მარიამ სკობცოვა – მონაზვნობის ახალი ფორმის ძიებაში

“შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი” (მთ. 22:39).
ქართულ სინამდვილეში თითქმის არ არის განხილული ამ მოღვაწის პიროვნება, რომელსაც თავისებური მიდგომა ჰქონდა მონაზვნური ცხოვრებისადმი, წერდა განსაკუთრებული ხასიათის რელიგიურ-ფილოსოფიურ ტექსტებს. ყურადღებასა და მოწიწებას იმსახურებს მისი სოციალური ღვაწლი: უშიშარი და თავგანწირული დახმარება ყველა მიუსაფარისა და დევნილისა ემიგრაციაში, მისი შთამაგონებელი ქმედებანი სულით დაცემულთა და სასოწარკვეთილთა მიმართ, განსაკუთრებით ნაცისტური ოკუპაციის დროს.
ორიგინალური აზროვნების უნარით და გაბედულების ნიჭით დაჯილდოებული მონაზონი მარიამი რთული და ტრაგიკული ბედისა აღმოჩნდა. იგი სხვებისგან რევოლუციური შეხედულებებითა და ტემპერამენტით გამოირჩეოდა. იყო პოეტი, საკმაოდ კარგი მხატვარი, ჭეშმარიტების დაუღლელი მაძიებელი, სამაგალითო დედა. საკუთარი ცხოვრების ყველაზე ტრაგიკულ მომენტებში იგი გასაოცარ სიმტკიცეს იჩენდა. მან საკონცენტრაციო ბანაკის არაადამიანურ პირობებში არა მხოლოდ საკუთარი სულიერებისა და ღირსების შენარჩუნება, არამედ მისი კიდევ უფრო გაღრმავება და ამაღლება შეძლო.
ელისაბედ პილენკო – ეს იყო დედა მარიამის საერო სახელი და გვარი – დაიბადა რიგაში (ლატვია) 1891 წლის 8 დეკემბერს. თუმცა ყმაწვილქალობა ქალაქ ანაპაში (სამხრეთ რუსეთი) გაატარა. მისი მამა ერთ ხანს ანაპის მერიც იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი 1906 წელს პეტერბურგში გადადის საცხოვრებლად და ელისაბედიც (მას ოჯახში ლიზას ეძახდნენ) იქვე იწყებს გიმნაზიაში სწავლას.
ჯერ კიდევ მცირეწლოვანი ლიზა ფიქრობს იმის შესახებ, თუ რა არის სამართლიანობა და არსებობს თუ არა ღმერთი, სამართლიანობისა და სიყვარულის წყარო. მამის გადაცვალებამ მასში მწვავე პროტესტი შვა სიკვდილის, როგორც დიდი უსამართლობის, მიმართ, და თუ სიკვდილი უსამართლობაა, მაშინ არ არსებობს სამართლიანი ღმერთი ან იგი საერთოდ არ არსებობს.
ლიზა არისტოკრატიული ოჯახიდან იყო, მაგრამ უბრალო ადამიანებთან ურთიერთობისკენ მიილტვოდა. ერთ ხანს ის რუსულ ენასა და ლიტერატურასაც ასწავლიდა პუტილოვის ქარხნის სკოლაში. ცდილობდა მაშინდელ რევოლუციონერებთან ურთიერთობის გაბმას და შულდაკით მხრებზე მწირად დავარდნაზე ოცნებობდა. მოგვიანებით ელისაბედი თავის მოგონებებში დაწერს (“შეხვედრა ბლოკთან”): “მე მხოლოდ 14 წელი მქონდა უკან მოტოვებული, მაგრამ იმდროინდელმა ცხოვრებამ სწრაფად გამზარდა. ჩვენ გადავიტანეთ იაპონიის ომი და რევოლუცია. იძულებულნი ვიყავით სწრაფად გვეპოვა პასუხები ჩვენს არსებაში გაჩენილ შეკითხვებზე, სად ვართ და ვისთან ვართ საერთოდ ამ ცხოვრებაში”.
