შახოვსკოი – სექტანტობა მართლმადიდებლობაში და მართლმადიდებლობა სექტანტობაში

ავტორი: არქიეპისკოპოსი იოანე (შახოვსკოი) სან-ფრანცისკელი
შეცდომაა ფიქრი, თითქოს შეუძლებელია მართლმადიდებელი იყოს სექტანტი, ხოლო სექტანტი – მართლმადიდებელი. ბევრი მართლმადიდებელი სულით სრულიად ადეკვატურია თავისი სარწმუნოებისა. ასევე, ყველა სექტანტი როდია საკუთარი აღმსარებლობისთვის შესაფერისი სულის მქონე. დღეს ხშირად შევხვდებით სულით სექტანტ „მართლმადიდებელ“: ფანატიკოსს, უსიყვარულოს, ვიწრო გაგებით რაციონალისტს. ასეთი მართლმადიდებელი მხოლოდ ადამიანურს, ამქვეყნიურს ეძიებს და არ ესწრაფვის ღვთის სიმართლეს, კმაყოფილია თავისი ამპარტავნული სიმართლით, ამქვეყნიური ამაოების გადასახედიდან განიკითხავს ადამიანებს, ამ დროს კი სულიერი შობის მადლი დაუკარგავს. ხდება პირიქითაც, ნახავთ სექტანტს, რომელიც ღვთის სულითა და ჭეშმარიტებით მართლმადიდებლური მსახურების არსს შესაძლოა ვერ აცნობიერებდეს, არ ცნობდეს საეკლესიო ჭეშმარიტების ამა თუ იმ გამოხატულებას, მაგრამ ჭეშმარიტად ღვთისნიერი, ქრისტეს მიმართ უსაზღვრო სიყვარულით გამსჭვალული და ნებისმიერი ადამიანისათვის ნამდვილი მოყვასი იყოს.
ქრისტიანულ საზოგადოებაში არსებულ ასეთ შეუსაბამობათა გათვალისწინებით, აღმსარებლობათა შორის ურთიერთობის საკითხს დიდი გულისყურით უნდა მოვეკიდოთ. სექტანტები სცოდავენ მართლმადიდებლობაში გაუთვითცნობიერებლობით, ჩვენ, მართლმადიდებლები კი, თავადვე ვარღვევთ მართლმადიდებლობას, რადგან არ ვცდილობთ, გავუგოთ სექტანტებს, რომლებიც ზოგჯერ საოცარი მგზნებარებითა და სიწმინდით ისწრაფვიან უფლისკენ, მასთან ერთობისკენ.
ადამიანის შეზღუდული, ამპარტავანი, დასნეულებული გონება, ღვთის სულით გაუცისკროვნებელი, გათიშულობას ესწრაფვის. მუდამ საბაბს ეძებს განხეთქილების ჩამოსაგდებად.
ჩვენ, მართლმადიდებლებს, გვწამს, სულიერად ვხედავთ, რომ სრულად ვფლობთ ადამიანური ენით გადმოცემულ ჭეშმარიტებას. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას მივყვებით და ამ ჭეშმარიტებით ვართ სრულნი. მას ხშირად მხოლოდ სიტყვით ვაღიარებთ. გვგონია, რომ ამ ჭეშმარიტებით ჩავანაცვლებთ ჩვენს ვერდანახულ დირეს – სულიერ სიზარმაცეს. ჩვენ ვფლობთ სრულ ჭეშმარიტებას, მაგრამ არ ვიცით და არ გვსურს ჭეშმარიტებით ცხოვრება, ხშირად უბრალოდ იმიტომ, რომ ის მეტისმეტად ავიწროებს ჩვენში „ძველ კაცს“. სამაგიეროდ, მართლმადიდებლობით ამპარტავნებასა და თავმოწონებაზე არ ვამბობთ უარს.
