ზესავსე ცხოვრება [მეიენდორფი შმემანის შესახებ]

ავტორი: პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
გთავაზობთ მამა ალექსანდრე შმემანის ცხოვრებას, რომლის ავტორია მისი უახლოესი მეგობარი და სულიერი ძმა პროტოპრესვიტერი იოანე მეინდორფი. [1]
აზრები და გრძნობები იმათი, – იერარქების, კოლეგებისა და მეგობრების, – ვისაც მოუხდა გამოსამშვიდობებელი სიტყვის წარმოთქმა მამა ალექსანდრე შმემანის პანაშვიდზე,  ასახავს ყველაფერს, რაც უნდა თქმულიყო 1983 წლის 13 დეკემბერს მისი უდროო გარდაცვალების პირველ კვირებში. შესაძლოა, დროის გასვლის შემდეგ ვინმე სხვა ეცდება, უფრო ღრმად შეაფასოს მამა ალექსანდრეს იდეები და თხზულებები, მათ შორის, გამოუქვეყნებელიც. აქ ჩემი ამოცანაა, მხოლოდ მოვნიშნო მისი ცხოვრების მთავარი პერიოდები ისე, რომ არ ვაცხადებ პრეტენზიას ამომწურავ სისრულეზე. როცა წერ ძალიან ახლო მეგობარზე – თითქმის ძმაზე, შეუძლებელია, იყო სრულიად მიუკერძოებელი და თავიდან აიცილო ერთგვარი ნაზავი სუბიექტივიზმისა და იმპრესიონიზმისა მის ცხოვრებაში ჭეშმარიტად მნიშვნელოვანის განსაზღვრისას – ცხოვრებაში, რომელიც ჭეშმარიტად არ ყოფილა ამაო, ცხოვრებაში, რომელიც იყო ზესავსე.
მამა ალექსანდრე დაიბადა 1921 წელს რეველში[2], რუსულ ოჯახში; მამის მხრიდან მისი წინაპრები იყვნენ ოსტზეელი[3] გერმანელები. ადრეულ ბავშვობაში იგი ესტონეთიდან საფრანგეთში წაიყვანეს. იმ დროიდან ამერიკაში წასვლამდე (1951 წ.) პარიზში რუსული ემიგრაციის ცხოვრება მისი ცხოვრება გახდა.
1930-იანი წლების „რუსული პარიზი“ იყო სამყარო თავის თავში. აქ ცხოვრობდა ათიათასობით რუსი, მათ შორის, – ინტელექტუალები, მხატვრები, ღვთისმეტყველები, დიდი მთავრები და მეფის ყოფილი მინისტრები. რუსული ემიგრაცია გამოსცემდა ყოველდღიურ გაზეთებს, ნაწევრდებოდა ცხარე პოლიტიკური დისკუსიების შედეგად და კვლავინდებურად ოცნებობდა შინ დაბრუნებაზე. ბავშვები იზრდებოდნენ რუსულ სკოლებში, გარემომცველი ფრანგული საზოგადოებისაგან (რომელიც, სხვათა შორის, მის მიმართ არ ყოფილა მეტისმეტად კეთილგანწყობილი) განსაზღვრულ იზოლაციაში. ყმაწვილმა ალექსანდრემ (ანუ საშამ, როგორც ეძახდნენ მას ახლობლები და მეგობრები) თავის თავზე გამოსცადა ეს დახურული რუსული აღზრდა: რამდენიმე წელი გაატარა რუსულ კადეტთა კორპუსში ვერსალში, ხოლო შემდეგ გადავიდა რუსულ გიმნაზიაში. ამ დაწყებით აღზრდას, ყველა ღირსების მიუხედავად, არ შეეძლო დაეკმაყოფილებინა მისი გონება და მისწრაფებანი. უკვე იმ პერიოდში ის გრძნობდა, რომ რუსული კულტურის (განსაკუთრებით რუსული ლიტერატურის) დიდ მემკვიდრეობაში ყველაფერი საუკეთესო არ იყო დახურული დასავლეთისათვის, პირიქით, თავისი მასშტაბით უცილობლად იყო „ევროპულიც“. „პუშკინის შესახებ“ დოსტოევსკის სახელგანთქმულ სიტყვაში[4]  იგი ხედავდა რუსეთისა და რუსული ცივილიზაციის ერთადერთ სწორ გაგებას. ალექსანდრემ უარი თქვა რუსული ცივილიზაციის ხელოვნური შეზღუდვის მიღებაზე და განათლება გააგრძელა ფრანგულ ლიცეუმსა და სორბონაში.
