მეშჩერინოვი, პ. – სიყვარულის ტანჯვა თუ…

ავტორი: იღუმენი პეტრე მეშჩერინოვი
არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე გულისტკივილით წერს თანამედროვე სამონასტრო ცხოვრებაზე წიგნში ,,სიყვარულის ტანჯვა” (Издательство Саратовской епархии. Саратов, 2005). ავტორი მართებულად საუბრობს დღევანდელი ბერ-მონაზვნების დაკნინებულ მდგომარეობაზე. ყველაფერი მართლაც ისეა, როგორც ის წერს, უარესადაც კი, რის შესახებაც საუბარი აქ მიზანშეწონილად არ მიმაჩნია…. მაგრამ, როდესაც არქიმანდრიტი ლაზარე პრობლემებს მთელი სიმწვავით აშიშვლებს, მათი მიზეზის ამოხსნის მცდელობაში გულგატეხილობის ზღვრამდე მიდის: ,,ყველაფერი ცუდადაა… ,,მის მიერ დასმულ პრობლემურ შეკითხვებზე პასუხები წიგნში არ არის. თუმცა მივეკუთვნები არქიმანდრიტ ლაზარეს თაობას სამონასტრო ცხოვრების დაახლოებით იმავე ,,სტაჟით”, მეც ვერ გავცემ პასუხს კითხვაზე – ,,რა ვქნათ?”… მაგრამ შევეცდები იმის გარკვევას, თუ რა არის დღევანდელი ბერ-მონაზვნური ცხოვრების დაკნინების მიზეზი. ცხადია, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ,,კერძო (მონაზვნის) პირის განსასაჯი”, ამიტომ წინასწარ ვითხოვ პატიებას, თუკი ვინმეს შეაშფოთებს ამა თუ იმ შეფასების სიმწვავე ან უჩვეულობა. ასეთ სიმწვავეს გაამართლებს ის, რომ დაეყრდნობა უშუალო გამოცდილებას და არა კაბინეტურ განსჯებს…
I
პირველი, რაც დავინახე არქიმანდრიტ ლაზარეს წიგნში, არის ჰიპერტროფირებული რეაქცია ბერ-მონაზვნობის თანამედროვე მდგომარეობაზე. ,,ძლიერი შიში და უკიდურესი გამოფიტულობა (უძლურება)… დუნე განწყობილება…. ამოოხვრები, თავის გადაქნევა… დაღლილობა… უპასუხოდ დარჩენილი შეკითხვები” (გვ. 9-10)… დიახ, არის დაკნინება, მაგრამ მას თავისი მიზეზები აქვს და, ბოლოს და ბოლოს, ღმერთის მიერაა დაშვებული. ჯანსაღი რეაქცია დაკნინებაზე მისი მიზეზების, ღმერთის ჩანაფიქრის ძიებაა – რას გვეუბნება ის ამით? პასუხი – ,,ხალხი უარესი, უუნარო გახდა” ან ,,ბერები სულიერად გაღატაკდნენ” – მე არადამაკმაყოფილებლად მეჩვენება. წმ. წერილში ნათლად წერია:”ნუ იტყვი: წარსული დროება აწმყოს რად სჯობდაო, რადგან სიბრძნე არ ახლავს ამ კითხვას” (ეკლ. 7,10). ჩვენი დღევანდელი საეკლესიო ცხოვრებისათვის დამახასიათებელი ,,ბოლო ჟამის” მძაფრი განცდა ყოველთვის თანაარსებობს იმ ურყევ შეხედულებასთან, რომ ,,ახლა ყველაფერი გაუბადრუკდა”, აი, ადრე კი ,,ყველაფერი უკეთ იყო”. ეკლესიასტეს სიტყვები – ,,სიბრძნე არ ახლავს ამ კითხვას” – ვფიქრობ მიუთითებს თანამედროვე მართლმადიდებლური სულიერების ერთ-ერთ მთავარ პრობლემაზე, რომელიც ყველაზე მკვეთრად მონასტრულ ცხოვრებაში ვლინდება და ნათლად ჩანს ჩვენ მიერ განხილულ წიგნში. მე ვგულისხმობ არაადეკვატურობის პრობლემას.
მამა ლაზარეს წიგნის განწყობილება შეგვიძლია ამგვარი ანალოგიებით გამოვხატოთ. წვიმს – ა! ა! ა! დავიღუპეთ, უბედურებაა, საშინელებაა, სიბნელეა.. მზე ამოვიდა – ოი! ოი! კოშმარია, ყველაფრის აღსასრულია, რა ვქნათ!.. წარმოვიდგინოთ მუსიკოსი, რომელიც მთელი ცხოვრება ფიქრობს: მე უნიჭო ვარ, უტვინო, უვარგისი, მახინჯი, არაფერი გამომდის, არაფრისთვის ვვარგივარ და ა.შ. და ა.შ. შევეკითხოთ მას: რატომაა ასე? ის გვიპასუხებს: იმიტომ რომ, ვერ ვწერ ისეთ მუსიკას, როგორსაც წერდნენ ბახი და მოცარტი… მაგრამ ისმის კითხვა, რატომ უნდა იყო ბახი ან მოცარტი? ისინი უკვე იყვნენ. შეუძლებელია და არც არის საჭირო გახდე ბახი ან მოცარტი. შენ გახდი ის, რაც ხარ, განახორციელე შენი მუსიკალური ტალანტი… ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც. ვკარგავთ საკუთარ თავს და შემდეგ ვითრგუნებით, რომ არა ვართ სერაფიმე საროველები და ჩვენი მონასტრები კი – ტავენისიოტის სავანეები… სწორედ ეს არის არაადეკვატურობა: შესაძლებელზე მეტი საზომის აღება და შემდეგ საკუთარი თავისა და მთელი სამყაროს დადანაშაულება იმაში, რომ ამ საზომს არ შევესაბამებით.
ადეკვატურობა, რომლის არარსებობა ამ წიგნშიც და ჩვენს დღევანდელ საეკლესიო ცხოვრებაშიც თვალშისაცემია, მე ასე მესმის (ჩვენს კონტექსტში): იცოდე რამდენის ტვირთვა შეგიძლია და მიიღო ანუ გაიგო და იგრძნო ის გარემოება, რომელშიც ღმერთმა ჩაგვაყენა (XXI საუკუნე) და აქედან გამომდინარე, მადლიერებითა და ღმერთის რწმენით ეცადო იცხოვრო სახარებისეულად, ქრისტესთან ერთად. ჩვენთვის ამგვარი ცხოვრების შესაძლებლობა ყოველთვის გახსნილია საიდუმლოებებისაკენ, ლოცვისაკენ, წმიდა წერილის (და გარდამოცემის) შესწავლისა და სახარებისეული მცნებების შესრულების ანუ ქრისტიანული ზნეობრიობისაკენ სავალ გზაზე. მაგრამ ლოცვისა და თავშეკავების, საიდუმლოებების მოქმედებისა და ღმერთის მცნებების შესრულების ზომა უნდა შევუსაბამოთ ჩვენს შინაგან მოწყობას, რომელიც ღმერთმა მოგვცა (აბბა დოროთე წერს, რომ შინაგანი მოწყობის წინააღმდეგ ვცოდავთ, როდესაც ვერ ვზომავთ საკუთარ ძალებს და შესაძლებლობებს) და გარემოებას, რომელშიც ღმერთმა ინება, რომ ჩვენ გვეცხოვრა.
,,იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე” (ებრ. 13:8); მაგრამ გარემოებები მუდმივად იცვლება და ამის გაუთვალისწინებლობა, ეკლესიასტეს სიტყვებით რომ ვთქვათ, ,,არაბრძნულია”. სულიერ ცხოვრებას ყველა დროს თავისი განსაკუთრებულობები აქვს, თუმცა მისი შინაარსი ყოველთვის ერთი და იგივე რჩება – ცხოვრება იესო ქრისტეში. ღმერთი აღაშენებს ეკლესიას, აგებს სულიერი ცხოვრების ფორმებს სწორედ იმგვარად, რომ ქრისტიანებმა, რომლებიც კონკრეტულ დროში ცხოვრობენ, შეძლონ თავიანთი ეპოქიდან მაქსიმალური სულიერი სარგებლის მიღება. თანამედროვე მართლმადიდებლებს და განსაკუთრებით ბერ-მონაზვნებს ამ კუთხით აშკარა არეულობა აქვთ: მათ ქრისტეში სიცოცხლის ძიება ასე კი არ ესმით, არამედ მას უმთავრესად ეთნოგრაფიულ-საეკლესიო წარსულს უკავშირებენ. ამის გამო ვწყდებით რეალობას და ვეღარ ვგრძნობთ, რა სურს ღმერთს ჩვენგან. ასეთი დამოკიდებულების ქვეტექსტი ძალიან საშიშია, რადგან ნიშნავს, რომ ღმერთი ეკლესიასა და ისტორიაში ოდესღაც, გარდასულ დროში მოქმედებდა, ხოლო ჩვენს დროში ის არ მოქმედებს, ან თუ მოქმედებს, მხოლოდ წარსული საეკლესიო ისტორიული ფორმების ჩარჩოებში; ცხოვრების თანამედროვე პირობები კი ხელს უშლის ქრისტიანობას და ღმერთსა და მის ეკლესიაზე ძლიერნი არიან… ამგვარად, ღმერთი მიდის ჩვენი ცხოვრებიდან და ის ივსება წარსულზე ნოსტალგიით. მთელი მართლმადიდებლური სულიერება კი გარეგნული ისტორიული ფორმებისა და საეკლესიო ცხოვრების სქემების გააფთრებულ დაცვაზე დაიყვანება…
ახლავე ვიტყვი, რომ ადეკვატურობაში მე სრულებით არ ვგულისხმობ ამსოფლიურ სულისკვეთებასთან ,,მორგებას, ,,გაამსოფლიურებას, არამედ ჯანსაღ, სწორედ სახარებისა და ეკლესიის სულით გამსჭვალულ, ,,არა ამის სოფლისაგან” (იოანე 18,36) შეფასებას გარეგნულ და შინაგან, პირად და ზოგადად საეკლესიო სიტუაციისა, რომელშიც ღმერთმა ჩაგვაყენა. ბოლოს და ბოლოს, აქ საუბარია სიმდაბლეზე – სიტყვაზე, რომელიც ჩვენი დღევანდელი საეკლესიო ცხოვრების სინამდვილეში ხშირად გამოიყენება, როგორც ,,ყველაფრის განკურნების რეცეპტი”. მართლაც, სიმდაბლე უდიდესი და არაჩვეულებრივი რამაა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ჭეშმარიტია.
ჩვენს სინამდვილეში სიმდაბლე ხშირად ესმით, როგორც თავის დამცირება, საკუთარი თავის აბუჩად აგდებისათვის მზადყოფნა, გარკვეული ,,მაზოხიზმი”, დაბეჩავებულობა, პიროვნების დათრგუნვა და სხვა მსგავსი. მაგრამ ეს ცრუ სიმდაბლეა, რომელიც აბსოლუტურად არაქრისტიანული და არასახარებისეული მდგომარეობაა. სიმდაბლე არის სიმართლე ჩვენი საკუთარი თავისა და მისი ღმერთთან, სამყაროსა და სხვა ადამიანებთან დამოკიდებულების შესახებ. რადგან სიმდაბლე სიმართლეა, ის ვერ იქნება არაადეკვატური, რადგან ეძებს, გრძნობს და პოულობს ღმერთს არა დიდებულ, მაგრამ უკვე გარდასულ დროში, არამედ ,,აქ და ახლა”. სიმდაბლე, რომელიც ადეკვატურია, აბრუნებს ადამიანს ღმერთისაკენ, რომელიც ახლოს არს (ფილლიპ. 4:5); ხოლო სადაც ღმერთია, იქ სიხარული, მშვიდობა და მხნეობაა. სწორედ არაადეკვატურობას მივყავართ ამა სოფლის სტიქიების ტყვეობისაკენ, რადგან ჩვენი ქრისტიანობა, მისი წარმატება თუ წარუმატებლობა დამოკიდებული ხდება მხოლოდ რომელიმე გარეგნული ფაქტორის არსებობა-არარსებობაზე. არაადეკვატურობა ცრუ სიმდაბლისაკენ, ღმერთის სიმდაბლისაკენ მიმავალი გზაა, რომელსაც ნაყოფი არ მოაქვს და გულგატეხილობის ისეთ მდგომარეობაში გვაყენებს, როგორიც არქიმანდრიტ ლაზარეს წიგნში ვიგრძენი.
II
ყოველივე ზემოთ ნათქვამი ჩვენ წინაშე სვამს ბერ-მონაზვნებისათვის პრინციპულ პრობლემას. აშკარად ჩანს, რომ არქიმანდრიტი ლაზარე ვერ პოულობს გამოსავალს სიტუაციიდან. რატომ? იმიტომ რომ ავტორი გამოსავალს იმ აზროვნების სისტემის ჩარჩოებში ეძებს, რომელსაც შეიძლება ,,წმ. მამათა იდეოლოგია” ვუწოდოთ; სწორედ ეს სისტემა წარმოშობს იმ ავადმყოფურ მოვლენებს, რომლებზედაც ხმამაღლა ყვირის ავტორი თავის წიგნში. ეს ის ჩაკეტილი წრეა, საიდანაც გამოსავალი არ არის და სადაც მხოლოდ პირქუში სიბნელე და მწუხარებაა.
