შმემანი – ავტორიტეტი და თავისუფლება ეკლესიაში

ავტორი: დეკანოზი ალექსანდრე შმემანი
დეკანოზ ალექსანდრე შმემანს ამ მოხსენების წაკითხვა 1965 წელს რუსეთის პატრიარქის ალექსი (სიმანსკი) მიერ ორი მოსკოველი მღვდლის – ნიკოლაი ეშლიმანისა და გლებ იაკუნინისთვის მდვდელმოქმედების უფლების შეჩერებამ გადააწყვეტინა. რუსეთის ეკლესიის მეთაურმა ეს იმის პასუხად მოიმოქმედა, რომ ამ ორმა მღვდეღმა ღია წერილით მიმართა პირადად მას და იმჟამინდელი კომუნისტური ხელისუფლების პირველ პირებს. ეს ფაქტი ნამდვილ სკანდალად იქცა. წერილში მხილებუღი იყო მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული მანკიერებები და ის ვითარება, რომელშიც კომუნისტური რეჟიმის პირობებში აღმოჩნდა ეკლესია.
წერილს ფართო საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა. ორ ,,თავზეხელაღებულ“ მღვდელს მხარი დაუჭირა ისეთმა საეკლესიო მოღვაწეებმა, როგორებიც იყვნენ სუროჟელი მიტროპოლიტი ანტონი, სან-ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსი იოანე შახოვსკოი, ტაშკენტის მთავარეპისკოპოსი გერმოგენ გოლუბევი, ვოლგოგრადის ეპისკოპოსი მიხაილ მიდიუგინი, დეკანოზი ალექსანდრე მენი და სხვ.
ალექსანდრე შმემანი გამოცდილი საეკლესიო მოღვაწე იყო და მას კარგად მოეხსენებოდა, რომ პატრიარქი იძულებული გახდა ასე მოქცეუღიყო, რათა ეკლესიითვის კიდევ უფრო მძიმე დარტყმა აერიდებინა თავიდან, მაგრამ იგი სხვა რამესაც ხვდებოდა, კერძოდ, იმას, რომ საქმე მარტო გარედან ხელისუფლების მხრიდან ეკლესიაზე ზეწოლაში არ იყო მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ იურისდიქციაში მეიძლებოდა მომხდარიყო იგივე, რადგან თავად ეკლესიაში გაბატონდა ავტორიტარიზმი, „აპარატჩიკული“ სული.
რატომ მოხდა ასე? სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს დეკანოზი ალექსანდრე. ტექსტის პირველი ქართული თარგმანი ვფიქრობთ, მკითხველისთვის ერთ-ერთი საშუალება გახდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში არსებული პრობლემების დასანახად და გასაგებადაც.
„თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს“ (გალატ. 5,1)
1.
თემა უაღრესად რთულია და ერთობ კარგად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, რომელიც ამძიმებს ყველას, ვინც მასთან მიახლებას ბედავს. ამიტომ შევეცდები ყოველგვარი რიტორიკული აქცენტირებისა და გადაჭარბებების თავიდან არიდებას. ჩვენ მეტისმეტად დაძაბულ გარემოში ვცხოვრობთ და საეკლესიო სინამდვილეში ეს საკითხი აკადემიური აბსტრაქცია კი არა, ცოცხალი ტკივილია. ყველას უნდა გვახსოვდეს იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები: „გამოსცადეთ სულნი, ღვთისაგან არიან თუ არა…“
მოკლედ შეგახსენებთ ორი მოსკოველი მღვდლის საქმეს, რადგან მეჩვენება, რომ საუბრის დასაწყებად ეს კარგ ნიადაგს მოგვიმზადებს. საპატრიარქოსთან მათი კონფლიქტი, რაც უნდა სერიოზული იყოს თავისთავად, რანაირადაც უნდა დასრულდეს და, ბოლოს და ბოლოს, როგორიც არ უნდა იყოს მისი გამართულებელი, მაგრამ ჩვენთვის უცნობი ფაქტორები, სცდება თავის კონკრეტულ და სადღეისოდ აქტუალურ შინაარსს, სცდება, რადგან მკაფიოდ, ვიტყოდი, ტრაგიკულად მკაფიოდ და მარტივად სვამს კითხვას თვით ეკლესიის არსის, თავად მართლმადიდებლობის საზრისის შესახებ. ნამდვილად არ ვცდილობ ამ დასანანი ინციდენტის შეგნებულ გაზვიადებას, რათა შემდეგ ის რაღაც სხვა მიზნით გამოიყენონ. რაც ახლა რუსეთში, იქაურ განსაკუთრებულ პირობებში ხდება, სამწუხაროდ, მართლმადიდებლური სამყაროს ნებისმიერ კუთხეში, ნებისმიერ „იურისდიქციაში“ შეიძლებოდა მომხდარიყო. მაგრამ, როგორც ჩანს, სწორედ რუსეთის ეკლესიას უწევს ხოლმე იმ კითხვებისა და გამოწვევების მიღება, მთელი მართლმადიდებლური სამყაროს წინაშე რომ წამოიჭრება.
მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოსკოველი მღვდლების საქმეში უბრალოდ „შავი“ და „თეთრი“, სიმართლე და სიცრუე კი არ ებრძვის ერთმანეთს (როგორც არ უნდა გადავანაწილოთ ისინი), არამედ უპირისპირდება ორი ლოგიკა, ორი სულისკვეთება, ორი მიზანი. მათგან ერთმა, გარეგნულად მოზეიმემ, უკვე დიდი ხანია, რაც ჩაიბუდა საეკლესიო ფსიქიკაში, მეორე კი – ჯერ ძალიან სუსტია და ერთობ იოლია მისი დაწიხლვა, ამა თუ იმ „დამაჯერებელი“ არგუმენტით დისკრედიტაცია. ამ არგუმენტებს კი ვაწყდებით ყოველთვის, როცა ეკლესიაში თავისუფალი ხმა გაისმის; ისინი მუდამ ერთნაირად ჟღერენ: „ეკლესიის სასიკეთოდ“. ყველა წინასწარმეტყველს ყოველთვის ერთსა და იმავე უმოწყალო მიზეზს უპირისპირებდნენ: „ეკლესიის კეთილდღეობის, მშვიდობის, არსებულის შენარჩუნების სახელით დადუმდით, რადგან ეკლესიის სასარგებლოდ ზოგჯერ სიმართლეც უნდა გაიწიროს..“ ვიმეორებ, ეს არგუმენტი საფუძვლიანია და მტანჯველი. აქ მყოფთათვის ქადაგება და საკუთარი მოსაზრების გამოხატვა იოლია, მაგრამ რას მოვიმოქმედებთ „იქ“. რა უფრო მნიშვნელოვანია? რაა მეტად ფასეული – ორი ეული, თუნდაც გმირი ადამიანის ხმა თუ „სიმართლე“ მათი, ვინც მოწოდებულია ზიდოს მილიონობით ადამიანის ტვირთი? ჩვენს დროში თავისუფლებისა და ავტორიტეტის პრობლემა ეკლესიაში საბოლოოდ სწორედ ამ ტრაგიკულ კონტექსტშია მოქცეული და ამ თემაზე საუბრისას ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს.