უკვე მოზრდილმა ალექსანდრემ თავისი ნამდვილი სულიერი სახლი ეკლესიაში ჰპოვა. მართლმადიდებლობასა და მის ჭეშმარიტ სულს იგი ეცნობოდა არა იმდენად საღვთო სჯულის მოსაწყენ და სავალდებულო გაკვეთილებზე კადეტთა კორპუსსა თუ გიმნაზიაში, რამდენადაც ტაძარში უშუალო მსახურებით – იგი დარიუს ქუჩაზე მდებარე ალექსანდრე ნეველის მონუმენტურ ტაძარში ჯერ სტიქაროსნად მსახურობდა, ხოლო შემდეგ იპოდიაკვნად. მეტად ბრძენი, მუდამ შემწყნარებელი და კეთილი მიტროპოლიტის – ევლოგისა და  სხვა „ძველრეჟიმელების“, მაგრამ განათლებული და გახსნილი სასულიერო პირების გავლენით, აგრეთვე ტაძრის უფროსი იპოდიაკვნის –  პეტრე კოვალევსკის მზრუნველი ხელმძღვანელობით – ალექსანდრე ჩაწვდა ღვთისმსახურების სიდიადესა და სიღრმეს და მთელი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნა სიყვარული ღვთისმსახურების მდიდრული და საზეიმო ხასიათისადმი.
მეორე მსოფლიო ომისა და გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის წლები გახდა გადამწყვეტი არჩევნის წლები. ომის ტრაგედიისაგან პროვიდენციალურად დაცული ალექსანდრე სწავლობს პარიზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში (1940-1945 წწ.) და ქორწინდება ულიანა ოსორგინაზე (1943 წ.), რომელიც მაშინ სორბონას კლასიკური განყოფილების სტუდენტი იყო და ეკუთვნოდა ტრადიციულ, ღრმად ეკლესიურ რუსულ ოჯახს. სწორედ მაშინ ყველა მისი მეგობარი და ნაცნობი მიხვდა, რომ  ალექსანდრემ იპოვა თავისი ჭეშმარიტი მოწოდება და ღმერთმა იგი ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით აკურთხა. იმ პერიოდში შეძენილმა შთაგონებამ და სიხარულმა მთელი ცხოვრების მანძილზე შეაძლებინა მას გულუხვად გაეზიარებინა ეს გრძნობები სხვებისთვის. მართლმადიდებლურმა საღვთისმეტყველო ინსტიტუტმა პარიზში (წმინდა სერგის ინსტიტუტმა, როგორც ხშირად უწოდებენ მას) გააერთიანა რამდენიმე სხვადასხვაგვაროვანი, მაგრამ შესანიშნავი პედაგოგიური შემადგენლობა, რომელიც მოიცავდა რევოლუციამდელი საღვთისმეტყველო წრეების წარმომადგენლებსაც (ა. ვ. კარტაშევს), იმ ინტელექტუალებსაც, რომლებიც მართლმადიდებს) და ყოფილ ბელგრადელ სტუდენტებსაც (არქიმანდრიტი კვიპრიანე კერნი და პროტოპრესვიტერი ნიკოლოზ აფანასიევი). აქ ჭარბობდა გავლენა მამა სერგი ბულგაკოვისა – ოდესღაც რუსული სემინარიის აღზრდილისა, შემდეგ ფილოსოფოს – მარქსისტისა და, ბოლოს, ვლადიმირ სოლოვიოვისა და მამა პავლე ფლორენსკის გავლენით – მღვდლისა და ღვთისმეტყველისა. ომის წლებში სტუდენტები ცოტანი იყვნენ, მაგრამ ენთუზიაზმი და მართლმადიდებლობის აღორძინების იმედი არ იშრიტებოდა.
უდიდესი პირადი პატივისცემის მიუხედავად ალექსანდრე შმემანი არასოდეს ყოფილა გატაცებული ბულგაკოვის „სოფიოლოგიური“ შეხედულებებით – თავის სპეციალობად მან თავიდანვე აირჩია ეკლესიის ისტორია. იგი გახდა მოწაფე ა. ვ. კარტაშევისა, რომლის ბრწყინვალე ლექციები და სკეპტიკური გონება პასუხობდა ალექსანდრეს მიდრეკილებას, კრიტიკულად გაეანალიზებინა გარემომცველი სინამდვილე. ამის შედეგი იყო საკანდიდატო დისერტაცია ბიზანტიური თეოკრატიის შესახებ. წმინდა სერგის ინსტიტუტში ხუთწლიანი სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ შმემანი ხდება ეკლესიის ისტორიის მასწავლებელი, ჯერ როგორც საერო, ხოლო შემდეგ როგორც სასულიერო ხარისხის მქონე პირი – 1946 წელს მას ხელი დაასხა მთავარეპისკოპოსმა ვლადიმირმა (ტიხონიცკიმ), რომელიც იყო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში შემავალი რუსული დასავლეთ-ევროპული ეგზარქატის მღვდელმთავარი.
