მეშჩერინოვი, პ. – ყოველდღიური მისიონერობის შესახებ

ავტორი: იღუმენი პეტრე მეშჩერინოვი
როდესაც მისიონერობაზე ვსაუბრობთ, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დავიწყოთ მზადება ჩინეთში ანდა ფიჯის კუნძულებზე გასამგზავრებლად. ჩვენს გარშემო მყოფ ახლობლებს – შვილებს, მშობლებს, ნათესავებს, მეგობრებსა და კოლეგებს შორეული ქვეყნების ხალხებზე არანაკლებ სჭირდებათ ქრისტიანული მისია. ნუ გვგონია, რომ მისიონერობა მხოლოდ ეკლესიის მსახურებს ევალებათ. პეტრე მოციქული ყველა ქრისტიანს მიმართავს შემდეგი სიტყვებით: “ხოლო თქვენ, ნათესავი რჩეული, სამეუფოი სამღდელოი, თესლი წმიდაი, ერი მოგებული, რაითა სათნოებათა მიუთხრობდეთ, რომელმან-იგი ბნელისაგან გიწოდნა თქვენ საკვირველსა მას ნათელსა მისსა” (1 პეტრე 2:9), “არამედ უფალი ღმერთი წმიდა ყავთ გულთა შინა თქუენთა; განმზადებულ იყვენით მარადის სიტყვის მიგებად ყოვლისა, რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა თქუენ შორის სასოებისა მისთვის, სიმშვიდით და შიშით” (1პეტრე 3:15). ამიტომ, სრული უფლება გვაქვს ვთქვათ, რომ მისიონერობა ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებთან, ჩვენთვის ღვთისაგან მოცემული მნიშვნელოვანი და საყოველთაო მცნებაა.
ბევრი ჩვენგანი ძალისხმევას არ იშურებს ამ მიმართულებით, უქადაგებს თავის ნათესავებსა და ახლობლებს იმ მიზნით რომ გააეკლესიუროს ისინი. მაგრამ, ჩვენი ქადაგება არცთუ ისე ხშირად აღწევს წარმატებას. ზოგჯერ პირიქითაც კი ხდება – ჩვენი შრომა ადამიანებს ეკლესიას ჩამოაშორებს და არა იმდენად ჩვენი მცდელობა, რამდენადაც იმგვარი სახე ქრისტიანისა, როგორსაც წარმოვადგენთ. ხშირად ვაწყდებით ასეთ სიტუაციას: ცხოვრობდა თავისთვის ჩვეულებრივი ადამიანი; მოექცა სარწმუნოებაზე, გაეკლესიურდა – და სრულიად აუტანელი გახდა თავისი ახლობლებისთვის. ისინი, უყურებენ მას და ფიქრობენ: თუკი ის მართლმადიდებლობის გამო გახდა ასეთი, ჩვენ ამისაგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ… ანდა ასეც ხდება: ,,ჩვეულებრივი” ოჯახი, ქმარი და ცოლი რამდენიმე წელია ერთად არიან, მოწესრიგებული აქვთ ყოფა, ურთიერთობა. უეცრად სადარდებელი უჩნდებათ – მეუღლე მორწმუნე გახდა… და – დასრულდა მშვიდობიანი ცხოვრება ოჯახში. ქმარი მიტოვებულია, მეუღლის მთელი ყურადღება ,,სულიერ ცხოვრებაზე” მოძღვარსა და სალოცავად სიარულზეა გადატანილი; ქმარს არ ესმის ცოლისაგან ნორმალური სიტყვები, გარდა “მართლმადიდებლური” ჟარგონისა და საყვედურებისა: არაქრისტიანი ხარ, ჯვრისწერა არ გინდა, არ მარხულობ, და ასე შემდეგ. შედეგი კი ასეთი ,,გაეკლესიურებისა” ისაა, რომ ოჯახი დანგრევის ზღვარზეა. მე მგონი, თითოეულ ჩვენთაგანს მტავალი ამგვარი შემთხვევის გახსენება შეუძლია.
რატომ ხდება ასე? ეკლესია ხომ თავის თავში უდიდეს და უცილობელ დამაჯერებლობას ატარებს, ის არ შეიძლება მიმზიდველი არ იყოს. რატომაა რომ ჩვენი ახლობლები ეკლესიური ადამიანების გაცნობისა და მოსმენის შემდეგ, არ მიდიან ეკლესიაში? რატომაა, რომ მთელი ჩვენი ზრახვების გულწრფელობის მიუხედავად, ადამიანთა წინაშე ვერ წარმოვადგენთ ,,მის სათნოებებს, ვინც სიბნელიდან, თავის საკვირველი ნათლისკენ გამოგვიხმო” (1 პეტრე 2:9)?
ცხადია, რომ ჩვენ სადღაც შეცდომას ვუშვებთ; და ასეთი შეცდომები მისიის საქმეში რამდენიმეგვარი შეიძლება იყოს.
კეთილი უწყება და გარეგნული ეკლესიურობა
ქრისტიანობისა და გამოხსნის შესახებ ქადაგებას, როგორც ეკლესიის არსისა, ხშირად ენაცვლება გარეგნული ეკლესიურობის ქადაგება; ეს ეფუძნება აზრს, რომ ადამიანი ღმერთს რიტუალის საშუალებით მიეახლება, რაც გარკვეულწილად შეიძლება აღვიქვათ როგორც მაგიზმი.
ერთი სასულიერო პირის ხატოვანი გამოთქმით, ჩვენ მიდრეკილი ვართ ვიქადაგოთ გუმბათები და ზარები და არა ქრისტე და ზნეობრივი ცხოვრება. ხშირად გავიგონებთ ასეთ ,,რჩევებს დამწყებთადმი” – ,,შენ იმარხულე, იარე ეკლესიაში, იკითხე ესა და ეს ლოცვები, აუცილებლად გაემგზავრე რომელიმე ბერის (“სტარეცის”) სანახავად, გადაიხადე რომელიმე ხატის პარაკლისი” და ა.შ. დამწყები პასუხობს: ,,მე არ მესმის არაფერი რაც ეკლესიაში ხდება; ჩემთვის ლოცვებიც გაუგებარია”. რასაც, ამგვარი პასუხი მოსდევს: ,,არაუშავს თუ არ გესმის; მთავარია, რომ ეშმაკებს ესმით, არაა საჭირო შენ გესმოდეს რაიმე” – ესე იგი, ყველაფერი თავისთავად, სადღაც ზეცაში ავტომატურად ხდება, საკმარისია მხოლოდ შეასრულო რაღაც განსაზღვრული ქმედება. სწორედ ესაა მაგიზმი.
სინამდვილეში კი, საეკლესიო რიტუალში მონაწილეობის წინ აუცილებელია მისი შემეცნება, ანუ მხოლოდ ძირითადი წყაროების, ქრისტესა და სახარების საშუალებით ხდება რიტუალები და ეკლესიურობის გარეგნული ფორმები გააზრებული და რეალური სულიერი შინაარსით სავსე. ამიტომაც, როდესაც გვსურს ვინმე ეკლესიას შეუერთდეს, მას უნდა დავაწყებინოთ არა სანთლებითა და მოსახსენებლებით, არამედ ჯერ განვუმარტოთ სარწმუნოების საფუძვლები და ეკლესიის მოწყობის პრინციპები; ეს საფუძვლები წარმოადგენს ქრისტეს – როგორც მხსნელის ქადაგებასა და ზნეობრივ, სახარებისეულ ცხოვრებას.
რისთვის ვუხმობთ ჩვენ ქრისტესაკენ?