15 წლის ასაკში ლიზა ლიტერატურითა და ხელოვნებით ინტერესდება. დადის ლიტერატურულ საღამოებზე. ერთ-ერთ ასეთ საღამოზე ალექსანდრე ბლოკი გამოდიოდა. ლიზა აღფრთოვანებულია მისი ლექსებითა და მთლიანად მისი პიროვნებით. იგი გადაწყვეტს მასთან მისვლას იმ ეჭვებზე, ძიებებსა და სულიერ საკითხებზე სასაუბროდ, რომლებიც იმ ეტაპზე აწუხებდა პატარა გოგონას. ბლოკი ფრთხილად და თანაგრძნობით ეპყრობა ლიზას. აი, ბლოკის მიერ დახატული ლიზას სახე:
“Когда вы стоите на моем пути,
Такая живая, такая красивая,
Но такая измученная,
Говорите все о печальном,
Думаете о смерти,
Никого не любите,
И презираете свою красоту —
Что же? Разве я обижу вас?..
Сколько не говорите о печальном,
Сколько не размышляйте о концах и началах,
Все же, я смею думать,
Что вам только пятнадцать лет…”
ამ ორი ადამიანის მსოფლშეგრძნებაში ბევრი იყო საერთო: როგორც ეპოქის კატასტროფულობის შეგრძნება, ასევე სოციალური უბედურებებისა და გამყიდველი სამყაროს მწვავე განცდა და რევოლუციის წინათგრძნობა. მაგრამ 15 წლის ლიზას ნაცნობობა 25 წლის პოეტთან შეწყდა.
რამდენიმე წლის შემდეგ ლიზა ქორწინდება იურისტ დ. კუზმინ-კარავაევზე, რომელიც იმდროინდელ მოდერნისტულ ლიტერატურულ წრეებთან დაახლოებული პირი იყო, სადაც დაჰყავდა კიდეც თავისი ახალგაზრდა ცოლი. მალე ლიზა თავად იბეჭდება. გამოდის მისი წიგნები “Скифские черепки”, “Юрали”, “Руфь”, სადაც ძირითადად მისი რელიგიური ხასიათის ძიებებია ასახული და მის სულში ქრისტიანობის განმტკიცების ნიშნებია გამოვლენილი.
მართალია, ლიზა ლიტერატურული სამყაროს ყველაზე განათლებულ და საინტერესო წარმომადგენლებს ხვდება, მაგრამ მას მაინც არ ტოვებს ერთგვარი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება. და, აი, აქ კვლავ იჩენს თავს მისი ხასიათის ერთ-ერთი გამოკვეთილი ნიშანი: იგი გმობს ამ წრეს და მის წარმომადგენლებს იმის გამო, რომ მხოლოდ სიტყვებით თანაუგრძნობდნენ რევოლუციას და არავინ იყო მზად საკუთარი სიცოცხლე გაეწირა მისთვის, ისინი მხოლოდ ჩაის სმისას დისკუსიებით შემოიფარგლებოდნენ.
ლიზას არც ამგვარი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი, ასე ვთქვათ, შრომისგან მოწყვეტილი რეჟიმი მოსწონდა: “ჩვენი ცხოვრების რიტმიც უცნაური და უაზრო იყო: ლოგინიდან ვდგებოდით დაახლ. დღის სამ საათზე და ვწვებოდით გათენებისას… ჩვენ ვცხოვრობდით უზარმაზარ ქვეყანაში, როგორც დაუსახლებელ კუნძულზე… ჩვენი სულიერი ცხოვრება ცინიკური და არცთუ ისე უმანკო იყო, ასევე რაღაცნაირად მოდუნებული და უმოქმედო…”
რამდენიმე წლის შემდეგ იგი ქმარს გაეყრება და პატარა ქალიშვილთან ერთად მშობლიურ ქალაქ ანაპაში გადადის საცხოვრებლად. იქ მას რევოლუციამ მოუსწრო. იქვე იგი მეორედ ქორწინდება – დანიელ სკობცოვზე. მასთან ერთად ლიზა ემიგრაციაში მიდის ჯერ კონსტანტინოპოლში, შემდეგ იუგოსლავიაში და ბოლოს პარიზში. კონსტანტინოპოლში მას კიდევ ერთი შვილი – ნასტია – შეეძინა.