ა. ვ. კარტაშევის გარდა მამა ალექსანდრეზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა პედაგოგიური კორპორაციის ორმა სხვა წევრმაც. არქიმანდრიტმა კვიპრიანემ (კერნმა) –  მისმა სულიერმა მოძღვარმა და მეგობარმა მამა ალექსანდრე აიყვანა დამხმარედ თავის სამრევლო ტაძარში – მოციქულთასწორ კონსტანტინესა და ელენეს სახელობის კლამარის ეკლესიაში, პარიზის მახლობლად. არქიმანდრიტი კვიპრიანე წმინდა სერგის ინსტიტუტში პატრისტიკას ასწავლიდა, მაგრამ მისი მთავარი სიყვარული იყო ღვთისმსახურება, ხოლო მისი ლიტურგიკული გემოვნება დიდხანს დარჩა განმსაზღვრელი მამა ალექსანდრესათვის. მათ ასევე აერთიანებდა სიყვარული რუსული კლასიკური ლიტერატურისადმი  და მისი ღრმა ცოდნა. მაგრამ მამა ალექსანდრესთვის ინტელექტუალური თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პროტოპრესვიტერ ნიკოლოზ აფანასიევის პირადი ნაცნობობა და მისი იდეებით გატაცება. მამა ნიკოლოზი იყო კანონიკური სამართლის პროფესორი, რომლის სახელიც სამუდამოდ იქნება დაკავშირებული იმასთან, რასაც თავად „ევქარისტიული ეკლესიოლოგია“ უწოდა, და რომლის შეხედულებებიც აისახა მისი ახალგაზრდა მეგობრის ბევრ ნაშრომში.
იყო რა საეკლესიო ისტორიის ახალგაზრდა მასწავლებელი, მამა ალექსანდრე შმემანი აპირებდა, სადოქტორო დისერტაცია დაეწერა ფლორენციის კრების შესახებ, მაგრამ შემდგომში ამ თემაზე უარი თქვა. ბიზანტინოლოგიური კვლევებისადმი თავდაპირველ ინტერესს გვახსენებს მის მიერ მომზადებული პუბლიკაცია წმ. მარკოზ ეფესელის მცირე ტრაქტატისა – „აღდგომის შესახებ“.  სულიერ-ინტელექტუალური გატაცებისა და შრომის ჭეშმარიტი ცენტრი კი მამა ალექსანდრესთვის ყოველთვის რჩებოდა თვით ეკლესია. მისი ანალიზი ბიზანტიური თეოკრატიისა, საერთოდ  –  საეკლესიო ისტორიის კვლევა, ისევე როგორც დისერტაციის თავდაპირველი თემა, ამოიზარდა საკითხიდან, რომელიც მუდმივად აღელვებდა მას – როგორ გადარჩა ეკლესია, როგორც ეკლესია, სახელმწიფოსთან მისი ორაზროვანი კავშირის მრავალსაუკუნოვანი პერიოდის მანძილზე და როგორ გადარჩა მართლმადიდებლობა რომთან დაპირისპირებაში შუა საუკუნეების პერიოდში. მაგრამ მას, ალბათ, არ ჰყოფნიდა მოთმინება, რათა მთლიანად დაკავებულიყო ეკლესიის წარსულით: ეგზისტენციალური დღევანდელობა – აი, რა იყო მისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი.  დღეს კი მართლმადიდებელ ეკლესიას არ შეუძლია იარსებოს არც სახელმწიფოს საყრდენად, არც „რუსიზმის“ კულტურულ „დანამატად“: ეკლესია ცოცხალია ლიტურგიაში და ლიტურგიით. და სწორედ აქ პროტ. ნიკოლოზ აფანასიევის ეკლესიოლოგია გახდა მითითება (თუმცა, არა პირდაპირი ნიმუში) მამა ალექსანდრეს შემდგომი საღვთისმეტყველო გზის მიმართულებისათვის.
უეჭველია, რომ მამა ალექსანდრეს საღვთისმეტყველო შეხედულებები ჩამოყალიბდა პარიზულ წლებში. წმინდა სერგის ინსტიტუტის ზოგიერთი მასწავლებლის გავლენა გადამწყვეტი აღმოჩნდა, თუმცა, უკვე მაშინ იგი უფრო ფართო სულიერ სამყაროში ცხოვრობდა. ორმოციანი და ორმოცდაათიანი წლები იყო ფრანგული კათოლიციზმის შესანიშნავი აღორძინების დრო – დრო „წყაროებთან დაბრუნებისა“ და ლიტურგიკული განახლებისათვის მოძრაობისა. სწორედ აქ, მოფიქრალი და მორწმუნე ინტელექტუალების გარემოში, მამა ალექსანდრემ, არსებითად, გაიგო „ლიტურგიკული ღვთისმეტყველების“, „დროის ფილოსოფიისა“ და  „აღდგომის საიდუმლოს“ ჭეშმარიტი მნიშვნელობის შესახებ. ჟან დანიელუს, ლუი ბუიესა და ზოგიერთი სხვა მოაზროვნის სახელებმა და იდეებმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მისი საღვთისმეტყველო ცნობიერების ჩამოყალიბებაში. თუ ამ მეცნიერთა მემკვიდრეობა ნაწილობრივ ჩაიკარგა ქაოსში, რომელმაც კათოლიკური სამყარო მოიცვა ვატიკანის II კრების შემდეგ, მათმა იდეებმა უხვი ნაყოფი მოიტანა ორგანულად ლიტურგიკულ და ეკლესიოლოგიურად მთლიან მართლმადიდებლობაში მამა ალექსანდრეს ბრწყინვალე და მუდამ ქმედითი მოწმობის წყალობით.
