დოსტოევსკი – ძმები კარამაზოვები [ძმების დიალოგი]

„დოსტოევსკი გულწრფელი იყო, ამიტომაც თქვა ყველაფერი, რისი თქმაც შეეძლო რწმენის საწინააღმდეგოდ. მგონი, არც ერთ ათეისტს არ უთქვამს ამდენი რწმენის წინააღმდეგ, რაც მართლმადიდებელმა დოსტოევსკიმ თქვა“.
ალექსანდრე მენი. შეკითხვები და პასუხები. თბ., კავკასიური სახლი 2010, გვ. 243.
წიგნი V
თავი III

ძმები ერთმანეთს ეცნობიან

სადაც ივანი იჯდა, ცალკე ოთახი არ აღმოჩნდა. ეს იყო შესასვლელ ოთახში შირმებით გამიჯნული, ფანჯრის ახლოს მდებარე ადგილი, მაგრამ შირმის მიღმა მსხდომნი უცხო თვალს მოფარებულნი იყვნენ. ოთახის ერთ-ერთ კედელთან ბუფეტი მოქმედებდა, რომლის გარშემოც გამუდმებით ტრიალებდნენ  მსახურები. ამ ოთახში მათ გარდა კიდევ ერთი კაცი იჯდა, გადამდგარი მოხუცი სამხედრო, რომელიც ჩაის მიირთმევდა. სამაგიეროდ, სამიკიტნოს სხვა ოთახებში ჩვეულებრივი საქმიანობა გაჩაღებულიყო, ისმოდა გადაძახილ-გადმოძახილი, ლუდის ბოთლების საცობების ხმა, ბილიარდის ბურთების რახარუხი და არღნის ტირილი. ალიოშამ კარგად იცოდა, რომ ივანი ამ სამიკიტნოში თითქმის არ დადიოდა, მას საერთოდ არ უყვარდა სამიკიტნოები; ალბათ დმიტრისთან შეხვედრის გამო აირჩია ეს ადგილი,  მაგრამ დმიტრი არ ჩანდა.
– ვუბრძანებ, უხა ან სხვა რამ მოგართვან, მარტო ჩაის ხომ არ დალევ, – თქვა ივანმა, ეტყობოდა, ძალიან კმაყოფილი იყო იმით, რომ ალიოშა შეიტყუა. მას სადილობა უკვე დამთავრებული ჰქონდა და ახლა ჩაის  მიირთმევდა.
– იყოს უხა, მერე ჩაის დავაყოლებ. ძალიან მშია, – მხიარულად თქვა ალიოშამ.
– ალუბლის მურაბაზე რას იტყვი? აქა აქვთ. გახსოვს, პატარაობისას პოლონოვთან
– როგორ გიყვარდა ალუბლის მურაბა?
– შენ გახსოვს? მოიტა მურაბაც, ახლაც მიყვარს.
ივანმა უხმო მსახურს და უბრძანა უხას, ჩაისა და მურაბის მოტანა.
– მე ყველაფერი მახსოვს, ალიოშა, მე შენ თერთმეტ წლამდე მახსოვხარ, მაშინ თხუთმეტი წლის ვიყავი. თხუთმეტისა და თერთმეტი წლის ბიჭებს შორის ისეთი განსხვავებაა, რომ ძმები ამ ასაკში არასოდეს არიან ამხანაგები. არც მახსოვს, მიყვარდი თუ არა მაშინ. როცა მოსკოვში გავემგზავრე, პირველ ხანებში არც გამხსენებიხარ. შემდგომში, როცა შენც მოსკოვში ჩამოხვედი, მგონი, ერთხელ შევხვდით სადღაც. აქ უკვე მეოთხე თვეა ვცხოვრობ  და  აქამდე ერთმანეთისათვის სიტყვაც არ გვითქვამს. ხვალ კი გამგზავრებას ვაპირებ და ახლა ჩემთვის ვფიქრობდი: სად ვნახო-მეთქი, გამომშვიდობება მინდოდა, უცებ გამოვიხედე და აგერ არა ხარ?
– ძალიან გინდოდა ჩემი ნახვა?
– ძალიან მინდოდა, ბოლოს და ბოლოს, გაგვეცნო ერთმანეთი. გარდა ამისა, ხომ უნდა გამოგმშვიდობებოდი. ჩემი აზრით, ყველაზე კარგად ადამიანს გამომშვიდობების წინ გაიცნობ. მთელი ამ სამი თვის განმავლობაში ვხედავდი, როგორ მიყურებდი. შენს თვალებში უსასრულო მოლოდინი იყო აღბეჭდილი, ამას კი მე ვერ ვიტან, რის გამოც არ გეკარებოდი. მაგრამ ბოლო ხანებში შენდამი პატივისცემით განვიმსჭვალე: ეს ბიჭი მაგრად დგას ორივე ფეხზე-მეთქი. ახლა ღიმილით გელაპარაკები, მაგრამ სავსებით სერიოზული ვარ. ხომ მაგრად დგახარ, ჰა? მე შენნარი მაგარი ადამიანები მიყვარს, რა გზაზედაც არ უნდა იდგნენ, თუნდაც ისინი შენხელა ბიჭუნები იყვნენ. შენი მომლოდინე მზერა უკანასკნელ ხანს აღარ მაღიზიანებს, პირიქით, შემიყვარდა კიდეც, შემიყვარდა შენი მომლოდინე თვალები… ასე მეჩვენება, შენც რატომღაც გიყვარვარ, არა?
– მიყვარხარ, ივან. დმიტრი შენზე ამბობს: ივანი – სამარეაო. მე კი ვამბობ: ივანი – გამოცანაა-მეთქი. შენ ახლაც გამოცანა ხარ ჩემთვის, თუმცა დღეს დილიდან რაღაც სხვა აზრიც შემექმნა შენზე!
– ეგ რაღაა? – გაიცინა ივანმა.
– არ გაბრაზდები? – გაიცინა ალიოშამაც.
– აბა, თქვი?
– შენ ზუსტად ისეთივე ახალგაზრდა კაცი ხარ, როგორიც სხვა, ოცდაოთხი წლის ჯეელები არიან, მათსავით ახალგაზრდა, ყმაწვილი, ქორფა და სანდომიანი ბიჭი, მიამიტი ბიჭუნა!  ძალიან ხომ არ გაწყენინე?
