩინა ინტერესი მითოლოგიისა და ლიტერატურის მიმართ, რასაც ხელს უწყობდა და ავითარებდა მისი მასწავლებელი უ. ტ. კერკპატრიკი, რომლისგანაც ის კერძო გაკვეთილებს იღებდა 1914-1917 წლებში. 1917 წელს შევიდა ოქსფორდის უნივერსიტეტში, მაგრამ მალე ომში წავიდა, სადაც დაჭრეს. გამოჯამრთელების შემდეგ დაბრუნდა ოქსფორდში, დაასრულა სწავლა და ოცდაათი წელი ასწავლიდა ინგლისურ სიტყვებსაც წმ. მაგდალინას კოლეჯში.
თავის მეგობრებთან და კოლეგებთან ჯ.რ.რ. ტოლკიენთან და ჩ. უილიამსთან ერთად დააარსა უნივერსიტეტში მოღვაწეთა წრე, რომლებიც თავიანთ თავს უწოდებდნენ „ინკლინგებს“. 1954 წელს ლუისი სამუშაოდ კემბრიჯში გადავიდა, სადაც მიიღო კათედრა და დაიკავა პროფესორის თანამდებობა; 1955 წელს გახდა ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
როგორც მეცნიერი, იგი ცნობილია გამოკვლევებით შუასაუკუნეების ინგლისური ლიტერაურის შესახებ, ხოლო როგორც ღვთისმეტყველი – შრომებით, რომლებშიც ქრისტიანობა განმარტებულია იმ ადამიანის თვალთახედვით, რომელმაც ბავშვობაში დაკარგა რწმენა და მას დაუბრუნდა უკან შუახნის ასაკში. მისი პირველი ლიტერატურული პუბლიკაცია იყო პოეტური კრებული „დამძიმებული სული“ (1919). პირველი ქრისტიანული ტრაქტატი „ტანჯვა“ დაწერა მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში. იმ დროს ეკლესიები მოულოდნელად გაივსო ხალხით და ლუისს ხშირად იწვევდნენ ხან მფრინავებთან, ხან რადიოში არა როგორც ფილოლოგს, არამედ როგორც მქადაგებელს.
ქართულ ენაზე თარგმნილია მისი ნაშრომი „უბრალოდ ქრისტიანობა“ და ქრისტიანული სულიერებით გამსჭვალული ზღაპრების კრებული „ნარნიას ქრონიკები“.
ლუისი მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას სამაგალითოდ მიიჩნევდა: „ზოგი ზის, ზოგი მუხლზეა დაჩოქილი, ზოგი უბრალოდ დგას, ვიღაცა დადის და ამას არავინ აქცევს ყურადღებას. მართლაც გონივრული და ქრისტიანულია. ეკლესიისთვისაც კარგი წესია – „სხვის საქმეში ცხვირი არ ჩაყო“.
ლუისი იყო კვებეკის და მანჩესტერის უნივერსიტეტების ლიტერატურის დოქტორი, დიჟონისა და ლიონის უნივერსიტეტების ლიტერატურის საპატიო დოქტორი, ოქსფორდის წმ. მაგდალინას კოლეჯისა და კემბრიჯის საუნივერსიტეტო კოლეჯის საბჭოს საპატიო წევრი. 1948 წელს გახდა სამეფო ლიტერატურული საზოგადოების წევრი; 1957 წელს გადაეცა კარნეგის ფონდის საპატიო ჯილდო.
კლაივ ლუისი გარდაიცვალა 1963 წლის 22 ნოემბერს.