2.
ახლა თავად საკითხის არსზე გადავიდეთ, სახელდობრ კი, ვცადოთ, გავიგოთ თავისუფლებისა და ავტორიტეტის „დიალექტიკა“. ეკლესიაში მათი ურთიერთმიმართების განხილვამდე საჭიროა, ზუსტად ვიცოდეთ, რის შესახებ ვსაუბრობთ; როგორ თავისუფლებასა და ავტორიტეტზე გვიწევს მსჯელობა; რას ვგულისხმობთ მათში?
დავიწყებ მტკიცებით, რომ თავისუფლებისა და ავტორიტეტის დიალექტიკა, ისე როგორც ახლაა გააზრებული იგი, განსხვავდება მართლმადიდებლურ ჭრილში საკითხის ჩემეული ხედვისგან. ვფიქრობ, ეს დიალექტიკა დასავლურია და აქტუალიზებულია რეფორმაციისა და კონტრრეფორმაციის დროიდან, ხოლო შემდეგ, დასავლეთის, გარკვეული თვალსაზრისით, მთავარ სულიერ პრობლემადაა ქცეული. ჩვენ კი, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიგოთ, რა არის ამ პრობლემის ძირითადი ნაკლი. ამით ნამდვილად არ მსურს, მსუბუქად მაინც გავკიცხო დასავლეთი. „ანტიდასავლელი“ არ ვარ, მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ყველაზე მკვეთრად თავისუფლებისა და ავტორიტეტის პრობლემის „დასავლური“ გადაწყვეტა წარმოაჩენს არსებით სხვაობას საბოლოო რელიგიური საკითხების დასავლურ და მართლმადიდებლურ გაგებას შორის.
მეტი სიცხადისათვის მარტივად ვიტყვი: დასავლეთში ავტორიტეტისა და თავისუფლების პრობლემა, უპირველეს ყოვლისა, მათი ურთიერთშეფარდებაა. მაგალითად, კათოლიციზმი უფრო ავტორიტეტს ეყრდნობა და აქვე ისმის კითხვა: ავტორიტეტის მიმართ როგორია თავისუფლების ხარისხი? როგორია თავად ეს ავტორიტეტი? დღეს კათოლიკური ცნობიერება ამ თემით განსაკუთრებულადაა დაინტერესებული: თუკი ეკლესია უდავო ავტორიტეტია, მაშინ ის არ უნდა გამორიცხავდეს გარკვეულ თავისუფლებას… პროტესტანტიზმი კი მეტ ადგილს თავისულფებას უთმობს. შესაბამისად, აქ საუბარი უკვე ავტორიტეტის მიმართებაზეა თავისუფლებასთან.
ისინი (ერთიცა და მეორეც) მხოლოდ მახვილის დასმით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რადგან აქაც და იქაც მიდგომა, საბოლოო ჯამში, ერთი და იგივეა. კათოლიციზმისა და პროტესტანტიზმის დავა ეკლესიაში იმთავითვე თავისუფლებისა და ავტორიტეტის ურთიერთმიმართებასა და მათი განხორციელების ზუსტ მოდუსს ეხებოდა… თუმცა დასავლეთში თავისუფლებისა და ავტორიტეტის თემამ განვითარება მაშინაც ჰპოვა, როცა იგი „სეკულარიზაციის“ პროცესს დამორჩილდა, ანუ გაემიჯნა თავის რელიგიურ ობიექტებს. ამ თვალსაზრისით, „დასავლეთი“ ახლა უკვე გეოგრაფიული კი არა, „სულიერი” სივრცეა და გარკვეულწილად მთელ მსოფლიოს მოიცავს. ასე რომ, თავისუფლებისა და ავტორიტეტის „დასავლური“ პრობლემა თითოეული ჩვენგანისთვისაც აქტუალურია.
მაგრამ ვფიქრობ, საკითხის ამ კუთხით ფორმულირება მცდარია, რადგან გამოდის, რომ „თავისუფლება“ და „ავტორიტეტი“ უცილობლად ურთიერთფარდი ცნებებია, ანუ “თავისუფლება მუდამ რაიმე ავტორიტეტთან მიმართებით არის თავისუფლება, ხოლო ავტორიტეტი ყოველთვის საზღვარი და დაბრკოლებაა რაიმე თავისუფლებისათვის. ასეთი მიდგომა თავად თავისუფლების ცნებას აუფასურებს. სამწუხაროდ, ჩვენი საეკლესიო ცხოვრებისა და რელიგიური ფსიქოლოგიის ზედაპირზე სწორედ ის არის გაბატონებული. თავისუფლებისა და ავტორიტეტის ამგვარი ხედვა მართლმადიდებლობის ჭეშმარიტი სულისკვეთებისთვის მიუღებლად მიმაჩნნია.
3.