ხშირად ჩვენ ადამიანს ეკლესიაში ვუხმობთ არა იმიტომ, რომ ის ქრისტესია, არამედ იმიტომ, რომ ქრისტიანობა ტრადიციულია ,,წმინდა რუსეთში” და ჩვენი ერი, თავისი ჩამოყალიბების გამო, ვალშია მის წინაშე. ამგვარად იქმნება არასწორი წარმოდგენა ეკლესიის შესახებ.
აქ უნდა ითქვას შემდეგი: ეკლესიას აქვს ფასეულობათა გარკვეული იერარქია და ყოველთვის საჭიროა გავარჩიოთ მისი რელიგიური არსი მისივე გარეგნული გამოვლინებებისგან. პატრიოტიზმი და ჯანსაღი ნაციონალური თვითშეგნება – აუცილებელი და საჭიროა. მაგრამ, სწორედ ეკლესიაში ვერ დაიკავებენ ისინი პირველ ადგილს; ეკლესიაში მთავარი – ქრისტე მაცხოვარია, მისი ღვთაებრივი პიროვნება. ეკლესიის ამოცანაა, სულიწმინდით შეაერთოს მასთან ადამიანები, არა ხალხები და ერები, არამედ თითოეული ადამიანი, თითოეული პიროვნება. ეკლესიას ადამიანი მიწიდან ზეცაში გადაჰყავს; ერები – კი დაცემული სამყაროს მოწყობის ნაწილია, ამიტომაც ეკლესიის გაცნობა პოზიციიდან ,,რუსი – მაშასადამე მართლმადიდებელი” – ნიშნავს ქრისტიანული ფასეულობების მწყობრი წესრიგის ამოყირავებას და ზეცისაკენ მსწრაფი სულის ისევ მიწაზე დაბრუნებას. XX საუკუნის ისტორიამ ცხადყო, რომ რუსი ყოველთვის არ ნიშნავს მართლმადიდებელს. 1917 წელს რუსი ხალხის არცთუ მცირე ნაწილმა უარი თქვა ქრისტიანობაზე. მორწმუნე თანამოძმეების სისხლს სამწუხაროდ რუსი ადამიანებიც ღვრიდნენ…
მართლაც, თუკი განვიხილავთ მართლმადიდებლობის ისტორიულ კონტექსტს, დავინახავთ, რომ ადგილობრივი ეკლესიები ეროვნული ნიშნით იქმნებოდა; ეკლესია არ უარყოფს ნაციონალური ასპექტის მნიშვნელობას, ის პირველ ყოვლისა საკუთარ თავს სამოციქულო, ერთიან და კათოლიკე, ანუ მსოფლიო ეკლესიად აღიარებს.
ეს ნიშნავს, რომ ქრისტეს ეკლესია ღიაა ნებისმიერი ადამიანისათვის, მიუხედავად მისი რასობრივი, ნაციონალური, სოციალური, საგანმანათლებლო, პროფესიონალური და ა. შ. თავისებურებებისა. ეკლესიისთვის მნიშვნელოვანი თავად ადამიანია და არა ყველაფერი ის რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. როდესაც ეკლესიური ცხოვრების ეს პრინციპი დამცირებული ან დავიწყებულია, როდესაც პირველ პლანზე ნაციონალური იდეოლოგემები გამოდიან და განსაკუთრებულ ეკლესიურ ლეგიტიმაციაზე აცხადებენ პრეტენზიას – ასეთ დროს, არსებულ ეკლესიურ სინამდვილეს აღარ ძალუძს სათანადოდ გამოავლინოს მარადიული, ზეციური არსი ქრისტიანობისა – რისი თვითმხილველებიც ვართ ჩვენს თანამედროვეობაში.
სხვათა შორის, ეს ორი ჩანაცვლება, ქრისტესი – რიტუალით და ეკლესიისა ნაციონალიზმით, ძირითადი მიზეზია იმისა, რომ თანამედროვე ახალგაზრდობას ასე ძალინ იზიდავს პროტესტანტიზმი. ერთხელაც, ვესუბრებოდი ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც დანიელის მონასტერთან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში ჩვენს მიერ გამართულ კატეხიზაციის კურსებზე დადიოდა. ეს ახალგაზრდა სულიერ ძიებაში იმყოფებოდა, რის გამოც იმ დროისათვის ის ერთ-ერთი პროტესტანტული ეკლესიის წევრი იყო. როდესაც ვკითხე, თუ რა “არ მოსწონდა” მას მართლმადიდებლობაში, მან მიპასუხა: ,,მე ორი წელი დავდიოდი მოსკოვის ტაძრებში და ვუსმენდი იქ წარმოთქმულ ქადაგებებს, მათი 90 პროცენტი არაფერს ამბობდა ქრისტესა და სახარებაზე, პროტესტანტები კი, მათზე ასე თუ ისე მაინც ლაპარაკობენ. მე რასაკვირველი ვფიქრობ, რომ 90 პროცენტი აშკარად გადაჭარბებულია, მაგრამ ამ ყმაწვილის საყვედური უსაფუძვლო ნამდვილად არ არის.
უარყოფითი ”ქადაგება”
აქცენტების აღრევა და ქრისტიანული ფასეულობების რღვევა იმაშიც ვლინდება, რომ უმრავლეს შემთხვევაში ჩვენი ქადაგება უარყოფით ხასიათისაა. ჩვენს თავსაც და სხვებსაც ჩვენ ვუქადაგებთ ჯოჯოხეთს, მარადიულ სატანჯველს, ეშმაკებსა და მათგან წვალებას; ჩვენ ვაშინებთ ჩვენს თავსაც და სხვებსაც ანტიქრისტეთი, გლობალიზაციით და ა. შ. ყალბი ფასეულობების უარყოფისაკენ მოწოდება გადაიზარდა ცხოვრების ბუნებრივი წესის უარყოფაში. ქადაგებათა ამგვარ სისტემაში ქრისტე გვევლინება, არა როგორც მიზანი ეკლესიური და სულიერი ცხოვრებისა, არამედ უკეთეს შემთხვევაში, როგორც ჯოჯოხეთისა და ეშმაკთა (ან “გლობალისტური”) ზემოქმედებისაგან თავდასაცავი საშუალება.
აზრთა მწყობრი წყობის რღვევა, აქ აი რაში მდგომარეობს: ღმერთმა მოგვცა ჩვენ ცოდნა ჯოჯოხეთზე, ცოდვილთა დასჯაზე, ისტორიის ბოლოს სამყაროს დასასრულზე და სხვა, არა იმიტომ, რომ ეს გავხადოთ ჩვენი ცხოვრების ძირითად შინაარსად, არამედ – რათა გვქონდეს ფხიზელი და ზუსტი შეხედულება ადამიანსა და ისტორიაზე. ჩვენი ცხოვრების მიზანი ქრისტეა, ცხოვრება მასთან ერთად და მისით. ქრისტესთან თანაარსებობა ნიშნავს მუდმივ სიხარულსა და მშვიდობას – სწორედ ამით უნდა დავიწყოთ ქადაგება. ნებისმიერი ადამიანი ესწრაფვის ბედნიერებას და ეშინია სიკვდილის; ქრისტეა უმაღლესი ბედნიერება, ის არის აღდგომა და ცხოვრება (იოანე 11:25). ჯოჯოხეთი, ეშმაკები და ცოდვა კი სწორედ ისაა, რისგანაც იესომ გამოგვიხსნა. თუმცა ეს ხსნა უპირობო არაა. ის დამოკიდებულია ჩვენგან ღმერთის მცნებების დაცვაზე, ცოდვისადმი წინააღმდეგობის გაწევასა და საკუთარი თავის იძულებაზე სიკეთის ქმნისათვის, ჩვენს პირად ზნეობრივ, სულიერ და ეკლესიურ ცხოვრებაზე. სწორედ ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურდღება, ხაზი გავუსვათ ქრისტესგან ბოძებულ თავისუფლების ნიჭსა და მასთან დაკავშირებულ ზნეობრივ პასუხისმგებლობას; სხვაგვარად ჩვენი რელიგია დადის ,,გრძნეულება – ანტიგრძნეულების” ერთ-ერთ რიგით სისტემამდე, რომლის დროსაც ადამიანები სულიერ ცხოვრებაზე მაგიური შეხედულების ჩარჩოებში ხელახლა ექცევიან.