რამდენიმე წლის წინ დილაადრიანად სადალაქოში შესვლა დავაპირე, რადგან იმ დღეს ლონდონში უნდა გავმგზავრებულიყავი. მაგრამ პირველივე მიღებული წერილიდან შევიტყვე, რომ ლონდონში ჩემი წასვლა საჭირო აღარ იყო. გადავწყვიტე, თმის შეჭრაც სხვა დროისთვის გადამედო. მაგრამ მოულოდნელად გონებაში ვიღაცამ დაჟინებით ჩამძახა, თითქმის ხმამაღლა: „წადი დალაქთან…“ ამ ხმას ვერ შევეწინააღმდეგე. წავედი. ჩემს დალაქს უამრავი პრობლემა ჰქონდა და ზოგჯერ მეც ვეხმარებოდი ხოლმე. სადალაქოს კარის გაღება ვერ მოვასწარი, რომ შესძახა: „ო, როგორ ვლოცულობდი, რომ მოსულიყავით!“ და მართლაც, ერთი დღითაც რომ დამეგვიანა, ვეღარაფრით ვუშველიდი.
ამან შემძრა; ახლაც განცვიფრებული ვარ. რა თქმა უნდა, ეს უეჭველ საბუთად არ გამოდგება. ხომ ხდება დამთხვევა! ტელეპათიაც არსებობს, ალბათ…
თავს ვადექი კიბოსგან თითქმის შეჭმულ ავადმყოფს. სამ კაცს ერთდროულად თუ შეეძლო მისი ოდნავ ამოძრავება. ექიმები რამდენიმე თვის სიცოცხლეს წინასწარმეტყველებდნენ, მედდები (რომლებმაც ყოველთვის ყველაფერი უკეთ იციან) – მხოლოდ რამდენიმე კვირისას. ერთმა კეთილმა კაცმა კი მისთვის ილოცა… გავიდა წელი. როგორც ჩანს, ავადმყოფი განიკურნა… თუ რა მოხდა, არ ვიცი, ყმაწვილივით დადიოდა ქუჩაში. „არა, არა ეს უბრალოდ სასწაულია!“ – ამბობდა ამაზე რენტგენოლოგი.
ეგებ ასეც არის, მაგრამ როგორ გინდა ეს დაამტკიცო. ყველა მედიკოსი თანხმდება, რომ მედიცინა ზუსტ მეცნიერებებს არ განეკუთვნება. სამედიცინო პროგნოზები სასწაულების გარეშეც ხშირად ვერ მართლდება. ერთი სიტყვით, თუკი გსურთ, უფლება გაქვთ, არ ირწმუნოთ კავშირის არსებობა ლოცვასა და განკურნებას შორის.
ისმის კითხვა: „როგორი ფაქტია უეჭველი?“ პასუხი რთული არ არის: მეცნიერებისგან განსხვავებით, აქ ფაქტები არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს.
ზოგიერთი მოვლენა ჩვენი ერთგვაროვანი გამოცდილებით მტკიცდება. მიზიდულობის ძალა კანონია, რაკი არავის უნახავს, რომ რომელიმე სხეული მას არ ემორჩილებოდეს… მაგრამ ვთქვათ და აღსრულდა ყველაფერი, რაზეც ხალხი ლოცულობს, მაინც ვერანაირად დამტკიცდება ის, რასაც ლოცვის ძალას უწოდებენ. ლოცვა – ეს არის ვედრება, თხოვნა. თხოვნის არსი კი ბრძანებისგან განსხვავებით იმაშია, რომ იგი შეიძლება შეისმინო ან, პირიქით, არც კი ათხოვო ყური. როდესაც ყოვლისმცოდნე ღმერთი ერთობ უგუნურ ქმნილებათა თხოვნას ისმენს, მას, რა თქმა უნდა, შეუძლია არ გვისმინოს. ლოცვის უცვლელი წარმატება სულაც არ იმეტყველებდა ქრისტიანობის სასარგებლოდ. უფრო ჯადოქრობისა და მაგიის სფეროა ზოგიერთი ადამიანის უნარი, პირდაპირ მოახდინოს ზემოქმედება მოვლენათა მსვლელობაზე.
