დოსტოევსკი – ძმები კარამაზოვები [ბერი ზოსიმას დარიგებანი]

„მას [დოსტოევსკის] ქრისტიანობის ძალზე ღრმა განცდა ჰქონდა და, თუკი გადაიკითხავთ ხუცეს ზოსიმას ჩანაწერებს რომანში „ძმები კარამაზოვები“, ამ სტრიქონებიდან განწმენდის საოცარი მადლი მოგეფინებათ“.
ალექსანდრე მენი. შეკითხვები და პასუხები. თბ., კავკასიური სახლი 2010, გვ. 243.
წიგნი მეექვსე, თავი III

ამონაკრები ბერი ზოსიმას საუბრებიდან და ქადაგებებიდან

) ზოგიერთი რამ რუსი მონაზვნის და მისი დანიშნულების შესახებ
მამანო და მოძღვარნო ჩემნო, ვინ არის მონაზონი? დღესდღეობით, განათლებული საზოგადოების ნაწილი ამ სიტყვას დაცინვით ხმარობს, ზოგიერთი კი სალანძღავად. რაც დრო გადის, მით უფრო მეტად. ისიც მართალია, ამას წყალი არ გაუვა, მონაზვნებს შორის ბევრი მუქთახორა, მუცელღმერთა, მრუში და თავხედი მაწანწალაა. ამის შესახებ ხშირად მიგვითითებენ ხოლმე განათლებული მაღალი წრის წარმომადგენლები: „თქვენ ზარმაცი და საზოგადოებისათვის გამოუსადეგარი ხალხი ხართ, სხვისი შრომით ცხოვრობთ და ურცხვად მათხოვრობთო“. მაგრამ რამდენია მონაზონთა შორის უწყინარი და თვინიერი, რომელთაც განმარტოება და სიჩუმეში გულმხურვალე ლოცვა სურთ. მათზე თითქმის არაფერს ამბობენ, დუმილით უვლიან გვერდს და ძალიან უკვირთ, როცა ვეუბნები: ამნაირ თვინიერ განდეგილთაგან, შესაძლოა, კიდევ ერთხელ მოგვევლინოს რუსეთის გადამრჩენელი-მეთქი! რამეთუ ისინი ჭეშმარიტად მზად არიან „ყოველსაათს და ყოველდღე, ყოველთვე და ყოველწელს!“ ჯერჯერობით ისინი თავიანთ სიმარტოვეში გულით დაატარებენ ქრისტეს მშვენიერ და უცვლელ ხატებას და ღმერთის მიერ ძველთაძველი მამების, მახარებლებისა და წამებულების საშუალებით გადმოცემულ წმიდა ღვთიურ სიმართლეს. როცა ამის საჭიროება დადგება, ისინი დაეჭვებულ მსოფლიოს ამ სიმართლეს განუცხადებენ. ამაში დიდებული აზრია ჩადებული. ესე ვარსკვლავი აღმოსავლეთიდან ამობრწყინდება.
მე ასე ვფიქრობ მონაზვნობაზე, ნუთუ მცდარია ჩემი აზრი, არის კი ამაში რაიმე ქედმაღლური? გადახედეთ უფლის მიერ შექმნილ ამა სოფლის მკვიდრთ, ხომ არ დამახინჯდა მათ თვალში უფლის ხატება და ჭეშმარიტება? მათი მეცნიერება მხოლოდ შეგრძნებებზეა აგებული. ხოლო სულიერი სამყარო, ადამიანის არსობის უმაღლესი ნახევარი მთლიანად უარყოფილია, განდევნილია რაღაცნაირი ზარ-ზეიმით და სიძულვილითაც კი. უკანასკნელ ხანებში გამოაცხადეს თავისუფალი სამყარო, მაგრამ რაში მდგომარეობს ეს თავისუფლება: მხოლოდ და მხოლოდ მონობაში და თვითმკვლელობაში! რამეთუ მატერიალური მსოფლმხედველობა ღაღადებს: „გაქვს მოთხოვნილებები, დაიკმაყოფილე ისინი, ვინაიდან შენც ისეთივე უფლებები გაქვს, როგორიც ძლიერთა ამა ქვეყნისა. ნუ შიშობ შენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, პირიქით, ამრავლე ისინი“. ასეთია დღევანდელი მსოფლიოს სწავლება. ამაში ხედავენ ისინი თავისუფლებას. რა გამოვა მოთხოვნილებების გაზრდის ამ უფლებიდან? მდიდრებისათვის გათითოკაცება და სულიერი თვითმკვლელობა, ღარიბთათვის შური და მკვლელობა, რადგან უფლებები კი მისცეს, მაგრამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება არ ასწავლეს. იმასაც ამტკიცებენ – მსოფლიო რაც დრო გადის, უფრო და უფრო ერთიანდება, ძმური ურთიერთობები მყარდება, რადგან მანძილები მოკლდება და შესაძლებელი ხდება ჰაერით აზრების გადაცემაო. ვაი რომ, ამ გზით ადამიანები ვერ გაერთიანდებიან. რაკი მათი გაგებით, თავისუფლება მოთხოვნილებების გაზრდაში და მათ უსწრაფეს დაკმაყოფილებაშია, ამიტომ ისინი ამახინჯებენ თავიანთ ბუნებას, რამეთუ სისხლში უჯდებათ ნაირ-ნაირი უაზრო და სულელური სურვილი, ჩვევა და საკუთარი აბდაუბდა გამონაგონების ტყვეები ხდებიან. მხოლოდ იმისათვის ცხოვრობენ, ერთმანეთის რომ შურდეთ, ამოიყორონ მუცლები და ზემოდან უცქირონ ყველას. გამართონ სადილები და პიკნიკები, ჰქონდეთ ეკიპაჟები და ჩინები, ჰყავდეთ პირისფარეშთა და მოახლეთა ამალა… ეს უკვე ისეთ აუცილებლობად ექცათ, რომ მათი გულისათვის შეიძლება თავიც გაწირონ, ნამუსი გაყიდონ და ადამიანი მოკლან. უფრო ხელმოკლეებსაც ემართებათ იგივე, ხოლო ღარიბ-ღატაკები მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებასა და შურს ლოთობით იხშობენ. მაგრამ მალე ღვინის სმის მაგივრად სხვისი სისხლის სმას დაიწყებენ, მაგასაც მოვესწრებით, იქამდეც მივალთ. გეკითხებით: თავისუფალია ასეთი კაცი? მე ვიცნობდი ერთ „იდეისათვის მებრძოლ“ ადამიანს, თავად მომიყვა, როცა საპატიმროში თამბაქო აღარ მისცეს, ისე იტანჯებოდა, ლამის უღალატა თავის „იდეას“, ოღონდ კი მოსაწევი მიეცათ. ასეთი კაცის დევიზი კი, მოგეხსენებათ, როგორია: „კაცობრიობისათვის უნდა ვიბრძოლო“. ნუთუ ასეთ კაცს ბრძოლა შეუძლია, მას რისი თავი აქვს? მხოლოდ ნაუცბათევ, რაღაც მყისიერ ქმედებას თუ შეძლებს, რომელსაც დიდხანს ვერ გაუძლებს. ასეთები, არცაა საკვირველი, თავისუფლების მაგივრად მონობაში რომ ჩაცვივდნენ, ხოლო კაცმოყვარეობისა და კაცობრიობის ერთიანობის სამსახურის მაგივრად ერთმანეთს დაშორდნენ და გათითოკაცდნენ, როგორც ამას მეუბნებოდა ჩემს ახალგაზრდობაში  ჩემი  საიდუმლო  სტუმარი  და  მოძღვარი.  ამიტომაცაა ახლა მსოფლიოში სულ უფრო და უფრო კარგავს აზრს კაცობრიობის სამსახურის, მოყვასის სიყვარულისა და ადამიანის სრულყოფილების იდეა; ახლა ეს იდეები დაცინვის საგნადაც კი იქცა, რამეთუ მაშინ უარი უნდა თქვან თავიანთ ჩვევებზე. სად უნდა წავიდეს თავისი სურვილების ტყვე ადამიანი, თუკი ასე მიეჩვია იმ უსასრულო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, რომელიც თავად გამოიგონა? იგი მარტოსულია და არა ესაქმება რა საზოგადოებასთან. ბოლოს და ბოლოს, ქონებას ბევრს კი დააგროვებს, ხოლო სიხარული სულ უფრო და უფრო მცირე ექნება.