ემიგრაციაში ოჯახი მატერიალურ პრობლემებს წააწყდა, მაგრამ ლიზა მედგრად უმკლავდებოდა მათ: ხელსაქმიანობდა და ლიტერატურულ შრომასაც ეწეოდა. ქმარმა მძღოლად დაიწყო მუშაობა. მალე ისინი ცხოვრებამ პირველ დიდ მწუხარებას შეამთხვია: გარდაეცვალათ ორი წლის ნასტია. მისმა სიკვდილმა თავზარი დასცა ლიზას, მაგრამ იმავდროულად ამ ფაქტმა ძლიერი იმპულსი მისცა მისი სულიერი ცხოვრების გაღრმავებას. შემდგომში იგი დაწერს: “ამას რელიგიური ადამიანები უფლის მონახულებას ეძახიან… რით? უბედურებით? არა, ეს უფრო მეტია, ვიდრე უბედურება. მისი მეშვეობით ჩვენთვის გაიხსნა მოვლენათა ჭეშმარიტი არსი. ერთი მხრივ, დავინახეთ შემზარავი სურათი: ცოცხალი ბავშვის მკვდარი სხეული, მეორე მხრივ კი, დავინახეთ და შევიგრძენით ცხოველმყოფელი, ცეცხლოვანი და ყველგანშემაღწეველი მანუგეშებელი ღვთაებრივი სული”.
ამის შემდეგ ლიზას უკვე აღარ აკმაყოფილებს ოჯახური ცხოვრება და ასეთი ცხოვრების შესაბამისი ინტერესები. 1920-იანი წლების ბოლოს მეუღლეთა შინაგან სამყაროებს შორის ღრმა წინააღმდეგობამ იჩინა თავი. ელისაბედს სულ უფრო უძლიერდებოდა მიუსაფარ და გაჭირვებულ ადამიანებზე ზრუნვის სურვილი. ასეთები კი საფრანგეთის ემიგრანტულ წიაღში ბევრნი იყვნენ: უმუშევრობა მამაკაცებს დანაშაულისკენ, ქალებს კი სხეულით ვაჭრობისკენ უბიძგებდა. იყო ლტოლვილთა დასახლებები, სადაც უმოწყალოდ უწევდნენ ექსპლუატაციას ყოფილ ჯარისკაცებს. იყვნენ ფსიქიკურად დაავადებულნი და ისეთებიც, რომლებიც საღად აზროვნებდნენ, მაგრამ შემთხვევით მოხვდნენ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და ფრანგულის არცოდნის გამო ექიმებს ვერ უხსნიდნენ თავიანთ გასაჭირს, რის გამოც წლების განმავლობაში ვერ აღწევდნენ თავს იქაურობას. იყვნენ ჭლექიანებიც, რომელთათვის არ არსებობდა იაფი სანატორიუმები და მკურნალობის ნაცვლად ისინიც უმუშევართა რიგებს ემატებოდნენ. ელისაბედს კი არ შეეძლო უმოქმედოდ ყოფნა ასეთ ვითარებაში.
ლიზასთვის უკვე შეუძლებელი იყო ოჯახური, საზოგადოებრივი საქმიანობით, ლიტერატურული საუბრებით და კვირაობით ეკლესიაში სიარულით დაკმაყოფილება. ამ დროს იგი თითოეულ ადამიანში (უკანასკნელი მეძავის ჩათვლით) ღვთის ხატებასა და მსგავსებას ხედავს, მართალია, დამახინჯებულსა და შეურაცხყოფილის, მაგრამ მაინც ღვთის ხატებას. “მე ყოველთვის ვიცოდი, – წერს იგი, _ რომ ქრისტე ყველა ასეთ გაუბედურებულ ადამიანსა და საკუთარ თავს შორის ტოლობის ნიშანს სვამდა, მაგრამ ახლა ამ აზრმა არა მხოლოდ გონება, არამედ მთელი ჩემი არსება განმსჭვალა”.
ამ დროიდან იწყება მონაზვნობისკენ და ამ გზით ღვთისა და მოყვასის თავგადადადებული მსახურებისკენ მისი ლტოლვა. რუსული ემიგრაციის სულიერი მეურვე მიტროპოლიტი ევლოგიც (გეორგიევსკი) ეხმარებოდა მას ამ სურვილის განმტკიცებასა და განხორციელებაში. სწორედ მან აღკვეცა იგი მონაზვნად პარიზის ცნობილი მართლმადიდებლური ინსტიტუტის ეკლესიაში მარიამის სახელით.