ეჭვგარეშეა, სახარებაში არის სიტყვები, ერთი შეხედვით, ნებისმიერი ჩვენი ლოცვის შესრულებას რომ გვპირდება. მაგრამ იქ სხვა რამეც არის ნათქვამი: მლოცველთა შორის საუკეთესო სთხოვდა სასმისის არიდებას და ვერ აირიდა. ამის შემდეგ, მგონი, უნდა დავივიწყოთ ლოცვაზე, როგორც „უებარ საშუალებაზე“ ფიქრი.
მრავალი მოვლენა და კანონი მტკიცდება არა გამოცდილებით, არამედ ცდით, ხელოვნურად მოწყობილი შემოწმებით – „ექსპერიმენტით“. შეიძლება ექსპერიმენტი ჩავატაროთ ლოცვაზე? იმას აღარ ვიტყვი, რომ ნამდვილი ქრისტიანი არაფრის დიდებით არ მიიღებს მასში მონაწილეობას. მისთვის ხომ გასაგებად არის ნათქვამი: „არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი“. კარგი, ბატონო, ეს აკრძალულია, მაგრამ რამდენადაა შესაძლებელი მისი შესრულება?
წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანთა რაღაც რაოდენობა (რაც უფრო მეტი იქნება, მით უკეთესია) შეთანხმდება, ილოცონ A საავადმყოფოსათვის და არ ილოცონ B-სთვის. შემდეგ დაითვლიან შედეგებს: ნახავენ, რომ პირველ საავადმყოფოში უფრო მეტი განკურნების შემთხვევა და ნაკლები სიკვდილიანობაა. მეცნიერული სიზუსტისათვის ამის გამეორება რამდენჯერმე შეიძლება სხვადასხვა ადგილას.
მაგრამ საერთოდ არ მესმის, როგორ უნდა ვილოცო ასეთ პირობებში.
„სიტყვა აზრის გარეშე ცამდე ვერ აღწევს“, – ამბობს მეფე „ჰამლეტში“. ჩაილაპარაო ლოცვის სიტყვები და ილოცო, სულაც არ არის ერთი და იგივე; სხვანაირად რომ იყოს, ექსპერიმენტისთვის გაწვრთნილი თუთიყუშებიც გამოდგებოდა. თუ ჩვენი მიზანი არ არის ავადმყოფის განკურნება, ლოცვას ვერ შევძლებთ. ექსპერიმენტის მიღმა, ლოცვის სამეფოში, უმცირესი მიზეზიც კი არ არსებობს, რომ გსურდეს ერთის განკურნება და მეორისა – არა. თუ ლოცვას სიბრალულით კი არა, წმინდა მეცნიერული ცნობისმოყვარეობით წარმოთქვამთ, რაც უნდა თქვას ენამ, როგორც უნდა იმოძრაონ ბაგეებმა და მუხლებმა, თქვენ მაინც არ ლოცულობთ.
ასე რომ, ვერანაირი ექსპერიმენი ვერც დაამტკიცებს რაიმეს და ვერც უარყოფს. თუ გავიხსენებთ, რომ ლოცვა თხოვნაა და თუ მას სხვა სახის თხოვნასაც შევადარებთ, არც ისე უკმაყოფილონი დავრჩებით. ჩვენ ვევედრებით და ვთხოვთ არა მხოლოდ ღმერთს, არამედ ახლობლებსაც. ვთხოვთ, მოგვაწოდონ მარილი, მოგვიმატონ ხელფასი, ვიდრე შინ არ ვართ, მოუარონ ჩვენ კატას, უპასუხონ ჩვენს სიყვარულს. ისინი ხან ისმენენ ჩვენს თხოვნას, ხან – არა. მაგრამ წარმატების შემთხვევაშიც კი, ადვილი არ არის თხოვნასა და თანხმობას შორის მეცნიერული სიზუსტით მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენა. იქნებ თქვენს მეზობელს უთხოვნელადაც მოევლო თქვენი კატისთვის; იქნებ თქვენს უფროსს უბრალოდ ეშინია, არ გადაგიბირონ და ჯიბეს იჩხრეკს? რაც შეეხება სიყვარულს, დარწმუნებული ხართ, რომ გულს სთხოვდით ლამაზ ქალს, დიდი ხნის წინ რომ არ ყოფილიყავით მისი რჩეული?
