მენი, ა. – რელიგია, “პიროვნების კულტი” და სეკულარული სახელმწიფო

„…განცვიფრდა მთელი მიწა და უკან გაედევნა მხეცს. თაყვანი სცეს გველეშაპს, რადგან მან ძალაუფლება მისცა მხეცს. თაყვანს სცემდნენ მხეცს და ამბობდნენ: „ვინ არის ამ მხეცისთანა და ვის ძალუძს მასთან შებრძოლება?“ მიეცა მას პირი, რათა მედიდურად ელაპარაკა და დაეგმო ღმერთი…“
აპოკალიფსი 13:3-5
ამ აზრმა მე ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში გამაკვირვა, როცა წვრთნის დროს უბედური შემთხვევის შედეგად ჩემი თანაკლასელი გარდაიცვალა. ისინი, ვინც უკანასკნელ წუთებში მასთან ერთად იმყოფებოდნენ, ჰყვებოდნენ, რომ იგი სიკვდილის წინ სტალინს მიმართავდა, რომელიც თითქოს მის წასაყვანად მოვიდა. ჩვენთვის, მისი მეგობრებისთვის, ეს ძალზე დამაფიქრებელი იყო: მანამდე ეს ბიჭი არ ამჟღავნებდა არავითარ „იდეურობას“ (როგორც ამას მაშინ ამბობდნენ). პირველად სწორედ იმ მომენტში გამიელვა აზრმა: „ეს ხომ რელიგიაა!“ მომაკვდავის სულში რაღაც უზენაესმა და წმინდამ მამის სახე მიიღო, რომლისადმი მადლიერების გამოხატვას მიჩვეული ვიყავით ბედნიერი ბავშვობის გამო. წლებთან ერთად ეს ჩემი ვარაუდი ღრმა დარწმუნებულობად იქცა, რომელიც უკვე მყარდებოდა უამრავი დაკვირვებით და, საბოლოოდ, დამეხმარა უზარმაზარი ისტორიული ტრაგედიის გააზრებაში, რომელიც ჩემი თაობის ახალგაზრდობის ფონად იყო ქცეული.
საკითხის გადაუდებლობა
დღეს, როცა ჩვენთან გამოფხიზლების მტკივნეული, მაგრამ სასარგებლო პროცესი იწყება, ხშირად ჩნდება შემდეგი შეკითხვა: როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? რამ წარმოშვა ისტორიის ეს ხანგრძლივი „პოლარული ღამე“, რომელიც იოსებ ბესარიონის ძე სტალინსა და მის თანამზრახველებს უკავშირდება? რამ აიძულა ისინი ასეთი სისასტიკით ეწარმოებინათ ომი საკუთარი ქვეყნის ერების წინააღმდეგ? და როგორ მოხდა, რომ ადამიანს, რომელიც საკუთარ სახლში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მოქმედებდა როგორც დამპყრობელი, შეეძლო ეთამაშა მიწიერი ღვთაების როლიც? (…)
ყველაზე უფრო არადამაჯერებლად და ზედაპირულად ჟღერს მითითებანი იოსებ ჯუღაშვილის ცუდ ხასიათზე. ძალაუფლებისმოყვარე და უპრინციპო ადამიანები, სადისტები და ინტრიგანები ყოველთვის და ყველგან მრავლად იყვნენ. მაგრამ როგორ გავიგოთ, რომ ასეთი ადამიანის ხელში აღმოჩნდა დედამიწის ერთი მეექვსედი და, იმავდროულად, რატომ იყო იგი ღვთაებრივი შარავანდედით მოსილი? სტალინის ტიპს ვერ ავხსნით მხოლოდ ჩამოთვლილი თვისებებით.