ამ დროს სხვა აღმსარებლობის ქრისტიანთა შორის ბევრი მორწმუნე სულით მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებასაა ნაზიარები და ამით ცხოვრობს. ბევრი სექტანტი ზოგიერთ მართლმადიდებელზე მგზნებარე სულით და უფლისა და მოყვასის სიყვარულით გამოირჩევა. ღვთისა და ადამიანისადმი მიმართული სწორედ ამგვარი მგზნებარე სიყვარულია ნიშანი ჭეშმარიტი ცხოვრებისეული მართლმადიდებლობისა. მართლმადიდებელი, რომელსაც არ განუცდია ეს გრძნობა, არ არის ჭეშმარიტად მართლმადიდებელი. ხოლო არამართლმადიდებელი, რომელიც განიცდის მას, ჭეშმარიტად მართლმადიდებელია. როგორც ადამიანი, ის ცდომილებაშია, ვერ სწვდება ამა თუ იმ საკითხის არსს, ვერ აღიქვამს ღვთაებრივი სამყაროს ამა თუ იმ ფერს (ეს სულიერი დალტონიზმია. მაგ.: ვერ აცნობიერებს ხატების ან წმინდანებთან ურთიერთობის მნიშვნელობას), მაგრამ სულით, შინაგანად ის ერთგული, მართალი და პატიოსანია. სიკვდილამდე წრფელი, უთვალთმაქცო სიყვარულით მინდობილი განკაცებულ ცოცხალ ღმერთს, უფალ იესო ქრისტეს. ასე რომ, ჭეშმარიტად მართლმადიდებელი ქრისტიანები არსებობენ როგორც სარწმუნოებით მართლმადიდებელთა შორის, ისე კათოლიკეთა და ყველა მიმართულების პროტესტანტთა წიაღში. მათ რიგს მიეკუთვნებიან რუსი სექტანტებიც. ისინი სექტად ჩამოყალიბდნენ ანუ გონებითა და გამოცდილებით ეკლესიის სარწმუნოებრივ სწავლებას დასცილდნენ, გარკვეულწილად – ამ სწავლების სულით გაუცნობიერებლობის გამო და ნაწილობრივ – მისი ცხოვრებაში დამკვიდრების სულელური მეთოდების მიზეზით. ყველა მართლმადიდებლისთვის ნათელია, რომ ბევრი მარტოოდენ გონებით აღმსარებელი მართლმადიდებელი არა თუ ქრისტიანობის მაგალითია საზოგადოებისათვის, არამედ პირდაპირ რყვნის საზოგადოებას. აღარაფერს ვამბობ მართლმადიდებელ პოლიტკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებზე. ეს ჩვენც გვეხება, სასულიერო პირებს, მიუხედავად იმისა, რომ ნათლად ვაცნობიერებთ ეკლესიის ჭეშმარიტებას, ხშირად არ ვდგავართ მართლმადიდებლობის სათანადო სულიერ სიმაღლეზე. მონასტრები? აქაც მრავალი მაგალითი არსებობს ზედაპირული, გარეგნული მართლმადიდებლობისა, როცა ბერის მორჩილ სამოსში დამალულია მიწიერი, ხრწნადი სული. ყველაფერი „მჩატე“, გახრწნილი საეკლესიო ცხოვრების ზედაპირზე ტივტივებს და უფრო თვალშისაცემი ხდება, ვიდრე ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მწყემსებისა და ბერების თავდაუზოგავი ღვაწლი. ისინი ხომ თავიანთი ცხოვრებით ქრისტეს კვალს შეუდგნენ და ქრისტეშივე აღესრულნენ. რევოლუციამ მართლმადიდებელი რუსი სამღვდელოების ყველაზე სუსტი ფენა გააშიშვლა, მაგრამ მანვე წარმოაჩინა მრავალი სასულიერო პირის მართლმადიდებლური ცხოვრების მოწამებრივი აღმსარებლობა.