მეგობარს, უფროსს, მეუღლეს შეუძლია გითხრათ ან იფიქროს კიდეც, რომ ასე და არა სხვაგვარად მხოლოდ იმიტომ მოიქცა, რომ სთხოვენ; შეიძლება არც ჩვენ შეგვეპაროს ეჭვი მათ სიმართლეში. მაგრამ აღიარეთ, რომ თქვენი თუნდაც ურყევი რწმენა არ არის დამყარებული მეცნიერულ ცდაზე. მას პირადი ურთიერთობები ბადებს. ჩვენ ვიცით არა „რაღაცა მათ შესახებ“ – ჩვენ ვიცნობთ თავად მათ.
ასევე იბადება რწმენა, რომ ღმერთი ყოველთვის ისმენს და ზოგჯერ შეისმენს ჩვენს ლოცვებს. ის, ვინც კარგად იცნობს ამა თუ იმ ადამიანს, იოლად მიხვდება, თხოვნის გამო გააკეთა მან ის, რაც ჩვენ გვსურდა, თუ სხვა რამის გამო. და ვინც კარგად იცნობს ღმერთს, გაიგებს, მე ლოცვის პასუხად მივედი დალაქთან თუ არა.
ლოცვა არ არის ჯადოქრობა ან რაიმე ინსტრუმენტი. სინამდვილეში ის ან მხოლოდ თავის მოტყუებაა, ანდა პიროვნული ურთიერთობათა ჩანასახივით არასრულ ქმნილებასა და სრულ შემოქმედს შორის. ლოცვა-ვედრება, ლოცვა-თხოვნა ასეთი ურთიერთობის მხოლოდ ერთი უმცირესი ნაწილია. გულის შემუსრვა მისი კარის ზღურბლია, კრძალვა – მისი საკურთხეველი, ღმერთთან ყოფნის სიხარული – მისი ტრაპეზი. როდესაც ჩვენ მივმართავთ ღმერთს, პასუხი მხოლოდ შედეგია და თავისთავად არც თუ ისე მნიშვნელოვანი.
და მაინც ლოცვა-თხოვნა ჩვენთვის ნებადართულია და ის თავად უფალმა გვამცნო: „პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს“. აქ არც თუ მარტივადაა საქმე. თითქოს ყოვლისმცოდნეს სჭირდებოდეს ჩვენი კარნახი, ყოვლადმოწყალეს – ჩვენი წუწუნი. მაგრამ მას ასევე არ სჭირდება შუამავლები, არც სულიერი, არც უსულო. მას შეეძლო ჩვენი სიცოცხლის უზრუნველყოფა საკვების გარეშე, პურის მოცემა მიწათმოქმედებისა და მცხობელების გარეშე ანდა რწმენის გაღვივება მქადაგებლების გარეშე. მან კი ინება, ეთანამშრომლა მასთან მიწასაც, ამინდსაც, ცხოველებსაც, ჩვენს აზრსაც და ნებასაც. პასკალი ამბობს: „ღმერთმა ლოცვა თავისი ქმნილებისათვის დიდი პატივის მისანიჭებლად დააწესა, პატივისა, იყოს მიზეზი.“ და მან არა მხოლოდ ლოცვა დააწესა ამ პატივისათვის. იგი ამ პატივს ჩვენს ყოველ მოქმედებაში გვანიჭებს. საოცარია, რომ ჩემს ლოცვას შეუძლია ცხოვრებაზე იქონიოს გავლენა; არანაკლებ საოცარია (თუმცა მეტად – არა) ისიც, რომ მასზე გავლენას ახდენს ჩემი საქციელი. მგონია, რომ ღმერთი თვითონ არ აკეთებს იმას, რაც შეუძლია, რათა ღირსება მოგვანიჭოს ჩვენ, ადამიანებს. მას სურს, რომ ნელა და მოუქნელად ვაკეთოთ ის, რასაც თვითონ სწრაფად და ბრწყინვალედ გააკეთებდა. იგი ნებას გვრთავს, უგულებელვყოთ მისი