მართლმადიდებლობა საფრანგეთში არ იზღუდებოდა მხოლოდ ინტელექტუალური ან საღვთისმეტყველო საქმიანობით. რუსეთში სწრაფი დაბრუნების იმედის საბოლოო დასამარებამ დასვა საკითხი დასავლეთში მართლმადიდებლობის ხანგრძლივ მანძილზე გადარჩენის შესახებ, ამასთან დაკავშირებით გაჩნდა აუცილებლობა, გააზრებულიყო, საერთოდ რატომ გაჩნდა მართმადიდებლური „დიასპორა“. ისევე როგორც მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა „უმცროსი“ თაობის უმრავლესობა, მამა ალექსანდრე ვერ ხედავდა სხვა პასუხსა და დიასპორის არსებობის  სხვა მნიშვნელობას, თუ არა იმას, რომ უნდა დაფუძნებულიყო ტერიტორიული და საბოლოოდ ფრანგულენოვანი ადგილობრივი ეკლესია საფრანგეთში. მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში დაბრუნების მიმართ მისი წინააღმდეგობა თავდაპირველად გამოწვეული იყო იმედით, რომ მსოფლიო საპატრიარქო, რომლის ომოფორის ქვეშ იმყოფებოდა დასავლეთ ევროპის რუსული ეგზარქატი 1931 წლიდან, გახდებოდა ინიციატორი და გარანტი მართლმადიდებელთა ამგვარი თანდათანობითი გაერთიანებისა კანონიკური ნორმების შესაბამისად. მაგრამ რუსების უმრავლესობა, წმინდა სერგის ინსტიტუტის პროფესურის უფროსი თაობის ჩათვლით, კონსტანტიპოლზე დამოკიდებულებას განიხილავდა მხოლოდ როგორც დაცვას მოსკოვის კონტროლისაგან, მაგრამ არა როგორც ხელსაყრელ შესაძლებლობას დასავლეთში მისიისათვის. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოტივი, რამაც საბოლოოდ მამა ალექსანდრესა და მის ოჯახს უბიძგა, ამერიკაში მოეძიათ უკეთესი პირობები იმისათვის, რომ უფრო თანმიმდევრულად განხორციელებულიყო მართლმადიდებლური ეკლესიოლოგია ეკლესიის რეალურ ცხოვრებაში.
გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც განაპირობა მამა ალექსანდრეს აშშ-ში გადასვლა, გახდა პარიზში აღმოსავლეთ ევროპიდან პროტ. გიორგი ფლოროვსკის დაბრუნება და მისი დანიშვნა ნიუ-იორკში წმინდა ვლადიმირის სემინარიის დეკანად. მამა გიორგი ომამდე წმინდა სერგის ინსტიტუტში ასწავლიდა, მაგრამ კოლეგებთან მისი ურთიერთობა არ იყო მარტივი. ამას ნაწილობრივ ხელს უწყობდა მის მიერ მამა სერგი ბულგაკოვის სოფიოლოგიის კრიტიკა (კრიტიკა, რომელიც, სხვათა შორის, მამა გიორგის ნაშრომებში მხოლოდ ირიბად აისახა).
ეკუმენური მოძრაობიდან თავისი მეგობრების დახმარებით საბჭოთა ჯარების მიერ დაკავებული ჩეხეთიდან თავდაღწეულ მამა გიორგის არ ჰქონდა შესაძლებლობა დაეკავებინა პატრისტიკის კათედრა, რომელსაც იმჟამად არქიმანდრიტი კვიპრიანე კერნი მეთაურობდა. რაღაც დროის მანძილზე იგი ასწავლიდა ზნეობრივ ღვთისმეტყველებას, ხოლო შემდეგ  მიიღო მიწვევა ნიუ-იორკის წმინდა ვლადიმირის სემინარიიდან (1949 წ.). მამა ალექსანდრე აღფრთოვანებული იყო მამა გიორგის ნათელი საღვთისმეტყველო გონებით, დასავლეთში მართლმადიდებლობის მისიის მისეული ხედვით, გაქვავებული ნაციონალისტური სტერეოტიპებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით, იმით, რომ ეკლესიის წარსულში ფესვგადგმულობის მიუხედავად მამა გიორგი რჩებოდა სრულიად გახსნილი დასავლური ქრისტიანობის საღვთისმეტყველო მიღწევებისათვის.