თავისუფლებაზე, როგორც ჩანს, იმდენს არასდროს საუბრობდნენ, რამდენსაც ახლა. ჯერ კიდევ მრავლად არიან, ასე ვთქვათ, „ზომიერი“ ადამიანები, რომლებიც თავისუფლებაში სწორედ რაიმე ავტორიტეტით შეზღუდულ თავისუფლებას გულისხმობენ. მაგრამ დიდი ხანია არსებობს და ჩვენს თვალწინ რაღაც პაროკსიზმსაც აღწევს თავისუფლების სხვა გაგება თუ განცდა. მხედველობაში მაქვს წარმოდგენა, რომ თავისუფლება ნებისმიერი ავტორიტეტის უარყოფას ნიშნავს. ესაა რადიკალური, აბსოლუტური თავისუფლების კულტი. ამ რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთ ამერიკულ უნივერსიტეტში სტუდენტურ მანიფესტაციას შევესწარი. ვაკვირდებოდი, ვუსმენდი ახალგაზრდებს და ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მათი ამბოხი შედარებით მეტი თავისუფლების მოთხოვნილებიდან არ გამომდინარეობდა, ხოლო შეშინებული ხელმძღვანელობა მზად იყო „ავტორიტეტის“ საზღვარი კიდევ უფრო შორს გადაეწია ისე, რომ ვერც კი ხვდებოდა ამას. მრავალ აფეთქებას შორის ეს ერთ-ერთი იყო, სადაც სწორედ „რადიკალური“ თავისუფლების – ყველანაირი ავტორიტეტის სრული უარყოფის სურვილი იკითხებოდა. მაგრამ მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ სტუდენტების მოქმედების ლოგიკა თავისუფლებისა და ავტორიტეტის იმ დიალექტიკის შედეგია, რამაც უკვე დიდი ხანია, მოწამლა ადამიანის გონება. ვიდრე არსებობს თუნდაც „მცირე“ ავტორიტეტი, თავისუფლება არასრულყოფილია… შეგახსენებთ ლუდოვიკო XVI პროცესზე სენ ჟუისტის მიერ წარმოთქმულ ცნობილ სიტყვებს: „ll faut que cet homme regne ou meure…“ „ამ კაცმა ან უნდა იმეფოს, ან უნდა მოკვდეს…“ ადამიანის ავტორიტეტი ან ღვთაებრივია და მაშინ შეუძლებელია თავისუფლება, ან ადამიანი თავისუფალია და მაშინ უნდა მოისპოს ღვთაებრივი ავტორიტეტი. ამ გზას რომ გავყვეთ, ფრიდრიჰ ნიცშესთან მიგვიყვანს – აბსოლუტური თავისუფლების კიდევ ერთ წინასწარმეტყველთან. ისიც იმავეს ამბობს, რასაც სენ ჟიუსტი, მაგრამ ამჯერად მეფის კი არა, ღმერთის წინააღმდეგ. ნიცშეს მიხედვით, მძიმე ხვედრია, ღმერთს სიკვდილი მიუსაჯო, მკვდრად გამოაცხადო იგი. გეხსომებათ მისი შემაძრწუნებელი სტრიქონები საშინელი მარტოობის, საშინელი წყვდიადის შესახებ, რომელსაც ღმერთის გარეშე დარჩენილი ადამიანი მოუცავს… გეხსომებათ, როგორ დარბის ის ჩამქრალი ლამპრით ხელში… ეს არის თავისუფლების საფასური, რადგან თუკი არსებობს უზენაესი ავტორიტეტი, არ არსებობს თავისუფლება. განა შემთხვევითია, ჩვენი დროის ე.წ. „რადიკალურ თეოლოგებს“ ნიცშეს დამოწმება რომ დასჩემდათ? „ღმერთის სიკვდილი“ მხოლოდ ფილოსოფიური პრობლემა როდია? ღმერთი იმიტომ კი არ კვდება, ადამიანებს ფილოსოფიური მოსაზრებების გამო რომ აღარ სწამთ ის; არა, ეს მოვლენა თავისუფლების იმ გაგების ლოგიკური დასასრულია, რომელიც მთელი თავისი სიღრმიდან ყველანაირი ავტორიტეტის დამხობას, შესაბამისად, ღმერთის უარყოფასა და განადგურებას მოითხოვს… თუმცა, გზას თუ კიდევ გავაგრძელებთ, დოსტოევსკის „ეშმაკნის“ პერსონაჟთან, კირილოვთან მივალთ. ხომ გახსოვთ, საკუთარ აბსოლუტურ თავისუფლებას იგი თვითმკვლელობით ამტკიცებს. ადამიანისთვის უთუოდ სიკვდილია გარდაუვალი, ობიექტური, მისგან დამოუკიდებელი და სწორედ ამიტომ, საბოლოო და საზარელი ავტორიტეტი, რომლის გადალახვით და განადგურებით იგი ღმერთს ედრება. დოსტოევსკიმ გენიალურად მიაგნო ამბოხის დიალექტიკის ბოლო წერტილს და მისი საშინელება და უაზრობა გამოააშკარავა. თავის ლოგიკურ ზღვრამდე მისული თავისუფლება შეუძლებელია იყოს „ზომიერი“ ანუ ამგვარი: რომის პაპს ოდნავ „ნაკლები“ ავტორიტეტი, მოქალაქეებს – ოდნავ „მეტი“ უფლებები; თითოეულს კი ჰქონდეს არჩევანში მონაწილეობის შესაძლებლობა და ამით დაკმაყოფილდეს. ასეთ ფარდობითობას სპობს კირილოვი (უმნიშვნელოა, „მარცხნიდან“ მოდის ის თუ „მარჯვნიდან“) და „ზომიერ“, წვრილბურჟუაზულ“, „აკურატულ“ თავისუფლებას უყვირის: „ეშმაკსაც წაუღიხარ!“ ვიდრე თავისუფლება მხოლოდ შეფარდებულია ავტორიტეტთან, ის ან შიგნიდან არყევს მას, ანდა გარედან შთაინთქმება მის მიერ. დოსტოევსკის მიგნება გენიალურია, რადგან გვიჩვენებს: რადიკალური თავისუფლება სიკვდილს უდრის. კირილოვს აბსოლუტური თავისუფლების მოპოვება სურს და თავს იკლავს. „თავისუფლება ან სიკვდილი!“ – გაიძახიან თავისუფლებისთვის მებრძოლნი, მაგრამ რა ვიღონოთ, თვითონ თავისუფლება თუ იქცევა საბოლოო ჯამში სიკვდილად? საქმე სწორედ ისაა, რომ ამ თავისუფლებით მთვრალ ადამიანს ვეღარ ხიბლავს ვერანაირი „ბელგიური კონსტიტუცია“. იგი აბსოლუტური თავისუფლების სახელით სპობს „ზომიერ“ თავისუფლებას, თუმცა, თავად რომ ვერ ხვდება ისე, ნაბიჯ-ნაბიჯ საკუთარ თავსაც ანადგურებს…
4.
ამავე დროს შეუძლებელია დაგვაეჭვოს იმან, რომ ადამიანებს აბსოლუტური თავისუფლების დაუოკებელი წყურვილი სწორედ ქრისტიანობამ გაუჩინა. თუ შეიძლება ითქვას, ქრისტიანობის მთელი „საშინელება“ ისაა, რომ მასში არაფერია „გაწონასწორებული“, მიმართული „ზომიერი” მოთხოვნილებების მქონე „საშუალო“ ადამიანისკენ. იგი ნებისმიერს ეუბნება: ღმერთი ან ეშმაკი, ზეცა ან ჯოჯოხეთი, მაგრამ არა საშუალო, ნელთბილი, ნაცრისფერი. ამიტომ საბოლოოდ, მართლაც, ქრისტიანობა აგებს პასუხს თავისუფლებისა და ავტორიტეტის იმ საშინელ პოლარიზმზე, რომელიც მუდმივად აფეთქებს ადამიანთა „მშვიდ ცხოვრებას“. დიახ, ქრისტიანობამ წაშალა „ზღვარი“, რითაც ასე ძლიერი იყო ანტიკური კოსმოსი: „ადამიანი ყველაფრის საზომია…“ ჯვარცმის, აღდგომისა და სულთმოფენობის შემდეგ ამ „საზომისგან“ მცირედიღა დარჩა. ყოველთვის ყველაფერი წყდება თავის საყრდენს, კითხვის ნიშნის ქვეშ ექცევა და „ზომიერი“ როგორღაც უკვე აღარაფერი გამოდის. ზომიერება გარკვეული დროით თუ ნარჩუნდება, მერე კი აუცილებლად ირღვევა. მაგრამ იქნებ ეს იმას უფრო ნიშნავს, რომ თვით ავტორიტეტისა და თავისუფლების დიალექტიკაა (თავს რომ გვახვევენ როგორც ერთადერთ, თუმცა მუდმივად შეუძლებელ შესაძლებლობას) მცდარი. ეგებ შესაძლებელია მართლმადიდებლობის წიაღში მისი სრულიად სხვა რაკურსით დანახვა?