მცნებები და ითმენს, თუ ჩვენ არ შეგვიძლია მათი შესრულება. ალბათ, ჩვენ ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს, როგორ თანამოქმედებს სასრული, მაგრამ თავისუფალი ნება ყოვლისმპყრობელის ნებასთან. ისეც ჩანს, თითქოს უფალი მუდამ თავს იკავებს, ყოველ წამს უარს ამბობს თავის ხელმწიფებაზე. ჩვენ არ ვართ მომხმარებლები და მაყურებლები – ჩვენ უფლის თამაშში მონაწილეობის მიღების პატივი გვერგო. იქნებ ეს უბრალოდ ჩვენს თვალწინ მიმდინარე შესაქმეა? აი ასე, სწორედ ასე ქმნის ღმერთი რაღაცას – რაღაცას კი არა, ღმერთებს ქმნის… არაფრისგან!
მე უფრო საიმისოდ ვარ განწყობილი რომ ეს დავიჯერო, მაგრამ, უკეთეს შემთხვევაში, ეს მხოლოდ მოდელია ან სიმბოლო. ჭეშმარიტება, როგორიც ის არის სინამდვილეში, ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელია. დავკმაყოფილდეთ მცირედით. ლოცვა არ არის მექანიკა. ლოცვა არ არის მაგია. ლოცვა არ არის რჩევა ღვთისადმი. როგორც ყოველი ჩვენი ქმედება, ისიც ღმერთის ქმედებასთანაა დაკავშირებული, ურომლისოდ არაფერს ნიშნავს ყველა მიწიერი მიზეზი.
კიდევ უფრო საშიშია იმაზე ფიქრი, რომ ადამიანები, რომელთა ლოცვაც სრულდება, უფლის გავლენიანი ფავორიტები არიან მის სამეფო კარზე. იესოს ვედრება სასმისის არიდებაზე ამტიცებს, რომ ასე არ არის. ერთმა გამოცდილმა და კეთილმა ქრისტიანმა მკაცრი სიტყვები მითხრა: „მინახავს მრავალი აღსრულებული ლოცვა და მრავალი სასწაული, მაგრამ ისინი ჩვეულებრივ ეძლევა ნეოფიტებს – მოქცევის წინ და მოქცევიდან უახლოეს ხანში“. რა გამოდის, უფალი უპასუხოდ ტოვებს თავის საუკეთესო მეგობრებს? რას იზამ, საუკეთესოთა შორის საუკეთესომ შეჰღაღადა: „რატომ დამტოვე მე?“ როცა ღმერთი ადამიანი გახდა, ეს ადამიანი ჩვენზე ნაკლებად, ყველა ჩვენგანზე ნაკლებად იყო ნუგეშცემული. ეს არის დიდი საიდუმლო და კიდეც რომ შემეძლოს, მაინც ვერ გავბედავდი ამის ახსნას. გავაკეთოთ სხვა რამ: როცა იმედისა და ალბათობის მიუხედავად, სრულდება ისეთი ადამიანების ლოცვა, როგორებიც მე და თქვენ ვართ, არ უნდა გავამაყდეთ. უფრო ძლიერნი და გამოცდილნი რომ ვყოფილიყავით, ასე ფრთხილად და ნაზად არ მოგვეპყრობოდნენ.
თარგმნა ზურაბ ჯაშმა
გამოქვეყნდა ჟურნალში „ზღვარი“ N2(4), 2004, გვ. 39-42.
http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00—off-0period–00-1—-0-10-0—0—0direct-10—4——-0-1l–11-ka-50—20-about—00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL1.22&d=HASH299aabe5952529cf3ad944.11

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s