მამა ალექსანდრეს ამერიკაში გადასვლა (1951 წ.) და მისი მიერთება წმინდა ვლადიმირის სემინარიის პედაგოგთა კორპორაციასთან, რომელსაც მამა გიორგი ფლოროვსკი ხელმძღვანელობდა, წმინდა სერგის ინსტიტუტში აღქმულ იქნა ერთგვარ ღალატად, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მალე ანალოგიური ნაბიჯი გადადგა ს. ს. ვერხოვსკიმ (1953 წ.), ხოლო ცოტა მოგვიანებით – იოანე მეიენდორფმა (1959 წ.). თუმცა, შემდგომმა ისტორიამ და ამერიკაში მართლმადიდებლობის განვითარებამ მკაფიოდ აჩვენა, რომ ეს ქმედებები გამართლებული იყო, მითუმეტეს, რომ წმინდა სერგის ინსტიტუტი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პედაგოგი დაკარგა, არა მხოლოდ გადარჩა, არამედ მან შეძლო, თავისი პროგრამებისა და ზოგადი მიმართულებისთვის მიეცა საერთომართლმადიდებლური ხასიათი (რამაც, საკუთრივ, გადაარჩინა კიდეც იგი).
1950-იანი წლების დასაწყისი მძიმე დრო იყო წმინდა ვლადიმირის სემინარიისთვის, რომელიც შეფარებული იყო რიდ-ჰაუზის მეტად მოკრძალებულ შენობებს ბროდვეისა და 121-ე ქუჩის კუთხეში. სამწუხარო წასვლა  თავისი პოსტიდან მამა გიორგი ფლოროვსკისა, რომელიც მხოლოდ თავისი პირადი ავტორიტეტით უზრუნველყოფდა სემინარიის გამორჩეულ ადგილს ქვეყნის აკადემიურ და საღვთისმეტყველო რუკაზე, არსებითად, განპირობებული იყო ტემპერამენტთა და პირად სტილთა კონფლიქტით. მხოლოდ 1962 წელს, როცა სემინარიამ დაიკავა ამჟამინდელი თავისი ტერიტორია კრესტვუდში (ნიუ-იორკი), მამა ალექსანდრემ მიიღო დეკანის თანამდებობა, რომელიც ეკავა გარდაცვალებამდე (1983 წ.).
სავარაუდოდ, ჯერ კიდევ არ დამდგარა დრო, დეტალურად ვისაუბროთ ამერიკაში მისი ცხოვრების ბოლო და ყველაზე ხანგრძლივ პერიოდზე, რომელიც დაკავშირებულია სემინარიასთან და ამერიკულ ეკლესიასთან მთლიანად. ალბათ, მამა ალექსანდრეს ყველაზე შესამჩნევი წვლილი წმინდა ვლადიმირის  სემინარიის ცხოვრებაში იყო ის, რომ მან შეძლო სასულიერო სკოლის ჩართვა საეკლესიო ცხოვრების ქსოვილში. მის დროს სემინარია უკვე აღარ იყო მხოლოდ აკადემიური დაწესებულება, რომელიც პატივისცემით სარგებლობდა ეკუმენურ წრეებში, მაგრამ მნიშვნელოვანწილად სხვაგვაროვანი იყო ეპარქიებთან და სამრევლოებთან მიმართებით. წმინდა ვლადიმირის სემინარია ამზადებდა მღვდლებს არა მხოლოდ რუსულ სამიტროპოლიტოში, არამედ სხვა (კერძოდ, ანტიოქიისა და სერბეთის) იურისდიქციებში   მსახურებისთვისაც და მათ ასწავლიდა მსოფლიო და მისიონერული მართლმადიდებელი ეკლესიის სულისკვეთებას, რაც აღემატებოდა წმინდა ეთნიკურ ინტერესებს. ასევე წმინდა ვლადიმირის სემინარია გახდა ლიტურგიკული და ევქარისტიული აღორძინების ცენტრი, რაც აღიარეს და ჯეროვნად დააფასეს მიტროპოლიტმა თეოდოსიმ და მიტროპოლიტმა ფილიპემ მამა ალექსანდრეს გარდაცვალებასთან დაკავშირებულ   თავიანთ გამოსვლებში.
ამერიკაში თავის საქმეში სრულიად შთაფლული, მამა ალექსანდრე არ წყვეტდა კავშირებს ევროპასთანაც. სწორედ იქ, თავისი ალმა მატერ-ის კედლებში, მან მიიღო დოქტორის ხარისხი (1959 წ.), ამასთან, დისერტაციის დაცვაზე მისი ოპონენტები იყვნენ პროტ. ნიკოლოზ აფანასიევი და ამ სტრიქონების ავტორი.
