ჩისტიაკოვი – ფანატიზმის ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური საფუძვლები

ავტორი: მღვდელი გიორგი ჩისტიაკოვი
ფანატიზმის გამოვლინებას ყველა რელიგიაში შეიძლება შევხვდეთ. ჩნდება კითხვა: რა არის ფანატიზმი? სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები ხშირად აცხადებენ, რომ ფანატიზმი რაღაც უცხო მოვლენას წარმოადგენს და არავითარი კავშირი არ აქვს რელიგიასთან. ძნელი დასაჯერებელია, რადგან ყველა საუკუნეში რელიგიის ისტორია დაკავშირებულია ფანატიზმის ისტორიასთან.
ვოლტერი ფანატიზმს რელიგიის გაუკუღმართებულ პირმშოს უწოდებდა. შეიძლება ამ განსაზღვრებაზე შევჩერდეთ, თუმცა ისიც შეგვიძლია, გამოვიყენოთ გამოთქმა შვარცის(1) პიესიდან და ფანატიზმს რელიგიის ჩრდილი ვუწოდოთ. შესაძლოა ფანატიზმი სხვადასხვა პოლიტიკური მიზნით მასების ცნობიერებაზე მანიპულირების შედეგი იყოს. მაგალითად, იან ჰუსმა, რომელსაც შუა საუკუნეებში კოცონზე წვავდნენ, გარშემო მყოფი ბრბოს ფანატიზმი ამ ბრბოს ცნობიერებაზე მანიპულაციის შედეგად მიიჩნია. დედაბერს, რომელმაც კოცონს ფიჩხი მიუმატა, იან ჰუსმა ცნობილი სიტყვებით მიმართა: ,,წმინდა გულუბრყვილობა”, რადგან დედაბერი ფიქრობდა, რომ კეთილ საქმეს აკეთებდა.
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ფანატიზმის ზემოდან თავსმოხვევა არ ხდება, იგი ხალხში ჩნდება და ამით არის საშიში. ბართლომეს ღამის იდეა იმდროინდელი პარიზის ხელოსანთა კორპორაციებში დაიბადა. ჩვეულებრივ, ხელოსნები საეკლესიო ბაირაღებს ატარებდნენ რელიგიური პროცესიების დროს.
მათი კორპორაციები კი ის ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა, სადაც დაიბადა და განხორციელდა ჰუგენოტების ხოცვა-ჟლეტის იდეა. ამიტომაც შეიძლება ვისაუბროთ ფანატიზმის კორპორაციულ ბუნებაზე.
ჩვენ ჯერ არ ჩამოგვიყალიბებია ფანატიზმის განსაზღვრება.
ბელა(2) თვლის, რომ პირველყოფილი რელიგიების ნებისმიერი ფორმა ფანატიზმს წარმოადგენს. პირველყოფილი ადამიანები, რომლებიც ტყეებში მსხვერპლშეწირვის რიტუალებს აღასრულებდნენ, ფანატიკოსები იყვნენ. სულ სხვაგვარ განსაზღვრებას იძლევა ,,ფილოსოფიურ ლექსიკონში” ვოლტერი: ფანატიზმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ფანატიკოსი, იცავს რა იმ მართლმორწმუნეობას, რომლის მცველადაც მიიჩნევს საკუთარ თავს, მზადაა დასაჯოს და მოკლას [ის ვინც მის აზრს არ იზიარებს]. ეს ალბათ ყველაზე მძაფრი განსაზღვრებაა. მართლმორწმუნეობის ყოველი დამცველი, ყოველი ფუნდამენტალისტი ფანატიკოსი როდია. ფანატიზმი მაშინ იწყება, როდესაც ადამიანს უჩნდება სურვილი დევნოს, დასაჯოს და დახოცოს სხვაგვარად მოაზროვნეები.
ამის გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საბჭოთა პერიოდში ფანატიკოსებს უწოდებდნენ ისეთ მშვიდობისმოყვარე ადამიანებს, როგორებიც იყვნენ სერგი რადონეჟელი და სერაფიმე საროველი.
მეორე მხრივ, სიტყვები ,,ფანატიკოსი”, ,,ფანატიზმი” სხვისთვის მისაკერებელ იარლიყებს წარმოადგენს – ადამიანი საკუთარ თავზე არასოდეს იტყვის, მე ფანატიკოსი ვარო. ეს ტერმინები მხოლოდ სხვის მიმართ იხმარება. არ იხმარება იმათ მიმართ, რომლებისაც გვესმის. ფანატიზმის ნამდვილი, სერიოზული განსაზღვრების ჩამოყალიბება რთულია. საერთოდ ვინ არის ფანატიკოსი? იქნებ ეს ანტიკური ყაიდის ნიღაბია? ფანატიზმზე საუბრისას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და განურჩევლად ყველას არ უნდა ვუწოდოთ ფანატიკოსი.
