ჩისტიაკოვი, გ. – ნეტარ არს, რომელმან… შეახეთქნეს კლდესა [რელიგიური აგრესიის შესახებ]

ავტორი: მღვდელი გიორგი ჩისტიაკოვი
,,თუ საბჭოთა ხელისუფლების მიერ შეწყნარებულ და აღიარებულ ეკლესიაში ამ ხელისუფლების მიერ აღზრდილი ახალი კადრები მოვლენ … თავიდან ისინი ხარბად დაეწაფებიან და შეისწავლიან სხვადასხვა თვალსაზრისს, გაიაზრებენ პრობლემებს, დაესწრებიან ღვთისმსახურებებს და ა.შ. რაღაც მომენტში კი, როდესაც თავს ნამდვილ ეკლესიურ ადამიანებად იგრძნობენ, ანტინომიური აზროვნებისათვის სრულიად მოუმზადებლები, იტყვიან: მოცემული საკითხის შესახებ რამდენიმე შეხედულება არსებობს, რომელია მათგან ჭეშმარიტი? რადგან ერთდროულად რამდენიმე აზრი ჭეშმარიტი ვერ იქნება და თუ რომელიღაც მათგანი ჭეშმარიტია, მაშინ დანარჩენები უნდა ამოიძირკვოს, როგორც ცრუ აზრები. თავიდან ისინი შეეკითხებიან ეკლესიას, რადგან მიაწერენ მას მათთვის ჩვეულ უცდომელობას, მაგრამ მალე თვითონ დაიწყებენ საუბარს ეკლესიის სახელით, რადგან უკვე თვითონ არიან ეკლესიის უცდომელობის განსახიერება. თუ ისინი გულისგამაწვრილებელი და განუსაზღვრელი მარქსისტული მსოფლმხედველობის სფეროში ერესომანიის ვნებით იყვნენ შეპყრობილი და მოწინააღმდეგეებს ანადგურებდნენ, მართლმადიდებლური სწავლების სფეროში უფრო გაძლიერებულად დაიწყებენ ერესების ამოძირკვას და უფრო მეტად გახდებიან ორთოდოქსულობის დამცველები. ანუ, ხუმრობით რომ ვთქვათ, პირჯვრის არასწორად გამოსახვისათვის დაგვაჯარიმებენ, ცოდვების აღსარებაზე უარის თქმისათვის სოლოვკების ბანაკებში გადაგვასახლებენ, ხოლო თავისუფალი აზრისათვის კი სიკვდილს მოგვისჯიან. აქ ვერავითარი ილუზია ვერ გვექნება. რუსეთში სახელმწიფოს მიერ ეკლესიის აღიარებისა და მისი შინაგანი წარმატების ზრდის შემთხვევაში მას არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ეყოლება სხვა კადრები, გარდა უკრიტიკო, ავტორიტეტის დოგმატური გაგების სულისკვეთებით აღზრდილი ადამიანებისა. ეს კი ნიშნავს, რომ თავისუფლება მრავალი წლის განმავლობაში ჩაკვდება და იქნება ახალი სოლოვკები, ციხეები და ტყვეთა ბანაკები მათთვის, რომლებიც ეკლესიაში თავისუფალი აზრის მომხრე არიან. ეს კი ნიშნავს, რომ იქნება ახალი დევნა და იქნებიან ახალი მოწამეები და აღმსარებლები.