აღკვეცამდე ლიზა სკობცოვას საკმაოდ კარგი რელიგიური განათლება ჰქონდა მიღებული: პეტერბურგში იგი საღვთისმეტყველო საკითხებსაც სწავლობდა და ექსტერნად გამოცდებიც ჩააბარა პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პროფესორებს. იგი ემიგრაციაშიც ხშირად გამოდიოდა აუდიტორიის წინაშე რელიგიური შინაარსის მოხსენებით. ასე რომ, აღკვეცის შემდეგ მიტროპოლიტმა მას ნება მისცა ტაძარში (!) ექადაგა ღვთისმსახურების შემდეგ (უნდა აღინიშნოს, რომ ქალისთვის ტაძარში ქადაგების უფლების მიცემა არა მხოლოდ იმდროინდელ მართლმადიდებლურ სამყაროში, არამედ დღესაც კი, რბილად რომ ვთქვათ, ინოვაციურ და საკმაოდ გაბედულ საქციელად მიიჩნევა).
დედა მარიამს საცხოვრებლად ნათელი და წყნარი ოთახი მისცეს ინსტიტუტში. მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ მშვიდი და “კომფორტული” ცხოვრების დრო წარსულს ჩაბარდა, არც მარტო გრძნობებსა და მაღალ იდეალებზე საუბარი იყო საკმარისი. ამ დასკვნამდე იგი მხოლოდ თეორიული გზით არ მისულა… მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი, რომელიც ერისკაცობისას პარიზში მედიცინას სწავლობდა, ერთ შემთხვევას იგონებდა დედა მარიამის ცხოვრებიდან: “ერთხელ დედა მარიამი რუსი ლტოლვილების დასახლებაში მივიდა, რომლებიც იქ საშინელ პირობებში მუშაობდნენ და ცხოვრობდნენ. იგი მათთვის ლექციების სერიის წაკითხვას აპირებდა დოსტოევსკის ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზე. მაგრამ მან მსმენელთა მხრივ არცთუ ისე მეგობრული განწყობა იგრძნო. ერთ-ერთმა მათგანმა კი მკვახედ მიახალა მას: “რაში გვჭირდება დოსტოევსკი? მაგას ჯობია ამ უზარმაზარი იატაკის აფხეკასა და გასუფთავებაში მოგვეხმარო”. დედა მარიამმა თქვა: “კეთილი, არ გვინდა დოსტოევსკი”. მშვიდად აიღო წყლიანი ქვაბი და იატაკის ფხეკასა და წმენდას შეუდგა. ლტოლვილები გაკვირვებულნი მისჩერებოდნენ მას. მალე იმან, ვინც დედა მარიამს ცოტა ხნის წინ იატაკის მორეცხვისკენ მოუწოდა, ქურთუკი გაიხადა და მიაწოდა: “მოიხურეთ დედაო, თორემ სულ დასველდით, გაცივდებით”. სამუშაოს დამთავრების შემდეგ იგი ვახშამზე მიიწვიეს და სთხოვეს დოსტოევსკიზე მოეთხრო”. ძნელი იყო არ შეგყვარებოდა ადამიანი, რომელსაც ამგვარად მოქცევა ძალუძდა.
თუმცა დედა მარიამი ემიგრანტ თანამემამულეთა შორის საყოველთაო მოწონებით როდი სარგებლობდა. მაგალითად, დეკანოზი ალექსანდრე შმემანი აღნიშნავს: “ბევრი მართლმადიდებელი მას უნდობლობით და ეჭვით (დაცინვითაც კი) ეპყრობოდა. ყოფილი ემიგრანტები მიყვებოდნენ, რომ ბევრი მას შეშლილად თვლიდა. ადანაშაულებდნენ მონაზვნური სახის შებღალვაში, რადგან საეჭვო და საზოგადოებისგან გარიყულ ადამიანებთან ურთიერთობას არასოდეს ერიდებოდა. ერთხელ ერთმა გოგომ დედა მარიამს მისი მონაზვნური შესამოსელის გასინჯვა სთხოვა. მან სიცილით გაიხადა სამოსი და მისცა. ორივე კმაყოფილი იყო… მაგრამ ამის შემყურე ყველა ასე ამბობდა: როგორ შეუძლია მას ამის გაკეთება! ფარისევლები (ханжи) მის ამგვარ ქცევებს ვერ ინელებდნენ”.