ამგვარად, ჩვენი ქადაგება დადებით ხასიათს უნდა ატარებდეს და პირველყოვლისა ქრისტოცენტრული უნდა იყოს, რადგან ამის გარეშე ჩვენი მოწოდება ადამიანებისადმი – ”გაექცნენ ცოდვას” – ქმედითი არ იქნება: ისინი უბრალოდ ვერ მიხვდებიან თუ რისი გულისათვის უნდა თქვან უარი მრავალ რამეზე – ჩვენს დაცემულ სამყაროში ”ნორმად” რომ ითვლება, თუკი ვერ დაინახავენ, რას მიიღებენ სანაცვლოდ.
და კიდევ, ადამიანთა უმრავლესობის ცხოვრება ამჟამად ძალიან მძიმეა. ჩვენი დრო გამოირჩევა განსაკუთრებული სისასტიკით, ცინიზმით, გულგრილობითა და უიმედობით. ასეთ პირობებში განსაკუთრებით აუცილებელია, რომ თანამედროვე საზოგადოების იდეოლოგია ეკლესიაში არ გადავიტანოთ; დაუშვებელია ადამიანების ღმერთით დაშინება, ის ხომ არც გულცივი ბიუროკრატია, არც ზედამხედველი, არც ბოროტი აღმრიცხველი ჩვენი უღონობის, შეცდომებისა და ცოდვების. ის ჩვენი მამაა (1 იოანე 4: 16). ადამიანის სული ესწრაფის მხსნელს – ქრისტეს და ნუგეშისმცემელ სულს. მას სჭირდება ჭეშმარიტების, სიყვარულისა და მადლმოსილების იდეალი, რომელიც არის – იესო ქრისტე. არ შეიძლება წარმოვადგინოთ იგი ისეთად, როგორიც ის არ არის. დაუშვებელია, ქრისტე დავაყენოთ მეორე რიგში, მაშინ როდესაც პირველს დაიკავებენ ჯოჯოხეთი, ეშმაკები, ინტერნეტი, ჯადოქრები, მასონები, გლობალისტები და ასე შემდეგ. შეუძლებელია შეიცვალოს კეთილი უწყება ”ბოროტი უწყებით”, ასეთი ქადაგება არასდროს არ იქნება ნაყოფიერი.
პროფანირებული და ჭეშმარიტი ქრისტიანობა
ჩვენი წარმოდგენა ეკლესიაზე არცთუ იშვიათად ”პროფანირებულია”, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრება ადამიანებისგან სახარებისეული მცნებების უცილობელ დაცვას, იძულებას სიკეთისათვის და ჩვენს გულებში არსებული ცოდვისადმი შეწინააღმდეგებას მოითხოვს; ასეთი ქრისტიანობა ფხიზელი, თანაბარი და ყურადღებიანია, მისთვის უცხოა თავშექცევა, და გარკვეული აზრით მშრალიცაა. ის სრულიად შინაგანია, გარეგნულად კი უბრალო, სადა, თავმდაბალი და შეუმჩნეველია. ამასთან, სახარებისეული ცხოვრება ძნელია, მას მუდმივი სულიერი ძალისხმევა სჭირდება (მათე 11: 12), ბევრისათვის ეს მოსაწყენი და უინტერესოა. როგორც ჯერ კიდევ წმ. ეგნატე წერდა, მრავალი ელტვის ეფექტებსა და გართობას; ამიტომაც ,,იხუნძლება,, ქრისტიანობა სხვადასხვაგვარი ღირებულებებით, როგორებიცაა – ხილვები, ნიშნები, გამოცხადებები; მოგზაურობები წინასწარმეტყველი ბერების (,,სტარცების”) საძებნელად; სხვადასხვაგვარი ,,სიწმინდეების” თაყვანისცემა, სამყაროს დასასრულის ნიშნების გამოთვლა, უამრავი რაოდენობის გარდამოცემათა შექმნა ამა თუ იმ აღიარებულ წმინდანზე და ა. შ. არცთუ იშვიათად ამაში ეკლესიურ სამოსელში გადაცმული კერპთთაყვანისმცემლობაც ირევა, როგორებიცაა ,,თაფლის”, ,,ვაშლის”, ,,ბლინების” და სხვა ხალხური დღესასწაულები, შობასა და ნათლისღებასთან დაკავშირებული ცრურწმენის მატარებელი წეს-ჩვეულებები და სხვა. სახიფათო აქ ისაა, რომ ეკლესიის სწავლებად მიიჩნევა არა წმიდა წერილი, არა წმიდა მამათა დოგმატური და ზნეობრივი გარდამოცემები, არამედ ისტორიულად არასანდო ცნობები და ,,ამქვეყნიური და დედაბრული ზღაპრები” (1 ტიმოთე 4:7).
ამ ყველაფრის შედეგი ერთობ სამწუხაროა: ის ადამიანები, რომელთაც ფხიზელი გონება აქვთ, ეკლესიას აღიქვამენ, არა როგორც სვეტსა და სიმტკიცეს ჭეშმარიტებისა (1 ტიმოთე 3:15), არამედ როგორც “ზღაპარს”. საერთოდაც, გასათვალისწინებელია, რომ საგანმანათლებლო და ინტელექტუალური დონე თანამედროვე ადამიანისა საკმარისად მაღალია, ამიტომ მას ვერ დააკმაყოფილებს ღმერთისა და ეკლესიის შესახებ დილეტანტური საუბარი და საეჭვო ისტორიების ორომტრიალი, რომელთა წარმოშობა საერთოდაც გაურკვეველია.
თავისუფლება ეკლესიაში
ხშირად ჩვენს ახლობლებს ეკლესიას წარმოვუდგენთ, როგორც მხოლოდ და მხოლოდ აკრძალვათა და ვალდებულებათა სისტემას. იგულისხმება, რომ ეკლესიას, როგორც მოვლენას, რომელიც მოიცავს ადამიანური ცხოვრების ყველა მხარეს, არ შეუძლია ამა თუ იმ დისციპლინარული ნორმის გარეშე არსებობა, მაგრამ ყველაფერი ეს არის არა თვითმიზანი, არამედ ემსახურება მთავარს – ადამიანის ღმერთთან და ღმერთში ერთმანეთთან ერთობას. “ხოლო სადაა სული უფლისაი, მუნ აზნაურებაი არს” (2 კორინთ. 3: 17); უფალმა ერთხელ და სამუდამოდ დაადგინა “ყველა წესთა წესი”, “შაბათი კაცისათვის დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათვის” (მარკოზი 2: 27). ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ეკლესიაში შეიძლება ყველაფერი მოვიმოქმედოთ რაც მოგვეხასიათება, ანდა შეგვიძლია თავისუფლად ვცოდოთ, გააზრებული შინაგანი ქრისტიანული ცხოვრების საშუალებით. ეკლესიის გარეგნული ფორმები მხოლოდ ასე აღივსება რეალური სულიერი შინაარსით და დაიცავსა და განამტკიცებს ჭეშმარიტი თავისუფლების სულს ქრისტეში. ამასთან, ისევე, როგორც ყოველი ადამიანი ერთმანეთისაგან განსხვავდება და ყველას თავისი შესაძლებლობა აქვს, გარეგნული ეკლესიურობისა და ეკლესიის დისციპლინარული ნორმებიც თითოეულისათვის ინდივიდუალური უნდა იყოს. ეკლესიის არსი არა იმაშია, რომ ყველასათვის საერთო ”ჩარჩოებში” მოათავსოს ადამიანი, არამედ რათა მან გონივრულად და ინდივიდუალურად ისარგებლოს იმ საშუალებებით, რაც ეკლესიას აქვს და იპოვოს თავისი გზა ქრისტესაკენ. ამაში ვლინდება ეკლესიისათვის დამახასიათებელი უდიდესი პატივისცემა პიროვნებისადმი, მისი თავისუფლებისადმი და მისდამი ნდობა.