ასეთი პერსპექტივა შეიძლებოდა სრული სასოწარკვეთილების მიზეზი გამხდარიყო, თუ მის პარალელურად არ გვწამს, რომ ნამდვილი, ქრისტესმიერი ჭეშმარიტება ყოველთვის თავისუფლებასთანაა კავშირში, რომ საშინელ სამსჯავრომდე თავისუფლება ბოლომდე არ გაქრება ეკლესიაში და რომ ამქვეყნად ჩვენს ყოფნას ამ არნახულ თავისუფლებაში, პროვიდენციალური ხასიათი აქვს და გვამზადებს განსაცდელში მედგრად დგომისა და ღვაწლისათვის”…
მონაზონი მარიამი. ეკლესიის აწმყო და მომავალი. მოხსენება წაკითხულია პარიზში 1936 წელს
გატეხილი ტელევიზორი
ცოტა ხნის წინ ასეთი შემთხვევა მიამბეს. ერთი ხანშიშესული, ავადმყოფი და ცხოვრებისაგან ძალიან გადაღლილი ქალის სახლში, რომელსაც ერთადერთი, ფსიქიკურად ძალიან მგრძნობიარე 15 წლის ვაჟი ჰყავდა, სტუმარი მივიდა. ეს იყო მოსკოვის ერთ-ერთი ტაძრის სტიქაროსანი თუ მედავითნე, აგრეთვე რომელიღაც მონასტრის თითქმის მორჩილი, არა უმეტეს 22 წლისა. მივიდა, დაინახა ტელევიზორი (ის სწორედ ჩემ მიერ აღწერილ ამბამდე რამდენიმე დღით ადრე თავისი ნაგროვები პენსიით იყიდა დიასახლისმა) და განაცხადა: ,,ეს ტელევიზორი სასწრაფოდ უნდა მოაშოროთ აქედან. სწორედ იმიტომაც ავადმყოფობთ, რომ ეს სატანური მოწყობილობა გიდგათ სახლშიო”. თქვეს და გააკეთეს. სტუმარმა და დიასახლისის ვაჟმა ხელი სტაცეს ტელევიზორს, ქუჩაში გაიტანეს საეკლესიო გალობის მიმსგავსებული სიმღერის თანხლებით და რკინის ჯოხებით დაამტვრიეს სწორედ ისე, როგორც ფსალმუნშია ,,ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა!” (ფს. 136:9). ავადმყოფი, ღარიბი, ცხოვრებისაგან დაბეჩავებული და საშინლად ნევროზიანი მასწავლებელი კი ტელევიზორის გარეშე დარჩა. მისი ვაჟი თავზარდაცემული იღვიძებს მეორე დილით, რადგან მიხვდა, რომ წინა დღეს ქრისტიანიდან სასტიკ და უზნეო წარმართად გადაიქცა.
ამ ამბავს არ მოვყვებოდი, მასში ზუსტად რომ არ იყოს ასახული, თუ რა როლს თამაშობს ეკლესია ჩვენს ცხოვრებაში. ამას წინათ მოსკოვის ერთ-ერთი ტაძრის ეზოში წიგნებს წვავდნენ. არა აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად ვის წიგნებს და ის მიზეზი, რომ წიგნები თეოსოფიური შინაარსისა იყო, ამ ფაქტს უფრო მისაღებს არ ხდის. ადამიანების, წიგნების, ტელევიზორის და ა.შ განადგურება, ყოველთვის განადგურება იქნება. მისი დახმარებით შეუძლებელია რაიმე კარგის მიღწევა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ წიგნებში დადებითი არაფერი წერია და ტელევიზორში კი წესიერს არაფერს აჩვენებენ. განადგურებას არა მხოლოდ აგრესია ახლავს თან, არამედ მასში ზეობს აგრესია, ხოლო იქ კი, სადაც აგრესიაა, არ არის და ვერც იქნება ადგილი ქრისტიანობისათვის. იესო გვაძლევს მშვიდობას, ამიტომ ქრისტიანს არ შეუძლია არ იყოს მშვიდობისმყოფელი, ჩვენი სარწმუნოება გვთავაზობს ყველაზე რთული საკითხებისა და პრობლემების მშვიდობიანი და არაძალადობრივი გადაწყვეტის გზას, ისეთ შემთხვევებშიც კი, როდესაც თითქოს მშვიდობიანი გზის მოძებნა შეუძლებელია.