1932 წლის ზაფხულს დედა მარიამი ლატვიასა და ესტონეთს ესტუმრა იქაური მონასტრების მოსანახულებლად. იქაურმა მონაზვნური ცხოვრების წესმა ვერ დააკმაყოფილა დედა მარიამი: “რასაკვირველია, მათ სულებში არის ღვთისმოშიშება და უმანკოება, მისწრაფება უფლისკენ და, შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი წმინდანივითაც ცხოვრობს, მაგრამ ისინი, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმის ჭეშმარიტი ნაწილები, არ არსებობენ. როგორც ჩანს, ვერცერთი მათგანი ვერ ამჩნევს, რომ სამყარო ხანძარს მოუცავს და აუცილებელია რაღაცის გაკეთება ამის წინააღმდეგ”. ამ ვიზიტის შემდეგ მას უფრო მეტად გაუმყარდა შეხედულება, რომ მონაზვნობის ახალი ფორმის ძიება იყო საჭირო.
ყოველივე ის, რითიც ცხოვრობდა, სულდგმულობდა და რაზეც წერდა დედა მარიამი, საბოლოო ჯამში ერთ მთავარ საკითხს ეძღვნება: არჩევანის თემას. სასწორის ერთ მხარეს ქრისტეს ჯვარია, მეორე მხარეს კი ამქვეყნიური ცხოვრების კომფორტი, კეთილდღეობა, სულიერი და ფიზიკური უსაფრთხოება. ტემპერამენტიანმა ლიზამ კი მძიმე და ცეცხლოვანი ჯვარი აირჩია. ამრიგად, მას მხოლოდ საერო ტანისამოსი არ შეუცვლია მონაზვნური შესამოსელით (ბევრი თანამედროვე ბერისა და მონაზვნის მსგავსად), არამედ რეალურ ქმედებებზე გადავიდა, მაგალითად, ბაზარში მორჩენილი ბოსტნეულით, თევზითა და სხვა საკვებით სავსე მძიმე ტომარა ზურგით მოჰქონდა უმუშევართათვის.
მარიამმა საკუთარი მონაზვნობა ამ ტანჯული სამყაროს დედობად აღიქვა. ეს სიტყვები აბსტრაქტულად ჟღერს და შესაძლოა ირონიასაც იწვევს, მაგრამ საქმე მარტივადაა: სანამ შვილები მშივრები არიან, დედას არ შეუძლია საკვებს გაეკაროს, სანამ შვილები შიშვლები არიან, დედა ვერ შეიმოსება თბილი ტანსაცმლით და, როცა შვილები გაზის კამერაში იხოცებიან, დედას არ შეუძლია უვნებელი დარჩეს.
ამგვარი ცხოვრების წესით, ანუ მონაზვნობისთვის მკვეთრად გამოხატული სოციალური ხასიათის მინიჭებით, იგი სულიერად დედა ტერეზას ენათესავებოდა, კათოლიკური სამყაროს ამ უდიდეს მოღვაწეს, რომელსაც ბევრი ავტორიტეტული მართლმადიდებელი მოღვაწე (მაგ., არქიეპისკოპოსი იოანე სან-ფრანცისკელი, მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი და სხვები) მოწიწებითა და სიყვარულით იხსენებდა. ქრისტიანული ცხოვრების ამ ასპექტთან დაკავშირებით არ შეგვიძლია არ დავიმოწმოთ მართლმადიდებელი თეოლოგის, პავლე თარაზის (თარაზი), შემდეგი სიტყვები: “ადამიანურ გონებას შეუძლია წარმოიდგინოს ეს სამყარო ღვთის გარეშე _ რაც მრავალმა ადამიანმა დაამოწმა წარსულში, აწმყოში და ალბათ ამას მომავალშიც დაამოწმებენ. მაგრამ არავის შეუძლია სამყაროს წარმოდგენა ადამიანის გარეშე! ღმერთმა, იცის რა ყოველივე ეს, “საკუთარი თავი შემოსა” სწორედ ჩვენ გვერდით მყოფი თითოეული ადამიანით. ამას ამბობდნენ წინასწარმეტყველნი, ამას ადასტურებდა ქრისტეც და ამას ქადაგებდნენ მოციქულებიც: მოყვასი არის კრიტერიუმი, საზომი, თერმომეტრი, ჩვენი მუდამ თანმდევი განმსჯელი, სიცოცხლისა თუ სიკვდილის პრაქტიკული განაჩენი, ვინაიდან თავად ღმერთია ჩვენი მოყვასი…”.