სულ სხვაა მონაზვნის გზა. ახლა, როცა მორჩილებას, მარხვასა და ლოცვას დასცინიან, ავიწყდებათ, რომ მხოლოდ მათი საშუალებითაა შესაძლებელი ჭეშმარიტი თავისუფლების გზაზე დადგომა: ვახშობ ჩემში ზედმეტ და არასასურველ მოთხოვნილებებს, მორჩილებითა და თვითგვემით ვიოკებ ამპარტავნულ და პატივმოყვარულ ნებას, ასე და ამგვარად და კიდევ უფლის შემწეობით ვაღწევ სულის თავისუფლებასა და სულიერ აღტაცებას! ვის უფრო შესწევს უნარი, აიტაცოს დიადი იდეა და ემსახუროს მას – გათითოკაცებულ მდიდარს, თუ ყოველივე მატერიალური საგნებისა და უზნეო ჩვევების ტირანიისაგან გათავისუფლებულ კაცს? მონაზონს განდეგილობის გამო კიცხავენ: „მოყუჩებულხარ მონასტრის კედლებში საკუთარი თავის გადასარჩენად და კაცობრიობისადმი ძმური სამსახური გადაგავიწყდაო“. მაგრამ მოდი, ვნახოთ, ვინ უფრო მეტი გულმოდგინებით ეკიდება მოყვასის სიყვარულს? რამეთუ ჩვენ კი არ ვცხოვრობთ განმარტოებით, არამედ ისინი, მაგრამ ვერ ხედავენ ამას. ძველთაგანვე ჩვენგან, მონაზვნებისგან, ყოველთვის სახალხო მოღვაწეები გამოდიოდნენ, ახლა რა უნდა  დაგვემართოს?  ისევ  ისინი, მორჩილები და თვინიერები, მემარხულენი და დაყუდებულნი ადგებიან და გაემართებიან დიადი საქმეების საკეთებლად. რუსეთის გადარჩენა რუს ხალხს შეუძლია. რუსეთის მონასტრები ყოველთვის ხალხის მხარეს იდგა. თუ ხალხი განზე დგას, მაშინ ჩვენც განაპირებულები ვართ. ხალხი ჩვენსავით მორწმუნეა, ხოლო ურწმუნო მოღვაწე რუსეთში ვერაფერს შეძლებს, თუნდაც საქმეს წრფელი გულით აკეთებდეს და თან უნიჭიერესიც იყოს. ეს დაიმახსოვრეთ. ხალხი წინ აღუდგება ღვთისმგმობელობას, დაამარცხებს მას და გახდება რუსეთი ერთიანი მართლმადიდებლური ქვეყანა. გაუფრთხილდით ხალხს და დაიცავით ის. სიმშვიდეში აღზარდეთ მრევლი. ეს არის თქვენი მონაზვნური ღვაწლი, რამეთუ ხალხია  ღმერთის გულით მატარებლი.
ვ) ორიოდ სიტყვა ბატონებსა და ფარეშებზე და კიდევ იმაზე, შესაძლებელია თუ არა მათ შორის დამყარდეს სულიერი ძმობა
ღმერთო, ვინა თქვა, ხალხი ცოდვილიაო. ხალხის გახრწნა ზემოდან ხდება, ყოველდღიურად თვალნათლივ ჩანს როგორ ჭირივით ედება ხრწნილი საზოგადოების ყველა ფენას. იწყება ხალხის დაცალკევება: გლეხებს შორის გაჩნდნენ კულაკები და სოფლის წურბელები; ვაჭარსაც უფრო და უფრო მეტი პატივის მიღება სურს, თავი განათლებულად მოაქვს, როცა წესიერად წერა- კითხვაც არ იცის, ძველთაძველ წეს-ჩვეულებებს უარყოფს და მამა-პაპათა რწმენის  რცხვენია, თავადაზნაურობაში გაერია, მაგრამ მაინც ტეტიად დარჩა. ხალხი გალოთდა და უკვე აღარ შეუძლია თავი დააღწიოს სმას. როგორ სასტიკად ექცევიან ქმრები ცოლ-შვილს და ეს ყოველივე ლოთობის გამოისობითაა. მე მინახავს ფაბრიკებში მომუშავე ათი წლის ბავშვები, გაძვალტყავებულები, დაბეჩავებულები, წელში მოხრილები და უკვე გარყვნილები. ჩახუთული დარბაზი, მოგუგუნე მანქანები, მთელი დღე ქანცგამომცლელი შრომა, უწმაწური სიტყვები და ლოთობა… ლოთობა, ეს სჭირდება ასეთი პატარა ბალღის სულს? მას უნდა მზე საბავშვო თამაშობები, ყველგან სამაგალითო საქციელი და სიყვარული, თუნდაც მცირე სიყვარული მაინც. ასე არ შეიძლება! არ შეიძლება ასე დაიტანჯონ ბავშვები. მონაზვნებო, ადექით და დაუყოვნებლივ, სასწრაფოდ, ყველგან იქადაგეთ ეს. ღმერთი არ გაწირავს რუსეთს, ის გადაარჩენს მას, რადგან, მართალია, გაირყვნენ რუსეთის მდაბიონი, მათ არ შეუძლიათ უარი თქვან ბინძურ ცოდვებზე, მაგრამ ის მაინც იციან, რომ სცოდავენ და მათ მიერ ჩადენილი ყველა ცოდვა ღმერთის მიერაა შეჩვენებული. ასე რომ, ჯერჯერობით, ჩვენს ხალხს გულმხურვალედ სჯერა სიმართლის, სწამს ღმერთი და  გულაჩუყებული ქვითინებს, მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებისაგან განსხვავებით. ამ უკანასკნელებს სურთ, მეცნიერული თანმიმდევრობით, თავიანთ ჭკუაზე მოიწყონ სამართლიანი ცხოვრება, ოღონდ ქრისტეს გარეშე, როგორც უწინ იყო. უკვე გამოაცხადეს, რომ თუ არ არის ჩადენილი დანაშაული, მაშინ ცოდვაც არ არსებობსო. მათი გაგებით, ეს, მართლაც, ასე უნდა იყოს: რამეთუ თუ ღმერთი არ გწამს, მაშინ რაა დანაშაული? ევროპაში ხალხი მდიდრებს უჯანყდება, ძალას ხმარობს მათზე. ბელადებს ადამიანები გამუდმებით სისხლისღვრამდე მიჰყავთ და თან უქადაგებენ, რომ სამართლიანია მათი რისხვა. მაგრამ „წყეულია მათი რისხვა, რამეთუ სასტიკია იგი“. რუსეთს გადაარჩენს უფალი ღმერთი, როგორც არაერთხელ გაუკეთებია ეს. ხსნა ხალხიდან მოვა, ხალხის რწმენიდან და მორჩილებიდან. გაუფრთხილდით ხალხის რწმენას, მამანო და მოძღვარნო. ყოველთვის მაოცებდა