ვხედავ, მკითხველი უკვე აღშფოთებით აქნევს თავს: ესეც ასე, მამაო, აქამდეც მივედით… წმ. მამების წინააღმდეგ გამოვდივართ… რაც, რა თქმა უნდა, ასე არ არის. მე შემთხვევით არ გამომიყენებია გამოთქმა ,,წმ. მამების იდეოლოგია”. ყოველგვარი იდეოლოგია წარმოადგენს ავტორიტარულ თეორიულ სქემას, რომლის მარწუხებშიც ექცევა ცოცხალი ცხოვრება. ყველაფერი, რაც ამ სქემის მიხედვით არ არის, უნდა მოიკვეთოს და განადგურდეს, და თუ ეს შეუძლებელია, უნდა გაიკიცხოს ან (უკეთეს შემთხვევაში) მისი იგნორირება მოხდეს.
ისმის კითხვა: როგორ გადაიქცევა მამათა ცხოვრება და სწავლება ცოცხალი, გამაცხოველებელი წმინდა გარდამოცემიდან უსიცოცხლო სქემად, რომლის შედეგიც უნაყოფო გულგატეხილობაა? შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვაა და მასზე პასუხს იმ შემთხვევაში გავცემთ, თუ გავარკვევთ, რაში მდგომარეობს სულიერი ცხოვრების მიზანი და ამ მიზნის მიღწევაში რა ადგილი უჭირავს მოღვაწეობას (რაც ბერ-მონაზვნური ცხოვრების მთავარი მახასიათებელია) და წმინდა მამების სწავლების მიხედვით ცხოვრებას.
ამ საკითხზე ორგვარი შეხედულება არსებობს, რომელთაც თავიანთი საფუძვლები აქვს წმ. მამების ნაწერებში. ვისარგებლოთ ორი დიდი წმინდა მამის ციტატებით, რომლებიც ნათლად გამოხატავს ამ შეხედულებებს.
1) ეპისკოპოს თეოფანე დაყუდებულისათვის სულიერი ცხოვრების მიზანი ღმერთთან ერთობის მიღწევაა. ,,ცოცხალი, შინაგანი და უშუალო ურთიერთობა ღმერთისა ადამიანთან და ადამიანისა ღმერთთან არის სწორედ მისი საბოლოო მიზანი” (Начертание христианского нравоучения, М. 1895, стр. 34). წმ. თეოფანე წმ. ბასილი დიდისა და ღირსი მაკარი დიდის ნაწერებს ეყრდნობა და ერთ პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხსაც აღნიშნავს. ის წერს: ,,მცდარი იქნება, თუკი ვინმე იფიქრებს, რომ როდესაც ღმერთთან ერთობას ადამიანი მხოლოდ მთელი თავისი მოღვაწეობის ბოლოს მიაღწევს. ეს უნდა იყოს მუდმივი, უწყვეტი მდგომარეობა ადამიანისა, როდესაც არ არის ურთიერთობა ღმერთთან, როდესაც ეს ურთიერთობა არ იგრძნობა, ადამიანმა უნდა აღიაროს, რომ არ მიდის თავისი მიზნისა და დანიშნულებისაკენ. ღმერთთან ერთობა ისეთი მდგომარეობაა, რომელშიც ადამიანი აღიარებს, რომ ჭეშმარიტი ღმერთი მისი ღმერთია და თვითონ კი ღმერთისაა ანუ გულში ღმერთს ეუბნება: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი (იოანე 20:28), როგორც მოციქული თომა და თავის თავს კი ეუბნება:” ეს არის ღმერთი ჩვენი, ეს არის უფალი” (ისაია 45:9). ეს არის ადამიანის ერთადერთი ჭემარიტი მდგომარეობა, მასში ჭეშმარიტი ზნეობრივი და სულიერი ცხოვრების დასაწყისის ერთადერთი ნიშანი (გამოყოფილია ჩემ მიერ – ი. პ.) (იქვე, გვ. 36).
წმინდა მამები კრძალავენ სულიერი ნუგეშის კადნიერ ძიებას, ლოცვით ტკბილი განცდების, გამოცხადებების, ჩვენებების ყალბ შეგრძნებებს, საკუთარი თავის ზეციური ნიჭების ღირსად მიჩნევას და არა ღმერთთან ურთიერთობას. ღმერთთან ერთობის გრძნობა სრულებით სხვა სფეროს მიეკუთვნება და მისი დამოწმებაც ამ სფეროდან ხდება: უპირველესად და უმთავრესად იმით, რასაც წმ. თეოფანე ,,ღმერთისათვის სათნოყოფის მოშურნეობას” უწოდებს”. ეს არის მტკიცე და მყარი გადაწყვეტილება, მიუხედავად ყველაფრისა, ნებისმიერი გარემოებისა თუ შინაგანი მწუხარებისა და გულგატეხილობისა, იყო ქრისტიანი, იყო ღმერთთან და შეასრულო მისი ნება ცოცხალი, დაუღალავი და სიხარულის განცდით, მისადმი რწმენით, მოწიწებითა და შვილებრივი დამოკიდებულებით. ღმერთთან ურთიერთობა ადამიანის სულიწმინდასთან ზიარებაა; ეს არ არის აღფრთოვანება, ეგზალტაცია ან სისხლის დუღილი, არამედ სულიწმინდის მადლის მოქმედება სულში, რაც დასტურდება ფაქიზი, მშვიდობიანი, სიხარულით აღსავსე, მორჩილი, გრილი სიოსავით ჩუმი, ჭეშმარიტად სულიერი განცდით, რომელიც ადამიანს ანიჭებს მშვიდობას, სიყვარულსა და თავისუფლებას და თითქოსდა ,,კრავს” მას ერთ მთლიან და ჰარმონიულ არსებად, ისეთად, როგორადაც თავდაპირველად ღმერთმა ჩაიფიქრა.
2) ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი კი სხვაგვარ აქცენტებს აკეთებს. ის წერს: ,,როგორ უეჭველადაც გვწამს ღმერთის მადლის მოქმედება, ასევე უეჭველად უნდა გვწამდეს, რომ ვნებებით დამძიმებული ადამიანი უღირსი და უუნაროა, მიიღოს ღმერთის მადლი. ამაში ღრმად უნდა ვიყოთ დარწმუნებული და მთლიანად და უანგაროდ უნდა მივეცეთ სინანულს” (Сочинения, т. 1, М., 1996, стр.280-281). უნდა აღინიშნოს, რომ ეპისკოპოსი ეგნატე აქ ლოცვასა და მადლისმიერ ნუგეშინისცემაზე საუბრობს; მისი განსჯის თემა ვიწრო-პრაქტიკული და პედაგოგიურია. სამწუხაროდ, ჩვენს საეკლესიო წრეებში ეს აზრი ყველაზე ფართოდაა გავრცელებული. ის დაიყვანება შემდეგზე: მე არარაობა და უბადრუკი ცოდვილი ვარ, ჩემში მხოლოდ ბოროტება და ცოდვაა, ჩემთვის მარადიული სატანჯველი, საშინელი სამსჯავრო, ჯოჯოხეთი და დაღუპვაა გამზადებული. თუმცა არის შანსი გადავრჩე და ის სწორედ იმაშია, ყოველთვის მქონდეს განცდა, რომ არარაობა, ცოდვილი, მახინჯი, უღირსი არსება ვარ, რომელსაც ცოდვის ჩადენის მეტი არაფრის უნარი არა აქვს (ამას უწოდებენ ,,სიმდაბლეს”) და სინანული, სინანული და მხოლოდ სინანული მთელი ცხოვრების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, სულიერი ცხოვრების მიზანი ხდება მხოლოდ საკუთარ თავის დარწმუნება უკიდურეს ცოდვილობაში და ტოტალური სინდისის ქენჯნა, რადგან არაფერ სხვას აბსოლუტურად არ ვიმსახურებთ.
ახლა ვნახოთ ის უკიდურესად მნიშვნელოვანი პრაქტიკული შედეგები, რომლებიც ამ ორი თვალსაზრისიდან გამომდინარეობს.
1) თუკი სულიერი ცხოვრების მიზანი ღმერთთან ერთობაა და მისი დამოწმება კი გრძნობით ხდება, მაშინ ის წარმოადგენს მთავარ კრიტერიუმს, რომლითაც ადამიანი საკუთარ სულიერ მდგომარეობას აფასებს. ამას ექვემდებარება მთელი ასკეტური მოღვაწეობა: იმ მეთოდებს, რომლითაც ღმერთთან ჩვენი ურთიერთობა ვითარდება, ვიყენებთ, ხოლო რისგანაც ის არ განმტკიცდება (ან მცირდება კიდეც), ყოველგვარი ეჭვის გარეშე უკუვაგდებთ. სწორედ ამის შესახებ ამბობდა ღირსი სერაფიმე საროველი საუბარში სულიწმინდის მოხვეჭის შესახებ: ,,მოიხვეჭეთ სულიწმინდის მადლი და ყველა სხვაქრისტესმიერი სათნოებანი, სულიერად ივაჭრეთ მათით, სათნოებათაგან ივაჭრეთ იმით, რომელიც ყველაზე მეტ მოგებას გაძლევთ… მაგალითად: თუკი ლოცვითა და მღვიძარებით უფრო მეტ მადლს იღებთ, იღვიძებდით და ილოცეთ; თუკი ღმერთის სულს მეტად გაძლევთ მარხვა, იმარხულეთ; თუ მეტად გაძლევთ მოწყალების გაცემა, გაეცით მოწყალება და ამგვარად განსაჯეთ ყოველგვარი სათნოება, რომელსაც იქმთ ქრისტესთვის”.
ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ღმერთთან ერთობა არაეკლესიურ კონტექსტში წარმოუდგენელია. ეკლესიის არსებობის მიზანი სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის ღმერთთან მიახლება. როდესაც ქრისტიანი საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობით ღმერთთან ერთობას იღებს, ძალ-ღონეს არ იშურებს რომ შეინარჩუნოს, განამტკიცოს და გაამრავლოს ეს ერთობა იმ საშუალებებით, რითაც ასე მდიდარია ეკლესია და რომლებიც შეადგენენ მის წმინდა გარდამოცემას. სულიწმინდის მოხვეჭა მხოლოდ ეკლესიაშია შესაძლებელი; მაგრამ ნამდვილი საეკლესიო ცხოვრების განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ის არ მდგომარეობს ყველასთვის საერთო საეკლესიო და წმ. მამების დადგენილებების, ვალდებულებებისა და აკრძალვების ავტომატურად შესრულებაში. რადგანაც ყველა ადამიანი ერთმანეთისაგან განსხვავდება, ამიტომ ეკლესიაში არსებულ საშუალებებსაც ყველა ადამიანი თავის საზომისამებრ, სხვადასხვაგვარად იყენებს. სწორედ ამის შესახებ ამბობს უფალი: ,,შაბათი კაცისათვის დაებადა და არა თუ კაცი შაბათისათვის” (მარკოზი 2:27). სულიერი ცხოვრების განხორციელებას ადამიანი მხოლოდ პირადი თავისუფლების პირობებში შეძლებს: ,,ხოლო უფალი სულ არს, ხოლო სადა სული უფლისაი, მუნ აზნაურებაი არს” (2კორ. 3:17); ,,აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან ჩუენ განგუააზნაურნა, მტკიცედ დეგით და ნუ კუალად უღელსა მას მონებისასა თავს იდებთ.” (გალატ. 5:1) წერს მოციქული. მაგრამ პიროვნული თავისუფლება ყოველთვის პირად, გაცნობიერებულ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. ეს უმძიმს დაცემულ ადამიანს და მთელ თავის ძალისხმევას იყენებს, რომ წესებისა და სხვადასხვა სქემის შესრულებით, კორპორაციული საიმედოობითა და სხვა საშუალებებით თავისუფლება როგორღაც ,,გაცვალოს” ,,ცხოვნების გარანტიაზე”. თავისუფლება და ყველაფერი, რაც მასთანაა დაკავშირებული, ნამდვილად რთულია, მაგრამ მის გარეშე შეუძლებელია ღმერთთან ერთობა და სახარებისეული ცხოვრება. ამ გზაზე ადამიანი იძენს სიცოცხლეს – ქრისტეს (სწორედ ეს არის სულიერი ცხოვრების აზრი); მხოლოდ ამ გზაზე სიარულისას შეიძლება გავიგოთ, სინამდვილეში რას გვეუბნებიან სახარება, ეკლესია და წმ. მამები.
იმის გამო, რომ ვნებებით დამძიმებულები ვართ და პრინციპულად არ ვიმსახურებთ ღმერთთან ერთობას, სულიერი ცხოვრების მიზანი სინანული (როგორც საკუთარ არარაობაში თავის დარწმუნება) ხდება, მაშინ შედეგსაც სხვას ვიღებთ. ცხოვრების კრიტერიუმი არა ღმერთთან ერთობის განცდა და საკუთარი ქრისტიანული სინდისი (იმ პარადიგმის ჩარჩოებში, რომელიც ჩვენი ,,დაცემულობის” აბსოლუტიზებას აკეთებს, ღმერთთან ერთობის განცდა და ქრისტიანული სინდისის გამოვლინება ,,ხიბლის მდგომარეობადაა” გამოცხადებული) ხდება, არამედ გარეშე ავტორიტეტი. ჩვენ მიერ განხილულ თვალსაზრისში ასეთი ავტორიტეტები წმ. მამები არიან, უფრო სწორად, არა თვითონ ისინი, არამედ მათი წიგნები. ამ შემთხვევაში ასკეტური სულიერი მოღვაწეობა იწყება იმით, რომ ადამიანი უნდა ,,მოერგოს” წიგნისმიერ, წმ. მამებისეულ სქემებს, ,,მოიკვეთოს” ყველაფერი, რაც ამ სქემებში არ თავსდება და დაარწმუნოს თავისი თავი, რომ ასეთი ,,მოკვეთა” ღმერთისთვის სათნოა (უფრო დაწვრილებით ამის შესახებ ქვემოთ ვისაუბრებთ). არ ვიცი წარსულში როგორ იყო, მაგრამ პირადად მე თხუთმეტწლიანმა თანამედროვე ბერ-მონაზვნურმა და სამონასტრო ცხოვრებამ დამარწმუნა, რომ ასეთ გარდაქმნას ,,კაცისა შაბათისათვის”, ნაყოფი არ მოაქვს. ჩემი აზრით, ეს ძირითადად იმიტომ ხდება, რომ ,,მხოლოდ თვითგამკიცხავი” სულიერი ორიენტაცია ჩვენს შინაგან ცხოვრებას ეკლესიურ აზრს აცლის.