დედა მარიამმა მიზნად დაისახა ისეთი სახლი (თავშესაფარი) მოეწყო, რომელიც უსახლკაროთათვის იქნებოდა განკუთვნილი. პირველი ასეთი სახლი მან იჯარით აიღო, თუმცა საამისოდ არ გააჩნდა არავითარი თანხა. იგი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ეს ღვთის საქმე იყო და მის ამგვარ შეურყეველ რწმენასაც არ განუცდია მარცხი. მას მიტროპოლიტი ევლოგი დაეხმარა კრიტიკულ მომენტში, როდესაც უკვე საჭირო გახდა თანხის შეტანა. მოგვიანებით კი ამ თავშესაფარმა საზოგადოებისგან პოვა მხარდაჭერა. თავდაპირველად ეს სახლი ერთობ კეთილმოუწყობელი იყო, მასში არ არსებობდა არავითარი ავეჯი. მაგრამ დედა მარიამი მაშინვე გადავიდა ამ სახლში საცხოვრებლად, სადაც მას იატაკზე ეძინა. მალე თავშესაფარი იმდენად გადაივსო, რომ მისთვისაც კი აღარ დარჩა იქ ადგილი. ერთი წლის შემდგომ კი უფრო დიდი სახლი გახდა საჭირო, რომელიც ლურმელის ქუჩაზე მოეწყო. საარენდო გადასახადი კი წელიწადში უკვე 20 ათას ფრანკამდე ავიდა. მდგომარეობა უცვლელი იყო: ფული კვლავ არსაიდან ჩანდა, რისკი ძალზე მაღალი იყო, მაგრამ მარიამს არ ეშინოდა, იცოდა, რომ ღმერთი გამოსავალს აუცილებლად მოუვლენდა.
თავშესაფრის ეზოში ერთი მიტოვებული საჯინიბო იყო, რომელიც დედა მარიამმა ეკლესიად გადააკეთა. ამ ტაძრისთვის ხატებიც თავად დაწერა და ყველა საჭირო ინვენტარიც თავისი ხელით დაამზადა. ჰქონდა შემოწირული ხატებიც და ბარძიმიც კი (ჭურჭელი, რომლითაც მორწმუნეებს აზიარებენ) ერთმა გლახაკმა მოიტანა, რომელიც მან მოწყალებით შეგროვებული თანხით იყიდა. მღვდლები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. თავიდან რამდენიმე წელი აქ ცნობილი თეოლოგი, არქიმანდრიტი კიპრიანე კერნი მსახურობდა, რომელიც მკაცრი და ტრადიციული სულისკვეთების ბერი იყო. იგი კატეგორიულად არ იზიარებდა დედა მარიამის შეხედულებებს მონაზვნობასთან დაკავშირებით.
მამა კიპრიანეს მიაჩნდა, რომ მონაზვნობა საერო ცხოვრებისგან განდგომას – აღკვეცამდე და აღკვეცის შემდგომ ცხოვრებას შორის სრულ და საბოლოო გამიჯვნას ნიშნავს. დედა მარიამი კი დარწმუნებული იყო, რომ არსებობდა მონაზვნობის სხვა სახეც. მისთვის მონაზვნობა ოთხ კედელს შორის გამოკეტვას კი არა, არამედ ერში მყოფი ადამიანებისადმი უფრო მეტი ძალით მსახურებას ნიშნავდა, რადგან, ქრისტეს სიტყვების თანახმად, არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც თავის “სულს დადებს მოყვასისთვის” (ანუ მთელ თავის ცხოვრებას და ფიზიკურ-სულიერ ძალებს – საკუთარი სიცოცხლის გაწირვის ჩათვლით – არ დაიშურებს მოყვასთათვის).
თუმცა მალე მდგომარეობა ამ მხრივ გამოსწორდა, რადგან მამა კიპრიანე 1937 წელს დეკანოზ სერგი ბულგაკოვის სულიერმა შვილმა და უახლოესმა მეგობარმა, ახალგაზრდა მღვდელმა დიმიტრი კლეპენინმა შეცვალა. ის კი დედა მარიამის რელიგიურ მსოფლმხედველობას სავსებით იზიარებდა, რაც დედა მარიამს საკუთარი “სოციალური” (და არა მხოლოდ) მსახურების გაფართოებასა და გაძლიერებაში ძალიან ეხმარებოდა.