დიდხანს მართლმადიდებლობისთვის ავტორიტეტისა და თავისუფლების დიალექტიკა უბრალოდ არ არსებობდა. ერთი მხრივ, იგი საკრალური ავტორიტეტისა და აბსოლუტური ძალაუფლების გამოცდილებით ცხოვრობდა, რასაც არასდროს არანაირი „კონსტიტუციური“ ელემენტი არ შემატებია. მეორე მხრივ, საზრდოობდა სულიერი თავისუფლების გამოცდილებით და აბსოლუტურ და საკრალურ ავტორიტეტთან ყოველგვარი კოლიზიის ასარიდებლად, და თითქოსდა სხვა განზომილებაში – უდაბნოში იყო გადატანილი.
უდაბნოში მოღვაწე ნეტარი თავისუფალია. ის უბრალოდ გასცდა ცხოვრების იმ სამანებს, სადაც ავტორიტეტი და თავისუფლება ხვდება ან ხელს უშლის ერთიმეორეს. აქ მისი დათრგუნვა უკვე არავის შეუძლია, რაკი „ცხოვრება მისთვის ქრისტეა, სიკვდილი კი – შენაძენი“… ამრიგად თავისუფლების მოპოვება ისტორიის მსვლელობის, ყოველგვარი დიალექტიკის მიღმა გასვლით იყო შესაძლებელი, ასე განსაჯეთ, უშუალოდ საეკლესიო ცხოვრების დიალექტიკისგან თავდახსნითაც კი. ეს იმ შინაგან, სულიერ თავისუფლებაში გადაბიჯება იყო, რომლის წართმევა აღარავის ხელეწიფებოდა.
მაგრამ მართლმადიდებლური „თეოკრატიების“ დამხობასთან ერთად მართლმადიდებლურ ცნობიერებაში ავტორიტეტისა და თავისუფლების დასავლურმა დიალექტიკამ შემოაღწია და თანდათან ჩვენი ცხოვრების განმსაზღვრელიც გახდა. ახლა უკვე ზოგიერთს კი არა, ალბათ, უმეტესობას ეჩვენება, რომ საკითხი სხვანაირად ვერ დაისმება. ჩვენს თვალწინ ეკლესიის „დემოკრატიზაციის“ მცდელობას აქვს ადგილი. თუმცა ამ ძალისხმევის შედეგად, ერთი მხრივ, ხელუხლებელი დარჩა საკრალური ძალაუფლების მთელი სტრუქტურა, მეორე მხრივ კი, იქმნება საბჭოები, კომისიები, კომიტეტები, რაც ძალაუფლების შეზღუდვას მოასწავებს. მაგრამ მთელი ეს მოძრაობა, ყველა მცდელიობა ჯერჯერობით გაურკვევლობის ნიშნითაა აღბეჭდილი. თითქოს ვერ მოვძებნეთ ენა, სააზროვნო ცნებები, ფორმულები, რათა რაღაც უმნიშვნელოვანესი და სიღრმისეული გამოგვეთქვა ეკლესიის გამოცდილებიდან, და ამის გამო ვცდილობთ გამოვხატოთ იგი ავტორიტეტისა და თავისუფლების „დასავლური“ კატეგორიებით: აქ ავტორიტეტია, აქ – თავისუფლება… აქ „ეკლესიაა ეპისკოპოსში“, აქ – მრევლის „უფლებები“… მე კი დარწმუნებული ვარ, გაურკვევლობას მხოლოდ მაშინ გავფანტავთ, როცა ამ მცდარ „დიქოტომიას“ გადავლახავთ და ბოლოს და ბოლოს ჭეშმარიტად ქრისტიანული თავისუფლებისკენ მივმართავთ ინტუიციას.
5.
მოხსენების პოზიტიურ ნაწილს ხომიაკოვის ცნობილი სიტყვებით დავიწყებ: „არც ეკლესია, არც ღმერთი, არც ქრისტე არ არის ავტორიტეტი, რადგან ჩვენთვის ავტორიტეტი გარეგანი რამაა. ვამბობ: არ არის ავტორიტეტი, არამედ ჭეშმარიტებაა…“ ანუ ეკლესია – ხომიაკოვის ხედვა სწორედ ამითაა გენიალური – ავტორიტეტისა და თავისუფლების „საწუთროული ხატის“ მსგავსი კომბინაცია როდია; იგი არ ზღუდავს თავისუფლებას ავტორიტეტით და თავისუფლებით არ აკნინებს ავტორიტეტს. მაშ, რა არის ეკლესია? პავლე მოციქული ეპისტოლეებში საკუთარ თავს „იესო ქრისტეს მონად“ იხსენიებს. მაგრამ ეს მონა დაუღლელად გვამცნობს თავისუფლების, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანისა და ძვირფასის შესახებ: „თავისუფლებისთვის გაგვათავისუფლა ქრისტემ“. თავისუფალი მონა… განთავისუფლებული ანდა მონობიდან დახსნილი კი არა, საკუთარი არსების იმდენად დამმორჩილებელი, რომ – თავისუფალი! რას ნიშნავს ეს? რა მიმართებაა ამასა და იმ თავისუფლებას შორის, „ავტორიტეტის“ უარყოფისა და მოსპობისკენ რომ ისწრაფის და თუნდაც პოტენციურად თვითმკვლელობით სრულდება?