საქმე იმაშია, რომ სინანული, თვითგაკიცხვა, საკუთარი ცოდვების ხედვა და ყველაფერი ის, რაც უმთავრესად მიაჩნიათ ამ თვალსაზრისის მრავალრიცხოვან მომხრეებს, სინამდვილეში უნდა იყოს არა მხოლოდ ადამიანური განცდები, ემოციები, სულის, გულისა და გონების მოძრაობები, არამედ ღმერთთან ერთობლივი, საეკლესიო-რელიგიური გრძნობები. ანუ ისინი ჭეშმარიტნი მხოლოდ მაშინ არიან, როდესაც ღმერთში, მის წინაშე და მასთან ერთობაში სრულდებიან, სულიწმინდის მადლისა და ჩვენი სულის ერთობლივი მოქმედებით და არავითარ შემთხვევაში თავისით. სწორედ ადამიანისა და ღმერთის ერთობლივ მოქმედებაშია ეკლესიის არსი და სიმართლე. ეს სიმართლე შემდეგში მდგომარეობს: მართლაც, თავისთავად მე ცოდვილი, უძლური და დაცემული არსება ვარ: ,,უბადრუკ და საწყალობელ და გლახაკ და ბრმა და შიშუელ.” (გამოცხ. 3:17), მაგრამ ეს არ არის მთელი სიმართლე, არამედ მისი მხოლოდ ათი პროცენტია. თუ ჩვენ მხოლოდ ამაზე შევჩერდებით (განსახილველ თვალსაზრისს საითაც მივყავართ), მაშინ ეს სიცრუე, სიყალბე და სწორედ ის არაადეკვატურობა იქნება, რომელზეც ვსაუბრობდით. სიმართლის მეორე ნაწილი, მისი ოთხმოცდაათი პროცენტი ისაა, რომ ღმერთმა არ უარმყო მე, განკაცდა ჩემთვის, ჯვარს ეცვა ჩემთვის, მოვიდა თავის ეკლესიაში და ჩემში. მე ქრისტესი ვარ, ის კი ჩემი უფალი და ღმერთია: მე ვარ მისი სიყვარულის, მოწყალების, ძალისა და სიმართლის მოზიარე. ეს ჩემს ცოდვილობაზე შეუდარებლად აღმატებულია. მე მისით ვცხოვრობ და რადგან ასეა, მაშასადამე, არ შემიძლია და არ მინდა ჩემი ვნებებით ვიცხოვრო. ღმერთთან ამგვარი ერთობისათვის, ქრისტესთან ყოფნისათვის, რათა სულიწმინდის მადლით განვკურნო საკუთარი უძლურება, ვინანიებ, ვლოცულობ, თავს ვიკავებ ცოდვის ჩადენისაგან, ვიცავ ეკლესიის წესებსა და კანონებს და არა იმიტომ, რომ მუდმივად საკუთარ ცოდვილობას გავუსვა ხაზი. აქ მთავარი არა თავისთავად ადამიანის ცოდვები და უძლურებაა, არამედ პირველ რიგში ის, რომ ჩვენ ეკლესიის, ქრისტეს სხეულის წევრები ვართ და მხოლოდ ამის შემდეგ – ავადმყოფები, უძლურები, ცოდვილები. მთავარია, რომ ჩვენი სულიერი ცხოვრების ცენტრში, უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უფალ იესო ქრისტეს ეკავოს და არა მოჩვენებით ,,ზეცოდვილ მეს”. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განვიხილოთ სიცოცხლე და ადამიანი მხოლოდ ცოდვის პოზიციიდან და ამას დავარქვათ ,,სიმდაბლე”.
ნამდვილი სიმდაბლე, რომლის დანახვა ჩვენ მიერ განხილული პარადიგმის ფარგლებში შეუძლებელია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საეკლესიო-რელიგიური მოვლენაა ანუ შესაძლებელია მაშინ, როდესაც ადამიანი და ღმერთი ერთმანეთს უერთდებიან. გასაგებია, რომ ,,ნეტარ არიან გლახაკნი სულითა” (მათე 5:3); ასევე გასაგებია, რომ ,,რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი ის ამაღლდეს” (ლუკა 18:14), მაგრამ ამასთან ერთად უფალი გვეუბნება: ,,თქვენ ხართ მარილი ქუეყანისა; თქვენ ხართ ნათელნი სოფლისანი; ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა” (მათე 5:13-15). როდესაც ნამდვილი სიმდაბლე გვაქვს, შეუძლებელია ერთმანეთისაგან გავაცალკევოთ საკუთარი ცოდვილობა და ღმერთის ჩვენდამი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა. საკუთარი ცოდვილობის ნამდვილი შეცნობა არ ნიშნავს საკუთარი თავის მიმართ ზიზღის ,,ძალით გამოწვევას”. სიმდაბლე ადამიანს მასში ღმერთის მოქმედებით ეძლევა და სულიწმინდის მადლით ის ყოველგვრი ილუზიების გარეშე ხედავს თავის თავს ისეთს, როგორიც არის სინამდვილეში. საკუთარი ცოდვილობის ხედვა არასწორი იქნება, თუ ამავე დროს საკუთარ თავს არ ვხედავთ, როგორც ,,მარილს ქუეყანისა”. ასევე არასწორია საკუთარი თავი ,,ამა სოფლის ნათლად” მივიჩნიოთ, თუ ამავდროულად არ ვაცნობიერებთ, რომ დაცემული არსებები ვართ. ერთი მეორის გარეშე შეცდომაა, რომელსაც ამპარტავნებისაკენ ანუ ღმერთისაგან მოწყვეტისაკენ მიჰყავს ადამიანი. (მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ არა მხოლოდ სულიერ თვითგანდიდებას, არამედ არასწორ თვითგმობასაც ადამიანი ამპარტავნებისაკენ მიჰყავს!)
არქიმანდრიტი ლაზარე, თუკი მისი წიგნის მიხედვით ვიმსჯელებთ, აქცენტებს მხოლოდ რელიგიური ცხოვრების ადამიანურ მხარეზე აკეთებს: ღმერთის მოქმედება, ერთადერთი, რაც ადამიანის სულიერ ძალისხმევას აზრს აძლევს, მისი ყურადღების უკანა პლანზე რჩება (თუმცა ის მაინც საუბრობს ამაზე, როგორც რაღაც აღმოჩენაზე – იხ. გვ. 260-262). ,,ცოცხალი რწმენა,”- წერს არქიმანდრიტი ლაზარე, -,,მაშინ აქვს ადამიანს, როდესაც ის ეძებს ღმერთს ახლავე, აქვე, სწუხს, რომ არა აქვს მასთან ცოცხალი ურთიერთობა… ,,(გვ. 192). მაგრამ ცოცხალი რწმენა სწორედ ისაა, რომელიც აქვე შედის ცოცხალ ურთიერთობაში ღმერთთან, გრძნობს მას, ცხოვრობს მისით… ამ ცოცხალი ურთიერთობის აღდგენა, თუ ის ჩვენი ცოდვების გამო დარღვეულია, სინანულით ხდება და თუკი ადამიანს, მიუხედავად მთელი თავისი შრომისა და მწუხარებისა, ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობა მაინც არა აქვს, ესე იგი, მისი სინანული არასწორია, ეს ნიშნავს, რომ მის ქრისტიანულ ცხოვრებაში რაღაც წესრიგში არ არის…
ამგვარად, თუკი ყველაფერს მხოლოდ ადამიანურ ,,უღირსებაზე”, ,,თვითგმობაზე” და ა.შ დავიყვანთ, ამით სწორედ სულიერი ცხოვრების ეკლესიურობას ვამცირებთ. უპირველეს ყოვლისა, ვამცირებთ საეკლესიო საიდუმლოებების მნიშვნელობას. თუკი ჩვენ სინამდვილეში არ შეგვიძლია ღმერთთან ურთიერთობა, მაშინ რატომ ვეზიარებით ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს (ეკლესიაც ხომ გვასწავლის, რომ ხშირად უნდა ვეზიაროთ)? თვითგმობის თვალსაზრისის მომხრეები იტყვიან: ჩვენ ვეზიარებით, მაგრამ მაინც ვრჩებით ვნებებით დამძიმებულ მდგომარეობაში…დიახ, ეს მართალია, მაგრამ ის ხომ არ არის ამის ერთ-ერთი მიზეზი, რომ მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია არა ღმერთთან ურთიერთობის შენარჩუნებისა და გაღრმავებისაკენ, არა გულისა და შინაგანი ადამიანის აღზრდისაკენ, არამედ საკუთარი თავის დარწმუნებისაკენ, რომ ჩვენ ამ ურთიერთობას ,,არ ვიმსახურებთ”…
აქ აუცილებლად უნდა შევჩერდეთ. ხშირად სინანული (და საერთოდ მთელი ასკეტური მოღვაწეობა), სწორედ საკუთარ უკიდურეს ,,უღირსებაში” თავის დარწმუნებაზე დაიყვანება. არქიმანდრიტი ლაზარე წერს: ,,მონოზონი, პირველ რიგში, უნდა ხედავდეს, რომ უხმარი მონაა” (გვ. 126), მონოზონი უნდა ,,დარწმუნდეს, რომ ჩვენ არაფრით ვიმსახურებთ ღმერთის სიყვარულს” (გვ. 142). თუმცა უნდა გავითვალისწინოთ წმ. მამების ამგვარი გამონათქვამების საკმაოდ ვიწრო პედაგოგიური ასპექტი. სრულებით უადგილოა ფასეულობათა კატეგორიების ჩარჩოებში ქრისტიანის ონტოლოგიური უღირსების შესახებ საკითხის დასმა. ქრისტიანის ღირსება უცვლელია, ის უდიდესი პატივით თვითონ ღმერთმა შემოსა, როდესაც განკაცდა მისთვის, ჯვარს ეცვა მის გამოსახსნელად და საკუთარ თავს აზიარებს საეკლესიო საიდუმლოებებში. სწორედ ამ ფონზეა შესაძლებელი ასკეტური მოღვაწეობისათვის სწორი მიმართულების მიცემა: ,,გლოცავ თქუენ მე, რაითა ღირსად ხვიდოდით ჩინებითა მით, რომლითა იჩინენით” (ეფეს. 4:1). სწორედ ჩვენი ქრისტიანული ღირსების შენარჩუნებისა და რეალიზაციის, მისდამი შესაბამისობისა და ღმერთის ჩვენდამი სიყვარულის გამართლების გამო ვინანიებთ ცოდვებს, ვეწინააღმდეგებით ცოდვას და ვაიძულებთ საკუთარ თავს სიკეთის ქმნას. მაგრამ ამის გაკეთება შეგვიძლია, უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის მოცემული ღირსების გაცნობიერებით; ბუნებრივია, ამას ვერ შევძლებთ, თუკი მთელ ძალისხმევას მოვახმართ საკუთარი თავის უღირსებაში დარწმუნებას. ეს სრულებით არ არის ,,ამპარტავნება” და არც ,,ხიბლია”, რადგან ყველაფერი ქრისტესათვის და მასთან ცოცხალი ურთიერთობისათვის ხდება. ის ერთადერთია, ვისაც შეუძლია ჭეშმარიტ გზაზე დაგვაყენოს. არქიმანდრიტი ლაზარე მოგვიწოდებს ,,ვოხრავდეთ ჩვენს ყოვლადუსარგებლობაზე”, ,,ვმწუხარებდეთ ჩვენს ყოვლადცოდვილობაზე” (გვ. 13)… მაგრამ საკუთარი უღირსების გაცნობიერების მოწოდება უნდა გავიგოთ პედაგოგიურად, როგორც ჩვენთვის უკვე მოცემული ქრისტიანული ღირსების რეალიზაციის არასრულყოფილების, მასთან შეუსაბამობის გაცნობიერება, რაც გვიბიძგებს ზნეობრივი და ასკეტური მოღვაწეობისაკენ. სხვაგვარად, საკუთარ თვითდამდაბლებასა და ჩვენს ირგვლივ ყველაფრით უკმაყოფილებაზე, სრულიად მართებული პასუხი იქნებოდა: უღირსი ხარ? მაშ, რა პრეტენზიები გაქვს? იღებ იმას, რისი ღირსიცა ხარ…
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ეს გავრცელებული სიტყვების თამაში ,,ღირსი-უღირსი” არღვევს ჩვენი სულიერი ცხოვრების საეკლესიო კონტექსტს. დიახ, ღმერთის გარეშე არაფერი ვართ, მაგრამ ღმერთთან ერთობაში ,,ღმერთები ვართ” (ფსალ. 81:6), ,,საღმრთოისა მის ზიარ ბუნებისა” (2 პეტრე 1:4) ,,თანა-მოქალაქე წმიდათა და სახლეულ ღმრთისა” (ეფეს. 2,19), ქრისტიანები, რომლებიც უდიდესი პატივით ღირსყვეს. სწორედ ღმერთთან ერთობლივი საეკლესიო-რელიგიური გრძნობა გვაძლევს საშუალებას დავინახოთ სიმართლე საკუთარი თავის შესახებ, რომლის გარეშეც შეუძლებელია ღმერთთან ერთობის განცდა და რაიმე ზნეობრივი და ასკეტური მოღვაწეობა.