1936 წელს დედა მარიამს ახალი განსაცდელი დაატყდა თავს – მოსკოვში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაეცვალა უფროსი ქალიშვილი გაიანე. მას ეს უბედურება არ განუცდია ისეთი სიმძაფრითა და ტრაგიზმით, როგორც პირველი ქალიშვილის სიკვდილი – მარიამმა ეს მოვლენა სრული ქრისტიანული შეგნებითა და სიმდაბლით მიიღო. ქალიშვილის გარდაცვალებას მარიამმა რამდენიმე ლექსი მიუძღვნა, რომლებიც მისი პოეტური შემოქმედების გვირგვინად არის მიჩნეული.
დედა მარიამი არა მხოლოდ არღვევდა მონაზვნობის ტრადიციულ ფორმას, არამედ ეძებდა მის ახალ (და იმავდროულად ძველ) ფორმებს. ეს ძიება არ ყოფილა მხოლოდ მისი ხასიათიდან გამომდინარე ანარქიული და პირადი პროტესტი მოძველებული, – სწორედ რომ მოძველებული და არა ძველი, – ტრადიციის წინააღმდეგ. ჩვენი ეპოქის საზოგადოებრივი ცხოვრების ახალი პირობები მას როგორც მონაზვნობის, ასევე ზოგადად ქრისტიანული ცხოვრების პრინციპების ახლებურად გააზრებას და განხორციელებას ბუნებრივად კარნახობდა. თავად ცხოვრება უბიძგებდა მას ამისკენ.
მონაზონმა მარიამმა რამდენიმე სტატია დაწერა მოყვასისადმი სიყვარულის მცნების მნიშვნელობაზე, უფრო მეტიც, იგი თავად გახდა ცოცხალი პროტესტი და “საცდურიც” კი ტრადიციულად მოაზროვნეთა თვალში. იგი ხშირად იხსენებდა ქრისტეს სიტყვებს: “შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება. და მეორე მსგავსი ამისი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. ამ ორ მცნებაზეა აგებული მთელი რჯული…” (მთ. 22:37-39). გაცხარებული პოლემიკის დროს მარიამი ზოგჯერ ზღვარსაც გადადიოდა, როცა ეჩვენებოდა, რომ პირველი მცნების სასარგებლოდ მეორე მცნება იჩაგრებოდა და ღვთისადმი სიყვარულის მცნების ცალმხრივი აღქმა ჩრდილავდა და აუფერულებდა რეალურ ადამიანებზე ზრუნვას.
როდესაც ნაცისტებმა ევროპაში ებრაელებს ყველა უფლება ჩამოართვეს, ამცირებდნენ და საკონცენტრაციო ბანაკში უშვებდნენ, დედა მარიამი მათ საკუთარ თავშესაფარში მალავდა. პარალელურად ურთიერთობას ამყარებს ფრანგულ წინააღმდეგობის მოძრაობასთან, შოულობს ყალბ დოკუმენტებს ებრაელებისთვის და მათ ნეიტრალურ ზონებში აგზავნის. ებრაელების დევნა სულ უფრო ძლიერდებოდა. 1942 წლის 15 ივლისის ღამეს ებრაელთა მასობრივად დაპატიმრება დაიწყეს. ბევრი ებრაელი დაიღუპა ან ფსიქიკურად დაავადდა ამ არაადამიანური რეპრესიების დროს. დედა მარიამმა შეძლო მათთან საკონცენტრაციო ბანაკში შეღწევა. იგი კვებავდა და ანუგეშებდა ბავშვებს. მან სამი დღე დაჰყო იქ და თვალნათლივ დაინახა და შეიგრძნო საკონცენტრაციო ბანაკის რეჟიმის სისასტიკე.