ჩვენი დიადი ხალხის ჭეშმარიტად  მშვენიერი  ღირსება, რაც თავად მინახავს, თავად შემიძლია დავადასტურო, მიხილავს და გამკვირვებია, თუმცა, აგრეთვე, მინახავს ჩვენი ხალხის ბინძური  ცოდვებიც  და მისი სიბეჩავეც. ჩვენი ხალხი ქედუხრელია, ეს მას შემდეგ, რაც ორი საუკუნე მონობაში გაატარა. თავისუფალია სახითაცა და ქცევითაც, ბოღმას გულში არ იკარებს, არც შურიანია და არც შურისმაძიებელი. „შენ მდიდარი  და  ცნობილი კაცი ბრძანდები, ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანი – ღმერთმა ხელი მოგიმართოს. პატივსა გცემ, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ მეც ადამიანი ვარ და ყოველგვარი შურის გარეშე გცემ პატივს, ამით მე ჩემს კაცურ ღირსებას ვავლენ“. ჭეშმარიტად, ამას თუ არ ამბობენ (რადგან ჯერ არ იციან, ეს როგორ თქვან), იქცევიან მაინც ასე. თავად მინახავს, თავად გამომიცდია და დამიჯერეთ: რაც უფრო ღარიბი და მდაბიოა რუსი კაცი, მით უფრო შესამჩნევია მასში ეს მშვენიერი სიმართლე. ხოლო ბობოლა კულაკები და სოფლის ხორცმეტები უკვე გათახსირებულები არიან, ეს ყველაფერი კი ჩვენი დაუდევრობით და მათდამი უსულგულო დამოკიდებულებით მოხდა! მაგრამ ღმერთი დაიფარავს რუს ხალხს, რამეთუ დიადია რუსეთი თავისი თავმდამბლობით. ვოცნებობ, ვიხილო და თითქოს ვხედავ კიდეც ჩვენს მომავალს: მოხდება ისე, რომ ყველაზე თახსირი მდიდარიც კი გაითავისებს სირცხვილს თავისი სიმდიდრის გამო, ხოლო ღარიბი იხილავს რა მდიდრის თავმდაბლობას, ყველაფერს გაუგებს და გაუნაწილებს სიხარულს და მოეფერება. დამიჯერეთ, ასე დამთავრდება ეს: იქით მივდივართ. მხოლოდ ადამიანურ სულიერ ღირსებაშია თანასწორობა, ამას მხოლოდ ჩვენთან მიხვდებიან. ძმები იყვნენ და ძმობაც იქნება, ძმობა კი განუყოფელია. ქრისტეს ხატება ჩვენს გულებშია, მისი ბრწყინვალება უძვირფასესი ალმასივით ეფინება ქვეყნიერებას…  ეგების,  ეგების!
მამანო და მოძღვარნო, ერთხელ გულისამაჩუყებელი ამბავი გადამხდა თავს. მოგზაურობის დროს, ერთ-ერთი გუბერნიის ქალაქ კ-ში ჩემს დენშიკს, აფანასის შევხვდი. რვა წლის უნახავი გვყავდა ერთმანეთი. მან შემთხვევით დამინახა ბაზარში, მიცნო და მომვარდა. ღმერთო ჩემო, როგორ გაუხარდა ჩემი ნახვა! მითხრა: „მამაო, ბატონო, ეს თქვენ ხართ? ნუთუ ეს თქვენა ხართ?“ წამიყვანა თავის სახლში. იგი სამხედრო სამსახურიდან გადამდგარიყო, ცოლი შეერთო და ორი პატარა ბავშვიც შეძენოდა. ცოლ-ქმარს ბაზარში პატარა დახლი ჰქონდათ და მეწვრილმანეობით ირჩენდნენ თავს. ერთ პატარა, სუფთა და კოხტად გაწყობილ ოთახში ცხოვრობდნენ. შემიყვანა სახლში, დამსვა და სამოვარი გააჩაღა. ცოლის დასაძახებლად კაცი გაგზავნა. თითქოს რაღაც დიდი სიხარული მიანიჭა ჩემმა ნახვამ. მომიყვანა ბავშვები და მთხოვა, დამილოცეო. – „მე როგორ დავლოცო, – ვუთხარი, – ერთი უბრალო მონაზონი ვარ, ღმერთს შევევედრები მათთვის, შენზე კი, აფანასი პავლოვიჩ, ღმერთს ყოველდღე ვევედრები, იმ დღიდან მოყოლებული გლოცავ, რამეთუ შენგან დაიწყო ყველაფერი.“ მოვუყევი მას ჩემი ამბავი, როგორც შემეძლო. მიყურებდა ეს კაცი, ვერ წარმოედგინა, რომ მე, მისი ყოფილი ბატონი, ოფიცერი, მის წინაშე ასეთი სახით, ბერის სამოსში გამოწყობილი წარვდექი და ატირდა. „რა გატირებს, – ვუთხარი, – ჩემთვის დაუვიწყარი ადამიანი ხარ, სჯობს, გაიხარო ჩემთან ერთად, რამეთუ გულის გასახარელი და ნათელია ჩემი მომავალი“. ბევრს არ ლაპარაკობდა, ოხრავდა და გულაჩუყებული თავს აქნევდა. „თქვენი ქონება სად არისო,“ – მკითხა. „მონასტერს გადავეცი, ჩვენ კი საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობთ-მეთქი,“ – ვუპასუხე. ჩაის შემდეგ წასვლა დავაპირე. გამოთხოვებისას ათშაურიანი გამომიტანა და ხელში სწრაფად ჩამიტენა. „ეს, უცნაურო მოგზაურო, იქნებ სადმე გამოგადგეთო“. ფული ავიღე, თავი დავუკარი მასპინძელსა და მის მეუღლეს და გახარებული წამოვედი. მოვდიოდი და ჩემთვის ვფიქრობდი: „ახლა ჩვენ ორივე გაკვირვებულები და გახარებულები ვართ, ის შინა და მე გზაში, ვიგონებთ, როგორ შეგვახვედრა ღმერთმა ერთმანეთს“. მას შემდეგ აღარსად მინახავს. მე ვიყავი მისი ბატონი, ის ჩემი ფარეში, ახლა კი როცა ერთმანეთს შევხვდით, გულაჩუყებულებმა ერთმანეთი გადავკოცნეთ დიდი სიყვარულით, ჩვენ შორის წარმოიშვა დიდი ადამიანური ერთობა. ამაზე ბევრს ვფიქრობდი და ახლა ყოველივე ასე წარმომიდგენია: ნუთუ ასე მიუწვდომელია ადამიანთა გონებისათვის, რომ ეს უბრალო და სადა ერთიანობა დროულად და საყოველთაოდ განხორციელდეს რუსეთში?  ღრმად მწამს, ეს ასე მოხდება, ამის დრო მალე  დადგება.