415 წელს ალექსანდრიაში ბრბომ ხომ ნაწილ-ნაწილ დაგლიჯა იპათია, ქალი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და პედაგოგი, ანტიკური მეცნიერებისა და კულტურის უკანასკნელი წარმომადგენელი? კონსტანტინოპოლში კი ასეთივე ბრბო სიცილით, ყიჟინითა და ლიტურგიკული ჰიმნების გალობით წვავდა ანტიკური ავტორების გრაგნილებსა და კოდექსებს? იქნებ სწორედ ასე მოქცევაა საჭირო? არ გასულა ამის შემდეგ ხუთი ასწლეულიც კი და იმავე კონსტანტინოპოლში ფოტიმ, თუმცა ის არ იყო ბრბოს უსაქმური წარმომადგენელი, არამედ პატრიარქი და წმინდანი, შექმნა თავისი მირიობიბლიონი (ათასწიგნეული), ხოლო სწავლულმა ბერებმა კი სწორედ იმავე ალექსანდრიიდან, სადაც ფსევდოქრისტიანების გამხეცებულმა ბრბომ იპათია მოკლა, დაიწყეს ელინური კულტურისა და ალექსანდრიის ბიბლიოთეკის შესწავლა.
20 წლის წინათ, როდესაც ვმუშაობდი დისერტაციაზე პავსანიუსისა და მისი ,,ელადის აღწერილობის” შესახებ, ყურადღება მივაქციე, რომ ნაშრომის ერთ-ერთი ყველაზე სანდო ხელნაწერი კუნძულ კრეტაზე იყო გადაწერილი ვინმე მღვდელ იოანეს მიერ, რომელიღაც ჩვენამდე მოუღწეველი ორიგინალიდან. პავსანიუსის ნაშრომი თანამედროვე გამოცემით ორ სქელტანიან ტომს შეადგენს და ასეთი მოცულობის ტექსტის ხელით გადაწერას დროც სჭირდებოდა და უზარმაზარი შინაგანი მოთხოვნილებაც. რადგან მამა იოანემ ასეთი სამუშაო შეასრულა, ესე იგი, არ ფიქრობდა, რომ წიგნი, რომელიც წარმართული ცივილიზაციის შესახებ მოგვითხრობს, მხოლოდ და მხოლოდ დაწვას იმსახურებდა.
სხვისი ტელევიზორი მხოლოდ ერთმა ბიჭმა დაამტვრია, ხოლო ათასობით ახალგაზრდა კი დღეს მის შეხედულებებს იზიარებს: მათ იპათიას მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღიათ, მაგრამ უფრო ამართლებენ მის მკვლელებს, ვიდრე უარყოფენ მათ გზას. ისინი არ დადიან კონსერვატორიაში, არ უსმენენ ბახს, რადგან ის პროტესტანტი იყო, არ კითხულობენ ლევ ტოლსტოის, რადგან სინოდმა ის ანათემას გადასცა, ჩეხოვი კი უღმერთო იყო, არ კითხულობენ არც ლექსებს, არც პროზას, არამედ მხოლოდ სირიელი მამების ასკეტურ ნაშრომებსა და ოპტინის უდაბნოს გამოცემებს. აბბა დოროთეს ნაშრომებში ცუდი არაფერია, მაგრამ მათი კითხვისას ასკეტური ნაწერების სიყვარულთან ერთად რაღაცნაირად ითვისებენ კულტურის მიმართ სიძულვილს, რადგან კულტურა, როგორც მათ ეჩვენებათ, მართლმადიდებლობის ჩარჩოებში არ ჯდება. რატომ? მონაზონმა მარიამმა, რომელიც 1945 წლის 31 მარტს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკ რავენსბრიუკში მოწამეობრივად აღესრულა, ძირითადად უკვე გასცა პასუხი ამ შეკითხვას. ჩვენ თავისუფლების არარსებობის პირობებში გაზრდილები, გარდავიქმენით: თავისუფლების უქონლობა ჩვენი არსებობის ჩვეული გარემო გახდა და ამიტომ თავიუსფლების პირობებშიც კი ხელოვნურად ვქმნით გარემოს, რომელშიც არ არის თავისუფლება.