სულიერი ცხოვრების მიზნისა და აზრის შესახებ ზემოთ გამოთქმული სხვადასხვა თვალსაზრისიდან გამომდინარეობს ღვაწლის განსხვავებული გაგებაც. პირველი პარადიგმა გულისხმობს ადამიანის პიროვნულ თავისუფლებას, პატიოსნებას, შეგნებასა და პასუხისმგებლობას. ქრისტიანს სულიერი ცხოვრება ეძლევა საეკლესიო საიდუმლოებებში და ის ერთმანეთს უთანხმებს თავის შინაგან მოწყობასა და გარემოებებს, შემოქმედებითად იყენებს ეკლესიის წიგნიერ, ცოცხალ, სამოძღვრო გამოცდილებას, ,,საკუთარი პასუხისმგებლობით” შეისისხლხორცებს სულიწმინდის მადლს, იხსნება სულიწმინდის მისაღებად და მისი სულიერი ცხოვრების კრიტერიუმი ღმერთთან ერთობის განცდაა. ამის მიღწევის საშუალება, საიდუმლოებებში მონაწილეობასთან, წმიდა წერილისა და ეკლესიის გამოცდილების (წმიდა გარდამოცემა) შესწავლასთან ერთად, არის სახარებისეული ცხოვრება, სინდისის აღზრდა და სახარებისეული მცნებებით ზნეობრივი გრძნობის გაფაქიზება. ეს ყველაზე ნამდვილი, ყოველდღიური, დაუღალავი ღვაწლია. ყველაზე უფრო ძნელია იყო წესიერი, ზნეობრივი, კეთილი, უბიწო, პატიოსანი და ფხიზელი, გარემოების შესაბამისი ადამიანი. ძალიან რთულია საკუთარ თავში ძველი ადამიანის დაძლევა, ,,ღმერთის სათნოყოფისათვის” კანონებისა და წეს-ჩვეულებების დაცვის ძველი აღთქმისეული გაგებიდან გამოსვლა და სვლა ახალი აღთქმისეული თავისუფლებისაკენ ქრისტეში. ღვაწლი არის ქრისტიანობისა და მონოზვნობის ნამდვილი არსის გაცნობიერება და ცხოვრებაში განხორციელება – ღმერთისადმი მიმსგავსება სიყვარულში, გონიერებასა და სიწმიდეში საკუთარი შინაგანი და გარეგნული მდგომარეობით…
ღვაწლის სრულებით სხვაგვარ გაგებას წარმოგვიდგენს სულიერი ცხოვრების ზემოთ დასახელებული მეორე პარადიგმა. აქ ღვაწლი მდგომარეობს ,,საკუთარი თავის ,,ჩაკეტვაში” წმ. მამების ნააზრევში, საკუთარი ნების უარყოფაში (ამის შესახებ ქვემოთ ვისაუბრებთ), საკუთარ უღირსებაში თავის დარწმუნებაში, საკუთარ თავზე ,,მისტიფიკატორული” მორჩილების დაკისრებაში (ამის შესახებაც ქვემოთ გვექნება საუბარი); კანონებისა და წესების მკაცრ შესრულებაში, რომ ,,ღმერთმა დაგვინახოს, როგორ ვმოღვაწეობთ (არქიმანდრიტ ლაზარეს გამონათქვამი) და ა.შ. მე, რასაკვირველია, სრულებით არა ვარ კანონებისა და წესების წინააღმდეგი, მაგრამ ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იყოს. ქრისტიანული და კერძოდ ბერ-მონაზვნური ცხოვრების მიზანი ღმერთთან ყოფნაა; ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ საშუალებაა ამის მისაღწევად და მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც ნაყოფი გამოაქვს (,,სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიტკბოება, სახიერება, სარწმუნოება, მყუდროება, მარხვა, მოთმინება” (გალატ. 5: 22-23)); თუკი მას ნაყოფი არ გამოაქვს, მაშინ ფასი ეკარგება…საშუალებამ არ უნდა დაიკავოს მიზნის ადგილი.
როდესაც ასე ხდება (სამწუხაროდ ძალიან ხშირად), შედეგად ვიღებთ: პირველ რიგში, ზნეობრიობის დაცემას. არქიმანდრიტი ლაზარე დარდობს – ეს რა ცუდი ბერ-მონაზვნების თაობა მოდის: კარიერის გაკეთება და საეკლესიო ხარისხის მიღება სურთ, ზარმაცები არიან და დაუმორჩილებლებიო… ისმის კითხვა, რატომ? იმიტომ, რომ მათი აღზრდა სახარებისეული ზნეობრიობით არ ხდება, უფრო სწორად, მთავარი აქცენტი ამაზე არ კეთდება. ადამიანი მოდის მონასტერში. რითი იწყება მისი აღზრდა სამონასტრო ცხოვრებისთვის? გარეგნულად მორჩილი სახის მიღებით, კანონებით, სამონასტრო განწესებით, სხვადასხვა მონასტრულ ,,სქემებთან” შეწყობით (ურთიერთობა სულიერ მოძღვართან, ნების ,,უარყოფა”, მონასტრული ცხოვრების ყოველი ეტაპის შესაბამის წმ. მამების რჩევა-დარიგებებთან მორგება), სპეციფიკური სამონასტრო ტერმინოლოგიის ათვისებით (,,მორჩილსიტყვაობა”), და ა.შ. სახარებისეულ ზნეობრიობას არ ასწავლიან ჩვენს მონასტრებში ისეთი გულმოდგინებით, როგორც სამონასტრო განწესებასა და ლექსიკას, ის მესამე პლანზე რჩება. აქედან კი იმ შედეგს ვერ ვიღებთ, რაც გვინდა – ბერ-მონაზვნურ ცხოვრებაში უწყვეტ, თანაბარ განვითარებას. არცთუ იშვიათად ადამიანები, რომლებიც ვერ იღებენ ამას მონასტერში, ან ტოვებენ მას (ხანდახან საერთოდ ეკლესიასაც), ან ხდებიან კარიერისტები, ამა სოფლის მოყვარეები ან ფარისევლები, ან ვარდებიან მუდმივ აპათიაში და მიმომწვლილველობაში, ან ეწევიან ცოდვილ ცხოვრებას ისე, რომ ფორმალურად რჩებიან მონასტერში, ან უწევთ ,,დინების საწინააღმდეგოდ” სვლა იმისათვის, რომ ნორმალური ქრისტიანები გახდნენ…
მეორე მხრივ, ეს ის პრობლემაა, საიდანაც მსჯელობა დავიწყეთ: წმინდა მამების სწავლების ავტორიტარულ იდეოლოგიად გადაქცევა. თითოეულ წმინდა მამას სახარებისეული ცხოვრების თავისი გამოცდილება აქვს; ჩვენი ამოცანაა შემოქმედებითად ვისარგებლოთ ამ გამოცდილებით და განვხორციელდეთ ქრისტეში (გავხდეთ ის, რაც ჩვენ უნდა ვიყოთ ქრისტეში და არა წმინდა მამების ,,კლონები”). ადეკვატურობა, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, ჩვენგან მოითხოვს იმის გაცნობიერებას, რომ წმინდა მამებად გახდომა და მათი ცხოვრების ყველა დეტალის ჩვენს ცხოვრებაში გადმოტანა არ შეგვიძლია მრავალი მიზეზის გამო. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, სრულიად განსხვავდება იმისაგან, რომელშიც წმინდა მამები ცხოვრობდნენ. მაგრამ სრულებით შესაძლებელია და ჩვენი სულისთვისაც ძალიან სასარგებლოა იმის გაცნობიერება, შინაგანად რა ამოძრავებს ამა თუ იმ წმინდანს, როდესაც სახარების მიხედვით წყვეტს თავისი ცხოვრების რომელიმე ამოცანას, და მივბაძოთ არა გარეგნული ფორმით, არამედ მისი გულის შინაგან, ქრისტიანულ მოძრაობებს. ცხადია, ეს შეუძლებელია არაეკლესიურ კონტექსტში და რეალობის არაფხიზელი შეფასებით. წიგნში წაკითხული წმინდა მამების სწავლებები ა) არ უნდა მივიღოთ როგორც დოგმატი (ადეკვატურად მივუდგეთ, გავითვალისწინოთ მოცემული წმინდანის შესახებ მოცემული წიგნის ცხოვრებისეული კონტექსტი); ბ) მივუყენოთ ისინი საკუთარ თავს და არა საკუთარი თავი მათ; ვ) აუცილებლად შევამოწმოთ ის სახარებისეული სწავლებით. წმინდა მამების ცხოვრება და გამოცდილება და ,,წმინდა მამებისეული იდეოლოგია” ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება; იდეოლოგია ბევრ რამეს არ ითვალისწინებს, რაზეც მათ წიგნებში საუბარი არ არის, მაგრამ რასაც ისინი გულისხმობდნენ, და თუნდაც პირდაპირ არც გულისხმობდნენ, ბევრი რამ წმინდა მამებამდე უკვე იყო სახარებასა და ეკლესიის სწავლებაში და ამის გათვალისწინების გარეშე წმ. მამების სწავლებები გადაიქცევიან სქემებად და იდეოლოგიად.
ვთქვით, რომ სულიერი ცხოვრების შესახებ მეორე პარადიგმა აცლის მას ეკლესიურ კონტექსტს და აკნინებს საიდუმლოებების მნიშვნელობას. ზუსტად ასევე ის აკნინებს წმინდა წერილის მნიშვნელობასაც. ჩვენ ,,მიგვაჩვიეს” აღვიქვათ სახარება ,,წმინდა მამების მეშვეობით”, სინამდვილეში კი პირიქით უნდა იყოს (მე ვგულისხმობ არა წმ. წერილის ზოგადსაეკლესიო, წმინდა მამებისეულ განმარტებებს, არამედ ასკეტურ ,,პრინციპს”). არსებობს ქრისტიანული ფასეულობების გარკვეული იერარქია. წმინდა წერილი მამებზე მნიშვნელოვანია (თუმცა ამით ეს უკანასკნელნი სულაც არ კნინდებიან); სახარებისეული ზნეობრიობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე განწესება და კანონები, საიდუმლოებები უფრო მნიშვნელოვანი და ძლიერია, ვიდრე ჩვენი დაცემულობა, ცოდვილობა და უვარგისობა… მეორე პარადიგმა ყველაფერს თავდაყირა აყენებს და ამიტომ მის ჩარჩოებში არაფერიც არ გამოდის, მას ნაყოფი არ გამოაქვს, რადგან არ ითვალისწინებს ჩვენი მდგომარეობის ეკლესიურ კონტექსტს, აკნინებს სულიერი ცხოვრების ქრისტიანულ შინაარსს და წმინდა მამებისაგან ქმნის იდეოლოგიას, კერპებს, მისნებს და არა დამხმარეებს. ეს არ მოხდებოდა, თუკი თავიდანვე სწორად განვსაზღვრავდით ქრისტიანული და ბერ-მონაზვნური ცხოვრების მიზანს, სწორად ავაგებდით საეკლესიო ფასეულობების იერარქიას და ვიქნებოდით ადეკვატურები საკუთარი თავის, გარემოსა და ჩვენი – დღეს, აქ და ამწუთას მცხოვრებთა შესახებ – ღმერთის ჩანაფიქრის მიმართ.
III
ახლა უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ ,,საკუთარი ნების უარყოფის” შესახებ. რას ეფუძნება ბერ-მონაზვნობისათვის ლამის ,,ოფიციალური” იდეოლოგია? არქიმანდრიტი ლაზარე საკითხს საკმაოდ ორიგინალურად განმარტავს. ის წერს: ,,რას ვგულისხმობთ ჩვენ დღეს სიტყვა ,,პიროვნებაში”? უფრო ხშირად ,,ინდივიდუალურობას”. მაგრამ პიროვნება და ინდივიდუალურობა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. უფრო მეტიც, გარკვეული აზრით, საპირისპირო მნიშვნელობაც აქვს და ერთმანეთს ეწინააღმდეგება! ადამიანის ინდივიდუალურობის განვითარება ბოჭავს და ზღუდავს პიროვნებასა და მის განვითარებას, ართმევს მას ნამდვილ თავისუფლებას” (გვ. 38). რადგანაც ადამიანის ბუნება დაზიანებულია ცოდვით დაცემის გამო, ,,პიროვნება თავისუფალი უნდა იყოს თავისი ბუნებისაგან, ის არ უნდა იყოს ამ ბუნებით განსაზღვრული” (გვ. 40). შემდეგ არქიმანდრიტ ლაზარეს მოაქვს ვ.ნ. ლოსკის მსჯელობა: ,,ინდივიდუალური, თვითდამკვიდრებითი, რომელშიც პიროვნება შეერევა ბუნებას და კარგავს თავის ჭეშმარიტ თავისუფლებას, უნდა შეიმუსროს. ამაშია ასკეტიკის ძირითადი პრინციპი: საკუთარი ნებისა და ინდივიდუალური თავისუფლების გამოვლენის ნებაყოფლობითი უარყოფა იმისათვის, რომ კვლავ მოიპოვო ჭეშმარიტი თავისუფლება – პიროვნების თავისუფლება, რომელიც ღმერთის ხატია და ყველა ადამიანშია” (გვ. 41). ასეთი ლოგიკის ჩარჩოებში სრულიად თანმიმდევრულად გამოიყურება შესაბამისი პრაქტიკული რეკომენდაციებიც: ,,საკუთარი ,,პიროვნების” გამოვლენისა და გამოხატვის ბოლომდე უარყოფა… არსებობის ამ ხრწნად სფეროში” (გვ. 149) ამისათვის კი საჭიროა საკუთარი ნების, როგორც დაცემულის, სრული უარყოფა იმისათვის, რომ ადგილი დაუთმო ღმერთის ნებას.