ვიღაცას უთქვამს, სექტანტობის არსებობა ხალხის რელიგიურობის მაჩვენებელია. შეგვიძლია ასეც ვთქვათ: სექტანტობის არსებობა ხალხის მართლმადიდებლობას წარმოაჩენს, მისი სულის მგზნებარებას, იდეალისკენ მის სწრაფვას, გარეგნული კი არა, შინაგანი რელიგიის ცოცხალი კავშირის წყურვილს, ღმერთთან გულითადი, გულწრფელი თანამშრომლობისკენ ლტოლვას. თავისის არსით სწორედ ეს არის მართლმადიდებლობა. სექტანტობის არსებობაში მართლმადიდებელია დამნაშავე, უფრო მეტად კი – მღვდელი. სწორედ ეს არის მართლმადიდებლური აზროვნება, რადგან განდგომილი ძმების გამო საკუთარ თავზე ვიღებთ ბრალსა და პასუხისმგებლობას. სხვაგვარად ვერ აღვასრულებთ ქრისტესმიერ სიმართლეს. ადამიანური სიმართლის აღსრულება რთული იქნება, თუკი სექტანტებს დავადანაშაულებთ, მაგრამ ქრისტესმიერი სიმართლე სხვაგვარია, „სულელური“ ამა სოფლისათვის, ბრძნული – მხოლოდ ღვთისთვის.
მართლმადიდებლობის, მასში დამკვიდრებული ღვთის სულის, მისი დაბადებითი პოტენციალის წარმოჩენა შეუძლებელია კამათით, დისპუტით, კინკლაობით, უხეში მხილებით. ეს სული მხოლოდ საკუთარი გონებით მონიჭებული უფლებების უარყოფით და განკითხვის უფლების სულიწმიდისთვის გადაცემით შეიძლება გამოვლინდეს.
მართლმადიდებლურ აპოლოგეტიკაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სწავლების არსის განმარტებას და ამ სწავლების ცხოვრებაში დამკვიდრებას. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ მართლმადიდებლობის არსი, ისე როგორც საღვთო საიდუმლოებები, საშინელ ცეცხლს წარმოადგენს. მართლმადიდებლობის სისავსის მიმღებ ადამიანში ეს ცეცხლი ან ფერისცვალებას იწვევს, ანდა წვავს მას. მართლმადიდებლობამ რუსი ხალხის სული გამოძერწა, მაგრამ მანვე დაწვა იგი. მცდარია შეხედულება, თითქოს რუსი ხალხი ბოლშევიზმმა გაანადგურა. რუსეთი მართლმადიდებლობამ დაწვა, რადგან უღირსად ეზიარა რწმენის უწმინდეს სისავსეს და ამან ფერფლად აქცია იგი. ეს ღვთის სულის კანონის, ეკლესიის კანონის მოქმედებაა. სექტანტობა მართლმადიდებლური გზების არამართლმადიდებლური ძიებაა. ადამიანის უძლურებიდან გამომდინარე, ეს პროცესი მიმდინარეობს არა შიგნით, არამედ იქვე, გვერდით ანუ არა დოგმატში, არამედ დოგმატის სიახლოვეს. დოგმატის მახლობლად დოგმატური (წმინდა) ცხოვრება უფრო მეტ მართლმადიდებლობას ნიშნავს, ვიდრე დოგმატში არადოგმატური (უწმინდური) ცხოვრება. ეს გარემოება მთელი სიცხადით, საღვთო სიტყვასთან სრული თანხმობითაა გასააზრებელი, რომელიც მაგალითად, ორი ძმის შესახებ იგავით პირდაპირ მიუთითებს ამაზე. ერთმა ძმამ უარი განაცხადა მამის ნების აღსრულებაზე, მაგრამ ბოლოს მაინც დამორჩილდა. მეორე სიხარულით დასთანხმდა, მაგრამ არ აღასრულა მამის ნება. მართლმადიდებლური მრწამსის აღსარება სახარების დამოწმებას ნიშნავს. მრწამსი ცხოვრებაში უნდა განხორციელდეს, რეალობად იქცეს. ერთი ადამიანისთვის სარწმუნოების სიმბოლო არარეალობას წარმოადგენს, თუმცა იგივე ადამიანი მას ყოველდღიურ ლოცვებში წარმოთქვამს. მეორე ადამიანისთვის იესო ქრისტეს, ზეციური მამისა და სულიწმიდის რწმენა სიყვარულით ცხოვრებაში ვლინდება. ეს მის სახეზე, საუბარსა და მოქმედებაზე აისახება. ვინ უფრო ახლოს დგას ღვთის სასუფეველთან? პასუხი ნათელია. რა თქმა უნდა, მეორე, სახელით არამართლმადიდებელი, მაგრამ სულით და ჭეშმარიტებით მართლმადიდებელი, უშუალოდ სულის მიერ განსწავლული.