იქნებ ის მართლაც იყო უნივერსალური გენიის მატარებელი პიროვნება, როგორც ამას მისი აპოლოგეტები ამტკიცებენ, რამაც განაპირობა მისი მოთავსება ზეადამიანურ კვარცხლბეკზე და ასევე კანონზე მაღლა? ესეც ძალიან საეჭვოა. სტალინი არ გამოირჩეოდა მაჰათმა განდისთვის დამახასიათებელი შარმით (ქარიზმით). მას არც ლენინის მსგავსი ინტელექტი ჰქონდა, არც დიდი მწერალი გახლდათ, როგორც იულიუს ცეზარი, არც იმდენი პიროვნული სიმამაცე ჰქონდა, როგორც მაგალითად, ალექსანდრე მაკედონელს, სუვოროვს ან ნაპოლეონს. ის ორატორიც კი არ იყო, რომელსაც მასებისათვის საკუთარი ენთუზიამის გადადება შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ სტალინი აცხადებდა კიდეც პრეტენზიას გადამწყვეტ სიტყვაზე მეცნიერებისა და კულტურის ყველა სფეროში – ეს ყველაფერი წმინდა ფიქციაა. ადამიანმა, რომელსაც სასულიერო სემინარიაც კი არ ჰქონდა ბოლომდე დამთავრებული, ფილოსოფია დაიყვანა ყბადაღებულ „მეოთხე თავამდე“, ისტორიული და ეკონომიკური მეცნიერებანი ტყუილების გროვად აქცია, ყელში უჭერდა გენეტიკასა და სოციოლოგიას, ლინგვისტიკასა და კიბერნეტიკას, ხელოვნებისა და ლიტერატურის განვითარება კი მთელი ათწლეულობით შეაჩერა[1]. (…)
ზოგიერთი ისტორიკოსი და პუბლიცისტი, განსაკუთრებით დასავლეთში, ამტკიცებს, რომ სტალინური რეჟიმი წმინდად რუსული მოვლენაა, რომელიც განპირობებული იყო დემოკრატიული ტრადიციების სისუსტით ყოფილ მეფის რუსეთში. მაგრამ, თუ ეს მართლა ასეა, მაშინ როგორ ავხსნათ ანალოგიური მოვლენები სხვა ქვეყნებში: მაო ძედუნის გაღმერთება, პოლ პოტის დიქტატურა, აღმოსავლეთ ევროპის „მცირე კულტები“? როგორ ავხსნათ ავტოკრატია (თუნდაც სხვაგვარი ელფერის მქონე) გერმანიაში, იტალიაში და ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში? სხვადასხვა კულტურის, ტრადიციისა და რასის ერთა განსხვავებული იდეოლოგიების მიუხედავად ჩვენ შეგვიძლია ამ დაავადების ძირითადი სიმპტომების მსგავსებანი დავინახოთ. (…)
დამორჩილების მოთხოვნილება წარმოადგენს ატავიზმს, ინსტინქტს, რომელიც მხეცური სამყაროდან იმემკვიდრეს ადამიანებმა, რომლებიც, როგორც წესი, ბელადების ხელმძღვანელობით ცხოვრობდნენ. მეორე მხრივ, ყოფიერების საზრისის, იდეალის ძიება განუყოფელი თვისებაა კულტურისა და ადამიანისა, როგორც სულიერი არსებისა. (…) სტალინიზმის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ, წარმოქმნა რა რელიგიური ვაკუუმი, ერთიან კალაპოტში გააერთიანა ადამიანთა ატავისტური და სულიერი მისწრაფებანი, შეძლო ხალხის ცნობიერებაში ჩამოეყალიბებინა უზენაესი იდეალის, „ყოველივეს საზომის“, ბელადის მითოლოგიზებული სახე და ამით შეემკო იგი ღვთაებრივი ატრიბუტებითა და უსაზღვრო ძალაუფლებით. (…)
მე მსურს ამ პრობლემის ერთ ასპექტს შევეხო: რა ადგილს იჭერს სტალინის კულტი რელიგიის ისტორიაში სწორედ როგორც კულტი. შემდეგ კი დავსვათ შეკითხვა, რა შხამსაწინააღმდეგო საშუალებები არსებობს დღეს, რომელიც ამ ავადმყოფობის განმეორებას შეუშლიდა ხელს?
ქრისტე და კეისარი
რომის იმპერიაში ქრისტიანთა დევნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ის გახლდათ, რომ ისინი უარყოფდნენ კეისრის მიწიერი ღვთაების სტატუსს. ზოგადად რომის იმპერია რჯულთშემწყნარებლობისკენ იყო მიდრეკილი, მაგრამ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ის არ უშვებდა კომპრომისს. ქრისტიანებისგან ითხოვდნენ თუნდაც მხოლოდ ფორმალურ აქტს: საკმარისი იყო ერთი მუჭა საკმევლის მიყრა კეისრის საკურთხევლის წინ მოწყობილ მაყალზე. მაგრამ ათასობით ქრისტიანი ამჯობინებდა გადასახლებას, საპყრობილეს, წამებას და სიკვდილსაც კი, რადგან მათთვის ამგვარი, ერთი შეხედვით, უწყინარი ქმედებაც კი ქრისტეს ღალატს წარმოადგენდა.