მამა ალექსანდრეს ამერიკულ საქმიანობაში ნამდვილი გარდამტეხი მომენტი გახდა ამერიკაში ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნება (1970 წ.). მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე იგი ურყევად იმედოვნებდა, რომ ერთ ტერიტორიაზე იურისდიქციათა კანონიკურსაწინააღმდეგო ურთიერთგადაკვეთას, რაც იყო ყველაზე მთავარი და აშკარა დაბრკოლება დასავლეთში მართლმადიდებლობის მოწმობისა, შეცვლიდა ადგილობრივი ეკლესიის ერთიანობა, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა არა მხოლოდ კანონიკურ ნორმებთან, არამედ მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის ფუძემდებლურ პრინციპებთანაც. მამა ალექსანდრე, ისევე როგორც ისინი, ვინც შთაგონებული ვიყავით იმავე დიადი მისწრაფებით, იმედოვნებდა, რომ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო ხელს შეუწყობდა მართლმადიდებლურ ერთობას ამერიკაში (შესაძლოა, სათავეშიც ჩადგომოდა ამ ერთობას), მაგალითად, „მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა მუდმივმოქმედი კონფერენციის” მეშვეობით. მაგრამ გაერთიანების ამგვარ პროცესში კონსტანტინოპოლის მიერ მსგავსი როლის შესრულება საჭიროებდა ყველა დანარჩენი მართლმადიდებელი ეკლესიის თანხმობას, მათ შორის, თანხმობას მოსკოვის საპატრიარქოსი, რომლის იურისდიქციაც ამერიკაში არასოდეს გამხდარა სადავო ამერიკის სამიტროპოლიტოს მიერ და რომელსაც ყოველთვის მხარს უჭერდა ამერიკის სამოქალაქო სასამართლოები. მეორე მხრივ, კონსტანტინოპოლი, უკიდურესად მომთხოვნი თეორიაში, პრაქტიკაში სრულიად არათანმიმდევრული აღმოჩნდა (ასე მაგალითად, 1965 წელს მან შეწყვიტა თავისი იურისდიქცია საფრანგეთში  რუსულ ეპარქიაზე და მოუწოდა მას, დაბრუნებულიყო მოსკოვის პატრიარქის ომოფორის ქვეშ). სხვა ეკლესიები არც კი ფიქრობდნენ მათი „დიასპორების“ ბერძენი პატრიარქის იურისდიქციაში გადასვლაზე. მართლმადიდებლობის მყარი საფუძველი შეიძლება მოძებნილიყო უფრო იმ პოლიტიკაში, რომელსაც, არსებითად, ყოველთვის მისდევდა რუსეთის ეკლესია იმ დროიდან, რაც მართლმადიდებლობა პირველად დამკვიდრდა ამერიკის კონტინენტზე. რუსეთის ეკლესიის კანონიკური და მისიონერული მიზანი ყოველთვის იყო ეკლესია ამერიკელებისთვის, რომელიც დაფუძნდებოდა დედა-ეკლესიის კურთხევით და რომელიც მოიწვევდა ყველა მსურველს, თავისუფლად შეერთებოდა მას. რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი განზრახვა გულისხმობდა, რომ ერთიანობა ვერ დადგინდებოდა ცალმხრივი წესით და რომ საჭირო იყო ყველას თანხმობა. ცხადია, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კვლავინდებურად შეეძლო ეკისრა მომავალი გამაერთიანებელი პროცესის ხელმძღვანელობა.
მოლაპარაკებების დროს, რამაც ავტოკეფალიამდე მიგვიყვანა, მამა ალექსანდრეს გასაოცარი პირადი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა ლენინგრადისა და ნოვგოროდის მიტროპოლიტთან ნიკოდიმთან (როტოვი). ნიკოდიმს სრულად ესმოდა ამერიკაში მართლმადიდებლობისათვის ამგვარი ნაბიჯის ისტორიული მნიშვნელობა. მიტროპოლიტის ამგვარმა დამოკიდებულებამ და საერთო მიზნის მისაღწევად მისმა დაუღლელმა ძალისხმევამ შესაძლებელი გახადა  1970 წლის 10 აპრილს მოსკოვის პატრიარქის ალექსის მიერ ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის ხელმოწერა[5] . დედა-ეკლესიასაც და შვილ-ეკლესიასაც ეს ფაქტი მიაჩნდათ, როგორც პირველი,  მაგრამ არა უკანასკნელი, ნაბიჯი მართლმადიდებლობის ერთიანობისკენ, რომელიც მიღწეულ უნდა იქნას ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის კრებითი თანხმობით.