მაგრამ ისმის კითხვა: სახარებისეული და ეკლესიურია ეს ლოგიკა? ზუსტად ასახავს ის ადამიანის სულიერი, ქრისტიანული ცხოვრების განსაკუთრებულობებს? ქრისტიანობის გავრცელების პირველ საუკუნეებშივე საეკლესიო აზროვნებაში წარმოიშვა დილემა – ,,ათენი და იერუსალიმი” (ძველი საეკლესიო მწერლებიდან ამის შესახებ წერდა ტერტულიანე, ხოლო თანამედროვეებიდან ეს საკითხი დაწვრილებით განიხილა ფილოსოფოსმა ლევ შესტოვმა). მისი არსი შემდეგშია: ,,იერუსალიმი არის სიცოცხლე” ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, სიცოცხლე ღმერთთან და ასეთი სიცოცხლის მრავალი მხარე ყოველთვის იყო ღმერთისა და სულის პიროვნული ურთიერთობების უდიდესი საიდუმლო. ეს სიცოცხლე ნაკლებად ექვემდებარება სქემატიზაციას, ჰიპერანალიზსა და დეტალურ რეფლექსიას. სულიერება ,,იერუსალიმურ” მოწყობაში პრაქტიკულადაა გააზრებული, კვალდაკვალ მისდევს ეკლესიის რეალობას, ღმერთთან ერთობას. მთელი სახარება, ეკლესიის მთელი მოწყობა ,,იერუსალიმია”: მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია განსაზღვრული, დანარჩენი კი სრულდება პირადი თავისუფლებითა და ღმერთის ადამიანთან საიდუმლოებრივი ერთობლივი ცხოვრებით.
,,ათენი”, უპირველეს ყოვლისა, რეფლექსიაა, ელინური განსჯადობა. ,,ათენი” ყველაფრის სქემატიზაციას ახდენს და ბერძნული ფილოსოფიის კატეგორიების ,,თაროებზე” განალაგებს. მე სრულებით შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ ეს ,,ცუდია”, ბოლოს და ბოლოს, ეკლესიამ აზროვნების სწორედ ელინური კულტურა მიიღო. მაგრამ როდესაც ,,ათენი” ახშობს, უგულებელყოფს და ჯაბნის ,,იერუსალიმს”, ეს ეკლესიის ცხოვრებაში იწვევს დიდ და ტრაგიკულ გადახრას. ამას ვხედავთ მთელი რიგი ეკლესიების ცხოვრებაშიც, თუ როგორ ვარდებიან ისინი მწვალებლობაში; ასევე ქრისტიანების ცხოვრებაშიც, თუ როგორ გამუდმებით მუშაობენ ისინი საკუთარ თავზე, სახარებისეულ ნაყოფს კი ვერ იღებენ… მამა ლაზარეს მიერ წარმოდგენილი სქემა სწორედ ,,ათენის” სფეროს განეკუთვნება.
კაცობრიობის აზროვნების ისტორიაში ჯერ ვერავინ შეძლო მოეცა პიროვნების სრული და დამაკმაყოფილებელი განსაზღვრება. ,,იერუსალიმის” თვალსაზრისით, პიროვნება – ადამიანის, როგორც დამოუკიდებელი და უნიკალური არსების, უშუალო თვითშეგრძნებაა სულის, სამშვინველისა და სხეულის ერთობასა და მთლიანობაში. სრულიად ხელოვნური და აბსურდულია ,,პიროვნულის” ,,ინდივიდუალურისაგან” განცალკევება. პიროვნება ვერ იარსებებს ინდივიდუალობის გარეშე; ინდივიდუალობა პიროვნების განუყოფელი ატრიბუტია. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ისინი იგივენი არიან; მხოლოდ ჰიპერტროფირებული ,,ათენური” აზროვნების პარადიგმის ჩარჩოებში შეიძლება თავში მოუვიდეს ვინმეს მათი განცალკევება. მოაცილეთ პიროვნებას ინდივიდუალობა და გაქრება პიროვნება, დარჩება მხოლოდ ფუნქციონალური ერთეულები, ყაზარმა (სხვათა შორის, არქიმანდრიტი ლაზარე მთელ წიგნში დიდი ენთუზიაზმით წერს ერთმანეთის მხარდამხარ მებრძოლ, ერთად შეკრულ ,,ბერ-მონაზვნურ ჯარზე” როგორც რაღაც ბერ-მონაზვნურ იდეალზე…).
გავაგრძელოთ. რას ნიშნავს პიროვნებისათვის ,,თავისი ბუნებისაგან განთავისუფლება”? თუკი მე განვთავისუფლდები საკუთარი ბუნებისაგან, აღარ ვიქნები ის, რაც ვარ, განვიბნევი, გავქრები… ,,ბუნებისაგან განთავისუფლება” რაღაც ბუდისტური იდეალია, მაგრამ აბსოლუტურად არა ეკლესიური. მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, ცოდვით დაცემამ დააზიანა, დაამახინჯა, მაგრამ არ ,,შეცვალა” ჩვენი ბუნება; დაცემულობა ღმერთის მადლით იკურნება და ჩვენი ბუნება რაღაც სხვა ბუნებით კი არ იცვლება, არამედ აღსდგება თავდაპირველ ღირსებაში და იძენს განღმრთობის უნარს. ეკლესიაში საუბარია ჩვენი ბუნების განკურნებაზე, განახლებაზე და არა მის ,,თავიდან მოშორებასა” და სხვა რამით ,,შეცვლაზე”, რაც უდევს საფუძვლად ,,ნების მოკვეთის” იდეოლოგიას.
ჩემი აზრით, არსებითი შენიშვნების გარეშე, რადიკალურად გაგებული, ეს იდეოლოგია სრულებით არასწორ მიმართულებას აძლევს ადამიანის სულიერ მოღვაწეობას. მახსენდება წმ. თეოფანე დაყუდებულის ერთ-ერთი წერილი. მას სწერენ: ,,მეუფევ! ყოველი ჩემი საქმე ამპარტავნებასთანაა დაკავშირებული. რა ვქნა? თავი დავანებო ყველაფრის კეთებას?” ეპისკოპოსი პასუხობს: ,,არა, ეს არასწორია. საქმე უნდა გააკეთო, შენი ამპარტავნება კი მისგან განაცალკევო”. სწორედ ამაში მდგომარეობს ასკეტური მოღვაწეობის მთელი აზრი: სინანულითა და საკუთარი უძლურების აღიარებით, სიტუაციის ღმერთზე მინდობით ცოდვის თავიდან მოცილება… ასევეა ნებასთან დაკავშირებითაც. კი არ უნდა ,,უარვყოთ” ჩვენი ნება (მით უმეტეს თუ ჩვენს ნებას ღმერთი ,,სურს”), არამედ გავათავისუფლოთ ის ცოდვისაგან. როგორ? სახარებისეული ცხოვრებით და ყველაზე უფრო მეტად კი გულის ღმერთისაკენ მიმართვით. ამისათვის საჭიროა რამდენადაც შეგვიძლია გავუგოთ ღმერთს, შევიყვაროთ ის, ვისურვოთ მასთან ყოფნა. ,,ათინური” ,,ზოგადი სქემების” კატეგორიებში შეუძლებელია გავცეთ პასუხი, თუ როგორ შეიძლება ამის მიღწევა ,,ტექნიკურად”. წმ. თეოფანე ამბობდა: ,,ამის მიღწევის გზა ყველამ ისე ეძიოს, როგორც შეუძლია… ამის გარეშე კი ყოველგვარი ასკეტიკა აზრს კარგავს, საშუალებები მიზნების ადგილს იკავებს და აბნევს ადამიანებს. მინახავს მრავალი ბერი (და ერისკაციც), რომლებიც საკუთარი ნების უარყოფასთან ერთად სინდისს, გონებას და საბოლოოდ ადამიანურ სახესაც უარყოფდნენ. ამის შესახებ, სხვათა შორის, წერს არქიმანდრიტი ლაზარე: ,,სამონასტრო ,,მორჩილების უღელში” პიროვნება დეგრადირდება, ადამიანი გადაიქცევა დაქოქილ მანქანად, ნების არმქონე რობოტად” (გვ. 37). თუმცა მამა ლაზარე ამას იმ კუთხით წერს, რომ თითქოსდა ასეთი შეხედულება აქვს ბერ-მონაზვნებზე იმ ხალხს, რომელსაც ამის შესახებ არაფერი ესმით; სინამდვილეში კი, მისი აზრით, ყველაფერი რიგზე იქნებოდა, თუკი პიროვნებას ინდივიდუალობას მოვაცილებდით… ჯერ ერთი, არ უნდა გვეგონოს, რომ ,,გარეშე” ხალხს არ შეუძლია გაიგოს ბერ-მონაზვნობის ,,უდიდესი საიდუმლოებები”. იგი მშვენივრად ხედავს, აქვს თუ არა სახარებისეული ნაყოფი ჩვენს მოღვაწეობას… და ამ ნაყოფის უქონლობის შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ იძულებული ვართ მოვიშველიოთ ,,საიდუმლოებები”, რომლებიც უბრალო მოკვდავებისათვის უხილავია… მეორე მხრივ კი, როგორც გინდა დაასაბუთე, აბსოლუტიზება მოახდინე, ავტორიტეტებს მოუხმე, ,,პიროვნების ინდივიდუალობისაგან” განცალკევება არაფრით არ გამოდის, ეს სრულიად შეუძლებელია… ეს იგივეა ავადმყოფის განკურნების მიზნით მისი სისხლძარღვები სისხლისაგან დავცალოთ და ამავე დროს მოვითხოვოთ ორგანიზმის სრულყოფილი ფუნქციონირება… მაგრამ რადგანაც არ გამოდის, რადგანაც ,,იდეოლოგია” ,,არ ჭრის”, მაშინ ადამიანები, რომლებიც ცოცხალი მაგალითით რწმუნდებიან ამის შეუძლებლობაში, ,,ტყდებიან”… და რადგანაც ალტერნატივეს, ანუ საკუთარი ნების ცოცხალ, პიროვნულ და ინდივიდუალურ ,,მიმართვას” ღმერთისაკენ, მათ არ სთავაზობენ და ამის გამოცდილება თანამედროვე მონასტრების ბერ-მონაზვნობას არა აქვს, მონოზონი ხარბად ბრუნდება ილუზიიდან ,,რეალობაში”… სწორედ ამაშია თანამედროვე ბერ-მონაზვნობის ,,წარუმატებლობის” ძირითადი მიზეზი და არა ის, რაზეც არქიმანდრიტი ლაზარე წერს: ,,იმის მაგივრად, რომ დათრგუნონ და დაამარცხონ საკუთარი ინდივიდუალურობა… ადამიანები პირიქით, იწყებენ თავიანთი განსაკუთრებულობის, მეობის ხაზგასმას” (გვ. 91), რაც წარმოშობს არეულობებს, საცდურებს, საერო ცხოვრებას მონასტერში, ცოდვებსა და მანკიერებებს, თვით ყველაზე მძიმეთაც კი…
IV
ახლა, რაც შეეხება ,,მორჩილების საიდუმლოს”. როდესაც მორჩილებაზე არქიმანდრიტი ლაზარე და მისი მსგავსი შეხედულებების მქონე მწერლები (მაგ. არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი) საუბრობენ, უფროსობისა და დაქვემდებარების მარტივსა და ყველასათვის გასაგებ ცხოვრებისეულ იერარქიულ პრინციპს არ გულისხმობენ. ასეთი ადმინისტრაციული, დისციპლინარული მორჩილება აუცილებელია; ის არის ბუნებრივი სოციალური ფუნქცია, რომელიც ყველაგან საჭიროა, განსაკუთრებით კი ეკლესიაში. რადგანაც ის ნებისმიერ წყობასა და ყოველგვარ საქმიანობაში ბუნებრივი, იერარქიული პრინციპია, ბუნებრივად შეზღუდულიცაა. არქიმანდრიტი ლაზარე სულ სხვა მორჩილებაზე საუბრობს – ზებუნებრივზე, საიდუმლოებრივზე, მისტიკურსა და სულიერი ცხოვრების საფუძველზე. ამ საკითხის შესახებ არქიმანდრიტ ლაზარეს მიერ მოტანილ იდეოლოგიას მე მორჩილების მისტიფიკაციას დავარქმევდი.
მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მორჩილებისაგან (გაგებული როგორც საკუთარი ნებისა და გონების სრული ჩანაცვლება მოძღვრის ნებითა და გონებით), ზებუნებრივ ნაყოფებს ელიან და პარალელურად მისი სახელით ხალხს ზებუნებრივ მოთხოვნებს უყენებენ – ცხადია, ამისათვის ზებუნებრივი პირობებიცაა საჭირო (მაგალითად, თუნდაც ისეთები, რომლებზეც წმ. იოანე კიბისაღმწერელი წერს: ,,უცდომელი მოძღვარი”)… და რადგანაც ასეთები არ არსებობენ (რის შესახებაც თვითონ არქიმანდრიტი ლაზარეც საუბრობს), ამიტომ იმისათვის, რომ დაიცვან იდეოლოგია რევიზიისაგან ან საერთოდ რღვევისგანაც კი, აცხადებენ, რომ მორჩილება რაღაც ,,საიდუმლოა”, რომელიც ,,თავისთავად” მოქმედებს იმისგან დამოუკიდებლად, ,,უცდომელია” თუ არა მოძღვარი… სხვა ყველაფერთან ერთად აქედან ისიც გამომდინარეობს, რომ მორჩილება ერთადერთი კრიტერიუმია იმის გასარკვევად, სწორადაა თუ არა წარმართული სულიერი ბერ-მონაზვნური ცხოვრება. ზემოთ გავარკვიეთ, რომ ასეთი კრიტერიუმი შეიძლება იყოს მხოლოდ ღმერთთან ერთობა; მამა ლაზარე სხვა თვალსაზრისს იზიარებს: ,,არა მარტო რწმენის, არამედ ამ რწმენის ჭეშმარიტების გამოცდაც ხდება იქ, სადაც საქმე ეხება სწორედ ,,მორჩილებას” – მორჩილებას არა როგორც წინამძღვრისადმი გარეგნულ საქმეებში დაქვემდებარებას, არა როგორც მონასტრის განწესებისადმი დამორჩილებას, არა როგორც პატივისცემას ან მოწიწებას უფროსებისადმი, არამედ როგორც რწმენას იმისა, რომ სულიერი მოძღვრის მეშვეობით, მიუხედავად მისი მრავალი უძლურებისა, მორჩილის სულიერ ცხოვრებას თვით ღმერთი განაგებს, რომ ყველაფერ ამ ადამიანურის უკან რაღაც სულიერი საიდუმლო დგას” (გვ. 197; გამოყოფილია ჩემ მიერ – ი. პ.).
ისმის კითხვა: რას ეფუძნება ასეთი რწმენა? ამას ხომ არავითარი კავშირი არა აქვს სახარებასთან. უფალს არაფერი მსგავსი არ უთქვამს ჩვენთვის; პირიქით, გვაფრთხილებს: ,,ნუ ხელ-ეწიფების ბრმასა ბრმისა წინა-ძღუანვად? არა-მეა ორნივე ჯურღმულსა შთაცვივენ?” (ლუკა 6:39). ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვიც, რომელმაც თავისი შრომების დიდი ნაწილი სულიერი ხელმძღვანელობის პრობლემებს მიუძღვნა, წერს, რომ ადამიანს მხოლოდ ჭეშმარიტების რწმენა აცხოვნებს, ხოლო სიცრუის რწმენა ღუპავს… ასეთი რწმენა არ შეიძლება უკანონოდ მოვსთხოვოთ ქრისტიანს, მით უმეტეს იმგვარად წარმოვადგინოთ საკითხი, რომ მხოლოდ ასეთი რწმენის არსებობაა ქრისტიანული მოღვაწეობის სწორი მიმართულების ერთადერთი მოწმობა.
მორჩილება კერძო სულიერი მოღვაწეობაა, სრულებითაც არ არის ძირითადი და უპირობო, არამედ განპირობებულია უამრავი სხვადასხვა გარემოებით. ის, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის და რაში ემორჩილებიან მოძღვრისადმი გამოხატული სიყვარულითა და პატივისცემით – მის მიერ მოხვეჭილ სულიწმინდის ნაყოფებს, მის წმინდა და უმწიკვლო სახარებისეულ ცხოვრებას, მადლით განათებულ გონებას, პედაგოგიურ ნიჭსა და გამოცდილებას… მოძღვარმა დაიმსახურა ასეთი პატივისცემა და სიყვარული? მას დაემორჩილებიან მორჩილების შესახებ ყოველგვარი საუბრების გარეშე. არ დაიმსახურა? – არ დაემორჩილებიან, იქნება მხოლოდ მორჩილების თამაში და წმ. მამების გამონათქვამებით გაჟღენთილი ურიცხვი მაღალფარდოვანი და ღრმააზროვანი საუბრები მორჩილების შესახებ.
არქიმანდრიტი ლაზარე წერს, რომ მორჩილება ადამიანს ,,საკუთარი თავისაგან ათავისუფლებს” (გვ. 199). თუ ადამიანის მოძღვარი წმინდანია, შეიძლება ეს მართალი იყოს, მაგრამ მე მაინც ყველას მოვუწოდებ რეალობის ადეკვატური აღქმისაკენ. არ უნდა ავაშენოთ ოცნების კოშკები: ჩვენს საეკლესიო სინამდვილეში ასეთი რამ არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში მე ასეთი მოძღვრები არ მინახავს; მაგრამ ის კი მინახავს, რომ მისტიფიკატორული მორჩილება, სარწმუნოებაში ნეოფიტური ,,შემოვარდნის” შემდეგ, იმით მთავრდება, რომ ადამიანი კარგავს ქრისტიანულ ცხოვრებაში დამოუკიდებელი ზნეობრივი პასუხისმგებლობის უნარს და ამავე დროს ფიზიკურ და ხშირად სულიერ ჯანმრთელობასაც… უფრო მეტიც, პარადოქსული ფაქტია, რომ მისტიფიკატორული მორჩილების მსხვერპლნი კარგავენ ,,ნორმალური”, დისციპლინარულ-იერარქიული მორჩილების უნარს… იმის ნაცვლად, რომ ჩვეულებრივი მორჩილების მიმართ ადეკვატური დამოკიდებულება ჰქონდეთ და მისგან მიიღონ ბუნებრივი ნაყოფი – წესიერება, უფროსებისადმი პატივისცემა, პასუხისმგებლობა, მიწიერი ცხოვრების მოწესრიგება – არარსებული ,,საკუთარი თავისაგან განთავისუფლების” ძიებაში, ადამიანები განსაცდელებისა და იმედგაცრუებების ტყვეები ხდებიან…
მამა ლაზარეს შეხედულება ამ საკითხებზე აშკარა, თუმცა, ვაი, რომ ძალიან გავრცელებული, საეკლესიო პრინციპის გურუისტულით თითქმის ,,ოფიციალურ” ჩანაცვლებას წარმოადგენს. მორჩილების მისტიფიკაცია, მისი ,,საიდუმლოებად” გადაქცევა – თითქოს ის მოქმედებდეს თავისთავად, რასაც მხოლოდ მოძღვრისადმი ბრმა რწმენას უნდა ვუმადლოდეთ – ქრისტიანული, თანამედროვე ბერ-მონაზვნური (და საერთოდ, საეკლესიო) ცხოვრებისათვის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი იდეოლოგიაა. მისი მთავარი საფრთხე ქრისტიანის დეზორიენტაციაშია. მორჩილება ბერ-მონაზვნური ცხოვრების ნაწილია და ისევე როგორც სხვა ყველაფერი, ერთადერთი ჭეშმარიტი სახარებისეული კრიტერიუმით უნდა შემოწმდეს: არის თუ არა მისი ნაყოფი ღმერთთან ერთობა, აახლოებს თუ არა ის ადამიანს ქრისტესთან, განამტკიცებს თუ არა მის ცხოვრებას ქრისტეში და ქრისტესთან… არქიმანდრიტი ლაზარე ყველაფერს თავდაყირა აყენებს: თვითონ მორჩილება უნდა იყოს რწმენის ჭეშმარიტების შეფასების კრიტერიუმი. თუ ქრისტიანს, მონოზონს აბსოლუტური ნდობა აქვს ,,მასთან ახლოს მდგომ სულიერ მოძღვართან” (გვ. 202), ესე იგი, მას აქვს რწმენა. თუ ნდობა არა აქვს, რწმენაც არა აქვს და ის, რასაც შენ რწმენას უწოდებ, დაცემული, ცოდვილი ინდივიდუალობის გამოვლინებაა, რომელიც აუცილებლად უნდა უარყო… მაგრამ ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც ბერ-მონაზვნურ ცხოვრებაში ღმერთს და მასთან ცოცხალ ურთიერთობას ეძიებს, მითოლოგიურ, არაჯანსაღ, არაადეკვატურ, არაეკლესიურ, არასახარებისეულ, თავისი არსით სექტანტურ პირობებში ჩააყენო. ადამიანი ვალდებული ხდება ქრისტეში კი არ ეძიოს რწმენა, არამედ მოძღვარში. ადრე თუ გვიან ასეთი რწმენა ფიასკოს განიცდის და მაშინ მონაზონს ფეხქვეშ ნიადაგი გამოეცლება… მან ან უნდა დაივიწყოს ღმერთისაკენ თავისი მისწრაფება და უბრალოდ ,,იცხოვროს” მონასტერში და მიიღოს ,,თამაშის წესები”, ან იწყება კრიზისი… და როდესაც ასეთი კრიზისი დადგება, აღმოჩნდება, რომ ჩვენთან ,,ახლომდგომ მოძღვრებს”, სინამდვილეში არაფრით შეუძლიათ დაეხმარონ ადამიანს. კარგია, თუ მიუხედავად იდეოლოგიისა, ცოცხალია რწმენა და უფალი ,,გამოიყვანს” ადამიანს ამ მდგომარეობიდან – ფასეულობების გადაფასებით, ,,სქემებისა” და ,,სისტემების” მტკივნეული მსხვრევით… მაგრამ თუ მონაზონმა უკვე მტკიცედ გაითავისა, რომ ღმერთთან ცხოვრება მხოლოდ მოძღვრისადმი ბრმა რწმენითაა შესაძლებელი და ფაქტობრივად უფალი მოძღვრით ჩაანაცვლა? ასეთ დროს ხდება სწორედ ბერ-მონაზვნური ტრაგედიები, რომელთა მოწმე მეც ვყოფილვარ…
მორჩილების მისტიფიკაცია, ქრისტიანულ და ბერ-მონაზვნურ ცხოვრებაში მისთვის განსაკუთრებული ადგილის მინიჭება, მისით ქრისტეს ჩანაცვლება, მისი გადაქცევა ღმერთთან ცხოვრებისათვის საჭირო ,საშვად”, ,,აუცილებელ პირობად”, უზარმაზარი ცდომილებაა, ხოლო იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც ჩვენ გვენდობიან და ჩვენზე დამოკიდებულები არიან, უმძიმესი სამოძღვრო შეცდომაა. ადამიანს, რომელიც ეკლესიაში, განსაკუთრებით კი მონასტერში მოდის, ჩვენ, რომლებსაც იერარქიული ხარისხები და თანამდებობები გვაქვს, უნდა ვასწავლოთ, რომ ეკლესიაში მთავარი ქრისტეა, რომ ადამიანი, გამომდინარე სწორედ თავისი ინდივიდუალობიდან, რაღაც ყაზარმულ უჯრედში კი არ უნდა მოთავსდეს, არამედ საშუალება მისცეს სულიწმინდას მასში იმოქმედოს; ყველაფერი, რაც ეკლესიაშია, მორჩილებაც, ღვაწლიც, დისციპლინაც, მხოლოდ საშუალებებია ამის მისაღწევად. ჩვენი სამოძღვრო ამოცანაა დავეხმაროთ თითოეულ ადამიანს გამოიყენოს ეს საშუალებები და არა მათი ყოველმხრივ შეზღუდვა და ჩვენთვის ან სხვისთვის დამონება.
V
ჰიპერტროფირებულ მორჩილებაზე ნათქვამს, საკუთარი თავის ,,ყოვლადცოდვილობის” ბსოლუტიზაციის შესახებაც გავიმეორებთ. ჩვენ ნაწილობრივ უკვე შევეხეთ ამ თემას; მაგრამ შემოგთავაზებთ მისი ,,რეალურ სურათს”. არქიმანდრიტი ლაზარე წერს: ,,მაგალითად, ვიღაცამ მონასტერში ჭიქა გატეხა ან ნაჯახი დაამტვრია, ჩამოიარა წინამძღვარმა, დამნაშავე ეუბნება: ,,აი, მე ჭიქა გამიტყდა” ან: ,,აი, ნაჯახი გატყდა”. წინამძღვარი პასუხობს: ,,ჰმ…“ სხვა რა უნდა უთხრას – ,,ღმერთმა შეგინდოს?” – კი, მაგრამ ვის უნდა შეუნდოს? ჭიქას თუ ნაჯახს, იმისათვის, რომ ასეთი ურჩები და თავნებები არიან: ნებართვის გარეშე ტყდებიან? განა უფრო მარტივი არ იქნებოდა: ,,მამაო, მაპატიე, მე გავტეხე”. ჩვენ ამის თქმა გვიჭირს… მაგრამ ქრისტიანი ხომ დილიდანვე ლოცვისას საკუთარ თავს განაწყობს იმისათვის, რომ უკიდურესად ,,უვარგისია”, ყველაფერში დამნაშავეა, ყველა ცოდვის თანაზიარია. მაშ სად იკარგება ეს გრძნობა ჩვენს ცხოვრებაში?” (გვ. 240-241).