ქრისტიანები არ იყვნენ ანარქისტები ან მეამბოხენი, რომლებიც სახელმწიფო მოწყობის ალტერნატიულ ვარიანტზე უთითებენ. წარმოადგენდა რა სულიერ მოძრაობას, ახალი რწმენა არ მიიჩნევდა საკუთარ ამოცანად პოლიტიკური პროექტებისა და უტოპიების შექმნას. ქრისტიანობა უკვე არსებულ წესრიგსა და კანონებს იღებდა როგორც პოზიტიურ მოცემულობას. რომის იმპერია ხომ, – მისთვის დამახასიათებელი ყველა არასრულყოფილებათა მიუხედავად, – სამართლის, კანონიერების ბერძნულ იდეას ავითარებდა, რომელიც მას მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული. ამ ფაქტს მჭიდროდ უკავშირდება მოციქულ პავლეს მცნება „უმაღლესი ხელისუფლებისადმი მორჩილების“ შესახებ. მისი სწავლების მიხედვით, თავად პრინციპი ხელისუფლებისა, რომელიც სოციალურ და პოლიტიკურ ქაოსს უპირისპირდება, დადგენილია „ღმერთის მიერ“.
მაგრამ ამასთან ერთად ეკლესია სხვა პრინციპითაც ხელმძღვანელობდა, „საქმე მოციქულთაში“ ვკითხულობთ: „ღვთის მორჩილება უფრო გვმართებს, ვიდრე ადამიანთა“. საუბარია კონკრეტულად რელიგიურ სფეროზე, შესაბამისად, ამ სიტყვებში სინდისის თავისუფლების მოთხოვნაა.
ამას გარდა, ქრისტიანობა არ უგულებელყოფდა საკუთარ უფლებას ზნეობრივი შეფასება გამოეთქვა კეისრის ქმედებების თაობაზე. კერძოდ, აპოკალიფსი ურჩხულის სახით გამოსახავს ტირანულ იმპერიას, რომელიც ებრძვის წმინდა ადამიანებს, – ეს სიმბოლო დანიელის საწინასწარმეტყველო წიგნიდან არის აღებული, რომელიც ისტორიაში რელიგიური თავისუფლების პირველ მანიფესტს წარმოადგენს.
კეისრის გაღმერთების წინააღმდეგ გალაშქრებით ქრისტიანობა გამოწვევის წინაშე აყენებდა იმ ფსიქოლოგიურ ტენდენციასაც, რომელიც დაქვემდებარებისა და შიშის, აღფრთოვანებისა და ბატონის ძლიერი ხელის მოთხოვნილებების ნარევისგან შედგება, ხოლო ზეციურ დესპოტთან დაკავშირებული წარმოდგენა მიწიერი ძალაუფლების მატარებელზე ასოცირდება.
სახე მარადისობისა, რომელიც იესო ნაზარეველში გამოვლინდა, თავისუფალია მსგავსი ნიშნებისგან. ყველაზე ნაკლებად შეიძლება დავინახოთ მასში დაფარული სურვილების პროექცია, რომელიც მიწიერი ძალაუფლების კულტს ასაზრდოებს.
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი, რომლებიც ყოველგვარი „ღვთაებრივი დესპოტიზმის“ ცდუნებაზე მაღლა იდგნენ, წინასწარმეტყველებდნენ, რომ მხსნელი დედამიწაზე მოვა მიწიერი მბრძანებლისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ატრიბუტების გარეშე. და მართლაც, სახარებაში ჩვენ ვერ ვხედავთ ვერაფერს ისეთს, რომელიც ადამიანის თავისუფალ ნებასა და გადაწყვეტილებას თრგუნავს. ქრისტე იბადება და ცხოვრობს ღარიბ, არადიდგვაროვან და უგულებელყოფილ (მოძულებულ) ადამიანებს შორის. მისი მოწაფეები ელიტის წარმომადგენლები კი არა, არამედ ჩვეულებრივი რიგითი ადამიანები, მეთევზეები არიან. ქრისტე სასწაულებს არ აღასრულებს იმ მიზნით, რომ დაამტკიცოს საკუთარი ძალაუფლება. მას არ ჰყავს მორჩილი ჯარი, როგორც მუჰამედს, არ ახდენს ზეწოლას ადამიანთა სულებზე. მას არ უჭერს მხარს არც რელიგიური და არც საერო ხელისუფლება. ქრისტე დედამიწაზე არსებობს არა როგორც ტრიუმფატორი, არამედ როგორც უარყოფილი და დევნილი, რომელიც გაუგებრობის კედლებითაა გარშემორტყმული. მან იგემა ღალატის, ცილისწამებისა და განკითხვის სიმწარე. ის კვდება არა ხანდაზმულ ასაკში და ერთგულ მოწაფეთა შორის, როგორც ბუდა, არამედ სიჭაბუკის წლებში, სამარცხვინო ბოძზე, როგორც უკანასკნელი დამნაშავე, ბრბოს ყიჟინის ფონზე; იგი, ჯვარზე გაკრული, ბოლოს ყველამ მიატოვა. ის არც თავისი აღდგომის შემდეგ ევლინება თავის ჯვარმცმელებს იმისათვის, რომ მათი ნება გატეხოს, აიძულოს ისინი ირწმუნონ მისი, როგორც ღმერთისა.