– პირიქით, გამაოცე კიდეც დამთხვევით! – მხიარულად იყვირა აღგზნებულმა ივანმა, – დამიჯერე, კატერინა ივანოვნასთან ჩვენი ამასწინანდელი შეხვედრის შემდეგ  ჩემს თავზე  ზუსტად  ეგრე  ვფიქრობდი:  ოცდაოთხი წლის მიამიტი კაცი
ვარ-მეთქი. შენ ახლა თითქოს გამოიცანი ჩემი ფიქრები და ამნაირი შედარებით დაიწყე. ახლა აქ ვიჯექი და ჩემს თავს ვეუბნებოდი: მართალია, ამ ცხოვრებაში აღარაფრის მჯერა, ჩემთვის ყველაზე ძვირფას ქალზე გული გამიტყდა, ყველაფრისადმი რწმენა დამეკარგა, ამის შემდეგ რომც დავრწმუნდე, ამქვეყნად ყოველივე მოუწესრიგებელი, დაწყევლილი და ქაოტიურია-მეთქი, რომც განვიცადო ადამიანური იმედგაცრუების ყველა საშინელება – მაინც არ ვიტყვი ამ სიცოცხლეზე უარს, რადგან თუკი ერთხელ დავეწაფე სიცოცხლის ფიალას, აღარ მოვშორდები, ვიდრე ბოლომდე არ დავცლი! თუმცა ოცდაათი წლისათვის, ალბათ გადავაგდებ ამ ფიალას, თუნდაც ბოლომდე დაცლილი არ იყოს და განვდგები. ჯერ არ ვიცი საით. ოცდაათ წლამდე კი, ეს უკვე კარგად ვიცი, ყველაფერს დაძლევს ჩემი ახალგაზრდობა, ყველაფერს – ყოველგვარ იმედგაცრუებასა და ცხოვრებისადმი ზიზღს. ჩემს თავს ხშირად ვეკითხები ხოლმე: არის კი ამქვეყნად ისეთი უსასოობა, რომელიც მოერევა ჩემში დაბუდებულ წყურვილს გახელებული და უხამსი სიცოცხლისადმი და გადავწყიტე, რომ არ არსებობს ასეთი, უფრო სწორად – ოცდაათ წლამდე არ იარსებებს, შემდეგში კი, ალბათ თავად აღარ მომინდება, მე ასე მგონია. სიცოცხლის წყურვილს ხშირად საზიზღრობად თვლის ზოგიერთი ჭირიანი, ცინგლიანი მორალისტი, განსაკუთრებით პოეტები. ხასიათის ეს თვისება, ნაწილობრივ, კარამაზოვულია, ნამდვილად ასეა, იგი შენშიც აუცილებლად ზის, მაგრამ რატომაა ის საზიზღრობა? ცენტრისკენული ძალა ჯერ კიდევ ძალიან ბევრია ამ პლანეტაზე, ალიოშა. სიცოცხლე მწყურია და მეც ვცხოვრობ, ყოველგვარი ლოგიკის გარეშე. მართალია, ჩემთვის მიუღებელია ჩვეულებრივი ცხოვრების წესი, მაგრამ ძვირფასია კვირტიდან ახლად ამოხეთქილი ლორთქო ფოთლები, ლაჟვარდოვანი ცა, ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც რაღაც მომენტში რაღაცისათვის, არც იცი, რატომ – შეიყვარებ, ძვირფასია ზოგიერთი ისეთი თავდადება, რომლისაც უკვე კარგა ხანია არ გჯერა, მაგრამ მთელი გულითა და სულით გსურს ამქვეყნად მისი არსებობა. აი, შენი უხაც მოიტანეს, მიირთვი, შეგარგოს ღმერთმა. აქ კარგი უხა იციან, გემრიელად ამზადებენ. მე ახლა ევროპაში გამგზავრება მინდა, ალიოშა, პირდაპირ აქედან გავემგზავრები; კარგად ვიცი, რომ სასაფლაოზე მივდივარ, მაგრამ ყველაზე, ყველაზე ძვირფას სასაფლაოზე, ასეა ეს! იქ ძვირფასი მიცვალებულები განისვენებენ, იქ თითოეული საფლავის ქვა ღაღადებს მათ მიერ განვლილ მჩქეფარე ცხოვრებაზე, მათი თავდადების, მათი ჭეშმარიტების, მათი შემართებისა და მეცნიერებისადმი მათი მგზნებარე რწმენის შესახებ. მე წინასწარ ვიცი, ჩავალ იქ და დავემხობი ამ საფლავებზე, დავკოცნი თითოეულ ქვას და დავიტირებ – ამავე დროს, დარწმუნებული ვიქნები, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ძველი სასაფლაოა და მეტი არაფერი. უსასოობა კი არ ამატირებს, არა, უბრალოდ ბედნიერი ვიქნები ჩემ მიერ დაღვრილი ცრემლების გამო. საკუთარი გულჩვილობით დავტკბები. გაზაფხულის ლორთქო ფოთლებს და ლაჟვარდოვან ცას ვეთაყვანები, დიახ! ეს ყველაფერი ჭკუა-გონების და ლოგიკის გარეშე ხდება. შინაგანად ეტრფი, მთელი შენი არსებით, შენი პირველი ჭაბუკური შემართება გიყვარს… ამ აბდაუბდა ლაპარაკიდან რამე გაიგე, ალიოშა? – უცებ გაიცინა ივანმა.
– კარგად მესმის, ივან, მთელი შენი არსებით გინდა სიყვარული – მშვენივრად თქვი, ძალიან მიხარია, რომ ასე ძალუმად გწყურია სიცოცხლე, – ხმამაღლა თქვა ალიოშამ, – ჩემი აზრით, ამქვეყნად, პირველ რიგში, ყველამ სიცოცხლე უნდა შეიყვაროს.
– სიცოცხლე მეტად, ვიდრე მისი აზრი?