მართლმადიდებლებმა თვითონ უნდა გააცნობიერონ, რომ მართლმადიდებლობა არც პრივილეგიაა და არც საფუძველი სხვათა განსაკითხად. იგი არც ამპარტავნების საბაბია. პირიქით, მართლმადიდებლობა მორჩილება, ჭეშმარიტი სისრულის, სიმართლისა და სიყვარულის აღსარებაა. მართლმადიდებლობა მხოლოდ თავისი ბრწყინვალებით უნდა იმარჯვებდეს, როგორც თავად უფალი, და არა იარაღით. მართლმადიდებლობა ბრწყინავს არა იმ საზოგადოებაში, რომელიც თავისი მართლმადიდებლობით ამპარტავნობს, არამედ საზოგადოებაში, რომელიც მორჩილია თავისი მართლმადიდებლობით და რწმენის სიწმინდეს არა მხოლოდ გონებით, არამედ სულით, მთელი ცხოვრებით აღიქვამს. მართლმადიდებლობის მიზანი ადამიანის ხსნაა, მაგრამ მას ადამიანთა განსაკითხად და წარსაწყმედად იყენებენ. შეიძლება ითქვას, რომ დედამიწაზე არ არსებობს სულით ხორცამდე მართლმადიდებელი ადამიანები. მხოლოდ ნაწილობრივ მართლმადიდებლად შეიძლება ჩაითვალონ ე.წ. მართლმადიდებლებიცა და ისინიცა, არამართლმადიდებლებად რომ მიიჩნევიან, მაგრამ ქრისტეს ეკლესიას აკუთვნებენ თავს და ქრისტესმიერი ცნებებით ცხოვრობენ. მართლმადიდებლობა მიწაზე განფენილი მზის სხივია. იგი ყველა ადამიანს უნათებს, მაგრამ ყველა როდი ნათლდება მისით, რადგან ზოგი გომურში ცხოვრობს, ზოგს სარკმელი დაუხშავს, ზოგიც თვალს არ ახელს… უნებლიეთ ისმის კითხვა: ეს აზრები მცირედით მაინც ხომ არ სცილდება რწმენის სიწმინდეს, იმ სიწმინდეს, რომლისთვისაც წმინდა მამებმა ამდენი სისხლი დაღვარეს და ასეთი მოშურნეობა გამოიჩინეს?
არა! ეს არათუ მართლმადიდებლობის სიწმიდის შელახვა, არამედ სწორედ მისი დაცვა და აღიარებაა.
მაგალითისთვის გავიხსენოთ წმინდათა თაყვანისცემისა და მათ მიმართ ლოცვის შესახებ მართლმადიდებლური სწავლება. სულიერი ცხოვრების ამ მხარეს სექტანტი გაუცნობიერებლად უარყოფს. წმინდათა თაყვანისცემის, მათ მიმართ ლოცვის სულიერ რეალობას ჩვენ ქრისტეში ვამოწმებთ. ცხონდება ადამიანი, თუკი ამ სინამდვილეს არ აღიარებს? შიშის მომგვრელი კითხვაა. ის, რაც ცხონების გზაზე შეწევნას უნდა წარმოადგენდეს, ნუთუ განკითხვის მიზეზად იქცევა, თუკი ამ შემწეობით არ ვისარგებლებთ? რისთვის ისჯებიან წმინდანები – საკუთარი თავის თუ ღვთის სადიდებლად? ცხადია, ღვთის სადიდებლად. წმინდანთა ყოველი ჭეშმარიტი მსახურება, უპირველეს ყოვლისა, ღვთის თაყვანისცემას წარმოადგენს: „საკვირველია ღმერთი თავის წმინდათა შორის“… თუ ღმერთს „პირდაპირ“ და გულწრფელად ვადიდებთ, მაშინ წმინდანები და ანგელოზები ხარობენ, ზეიმობენ, სულიერად გვეამბორებიან. ხოლო ადამიანი, რომელიც წმინდანს ქებას და აკათისტოებს უძღვნის, მისი ცხოვრება კი მათი სულისადმი – ქრისტესმიერი სიწმინდის, სიმართლის, სიკეთის სულისადმი სიყვარულით არ არის გამსჭვალული, უფრო მგმობელი ხომ არ ხდება, ვიდრე მადიდებელი? შესაძლოა, სწორედ ასეთი მართლმადიდებლების გამო ბევრმა ადამიანმა უარი განაცხადა წმინდანების თაყვანისცემაზე, რადგან მათი მსახურების ცხოვრებისეულმა შედეგებმა აცდუნა ისინი… რამდენად გამრუდებული, უსამართლო და უხეშია ადამიანური სიბრძნე, როგორ ვაცვამთ ჯვარს ღვთის უწმინდეს სულს!