უნდა გავიაზროთ, რომ ავტორიტეტთან შეფარდებული „წუთისოფლისეული“ თავისუფლებით ადამიანი მხოლოდ იმდენადაა თავისუფალი, რამდენადაც არ განახორციელა „არჩევანი“. ასე რომ, ამგვარი თავისუფლება მარტოდმარტო შესაძლებლობაა – ცარიელი, ჯერ არაფრით შევსებული. მაგრამ არჩევანთან ერთად ქრება თავისუფლება, რაკი არჩევის უცილობლობა მას მხოლოდ „ავტორიტეტის“ თავისუფლებად აქცევს ანუ სწორედ იმად, რაც თავისუფლებას ზღუდავს და მის საზღვრებში უბრალოდ ანადგურებს… ქრისტიანობა საპირისპიროს გვაუწყებს. პავლე მოციქულის თანახმად, იგი იმ მორჩილებისკენ მიგვიხმობს, რომელიც თავის სასრულ მდგომარეობაში სწორედ თავისუფლებაა, თავისუფლება დასასრულისა, როგორც „ფორმა“ ან „პირობა“ კი არა ცხოვრებისა, არამედ – განხორციელება, სრულქმნა, მისი შინაარსი. ქრისტიანობა, პირველ რიგში, გვეუბნება, რომ ადამიანმა დაკარგა თავისუფლება, ხოლო რაც თავისუფლებად მიაჩნია, რისი სახელითაც ავტორიტეტს ებრძვის, თავისუფლება კი არ არის, არამედ მისი არცოდნა და მონადყოფნის უკიდურესი გამოვლინებაა. „სცანთ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეთ თქვენ,“ – ამბობს ქრისტე. მაგრამ რაა ეს ცოდნა და როგორ მიიღწევა იგი?
6.
მახარებს, აქ რომ უკვე არაერთხელ ახსენეს სულიწმინდა, რაკი თავისუფლების შესახებ ქრისტიანული მოძღვრება, ისევე როგორც მოძღვრება ეკლესიაზე, სულიწმინდის ცოდნიდან უნდა იყოს ამოზრდილი. ახლა ნადმვილად ესაა, რაც განსაკუთრებით გვჭირდება, რადგან შესაძლოა, ყველაზე მეტად ის დაივიწყოს ქრისტიანულმა ცნობიერებემ, რომ ეკლესია სულთმოფენობისას იშვა, რომ ეკლესია გაცხადდა, როგორც სულიწმინდის სუნთქვა. ჰო, უთუოდ, წმინდა სულის ადგილი ზუსტად აღიწერა და განისაზღვრა მწყობრ საღვთისმეტყველო სისტემებში და მას „თავისას“ მიაგებენ, მაგრამ რეალურად საეკლესიო ცხოვრებამ, დარწმუნებული ვარ, ერთობ უცნაურად „შეავიწროვა“ სულიწმინდის ცნობიერება და გამოცდილება. „შევიწროება“ შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც სულიწმინდის შესახებ სწავლებისგან ეკლესიის შესახებ სწავლების მოწყვეტა, ანუ, საღვთისმეტყველო ენით რომ ვთქვათ, პნევმატოლოგიისა და ეკლესიოლოგიის განცალკევება. ჩვენამდე მოღწეული უძველესი მრწამსი მოკლე დებულებით მთავრდება: „და სული წმინდა ეკლესია“. ეკლესია აქ თითქოს სულიწმინდასთანაა გაიგივებული, როგორც მისი გაცხადება და მისი „სუნთქვის” წიაღში ყოფნა… მაგრამ თანდათანობით ეს ცოდნა „მადლის“ შესახებ მოძღვრებამდე იქნა დაყვანილი. თუმცა „მადლსაც“ განსაზღვრული, ზედმიწევნით „გაფორმებული“ და „აზომილი“ სფერო მიუჩინეს ეკლესიაში. სახარება სულიწმინდაზე ამბობს: „გამოზომილად არ იძლევა ღმერთი სულს“. ჩვენ კი იმითღა ვართ დაკავებული, რომ ვზომავთ და ვწონით მადლს. განა არ ვსაზღვრავთ მას „რაოდენობრივად“: ეპისკოპოსი „მეტს“ ფლობს, დიაკონი „ნაკლებს“… აქ არის მადლი, იქ არ არის… მაგრამ იქნებ დროა, კვლავ განვიცადოთ და გავაცნობიეროთ, რომ მთელი ქრისტიანობა, ერთი მხრივ, უდიდესი სევდაა სულიწმინდის გამო, მისი წყურვილია და, მეორე მხრივ, მისი გარდამოსვლით, თანაარსებობით, სუნთქვით აღძრული სიხარულის გამოცდილებაა… საღვთო წერილი სულს „ქარს“ (ruah) უწოდებს, მასზე ნათქვამია, რომ „სუნთქავს, სადაც ნებავს, და არ იცის, საიდან და საით ქრის იგი“.
ქარი! ახლახანს მივალაგეთ ოთახი, მაგიდაზე ყველა ნივთს ადგილი მივუჩინეთ. ყველაფერი ცხადია, მარტივი და განსაზღვრული… სისტემა, დისციპლინა, წესრიგი… მიიღე, დამორჩილდი და იწამე, რომ მხოლოდ ასე, სწორედ ასე უნდა იყოს და არა სხვაგვარად. მაგრამ იღება ფანჯარა, მძლავრი ნაკადით იჭრება ქარი და წესრიგი ქაოსად იქცევა, ყოველივე ახლებურად მოჩანს, ცოცხლდება, მოძრაობს… ეს სულიწმინდისა და ეკლესიის ხატია, მაგრამ ეკლესიაში ამგვარი გამოცდილება მივიწყებულია, უკეთ რომ ვთქვათ, „განზეა გადადებული“, რადგან შეუთავსებელია სხვა – ეკლესიის „კონსისტორიულ“ გამოცდილებასა და იერსახესთან, მისი გაზიარებით ხომ მართლაც ვერ ააგებ „კონსისტორიას“.
მაგრამ, სადღაც, ჩვენი რწმენისა და საეკლესიო ცნობიერების უღრმეს შრეზე, გვახსოვს და ვიცით, რომ ეკლესია დაიწყო, როცა ქრისტე დაგვპირდა მანუგეშებლის მოვლინებას; ეკლესია დაიწყო მისი მოლოდინით… და აი, დადგა ეს ჟამი, გამოჩნდა ეს ცეცხლოვანი ენები და „ყველამ სხვადასხვა ენით იწყო ლაპარაკი…“ სწორედ ესაა, რასაც სამყარო ელოდა, რისკენაც ჯერ კიდევ დაცემამდე იყო ორიენტირებული მთელი ქმნილება. როგორც იქნა, მოვიდა ეს წვიმა სულისა და ყველა დაარწყულა, რათა ხილვით გვეხილა და გათენებულიყო უფლის დღე, დიადი და საშინელი… სწორედ ეს არის ეკლესია; სწორედ ამისთვის არსებობს იგი; სწორედ ამაშია მისი სიცოცხლე. ხოლო ამ სიცოცხლის სახელი – სულიწმინდის სახელი – თავისუფლებაა.