მტრების ძიება
ალექსანდრიაში 415 წელს არსებული სიტუაცია ძალიან ჰგავს დღევანდელობას. აკრძალული და დევნილი, ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლების მიერ არარეკომენდებული ქრისტიანობა უცბად გადაიქცა უმრავლესობის რელიგიად, რომელსაც ხელისუფლება ელოლიავება. გუშინდელი წარმართები სხვადასხვა მიზეზით ქრისტიანები ხდებიან (ზოგიერთი გაუცნობიერებელი კონფორმიზმის, ზოგი კი კარიერისტული მოსაზრებების გამო რაღაც შინაგანი იმპულსების გამოისობით), მაგრამ, მართალია, მათ გარეგნულად მიიღეს ქრისტიანობა, უპირველესად, როგორც ქცევის სტილი და გარკვეული წესებისა და კანონების კომპლექტი, თუმცა ჯერ არ ძალუძთ ღმერთს გული გაუხსნან და მისკენ იარონ. მათ მიიღეს ქრისტიანობა არა როგორც რწმენა, არამედ სწორედ როგორც იდეოლოგია, რაღაც ახალი მსოფლმხედველობა, ცხოვრების ახალი სტილი და მორალი. ქრისტიანობის ,,პროპაგანდისათვის” ისინი მექანიკურად იმავე ,,მეთოდებს” იყენებენ, რომლებსაც ჯერ კიდევ გუშინ ხელისუფლება ეკლესიასთან საბრძოლველად იყენებდა. ამ მეთოდებს იმიტომ კი არ იყენებენ, რომ ეკლესიისათვის ბოროტის გაკეთება უნდათ, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ არც კი იციან სხვა მეთოდების არსებობის შესახებ.
პირველ რიგში, ისინი ქრისტიანობას ერთადერთ სწორ მსოფლმხედველობად აცხადებენ ანუ მას, როგორც იდეოლოგიას, აღიქვამენ. არა მართლმადიდებლობას, რომლის შესახებაც ჯერ არაფერი იციან, არამედ მისი მრავალი ფორმიდან მხოლოდ იმას, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ საკმაოდ ზედაპირულად აითვისეს. ჩვენს შემთხვევაში ხდება მარქსიზმისა და მეცნიერული ათეიზმის, ხოლო გვიანდელ ანტიკურ ხანაში კი – რომის იმპერატორის კულტის მექანიკური ჩანაცვლება მართლმადიდებლობით.
მეორე, ისინი ყველას, ვინც მათ თუნდაც რაღაც წვრილმანებში არ ეთანხმება, მაშინვე ერეტიკოსად შერაცხავენ. ამასთან, როგორც ადრე ვწერდი, წეს-ჩვეულებებსა და ადგილობრივ ტრადიციას იღებენ როგორც დოგმატებს დ ამიტომ ყველაფერს, რაც ამ ტრადიციის ჩარჩოებში არ თავსდება, არამართლმადიდებლობად აცხადებენ. ერეტიკოსების რიცხვში თითქმის მექანიკურად ხვდებიან პატრიარქებიც კი კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, ბულგარეთისა და სხვა, რადგან ისინი ახალი კალენდრით სარგებლობენ.
ამგვარად, მართლმადიდებლობა იესოს ჩვენს შორის მადლისმიერი მყოფობის რწმენიდან გადაიქცევა შეხედულებების ხისტ სისტემად. ამიტომ დღეს ჩვენი ამოცანა უპირველესად იმაში მდგომარეობს, რომ მართლმადიდებლობა ჩვენთვის იდეოლოგია კი არ იყოს, არამედ გულით აღქმული სიმართლე გახდეს. ეს იქნება ნამდვილი მართლმადიდებლობა გაბოროტების, სიძულვილისა და ძალადობის გარეშე, რომელიც არ ეცდება თავისი შეხედულებების სხვებისათვის თავს მოხვევას, არ დაიწყებს მტრების ძიებას, ტოტალიტარიზმის ეპოქაში ჩამოყალიბებული ნებისმიერი იდეოლოგიის მსგავსად.
მტრების ძებნა, მხილება და გაუვნებელყოფა დამახასიათებელია ისეთი საზოგადოებისათვის, რომელშიც გამეფებულია ან არცთუ დიდი ხნის წინ იყო გამეფებული ტოტალიტარული რეჟიმი. ამგვარი მტერი შეიძლება გახდეს ნებისმიერი, ვინც რაიმეთი მაინც განსხვავდება სხვებისაგან: სხვა ეროვნების ან სარწმუნოების ადამიანი, წითური, ,,სათვალეებიანი”, მორწმუნე ან პირიქით, ურწმუნო, ვინც იღიმება ან პირიქით, რატომღაც გაღიმება არ უნდა და ა.შ. მტრის ძიება, მასთან ბრძოლა ყოველთვის ერთ მუშტად კრავს, აერთიანებს ბრბოს, აერთიანებს მას ყველასათვის და თითოეულისათვის გასაგებ საფუძველზე: ,,დასცხეთ მაგას!”
როცა ტოტალიტარული ხელისუფლება მიდის და საზოგადოება თითქოსდა თავისუფლდება ათასგვარი ტიპის იდეოლოგიური უწყებების მეურვეობისაგან, ტოტალიტარულ რეჟიმში აღზრდილი ხალხის ქცევაში ეს რეფლექსი (,,დასცხეთ მაგას!”) რჩება. ისინი იწყებენ მტრების ძიებას უკვე არა ზევიდან მითითებით, არამედ საკუთარი სურვილით, რისთვისაც ჯგუფებად, ნებაყოფლობით საზოგადოებებად, რაზმებად, საძმოებად და ა.შ. ერთიანდებიან. ძირითადად ტოტალიტარული რეჟიმის დროსაც საზოგადოება ყოველთვის არ ეძებდა მტრებს ჯგუფურად, ბევრ შემთხვევაში ასეთი ძებნა იწყებოდა სტიქიურად, უბრალოდ იმ მიზეზით, რომ ხალხი უკვე ორიენტირებული იყო ამგვარ ძებნაზე.
ჩვენი აზრით, ქრისტიანობაც ორიენტირებულია მტერთან ბრძოლაზე, მაგრამ მტერთან, რომელიც თვით ჩემშია ჩაბუდებული. საკუთარ სიზარმაცესთან, უმოქმედობასა და პასიურობასთან, ჩემს გაბოროტებასთან, ეგოიზმსა და გულგატეხილობასთან. ასკეტური ლიტერატურა ქრისტიანობას განმარტავს სწორედ როგორც ბრძოლას ვნებებთან. შესაძლებელია, სწორედ ამგვარი ორიენტაციის გამო იჭრება მასში ადვილად მტრების, ერეტიკოსებისა და ა.შ. ძიების იდეოლოგია.
საქმე იმაშია, რომ ვნებებთან ბრძოლის მითითება ბიბლიაში არ არის. ახალი აღთქმაში წმინდა მოციქულები მოგვიწოდებენ არ ვებრძოლოთ მრისხანებას, გააფთრებას, გაბოროტებას და ა.შ. (იხ. კოლ. 3:8), არამედ ,,განვიშოროთ” (apotithemi) ანუ განვიძარცვოთ ისე, როგორც იხდიან ძველ ტანსაცმელს ანუ ,,თავიდან მოვიშოროთ“ (apekduomai) ყველა ეს მანკიერება. სწორედ ეს ორი სიტყვაა წმ. წერილში ძალიან ხშირად გამოყენებული, როდესაც საუბარია ვნებებსა და მანკიერებებზე, მაგრამ ვნებებთან ბრძოლის შესახებ მასში არაფერია ნათქვამი. უნდა ვიფიქროთ, რომ ქრისტიანულ ლიტერატურაში ყველაფერი, რაც შეეხება ჩვენში ჩაბუდებულ და გაბატონებულ ვნებებთან ბრძოლას, სტოიკური ლიტერატურიდან და უფრო გვიანდელი ხანის ანტიკური ფილოსოფიიდან მოხვდა.