მართლმადიდებელი ელესიის განწესებები, თუკი მათ სული ეზიარება, ყველაზე მშვენიერ სულიერ სკოლას წარმოადგენს. მართლმადიდებელ ეკლესიაში ყველაფერი სიცოცხლით და სულიერებით უნდა იყოს აღბეჭდილი. ადამიანია დამნაშავე, თუკი იგი მიწიერი ხდება. ჩვენ, მართლმადიდებელი მწყემსები მასწავლებელნი ვართ ქრისტეში. მოძღვარი ერთია – უფალი იესო ქრისტე. მის გარდა ვერავინ გვმოძღვრავს. ჩვენ მხოლოდ იმას ვასწავლით, როგორ დავემორჩილოთ ერთ მოძღვარს, ვასწავლით არა საკუთარი სახელით, არამედ ქრისტეს სახელით. მაგრამ ვხედავთ, რომ ზოგიერთი ჩვენს გარეშე დაემოწაფა ქრისტეს. რას ნიშნავს ეს? როგორ მოვიქცეთ? მათ წინააღმდეგ მოციქულებივით ავჯანყდეთ და ვთქვათ: ვინც „ჩვენ არ მოგვყვება..?“ (ლუკა, 9,49) მაგრამ ამის გამო მოციქულებმა მაცხოვრისგან ხომ საკადრისი პასუხი მიიღეს?! ეს მართლმადიდებელმა მოძღვრებმაც კარგად უნდა გავაცნობიეროთ. ჩვენ უნდა გვახარებდეს, რომ ადამიანმა ყოვლადძლიერი სულის წყალობით, რომელიც „ქრის, სადაც ნებავს“, სასწაულებრივად გარდაქმნა თავისი ცხოვრება და ღმერთს ნაყოფი უძღვნა. ეგებ გაურკვეველია ამ ადამიანის სულის გზა? მაგრამ იმისთვის როდი ვართ დადგენილნი, რომ სულის მოძრაობა ვსაჯოთ, როცა სულიწმიდის ნაყოფს საკუთარი თვალით ვხედავთ. ნათქვამია: ხე ნაყოფით შეიცნობა. ნაყოფების შესახებ კი ცხადად საუბრობს მოციქული (I კორინთ. 13,4-8). მხოლოდ ერთადერთი ცოდვა არ მოგვეტევება – ცოდვა სულიწმიდის წინააღმდეგ, მისდამი სიყვარულის წინააღმდეგ. ამ კონკრეტულ ცოდვაში სიყალბის მოყვარული, ცოდვის მაქებარი, ბოროტებით ნეტარი ვარდები, მაგრამ არამც და არამც ის, ვინც გონებით აღიქვამს ან ვერ აღიქვამს ანუ სულით ხედავს ან ვერ ხედავს ამა თუ იმ ჭეშმარიტებას. თუკი სულიერი დალტონიზმი მჭირს და სულიერი სამყაროს რომელიმე ფერს ვერ აღვიქვამ, დანარჩენ ფეხებს კი სხვებივით ვხედავ, უარყოფილი უნდა ვიყო? ვფიქრობ, ამ დროს უფრო განსაკუთრებული ზრუნვის, განსაკუთრებული თანაგრძნობის ობიექტად უნდა ვიქცე. სექტანტი, რომელსაც სწამს წმინდა სამება, სულიერი შობის აუცილებლობას ხვდება და ნათლობისადმი შეგნებულ მიდგომას ითხოვს, რომელსაც სჯერა, რომ მორწმუნეს არ უნდა ერიდებოდეს თავისი სარწმუნოების გამჟღავნება გულგრილთა შორის და იცის, რომ ყველას წინაშე უნდა იქადაგოს ქრისტე, სექტანტი, რომელიც ენდობა წმინდა წერილის ყოველ სიტყვას და მარტოოდენ ამ რწმენისადმი მოშურნეობის გამო 1900 წლის მანძილზე ეკლესიაში სულიწმინდის ყველა სხვა გამოვლინებას ზედმეტად თვლის (იგულისხმება გამოცხადებები, რომლებიც კი არ ეწინააღმდეგება, არამედ განმარტავს დაფარულს საღვთო წერილში), მართლმადიდებლების მხრიდან ვითომ გაბოროტებულ დევნას იმსახურებს?! მაშინ რაღაა ჩვენი მართლმადიდებლობა? გაღიზიანებით თუ უხეშად კი არ უნდა ვდევნოთ და განვიკითხოთ არათუ სექტანტი, რომელიც ჩვენი თანამოძმეა მხსნელისა და მაცხოვრისადმი რწმენაში, არამედ ამის უფლება ჩვენ საერთოდ არ უნდა მივცეთ თავს. შეგვიძლია მივუთითოთ შეცდომაზე, სისუსტეზე, თუკი თავად განწმენდილნი ვართ, მაგრამ ეს თანაგრძნობით უნდა მოხდეს. მხოლოდ ჩვენს გულში დამკვიდრებული უხეში საწუთროული სულია უმოწყალო დევნის ღირსი. სწორედ მაშინ გაბრწყინდება ჩვენი მართლმადიდებლობა, რადგან უგუნურებაა რაიმე მიზნის მისაღწევად საშუალების გამართლება. მართლმადიდებლობის დაცვა არ შეიძლება წარმართული და ფარისევლური მეთოდებით. სახარებისეული სულის სიწმინდე – წმინდა მართლმადიდებლობა – დაცულ უნდა იქნეს სახარებისეული, უანგარო, ბრძნული პრინციპებით, იმ სულის დიდი სიყვარულით, რომლისთვისაც ღმერთკაცის სისხლი დაიღვარა.
ქვის სროლა ძალზედ ადვილია. „ძველი იგი კაციც“ ჩვენი სწორედ ნებადართულ საბაბს ეძებს ქვის სასროლად. ყველაზე ხელსაყრელი მისთვის მოშურნეობით შენიღბვაა. დაცვას ხომ უდიდესი სიწმინდე – სარწმუნოებისა და სულის სიწმინდე მოითხოვს! ადამიანი სწორედ ამ სიწმინდეთა დაცვის დროს უნდა იყოს განწმენდილი, სხეული მარხვითა და სულიერი მოწყალებით შემოისარტყლოს. სწორედ ეს იქნება მართლმადიდებლობა მის ცხოვრებაში.
უნდა აღინიშნოს ის უდავო ფაქტი, რომ იესო ქრისტეს განკაცების მაღიარებელი ყველა აღმსარებლობის წიაღში, ყოველ მათგანში, ვინც მის წმინდა სახელს მოუხმობს, არიან სულიერად შობილი ადამიანები. ვგულისხმობ როგორც მართლმადიდებლებს, ასევე კათოლიკებს და სხვადასხვა მიმართულებისა და შეფერილობის პროტესტანტებს. ასევე, პირიქით, ყველა ამ რელიგიურ ჯგუფში არიან ადამიანები, რომლებიც ქრისტეში სულით არ შობილან, რომლებსაც არ სძულთ ბოროტება, არ უყვართ ღმერთი მთელი გულით, მთელი გონებით. ყველა, ვისაც მართლმადიდებელი ეკლესია უნათლავად იღებს, არსობრივად ქრისტიანია, მართლმადიდებელთა ქრისტესმიერი ძმაა და მათთან ურთიერთობა განსაკუთრებულ, ძმურ, მოსიყვარულე ხასიათს უნდა ატარებდეს. ვამბობ განსაკუთრებულს, რადგან ყველას მიმართ ისედაც უნდა გვქონდეს ძმური დამოკიდებულება. მართლმადიდებელი როგორ მოაქცევს ვინმეს რწმენაზე, თუკი ადამიანისადმი სიყვარულით არ იქნება გამსჭვალული? როგორ შეიცნობს ეს ადამიანი სიყვარულის სარწმუნოებას, თუ სიყვარულს ვერ აღმოაჩენს მქადაგებელთან?