– აუცილებლად, ყოველგვარი ლოგიკის გარეშე უნდა გიყვარდეს, როგორც შენ აღნიშნე, ყოველგვარი ლოგიკის გარეშე, მხოლოდ მაშინ მივხვდებით სიცოცხლის აზრს. ამის შესახებ დიდი ხანია ვფიქრობ. შენ საქმე ნახევრად უკვე გაკეთებული გაქვს, უკვე მდიდარი ხარ: შენ სიცოცხლე გიყვარს. ახლა მეორე ნახევარზე უნდა იზრუნო და ცხონდები.
– შენ უკვე მაცხონე კიდეც, იქნებ არც წავწყმედილვარ! ეს შენი მეორე ნახევარი რაღაა?
– ესაა, მკვდრეთით აღადგინო შენი მიცვალებულები, რომლებიც შესაძლოა არასოდეს გარდაცვლილან. კარგი, ჩაი მომაწოდე. ძალიან მოხარული ვარ, ივან, ჩვენ რომ ასე ვსხედვართ და ვსაუბრობთ.
– ვხედავ, რაღაც შთაგონებული ხარ. ძალიან მიყვარს ასეთი professions de foi [ფრანგ. სარწმუნოების აღსარებანი] შენნაირი მორჩილებისგან. მაგარი კაცი ხარ, ალექსეი. მართალია მონასტრიდან წამოსვლას აპირებსო?
– მართალია, ჩემმა ბერმა ერისკაცობა მირჩია.
– კიდევ ვნახავთ ალბათ ერთმანეთს ამ სოფლად, შევხვდებით კიდევ ოცდაათ წლამდე, სანამ ფიალას მოვწყვეტ ბაგეებს. მამაჩვენს სამოცდაათ წლამდე არ სურს, შეეშვას თავის ფიალას, ოთხმოცამდე ოცნებობს, თავად განაცხადა ამის შესახებ სავსებით სერიოზულად, თუმცა იგი ხომ ტაკიმასხარაა. მისთვის ახლა მთავარია, ხორცს აამოს – ისაა მისი კერპი… თუმცა ოცდაათს გადაცილებულ კაცს სხვა რაღა უნდა ახარებდეს… მაგრამ სამოცდაათამდე უსინდისობაა, შეინარჩუნო „კეთილშობილი კაცის“ იერი [ციტატა პუშკინის ეპიგრამიდან…], სჯობია ოცდაათ წლამდე, ისიც თავის მოტყუებით. დმიტრი დღეს არ გინახავს?
– არა, არ მინახავს, სმერდიაკოვი ვნახე. – ალიოშამ სხაპა-სხუპით და დაწვრილებით უამბო ივანს სმერდიაკოვთან შეხვედრა. ივანი რატომღაც აღელვებული უსმენდა, შიგადაშიგ კითხვებიც კი დაუსვა.
– მხოლოდ ის მთხოვა, დმიტრის არ უთხრა, რაც გითხარიო, – დაუმატა ალიოშამ. ივანმა კოპები შეკრა და ჩაფიქრდა.
– რა ცხვირი ჩამოუშვი, სმერდიაკოვის გამო ხომ არა? – ჰკითხა ალიოშამ.
– სწორედაც მის გამო. ეშმაკმა დალახვროს იმის თავი, მე მართლა ძალიან მინდოდა დმიტრის ნახვა, მაგრამ ახლა აღარაა საჭირო… – უხალისოდ ჩაილაპარაკა ივანმა.
– ძმაო, შენ მართლა მალე მიემგზავრები?
– დიახ.
– მერე დმიტრი და მამა? როგორ დამთავრდება მათი ამბავი? – შიშით თქვა ალიოშამ.
– შენ ისევ შენსას გაიძახი! მე რა შუაში ვარ? მე რა დმიტრის დარაჯად ხომ არ დავდგები? – თქვა გაღიზიანებულმა ივანმა და უცებ მწარედ ჩაიღიმა, – კაენის პასუხი ღმერთის შეკითხვაზე: სად არის ძმა შენიო, ჰა? [შესაქმე 4:9] ახლა ამას ფიქრობ, არა, ჩემზე? მაგრამ, ეშმაკმა დალახვროს, მართლაც, დარაჯად ხომ არ დავუდგები მათ? საქმე მოვათავე და მივდივარ. ხომ არ გგონია, დმიტრიზე ვეჭვიანობ, ამ სამი თვის განმავლობაში სულ იმის ცდაში ვიყავი, როგორ წამერთმია მისთვის მზეთუნახავი კატერინა? არა, მე ჩემი საქმე მქონდა. მოვათავე და ახლა მივდივარ. საქმე ამას წინათ დავამთავრე,  თავად იყავი მოწმე.
– ამას წინათ როდის, კატერინა ივანოვნასთან?
– დიახ, მასთან, უკვე ერთხელ და სამუდამოდ მოთავდა. აბა რა გეგონა? დმიტრისთან რა საქმე მაქვს? დმიტრი აქ არაფერ შუაშია. მე საკუთარი საქმეები მქონდა კატერინასთან. შენ თავად კარგად იცი, დმიტრი ისე იქცეოდა, თითქოს ჩემთან იყო შეთქმული. მე მისთვის არც მითხოვია, ისე საგანგებოდ დამითმო თავისი საცოლე და ლოცვა-კურთხევაც მოაყოლა. ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოა. არა, ალიოშა, არა, შენ აზრზე არა ხარ როგორ მსუბუქად ვგრძნობ თავს! აქ ვიჯექი, ვსადილობდი, შენ წარმოიდგინე, შამპანურის დალევაც კი მომინდა, რომ ჩემი თავისუფლების პირველი საათი მედღესასწაულა. ფუი შენი, თითქმის ნახევარი წელი შევალიე – უცებ ერთი ხელის დაკვრით კი განვთავისუფლდი. გუშინ ვერც წარმოვიდგენდი, თუ ეს ამბავი ასე დამთავრდებოდა!
– შენს სიყვარულს გულისხმობ, ივან?
– სიყვარულს, გინდაც ეგრე იყოს. კი, მე მიყვარდა ის ქალიშვილი. ვეწამებოდი მასთან ერთად და მაწამებდა იგიც. თავს დავტრიალებდი… და უცებ ყველაფერი გაქრა. მაშინ აღელვებული ვლაპარაკობდი, გარეთ როცა გამოვედი, ხარხარი ამიტყდა – აზრზე ხარ? ნაღდ ამბავს გეუბნები.