წმ. მამები ქრისტიანის გზას ხედავენ არა ვნებებთან ბრძოლაში, არამედ სწორედ როგორც ძველი, დაპატარავებული ტანსაცმლის მოცილებაში. ქრისტიანიც ისევე უნდა გაიზარდოს თავის ცოდვებზე, სიზარმაცეზე, გაბოროტებაზე, ეგოიზმსა და ბოღმაზე, როგორც ბავშვი, რომელიც იზრდება და ტანსაცმელი უპატარავდება. ასეთი გაგება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან თუ მიგვაჩნია, რომ ბოროტება ტანსაცმლის მსგავსია, რომელიც შეიძლება გავიხადოთ, ე. ი. გვესმის, რომ ის რაღაც გარეგანია და არაორგანულია ჩვენი ,,მეს” სიღრმეებისათვის. ის არ ეხება პიროვნების სიღრმეებს, ისევე როგორც არ ეხება ჩვენს გულს ტანსაცმელი, რომელიც ალაქავებს არა სულს, არამედ კანს. ჭუჭყიანი კაბა აუცილებლად უნდა გავიხადოთ, ხოლო შინაგანი ორგანოების ავადმყოფობას უნდა ვებრძოლოთ, მის არსში ჩავწვდეთ, ჩავუფიქრდეთ, შევისწავლოთ, გავაანალიზოთ მისი განსაკუთრებულობები და მიმდინარეობა და ა.შ.
მოციქულები გვირჩევენ, რომ ცოდვა მოვიშოროთ, როგორც ტანსაცმელი ისე, რომ არ ჩავუღრმავდეთ მას და არ გავაანალიზოთ, უბრალოდ უარვყოთ ის და მორჩა. თვით იესოც ამასვე ამბობს: ,,უკუეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცდუნებდეს შენ, აღმოიღე და განაგდე იგი” (მათე 6: 29). რა თქმა უნდა, მთაზე ქადაგებაში საუბარია არა სხეულის ნაწილების დაზიანებაზე, არამედ სწორედ იმაზე, რომ კი არ უნდა შევაყოვნოთ და განვიხილოთ ჩვენს გონებაში მოსული ცუდი აზრები, არამედ სასწრაფოდ განვაგდოთ ისინი. კი არ ვებრძოლოთ მათ, არამედ მომენტალურად, მკვეთრად და შეუქცევადად მოვიშოროთ.
თუ ჩვენ დავიწყებთ ცოდვის დაწვრილებით განხილვასა და გაანალიზებას, მაშინ გარდაუვლად ჩაგვითრევს და დაგვიპყრობს თვით ბრძოლის პროცესი. ჩვენ გადავიქცევით მებრძოლებად და ჩვენი ქრისტიანობაც უბრალოდ აქ დასრულდება. ცნობიერების სიღრმეებიდან ბრძოლას გადავიტანთ გარე სამყაროში და დავიწყებთ ბრძოლას ყველასთან, ვინც მოგვეჩვენება, რომ ისე არ ფიქრობს და არ მოქმედებს, როგორც საჭიროა.
უკულტურობის ზეიმი
როდესაც ქრისტიანები იპათიას კლავდნენ ან კონსტანტინოპოლში წიგნებს წვავდნენ, ეს იყო არა ეკლესიის ბრძოლა წარმართობის წინააღმდეგ, არამედ მხოლოდ და მხოლოდ უკულტურობის გამარჯვება კულტურაზე. ბრბოსათვის ქრისტიანობა მხოლოდ საბაბი და გარეგნული მიზეზი იყო. მისი სიძულვილი მიმართული იყო მხოლოდ კულტურის, კულტურულობისა და მეცნიერების წინააღმდეგ, გარეგნულად შემოსილი იყო ქრისტიანული ღვთისმოსაობის შესამოსელით, მაგრამ ამით ის ქრისტიანული არ გამხდარა.