მიუხედავად უზარმაზარი პედაგოგიური დატვირთვისა და თავისი ეკლესიის ცხოვრებაში უაღრესად ქმედითი მონაწილეობისა (ლექციები, სტატიები,  მოხსენებები და შეხვედრები მთელ ქვეყანაში), მამა ალექსანდრეს არასოდეს უღალატია მეორე თემისთვის, რომელიც მას სიყმაწვილიდან აღელვებდა – რუსეთში მართლმადიდებლობის ხვედრის თემისთვის. წლების მანძილზე მას ჰქონდა ბედნიერი შესაძლებლობა, გამოსულიყო ყოველდღიური საუბრებით რადიო „თავისუფლების“  მეშვეობით[6], რამაც მისი სახელი ცნობილი გახადა იზოლირებული და დევნილი ქრისტიანებისათვის რუსეთში. ერთი მათგანი იყო ალექსანდრე სოლჟენიცინი, რომლის თხზულებები, საიდუმლოდ გადაგზავნილი დასავლეთში, მამა ალექსანდრესთვის, ისევე როგორც ბევრი სხვისთვის, გახდა ახალი სიოს მობერვა, რომელმაც გაარღვია საბჭოთა სინამდვილის დამთრგუნველი უფერულობა და იყო „ნამდვილი“ რუსეთის სულისა და სულიერი გადარჩენის ჭეშმარიტი სასწაულის მოწმობა. რუსეთისადმი სოლჟენიცინის დამოკიდებულება მამა ალექსანდრემ განსაზღვრა მეტად ტევადი სიტყვით, უწოდა რა „არქიპელაგ გულაგისა“ და „14-ის აგვისტოს“ ავტორის სიყვარულს რუსეთისადმი „თვალხილული“, ესოდენ ხშირად გამოვლენილი „ბრმა“ ნაციონალიზმის საპირისპიროდ. მამა ალექსანდრეში განსაკუთრებულ გაუგებრობას იწვევდა სოლჟენიცინის საბჭოთა და დასავლელი ოპონენტები, რომლებიც მწერალს ბრალს სდებდნენ სწორედ იმ „ბრმა“ ნაციონალიზმში, რომელიც ასე აშკარადაა უარყოფილი რევოლუციისწინა რუსეთის აღწერაში „14-ის აგვისტოში“. ამასთანავე, მამა ალექსანდრე არ იზიარებდა თვით სოლჟენიცინის ზოგიერთ გატაცებას – მაგალითად, მის აღფრთოვანებას (ხანმოკლე პერიოდით) „ძველმოწესეებით“.
ვფიქრობ, თუ მამა ალექსანდრეს ჰქონდა ტალანტი, რომლის განვითარებაც მან ვერ მოასწრო თავის გამოქვეყნებულ ნაშრომებში, ესაა რუსული ლიტერატურის (და დასავლურისაც, განსაკუთრებით, ფრანგული ლიტერატურის) არაჩვეულებრივად წვდომის უნარი, ნიჭი „ჭეშმარიტისა“ და „ყალბის“ ამოცნობისა. ლიტერატურის თემაზე მცირერიცხოვანი სტატიები და ლექციები მისი მემკვიდრეობის საუკეთესო ნაწილს მიეკუთვნება.
სრული ბიოგრაფია უნდა მოიცავდეს მამა ალექსანდრე შმემანის მოღვაწეობის სხვა სფეროებსაც: მისი შრომები (ჯერ კიდევ საფრანგეთში) ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ახალგაზრდული განყოფილების ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე, „რწმენა და წესრიგის“ კომისიაში მცირეხნიანი მონაწილეობა, ზოგიერთ ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლება ადიუნტ-პროფესორის რანგში, მონაწილეობა უფრო კონსერვატულ ქრისტიანულ გაერთიანებებში (მაგალითად, „ჰართფორდის მოწოდება“[7]).
ზეპირი სიტყვის შესანიშნავმა ოსტატმა, ნამდვილი ურთიერთობებისა და ჭეშმარიტი თანაგრძნობის ნიჭით სხვებზე მეტად დაჯილდოებულმა ადამიანმა, მაგრამ უწინარესად და ყველაზე მეტად – მღვდელმა, ერთგულმა ეკლესიისა, რომელშიც ყოველთვის, ყველა კაცობრივი ნაკლის მიუხედავად, ხედავდა სასუფევლის წინასახეს და უკვდავების ერთადერთ საიმედო წინდს, მამა ალექსანდრემ შეასრულა უზარმაზარი როლი მეტად მრავალი და მრავალი ადამიანის ცხოვრებაში. მისი მემკვიდრეობა არ გაქრება, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ დაივიწყებენ მისი მეგობრები, არამედ იმიტომ, რომ იგი სამუდამოდ დარჩა ღვთის მარადიულ მეხსიერებაში, როგორც მისი ვენახის ერთგული მუშაკი.