მართალია, გარკვეულ მომენტებში ქრისტე ზოგჯერ მკაცრიც ყოფილა, მაგრამ ის ყოველთვის უფრთხილდება ადამიანის თავისუფლებას, ცდილობს არ ჩაერიოს მასში, რადგან ეძებს არა მონებს, არამედ მეგობრებს[2]. სახარებაში არ არის დაჟინებული[3] არგუმენტები, რომლებიც თავისუფალი ნების პარალიზებას მოახდენდა, იქნება ეს დაურღვეველი სასწაულებრივი ფენომენები თუ ლოგიკის უდავო დასკვნები. ამას ნათლად აცნობიერებდა მოციქული პავლე, როცა წერდა: „ჰურიანიცა სასწაულსა ითხოვენ, და წარმართნი სიბრძნესა ეძიებენ. ხოლო ჩუენ ვქადაგებთ ქრისტესა ჯუარ-ცუმულსა: ჰურიათა სამე საცთურ და წარმართთა სისულელე, ხოლო მათვე ჩინებულთა, ჰურიათა და წარმართთა ქრისტე ღმრთისა ძალ არს და ღმრთისა სიბრძნე“ (1 კორ. 1:22-24).
ტყუილად როდი ამბობდა დანტე, რომ ქრისტიანობის უდიდესი სასწაული იყო მის მიერ მსოფლიოს დაპყრობა სასწაულების გარეშე. ქრისტეს ქადაგება სულიერი თავისუფლებისკენ მოწოდება იყო, რომელიც ადამიანების თავისუფალი სინდისისკენ არის მიმართული. „თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ძმანო“, – ღაღადებს პავლე. როცა მოციქულები ქვეყნის ოთხივე მხარის დასაპყრობად გაემართნენ, მათ არ გააჩნდათ დამხმარედ არავითარი გარეგნული ძალა და ამით ისინი იდეალურ მაგალითს წარმოადგენენ ქრისტიანთა ყველა შემდგომი თაობისთვის. ამ სახარებისეულ იდეალს ვერ დაჩრდილავს ვერცერთი ის ღალატი, რომელიც ისტორიის მანძილზე ხდებოდა.
„ქრისტიანული იმპერია“
მე-4 საუკუნის დამდეგს რომის იმპერიამ შეცვალა ქრისტიანობასთან ბრძოლის ტაქტიკა. მან ცნო იგი და სახელმწიფო რელიგიადაც გამოაცხადა[4], მაგრამ იმავდროულად შეუმჩნევლად დაიქვემდებარა. ამით იწყება ეკლესიისთვის ტრაგიკული პერიოდი, როდესაც პოლიტიკური ხელისუფლება საკუთარ მიზნებს ახორციელებდა ქრისტესა და ეკლესიის სახელით.
სახარების შუქზე „სახელმწიფო რელიგიის“ და ასევე „ქრისტიანული სახელმწიფოს“ თვით იდეა საეჭვო და სადავოა. ნებისმიერი სახელმწიფო, თუნდაც ყველაზე სრულყოფილი წყობით, საბოლოო ჯამში ძალადობის ორგანოს წარმოადგენს, რომლის შეთავსებაც რთულია ქრისტიანული თავისუფლების სულთან.
წარმართობაში საზოგადოებრივი წესრიგი, ჩვეულებრივ, აღიქმებოდა როგორც კოსმიური წესრიგის ნაწილი. სახელმწიფო და რელიგია სამყაროს ერთიანი წყობის ასპექტებს წარმოადგენდა. ქრისტიანობამ, პირიქით, სულიერი, „საღვთო“ სფერო განაცალკევა „კეისრის“ სფეროსგან. ასეთი პოლარიზაცია უკვე გულისხმობდა საკუთარ თავში ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფის წინაპირობას…
ნებისმიერი იმპერია მიისწრაფის საზოგადოების მონოიდეოლოგიური მოწყობისაკენ, რომელიც ხელსაყრელია მისთვის. შუა საუკუნეებში „ერთგვაროვანი აზროვნების“ უზრუნველყოფის საშუალება იყო სახელმწიფო რელიგია. მეფეები და მმართველები ხშირად მიმართავდნენ ძალადობრივ ქრისტიანიზაციას, კონფესიური ერთობის რეპრესიული გზით განმტკიცებას. ამრიგად, თუ იმპერატორი არიანელი იყო, ის დევნიდა ორთოდოქსებს და თუ ორთოდოქსი იყო, დევნიდა არიანელებს[5]. ამ ყალბ, თუმცა ისტორიულად, შესაძლოა, გარდაუვალ კავშირს კეისარსა და ეკლესიას შორის უზარმაზარი ზნეობრივი ზიანი მოჰქონდა ეკლესიისთვის. საერო პოლიტიკის სტილისადმი დაქვემდებარებით საეკლესიო ხელმძღვანელობა თანდათან ითვისებდა კიდეც მის ტაქტიკასა და მეთოდებს, რაც გარდაქმნიდა კიდეც მას, განსაკუთრებით შუა საუკუნეების დასავლეთში, სახელმწიფოს მაგვარ მოცემულობად.