იმდენად, რამდენადაც ფანატიკოსის თვითიდენტიფიკაცია გამორიცხულია, მისი განსაზღვრება გარედან უნდა მოხდეს. დავუშვათ, რომ ძველი ბერძნები არ იყვნენ ფანატიკოსები, რადგან სხვა ქვეყნებში მოგზაურობისას უცხო ღმერთებში თავიანთ ღმერთებს ხედავდნენ.
ძველ ბერძნებს არ ჰქონდათ წმინდა წერილი. ისინი, როგორც მოგვიანებით რომაელები, იღებდნენ სხვა ერებისა და რელიგიების საკრალურ კულტებს. ანტიკურ რომში ყველა რელიგიის ტაძარს იხილავდით და ეს სავსებით მართებულად ითვლებოდა.
ქრისტიანობა თავიდანვე აღიქმება როგორც ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტება და ამიტომაც მისი მუდმივი თანამდევი ჩრდილი ხდება ფანატიზმი. ის ფანატიზმი, რომელიც გამოვლინდა ინკვიზიციის პროცესებსა და ანტიკური ავტორების წიგნების აუტოდაფეებში. რატომ მოაღწია ჩვენამდე ძველი ბერძენი პოეტების თხზულებებმა მხოლოდ გვიანდელი ავტორების ნაწარმოებში არსებული ციტატების სახით? იმიტომ, რომ მათი წიგნები დაწვეს. ამით იწყება ქრისტიანობის, როგორც სახელმწიფო რელიგიის ისტორია. აღსანიშნავია, რომ პირველ პერიოდში, როდესაც იმპერატორები წარმართები იყვნენ, ფანატიზმი არ არსებობდა.
ეს წარმოადგენს ფანატიზმის კიდევ ერთ მახასიათებელს – ჩნდება რა მასის შიგნით, იმას უცილობლად ეძლევა მხარდაჭერა ზემოდან.
ვოლტერი ერთმანეთისგან განარჩვედა ცნებებს – ,,ფანატიკოსი” და ,,ენთუზიასტი”. კერძოდ, ეგნატე ლოიოლას ენთუზიასტებს აკუთვნებდა. წმინდა ეგნატე არ იჭრიდა თმებს და ფრჩხილებს, თვეობით არ ეძინა, მაგრამ არავის კლავდა და არც ხოცვა-ჟლეტისკენ მოუწოდებდა ვინმეს. ლოიოლა კათოლიკური იდეების გამომხატველი იყო და ამიტომ ვოლტერს იგი ძალიანაც არ უყვარდა, მაგრამ აღნიშნავდა, რომ ეგნატე ლოიოლა ენთუზიასტი იყო და არა ფანატიკოსი.
ფანატიკოსი ის მოსკოველი მღვდელია, რომელმაც თავისი შვილის მასწავლებელს წერილი გაუგზავნა, რომელშიც სწერდა, რომ აუკრძალა თავის პატარა გოგონას ინგლისური ტექსტის სწავლა წმინდა ვალენტინის დღესასწაულის შესახებ, რადგან ეს დღესასწაული ამკვიდრებს პროსტიტუციას, არაქრისტიანულია და ა.შ. ჩვეულებრივ ფანატიკოსი ამგვარი შეხედულებების გავრცელებით კმაყოფილდება, მაგრამ როდესაც ისინი ავადმყოფურ გონებაში მკვიდრდებიან, მაშინ ხდება უბედურება.
ფანატიკური მასა ძალიან ადვილად შობს თავისი რიგებიდან ბელადს და ადვილად მიჰყვება მას. ამის დასამტკიცებლად მარტო გერმანიისა და ჰიტლერის მაგალითიც კმარა. თუმცა არსებობენ ეული ფანატიკოსებიც, რომელთაც არ ჰყავთ აქტიური მომხრეები.
ფანატიკოსი კონცენტრირდება მტრის ხატზე და მისი აზროვნების მანერაც შესაბამისად იცვლება, ამიტომაც ფანატიზმის გაღვივება ძალიან საშიშია.
ბოლო საშობაო კონფერენციაზე მიტროპოლიტმა კირილემ[3] რუსეთის მართლმადიდებელსა და რომის კათოლიკურ ეკლესიებს შორის ურთიერთობის გამწვავებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც ქვეყანაში არსებულ სირთულეებს მის ტერიტორიაზე დასამკვიდრებლად იყენებენ, ეს სულიერი აგრესიაა.