ფარეშებზე კიდევ ამას დავუმატებ: ახალგაზრდობაში ფარეშებს ხშირად ვუბრაზდებოდი, ხან მზარეულს ვუყვიროდი ცხელი კერძის მოტანის გამო, ხან დენშჩიკს – გასაწმენდი ტანსაცმლის გამო. მაგრამ შემდეგ ჩემი ძვირფასი ძმის სიტყვები გამახსენდა, ბავშვობაში რომ მესმოდა მისგან: „განა მე ვარ იმის ღირსი, სხვა რომ მემსახურებოდეს, მაქვს კი უფლება ისინი სიღარიბისა და გაუნათლებლობის გამო დავიბრიყვოო?“ ჰოდა, მიკვირდა მაშინ, ასე უბრალo აზრები, ასე ადვილად გასაგები, როგორ გვიან ჩნდება ჩვენს გონებაში-მეთქი. ცხადია, მოსამსახურეების გარეშე შეუძლებელია ამქვეყნიური ცხოვრება, მაგრამ ის მაინც გავაკეთოთ, რომ ჩვენი მსახური სულიერად აზატ კაცზე თავისუფალი იყოს. რატომ არ შემიძლია, მე ვიყო ჩემი ფარეშის მსახური ისე, რომ მან იგრძნოს ეს, არც მე მრცხვენოდეს ამის და არც მას უკვირდეს? რატომ არ შეიძლება, ჩემი ფარეში იყოს ჩემთვის მახლობელი ადამიანი, რომ შემეძლოს ჩემს სახლში მისი მიღება და მისი ნახვით გახარება? ამის განხორციელება ახლაც შეიძლება, ხოლო მომავლისათვის იგი ადამიანთა დიდებული ერთიანობის საწინდარია, როცა ადამიანი ფარეშს კი არ დაუწყებს ძებნას, თავისი მსგავსის მსახურად გამოყენება კი არ მოუნდება, როგორც ახლაა, არამედ პირიქითთავად ეცდება, ყველას მსახური გახდეს, როგორც ეს სახარებაშია ნათქვამი (აქ და ქვემოთ ხაზგასმა ჩემია, დ.თ.) [„იესომ მიიხმო ისინი და უთხრა: თქვენ იცით, რომ ხალხთა მთავარნი მბრძანებლობენ მათზე, და დიდებულნი განაგებენ მათ. ხოლო თქვენს შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში მოისურვებს უფროსობას, თქვენს მსახურად იქცეს“, მათე 20:25-26]. ნუთუ ეს ოცნებაა, რომ ბოლოს და ბოლოს ადამიანმა ცხოვრებაში განმანათლებლობითი და ქველმოქმედებითი მოღვაწეობით გაიხაროს და არა ისეთი სიამეებით, როგორიცაა მუცელღორობა, მრუშობა, ამპარტავნება და ბაქიობა?  მტკიცედ მჯერა, ეს დრო მალე დადგება. დაცინვით მეკითხებიან ხოლმე: ნუთუ დადგება ასეთი დრო, ჩანს კი მისი რაიმე ჩანასახიო? მე ასე ვფიქრობ: ჩვენ ქრისტეს დახმარებით ამ საქმეს გადავწყვეტთ. სამყაროს შექმნიდან რამდენი იდეა იყო ამ ქვეყანაზე, რომელიც ათეული წლების განმავლობაში განუხორციელებლად ითვლებოდა, მაგრამ როცა გაივლიდა მისი იდუმალების ვადა, კვლავ გამოჩნდებოდა და მთელ მსოფლიოს მოედებოდა ხოლმე? ასე მოხდება ჩვენთანაც, მთელ ქვეყნიერებაზე გაბრწყინდება ჩვენი ერი, ყველა იტყვის მასზე: „ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, კუთხის თავად დაიდოო“ [მათე 21:42]. ჩვენს დამცინავებს კი ვკითხავ: თუ ჩვენ მეოცნებეები ვართ, თქვენ როდისღა ააშენებთ ახალ შენობას და თქვენს ჭკუაზე მოიწყობთ სამართლიან ცხოვრებას ქრისტეს დაუხმარებლად-მეთქი? თუკი ისინი ამტკიცებენ, რომ, პირიქით, ერთიანობისაკენ მიისწრაფიან, მაშინ ეს შეიძლება ჭეშმარიტად სჯეროდეთ, მათ შორის ყველაზე გულუბრყვილოებს. საკვირველია მათი გულუბრყვილობა. ნამდვილი მეოცნებეები ისინი ყოფილან, და არა ჩვენ. მათ ქრისტეს გარეშე სურთ სამართლიანი ცხოვრების შექმნა, მაგრამ ყველაფერი იმით დასრულდება, რომ ისინი სისხლით მორწყავენ ქვეყანას, რამეთუ სისხლი სისხლისა წილ, მახვილის აღმმართველი მახვილით მოისპობა. ქრისტიანული მცნებები რომ არა, ადამიანები ერთმანეთს ამოჟუჟავდნენ. ბოლოს ორი კაციც რომ დარჩეს, ისინიც კი არ გაუფრთხილდებიან ერთმანეთს, ერთი მეორეს მოსპობს და მარტო დარჩენილი საკუთარ თავსაც მოუღებს ბოლოს. ეს აუცილებლად ასე მოხდება, რომ არ არსებობდნენ ამქვეყნად ქრისტინული მცნებების მიმდევარი თვინიერი და მორჩილი ადამიანები. ჯერ კიდევ მაშინ, დუელის შემდეგ, როცა ოფიცრის მუნდირში გამოწყობილმა საზოგადოებას განვუცხადე ფარეშების შესახებ, ისინი გაკვირვებულები მეკითხებოდნენ: „ეგ როგორ, დავსვათ ჩვენი მსახურები დივანზე და ჩაი მივართვათ?“ მე ვპასუხობდი: „რატომაც არა, ხანდახან მაინც“. მაშინ ყველას ეცინებოდა. მათი კითხვა ფუქსავატური იყო, ჩემი პასუხი კი ბუნდოვანი, მაგრამ, ჩემი აზრით, ის რაღაც სიმართლეს შეიცავდა.
 ზ) ლოცვის, სიყვარულისა და სხვა სამყაროსთან ურთიერთშეხების შესახებ
ჭაბუკო, ნურასოდეს დაგავიწყდება ლოცვა. ლოცვის დროსყოველთვის, თუკი გულწრფელად ლოცულობ, ახალი გრძნობა აღგეძვრება, ეს გრძნობა ახალ აზრს გაგიჩენს, რომელიც ადრე ფიქრადაც არ მოგსვლია და რომელიც მხნეობას შეგმატებს; მიხვდები, რომ ლოცვა სულის წრთვნაა. ერთიც დაიმახსოვრე: ყოველდღიურად, როცა კი შეძლებ, შენთვის იმეორე: „ღმერთო, შეიწყალე ყველა, ვინც დღეს შენ წინაშე წარდგება“. რადგან ყოველწუთს, ყოველწამს ათასობით ადამიანი ტოვებს ამქვეყნიერ ცხოვრებას და მათი სულები წარდგებიან ღმერთის წინაშე – მათ შორის ბევრი უჭირისუფლოდ გადაეგება, ისე რომ არც ერთ კაცს, არც ერთ სულიერს არ დასწყდება მათზე გული. შესაძლოა, შენი ლოცვა შეეწიოს რომელიმე სულს, რომლის შესახებაც შენ არაფერი გსმენია. როგორ სალბუნად დაედება ღმერთის წინაშე წარმდგარ მის დამფრთხალ სულს,  როცა  იგრძნობს, რომ დედამიწაზე დარჩა ადამიანი, რომელიც მისთვის ლოცულობს და უყვარს იგი. ღმერთი მოწყალებით გადმოგხედავთ ორივეს, რამეთუ, თუკი შენ შეიცოდე ის, მით უმეტეს შენზე კაცთმოყვარე და გულმოწყალე ღმერთი შეიცოდებს მას და შეუნდობს ყოველივეს შენი ლოცვის  წყალობით.