თუმცა, როგორც ეს ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში იყო, როდესაც წინასწარმეტყველნი ამხელდნენ ხოლმე ამა ქვეყნის ძლიერთ, ეკლესიაშიც ყოველთვის არსებობდნენ სახარებისადმი ერთგულებაშენარჩუნებული მოღვაწენი, რომლებიც გადაჭრით გმობდნენ კეისრის შეჭრას სულიერ ცხოვრებაში. გავიხსენოთ თუნდაც წმ. ამბროსი მედიოლანელისა და წმ. იოანე ოქროპირის პროტესტი, პაპი მარტინისა და წმ. მაქსიმე აღმსარებლის სიმტკიცე, ხატების დამცველნი ან რუსი უვერცხლონი, სავონაროლას და იან ჰუსის საქმიანობა, წმ. მაქსიმ გრეკი და წმ. ფილიპე მოსკოველი. ეკლესიის ეს ოპოზიციური ძალები მუდმივად ახსენებდნენ ავტოკრატებს, რომ არსებობს „ღვთაებრივი საზომი“ ყოველივესი, რომელიც მიწიერ ძალაუფლებაზე მაღლა დგას. (…)
საკრალური ქრისტიანული სახელმწიფოს შექმნის ჩანაფიქრი, საბოლოო ჯამში, კრახისთვის იყო განწირული, თუნდაც იმიტომ, რომ იესოს კეთილი უწყებისთვის უცხოა ძალადობისა და მბრძანებლობის იდეა. მიმართავს რა მოციქულებს, როგორც ახალი აღთქმის ეკლესიის წევრებს, ქრისტე ამბობს: „თქვენ იცით, რომ ისინი, ვინც ხალხების მთავრად არიან მიჩნეულნი, ბატონობენ მათზე და მათი დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე. მაგრამ თქვენ შორის ასე ნუ იქნება, არამედ, ვისაც თქვენ შორის დიდობა სურს, ის თქვენი მსახური იყოს“ (მარკ. 10:42-43). იყო მცდელობები ამ მცნებისათვის გვერდის ავლისა „ქრისტიანულ სამყაროში“ არსებულ რელიგიურ სანქციებზე დამყარებულ მონარქიებში, სახელმწიფო რელიგიის, „სიმფონიის“, „ორი მახვილის“ (ანუ საერო და საეკლესიო მახვილის) თეორიის პრინციპების გამოყენებით. მაგრამ ყოველივე ეს ერთობ სუსტი აღმოჩნდა და ფეოდალიზმის დაცემისთანავე თეოკრატიული ხელისუფლების გაბანკროტებითა და სეკულარული სახელმწიფოს იდეის გაჩენით დამთავრდა.
ძალაუფლების სეკულარიზაცია
ამ პროცესს ორი მთავარი წყარო ასაზრდოებდა. პირველ ყოვლისა, კონფესიურმა პლურალიზმმა, რომელიც დასავლეთში რეფორმაციის შედეგად გაძლიერდა, სახელმწიფო აღმსარებლობის იდეები ეჭვის ქვეშ დააყენა. მე-16-17 საუკუნეებში წარმოქმნილმა რელიგიურმა ომებმა წარმოაჩინა, რომ ხელისუფლებამ ანგარიში უნდა გაუწიოს საეკლესიო აზრთა სხვადასხვაობას და რომ საზოგადოებაში სიმშვიდის უზრუნველყოფა მას მხოლოდ რჯულთშემწყნარებლობის პრინციპის დაცვით შეუძლია.
მეორეც, რენესანსმა, ანტიკურობის რესპუბლიკურმა და დემოკრატიულმა იდეებმა, გზა გაუხსნა რელიგიური სანქციებისგან დამოუკიდებელი სახელმწიფოს თეორიისა და პრაქტიკის დამუშავებას.