იმ მომენტში, როდესაც ცოდვის განგდება, ძველი ტანსაცმლის მსგავსად თავიდან მოშორება, იცვლება ცოდვასთან ბრძოლით, თავიდან ყველაფერი შესანიშნავად, სწრაფად და ეფექტურად გამოგვდის: ასკეტური მოღვაწეობის მეშვეობით ვიწყებთ საკუთარი თავის გარდაქმნას და დროის საკმაოდ მცირე პერიოდში ძალიან ბევრს ვაღწევთ. შემდეგ ვიღლებით და აქ შეუმჩნევლად ხდება ჩანაცვლება – უკვე ვიწყებთ ბრძოლას არა იმ მტრის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენშია, არამედ იმასთან, რომელიც გარეთაა. აი, რატომ არ აკურთხეს ბრძოლის გზა მოციქულებმა, ის ქრისტიანისათვის ჩიხია. სწორედ ამ ჩიხში მოექცა ალექსანდრიის ბრბო. ის ბაძავდა დიდ თებაიდელ ასკეტებს და ბრძოლის გზით წავიდა, მაგრამ მტრების ძიებაში მალევე ასცდა გზას. მდიდრებთან ბრძოლა ყოველთვის ცოტათი სახიფათოა, რადგან მათ ხელში ძალაუფლებაა და ამასთან ბრბოს სიმდიდრის მიმართ, ჩვეულებრივ, პატივისცემის თითქმის ბიოლოგიური გრძნობა აქვს, რადგან მდიდარი ხალხისაგან ყოველთვის არის რაღაც გამორჩენის მიღების იმედი. აი, მეცნიერები კი, სულ სხვა საქმეა. ბრბოს ისინი ყოველთვის სძულდა. II საუკუნის ელინისტური ალექსანდრიის წარმართული ბრბო მეცნიერების მიმართ არა ნაკლებ მტრულად იყო განწყობილი, ვიდრე ის ვითომდა ქრისტიანი ბრბო, რომელმაც იპათია დაგლიჯა. მისი სიკვდილი უკულტურობის ზეიმი იყო. უკულტურობის ასეთივე ზეიმი იყო კოცონი, რომელზეც სულიერი შინაარსის წიგნებს წვავდნენ და რომლებიც XX საუკუნის 20-იან წლებში მთელი რუსეთის მასშტაბით, დახურული სემინარიებისა და სასულიერო სასწავლებლების ეზოებში გიზგიზებდა. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება და დამახსოვრება, რომ ამ აუტოდაფეების ორგანიზატორები შეპყრობილნი იყვნენ არა იმდენად რელიგიასთან ბრძოლის იდეით, არამედ ამით გამოხატავდნენ თავიანთ სიძულვილს კულტურისადმი, განათლებისადმი და განათლებული ადამიანებისადმი. მტკივნეულია, როდესაც ასეთი სიძულვილით შეპყრობილი არიან წარმართები, როგორებიც იყვნენ ბოლშევიკები 20-იან წლებში ან ევრიპიდეზე მოხითხითე, წითელლოყება ათენელი ყმაწვილკაცები (გახსოვთ გუმილოვი?) ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში. მაგრამ ათასჯერ უფრო მტკივნეულია, როდესაც ასეთივე სიძულვილით ვართ ანთებულნი ჩვენ, ქრისტიანები. ვამტვრევთ ტელევიზორს, ვწვავთ ნიკოლოზ რერიხის წიგნებს, ვგმობთ მათ, რომლებიც უკრავენ ბახს და შოპენს, ვაცხადებთ, რომ არ გვჭირდება მხატვრული ლიტერატურა და ა.შ.
* * *
მთავარია გვახსოვდეს, რომ იმ მოწამეებს, რომელთაც, როგორც წმინდანებს ჩვენ ახლა მოწიწებით თაყვანს ვცემთ, სახელმწიფო, მისი თვალსაზრისით, სრულიად კანონიერ საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით სიცოცხლეს უსწრაფებდა. რასაკვირველია, ეს სახელმწიფო წარმართული იყო და ქრისტიანებს როგორც მტრებს ებრძოდა, მაგრამ ეს ბრძოლა მაინც კანონების შესაბამისად მიმდინარეობდა. ხალხი კი ამ დროს ან უბრალოდ დუმდა, ან (და სწორედ ასე ხდებოდა უმეტეს შემთხვევაში) მოწამეების მხარეზე იყო. საერთოდ ხალხი ყოველთვის იმის მხარეზეა, ვისაც სახელმწიფო დევნის და ციხეში სვამს (გამონაკლისია საბჭოთა კავშირი, სადაც ხალხი ყოველთვის იმათ წინააღმდეგ იყო, რომლებიც ციხეში ისხდნენ და ოპოზიციაში უდგებოდნენ სახელმწიფოს, როდესაც ის ამნისტიას გამოაცხადებდა).