– შენ ახლაც საკმაოდ მხიარულად ჰყვები, – შენიშნა ალიოშამ და შეათვალიერა ივანის, მართლაც, გახალისებული სახე.
– არც კი ვიცოდი, თურმე სულ არ მყვარებია! ხა, ხა! აღმოჩნდა, რომ ეს ასეა. ისე კი ძალიან მომწონდა! მაშინაც კი, როცა მოხსენებას ვუკითხავდი.  იცი,  ახლაც ძალიან მომწონს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ძალიან მეადვილება მასთან განშორება. შენ გგონია, ვტრაბახობ?
– არა, მაგრამ ერთი კია, ის სიყვარული არ ყოფილა.
– ალიოშკა, – გაიცინა ივანმა, – შეეშვი სიყვარულზე ლაპარაკს! შენთვის უხერხულია. შენი ამასწინანდელი გამოხდომა კი მაგარი რამ იყო! სულ გადამავიწყდა, ამისათვის უნდა გადამეკოცნე… ოხ, როგორ მაწვალებდა კატერინა! მართლაც, ტანჯვა-ვაებას ვეჯექი გვერდით. მან იცოდა, რომ მიყვარდა! მასაც ვუყვარდი, დმიტრი კი არა, – მხიარულად, დაჟინებულად თქვა ივანმა, – დმიტრი იყო მისი ტანჯვა-ვაება. მე მაშინ ჭეშმარიტი სიმართლე ვუთხარი. მაგრამ საქმე იცი რა არის, ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ალბათ კიდევ  თხუთმეტი-ოცი წელი დასჭირდება იმის მისახვედრად, რომ დარწმუნდეს – დმიტრი კი არა, მე ვუყვარდი, ის, ვისაც იგი აწამებდა. ისიც არ არის გამორიცხული, რომ საერთოდ ვერაფერსაც ვერ მიხვდეს, მიუხედავად დღევანდელი გაკვეთილისა. მით უკეთესი: დავკრავ ფეხს და სამუდამოდ გავშორდები. ისე, სხვათა შორის, როგორ ბრძანდება? რა მოხდა ჩემი წამოსვლის შემდეგ?
ალიოშა ივანს მოუყვა, მისი წასვლის შემდეგ როგორ დაემართა კატერინას, ისტერიკა როგორ დაკარგა გონი და როგორ აბოდებდა.
– ხომ არ ტყუის ხოხლაკოვა?
– მე მგონი, არა.
– უნდა გავიკითხო მისი ამბავი, თუმცა ისტერიკისაგან ჯერ არავინ მომკვდარა. ისე კი, ღმერთმა ქალი ისტერიკასთან ერთად გააჩინა. არსადაც არ წავალ. აღარ ღირს ყულფში კვლავ თავის გაყოფა.
– ამას წინათ შენ კატერინას უთხარი, თითქოს მას არასოდეს ჰყვარებიხარ.
– ეს განგებ ვუთხარი, ალიოშკა. მოდი შამპანურს შევუკვეთ, დავლიოთ ჩემი თავისუფლების სადღეგრძელო. არა, შენ აზრზე არა ხარ, როგორი გახარებული ვარ.
– არა, ძმაო, არ გვინდა დალევა, – უთხრა ალიოშამ, – გარდა ამისა, რაღაც ნაღველი შემომაწვა.
– კარგა ხანია დადარდიანებული ჩანხარ, მე ეს ადრეც შეგამჩნიე.
– ხვალ დილით აუცილებლად აპირებ გამგზავრებას?
– დილით? მე არ მითქვამს, რომ დილით. თუმცა შესაძლოა – დილითაც. იცი რა, მე დღეს აქ იმიტომ ვსადილობ, აღარ მინდოდა მამაჩვენთან სადილობა,  უკვე იმდენად მეზიზღება. მარტო მაგის გამო ღირს აქაურობას გავშორდე. შენ რატომ წუხხარ ჩემი წასვლის გამო, ჩემს გამგზავრებამდე, ღმერთმა იცის, კიდევ რამდენი დრო დაგვრჩა. მთელი მარადისობა და უკვდავება.
– ხვალ თუ მიემგზავრები, მაშინ რაღა მარადისობაა?
– ეს რას გვიშლის ხელს? – გაიცინა ივანმა, – ჩვენთვის მტკივნეულ საკითხებზე ლაპარაკს მოვასწრებთ, მაშ რისთვისა ვართ აქა? რა გაკვირვებული მიყურებ? მიპასუხე: რისთვის შევხვდით აქ ერთმანეთს? რომ გველაპარაკა ჩემსა და კატერინას სიყვარულზე, მამასა და დმიტრიზე, საზღვარგარეთის შესახებაც, რუსეთის საბედისწერო მდგომარეობაზე, იმპერატორ ნაპოლეონზე, ასე არ არის, ამისთვის არ ვართ აქ?
– არა, ამისთვის არა.
– თავად გცოდნია, რისთვისაც. ზოგს რა, მაგრამ ჩვენ, ჯერ კიდევ ტუჩზე რძეშეუშრობელ ყმაწვილებს, გვაღელვებს ამქვეყნიური მარადიული საკითხების გადაწყვეტა, ესაა ჩვენი საზრუნავი. სრულიად რუსეთის ახალგაზრდობა დღეს მხოლოდ მარადიულ საკითხებზე მსჯელობს, სწორედ ახლა, როცა ხანდაზმულები პრაქტიკული საკითხებით არიან დაკავებულები. შენ ეს სამი თვე რისი მოლოდინით შემომცქეროდი? გინდოდა გეკითხა:  „მწამს თუ არა ღმერთი?“  –  აი, ამიტომ მითვალთვალებდი სამი თვის განმავლობაში, ალექსეი ფიოდოროვიჩ, ასე არ არის?
– დიახ, ეგრეა, – გაიღიმა ალიოშამ, – ხომ არ დამცინი, ძმაო?