ახალი დროის პოლიტიკური სეკულარიზმის მამად, როგორც წესი, მიიჩნევენ ნიკოლო მაკიაველის (1469-1527). ქრისტიანობის, როგორც სახელმწიფო იდეოლოგიის წინააღმდეგ გალაშქრებით, მან ამით მნიშვნელოვანი სამსახური გაუწია მას (ქრისტიანობას. – დ. თ.) გაათავისუფლა რა იგი მისთვის უცხო საერო სტიქიისაგან. მაგრამ საკუთარ განაზრებებში საზოგადოების საფუძვლების შესახებ მაკიაველი უფრო შორს წავიდა. იყო რა პრაგმატიკოსი, ის ეგოიზმს („ინტერესებს“) განსაზღვრავდა როგორც ისტორიის მთავარ მამოძრავებელ ძალას. ადამიანური ბუნების უარესი მხარეები მან წინა პლანზე წამოსწია. შედეგად მაკიაველიმ პოლიტიკა გამიჯნა არა მხოლოდ რელიგიისგან, არამედ ყოველგვარი მორალისგანაც.
ასე წარმოიშვა პირველად აბსოლუტური ძალაუფლების კონცეფცია, რომელსაც უკვე აღარ ზღუდავდა არავითარი ბარიერი. ის გადაიქცა რაღაც თვითკმარ მოცემულობად, ეს კი ამართლებდა მის მიერ ნებისმიერი საშუალების გამოყენებას. მართალია, თავად მაკიაველი ფიქრობდა, რომ ხელმწიფეს შეუძლია ხალხის სასიკეთოდ მოქმედება, მაგრამ ამ სიკეთეს, ტომას ჰობსის მსგავსად, იგი საზოგადოებაში მკაცრი (ხისტი) წესრიგის დამყარებაში, მისთვის რკინის აღვირის ამოდებაში ხედავდა, რისი გაკეთებაც ხელმწიფეს ყოველთვის უნდა შეეძლოს.
მაკიაველის თეორიები ამართლებდა ადამიანში ფესვგადგმულ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ვნებას – ვნებას ძალაუფლებისადმი. ცნობილია ათასობით მაგალითი, როდესაც ადამიანები სხვადასხვა მოტივით ნებაყოფლობით ამბობდნენ უარს სიმდიდრეზე, ქორწინებაზე და ბევრ სხვა რამეზეც, მაგრამ ისტორიამ მხოლოდ ერთეული შემთხვევები იცის ძალაუფლებაზე საკუთარი ნებით უარის თქმისა. ამიტომ მაკიაველიზმი გახდა მაცდუნებელი (წარმტაცი) მოდელი ავტოკრატიისთვის, რომელიც რელიგიური შეზღუდვებისგან განთავისუფლებისკენ მიისწრაფის.
ოდნავ წინ თუ გადავხტებით, შეიძლება ითქვას, რომ ეს მიზანი მიღწეულ იქნა მხოლოდ მე-20 საუკუნეში წარმოქმნილი ტოტალიტარიზმის დროს. მე-18-19 საუკუნეებში მაკიაველიზმმა ვერ შეძლო გაბატონებული პოზიციის მოპოვება და მხოლოდ ცალკეული დროებითი გამარჯვებებით კმაყოფილდებოდა. ქრისტიანობასთან შეჯერებული რელიგიური და ზნეობრივი იდეები საკმაოდ ძლიერი იყო, რომლის გაუქმება თუ შესუსტება ვერ მოახერხა ამ ძალაუფლებამ. ფრანგული რევოლუციის ბელადებიც კი, რომლებმაც ათეისტური პოზიციებიდან დაიწყეს მოქმედება, იძულებულნი გახდნენ მიეღოთ რელიგია, თუნდაც დეიზმის ფორმით (რობესპიერის მიერ შემოღებული უზენაესი არსების კულტით).
პარალელურად ვითარდებოდა დემოკრატიული ტენდენციები, რომლებმაც პირველად ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იჩინეს თავი (რუსეთში ნოვგოროდი და საქალაქო კომუნები დასავლეთში). მათ აუცილებლად უნდა წარემართათ საზოგადოება გზაზე, რომელიც ეკლესიის სახელმწიფოსგან და კეისრის ღვთისგან გამოყოფას გულისხმობდა. ამის აუცილებლობა კი დასტურდებოდა დასავლეთში სულ უფრო და უფრო მზარდი იდეური და აღმსარებლობითი მრავალფეროვნების გამო.
ბელადობისგან განსხვავებით, დემოკრატია მხოლოდ ადამიანურ საზოგადოებაშია წარმოქმნილი, ცხოველური სამყაროსთვის ის უცნობია. იგი გამომდინარეობს პიროვნების როგორც უზენაესი ფასეულობის შეგნებიდან, რომელიც ამოზრდილია რელიგიური პერსონალიზმის ნიადაგიდან, მისწრაფებიდან, რომლის მიზანია საზოგადოებისთვის რაციონალური სტრუქტურის მიცემა.