ჩვენთან, სამწუხაროდ სწორედაც პიროვნებისადმი პატივისცემა მოისუსტებს, ითვლება, რომ ეკლესიაში ყველა ერთნაირი უნდა იყოს, რომ ყოველი ადამიანისთვის მხოლოდ ერთიდაიგივე ხსნის რეცეპტია გამოწერილი; მაგრამ ეკლესია, სრულიადაც არაა ყაზარმა, სადაც ყველა ვალდებულია ,,იცხოვროს მწყობრში”. ერთხელაც ამ თემაზე ვესაუბრებოდი ხნიერ პროფესორს იმ სასწავლებლისა, სადაც მე ვსწავლობდი. ამ ჭკვიან, კეთილ და ზნეობრივ ადამიანს ჰქონდა ღვთის რწმენა, მაგრამ ეკლესიაში მისვლა არ უნდოდა. ,,საკმარისი იყო ჩემს ცხოვრებაში საბჭოთა კოლექტივიზმი, აღარ მინდა სხვა იმდაგვარი. გარდა ამისა, მე ვიწყებდი ეკლესიაში სიარულს, როდესაც ეს შესაძლებელი გახდა; იქ მითხრეს, რომ ვალდებული ვარ ვაკეთო რაღაც, მაგრამ არავინ ამიხსნა, თუ რატომ ვიყავი ვალდებული. მე, მაგალითად, არ შემიძლია მარხვა, ჩემი ორგანიზმი ვერ ეგუება სამარხვო საჭმელს; ახალგაზრდა მღვდელმა ამის პასუხად მითხრა _ რომ ეს ყველაფერი მიზეზები, პატივმოყვარეობა და ქედმაღლობაა, რომ მარხვა არავისთვის საზიანო არაა, და საერთოდაც ის საუკეთესო წამალია ყველა ავადმყოფობისა, ხოლო ექიმებს, რომლებიც არ არიან მორწმუნენი, არც უნდა მოვუსმინოთ; მარხვის გარეშე ეკლესია ზიარების უფლებას არ იძლევა და რადგანაც ეს ასეა, მე იქ არც დავდივარ”… ასეთია ნიმუში ანტიქადაგებისა. იმის მაგივრად, რომ დავეხმაროთ ადამიანს, განავითაროს, სრულყოს და “გააეკლესიუროს” მასში უკვე არსებული რწმენა ქრისტესადმი, მას აბრკოლებენ აკრძალვებითა და იმ მომენტისათვის და იმ ადამიანისთვის შეუსაბამო მოთხოვნებით… ასე ხომ ძალიან ხშირად ხდება. როდესაც ადამიანები გვისმენენ, ფიქრობენ, რომ ეკლესიის ფუნქცია მხოლოდ ,,შეიძლებასა” და ,,არ შეიძლებას” ცნებებით ამოიწურება; რომ ეს თითქოს რაღაც გალიაა, რომელშიც მას შემდეგ რაც ადამიანი ხვდება და მის უკან კარები იხურება _ ცხოვრება დასრულებულია; რჩება მხოლოდ მარხვები და წესები, მორჩილება და თავის შეკავება ყველაფრისაგან, რისგანაც კი შესაძლებელია. ადამიანებს ეშინიათ, რომ ისინი ეკლესიაში თავიანთ თავისუფლებას დაკარგავენ და ამ საშიშროებას საფუძველი ეკლესიის ჩვენეულ, “მართლმადიდებლურ” აღქმაში აქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუკი გადავცვლით თავისუფლებას წესებსა და აკრძალვებზე, ამით მოვიპოვებთ ,,ცხონების გარანტიას”, რაც სინამდვილეში არც გარეგნულსა და არც არანაირ წესებში არ არის. ჩვენი ხსნა იმაშია, რომ ჩვენს გულებში სულიწმინდა დამკვიდრდეს, რომელიც სუფევს სიწმინდესა და თავისუფლებაში, სადაც არაა თავისუფლება, იქ არც სულია.
ამიტომაც, როდესაც გარემომცველთ ეკლესიაზე ვესაუბრებით, მათ ქრისტე, თითოეული ადამიანისადმი მისი სიყვარული უნდა გავაცნოთ, მოვუყვეთ სულიწმინდის განმანათლებელ ძალაზე, ადამიანთა განმათავისუფლებელზე მტანჯველი ცოდვისაგან და ამ სამყაროს სტიქიების ტყვეობისაგან, რომ მხოლოდ ეკლესიაში მოიპოვებს ადამიანი ნამდვილ თავისუფლებას და არ დავხუნძლოთ იგი ცხოვრების სქემატური და დაწვრილმანებული რეგლამენტაციით.
ქრისტიანული ცხოვრების ნიმუში
და ბოლოს, ყველაზე მთავარი ისაა, რომ თავად ჩვენ ვერ ვიძლევით ქრისტიანული ცხოვრების მაგალითს; ადამიანები, რომელთაც ჩვენ მივმართავთ, ძნელად თუ იტყვიან ჩვენზე იმას, რასაც პირველ ქრისტიანებზე ამბობდნენ “უყურეთ, როგორ უყვართ მათ თავიანთი ქრისტე და ერთმანეთი”. გარეშე ადამიანთა თვალში ჩვენ ისეთივენი ვართ, როგორც ნებისმიერი სხვა და ხანდახან უარესნიც, იმიტომ რომ მთელი ჩვენი ქრისტიანობა მხოლოდ სიტყვებია. ჩვენი რწმენა და საქმეები, მართლმადიდებლური ეკლესიის ჭეშმარიტების სისავსე და ჩვენი ყოველდღიურ ეკლესიური სინამდვილე ერთმანეთს ძლიერაა დაცილებული. უფრო მეტიც, ეს ეკლესიური სინამდვილე თავის უკიდურეს გამოვლინებებში მართლმადიდებლური წესის ნაციონალისტურ მაგიზმამდე დადის. რატომ ხდება ასე? ჩვენ ხომ ბოროტგანმზრახველნი არა ვართ, გვიყვარს ჩვენი ეკლესია, გვესმის და ვგრძნობთ ამ პრობლემებს… მაგრამ ჭეშმარიტ ქრისტიანებად ყოფნა არ ხელგვეწიფება. გამოდის, რომ ცხოვრება თავის წესით მიდის, ხოლო მართლმადიდებლობიდან გვრჩება მხოლოდ დოქტრინა, რომელსაც გულმოდგინედ ვინახავთ, ვაფასებთ, გვიყვარს… მაგრამ არ ვცხოვრობთ მისით. რაშია მიზეზი ამგვარი მდგომარეობისა? რატომ არ ხდება ჩვენი ეკლესიური ცხოვრების სათანადო რეალიზება?