ძმებო, ნუ შეგაშინებთ ადამიანთა ცოდვები, გიყვარდეთ ადამიანი თავისი ცოდვებით, რამეთუ ასეთი ღვთიური სიყვარულის მსგავსი სიყვარული არის ყველაზე დიდი სიყვარული ამქვეყნად. გიყვარდეთ ყოველივე ღმერთის მიერ შექმნილი, მთელიც და უმცირესი ნაწილაკიც. გიყვარდეთ ყველა ფოთოლი, ყოველი ღვთიური სხივი. გიყვარდეთ ცხოველები, მცენარეები და ნებისმიერი ნივთი. თუ ყველაფერი გეყვარებათ, მაშინ ღმერთის საიდუმლოებას ჩასწვდებით ამ ნივთებში. თუ ერთხელ ჩასწვდები, შემდეგ დაუსრულებლად, დღითიდღე, უფრო და უფრო დაიწყებ მის შეცნობას. მერმე შეგიყვარდება მთელი სამყარო საყოველთაო მსოფლიო სიყვარულით. გიყვარდეთ ცხოველები: მათ ღმერთმა მიანიჭა აზრის საწყისი და უშფოთველი სიხარული. ნუ აღაშფოთებთ მათ, ნუ გააწვალებთ და ნუ წაართმევთ სიხარულს, წინ ნუ აღუდგებით ღმერთის ნებას. ადამიანო, ზემოდან ნუ უყურებ პირუტყვს: ის უცოდველია, ხოლო შენ შენი ზვაობით მიწას ანაგვიანებ და სიკვდილის შემდეგ მასზე ტოვებ შენს ბინძურ კვალს – ვაი, რომ ყველა ასეთი ვართ! განსაკუთრებით გიყვარდეთ ბავშვები, რამეთუ ისინი უცოდველი ანგელოზები არიან, თავიანთი არსებობით ჩვენში კეთილი გრძნობების გამღვიძებელნი, ჩვენი გულების განმწმენდელნი და მაგალითის მაჩვენებელნი. ბავშვების სიყვარულს მამა ანფიმი მასწავლიდა: ეს კეთილი და უტყვი კაცი ჩვენი მოგზაურობის დროს მოწყალებით აღებული გროშებით ბავშვებისათვის თაფლაკვერს და შაქარყინულს ყიდულობდა, იგი მათ სულიერი მღელვარების გარეშე გვერდს ვერ უვლიდა: ასეთი ადამიანი იყო.
ხანდახან, როცა ხედავ, ადამიანი ცოდვას ჩადის, გაოგნებული თავს ეკითხები: „ძალით დავთრგუნო, თუ თვინიერი სიყვარულითო?“ უპირატესობა ყოველთვის სიყვარულს მიანიჭე. მოყვასის სიყვარული ის უზარმაზარი ძალაა, რომელიც საშუალებას მოგცემს, მთელი ქვეყანა დაიმორჩილო. მასზე ძლიერი ამქვეყნად არაფერია. ყოველდღე, ყოველსაათს, ყოველწუთს შენს თავს უტრიალე, შორიდან უმზირე, რომ შენი გარეგნობა მუდამ მშვენიერი იყოს. დავუშვათ, რაიმე საზრუნავით დაბოღმილმა, გაავებულმა და ბრაზმორეულმა ბავშვს გვერდზე გაუარე და ვერ შეამჩნიე იგი, მან კი დაგინახაშესაძლოა, შენი ცოფმორეული და ქუში სახე მის დაუცველ  გულში სამარადისოდ დარჩეს. შენდა უნებურად, შესაძლოა, შენი საქციელით მასში ბოროტი თესლი ჩააგდო, რომელიც გაღივდება და ტანს აიყრის. ეს კი იმიტომ მოხდება, რომ შენს თავს ყურადღება ვერ მიაქციე და ბავშვს შენი ცუდი განწყობილება გადაეცი, ქმედითი და წინდახედული სიყვარული ვერ ისწავლე. ძმებო, სიყვარული ჭკუის მასწავლებელია, მაგრამ უნდა შეგეძლოს მისი შეძენა, რამეთუ იგი ხანგრძლივი შრომის შედეგია, ძნელად მოსაპოვებელი და ძვირად ღირებული რამ, შემთხვევით, ხანმოკლედ კი არ უნდა გიყვარდეს, არამედ სამარადისოდ, მთელი ცხოვრება. შემთხვევითი სიყვარული ყველას ძალუძს, ბოროტმოქმედსაც კი. ჩემი ძმა ჩიტუნებს სთხოვდა პატიებას: თითქოს უაზრობაა, მაგრამ ისიც ხომ მართალია, ყოველივე ოკეანესავითაა, ყველაფერი მიედინება და ბოლოს ერთ ადგილას იყრის თავს, ერთ ადგილს რომ ახლებ ხელს, სამყაროს მეორე მხარეს ჰპოვებ გამოძახილს. დაე, იყოს სიგიჟე ჩიტუნებისათვის პატიების თხოვნა, მაგრამ შენს სიახლოვეს მყოფი ჩიტუნები, ბავშვები და ცხოველები უფრო უკეთ იგრძნობენ თავს, თუკი შენ იმაზე უკეთესი გახდები, ვიდრე ხარ, თუნდაც ცოტათი მაინც. გეუბნებით, ყველაფერი ოკეანესავითაა. ამიტომ ჩიტუნებსაც უნდა შეევედრო, ურღვევი სიყვარულით ტანჯულმა და რაღაცნაირი სულიერი აღმაფრენით შეპყრობილმა სთხოვო, შეგინდონ მათ ცოდვანი შენნი. ამ აღმაფრენას გაუფრთხილდი, როგორ უაზრობადაც არ უნდა ჩაგითვალოს ის ხალხმა.