– მე დაგცინი? როგორ მოვინდომებ ჩემი პატარა ძამიკოს გაჯავრებას, რომელიც უკვე სამი თვეა მოლოდინით აღსავსე შემომყურებს. ალიოშა, შემომხედე: მეც ხომ შენსავით პატარა ბიჭი ვარ, განსხვავება ისაა, რომ მორჩილი არა ვარ. ხომ იცი, რუსის ბიჭები აქამდე როგორ ატარებენ დროს, ზოგ-ზოგები, რა თქმა უნდა. მაგალითად, აი, ამ აქოთებულ სამიკიტნოში შეიყრებიან, დასხდებიან სადმე კუთხეში. შესაძლოა აქამდე მთელი ცხოვრება არც იცნობდნენ ერთმანეთს, გავლენ აქედან და კიდევ ორმოცი წელი არ ეცოდინებათ ერთმანეთი, მერე რა მოხდა? რაზე უნდა ილაპარაკონ მათ აქ, ამ სამიკიტნოში? ცხადია, მსოფლიო პრობლემებზე: არის თუ არა ღმერთი, არსებობს თუ არა უკვდავება? ხოლო ისინი, ვისაც ღმერთი არა სწამთ, ისაუბრებენ სოციალიზმსა და ანარქიზმზე, მთელი კაცობრიობის გარდაქმნაზე. ეს ხომ იგივე, იგივე საკითხებია, ოღონდ სულ სხვა ბოლოდან დანახული. ძალიან ბევრი, მრავალი ორიგინალური რუსის ბიჭი ჩვენს დროში იმას აკეთებს,  რომ ამ მარადიულ საკითხებზე ლაპარაკობს.  ასე არ არის?
– დიახაც, ნამდვილად რუსული საკითხებია: არსებობს თუ არა ღმერთი, არსებობს თუ არა უკვდავება, ან კიდევ, როგორც შენ თქვი, საკითხები სულ სხვა ბოლოდან, ცხადია, ესენი უპირველესი საკითხებია და ასეც უნდა იყოს, – ჩაილაპარაკა ალიოშამ და ჩუმი, გამომცდელი ღიმილით შეხედა ძმას.
– იცი რა, ალიოშა, ხანდახან რუს ადამიანად ყოფნა უგუნურებაა, მაგრამ ისეთი სისულელის, რითაც ახლა დაკავებული არიან რუსის ბიჭები, წარმოდგენაც არ შეიძლება. მაგრამ მე ერთი რუსის ბიჭი, ალიოშკა ძალიან მიყვარს.
– ძალიან ლამაზად დააბოლოვე, – გაეცინა უცებ ალიოშას.
– მიბრძანე, აბა, რითი დავიწყოთ, ღმერთით? არსებობს თუ არა ღმერთი, არა?
– რითაც გინდა, იმით დაიწყე, თუნდაც იმ სულ „სხვა ბოლოდან“. შენ არ იყავი, გუშინ მამასთან რომ გამოგვიცხადე, ღმერთი არ არისო, – გამომცდელად შეხედა ძმას ალიოშამ.
– გუშინ მამასთან სადილობისას, განგებ გაღიზიანებდი. დაგინახე, როგორ აგენთო თვალები. მაგრამ ახლა სერიოზულად მინდა შენთან საუბარი, სერიოზულად. მე მინდა შენთან დაახლოება, ალიოშა, იმიტომ რომ მეგობრები არ მყავს, მინდა მოვსინჯო. მაშ ასე, წარმოიდგინე, მე იქნებ მწამს კიდეც ღმერთი, – გაიცინა ივანმა, – შენთვის ეს მოულოდნელია, ხომ?
– რასაკვირველია, თუ არ ხუმრობ.
– „ხუმრობო“. ეს გუშინ ბერთან არ თქვეს ჩემზე – ხუმრობსო. იცი რა, გეთაყვა, მეთვრამეტე საუკუნეში ერთი ბებერი ცოდვილი ცხოვრობდა [იგულისხმება ვოლტერი]. მან განაცხადა: ღმერთი რომ არ ყოფილიყო აუცილებელი იქნებოდა მისი გამოგონებაო,  s’il n’existait pas Dieu il faudrait l’inventer. მართალიცაა, ადამიანმა გამოიგონა ღმერთი. უცნაური ის კი არ იყო, ის კი არ იყო საოცრება, რომ ღმერთი არსებობდა, არამედ ის, რომ ასეთი აზრი – ღმერთის აუცილებლობისა – თავში მოუვიდა ისეთ ველურ და ბოროტ ცხოველს, როგორიც ადამიანია. ეს აზრი წმიდათაწმიდაა, ამაღელვებელი და ბრძნული, ამიტომ დიდ პატივს ჰმატებს ადამიანს. რაც შემეხება მე, მე უკვე დიდი ხანია აღარ ვფიქრობ – ადამიანმა შექმნა ღმერთი, თუ ღმერთმა შექმნა ადამიანი? არც რუსი ბიჭების ყველა იმ აქსიომის ჩამოთვლას შევუდგები, რაც ერთიანად ევროპული ჰიპოთეზებიდან გამომდინარეობს; რადგან რაც იმათთვის ჰიპოთეზაა, ის რუსი ბიჭისათვის უკვე აქსიომაა, და მარტო რუსი ბიჭებისათვის კი არა, არამედ მათი პროფესორებისათვისაც; იმიტომ, რომ რუსი პროფესორები ხშირად იგივე რუსი ბიჭები არიან. ამიტომაც მე გვერდს ვუვლი ყველა ჰიპოთეზას. ახლა ჩემი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად შევძლო აგიხსნა ჩემი არსი, ე. ი. ის, ვინ ვარ მე, რა მწამს და რისი იმედი მაქვს, ასე არ არის? ამიტომ გიცხადებ: მე პირდაპირ და უბრალოდ ვაღიარებ ღმერთს. მაგრამ ერთი რამ მინდა აღვნიშნო: თუ ღმერთი არსებობს და თუ ნამდვილად მან შექმნა დედამიწა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მან იგი შექმნა ევკლიდეს გეომეტრიის მიხედვით, ხოლო ადამიანის გონებაში სამი