ამაზრზენია ღვთის წინაშე ქედმაღლობა და ჩვენ, მართლმადიდებლები, ახლა არა მხოლოდ ჩვენი ხორციელი, არამედ სულიერი ცოდვების გამოც განვისწავლებით ღვთისაგან. „ამბობ: მე მდიდარი ვარ… (მართლმადიდებელი ვარ!), ის კი არ იცი, რომ უბედური და საცოდავი ხარ, ღატაკი, ბრმა და შიშველი“ (გამოცხ. 3,17) – მიმართავს უფალი უსიყვარულო ამპარტავან მართლმადიდებელს. დადგება კი ის კურთხეული დრო, როცა ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა გაბრწყინდება ამ სახელის მქონე ადამიანებში? გასხივოსნდება თვინიერება, გულმოწყალება, სიწმინდე, ქრისტესმიერი წრფელი სიყვარული ყოველი ადამიანის, ყოველი ქმნილების მიმართ. დღესდღეობით რუს მოწამეებში მართლმადიდებელი სარწმუნოება ბრწყინავს. მაგრამ ზოგიერთ სექტანტშიც – მოწამესა და აღმსარებელში, ისევე როგორც ქრისტეს სარწმუნოებისთვის დევნილ და ნაწამებ კათოლიკეში განდიდდა მართლმადიდებლობა, ჭეშმარიტი, წრფელი, არამოჩვენებითი, რომელიც უფრო სპეტაკია ვიდრე ნელთბილი, მშიშარა, მხოლოდ სახელის მატარებელი „ვითომ ცოცხალი“ (გამოცხ. 3,1), სინამდვილეში კი ჩვენი წმინდა დოგმატური მოძღვრების ათასობით მკვდარი მიმდევარის მართლმადიდებლობაა.
აქ ჩვენი მართლმადიდებლობა მხოლოდ ანარეკლი და გამოძახილია ზეციური მართლმადიდებლობისა, მისი მარადიული ჭეშმარიტებისა, მარადიული სრულყოფისა. დოგმატური თვალსაზრისით, ის შეურყვნელადაა გადმოცემული მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებაში, მაგრამ მართლმადიდებლობა არის სული და ცხოვრება და მისი ნაყოფიც მარტოოდენ სიცოცხლეა. მართლმადიდებლობის ნაყოფი კეთილია; ხის შესახებ მსჯელობა კი მხოლოდ ნაყოფის, მისი ყვავილობის შედეგის მიხედვით შეიძლება. დაე, ულამაზო იყოს მისი ფერი, ეკლიანი და მშრალი – ფოთლები, დაბალი და უშნო – ტანი, თუნდაც დალეწილი… მაგრამ თუ ნაყოფი ტკბილია, სუფთა და ნოყიერი, მაშინ ხე მართლმადიდებელია თავისი ნაყოფიერებით. და პირიქით, თვალწარმტაცი აქვს ფოთლები და ყვავილები, ტანი – უზარმაზარი და საოცარი, მაგრამ ნაყოფი – საჭმელად უვარგისი, შხამიანი და მწარეა, მაშინ ეს თვალსაჩინო ხე ვერაფრით გამოავლენს მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებას. გაუბადრუკდება კიდეც, თუკი გამოირჩევს და სხვა სახეზე მეტად აიმაღლებს თავს.