ძალიან დამახასიათებელი მსჯელობაა. ცხადია, ქრისტიანი უნდა ხედავდეს საკუთარ ცოდვებს და თავს არ იმართლებდეს. მაგრამ ქრისტიანობა თვითგმობის გარდა მოითხოვს სიმართლესა და სიფხიზლესაც. უნდა ვხედავდეთ სწორედ საკუთარ ცოდვებს და არა საკუთარი თავიდან გამოწურულ, თითქმის პათოლოგიურ ,,ყველა ცოდვის თანაზიარობას”. თუკი მე არავინ მომიკლავს და ასეთი რამ ფიქრადაც კი არ გამივლია, თუ თვითმფრინავი არ გამიტაცნია, მძევლები არ ამიყვანია, ბანკები არ გამიძარცვავს და ა.შ სრულებით არ უნდა მიმაჩნდეს ჩემი თავი ამ ცოდვების თანაზიარად და ამაში არ უნდა ვარწმუნებდე საკუთარ თავს. თუკი მაინც ასე ვიფიქრებ, მაშინ ქრისტიანობის მაგივრად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოვჩნდები. არქიმანდრიტმა ლაზარემ ერთმანეთში აურია ორი სრულიად სხვადასხვა რამ – საკუთარ თავში ყველა ადამიანისათვის საერთო დაცემულობის, უძლურების, ადამიანური ბუნების დაზიანებულობისა და პირადი ცოდვების ხედვა. საკუთარი დაცემულობის ხედვა სულაც არ ნიშნავს საკუთარ თავს ცოდვად შევურაცხო ის, რაც არც გაგიკეთებია და ფიქრადაც არ გაგივლია, არც საკუთარი თავზე რაღაც ,,ყოვლადცოდვილობის” მოხვევას ნიშნავს. როგორც უკვე ვთქვი, საკუთარი დაცემულობის ხედვა ადამიანისა და ღმერთის ერთობლივი მოქმედებაა: მხოლოდ სულში დასადგურებული სულიწმინდის მადლით შეუძლია ადამიანს დაინახოს და იგრძნოს სიმართლე საკუთარი თავისა და კაცობრიობის შესახებ. სულიწმინდით იწყებს ადამიანი საკუთარი ნამდვილი ცოდვების სწორ ხედვასაც.
დავუბრუნდეთ არქიმანდრიტი ლაზარეს მიერ მოტანილ მაგალითს. მე არ შემიცოდავს იმით, რომ ნაჯახი გატყდა (თუკი, რასაკვირველია, სპეციალურად არ გავტეხე სამუშაოდან თავის დასაძვრენად ან წინამძღვრის ,,გასამწარებლად”). უბრალოდ, ჩემს ხელში გატყდა ნაჯახი და ეს ფაქტია და არა ცოდვა. სინდისის უშუალო ხმა სწორედ ამას მეუბნება… მაგრამ გვთავაზობენ, ჩვენი სინდისი მივმართოთ სრულიად ჰიპერტროფირებული საგნებისაკენ, ფაქტობრივად მივიღოთ ცრუ კოორდინატთა სისტემა. გამოდის, რომ ცოდვა ისაა, რაც ჩვენს საეკლესიო ხელმძღვანელს მიაჩნია ცოდვად… მაგრამ ასე შეიძლება ძალიან შორს წავიდეთ… აქაც კვლავ სრულ არაადეკვატურობას ვაწყდებით. უფრო მეტიც, ეს არაადეკვატურობა ვითარდება, იფურჩქნება და ,,იდეალად” ცხადდება. რა გასაკვირია, რომ ადამიანები კარგავენ ნამდვილი მორჩილებისა და სხვა უნარებს? თუკი ადამიანს არა ჯანსაღ საკვებს, არამედ სუროგატებს მივცემთ, ბუნებრივია, ის არა მარტო ვერ დანაყრდება, არამედ საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა სრულიად მოეშლება…
VI
ჩვენ განვიხილეთ თანამედროვე ბერ-მონაზვნური ცხოვრების მოუწყობლობის ზოგიერთი შინაგანი, იდეოლოგიური მიზეზი. აგრეთვე არსებობს გარეგნულიც. არქიმანდრიტი ლაზარე წუხს, რომ თანამედროვე ბერ-მონაზვნებს კარიერის გაკეთება, წინსვლა, მაღალი ხარისხები, ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება სურთ. ,,საშიში, საშინელი და მონაზვნების სულების უკიდურესად დამამახინჯებელი ავადმყოფობაა, როდესაც ისინი მონასტრებში ხარისხებსა და დაწინაურებებს ელოდებიან… ის ფაქტიც კი, რომ მონაზონი სამღვდლო ხარისხის მიღებაზე ფიქრობს, უკვე ცხადზე უცხადესად აჩვენებს, რომ ის სრულებით არ არის მონაზონი!” (გვ. 125-126). მართალია, მაგრამ რატომაა ასე? საქმე იმაშია, რომ ჩვენი მონასტრები, რომლებიც ტიბიკონის მიხედვით, კინობიურები არიან (ანუ ისეთები, რომლებშიც ყველა – წინამძღვრიდან დაწყებული მორჩილით დამთავრებული – ერთნაირ სოციალურ, ქონებრივ და ა.შ მდგომარეობაში უნდა ცხოვრობდნენ და თავს საკუთარი შრომით ირჩენდნენ), სინამდვილეში წარმოადგენენ მრავალრიცხოვან და პოპულარულ სამრევლოებს, სადაც ბევრი ხალხი მიდის. სწორედ ეს არის მონაზვნების ზემოთ ჩამოთვლილი ნაკლოვანებების მიზეზი. წინამძღვარმა და იკონომოსმა უნდა უზრუნველყონ სამრევლოების ცხოვრების როგორც შინაგანი, ისე გარეგნული (სამეურნეო) მხარეები. ამისათვის აუცილებლად უნდა გადაწყვიტონ მშენებლობის, გადასახადების, მონასტრის მაღაზიაში საქონლის ყიდვა-გაყიდვის საკითხები, უნდა მოაწყონ მიღებები, მოძებნონ სპონსორები, სჭირდებათ საკუთარი ტრანსპორტი, წარმომადგენლობითი ხარჯები და ა.შ. ამ ყველაფერ გამო მონასტრების ხელმძღვანელებს (ხანდახან მათი სურვილის საწინააღმდეგოდაც) უყალიბდებათ დანარჩენი ძმებისაგან განსხვავებული ცხოვრების რეჟიმი და პირობები. ბერები, რომელთაც სასულიერო ხარისხები აქვთ, აღსარებას იღებენ ხალხისაგან, აღასრულებენ საეკლესიო საიდუმლოებებს და ამისათვის მრევლი მადლობას უხდის, მათ შორის მატერიალური ფორმითაც. დიაკვნები, ბერები და მორჩილები კი, რომლებიც ასევე გაძლიერებულად შრომობენ სამრევლოს საკეთილდღეოდ და მისი შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის, მსგავსს არაფერს იღებენ… მაგრამ უნდათ. ბუნებრივი სურვილია: რადგანაც კინობიური პრინციპი, სრულიად უკანონოდ, სოციალურითაა შეცვლილი, შედეგად წარმოიშობა ასეთივე მისწრაფებები და სურვილები.
ადამიანის სოციალური ფუნქცია შეუძლებელია უბრალოდ ,,მოიკვეთოს” ან დაითრგუნოს, ის შეიძლება მხოლოდ მაღალი სულიერი შინაარსით შეიცვალოს. რამდენადაც ასეთი სულიერი ცვლა არ ხდება (მონასტრის სამრევლო მოწყობაში კი ის პრინციპულად ვერ განხორციელდება), ადამიანის სოციალური მისწრაფებები ცოცხლობს და თავისას მოითხოვს. ბერებს იმიტომ კი არ უნდათ დაწინაურება, რომ ,,ცუდები” არიან; მონასტრების ხელმძღვანელობა იმიტომ კი არ ცხოვრობს განსაკუთრებული ცხოვრებით, რომ ,,ცუდია”, ,,მიწიერ სიკეთეებს ეძიებს”, არამედ იმიტომ, რომ სამრევლო ცხოვრება მონასტრის ბინადრებს შორის ბუნებრივ სოციალურ უთანასწორობას წარმოშობს; ამ უთანასწორობაში, რომელიც მონასტრულ ცხოვრებას უაზროს ხდის, თავს იჩენს ადამიანისათვის დამახასიათებელი უძლურებებიც, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ მონასტრისთვისაა სპეციფიკური, რაც ეხება ხელმძღვანელებსაც და დაქვემდებარებულებსაც… არც ერთისა და არც მეორის ამაში დადანაშაულება არ შეიძლება: სწორედ აქ ჩანს გარემოსადმი ადამიანების ადეკვატური დამოკიდებულება, რომელიც მათი ნორმალურობის დადასტურებაა და მისთვის გვერდის ავლა შეუძლებელია. ხოლო რჩევები, რომ ,,დახუჭონ თვალები და ხედავდნენ მხოლოდ ტაძარს, მოძღვარსა და სენაკს”, სწორედაც რომ სრულიად არაადეკვატურია; ასეთი რჩევები არ ჭრის. მონასტერი მთლიანი, ძალიან ფაქიზი და სპეციფიკური ორგანიზმია, მასში გარდაუვალად ყველას ყველაფერი ეხება; თუ მონასტრის რეალური მდგომარეობა განსხვავდება ტიბიკონის მიერ დაწესებულისაგან, მაშინ შეუძლებელია არ იფიქრო, არ იგრძნო და არ მოახდინო რეაგირება, ისევე, როგორც შეუძლებელია კბილის ტკივილის დროს ,,ყურადღება არ მიაქციო მას”…
იმისათვის, რომ ტიბიკონით დადგენილი კინობიტური პრინციპით ცხოვრება მიმდინარეობდეს მონასტერში, ის საერთოდ უნდა დაიკეტოს არა მხოლოდ ღვთისმსახურებებს შორის პერიოდში, არამედ ღვთისმსახურებაც მხოლოდ მონასტრის ბინადრებისათვის უნდა ტარდებოდეს. არ უნდა იყოს პარაკლისები ხალხისათვის, მონასტრის სიწმინდეების მონახულება, მონასტერში თაყვანსაცემად სხვადასხვა ადგილიდან წმინდა ნაწილების მიღება და ა.შ. სხვათა შორის, 1909 წელს ბერ-მონაზვნების კრებაზე მაშინდელი სამონასტრო ცხოვრების მოუწყობლობის მიზეზად სწორედ ასეთივე მიზეზები დასახელდა: მონასტერში ღვთისმსახურებისათვის პროფესიონალი მომღერლების გუნდების არსებობა, შედეგად კი მომთაბარე მორჩილ-მგალობლები ან ექვსფსალმუნების კითხვის დროს თამბაქოს მოსაწევად გასული პროფესიონალი მგალობლები; შემოწირულობების შესაკრებად ხატებით მოგზაურობა, შედეგად კი სიწმინდეების თანმხლები მონაზვნების არეული ცხოვრება და ა.შ. ეს ყველაფერი ხომ სამონასტრო ცხოვრებაში სამრევლო მოწყობის პრინციპის დაფუძნებაა, როცა მონასტრის მთავარი ამოცანა ხდება დაკმაყოფილება ,,ხალხის რელიგიური მოთხოვნილებებისა”, რომელთაც ტრადიციულად ,,განსაკუთრებული სწრაფვა აქვთ მონასტრებისაკენ” და არა საკუთარი ბინადრების სამონასტრო ქრისტიანული ცხოვრების მოწყობაზე ზრუნვა.
,,დავხუროთ მონასტრები?”- მკითხავენ. ,,მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია! მონასტრებს ხომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებლებისათვის, ისინი ყოველთვის წარმოადგენდა ხალხის რელიგიური ცხოვრების ცენტრებს… ,,და ა.შ. დიახ, წარმოადგენდა და მათში ყოველთვის იყო აუწყობელი ცხოვრება. მართლაც, რეალურად ეს შეუძლებელია; მაგრამ იმ პრობლემებსაც, რომლებზედაც არქიმანდრიტი ლაზარე წუხს – თანამედროვე, ისტორიულად შექმნილ სირუაციაში, სადაც დიდია დაშორება თეორიასა და პრაქტიკას შორის – ვერ გადავწყვეტთ. თუ მდგომარეობის შეცვლა შეუძლებელია, მაშინ რეალური გამოსავალი უნდა ვეძებოთ, ანუ ადეკვატური რეაგირება მოვახდინოთ და არა გამოუვალ მწუხარებაში ვიყოთ და ყველა დავადანაშაულოთ.