გასულ (მე-19. – დ. თ.) საუკუნეში დემოკრატია სამეცნიერო რაციონალური აზროვნების განვითარებასთან ერთად იზრდებოდა, რომელიც, ინგლისელი ისტორიკოსის ქრისტოფერ დაუსონის კონცეფციის თანახმად, ქრისტიანობასთან ერთად მეორე ფუნდამენტალური ელემენტი იყო ევროპული კულტურისა. ევროპის რწმენა სახარებაში იყო ფესვგადგმული, მისი მეცნიერება და პოლიტიკური სტრუქტურა კი – ანტიკურობაში.
ჯერ კიდევ პირველი საუკუნეების ეკლესიის მამებმა გვიჩვენეს, როგორ არის შესაძლებელი შემოქმედებითი ურთიერთობა ამ ერთმანეთის შემავსებელ ელემენტებს შორის. მაგრამ ახალი დროის პრაქტიკაში განხეთქილების სულმა იძალა ევროპული კულტურის მთელი შენობის რყევების ფონზე. ეს შეეხო იმ სფეროსაც, რომელიც საზოგადოების ოპტიმალური მოწყობის ამოცანას უკავშირდება.
ის, რომ ეკლესიები ეწინააღმდეგებოდნენ სახელმწიფოს, მეცნიერების, პოლიტიკის სეკულარიზაციას, ერთ-ერთი ტრაგიკული თავია ქრისტიანობის ისტორიაში. მრავალსაუკუნოვანმა ინერციამ, რელიგიაში სახელმწიფო იდეოლოგიის ფორმის დანახვის ჩვევამ, კეისრის მხარდაჭერის ძებნამ სავალალო შედეგები გამოიღო. ის საეკლესიო მოღვაწენი, რომლებიც, ფ. ლამენიეს მსგავსად, ხელს უწვდიდნენ დემოკრატიასა და სეკულარიზმს, იზოლაციაში აღმოჩნდნენ და მათ საეჭვო იარლიყები მიაკერეს.
მე-18-19 საუკუნეებში რწმენასა და მეცნიერებას შორის განხეთქილებას აღრმავებდა დემოკრატებისა და განმანათლებლების ანტიკლერიკალიზმი, რომელიც თანდათან იქცა აგრესიად თავად რელიგიის, როგორც ასეთის, წინააღმდეგ. რელიგიაში რეაქციის, როიალიზმისა და კონსერვატიული ტენდენციების მოკავშირეს ხედავდნენ და, გარკვეული აზრით, ამგვარი შეხედულება შეესაბამებოდა სინამდვილეს. რელიგიის წინააღმდეგ იყენებდნენ სხვადასხვა მეცნიერების მიღწევებს, ევოლუციონიზმს, ბიბლიურ კრიტიკას, სოციალურ და ეკონომიკურ სისტემებს. მაგრამ საზოგადოების რელიგიური და ეთიკური საფუძვლების მოშლა უკვალოდ ვერ ჩაივლიდა. სწორედ ამან გამოიწვია კულტურის ის მტკივნეული კრიზისი, რომლითაც აღბეჭდილია მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნა.
უფლის სასუფევლის, სამყაროსა და ადამიანის ტრანსფორმაციის ქრისტიანული მოლოდინი შეიცვალა პროგრესისადმი რწმენით – ბიბლიური ესქატოლოგიის საერო ვარიანტით. ამ რწმენის თანახმად, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარება, განათლება და სოციალური ინსტიტუტები თავისთავად გახდის კაცობრიობას ჰუმანურსა და ბედნიერს. თუმცა თავდაჯერებული მე-19 საუკუნის პროგნოზებს აღსრულება არ ეწერა.
პირიქით, ისტორია მიზანსწრაფულად უახლოვდებოდა მსოფლიო ომების ეპოქას…
მთარგმნელის შენიშვნები:
[1] ა. მენის ამ სიტყვებთან დაკავშირებით საყურადღებო უნდა იყოს ასევე შემდეგი შემთხვევაც: „…არის ვერსია, რომ მეცნიერი (ცნობილი ფიზიოლოგი და ფსიქიატრი ბეხტერევი, დ.თ.) მოულოდნელად გარდაიცვალა არა საკვებით მოწამლვის შედეგად, როგორც ამას ოფიციალური ვერსია ღაღადებდა პრესაში, არამედ ის მოწამლეს სწორედ სტალინის მითითებით, მას შემდეგ, რაც მას (სტალინს, დ.თ.) პარანოიის დიაგნოზი დაუსვა“ (Кинякина, О. Н. Superинтеллект. М., 2006, გვ. 14).