ამის მიზეზი, რა თქმა უნდა მრავალია და ყველა მათგანის განხილვა რთულია. მხოლოდ ორს აღვნიშნავთ: წმიდა წერილის როლის დამცრობა და ეკლესიის გარდამოცემის არასწორი აღქმა.
,,ღვთის ეკლესიას ასაზრდოებს ორი სტიქია, ღვთის სიტყვის არსი და საეკლესიო საიდუმლოებები” – წერდა წმიდა თეოფანე დაყუდებული. წმიდა წერილი და სახარება იმიტომ მოგვეცა ღმერთისაგან, რომ მათი საშუალებით უზენაესის ნება შევიცნოთ და მასთან თანხმობაში ვიცხოვროთ. ღირსი სერაფიმ საროველი ურჩევდა, ისე შეესწავლათ ახალი აღთქმა, რომ გონებას თითქოსდა “ეცურა” წმიდა წერილის სიტყვებში. ღირსი ანტონი დიდი ამბობდა, რომ ყოველი საქმის კეთებისას, ჩვენ წმიდა წერილის მოწმობა უნდა გვქონდეს. ყოველდღიურ ყოფაში კი ხშირად აღმოჩნდება, რომ ეს არცთუ ისე საინტერესო და საჭირო ყოფილა მართლმადიდებლებისთვის. ხშირად ხდება, რომ ადამიანი ეკლესიაშიც დადის, საიდუმლოებებშიც მონაწილეობს, მართლმადიდებლად თვლის თავს და აქტიურად იბრძვის მის დასაცავად, ხოლო ახალი აღთქმა არათუ საფუძვლიანად არ იცის, არამედ მთლიანად არცა აქვს წაკითხული. არსებობს ამისი ,,ახსნაც” – სახარება იდეალია, ხოლო ჩვენ – ცოდვილი ადამიანები იდეალამდე შორს ვართო… რა თქმა უნდა, სახარება გვიჩვენებს იდეალს – უფალ იესოს, ხოლო თავად ევანგელიე (კეთილი უწყება), თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ცხოვრების ზუსტი და შეუცვლელი ინსტრუქციაა, რომლის მუდმივი შესრულების გარეშე ქრისტიანობაზე ლაპარკიც კი შეუძლებელია. სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვცდილობთ ეკლესიური გავხადოთ ჩვენი ახლობლები, იშვიათად მივმართავთ დასახმარებლად წმიდა წერილს.
ერთ სასულიერო პირთან მივიდა მისი მრევლის წევრი და ეუბნება: ,,მამაო, რა მოვუხერხო ჩემს მეზობელს, არ უნდა ეკლესიაში სიარული. მე მას ყველანაირი წიგნი მივეცი, მან წაიკითხა და მითხრა: ,,არა, მე თქვენს ეკლესიაში არ მივალ”. ,,რა მიეცი შენ მას?” – დაინტერესდა მოძღვარი. კარგი წიგნები, მართლმადიდებლური – იყო პასუხი – ანტიქრისტეზე, ვასილი ახლის ,,ნეტარი თეოდორას ცხოვრება”, ,,რუსეთი მეორედ მოსვლის წინ”, ,, მღვდლის 8 000 პასუხი სხვადასხვა კითხვაზე” და კიდევ სხვა ბევრი ამდაგვარი. “რატომ არ მიეცი მას თავდაპირველად სახარება?” – დაისვა შეკთხვა, რასაც პასუხი არ მოჰყოლია…
რა ამის პასუხია და პროტესტანტებთან ახალგაზრდობას ისიც იზიდავს, რომ ისინი აქტიურად შეისწავლიან წმიდა წერილს. ჩვენ უნდა დავიწყოთ იმით, რომ სახარება ჩვენთვის ისეთი სიწმინდე კი აღარ იყოს, რომელსაც მხოლოდ ვემთხვევით არამედ აქტიურად ხორციელდებოდეს ჩვენს ცხოვრებაში – აზრთა თუ მოქმედებათა საშუალებით. ნ. ლოსკის აზრით, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ წმიდა გარდამოცემაზე, აუცილებელია გავარჩიოთ თავად გარდამოცემა მისი ფორმებისაგან. წმიდა გარდამოცემა არის სულიწმინდის მყოფობა ეკლესიაში, მისი ფორმები კი ისტორიულად ყალიბდება და გამოავლენს სულიწმინდის მყოფობას ამა თუ იმ ეკლესიურ მოვლენაში. ამ კონტექსტში წმიდა გარდამოცემის მიღება ნიშნავს ეკლესიის ცხოვრებაში მონაწილეობას, მასთან ,,შეერთებას”. ეს კი შესაძლებელია თავისუფალი და პირადი ზნეობრივი პასუხისმგებლობით აღსავსე ქრისტიანული ცხოვრებით. წმიდა გარდამოცემის ფორმები გვიჩვენებენ ამგვარი შინაგანი გამოცდილების ჩარჩოებს, მიმართულებებსა და მეთოდებს, ხოლო თავად ეს ფორმები არ არიან “ავტომატურად” სულიერნი, ისინი ინდივიდუალურად უნდა გაიაზროს და გაითავისოს თითოეულმა ქრისტიანმა.
ჩვენი ძირითადი შეცდომა იმაშია, რომ ჩვენთვის გარდამოცემის ისტორიული ფორმები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად გარდამოცემა, რომელიც ასეთ შემთხვევაში უსიცოცხლო ხდება და გადაიქცევა ზემოთნახსენებ ,,სქემად” წესთა, დადგენილებათა, აკრძალვათა კრებულად, ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრულ ასკეტურ ქცევათა ჩამონათვალად და ა. შ. გარდამოცემისათვის ყოველთვის დამაახასიათებელია მოცემული ეპოქის გააზრება ქრისტეს სახარებისეული ჭეშმარიტების თვალსაზრისით. ჩვენ კი, როდესაც გარდამოცემად მის ფორმებს ვიღებთ, ამგვარი გააზრების უნარს ვკარგავთ. გვეშინია კითხვების, რომელთაც ჩვენს წინაშე სვამს ცხოვრება, გავურბივართ მათ, ხოლო პასუხად მოვიხმობთ ან ახალ, ისტორიაში არარსებულ პრობლემებს, ანდა მხოლოდ ათასი წლის წინანდელ საეკლესიო მწერლობას, ეს სრულიადაც არ იზიდავს ჩვენსკენ ადამიანებს, – მათ თვალში ჩვენ სრულიად შეუსაბამო ვართ იმ სიტუაციისა, რომელშიც ვცხოვრობთ. ეკლესია უნდა იყოს ყოველთვის თანამედროვე, რადგან ის მარადიული განხორციელებაა ახალი აღთქმისა. ჩვენ კი მისგან ეთნოგრაფიულ მუზეუმს ვქმნით.
ბევრი მართლმადიდებლისათვის გარდამოცემა რეალობიდან, სამყაროს ფხიზელი აღქმიდან გაურკვევლ მექანიკურ ოცნებაში წასვლის საბაბია, რის გამოც ჩვენ ვერ ვიღებთ სულიერ ნაყოფებს და ვეღარ ვცხოვრობთ ნამდვილი ცხოვრებით, მაგრამ ვთხზავთ მას, როგორც ჯერ კიდევ X1X საუკუნეში ამის შესახებ წმიდა ეგნატე წერდა. რადგანაც ჩვენ ვერ ვიხსნებით სულიერი ცხოვრებისათვის, ვერც სხვებს გამოვუცხადებთ მას, რადგან მიცემა შესაძლებელია მხოლოდ იმისა, რასაც ფლობ.