როგორ უნდა მოვახდინოთ რეაგირება? ჩემი აზრით, უნდა შევცვალოთ მონასტრების ტიბიკონები, მათი დანიშნულება და მრავალფეროვანი გავხადოთ ისინი. მკაცრი სულიერი ცხოვრებისათვის საჭიროა XIX საუკუნის ოპტინის სკიტის მსგავსი დახურული, ,,მიუვალ” ადგილებში მდებარე მონასტრები, რომლებსაც მატერიალურად ეპარქია შეინახავს. ქალაქებისათვის კი საღვთისმეტყველო-სამეცნიერო, სამოძღვრო, საგამომცემლო, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო მიმართულების მისიონერული მონასტრები, რომლებიც მატერიალურად უზრუნველყოფენ თავს საკუთარი მოღვაწეობითა და საღვთისმსახურო და სამრევლო ცხოვრებით, რაც გარდაუვალი იქნება ასეთ მონასტრებში. ეს კი გათვალისწინებული უნდა იყოს ასეთი მონასტრების ტიბიკონებში, რომლებიც შესაბამისობაში იქნება ქალაქურ გარემოსთანაც, დატვირთვებთანაც, ცხოვრების რიტმთანაც და ა.შ. ამ მონასტრების მთავარი მიზანი არის ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც მონაზვნების ტალანტებსა და უნარებს განავითარებს. იმ ბერ-მონაზვნებისა, რომელთაც სურთ იმსახურონ ეკლესიის საკეთილდღეოდ, მაგრამ არ შეუძლიათ მკაცრი ტიბიკონის მონასტრებში განმარტოებული ცხოვრება. შეიძლება უფრო ჭკვიანური იყოს ასეთი მონასტრების ბინადრებისათვის ,,ხელფასის” მიცემაც – ეს მონასტრის კეთილად მოწყობისთვისაც სასარგებლოა, მისი წევრებისთვისაც მნიშვნელოვანი დისციპლინარულ-სოციალური სტიმული იქნება და ისინიც ,,დამშვიდდებიან”… სასოფლო – სამეურნეო მონასტრებს თავიანთი ტიბიკონი ექნებათ, რომელიც შრომისა და ლოცვის რაოდენობას თანამედროვე ადამიანის მდგომარეობასა და ძალებთან შესაბამისობაში მოიყვანს. რომის კათოლიკურ ეკლესიას აქვს ტიბიკონების მრავალფეროვნება; შესაძლებელია, მათი გამოცდილების შესწავლა და გამოყენება. სხვადასხვა ტიპის მონასტერში უნდა მიიღონ შესაბამისი მაცხოვრებლები და არა ისე, როგორც ახლა ხდება, ყველას ერთად რომ შეყრიან… ადამიანები, რომელთაც უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული, არაკვალიფიციური შრომით არიან დაკავებული, საშუალება არა აქვთ ეკლესიის სასიკეთოდ გამოიყენონ მიღებული ცოდნა და გამოცდილება (გავრცელებული შეხედულების ზეგავლენით ფიქრობენ, რომ ეს ნორმალურია და სწორედ ეს არის ჭეშმარიტი მონაზვნური გზა); ის მონაზვნები კი, რომლებსაც სასოფლო ან სამეურნეო საქმიანობისაკენ აქვთ მიდრეკილება, ქალაქის მონასტრებში უსაქმურობისაგან იტანჯებიან (აღსარებაზე მოსულ ხალხს კი საზარელი შეხედულებებითა და რჩევებით სულს უმახინჯებენ)… ამასთან, ცხადია, პირველებიცა და უკანასკნელებიც დროთა განმავლობაში დეგრადირდებიან…
მაგრამ აქ ვაწყდებით პრობლემას. ზემოთ ხსენებული ,,წმ. მამებისეული იდეოლოგია” საშუალებას არ მოგვცემს სამონასტრო ტიბიკონები მრავალფეროვანი, ეკლესიის თანამედროვე მდგომარეობის შესაბამისი გავხადოთ. კი მაგრამ, ეს როგორ! წმ. მამები ამბობდნენ: მხოლოდ კინობიტურ მონასტრებს მივყავართ წარმატებისაკენ მონაზვნურ ცხოვრებაში… ჩვენ ხომ არ შეგვიძლია წმ. მამების ნათქვამებს რევიზია გავუკეთოთ, ჩვენ ვინა ვართ, ჩვენ ხომ ყველაფერი დაცემული გვაქვს, გონებაც, გრძნობებიც, ისინი გვატყუებენ, მხოლოდ წმ. მამებს უნდა მივსდიოთ მორჩილად… რეალური სურათი კი ისაა, რომ ჩვენ მათ არ მივსდევთ – კინობიტური ცხოვრება ჩვენს მონასტრებში რეალურად არ არსებობს… ჩვენ არ შეგვიძლია მათ მივსდიოთ, რადგან არ ძალგვიძს შევცვალოთ სამრევლო სისტემა, რომელსაც დღეს ყველა მონასტერში ღრმადა აქვს ფესვი გადგმული… ასეთ სიტუაციაში ერთადერთი ადეკვატური გადაწყვეტილებაა ტიბიკონების შეცვლა; მაგრამ ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებთ, რადგან ეს ,,წმინდა მამების წინააღმდეგ წასვლას” ნიშნავს (სინამდვილეში მამების კი არა იმ იდეოლოგიის წინააღმდეგ, რომელიც მათგან შექმნეს, მაგრამ მოდი და გააგებინე ეს…). გამოდის, რომ ,,კაცი შაბათისთვისაა”… ამ პოზიციიდან კი ვერ შევძლებთ იმ პრობლემების გადაჭრას, რომლებზეც მიგვითითებს არქიმანდრიტი ლაზარე.
VII
ბოლოს რამდენიმე სიტყვა ათონის მთის შესახებ. არქიმანდრიტი ლაზარე თავის წიგნში აღფრთოვანებით აღწერს რამდენიმე ვიზიტს წმინდა მთაზე. მართლაც, ათონს ყოველთვის პატივისცემითა და მოწიწებით, ,,ქვევიდან” შევყურებთ. ათასწლოვანი სამონასტრო ტრადიციის გამო ის ურყევი ავტორიტეტი და მაგალითია არა მხოლოდ მონაზვნებისათვის, არამედ ყველა მართლმადიდებლისთვისაც. ათონის მთის ბრმა თაყვანისცემის საერთო განწყობილებაში, ჩემი ზოგიერთი აზრი შეიძლება დისონანსურად გაისმას.. მაგრამ მკითხველს განსჯისათვის მაინც გავუზიარებ.
როგორც უკვე ვთქვით, ქრისტიანობას აქვს ფასეულობათა მკაცრად განსაზღვრული იერარქია. მათში მთავარია უფალი იესო ქრისტე და ადამიანის სულის მასთან ცოცხალი და რეალური ერთობა. ასეთი ერთობისათვის არსებობს ეკლესია. მასში ყველა საშუალებაა ადამიანის ღმერთთან თანაცხოვრებისათვის; მიზანი კი თვით ქრისტეა; ,,ის არის ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული” (გამოცხ. 1:8). მონოზვნობა ერთ-ერთი საშუალებაა ქრისტეში ცხოვრების მისაღწევად. ათონი მონასტრული ცხოვრების ერთ-ერთი ტრადიციათაგანია, რომელიც სრულებითაც არ მოიცავს მთლიანად ქრისტიანობასა და მართლმადიდებლობას; ასეც უნდა მივიღოთ ის და ეს იქნება ჯანსაღი და საეკლესიო შეხედულება. როდესაც თავისთავად ათონის თაყვანისცემა და მისი ყველაფერზე მაღლა დაყენება ხდება, ეს უკვე ქრისტიანობიდან გადახრაა.
მართლაც, მონაზვნობისათვის ათონის მთა მთელს დედამიწაზე საუკეთესო ადგილია. მაგრამ კვლავ გავიხსენოთ, რომ სახარება გვაძლევს ჭეშმარიტების კრიტერიუმს, რომელიც სრულებით არ არის ტერიტორიალური. ,,ნაყოფისა მათისაგან იცნნეთ ისინი” (მათე 7:16), – ამბობს უფალი. ვნახოთ ათონის მთის ნაყოფები. უეჭველია, აქ ჩქეფს სისხლსავსე სულიერი ცხოვრება, ლოცვის სკოლაა, სამონასტრო ცხოვრების ძველი ტრადიციები, სულიერი ბერები… მაგრამ ამასთან ბერძნებს არ უყვართ რუსები (და საერთოდ სლავები)… ევსთიგმენეს მონასტერი (და არა მხოლოდ ის, არამედ არც ისე მცირე რაოდენობა ათონის მთის მამებისა) დაავადებული არიან მახინჯი სქიზმატური ,,ზილოტობით”… ვნახოთ რას წერს მამა იოსებ ისიქასტი თავის სულიერ შვილს: ,,უფალს ასე უთხარი: ო, ჩემო საყვარელო, ტკბილო იესო ქრისტევ! ვინ შეგევედრა ჩემთვის და ილოცა, რომ… მე დავიბადე კეთილი და მორწმუნე ქრისტიანი მშობლებისაგან? რადგან ასე მრავალნი იბადებიან თურქულ, კათოლიკურ, მასონურ, ებრაულ, წარმართულ და სხვათა ოჯახებში, რომელთაც არ სწამთ ღმერთი, მაგრამ ისინი ხომ როგორც არდაბადებულნი არიან და მარადიულად იტანჯებიან” (მამა იოსებ ათონელი. სამონასტრო გამოცდილების გადმოცემა, გვ. 273. 1998)… აი, ღმერთისა და ადამიანებთან მისი დამოკიდებულების როგორი სურათი მოგვცა ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ათონელი ბერის სამონასტრო გამოცდილებამ, როგორ ადვილად მიუსჯის ის მარადიულ ტანჯვას კათოლიკეებს, ებრაელებს და ყველას, ერთმანეთის მიყოლებით! სხვა აღმსარებლობის ქრისტიანების სიძულვილი, კორპორაციული ამპარტავნება (ამის მაგალითი მოჰყავს არქიმანდრიტ ლაზარეს თავისი წიგნის 306-ე გვერდზე – ათონელები კიცხავდნენ არქიმანდრიტ სოფრონ სახაროვს, შემსუბუქებული ტიბიკონის გამო და ეუბნებოდნენ: ,,შენ ათონელი არა ხარ!”) ესეც, სამწუხაროდ, ათონია… მეტყვიან: სამაგიეროდ იქ ღვთის სათნოყოფილთა, ცხონების მაძიებელთა დიდი რაოდენობაა! – ასეთი ადამიანები მოსკოვშიც არიან, ნიუ-იორკშიც და საერთოდ ,,დამიტევებიეს თავისა ჩემისა შვიდ ათასი მამაკაცი, რომელთა არა მოუდრეკიან მუხლნი მათნი ბაალისა” (რომ. 11:4), – უპასუხა უფალმა ილია წინასწარმეტყველს, როდესაც ის კეთილმორწმუნეობის დაკნინებაზე წუხდა… ათონი თავის თავს აიგივებს ,,მართლმადიდებლობის სიწმინდესთან” და ამაში ვხედავ იმ ნაკლს, რომელიც მის ღირსებაზე არანაკლებია…
საქმის არსი იმაშია, რომ ჩვენ დაცემულ სამყაროში ვცხოვრობთ; და ამ დაცემის დაძლევა არა რაღაც განსაკუთრებულ ადგილას (,,სამყოფელში”), არამედ ადამიანის სულში ხდება და არა კორპორაციულად, არამედ მხოლოდ ინდივიდუალურად. მსოფლიოში ყველაზე წმინდა ადგილიც კი არ არის თავისუფალი ადამიანის პიროვნული და სოციალური უძლურების გამოვლინებისაგან. არაფრის გაიდეალება არ შეიძლება და ვფიქრობ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც ქრისტიანებს ათონურ ცხოვრებას მაგალითად ვუსახავთ… არა ათონური ტიბიკონები, არამედ სწორი საეკლესიო წარმოდგენები, ქრისტიანული ფასეულობების მწყობრი იერარქია არის დღეს ჩვენთვის ჰაერივით აუცილებელი…
დასკვნა
ასე რომ სიყვარულის ტანჯვა… მაინც რისგან იტანჯება? რატომ არ ეძლევა მას ადგილი ჩვენს გულებში? ჩემი აზრით იმიტომ, რომ ჩვენი სიყვარული არ ერწყმის საეკლესიო სიბრძნეს, სახარებისეულ გონებას. ,,იმისათვის, რომ არ ემსახურებოდი უფალს, შენს ღმერთს, სიხარულითა და კეთილი გულით, როცა დოვლათში იყავი, დაუწყებ სამსახურს შენს მტრებს, რომელთაც მოგისევს უფალი, შიმშილში, სიმწყურვალეში, სიშიშვლეში და ყოველგვარ გასაჭირში; დაგადგამს ქედზე რკინის უღელს, რომ საბოლოოდ გაგანადგუროს” (მეორე სჯული 28: 47-48)… ჩანს, სწორედ ეს გვემართება. არ უსწავლებიათ ჩვენთვის და არ მივისწრაფით, რომ ღმერთს ვემსახუროთ ,,სიხარულითა და კეთილი გულით”; ვერ ვხედავთ და ვერ ვამჩნევთ, თუ რა უხვად გვაძლევს ღმერთი ყველაფერს ეკლესიაში, მიუხედავად ,,ბოლო ჟამისა”, ,,განდგომილებისა”, ,,დაკნინებისა”… ამიტომაც იტანჯება ჩვენი სიყვარული. ის ,,დაბურულია ,, იდეოლოგიით და არაადეკვატურია.
მაშ რა ვქნათ? გული არ გავიტეხოთ, ,,ნოსტალგიამ” არ უნდა შეგვიპყროს, თავი უნდა დავიმდაბლოთ და ,,დავიცვათ თავნი ჩვენნი კერპთაგან” (1 იოანე 5:21)… ჩვენ არა ვართ ბახი და მოცარტი და არც მაკარი დიდი და სერაფიმე საროველი. თუ ადეკვატური დამოკიდებულება გვექნება საკუთარ თავთან, დროსთან, რომელშიც ღმერთის ნებით გვიწევს ცხოვრება, თუ შევეცდებით ქრისტიანობის შეცნობას და მის საკუთარ ცხოვრებაში განხორციელებას და არ შევიარაღდებით იდეოლოგიებითა და სქემებით, მაშინ სიხარულისათვის მრავალი მიზეზი გვექნება. ღმერთი ჩვენთანაა, ჩვენ კი – მასთან: ეს არის მთავარი ჩვენს ცხოვრებაში., ამას ვერავინ და ვერაფერი წაგვართმევს (იოანე 16:22; რომაელთა 8:35-39).
რუსულიდან თარგმნა ნანა ბაღათურიამ
ორიგინალი სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში ,,Альфа и Омега”, #1, 2006.
ქართული თარგმანი გამოქვეყნდა ჟურნალში „არჩევანი“. პირველი ნაწილი: #3-4, 2006, მეორე ნაწილი: #5-6, 2006.
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s