7.
თავისუფლება – სულიწმინდის მიერ მონიჭებული… სული, ეკლესია, თავისუფლება… რა რთულია ამაზე საუბარი! სიტყვებიც კი არ გვყოფნის. ალბათ მისანიშნებლად თუ წერდა ბერდიაევი „ობიექტივაციის“ საშინელების შესახებ. ობიექტივაცია ისაა, რაც მიღმა რჩება – სამყაროსა და ცხოვრების „საგნობრიობა“, ობიექტის შეუვალობა სუბიექტისთვის. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ესაა სამყარო სადაც ყველაფერი „გარეგანია“ და ამდენად ყველაფერი – ავტორიტეტი, ანუ ის, რაც უბრალოდ მზღუდავს მე და მარტოობის დილეგში მამწყვდევს. მაგრამ საოცარია: მსოფლიო ჩვენს ირგვლივ არსებითად ამ ობიექტივაციის პათოსით“ ცხოვრობს, მას მხოლოდ „ობიექტური“ სწყურია. ამაზეა დამყარებული მეცნიერება. მაგრამ ჩვენ ხომ ამით არ ვკმაყოფილდებით და „მეცნიერული იდეოლოგიაც“ გვსურს. ცხოვრების მიმართ დამოკიდებულებით, ობიექტური ჭეშმარიტებისა და „ნორმის“ მოთხოვნილებით კონსისტორიული რჯულის მეცნიერი და ორთოდოქსი კომუნისტი ერთმანეთს ჰგავნან. მათი იდეალი მთელი ცხოვრების, მისი ყველა „განზომილების“ ერთი ყოვლისმომცველი ჭეშმარიტებისთვის დაქვემდებარებაა, რადგან ის „ობიექტურია“; მათთვის ამაშია ნამდვილი თავისუფლება. ღმერთით დაწყებული მატერიის ბოლო ატომამდე, ყველაფერი ერთი და იგივე „ობიექტური“ პრინციპით უნდა იყოს აგებული: „ორჯერ ორი ოთხია“, – ავტორიტეტის უმარტივესი და მარადიული ფორმულა. ცხადია, აქ კამათი არ ღირს და კედელსღა შეგვიძლია ახალო თავი, შესტოვოვით, რომელმაც გამოსავალს ვერ მიაგნო, ან თვითმკვლელობა სცადო, როგორც კრილოვმა, ანდა სულაც უნაყოფო აბსურდს დასჯერდე: „ორჯერ ორი ოთხია, – შენიშნავს ვიღაც დოსტოევსკისთან, – მაგრამ ორჯერ ორი ხუთია“…
დასაფიქრებელი კი სწორედ ისაა, რომ ქრისტიანობა არ შემოსულა სამყაროში, როგორც საბოლოო და, ამდენად, უზენაესი „ავტორიტეტი“. იმავე სიტყვებით თუ ვიტყვით, ქრისტიანობა ყოველგვარი „ობიექტივაციის“ საბოლოო, დამასრულებელი გადალახვა ანუ უსიციცხლო „ავტორიტეტისა“ და “თავისუფლების” მიმართ მონობის დაძლევაა. ის შემოვიდა როგორც განახლება დაკარგული ჭეშმარიტი თავისუფლებისა. საბოლოო ჯამში, ცოდვით დაცემა სწორედ თავისუფლების დაკარგვაა, რადგან ცოდვის არსი კანონის დარღვევასა და „ავტორიტეტის“ წინააღმდეგ ჯანყს კი არა, იმას გულისხმობს, რომ ღმერთი და სამყარო ადამიანმა შეიგრძნო როგორც „ავტორიტეტი“, მოახდინა მათი „ობიექტივაცია“ და დილეგში გამოიკეტა. აი, რატომ არის ქრისტე „ტანჯულთა გასათავისუფლებლად“ მოვლენილი…
ამ თავისუფლების ძღვენი, მისი პირობა, განხორციელება, საზრისი და სიხარული სულიწმინდაა. ის არის „ობიექტურის“ „სუბიექტურად“ გარდამქმნელი და უპიროვნოს პიროვნებად მომყვანი. ის ყველაფერს მადლად, საუნჯედ, სიხარულად, ცხოვრებად აქცევს… არსობრივად მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება მუდამ სულიწმინდის თეოლოგიაა – არა ღვთის შესახებ ცოდნის, არამედ ღვთის ცოდნის მოსურნე, არა „აბსოლუტური“ და „ობიექტური“ ჭეშმარიტების, ღვთაებრივი „ორჯერ ორი ოთხის“, არამედ ყველგან და ყველაფერში მასთან და მის წიაღში ერთობისა და ცხოვრების მაძიებელი. მისი დღესასწაული წმინდა სამებაა, ანუ თავად ღვთაებრივი მყოფობა, რომელშიაც „სამი“ არამარტო აბსოლუტურად და ამდენად „აბსოლუტურად ობიექტურად“ იცნობს ერთმანეთს, არამედ მათი ურთიერთშეცნობა მუდმივად სრულ ერთობაში, თანაფლობაში, თანაარსობაში გადადის. ჩვენს დაცემულ და ცოდვილ ყოფაში სულიწმინდის მოქმედების ერთადერთი „ბუნებრივი“ ანალოგი, შესაძლოა, ხელოვნება იყოს. ვ.ვ. რაზანოვი ამბობდა: საგნის სტილი ის ადგილია, სადაც მას ღმერთი კოცნის. ყველასთვისაა ცნობილი, რომ არის ნივთები, რომლებსაც არავინ კოცნის და ამიტომ „მხოლოდ ნივთებად“ რჩებიან. ფოტოგრაფია ვერასდროს შეცვლის ფერწერას, რაკი სწორედ ფერწერაშია დაძლეული „ობიექტურობა“, რითაც აღბეჭდავს სამყაროს ფოტო-აპარატის თვალი. ფერწერა სამუდამოდ გვასაჩუქრებს შემოქმედის მიერ დანახული და აღქმული აი ამ სახით, შემოდგომის ამ დღით, იმით, თუ როგორ დაეუფლა მხატვარი სამყაროს… ის, რაც ხდება აქ, რაც ხდება ყოველ ნამდვილ ხელოვნებაში, ნამდვილ სიყვარულში, ნამდვილ ურთიერთობაში არის კიდეც ობიექტივაციის დაძლევა, ანუ, ისევ ამ ბარბაროსული ენით თუ ვიტყვით, „ინტერიორიზაციის“ სასწაული… სწორედ ეს არის სულიწმინდის სასწაული, მისი მოქმედება, თავისუფლების ღვთაებრივი „რუაჰის“ ქროლვა… ჩვენს თემას რომ დავუბრუნდეთ, შეგვიძლია ვთქვათ: სულიწმინდის ქმედება ყოველგვარი ავტორიტეტისა და ამბოხებულ მონათა თავისუფლების დაძლევაა…
8.