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყველაზე ძნელია იყო უბრალოდ ნორმალური, წესიერი, საღად მოაზროვნე და ზნეობრივი ადამიანი. სწორედ ამისათვისაა ასკეტური გმირობა და ღვაწლი. ასეთად უნდათ, რომ გვხედავდნენ ქრისტიანებს გარეშე ადამიანები, განსაკუთრებით ახლა, როდესაც თანამედროვე საზოგადოება ამგვარი თვისებების უდიდეს დეფიციტს განიცდის. ჩვენ კი, როცა ვხდებით მართლმადიდებლები და ვიბნევით ასკეტური დამწერლობის გაუვალ ტევრში, შეძენის მაგივრად ვკარგავთ ამ თვისებებს. ჩვენ გვაინტერესებს იესოს ლოცვის სიღრმეები, აბსოლუტური მორჩილება, მისტიკური სულიერება, ტიპიკონური მარხვა და ა. შ.
მაგრამ ცაში ამ “ფრინველების” დევნაში გართულები ხშირად ჩვეულებრივ ადამიანურ კეთილგონიერებას ვკარგავთ და გვემართება ის, რაც წმიდა ბასილი დიდმა მრავალი წიგნის წაკითხვის შემდეგ მონასტერში წასულ ერთ მაღალჩინოსანს უთხრა “შენ სენატორობაც დაკარგე და ვერც ბერი გახდიო”.
ერთი მიტროპოლიტი შესანიშნავ დარიგებას აძლევს ახლადაღკვეცილ ბერს: ,,ანგელოზებრივი სახის (იგულისხმება მონოზვნობა) მიღებისას, გაფრთხილდი, არ დაკარგო ადამიანური”. სამწუხაროდ, სინამდვილეში ხშირად ასეც ხდება და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ჩვენი ქადაგება ჩვენს ახლობლებთან წარმატებას ვერ აღწევს.
ასე რომ, ჩვენი მისია ჩვენივე თავიდან უნდა დავიწყოთ და ჯერ საკუთარი თავი ვაიძულოთ ვიყოთ ნორმალური ადამიანები, შევისწავლოთ წმიდა წერილი და ვიცხოვროთ მისით. ვეცადოთ გავიგოთ, თუ რა არის წმიდა გარდამოცემა და არ ჩავვარდეთ მეორეხარისხოვან საგანთა ტყვეობაში. ვიყოთ ფხიზელნი და ნუ ვიქნებით მფრთხალი, შეზღუდული ადამიანები. ნუ ვიქნებით მძიმე ასატანი ჩვენი ახლობლებისათვის, ვეცადოთ ვაკეთოთ სიკეთე და დავეხმაროთ ადამიანებს. არ ვქედმაღლობდეთ ჩვენი მართლმადიდებლობით, არამედ ვიზრუნოთ იმაზე, რომ თავად გავხდეთ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანები. ჩვენში განვაცხადოთ წმიდა ეკლესია, როგორც ქრისტესადმი სიყვარული და ,,სიცოცხლე უხვად” (იოანე 10: 10) _ და როცა დაინახავენ ჩვენს წმინდა, ღვთისმოშიშ ცხოვრებას (1 პეტრე 3: 1) ადამიანები, რომელთაც მთელი გულით ვუსურვებთ ხსნას, უსიტყვოდ შეუდგებიან ქრისტეს. დღეს მხოლოდ ამგვარადაა შესაძლებელი მართლმადიდებლური მისიის წარმატება.
“პროფანირებული” ქრისტიანობის შესახებ
ფაქტია, რომ მოვლენა, რომელსაც მე “პროფანირებულ ქრისტიანობა”-ს ვუწოდებ, ეკლესიურ ცხოვრებაში არსებობს. ის მომდინარეობს ეკლესიის რაობის არასწორი გაგებიდან, როდესაც იგნორირებულია ეკლესიური ცხოვრების ორი ფუნდამენტური პრინციპი: ქრისტოცენტრულობა და სინერგია.
ქრისტიანობაში არსებობს ფასეულობათა იერარქია და მთავარი მასში _ თავად ქრისტე, მისი ღვთაებრივი პიროვნებაა. ის არის ,,ალფა და ომეგა, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს”(გამოცხ. 1: 8); ის არის ,,გზა, ჭეშმარიტება და ცხორება”, “აღდგომა და ცხორება” (იოანე 14:6; 11: 25;). მორწმუნისათვის ქრისტე ყველაფერია (წმიდა მარკოზ ეფესელი).
ქრისტიანის ცხოვრების მიზანია ქრისტესთან შეერთება, მასში და მისით ცხოვრება და მასში ხსნისა და მშვიდობის, სიხარულისა და უკვდავების აღმოჩენა; სწორედ ამ და არა რაიმე სხვა მიზნისათვის დააფუძნა ღმერთმა ეკლესია დედამიწაზე, სადაც საიდუმლოებებში მონაწილეობით, სულიწმიდით, მორწმუნე ადამიანი უფალ იესოს უერთდება. ეკლესია არ არის მხოლოდ ადამიანის ინდივიდუალური სრულყოფის საშუალება. ქრისტეში პიროვნება ჭეშმარიტი ცხოვრების სისავსეს პოულობს, ხოლო შედეგად – სხვა ადამიანებთან ჭეშმარიტ ერთობას. ამასთან, ეკლესიისათვის სავსებით არაარსებითია ადამიანი ამქვეყნად ცხოვრობს, თუ უკვე იმქვეყნიურ სამყაროშია გადასული, რადგანაც ეკლესიაში არ არსებობს სიკვდილი. ის არა მხოლოდ მორწმუნეთა ერთობა, ანდა სპეციფიკური ორგანიზაცია, არამედ თავისი არსით ქრისტეს სხეულია და ქრისტოცენტრულობის პრინციპიც აქედან გამომდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ ეკლესიაში უკლებლივ ყველაფერი იესო ქრისტესაკენ უნდა იყოს მიმართული.
თავისი არსებობის 2000 წლის მანძილზე, ეკლესიამ სულიერი, კულტურული, სოციალური და სხვა უამრავი სახის სიმდიდრე დააგროვა, რომელიც იმ ფორმათა და მოვლენათა მრავალფეროვნებაში გამოიხატება, ადამიანური ყოფის ყველა სფეროს რომ სწვდება. ყველა ეს ეკლესიური ფორმა და მოვლენა მხოლოდ იმისათვის არსებობს, რომ ამა თუ იმ სახით აზიაროს ადამიანი იესო ქრისტეს. თუკი ჩვენ, ამა თუ იმ მიზეზის გამო გარეგნულ ეკლესიურ ფორმებს მივიღებთ, როგორც თავისთავად ფასეულობას, ქრისტეს კონტექსტის გარეშე, დიდ შეცდომას დავუშვებთ, რადგან ამით მთავარს მეორეხარისხოვანით, არსებითს ფორმალურით შევცვლით, რადგანაც ქრისტეს გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს, თუნდაც ეკლესიაში.