განზომილების სივრცის ცნება ჩადო. ამავე დროს, არსებობდნენ და ახლაც ბევრია მსოფლიოში საუკეთესო გეომეტრიკოსი და ფილოსოფოსი, რომელსაც ეჭვი ეპარება, რომ სამყარო, ანდა უფრო ფართო ცნება – ყოფიერება – ევკლიდეს გეომეტრიის მიხედვით იყოს შექმნილი. ისინი იმასაც კი ბედავენ, იოცნებონ, რომ ორი პარალელური წრფე, რომელიც, ევკლიდეს მტკიცებით, დედამიწაზე ერთმანეთს არსად გადაკვეთს, შესაძლოა, სადღაც უსასრულობაში გადაიკვეთოსო. მე, ჩემო კარგო, ასე გადავწყვიტე: თუკი ამის გაგება ვერ შევძელი, მაშინ ღმერთი როგორღა გავიგო-მეთქი. მშვიდად ვაღიარებ, რომ არავითარი უნარი არ გამაჩნია, გადავწყვიტო ასეთი საკითხები, მე ევკლიდესნაირი მიწიერი გონება მაქვს, ამიტომ არ ძალმიძს  იმის  წარმოდგენა, რაც ზებუნებრივია. შენც ასევე გირჩევ, ამაზე ნურასოდეს იფიქრებ,  ჩემო მეგობარო ალიოშა, განსაკუთრებით ღმერთზე – არსებობს თუ არა იგი? ყველა ეს საკითხი უჩვეულოა ისეთი გონებისათვის, რომელიც მხოლოდ  სამი განზომილების ცნებებით აზროვნებს. მაშ ასე, მე სიამოვნებით ვაღიარებ ღმერთს, ჩემთვის მისაღებია მისი სიბრძნე და მიზანი, რაც ჩვენთვის იდუმალებით არის მოცული, მწამს ცხოვრების წესი და აზრი, მწამს მარადიული ჰარმონია, რომელსაც ჩვენ შევერწყმით, მწამს სიტყვა, რომლისკენაც მიისწრაფვის სამყარო და რომ დასაბამიდან იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთი და ღმერთი იყო სიტყვა და ა. შ. და ა. შ. უსასრულობამდე. ამის შესახებ ბევრი რამ თქმულა. მე მგონი სწორ გზას ვადგავარ – რას იტყვი? ახლა წარმოიდგინე: სინამდვილეში ჩემთვის ღმერთის ეს საუფლო მიუღებელია, თუმცა ვიცი, რომ ის მაინც არსებობს. განა ღმერთს არ ვაღიარებ, კარგად გამიგე ეს, არამედ მის მიერ შექმნილი სამყარო, ღმერთის საუფლო არ არის ჩემთვის მისაღები, არ შემიძლია მისი აღიარება. აქვე მინდა დავძინო: მე ყმაწვილივით მჯერა, რომ ყოველგვარი  ტანჯვა-წამება გაივლის, გაქრება ადამიანურ წინააღმდეგობათა გულსატკენი კომიზმი, როგორც მქრქალი მირაჟი, როგორც უსუსური და ატომივით პაწაწუნა, ევკლიდესნაირი ადამიანის ჭკუის საზიზღარი მონაჩმახი, რომ, ბოლოს და ბოლოს, სამყაროს აღსასრულისას, მარადიული ჰარმონიის მომენტში ახდება და გამოგვეცხადება რაღაც იმდენად ძვირფასი, რომ ყველას გულს აღავსებს, ყველანაირ გულისწყრომას გააყუჩებს, ადამიანებს ყველა ბოროტმოქმედებას და მათ მიერ დაღვრილ სისხლს შეუნდობს; არა მარტო შეუნდობს, არამედ ყველაფერს გაამართლებს, რაც ადამიანებს ჩაუდენიათ, – დაე, დაე, ყოველივე აღსრულდეს და გაცხადდეს, მაგრამ ის ჩემთვის არ იქნება მისაღები, არ მინდა მისი აღიარება! დაე, გადაიკვეთოს ის პარალელური წრფეები, მე კი ყოველივე ეს თავად ვიხილო თვალით: ვიხილო და აღვნიშნო, რომ გადაიკვეთა, მაინც, მაინც არ ვაღიარებ. აი, ეს არის ჩემი არსი, ალიოშა, ეს არის ჩემი თეზისი. ამას სერიოზულად ვამბობ. განგებ დაგიწყე ამაზე ლაპარაკი, თუმცა ცოტა სულელურად გამომივიდა, მაგრამ იგი მივიყვანე ჩემს აღსარებამდე, რომელიც შენ ასე ძალიან გინდოდა გაგეგონა. შენ ღმერთზე ლაპარაკი კი არ გინდოდა, იმის გაგება გსურდა, რითი ცხოვრობს შენი ძმა. და აი, მეც გითხარი.
ივანმა თავისი ტირადა რაღაცნაირი განსაკუთრებული და მოულოდნელი გრძნობით დაასრულა.
– რატომ დაიწყე ასე, „ცოტა სულელურად“? – ჰკითხა ალიოშამ, რომელიც ფიქრებში წასული შესცქეროდა.
– დიახ, უპირველეს ყოვლისა, რუსიზმის გამო: რუსების საუბრები ამ თემებზე ყოველთვის ბრიყვულად მიმდინარეობს. მერე მეორეც, ის, რაც უფრო ბრიყვულია, საქმესთან მით უფრო ახლოა; რაც უფრო ბრიყვულია, მით უფრო ნათელია. სიბრიყვე აშკარაა და ალალ-მართალი, ჭკუა კი ყოველთვის ეშმაკობს და თვალთმაქცობს. ჭკუა არამზადაა, სიბრიყვე კი უშუალო და პატიოსანი. მე საქმე საკუთარ სასოწარკვეთამდე მივიყვანე და რაც უფრო სულელურად წარმოვადგინე, მით უფრო სარგებლიანი იყო ჩემთვის.
– განმიმარტავ თუ არა, რატომ არ არის შენთვის მისაღები „მის მიერ შექმნილი სამყარო“? – ჩაილაპარაკა ალიოშამ.