მეგობრებო, ღმერთს სიხარული შესთხოვეთ. იყავით ლაღნი, ვითარცა ბალღნი და ღაბუა ჩიტუნები. თქვენი საქმიანობის დროს ნუ შეგაცბუნებთ კაცთა ცოდვები, ნუ შეგაშინებთ, რომ ისინი გააბათილებენ თქვენს ღვაწლს და არ მისცემენ მას აღსრულების საშუალებას; ნუ იტყვით: „ძლევამოსილია ცოდვა, ძლევამოსილია უღირსობა, ძლევამოსილია ბიწიერება, ჩვენ კი მარტოსულნი და უსუსურნი ბიწიერების მსხვერპლად ვიქეცით და ამიერიდან ვეღარ შევძლებთ, ვაკეთოთ კეთილი საქმეო.“ თავი დააღწიეთ, შვილნო ჩემნო, ასეთ უიმედობას! მხოლოდ ერთი რამ გადაგარჩენთ: ადექით და ადამიანთა ცოდვებზე პასუხისმგებლობა თავად იტვირთეთ. ასეა, ჩემო კარგო, ეს მართლაც რომ ასეა, როგორც კი ჭეშმარიტად საკუთარ თავზე აიღებ პასუხისმგებლობას, ყველას მაგივრად და ყოველივეზე, მაშინვე დაინახავ, რომ, მართლაც, შენ ხარ დამნაშავე ყველასა და ყველაფრის გამო. ხოლო თუ შენ უნიათობას და უსუსურობას ხალხს გადააბრალებ, იმით დაამთავრებ, რომ სატანური ამპარტავნება დაგეუფლება და ღმერთის გმობას მოჰყვები. სატანური ამპარტავნება კი ასე წარმომიდგენია: რთულია ჩვენთვის ამქვეყნად მისი გააზრება, ამიტომაც ადვილად ჩავდივართ შეცდომებს, ადვილად ვიძენთ მას, თანაც თავს ვირწმუნებთ, რომ რაღაც დიდებული და მშვენიერი საქმე გავაკეთეთ. ამას გარდა, ჩვენთვის ამ წუთისოფელში ჯერ კიდევ მრავალი რამაა შეუცნობელი კაცის ბუნებისა და მისი გრძნობების შესახებ, ამიტომ თავს ნუ იტყუებ და ნუ ფიქრობ, თითქოს ამით შეძლებ თავის გამართლებას, რამეთუ შენ მარადიული მსაჯული იმას მოგკითხავს, რას ჩასწვდი, და არა იმას, რას ვერა, ამაში თავად დარწმუნდები, რამეთუ თავად იხილავ თვალნათლივ ყოველივეს და ამ საკითხზე დავას აღარ დაიწყებ. ჭეშმარიტად ასეა, ამ დუნიაზე ჩვენ რაღაცნაირად აქეთ-იქეთ დავეხეტებით და ქრისტეს ხატება რომ არ გვედგას თვალწინ, მაშინ თავგზა დაგვებნეოდა და დავიღუპებოდით, როგორც ეს დაემართა ადრე კაცობრიობას წარღვნის წინა პერიოდში. სოფლად მრავალი რამაა ჩვენს თვალთაგან დაფარული, მაგრამ ამის სანაცვლოდ ღმერთმა დაგვაჯილდოვა სხვა სამყაროსთან, ზესკნელთან ცოცხალი კავშირის იდუმალი სანუკვარი შეგრძნებით, ჩვენი გრძნობებისა და აზრების საწყისები აქ კი არა, არამედ სხვა სამყაროშია. სწორედ ამიტომ ამბობენ  ფილოსოფოსები: ამქვეყნად შეუძლებელია საგანთა არსის წვდომაო. ღმერთმა სხვა სამყაროდან წამოღებული თესლი მიმოაბნია დედამიწაზე და განაშენა ბაღი თვისი, ყველაფერი ამოვიდა, რამაც შეძლო გახარება, რომელიც ცოცხალია და ცოცხლობს მხოლოდ და მხოლოდ სხვა იდუმალ სამყაროსთან შეხების შეგრძნებით, ხოლო თუ ეს გრძნობა შესუსტდა ან გაქრა, მაშინ კვდება ისიც, რაც შენშია გადმონერგილი. სწორედ მაშინ ხდები ცხოვრებისადმი გულგრილი და შესაძლოა, კიდეც შეიძულო ის. მე ასე ვფიქრობ.
 თ) შეგვიძლია თუ არა ვიყოთ მსგავსთა ჩვენთა მსაჯული? საუკუნო რწმენის შესახებ
კარგად გახსოვდეთ, ნურავის მსაჯული გახდებით. ვინაიდან ვერავინ იქნება ამქვეყნად ბოროტმოქმედის მსაჯული მანამ, სანამ ეს მსაჯული არ შეიგნებს, რომ ისიც ისეთივე ბოროტმოქმედია, როგორც მის წინ მდგარი განსასჯელი, რომ შესაძლებელია თავად იყოს ყველაზე დიდი დამნაშავე მის წინ მდგარი ბოროტმოქმედის მიერ ჩადენილ ქმედებებში. როცა ამას მიხვდება, მაშინ შეუძლია გახდეს მოსამართლე. ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი ეს სიგიჟეა, მაგრამ სრული სიმართლეც არის. რამეთუ მე რომ ჭეშმარიტად სამართლიანი ვიყო, შესაძლოა ეს დამნაშავე ჩემ წინაშე არ იდგეს. თუ შეძლებ შენ წინაშე მდგარი განსასჯელის დანაშაულის შენს თავზე აღებას, მაშინ დაუყოვნებლივ იკისრე და იტანჯე მის მაგივრად, ხოლო ის საყვედურის გარეშე გაუშვი. თუკი შენ კანონის ძალით ხარ დანიშნული ვინმეს მსაჯულად, რამდენადაც შეგიძლია, ჰქმენი სამართალი ესე, თუ არა და, წავა იგი და თავად მიუსჯის თავს შენს განაჩენზე უარესს. თუ შენს ლმობიერებას გულგრილად შეხვდება, დაგცინებს კიდეც, გულს ნუ გაიტეხ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ არ მოსულა მისი დრო, მაგრამ დადგება ეს ჟამი, თუ არ დადგება, ამასაც არა უშავს: ის თუ არა, სხვა შეიგნებს, სხვა დაიტანჯება, სხვა დაიდანაშაულებს თავს და სიმართლე გაიმარჯვებს. გჯეროდეს ამის, აუცილებლად გჯეროდეს, რამეთუ ამაშია სასოება და რწმენა წმინდანთა.
გამუდმებით იღვაწე. თუ ღამით, ძილის წინ გაგახსენდება, რომ დღეს არ შეასრულე ის, რაც უნდა გაგეკეთებინა, დაუყოვნებლივ წამოდექ და აღასრულე ის. თუ გარს გარტყია ბოროტი და გულგრილი ადამიანები და მათ არ სურთ შენი მოსმენა, მაშინ ჩაუვარდი მათ ფეხებში და სთხოვე პატიება, რადგან შენ ხარ დამნაშავე, რომ მათ შენი მოსმენა არ სურთ. თუკი  გაბოროტებულებთან ლაპარაკი აღარ შეგიძლია, მაშინ ემსახურე მათ ჩუმად და თავმდაბლად, მაგრამ იმედი არასოდეს დაკარგო. ხოლო თუ მოხდება და ყველა ზურგს შეგაქცევს ან ძალით გაგაძევებენ, მაშინ მარტო დარჩენილი დაემხე მიწაზე, ემთხვიე მას და ცრემლებით მორწყე ნიადაგი. და მოგცემს ნაყოფს შენი ცრემლების სანაცვლოდ მიწა, მიუხედავად იმისა, რომ არავის უხილავს და მოუსმენია შენი ქვითინი. სიკვდილამდე უნდა გწამდეს, თუნდაც ყველა ასცდეს გზას და მხოლოდ შენ დარჩე ერთგული ღმერთის, მარტოშთენილმა მაშინაც გაიღე მსხვერპლი და ადიდე უფალი. თუკი ორნი დარჩებით, მაშინ ეს მთელი სამყარო იქნება, ცხოველი სიყვარულის დიდებული სამყარო, გადაეხვიეთ ერთმანეთს და ადიდეთ არსთა გამრიგე,  რამეთუ თქვენ ორნი მაინც აღივსენით მისი სიმართლით.