სიტყვა სინერგია ნიშნავს ,,ერთობლივ ქმედებას” ღმერთისა და ადამიანის თანაშემოქმედებას. ეკლესიის კუთვნილი ღვთის მადლი არასოდეს მოქმედებს ძალადობრივად, ავტომატურად; ღმერთი ყოველთვის აღიარებს ადამიანის თავისუფლებას და მისგან ელის გაცნობიერებულ და თავისუფალ რელიგიურ აქტივობას. რელიგიურ ცხოვრებაში ეს პრინციპი ყოველმხრივ დაცულია; ეკლესიაში ყველაფერი დაფუძნებულია ქრისტიანის პასუხისმგებლობით აღსავსე ცხოვრებაზე. აქ არაფერია ფორმალური, ,,ბრმა” ან, რაც თითქოს ,,თავისთავად” ხდება, ადამიანის ნების გარეშე. ეკლესიური ცხოვრების ზემოთდასახელებული პრინციპები არსებობენ არა განყენებულად, არამედ ყოფა-ცხოვრებასთან მჭიდრო კავშირში; ქრისტოცენტრულობიდან და სინერგიიდან გამომდინარეობს ზნეობრივი შრომის აუცილებლობა ქრისტესთან შესაერთებლად, რადგანაც ძველი აღთქმის ადამისაგან მივიღეთ დაცემული ბუნება, საჭიროა შრომა ამ ბუნების მიდრეკილებებისადმი წინააღმდეგობის გასაწევად და ძალისხმევა ღმერთის მცნებების შესასრულებლად, რის მეშვეობითაც ადამიანი ქრისტეს მადლს იღებს. ასეთი ქრისტიანობა ბევრს არ სჭირდება, ამას მრავალი მიზეზი აქვს: თავისუფლების შიში, ზნეობრიობის დაუფასებლობა და სხვა. ჭეშმარიტი, “რთული” ქრისტიანობის საპირისპიროდ, არსებობს სხვაგვარიც, უფრო მეტად გავრცელებული. ასეთი ქრისტიანობა ორი ძირითადი ნიშნით ხასიათდება – ქრისტიანობა ქრისტოცენტრიზმის გარეშე და მაგიზმი – ქრისტიანობა სინერგიისა და ზნეობრივი ძალდატანების გარეშე. სარწმუნოების გაორებულობა, რაც ტრადიციულად დამახასიათებელია რუსეთისათვის, წარმოადგენს მრთლმადიდებლური და წარმართული რიტუალების შეთავსებას. ეკლესიის 70 წლიანი დევნის და ადამიანთაგან ელემენტარული ეკლესიური წიგნიერების დაკარგვის შემდეგ, ეს გაორება ახლაც დიდ პატივშია და მიზანმიმართული მწყემსმთავრული ძალისხმევით ფართოდაა გავრცელებული. ჩვენს თანამედროვეობაში ეს მოვლენა უკვე არა მხოლოდ ივანე კუპალას კოცონზე ხტომა და შელოცვა-მკითხაობაა, არამედ ცხოვრების განსაზღვრული მიმართულებაც. ის ჩვენს რელიგიას ქრისტეს აშორებს, ხოლო მის ადგილზე დაცემული სამყაროს რეალიებს აყენებს. შეხედულებათა ამ სისტემის მიზანი არის არათვით უფალი და ცხოვრება მასში, არამედ სწრაფვა სრული მიწიერი კეთილდღეობისკენ და ამიტომ თავად უფალი და მისი მცნებები არავის აინტერესებს; ამასთანავე საგულისხმოა, რომ ეკლესიური ფორმები კარგავენ თავის მთლიანობას და ხდებიან ნახევრადწარმართულნი. ყველაფერი ეკლესიური, რასაც შეეხება წარმართობა, პროფანირდება და უხამსი ხდება; ასე რომ, ბევრი ადამიანი ეკლესიად მოიაზრებს არა ქრისტესა და ქრისტიანულ ცხოვრებას, არამედ ხალხურ წეს_ჩვეულებებს, სხვადასხვა “სასწაულებს” და სხვა მსგავსს…
აი, ეს არის ნამდვილი პროფანაცია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან და ადამიანთათვის აუცილებელ საგნებზე – ბედნიერებაზე, სიკვდილზე, – სერიოზული საუბრის მაგივრად ჩვენ ვლაპარაკობთ კულიჩებსა და პასკებზე.
მაგიური შეხედულების თანახმად, სულიერი სამყარო ადამიანისგან, მისი შინაგანი მდგომარეობისგან დამოუკიდებელია. პიროვნება მისი პასიური ნაწილია, დეტალი, მექანიკური სათამაშო მიღმიერი სამყაროს უხილავ ტალღებზე. შესაძლოა, ვიქონიოთ ზემოქმედება ამ სამყაროზე ისე, რომ მივიღოთ გარკვეული სავარაუდო შედეგი. ამისათვის, განსაკუთრებულმა განდობილმა პირმა, ქურუმმა ან მაგმა ზუსტად უნდა შეასრულოს ესა თუ ის რიტუალური ქმედება და თუკი ყოველი გარემოება დეტალურად იქნება გათვალისწინებული და ამგვარად შესრულდება მოქმედება, შედეგი გარანტირებულია _ მიუხედავად ადამიანის შინაგანი მდგომარეობის, მისი რწმენის, შეხედულებების, საქმეების, ზნეობრივი მდგომარეობისა და ა.შ. მთავარია, რომ განდობილმა პირმა გაითვალისწინოს ყოველი წვრილმანი და სკურპულოზურად ზუსტად შეასრულოს განსაზღვრული სახის ქმედება; როცა მაგიზმი აღწევს ეკლესიაში, ის საფუძვლიანად ამახინჯებს ადამიანის შინაგან წყობას, ისე რომ იგი ფაქტიურად აღარცაა ქრისტიანი, თუმცა გარეგნულად შესაძლებელია ფრიად ეკლესიური ადამიანის იერი ჰქონდეს.
მაგიზმი ეკლესიაში უპირველესად ღვთისა და ადამიანის ურთიერთ-დამოკიდებულებას ამახინჯებს, აუკუღმართებს თავად სწავლებას ღმერთის შესახებ. ღმერთი წარმოჩინდება არა როგორც მოყვარული მამა, არამედ როგორც რაღაც აბსტრაქტული პრინციპი; არა როგორც მამობრივი სიყვარულის განხორციელება, არამედ როგორც საიდუმლო უფროსის მიმართ შიშით დაქვემდებარების გრძნობა. ადამიანსა და ღმერთს შორის შეუძლებელი ხდება პირადი ურთიერთობა, რაცაა საფუძველი და არსი ჩვენი რელიგიისა. მის ადგილს კი იკავებს ფორმალურ-იურიდიული დამოკიდებულებები.
ღვთისმოსაობა ზნეობრივი სფეროდან გადადის მარტოოდენ განსაზღვრული გარეგნული წესების შესრულებაში. მაგიური თვალსაზრისი ჩერდება იმაზე, რომ ღმერთს სჭირდება მხოლოდ სწორად და დროზე შესრულებული რიტუალი და ამის გარდა ადამიანი ღვთის წინაშე არაფრითაა პასუხისმგებელი და მათი ურთიერთდამოკიდებულება ამით მთლიანად ამოიწურება. რა დასკვნა შეიძლება ყოველივე ამისგან გამოვიტანოთ? ის, რომ ჩვენში ეკლესია გადაიქცა მართლმადიდებლური წესის თეთრ მაგიად. ხშირად ადამიანი ქრისტესთან თავს ვერ გრძნობს მსუბუქად და კომფორტულად, რადგანაც ის მთავარ მცნებად ითხოვს: ,,შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა” (მარკოზი 12: 30). ეს მოითხოვს დიდ ზნეობრივ ძალისხმევას, გულის მიმართებას ღვთისადმი. ბევრისათვის ეს მოუხერხებელია, ამბიონებიდანაც არცთუ ხშირად მოისმენთ ამის შესახებ. წყემსმთავართთათვის უფრო იოლია, გამოვიდნენ ქურუმების როლში, აღავლინონ ,,ლოცვა-ვედრება” მიიღონ საფასური და ამით ამოწურონ ეკლესიის ფუნქცია. ადამიანებს უფრო ეადვილებათ სანთლების ანთება, მოსახსენებლების დაწერა და ა. შ. იმ იმედით, რომ ისინი ავტომატურად მოახდენენ საჭირო მაგიურ ქმედებას – იმის მაგივრად, რომ გაერკვნენ საკუთარ ცხოვრებაში და ის სახარების თანახმად მოაწყონ. აქედანვე მოდის საეჭვო ისტორიების ორომტრიალიც და პროფანაციაც.