პრაქტიკულად რას წარმოადგენს სექტანტობის სული, რომლის წინააღმდეგაც ლოცვითა და სიფხიზლით უნდა აღვიჭურვოთ? ეს არის ზედაპირული მოშურნეობა: რწმენის რაციონალიზება, რწმენის სიწმინდის მუდმივი თვალთვალი და სიღრმის დაკარგვა. ეს სიყვარულის ნაკლებობაა. ზოგიერთი მართლმადიდებელი თავის სარწმუნოებას სექტანტურად იცავს. ისე იყენებს საღვთო წერილის ტექსტებსა და კანონებს, როგორც ხელჯოხს; აგინებს სექტანტებსაც და თავისიანებსაც (გავიხსენოთ ახალი და ძველი განხეთქილებები); სარწმუნოებას ღვთისადმი სასოებისა და ადამიანის სიყვარულის გარეშე იცავს. ხდება პირიქითაც – ზოგიერთ სექტანტში ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით მართლმადიდებელი სული იღვიძებს. მაგალითად, წმინდანებთან ურთიერთობის მნიშვნელობას სექტანტები ვერ გებულობენ; ამიტომ არ სურთ სულის ამ გამოცდილებასთან ზიარება და მედიდურად უარყოფენ მას. მაგრამ თუ ერთი სექტანტი მართლმადიდებლებს „კერპთთაყვანისმცემლობისთვის“ გაკიცხავს, მეორე „მსჯავრს ღმერთს დაუთმობს“ და მხოლოდ მშვიდად ილოცებს მოძმე მართლმადიდებლების ჭეშმარიტებით განათლებისთვის. ორივე მათგანი ზეციურ ეკლესიასთან ურთიერთობის მართლმადიდებლური გამოცდილების მიღმა იმყოფება, მაგრამ პირველი არამართლმადიდებლურადაა განწყობილი, მეორე კი – მართლმადიდებლურად. ეს უკანასკნელი, მიუხედავად მისი არამართლმადიდებლური მრწამსისა, შესაძლოა, ღვთის წინაშე უფრო მეტად შეირაცხოს მართლმადიდებლად, ვიდრე ის მართლმადიდებელი, წმინდანებთან მხოლოდ გარეგნულად, რიტუალურად რომ ურთიერთობს, გულით კი სულაც არ მიისწრაფვის მათკენ და არ ცდილობს სახარებისეული მცნებების მიხედვით ცხოვრებას.
ყველა ადამიანი ცოდვილია. „არავინ არის მართალი“ (რომაელ, 3,10) – ეს უნდა გავაცნობიეროთ. განვიკითხოთ კი არა, უნდა შევეწიოთ ერთმანეთს, ერთმანეთისგან ჭეშმარიტებას ვეზიაროთ. რამდენი ზღუდე დაემხობა მაშინ!
ღმერთს საკუთარი თავი ცხონების მხოლოდ ადამიანური გონებისთვის გასაგები კანონებით რომ შემოესაზღვრა, უეჭველია, ყველანი დავიღუპებოდით. საბედნიეროდ, ეს ასე არ არის. საღვთო გამოხსნის კანონები ჩვენს აღქმას აღემატება. უფრო სწორედ ჩვენს აღქმაზე ბევრად ღრმაა. მაცხოვარი ღმერთია, ჩვენ კი, ადამიანები, მის წინაშე უძლური და ცოდვილი ქმნილებანი ვართ… „ყოველი ჩვენი სიქველე წარმავალი სამოსელივითაა“ (ესაია, 64,5). ჩვენი მართლმადიდებლობაც „წარმავალი სამოსელივითაა.“ ამის გაცნობიერება მხოლოდ მართლმადიდებლობის სიღრმესა და სიდიადეს ავლენს და მის განუზომელ ჭეშმარიტებაზე მიუთითებს.
თარგმნა ევგენი მიქელაძემ
გამოქვეყნდა ჟურნალში „ზღვარი N2(4), 2004, გვ. 15-21.
არსებობს ამ სტატიის ქართული თარგმანის მეორე ვერსიაც, რომელიც 2011 წელს გიორგი კილაძემ შეასრულა. თარგმანი გამოქვეყნდა საიტზე: http://www.orthodoxtheology.ge/სექტანტობა-მართლმადიდებ/
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s