1943 წლის 7 თებერვალს დედა მარიამი პარიზიდან ქალაქგარეთ მოქმედ ფერმაში გავიდა იქიდან სხვადასხვა პროდუქტების წამოსაღებად. ზუსტად ამ დროს ფაშისტები მის დასაპატიმრებლად შეიჭრნენ ლურმელის ქუჩაზე მოწყობილ თავშესაფარში. როცა გულმოდგინე ჩხრეკის შემდეგ მონაზონი ვერ იპოვეს, მისი 20 წლის შვილი, იური, დააპატიმრეს, მოგვიანებით კი – მამა დიმიტრი კლეპენინიც. ფაშისტებმა პირობა დადეს, რომ ყმაწვილს გამოუშვებდნენ, თუ დედა მარიამი თავისი ფეხით მივიდოდა მათთან. დედა მარიამი დაუყოვნებლივ გამოცხადდა, მაგრამ გესტაპოელებმა მათი ჩვეულებისამებრ სიტყვა გატეხეს და დედა-შვილი ტყვედ დაიტოვეს. იური და მამა დიმიტრი ერთად გააგზავნეს კომპენიეს საკონცენტრაციო ბანაკში.
დედა მარიამი კი რავენსბრუკის ბანაკში გაამწესეს. აქ მან უფრო მეტად გააღრმავა თავისი ქრისტიანული ღვაწლი. იგი თავისი რწმენით, სიფხიზლით, თანაგრძნობითა და ცოცხალი აზროვნებით უამრავ ადამიანს უწევდა მორალურ და ფსიქოლოგიურ დახმარებას.
შემორჩენილია ერთ-ერთი პატიმრის ს. ნოსოვიჩის საუბარი დედა მარიამთან: “ერთხელ მე მას ვუთხარი, რომ არათუ არაფრის შეგრძნება აღარ შემეძლო, არამედ თავად აზრიც კი მეყინება…”. დედა მარიამმა კი გადაჭრით მითხრა: “არა, არა! პირიქით, განუწყვეტლივ იფიქრეთ. ეჭვებთან ბრძოლის კვალდაკვალ იფიქრეთ უფრო ფართოდ და ღრმად; დაბლა ნუ დაუშვებთ თქვენს აზროვნებას, მიწიერ ჩარჩოებსა და პირობითობებზე მაღლა დადექით გონებით…”
ბანაკში დედა მარიამი ტყვე გოგონებს დაუახლოვდა. ერთ-ერთი მათგანი იხსენებს: “ერთხელ დედა მარიამი ერთ რუს გოგონას ესაუბრებოდა და ვერც შეამჩნია, თუ როგორ მიუახლოვდა მას მცველი გერმანელი. მან უხეშად დაუყვირა მონაზონს და მთელი ძალით დაარტყა ტყავის ქამარი სახეში. დედა მარიამმა კი თავი ისე დაიჭირა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, და შეწყვეტილი წინადადება დაამთავრა. ამის დანახვაზე მცველი საერთოდ გამოვიდა წყობიდან და გამეტებით დაუწყო მას ცემა, მაგრამ დედა მარიამს გამოხედვაშიც კი არ ეტყობოდა, რომ ამგვარი მოპყრობა მასზე მოქმედებდა. მას ხომ სიკვდილი უკვე დიდი ხანია გათავისებული ჰქონდა, როგორც სხვა, მარადიულ სამყაროში გადასვლის საშუალება”.
დადგა წითელი პარასკევი, 1945 წლის 31 მარტი. ომი დასასრულს უახლოვდებოდა. ბანაკში უკვე აღწევდა ხმები საბჭოთა ჯარების მოახლოების თაობაზე. ფაშისტები ტყვეების განადგურებას ჩქარობდნენ. ამ დროისთვის დედა მარიამს უკვე აღარ შეეძლო ადგომა და მიწაზე იწვა. ვნების შვიდეულის პარასკევ საღამოს იგი გაზის კამერაში წაათრიეს…
2004 წლის 18 იანვარს მსოფლიო საპატრიარქოს წმ. სინოდმა მონაზონი მარიამ სკობცოვა წმინდანად აღიარა. მასთან ერთად მოხდა მისი შვილის იურის, მამა დიმიტრი კლეპენინის და მათი თანამოსაგრე ილია ფონდამინსკის კანონიზაციაც. ოთხივე მათგანი საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა.
დავით თინიკაშვილი
გამოქვეყნდა ჟურნალში: „სოლიდარობა: საქართველოს სახალხო დამცველის პერიოდული გამოცემა“ #6 (33), 2009, გვ. 96-102.
სტატია გადატანილია ასევე ვებგვერდზე: http://www.tolerantoba.ge/index.php?id=1281619730&kat=191

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s