მაგრამ იპათია სწორედ ხალხმა დაგლიჯა! არა ქრისტიანულმა სახელმწიფომ, არამედ ხალხმა, რომელიც თავის თავს ეკლესიად მიიჩნევდა. აქ ჩვენ კვლავ ვეჯახებით ფენომენს, რომლის შესახებაც მონაზონი მარიამი საუბრობდა: გუშინდელი წარმართი, რომელიც საკუთარ თავს, მეგობრებსა და თანამოაზრეებს ეკლესიად თვლის, არა ეკლესიის ნაწილად, არამედ მთლიანად ეკლესიად, გადაწყვეტს იმოქმედოს და იყენებს იმ მეთოდებს, პრინციპებსა და საშუალებებს, რომლებიც სახელმწიფო ხელისუფლებისთვისაა დამახასიათებელი. ეს, ალბათ, იმიტომ ხდება, რომ ადამიანს, რომელიც გაზრდილია ისეთ პირობებში, როგორშიც სახელმწიფო იყო გაღმერთებული (გაღმერთებული იყო სწორედ სსრკ და რომის იმპერია!), უჩნდება ეკლესიისადმი ისეთივე დამოკიდებულება, როგორიც სახელმწიფოს მიმართ ჰქონდა.
* * *
საშინელი სიტყვებია ,,ნეტარ არს, რომელმან…” ისინი შემთხვევით არ გამოგვიტანია სტატიის სათაურად. აი, უკვე ორი ათასი წელია, რაც საეკლესიო მწერლები ცდილობენ ხალხს მათი მნიშვნელობა აუხსნან და, როგორც წესი, აღნიშნავენ, რომ აქ საუბარია არა ბაბილონის ჩვილებზე, რომელთა ციცქნა თავებსაც წყევლის 136-ე ფსალმუნი, არამედ ბოროტ აზრებზე, რომლებიც ჩანასახშივე უნდა მოვსპოთ და არ დაველოდოთ, სანამ გაძლიერდებიან. ვფიქრობთ, რომ ეს კეთილსათნო განმარტება, სავარაუდოდ შთაგონებული პრინციპით ,,Opprime, dum nova sunt” (,,მოგუდე ისინი, სანამ გაძლიერდებიან” ოვიდისიუსის ცნობილი ლექსიდან, რომელშიც მართლაც აზრებზეა საუბარი), მთლად ზუსტი არ არის. აქ მართლაც ბავშვებზეა საუბარი და ბიბლიური წიგნი ,,ესთერიც” მოგვითხრობს რეალურ ხოცვა-ჟლეტაზე, რომელიც მორდექაიმ მოაწყო, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა. ჯერ კიდევ გუშინ დევნილი, რომელსაც თანავუგრძნობდით, დღეს მოულოდნელად თვითონ ხდება მდევნელი – ეს გაფრთხილებაა ყველა ჩვენგანისათვის. ასე არ უნდა იყოს, თუმცა ასე მოხდა მორდექაის შემთხვევაში. ნუმც იქნება ასე. ამაზე ოცნებობდა 136-ე ფსალმუნის ავტორი. ღმერთი სწორედ ამას გვეუბნება ამ ტექსტებით და ჩვენც ყური უნდა მივუგდოთ უფლის გაფრთხილებას.
რუსულიდან თარგმნა ნანა ბაღათურიამ
გამოქვეყნდა ჟურნალში „არჩევანი“ #7-8, 2006.
http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00—off-0period–00-1—-0-10-0—0—0direct-10—4——-0-1l–11-ka-50—20-about—00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL2.6&d=HASHd7cdfd7330886fdc26b631.12
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s