თუ თავად შესცოდებ და ეს ცოდვა სიკვდილამდე მძიმე ტვირთად დაგაწვება, მაშინ გიხაროდეს, რომ არსებობს სხვა წმინდანი, რომელსაც ცოდვა არ ჩაუდენია.
თუ ადამიანთა სიავენი ისე აღგაშფოთებს, რომ შეგიპყრობს დაუძლეველი სურვილი შურისძიებისა, ყველაზე მეტად ამ გრძნობის უნდა გეშინოდეს; დაუყოვნებლივ წადი და ისეთი სატანჯველი ეძიე, რომლითაც თავს დაარწმუნებ, რომ შენი ბრალია ადამიანთა მიერ ამ ბოროტმოქმედების ჩადენა. მიიღე ეს სატანჯველი და გაუძელ, დაშოშმინდება გული შენი და მიხვდები, რომ თავად ხარ დამნაშავე, ვინაიდან, როგორც უცოდველს, შეგეძლო სიკეთის ნათელი მოგეფინა ბოროტმოქმედისათვის შენი მაგალითით და არ მოჰფინე. შენ მიერ გაცემული სიკეთის ნათელი სხვებს გაუნათებდა გზას და მას, ვინც ჩაიდინა ბოროტმოქმედება, შესაძლოა, ეს არ ჩაედინა. თუკი შენ ნათელს ასხივებდი და ეს ნათელი არავის შველოდა, მაშინ გამაგრდი და ნუ დაეჭვდები ზეციური ნათლის ძლიერებაში; გჯეროდეს, თუ ახლა არ ეშველათ მათ, მერე მაინც ასცდებიან ცოდვას, თუ შემდგომაც არ ეშველათ, მაშინ მათი შვილები მაინც გადარჩებიან, რამეთუ უგზო-უკვლოდ არ გაქრება შენ მიერ განფენილი სიკეთის სხივები, თუმცა შესაძლოა შენ ამ დროს ცოცხალიც არ იყო. წმინდანი გარდაიცვლება, მაგრამ მისი ნათელი ამქვეყნად რჩება. ცხონება მაცხონებლის სიკვდილის შემდეგ ხდება. ადამის მოდგმას არ სჯერა თავისი წინასწარმეტყველების და ხშირად შეურაცხყოფენ კიდეც მათ, მაგრამ უყვართ და პატივს სცემენ წამებულებს, რომლებიც თავადვე აწამეს. შენ ხომ განუყოფელისათვის შრომობ და მომავლისათვის იღწვი. ნურასოდეს დაუწყებ ჯილდოს ძებნას, რამეთუ შენთვის ამქვეყნად ისიც დიდი ჯილდოა, რომ ისეთ სულიერ სიხარულს  განიცდი, რომელიც მხოლოდ წმინდანთა ხვედრია. ნუ გექნება შიში ნურც წარჩინებულების და ნურც ძლიერთა ამა ქვეყნისა და იყავი ყოველთვის ბრძენი და მშვენიერი. იცოდე ყველაფრის ზომა და დრო, შეისწავლე ყოველივე. როცა მარტო დარჩები, ილოცე. ჩვევად გაიხადე მუხლებზე დამხობა და მიწის ამბორი. გამუდმებით ემთხვიე მიწას, ხარბად და გაშმაგებით გიყვარდეს ყველა და ყველაფერი. სიხარულის ცრემლებით მორწყე მიწა და გიყვარდეს ეს ცრემლები. ამ სიშლეგის კი ნუ შეგრცხვება, გაუფრთხილდი მას, რამეთუ ეს არის ღმერთის დიდი საჩუქარი, რაც ყველას არ ხვდება წილად, იგი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.
 ი) ჯოჯოხეთსა და ჯოჯოხეთის გეენას შესახებ, მისტიკური მსჯელობა
მამანო და მოძღვარნო ჩემნო, როდესაც ვფიქრობ: „რა არის ჯოჯოხეთი?“ ასე ვმსჯელობ: „ესაა ტანჯვა იმის გამო, რომ ამიერიდან სიყვარული აღარ შეიძლება“. ამ უსასრულო ყოფიერებაში, რომელიც არც დროით და არც სივრცით არ იზომება, მავან სულიერ არსებას მხოლოდ ერთხელ დედამიწაზე გაჩენის შემდეგ ეძლევა საშუალება თქვას: „მე ვარსებობ, მე მიყვარს“. ერთხელ, მხოლოდ ერთხელ ეძლევა ადამიანს ამ წუთისოფელში ქმედითი, ცხოველი სიყვარულის უნარი, ამისთვის ენიჭება მას მიწიერი სიცოცხლე, ამასთან ერთად ეძლევა დრო და ვადა. თუკი მოხდა და ამ ბედნიერმა არსებამ უარყო უძვირფასესი საჩუქარი, ვერ დააფასა ის, არ შეიყვარა, გაკილა და გულგრილი დარჩა, სიკვდილის შემდეგ, როცა ის აბრაამის წიაღს იხილავს და აბრაამს გაესაუბრება, როგორც ეს ლაზარესა და მდიდარი კაცის იგავიდანაა ცნობილი [ლუკა 16:19-26]. როცა სამოთხეს იხილავს და ღმერთთან წარდგომასაც შეძლებს, დაიტანჯება, ვინაიდან ყოველთამოყვარე ღმერთის პირისპირ დადგება მისი არმოყვარე და უგულებელმყოფელი სული. რამეთუ ახლა ყოველივეს ნათლად მჭვრეტელი იტყვის: „ამიერიდან ყველაფერი მესმის და მიუხედავად იმისა, რომ ახლა სიყვარული მწყურია, აწი ჩემი სიყვარულით თავგანწირვას ვეღარ შევძლებ, მსხვერპლს ვეღარ გავიღებ, რამეთუ დასრულდა ჩემი მიწიერი ცხოვრება და აღარ მოვა აბრაამი იმისათვის, რომ ცხოველი წყლის წვეთით (ე.ი. კვლავ წინა, ქმედითი მიწიერი ცხოვრების ძღვენით) მაინც გამინელოს სულიერი სიყვარულის ცეცხლი, რომლითაც ახლა ვიწვი და რომელსაც მიწაზე ყოფნის დროს არად მივიმჩნევდი; რადგან აღარაა სიცოცხლე, აღარც ჟამი იქნება! ახლა ჩემს სიცოცხლეს სიამოვნებით გავწირავდი სხვისთვის, მაგრამ აღარ შეიძლება, რამეთუ წარსულს ჩაბარდა ის ცხოვრება, რომელშიც შეიძლებოდა სიყვარულისათვის მსხვერპლის გაღება, ახლა უსასრულო უფსკრული ძევს იმ ცხოვრებასა და ახლანდელ ყოფას შორის“. ამბობენ, ჯოჯოხეთის ცეცხლი მატერიალური არისო: მე არ ვიკვლევ ამ საიდუმლოს, მეშინია, მაგრამ თუ ჯოჯოხეთის ცეცხლი, მართლაც, მატერიალურია, მაშინ ჭეშმარიტად ყველა გაიხარებს, რამეთუ ხორციელი ტანჯვა მცირე ხნით მაინც დაავიწყებს მათ უსაშინლეს სულიერ ტანჯვას. მათთვის ამ სულიერი ტანჯვის წართმევა შეუძლებელია, რამეთუ ეს ტანჯვა გარეგნული კი არ არის, არამედ შინაგანი ტკივილია. რომც შეიძლებოდეს მისი წართმევა, ჩემი