 

შენიშვნები:
[1] პირველი პუბლიკაცია: St. Vladimir’ Theological Quarterly, 28, 1984, გვ. 3-10. (http://www.schmemann.org/memoriam/1984.svtq1.meyendorff.html). რუსულად თარგმნა ი. ს. ტერენტიევამ (რუს. გამოც.). ქართულად ითარგმნა შემდეგი გამოცემიდან: Прот. Александр Шмеман. Дневники, 1973-1983. Москва. Русский путь. 2007. გვ. 655-661.
[2] რეველი – ამჟამინდელი ქ. ტალინი (ესტონეთის დედაქალაქი).
[3] ოსტზეელი გერმანელები – ბალტიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე XII საუკუნიდან მცხოვრები ეთნიკური გერმანელები (ქართ. მთარგმნ.).
[4] იგულისხმება სიტყვა, რომელიც ფიოდორ დოსტოევსკიმ წარმოთქვა 1880 წლის 8 (20) ივნისს რუსული სიტყვიერების მოყვარულთა საზოგადოებაში (ქართ. მთარგმნ.).
[5] აღსანიშნავია, რომ ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მამა ალექსანდრესა და მისი მეგობრების ძალისხმევას ეწინააღმდეგებოდა მამა სერაფიმე როუზი, რომელიც კრიტიკულად იყო განწყობილი მამა ალექსანდრეს მთელი მოღვაწეობის მიმართაც. მამა სერაფიმეს გარდაცვალებიდან მალე მამა გერმანე, მამა სერაფიმეს თანამოღვაწე ბერი, ეწვია მამა ალექსანდრეს, მუხლი მოიდრიკა მის წინაშე და შენდობა გამოითხოვა თავისი განსვენებული ძმისათვის. მამა ალექსანდრემაც, ვისი სიკვდილის ჟამიც ასევე არ იყო შორს, მზადყოფნით შეუნდო მამა სერაფიმეს. მამა გერმანე შეურიგდა მამა ალექსანდრეს თანამოღვაწეს – პროტ. იოანე მეიენდორფსაც. მოსკოვში, 1991 წელს დონის მონასტერში ზეთისცხებისას მამა გერმანემ პატიება სთხოვა მამა იოანეს (იხ. Иеромонах Дамаскин (Христенсен), Иеромонах Серафим (Роуз) и протопресвитер Александр Шмеман (ვებგვერდზე: http://www.blagogon.ru/digest/280/ )
[6] ამ ქადაგებათა ნაწილი გამოქვეყნებულია ორ ტომად: Протоиерей Александр Шмеман, Беседы на Радио ”Свобода”.  Т. 1, Т. 2, Москва, 2009.
[7] 1975 წლის 3 იანვარს ამერიკელი თეოლოგების (რომლებიც სხვადასხვა ეკლესიას ეკუთვნოდნენ)  ჯგუფმა ჰართფორდში (კონექტიკუტის შტატი) მიიღო ტექსტი ჰართფორდის „მოწოდება”. ხელმომწერთა შორის იყო მამა ალექსანდრე შმემანი. 1975 წლის სექტემბერში ჯგუფი კიდევ ერთხელ შეიკრიბა. სწორედ მეორე შეკრებასთან დაკავშირებით ფრიად საინტერესო ჩანაწერია მამა ალექსანდრეს დღიურში: ორი დღე ჰართფორდში, „ჰართფორდის ჯგუფის” მეორე კრებაზე. დღეს დილით – მესსა, რომელსაც ატარებს მამა Avery Dulles, და რომელზედაც ყველა (თვრამეტი) მონაწილე, ჩემს გარდა, – ეზიარება, თუმცა მათი უმრავლესობა სხვა აღმსარებლობის „კონსერვატორი” ქრისტიანია. მაგრამ თუ ასეა, მაშინ რაღა ჰყოფს ეკლესიას და კიდევ რა ერთობაა საძიებელი? საერთოდ, მეგობრული ატმოსფეროს მიუხედავად, ძლიერად ვგრძნობდი ჩემს „მართლმადიდებლურ” გაუცხოებას ყველა დისკუსიისაგან, მისი სულისკვეთებისაგან. მართლმადიდებლობა ძალიან ხშირადაა ბოროტებისა და ცოდვის ტყვეობაში. ქრისტიანული დასავლეთი ნამდვილადაა ერესების ტყვეობაში და არცერთი მათგანი დაუსჯელი არ რჩება” (იხ. 1975 წლის 7 სექტემბრის ჩანაწერი, Прот. Александр Шмеман, Дневники. 1973-1983. Москва. Русский путь. 2007, გვ.  202.
თარგმნა ოთარ ზოიძემ
გამოქვეყნდა ვებ-გვერდზე: http://kenozisi.ge/geo/zesavse-cxovreba-2/
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s