მიტროპოლიტ კირილეს სიტყვებით, ეპარქიის შექმნის შემდეგ კათოლიკეები ადგილობრივი კათოლიკური ეკლესიის დაარსებას ცდილობენ. ეს ნიშნავს, რომ მთელი რუსეთი ,,მათი” ტერიტორია გახდება. ცხადია, ერუდირებული და მოაზროვნე მიტროპოლიტი კირილე, რომელიც რომში სწავლობდა, ამგვარად არ ფიქრობს.
მან კარგად იცის, რომ რუსეთში მცხოვრებ მცირერიცხოვან კათოლიკეებს არავითარი გავლენა არა აქვთ ქვეყანაში არსებულ რელიგიურ სიტუაციაზე. ანალიტიკოსები ერთხმად ამტკიცებენ – არავითარი კათოლიკური საფრთხე არ არსებობს. მაშინ რატომ საუბრობს ამაზე მიტროპოლიტი კირილე? საეკლესიო წრეებში მიტროპოლიტი ცნობილია როგორც დასავლური ორიენტაციის მომხრე და ლიბერალი, სწორედ ამიტომ არ უყვართ იგი. დღეს კი, როდესაც დადგა საკითხი, თუ ვინ იქნება მომავალი პატრიარქი, მიტროპოლიტს უმრავლესობის მხარდაჭერა დასჭირდა.
ამიტომ ცდილობს იგი ანტიკათოლიკური კარტი გაათამაშოს: ხვდება იმ მღვდლებსა და ეპისკოპოსებს, რომლებიც კათოლიკეთა წინააღმდეგნი არიან და კათოლიკეებს ქრისტიანობის მტრებად მიიჩნევენ. ეს კი ვერ უთავსდება იმას, რომ პატრიარქი რეგულარულად ხვდება კათოლიკე ეპისკოპოსებს, რომელთაც იგი ძმებს უწოდებს. ნათელია, რომ საქმე გვაქვს მოსკოვის საპატრიარქოს ცივილიზებულ პოლიტიკასთან, ბნელი მასის არაცივილიზებულ იდეოლოგიასთან და ფანატიზმის წახალისებასთან. ვფიქრობ, მიტროპოლიტი კირილე ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს, რადგან სიძულვილის ნაპერწკალი ვეებერთელა ხანძარს გამოიწვევს, რაც ვნახეთ სინაგოგებისა და პროტესატანტული ტაძრების დარბევის მაგალითზე.
ბნელი განწყობების მქონე მართლმადიდებლის თვალთახედვით, კათოლიკეები საშიში და სახიფათო მტრები არიან. ეს კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორაა მიდრეკილი ფანატიზმი იმისკენ, რომ მტრის დემონიზაცია მოახდინოს, მტერში ისეთი საფრთხე დაინახოს, რომლის წინაშე მხოლოდ ირაციონალური შიში შეიძლება განიცადოს კაცმა და რომელსაც ამის გამო მთელი ძალით უნდა ებრძოლო. ალბათ სწორედ ამიტომაც ფანატიკოსი თითქმის ყოველთვის ხდება ნეკროფილი (ამ ტერმინის ფრომისეული გაგებით) და სურს ცოცხალი უსიცოცხლო გახადოს, მოკლას, აკრძალოს, გათელოს, გააუქმოს და ა.შ. შემთხვევითი არ არის, რომ დღეს, სასულიერო პირთა შორის და მრევლშიც ძალიან პოპულარულია გრიგორი რასპუტინის წმინდანად შერაცხვის იდეა.
ფანატიკოსისათვის ძალიან მომხიბვლელია ადამიანის გვამად გადაქცევის იდეა, ამიტომაც _ დევნე, აკრძალე, დასაჯე! თუ ფიზიკურად დასჯა შეუძლებელია, მორალურ სასჯელს რაღა უდგას წინ! ფანატიკოსს ძალიან უყვარს სიტყვებით მოკვდინება – ნამდვილად, რეალურად მოკვდინება.
ისევ ფრომი რომ მოვიშველიოთ, ფანატიკოსის ცნობიერებაში ,,ფლობის”, ,,ბატონობის” იდეა დომინირებს ,,ყოფნის” იდეაზე. ფრომი წერს, რომ ფანატიკოსისთვის წარსულის იდეალიზაცია და წარსულით ცხოვრება არის დამახასიათებელი. ეს სავსებით მიესადაგება ჩვენს ფანატიკოსებს. ფანატიკოსში გიზგიზებს სიძულვილის კოცონი, ხდება ამ სიძულვილის პოეტიზება და წმინდა გრძნობის რანგში აყვანა. ფანატიკოსის იდეოლოგიაში არ არის არც სიცოცხლისადმი სიყვარული, არც სიხარული და არც რეფლექსია.