[2] სწორედ ამიტომ ხომ არ უწოდებდა ქრისტე თავის მოწაფეებს მეგობრებს და არა მონებს, რადგან უკვე გაცნობიერებული ჰქონდათ მისი მოძღვრების არსი? (შდრ. ინ. 15:15).
[3] აქ ორიგინალში გვაქვს სიტყვა давящий.
[4] აქ მცირე უზუსტობას უშვებს ალ. მენი. მე-4 საუკუნეში ქრისტიანობა გამოცხადდა ლეგიტიმურ (არა სახელმწიფო) რელიგიად. სხვა სიტყვებით, ქრისტიანობა ერთ-ერთ დაშვებულ ანუ კანონიერ რელიგიად იქცა სხვა აღმსარებლობებთან ერთად. უფრო ზუსტად კი, ქრისტიანები გაათავისუფლეს კერპების თაყვანისცემის ვალდებულებისგან. ბიზანტიაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია მეხუთე საუკუნეში ხდება იმპერატორ იუსტინიანეს დროს, როდესაც იმპერიაში უკვე იკრძალებოდა და იდევნებოდა ყველა ერეტიკული თუ არაქრისტიანული მიმდინარეობა და როცა უკვე, როგორც მეიენდორფი წერს, „კანონი ითხოვდა ყველა წარმართის მონათვლას ჯარიმის, ქონების კონფისკაციის ან განდევნის მუქარით“ (И. Мейендорф. Единство Империи и Разделения Христиан. М., 2003, გვ. 25). ასევე როგორც ალ. შმემანი წერს, სახელმწიფო რელიგიის პირობებში „სწორედ ეკლესია ითხოვდა წარმართებთან ბრძოლას, რითიც იგი ცალსახად უგულვებელყოფდა შემწყნარებლობის პრინციპს. ეკლესიამ დაივიწყა ტერტულიანეს სიტყვები: „საზოგადო სამართალიც და ბუნებრივი რჯულიც იმას ითხოვს, რომ თითოეული თაყვანისცემდეს ღმერთს იმგვარად, როგორადაც მას ეს სწამს… ერთმა რელიგიამ არ უნდა იძალადოს მეორეზე“ (А. Шмеман. Исторический Путь Православия. Киев 2003, გვ. 158).
[5] ზოგჯერ პრიორიტეტთა ამგვარი რადიკალური ცვლილებანი ერთი კონკრეტული იმპერატორის შეგნებაშიც ხდებოდა. მაგ., კონსტანტინე დიდი თავდაპირველად არიანელებს დევნიდა, შემდეგ კი ორთოდოქსების შევიწროვება დაიწყო. მან არიანელობის გამოჩენილი მოწინააღმდეგე წმინდა ათანასე დიდიც კი დასაჯა და გადაასახლა.
რუსულიდან შემოკლებით თარგმნა და შენიშვნები დაურთო დავით თინიკაშვილმა (მთარგმნელისეული შენიშვნები სტატიის საჟურნალო ვერსიაში არ არის).
გამოქვეყნდა ჟურნალში „სოლიდარობა: საქართველოს სახალხო დამცველის პერიოდული გამოცემა“ #6, 2010, გვ. 73-79. სტატია გადატანილია ასევე ტოლერანტობის ცენტრის ვებ-გვერდზე: http://tolerantoba.ge/index.php?id=1281619837&kat=272
Advertisements

2 comments

  1. 4* ) დათო აქაც ზუსტია მამა ალექსანდრე, 380 წელს იმპერატორმა თეოდოსი პირველმა გამოაცხადა ოფიცილურ რელიგიად ქრისტიანობა – ნიკეის მსოფლიო კრების ფორმულის შესაბამისად. თუმცა ქრისტიანობის დომინაციას, მისი ლეგელაზიცა უსწრებს წინ 313 წლის მილანის ედიქტის საფუძველზე და ცხადია ესეც მეოთხე საუკუნეა.

    Like

    • სალამი მამა ზაზა, გმადლობთ მითითებისთვის, მაგრამ ალ. მენი ხომ მეოთხე საუკუნის დასაწყისზე საუბრობს? 380 წელი კი ამავე საუკუნის მიწურულია, მოგეხსენებათ. მენი წერს: “მე-4 საუკუნის დამდეგს რომის იმპერიამ შეცვალა ქრისტიანობასთან ბრძოლის ტაქტიკა. მან ცნო იგი და სახელმწიფო რელიგიადაც გამოაცხადა[4]”. ციტატა ორიგინალიდან: “В начале IV века мировая Римская держава переменила тактику борьбы с христианством. Она признала его и даже сделала государственной религией”.

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s