აზრით, ამით ისინი უფრო უბედურები გახდებოდნენ. მათი ტანჯვის მხილველმა სამოთხის წმინდანებმა რომც შეუნდონ და დიდი სიყვარულით თავისთან მიიხმონ, ამით გაუათკეცებენ ტანჯვას, რამეთუ მათში აღძრავენ იმ საპასუხო, ქმედითი და მადლიერი სიყვარულის წყურვილის ალს, რაც უკვე შეუძლებელია. ხანდახან, გულუბრყვილოდ, ჩემთვის ვფიქრობ ხოლმე: იქნებ თავად ამ შეუძლებლობის შეგნებამ მოუტანოს მათ შვება, რადგან მას შემდეგ, რაც ისინი წმინდანთა სიყვარულს ეზიარებიან, რომელსაც ვერასოდეს უპასუხებენ,  შესაძლოა  ბოლოს და ბოლოს მოიპოვონ რაღაც მსგავსი იმ ქმედითი სიყვარულისა, რომელიც მიწიერ ცხოვრებაში უარყვეს… ძალიან ვწუხვარ, ძალიან, ჩემო ძმებო და მეგობრებო, მგონი ბუნდოვნად ვლაპარაკობ. მაგრამ, ვაი, საკუთარი თავის გამანადგურებლებს, ვაი, თვითმკვლელებს! ჩემი აზრით, მათზე უბედური არავინაა. ამბობენ, დიდი ცოდვაა მათზე ლოცვის აღვლენაო, ეკლესიისაგან ისინი მოკვეთილები არიან, მაგრამ მე მაინც, სადღაც გულის კუნჭულში მჯერა, რომ შეიძლება მათთვის ლოცვა. განა ქრისტე სიყვარულისთვის გაგვირისხდება?! ამნაირებისათვის მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე შინაგანად ვლოცულობდი, მამანო და მოძღვარნო,  და ახლა ამ ჩემს ცოდვას თქვენ წინაშე  მოვინანიებ.
ბევრია ჯოჯოხეთის მკვიდრთაგან ზვიადი და მძვინვარე, მიუხედავად იმისა, რომ მათ მშვენივრად უწყიან და ჭვრეტენ თვალისმომჭრელ სიმართლეს; არიან ეშმასთან განდობილებიც და მისი აშკარა მიმდევრებიც. ისინი ჯოჯოხეთში ნებაყოფლობით ბრძანდებიან და ვერაფრით ძღებიან ჯოჯოხეთური ყოფით; ესენი უკვე თავდადებული მოხალისე წამებულები არიან. რამეთუ თავად დაიწყევლეს თავი, როცა დაწყევლეს ღმერთი და სიცოცხლე. ისინი საკუთარი ბოროტი ამპარტავნობით იკვებებიან, როგორც უდაბნოში დამშეული, როცა საკუთარი სისხლის წოვას დაიწყებს წყურვილის მოსაკლავად. უკუნითი უკუნისამდე გაუმაძღრები ღმერთის შენდობის უარმყოფელნი და მისი მაწყევრები არიან. ცოცხალ ღმერთს სიძულვილის გარეშე ვერ უყურებენ და მოითხოვენ,  რომ  არ იყოს ცოცხალი ღმერთი, რომ ღმერთმა თავად გაინადგუროს თავიც და ყოველივე მის მიერ შექმნილი სამყაროც. ისინი უკუნითი უკუნისამდე ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიდაგებიან, მუდამ სიკვდილსა და არყოფნას მონატრებულები, მაგრამ სიკვდილს მაინც  ვერ ეღირსებიან…
აქ სრულდება ალექსეი კარამაზოვის ხელნაწერი. ვიმეორებ: იგი არ არის სრული, ნაწყვეტ-ნაწყვეტებისაგან შედგება. მაგალითად, ბერის ბიოგრაფიული ცნობები მარტო მის ადრეულ ახალგაზრდობას მოიცავს. მის მიერ სხვადასხვა დროს გამოთქმული აზრები და ქადაგებები აქ გაერთიანებულია. ის, რაც ბერმა თავისი ცხოვრების უკანასკნელ წუთებში წარმოთქვა, ამ ხელნაწერში ზუსტად არ არის მოყვანილი, მხოლოდ გადმოცემულია ამ საუბრის ხასიათი. ბერი სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ იმ საღამოს მასთან შეკრებილი ახლობლები გრძნობდნენ რომ აღსასრული შორს არ იყო; მაგრამ მაინც ვერ წარმოედგინათ, თუ ეს წუთი ასე მალე დადგებოდა; პირიქით, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბერის სიმხნევისა და სიტყვაუხვობის შემყურე მისი მეგობრები დარწმუნებულები იყვნენ, რომ თუნდაც მცირე ხნით მაინც ბერი ზოსიმა გამოკეთდებოდა. როგორც შემდგომ ყვებოდნენ, სიკვდილამდე ხუთი წუთით ადრეც არაფერი ეტყობოდაო. მან უცებ მკერდში მწვავე ტკივილი იგრძნო, გაფითრდა და ორივე ხელი გულთან მიიტანა. ყველა ადგილიდან წამოხტა და მის გარშემო მოიყარა თავი; მან კი, ტკივილისაგან გამწარებულმა, მაინც ღიმილით გადახედა ყველას, სავარძლიდან ნელ-ნელა დაეშვა მუხლებზე, ხელებგაშლილი იატაკზე დაემხო, ლოცვა-კურთხევით ემთხვია მიწას (როგორც თავად სხვებს ასწავლიდა) და ჩუმი, ბედნიერი ჩაბარდა უფალს. ამბავი მისი სიკვდილის შესახებ უცებ მოედო სავანეს, შემდეგ მთელ მონასტერს. გარდაცვლილის ახლო მეგობრებმა და მათ, ვისაც ეს ჩინით ეკუთვნოდა, დაიწყეს მისი სხეულის გაპატიოსნება ძველი წეს-ჩვეულებების მიხედვით, ხოლო მონასტრის დანარჩენი ძმობა ტაძარში შეიკრიბა. გამთენიამდე ბერის სიკვდილი ქალაქმაც შეიტყო. დილიდან ყველა ამაზე ლაპარაკობდა. ბევრი მოქალაქე მონასტრისაკენ გაეშურა. ამის შესახებ შემდეგ წიგნში მოგიყვებით, ახლა კი მხოლოდ იმას დავუმატებ, ამ ამბიდან ერთი დღეც არ გასულა, რომ მოხდა ყველასათვის მოულოდნელი რამ, რამაც მონასტერი და მთელი ქალაქი შეძრა და ისეთი დიდი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ახლაც, რამდენიმე წლის შემდეგ, ქალაქის ნებისმიერ მაცხოვრებელს ცოცხალ მოგონებად დარჩა ის ყველასათვის შემაძრწუნებელი და საშინელი დღე…
ფიოდორ დოსტოევსკი. ძმები კარამაზოვები. ტომი 1, რუსულიდან თარგმნა ვაჟა ახალაძემ. თბ., 2011.
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s