რა შეგვიძლია ვუთხრათ ამგვარი შეხედულებების მქონე ადამიანებს? შეუძლებელია არ დავინახოთ, რომ რუსეთში ფანატიკოსები არიან მართლმადიდებლებშიც, მუსლიმებშიც და სხვა კონფესიების წარმომადგენლებს შორისაც. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი მარგინალები არიან, მაგრამ დღევანდელი მარგინალები ხვალ შეიძლება საკმაოდ კონსოლიდირებული ძალა გახდნენ. მე მყავს გერმანელი მეგობარი, ისტორიკოსი და ფილოლოგი ალბრეხტ დილე, იგი ანტიკურ პერიოდს იკვლევს. მისი მამა ლუთერანი პასტორი იყო, რომელიც 1930-იანი წლების ბოლოს გარდაიცვალა. ალბრეხტი მიყვებოდა, რომ მისი მშობლები უბრალოდ დასცინოდნენ ჰიტლერს, მაგრამ იგი ხელისუფლებაში მოვიდა. ყველამ ვიცით, შემდგომ რაც მოხდა. ამიტომაც ფანატიკური მარგინალიტეტი ის მოვლენაა, რომელიც მხედველობაში უნდა მივიღოთ, გავაანალიზოთ და ამის შესახებ ვიმსჯელოთ.
როდესაც რელიგია გარედან გრძნობს მხარდაჭერას, მასში ადვილად ვრცელდება ფანატიზმის ვირუსი. დამოუკიდებელ რელიგიურობაში ფანატიზმი პრაქტიკულად არ არსებობს.
რა გავაკეთოთ?
უპირველეს ყოვლისა აუცილებელია განათლება. დაახლოებით ათი წლის წინ მოსკოვში შეიქმნა წმინდა ტიხონის სახელობის მართლმადიდებლური ინსტიტუტი. მისი სტუდენტები მტრებს კი არ ეძებენ, არამედ შეისწავლიან ბიბლიურ და ბიბლიური არეალის სხვა ძველაღმოსავლურ ენებს: არამეულს, ძველეგვიპტურს და ა.შ. ისინი სერიოზულად და კარგად მუშაობენ. განათლება ფანატიზმის გადალახვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.
მეორე, საჭიროა, ფრომის ტერმინოლოგიით რომ ვისარგებლოთ, ბიოლოგიური ქრისტიანობის ქადაგება, როდესაც ადამიანი ღმერთთან შეხვედრის განზომილებაში იწყებს ცხოვრებას, და მაშინ ის ბალასტი, რომელიც რელიგიას იდეოლოგიად, ხოლო მორწმუნეს ამ იდეოლოგიის მატარებლად და ხშირად ფანატიკოსად ხდის, თავისთავად, უმტკივნეულოდ ჩამოშორდება მას.
დიასპორაში ცხოვრება უდიდესი გამოცდილებაა მართლმადიდებლობისათვის. ის მართლმადიდებლობა დამოუკიდებელი იყო და არის ხელისუფლებისგან: ხელისუფლება მას არ დევნიდა, არ ანადგურებდა, არ იყენებდა, როგორც საბჭოთა პერიოდში ხელისუფლება არ ცდილობდა მართლმადიდებლობის გამოყენებას და მისთვის პრივილეგიების მინიჭებას, რაც ხშირად ხდება ამჟამად – მართლმადიდებლობა აბსოლუტურად დამოუკიდებლად ვითარდებოდა და მასში სრულიად არ არის ფანატიკური მომენტი.
ბოლოს განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ხელისუფლების მარწუხებისაგან თავისუფალ რელიგიებში, როგორც წესი, არ არსებობს ფანატიზმი. ეს კიდევ ერთი არსებითი კომპონენტია. ფანატიზმს, იზრდება რა გაუნათლებელი მოსახლეობის რომელიღაც ბნელ ნაწილში, ყოველთვის იმედი აქვს ხელისუფლების მხარდაჭერისა.
მთარგმნელის შენიშვნები:
[1] ევგენი შვარცი – რუსი საბჭოთა დრამატურგი
[2] რობერტ ბელა – ამერიკელი სოციოლოგი
[3] სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტი კირილე (გუნდიაევი) – რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის მუდმივი წევრი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე.
რუსულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ბასილ კობახიძემ
გამოქვეყნებულია ჟურნალში „სოლიდარობა“ #16-17, 2007, გვ. 51-54.
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s