– რასაკვირველია, განგიმარტავ, არ დაგიმალავ, სწორედაც იქითკენ მიმყავხარ. ჩემო ძამიკო, მე შენი გახრწნა, შენი გადაბირება კი არ მინდა, იქნებ შენი საშუალებით მე საკუთარი თავის განკურნება მინდა, – უცებ ივანმა პატარა ბიჭუნასავით გაიღიმა.  ალიოშას მის სახეზე ასეთი ღიმილი არასოდეს ენახა.

 

თავი IV

ბუნტი

– ერთი რამ მინდა გაგიმხილო, – დაიწყო ივანმა, – არასოდეს მესმოდა, როგორ შეიძლება გიყვარდეს ახლომყოფი მოყვასი. სწორედ ახლომყოფი, თორემ შორსმყოფი მოყვასის სიყვარული კიდევ შესაძლებელია. ამას წინათ სადღაც ამოვიკითხე „იოანე მოწყალის“ [ალექსანდრიის პატრიარქი მე-6-7 სს.] (წმინდანია ერთი) შესახებ. როცა მასთან მივიდა ერთი დამშეული, შეციებული მგზავრი და სთხოვა, გამათბეო, იოანემ იგი ლოგინში ჩაიწვინა, მოეხვია და რაღაც ავადმყოფობისაგან დამპალ და აქოთებულ პირში სულის ჩაბერვით დაუწყო გათბობა. ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს თავის მოსატყუებლად გააკეთა, თავის თავზე აღებული სიყვარულის ვალდებულებისა და თავს მოხვეული ეპიტიმიის [ბერძნ. საეკლესიო სასჯელი] გამო. ადამიანი რომ გიყვარდეს, იგი შენგან შორს უნდა იყოს, როგორც კი კაცი ნამდვილ სახეს გიჩვენებს –  სიყვარული ქრება.
– ამის შესახებ ბერ ზოსიმას არაერთხელ უთქვამს, – შენიშნა ალიოშამ, – ისიც ამბობდა ხოლმე, ჯერ კიდევ სიყვარულში გამოუცდელს ადამიანის პირისახე ხშირად ხელს უშლის, რომ უყვარდესო. მაგრამ კაცობრიობას ხომ გააჩნია მრავალნაირი სიყვარული, თითქმის ქრისტეს სიყვარულის ბადალი, ეს მე თავადაც ვიცი, ივან…
– მე ჯერ ამის შესახებ არაფერი ვიცი, არც გაგება შემიძლია; ჩემნაირად მილიონობით ადამიანი ფიქრობს. საქმე ისაა, რითაა გამოწვეული ეს, ადამიანის ცუდი თვისებებით, თუ ადამიანის ბუნებაა ასეთი. ჩემი აზრით, ადამიანის მიმართ ქრისტესმიერი სიყვარული დედამიწაზე აუხდენელი სასწაულია. ის ღმერთი იყო, მაგრამ ჩვენ ხომ არა ვართ ღმერთები. მაგალითისათვის დავუშვათ – მე მწარედ ვიტანჯები, სხვა ხომ ვერასოდეს მიხვდება, როგორ მძიმეა ეს ჩემი ტანჯვა, იმიტომ რომ იგი სხვაა და ჩემს ტყავში ვერ შემოძვრება; უფრო მეტიც, იშვიათია ადამიანი, რომელიც დათანხმდება, სხვა აღიაროს წამებულად (თითქოს ეს ჩინი იყოს). რატომ არ თანხმდება, შენ როგორ ფიქრობ? იმიტომ რომ, მაგალითისათვის ვიტყვი, მე პირი მიყარს, ან ბრიყვის სიფათი მაქვს, ან ოდესღაც რაღაც ვატკინე. გარდა ამისა, ტანჯვაცაა და ტანჯვაც: შიმშილისაგან ჩემი დამამცირებელი ტანჯვა შეიძლება დასაშვებად მიიჩნიოს მავანმა და მავანმა, მაგრამ რაღაც სხვა ამაღლებულისათვის, ვთქვათ, იდეისათვის ჩემი ტანჯვა – არა. ეს მისთვის მიუღებელია, რადგან მას ჩემი სახე არ მოსწონს, რადგან, მისი აზრით, ასეთი სიფათის პატრონს იდეები არ უნდა აწუხებდეს. ამიტომაც იგი არ გაიღებს ჩემთვის არავითარ მოწყალებას. ამ დროს, შესაძლოა, იგი სულაც არ იყოს ბოროტი კაცი. ღვთის ანაბარა დარჩენილი, კეთილშობილი გლახაკნი გარეთ კი არ უნდა მათხოვრობდნენ, მოწყალება გაზეთების საშუალებით უნდა ითხოვონ. მოყვასი განყენებულად შეიძლება გიყვარდეს, შორიდან, მაგრამ ახლოდან – არასოდეს. ყველაფერი ისე რომ იყოს, როგორც სცენაზე ხდება, ბალეტში, სადაც გრაციოზულად მოცეკვავე გლახაკნი მოწყალების სათხოვნელად სცენაზე აბრეშუმის ძონძებსა და მაქმანიან ჩვრებში გამოწყობილები  გამოჩნდებიან ხოლმე, თვალს რომ ვერ მოსწყვეტ, ისეთები, მაშინ, რასაკვირველია, მოგწონს, მაგრამ მხოლოდ მოგწონს და არ გიყვარს ისინი. კარგი, შევეშვათ ამას. მე მხოლოდ მინდოდა, შენთვის ჩემი თვალსაზრისი გამეცნო; მინდოდა შენთან მელაპარაკა, ზოგადად, კაცობრიობის ტანჯვა-წამებაზე, მაგრამ ახლა შევჩერდები ბავშვების ტანჯვა-წამებაზე. ის ჩემი არგუმენტაციის ზომებს ათჯერ მაინც შეამცირებს, მაგრამ მაინც მხოლოდ ბავშვებზე ვიტყვი. ამით უფრო არასახარბიელო მდგომარეობაში ჩავიყენებ თავს, ცხადია. ჯერ ერთი, ბავშვის სიყვარული ახლოდანაც შეიძლება, ბინძური და შეუხედავი ბავშვისაც კი (თუმცა შეუხედავი ბავშვები არ არსებობენ). მეორეც, მოზრდილებზე მე აღარ ვილაპარაკებ – მოზრდილები, გარდა იმისა, რომ ამაზრზენები არიან და მათი შეყვარება შეუძლებელია, ისინი უფლისგანაც შეჩვენებულნი არიან, რამეთუ მათ იგემეს  სამოთხის  ვაშლი,  შეიცნეს  კეთილი  და  ბოროტი,  „ვითარცა ღმერთმა“.