ნამდვილი, ეკლესიური და სახარებისეული, ქრისტიანობა ადამიანის გულში აღსრულდება. ის მოკრძალებულია, არ არის ეფექტებსა და სანახაობებზე აგებული, შორსაა თავისშექცევისგან; მოითხოვს გულისხმიერებასა და საკუთარი თავისადმი ყურადღებით თვალყურის დევნებას. ის გარკვეულწილად მშრალია და ყოველდღიური; და თუკი ადამიანი არ ცხოვრობს ამით, მაშინ მას უჩნდება ამ “სიმშრალის” გარეგნულად აყვავების სურვილი, თუნდაც რელიგიური ეფექტებით. ამის შესახებ ჯერ კიდევ X1X საუკუნეში წერდა წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი. აქედანაა _ სასწაულები, ნიშნები, წინასწარმეტყველებები სამყაროს აღსასრულზე“, “სტარცების” ძიება, იაფფასიანი აპოკალიფტიკა, ნაციონალიზმი და ა. შ. ყველაფერი ეს მთლიანად შეესაბამება პროფანაციის განსაზღვრებას, რომელთა თაობაზეც ჯერ კიდევ I საუკუნეში წერდა პავლე მოციქული: ,,ხოლო შეგინებულთა მათ და დედაბერებთა ზღაპართაგან იჯმენ, ხოლო იწუართე თავი შენი ღმრთის მსახურებასა” (1 ტიმოთე 4:7). ასე და ამგვარად, ზემოთქმულის საფუძველზე განვსაზღვროთ, რომ პროფანირებული ესაა გარეგნული, შინაგანის გარეშე, ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე, ეკლესიური ცხოვრება სულიერი და ზნეობრივი შრომის გარეშე.
რაშია ამის მთავარი საფრთხე? ყველა გარეგნულ ფორმას, მათ შორის ფოლკლორულს, სავსებით აქვს არსებობის უფლება; მხოლოდ ერთი პირობით: როდესაც მათ ქრისტიანული ფასეულობების იერარქიაში თავისი ადგილი უკავიათ. როდესაც ეს იერარქია ირღვევა, მაშინ აღსრულდება ის, რაზეც ამბობს უფალი: მარილი ეკლესიისა განქარდება (შდრ. მათე 5:13).
ჩემს სამოძღვრო პრაქტიკაში არაერთხელ შევხვედრივარ შემდეგ მოვლენას. ცხოვრობს ადამიანი თანაბარი, მშვიდი და აწყობილი ცხოვრებით; მას სავსებით აკმაყოფილებს გუმბათები და ზარები, სანთლები, მოსახსენებლები და პარაკლისები მაგრამ მოდის რაღაც სერიოზული ცდუნება, გამოცდა, განსაცდელი თუ ხიფათი, მაგალითად ნარკომანია, ალკოჰოლიზმი ახლობლებისა, ანდა შინაგანი გაციება რწმენაში, სულიერი დაღლილობა და ა. შ. იგულისხმება, რომ ადამიანი დახმარებისთვის მიმართავს ეკლესიას და უეცრად აღმოჩნდება, რომ გუმბათები და ზარები, მოსახსენებლები და დაუჯდომელები, ბერები (,,სტარცები,,) ვერაფერს შველიან, სხვა რამ კი მას ეკლესიაში არ უსწავლია; მისთვის არ აუხსნიათ, რომ ყველაფერი ეს ეკლესიისთვის გარეგნული ,,ანტურაჟია” ქმედითი მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ის ადამიანის ქრისტესაკენ პირადი, ზნეობრივი და სულიერი სწრაფვის გამოხატულებაა, არ აუხსნეს არა ბოროტგანზრახულად, არამედ იმიტომ, რომ თანამედროვე ეკლესიურ იდეოლოგიაში გაბატონებულია სწორედაც პროფანირებული, ფსევდოეკლესიური ქრისტიანობა. როგორც ყოველგვარი ტყუილი, ასეთი ქრისტიანობაც რეალობასთან შეჯახებისას ფიასკოს განიცდის – ადამიანებს ეკლესიის მიმართ იმედგაცრუება ეუფლებათ, შორდებიან მას, რასაც ვხედავთ არა მხოლოდ ბევრი ქრისტიანის პირად ცხოვრებაში, არამედ ისტორიულ მასშტაბითაც.
რაშია გამოსავალი? რა ვაკეთოთ? ამაზე საპასუხოდ დაგვეხმარება კიდევ ერთი ციტატა ერთ-ერთი ეკლესიური ადამიანის ნააზრევიდან “ადამიანის საგანმამათლებლო და ინტელექტუალური დონე არაფერია ღვთის შემეცნებისას”.
აი, ამას კი ვერაფრით დავეთანხმები, რასაც ობსკურანტიზმი ეწოდება, ანუ განათლების, კულტურისა და მეცნიერების უგულებელყოფა. სამწუხაროდ, ასეთი ზნეობრივი სიმახინჯე ეკლესიურ ცხოვრებაში ფართოდაა გავრცელებული. ერთმა სახელგანთქმულმა სასულიერო პირმა, რადიოთი გამოსვლისას განაცხადა: მე მოხარული ვარ, რომ ვარ გაუნათლებელი; წმიდა მამები – სხვა რაღაა საჭირო ქრისტიანისთვის?
სწორედაც წმიდა მამები იყვნენ თავისი დროის უგანათლებულესი ადამიანები, სიწმიდესთან და სულიერებასთან ერთად გამორჩეულნი თავიანთი მაღალი ინტელექტუალური დონით. ეკლესიაში შეიქმნა უდიდესი კულტურა, ფილოსოფია და მეცნიერება.
ობსკურანტიზმს არაფრის შექმნა არ შეუძლია, ის მარგინალური ბუნებისაა და მას მხოლოდ ძალუძს დააკონსერვოს ყველაფერი და საბოლოო ჯამში ეკლესიის ჭეშმარიტი სიწმინდე პროფანაციის დონეზე დაიყვანოს. აქ ძევს პასუხი შეკითხვაზე _ “რა ვაკეთოთ?” მივიღოთ განათლება, შევითვისოთ ცოდნა და კულტურა, გავიაზროთ თანამედროვეობა სახარებისეული და ეკლესიური თვალსაზრისით და შევწყვიტოთ სამყაროს პროფანირებული, შეზღუდული ხედვა.
რუსულიდან თარგმნა მღვდელმა ზაზა თევზაძე
გამოქვეყნდა კრებულში „რელიგიური საკითხების შემსწავლელი ცენტრი“. თბ., 2005, გვ. 33-45.

ორიგინალი: Петр (Мещеринов), игум. О повседневном миссионерстве, http://kiev-orthodox.org/site/churchlife/902/

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s