„და სული წმინდა ეკლესია“… ეკლესია იშვა და შემოვიდა სამყაროში, როგორც სულიწმინდის ძღვენი ანუ უფლის ძეთა თავისუფლება. სულიწმინდის სიხარულით, მისი გარდამოსვლისა და მყოფობის სინათლით ბრწყინავს ადრეული ეკლესია. მაგრამ ახლაც, მირონცხების საიდუმლოს აღსრულებისას გვენიჭება იგივე „მადლი სულისა წმიდისა“, მადლი, რათა საბოლოოდ და ბოლომდე მოვიპოვოთ მეობა და თავისუფლება, გავხდეთ უფლისანი, „წმიდანნი“. მაგრამ ვამბობთ ამ სიტყვებს და ვხვდებით კიდეც, რამდენად დავშორდით მათ შინაარსს, რა საშინელ უდაბნოში გვიწევს ყოფნა. როცა ზოგიერთი საეკლესიო ჟურნალს ვკითხულობ, ამა თუ იმ დადგენილების პოლიტიკური ელფერი ან „წუთისოფლისადმი“ ეკლესიის გარეგნული მონობა იმდენად არ მაკვირვებს, რამდენადაც მანცვიფრებს ეკლესიის ის სახე, დღითი დღე რომ მისი ერთადერთი მოდუსი ხდება და რომლითაც მას ბოლომდე, თან ერთგვარი აღტაცებითაც კი წარმოაჩენენ, როგორც ავტორიტეტს. იყო დრო, როცა ეკლესია მძიმე ტვირთად ან დაცემად აღიქვამდა თავის წიღში „ფორმალობის“ (კაზიონშინა) ზეიმს, მის აუცილებლობას. ახლა კი იგი გულწრფელად „ეტრფის“ მას, „ტკბება“ მისით. ეკლესიაში ჩვენ თვალწინ გაჩნდა და გაბატონდა „ადმინისტრაციული ქედმაღლობით“ გამაძღარი ეპისკოპოსის, მღვდლის თუ ერისკაცის სახე, რომელმაც „არხეინად და უმტკივნეულოდ“ მიატოვა „უფალსა ზედა მწუხარება“ და უაღრესად კმაყოფილია რაღაც კოსმიური კონსისტორიით. ნუთუ ამად უნდა იქცეს მთელი მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრება? სამწუხაროდ, ამაში უკვე საკმაოდ წრფელი ადამიანებიც ხედავენ „ეკლესიის ხსნას“, მის „სიმართლეს“. გათვლა. დიპლომატია, „საერთაშორისო ნორმები“, „კანონიკური ურთიერთობები“ – ეს ყველაფერი ხდება გარეთ, სხვათა დასანახად, ყოველგვარ კონფერენციებსა და მიღებებზე, ყოველგვარ „როდოსებზე“, შიგნით კი – გაუცხოება, განკარგულებები, განჩინებები, დასმენები… ეკლესიაში მარტო გარედან ზეწოლის გამო კი არა, უფრო შიგნიდან გაბატონდა რომელიღაც უსახური „სამმართველოს“ ყოვლისმომცველი „რეფერენტი“. უკვე გვიყვარდება ადმინისტრაციული ფორმალობა, მოწყენილობა, რუტინა, ეს „იერარქიული შიში“, რომელიც მსჭვალავს ეკლესიას. ყველაზე საზარელი კი ისაა, რომ თითქმის ვეღარ ვგრძნობთ ამ ცბიერ და თვალთმაქც, „სიწმინდეებით“, „საზეიმო ამაღლებულობით“, „ტრადიციული მართლმადიდებლობით“ მოპირკეთებულ ცხოვრებაში, ამ ტყუილში, რატომ არის აუტანელი სიცოცხლე!
შესაძლებელია თუ არა ყოველივე ამის დაძლევა? გახსოვთ ის წუთი სულთმოფენობის მწუხრისას, როცა ორმოცდაათდღიანი პასუხის შემდეგ პირველად გაისმის „მეუფეო ზეცათაო“? თითქოს გვალვა იყო და წვიმა წამოვიდა! მთელი წელი, მთელი ცხოვრება თითქოს ამ წუთს, ამ წვიმას ველოდით. ყველაფერი ახალია, ყველაფერი ფერს იცვლის. უნდა შევძლოთ, ავაღორძინოთ ჩვენში ეკლესიის ეს გამოცდილება. სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე წერდა ხომიაკოვი: არც ღმერთი, არც ეკლესია, არც ჭეშმარიტება არ არის ავტორიტეტი“. პირველ რიგში, ჩვენში უნდა დავძლიოთ თავისუფლებისა და ავტორიტეტის ეს წუთისოფლისეული, დაცემული დიალექტიკა და დავუბრუნდეთ ღვთის შვილთა სიხარულსა და თავისუფლებას… შინაგანად, საკუთარ არსებაში გვჭირდფება გათავისუფლება. უნდა ჩამოვიცილოთ შიში, ფორმალობა, ცბიერება და ხელახლა მხოლოდ მაშინ გავიგებთ და შევიგრძნობთ, რომ ეკლესია არც ორგანიზაციაა და არც ავტორიტეტი, არამედ სულიწმინდის მიერ დარწყულებული სხეული, რომლის წიაღში ბოძებული გვაქვს საოცარი შესაძლებლობა – თავისუფლებით გვწამდეს ერთმანეთი. „შვილნო, ერიდეთ კერპებს!“ რაც უნდა შემაძრწუნებელი იყოს ამის თქმა, „კერპად“ შეიძლება თავად ეკლესია გადაიქცეს. ის კერპია, როცა მოგვიწოდებენ „ეკლესიის სასიკეთოდ“ დავარქვათ შავს თეთრი, ტყუილს – სიმართლე, ბოროტებას – სიკეთე; კერპია, როცა „კლესიის სახელით“ სულიწმინდას აკნინებენ, რადგან მხოლოდ და მხოლოდ მისთვის და მის მიერ არსებობს იგი. ეკლესია არ არის “უმაღლესი ღირებულება”. იგი არსებობს, რათა სულიწმინდა მოდიოდეს და გვათავისუფლებდეს, „ტანჯულთ სამზეოზე გვიშვებდეს. „ეკლესიის სასიკეთოდ“, გარკვეული აზრით, არასოდეს არაფერი უნდა აკეთო. სანაცვლოდ კი, საკმარისია, ვიცოდეთ, რომ თუკი ვცხოვრობთ ქრისტესთვის და ვიქცევით ქრისტეს მცნებათა მიხედვით, მაშინ ვართ ეკლესიაში და მაშინ ვართ ეკლესია… ამიტომ, ჩამოვიფერთხოთ მთელი ეს „ეკლესიოლატრია“, მისი სიდიადისკენ სწრაფვა, თვით საეკლესიო კრებებსაც რომ იმორჩილებს „პრესტიჟის“, „რანგის“, „დიდების“ მარწუხებით… რომელია პირველი ეკლესია, რომელი – მეორე? რომელია უფროსი? როგორ არ მიადგეს ეკლესიას ჩრდილი? როგორ აღვაზევოთ იგი? სამყარო შორდება ქრისტეს! ჩვენ კი, ისევ ვკამათობთ, „ვინ არის უპირატესი?“ ეკლესია ხომ სწორედ ამაოების არად ჩათვლაა. ეკლესია სულიწმინდის ძღვენია, განმათავისუფლებელია, სიტყვის „დემოკრატიული“ მნიშვნელობით კი არა, იმ თავისუფლებით, ძალას რომ გვანიჭებს, თითოეულ ადამიანში დავინახოთ ის, რასაც ხედავს მასში ღმერთი, დროის ყველა მონაკვეთში – ხსნის ჟამი, სივრცის ყოველ წერტილში – ღვთის სასუფეველი ამოვიცნოთ, რომელიც ნელ-ნელა ივრცობა.
მეტისმეტად ბევრი მზაკვარი სიტყვა ითქვა და ითქმება კიდეც მორჩილების თაობაზე. მართლაც, მორჩილება უმაღლესი ქრისტიანული სათნოებაა, მაგრამ მორჩილება ღვთის მიმართ! ეკლესია მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ უფლის მორჩილება – საბოლოო თავისუფლება – გვიძღვნას და შთაგვაგონოს, რათა მთელი გულით შევძლოთ ამოვთქვათ ის, რაც ყოველ ცისკარზე იგალობება: „ერთ ხარ შენ, უფალო!“ იგი ერთია და სამყაროში ქრისტეს გარდა არავითარი სხვა მეუფება არ არსებობს. მას არც ეკლესიაში გადაუცია ვინმესთვის თავისი ძალაუფლება, არამედ თავად „მეფობს“ სულიწმინდის – სიყვარულისა და თავისუფლების, მშვიდობისა და სიხარულის ძალით. ასე რომ, ეკლესია, როგორც „ინსტიტუტი“, არსებობს, რათა დროულად „დაიმცროს“ და გამჭვირვალე გახდეს ქრისტესთვის, სულიწმინდისთვის.
9.
ამიტომ ვიმეორებ, საქმე ის არაა, ეკლესიამ ადმინისტრაციის ისეთ ფორმას მიაგნოს, რომ ავტორიტეტის ხარისხმა იკლოს, თავისუფლებისამ კი მოიმატოს, ან პირიქით. არც ისაა განსჯის საგანი, მიესადაგება თუ არა ერთმანეთს ეკლესია და დემოკრატია. მთავარია, თვით ჩვენში აღდგეს ეკლესიის, როგორც სულიწმინდის, თავისუფლების, სიყვარულის სამეუფოს ხატი, რათა გაუქმდეს ავტორიტეტისა და თავისუფლების ეს საშინელი დიქოტომია. ნუთუ ვერ ვგრძნობთ, რომ ეკლესია შიშითაა სავსე; შიშით, რომელიც, მოციქულის თქმით, სიყვარულის გარეშეა. მორწმუნე სამყაროს უნდა წარუდგეს როგორც თავისუფალი და განუმეორებელი ადამიანი, ჭეშმარიტად და საბოლოოდ თავისუფალი, ერთადერთი, ვისაც შეუძლია თქვას: „ყველაფერი ძალმიძს იესოში“… ის კი დამფრთხალ მონას ჰგავს, რომელიც მარტო ხელისუფლების კი არა, საკუთარი ჩრდილის წინაშეც ძრწის და პანიკით მოცული ეძებს „ავტორიტეტს“.
ეკლესია ხელახლა უნდა დავინახოთ სულიწმინდაში და სულიწმინდა ეკლესიაში. ჩვენ გვჭირდება არა სქოლასტიკა მადლის გარეშე, რომელიც „აქ“ მეტადაა, „იქ“ კი – ნაკლებად, არამედ ეკლესია, როგორც „ზიარება სულისა წმინდისა“. აი, მოდის ის და ყველაფერს აახლებს; აღარც მონაა და აზნაური, აღარც მამაკაცი და დედაკაცი. ყველას ნიჭი მიეცა, ყველა დარწყულებულია. საეკლესიო იერარქია სწორედ ამ ჭეშმარიტების, ამ თავისუფლების მსახურება, ამის დაცვაა… და მაშინ, როცა ეკლესიის ამ ხატს გავითავისებთ და თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის სიმძიმისგან დასახსნელად („ჩემს ნაცვლად სხვა გადაწყვეტს“) კი არა, ქრისტეში, ღმერთში სისავსის მოსაპოვებლად გავხდებით ეკლესიის თანამოზიარენი, გავაცნობიერებთ, რომ რაც ახლა ხდება ყველგან – მოსკოვსა თუ დასავლეთში, ჩვენს სამრევლოებსა თუ „იურისდიქციებში“, მოუსვენარი ყმაწვილკაცების მორიგი კონფლიქტი კი არ არის განბრძნობილ „ავტორიტეტებთან“, არამედ სულიწმინდისადმი ისევ იმ წყურვილის გამოვლენაა, ურომლისოდ უფრო და უფრო ცივი და რთული ხდება ცხოვრება… იქნებ, ეკლესიაში ბოლოს და ბოლოს სულთმოფენობის მოლოდინი, სულიწმინდის მიმართ წყურვილი მძაფრდება… ამ წყურვილზე წერდა ხომიაკოვი; მან დაუდო სათავე ყოველივე საუკეთესოს რუსეთის ეკლესიასა და ღვთისმეტყველებაში; ამის შესახებ ამოწმებდა წმინდა სერაფიმე საროველი, როცა მოგვიწოდებდა: „მოიხვეჭეთ სულიწმინდა…“
რუსულიდან თარგმნა ბექა მინდიაშვილმა
გამოქვეყნდა ჟურნალში „ზღვარი“ #1(5), 2005, გვ. 28-35.
მეორედ გამოქვეყნდა ჟურნალში “სოლიდარობა” #1 (22), 2008.
http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00—off-0period–00-1—-0-10-0—0—0direct-10—4——-0-1l–11-ka-50—20-about—00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL2.12&d=HASH2497cea016c5b9876e6845.7
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s