ისინი ახლაც მიირთმევენ ვაშლს. ბავშვებს კი ჯერჯერობით არაფერი შეუჭამიათ და არც არაფერში მიუძღვით ბრალი. შენ გიყვარს ბავშვები, ალიოშა? ვიცი, რომ გიყვარს, ამიტომ შენთვის გასაგები იქნება, რატომ მინდა მათზე საუბარი. თუკი ისინი ახლა ამ დედამიწაზე საშინლად იტანჯებიან,  ცხადია,  თავიანთი  მამების გამო ისჯებიან, მამათა ცოდვების გამო, რადგან მათ ვაშლი იგემეს, – მაგრამ ეს სჯა-ბაასი იმ სხვა სამყაროს ეკუთვნის, რომელიც ადამიანისათვის გაუგებარია. არ შეიძლება უცოდველები სხვისი გულისათვის იტანჯებოდნენ, მით უმეტეს, ასეთი უმანკონი! ნუ გაგიკვირდება და მეც მიყვარს ბავშვები. ისიც იცოდე, რომ ხანდახან სასტიკ, ავხორც და ღორმუცელა ადამიანებსაც კი, ისეთებს, როგორიც კარამაზოვები არიან, უყვართ ბავშვები. ბავშვები, სანამ ბავშვები არიან, ასე შვიდ წლამდე, ძალიან განსხვავდებიან მოზრდილებისაგან: სულ სხვა არსებები და სულ სხვა ბუნების ხალხია. მე ვიცნობ ერთ ყაჩაღს, რომელსაც თავისი საქმიანობის მანძილზე ბევრი ოჯახი გაუძარცვავს და დაურბევია, მოზრდილებთან ერთად ბავშვებსაც კი ღადრავდა ყელს, მაგრამ  პატიმრობის დროს ციხის ფანჯრიდან განსაკუთრებული სიყვარულით გასცქეროდა ხოლმე ეზოში მოთამაშე ბავშვებს. ერთი პატარა ბიჭუნა ისე მიიჩვია, რომ ბავშვი სარკმელთან ახლოს მოდიოდა და ძალიან დაუმეგობრდა… შენ არ იცი, ამას რისთვის ვამბობ, ალიოშა? რაღაც თავი მტკივა და სევდა შემომაწვა.
– უცნაურად ლაპარაკობ, – შენიშნა დამწუხრებულმა ალიოშამ, – რაღაც არეულ- დარეული ხარ.
– სხვათა შორის, ამას წინათ მოსკოვში ერთი ბულგარელი ყვებოდა, – გააგრძელა ივანმა ისე, თითქოს ძმის ნათქვამი არც გაუგონია, – თუ როგორ გაბოროტებულები არიან ბულგარეთში თურქები და ჩერქეზები. იმის შიშით, რომ სლავები არ აჯანყდნენ, ათასნაირ სიავეს სჩადიან, – სლავებს ხოცავენ, ცეცხლს უკიდებენ მათ სახლ-კარს, აუპატიურებენ ქალებსა და ბავშვებს,  პატიმრებს ღობეებზე ყურებით აჭედებენ და ასე ჰყავთ დილამდე, ვიდრე ჩამოახრჩობენ და ა.შ. და ა.შ. ყველაფრის ენით აღწერაც კი შეუძლებელიაო. ხანდახან ადამიანთა სისასტიკეს „მხეცობას“ უწოდებენ, მაგრამ ეს ხომ საშინელი უსამართლობაა და მხეცებისათვის გულსატკენი. არც ერთი მხეცი არ არის ისეთი სასტიკი, როგორც ადამიანი, არც ერთ მხეცს არ გააჩნია ისეთი არტისტული და მაღალმხატვრული სისასტიკე, როგორიც ადამიანს. ვეფხვი თავის მსხვერპლს უბრალოდ ღრღნის და გლეჯს, მან მხოლოდ ეს იცის, აზრადაც არ მოუვა ღამით ადამიანის ღობეზე ყურებით მიჭედება, ცხადია, რომც შეეძლოს ამის გაკეთება. სხვათა შორის, თურქები დიდი სიამოვნებით აწამებენ ბავშვებს, თურმე რამდენჯერმე დედის საშოდანაც კი ხანჯლით ამოუკვეთიათ ჩვილი, რამდენჯერმე ძუძუთა ბავშვები დედების თვალწინ ჰაერში აუგდიათ და ხიშტებზე წამოუგიათ. დედის თვალწინ ამის გაკეთება მათთვის ყველაზე დიდი სიამოვნება იყო. ყველაზე მეტად ერთმა ამბავმა დამაინტერესა. წარმოიდგინე ასეთი სურათი: ჩვილბავშვატატებული, შიშისაგან აკანკალებული დედა, მის გარშემო თურქები დგანან. თურქებს გართობა მოუნდათ, ისინი ეფერებიან ბალღს, იცინიან, ბავშვის გაცინებაც უნდათ, ბავშვიც იცინის. ამ დროს რომელიღაც თურქი ბავშვს შუბლზე პისტოლეტს მიაბჯენს, ბავშვი კისკისებს, იგი ხელებს იწვდის პისტოლეტისაკენ… უცებ არტისტი თითს   გამოჰკრავს  ჩახმახს  და   ბავშვს  ტვინს  გადმოანთხევინებს… ძალიან მხატვრულია, არა? ისე, იმასაც ამბობენ, თურქებს ტკბილეულობა ძალიან უყვართო.
– ძმაო, რისთვის ლაპარაკობ ასეთ რამეებს? – ჰკითხა ალიოშამ.
– მე ვფიქრობ, რომ თუ ეშმაკი არ არსებობს, მაშინ იგი ადამიანმა მოიგონა ხატად და მსგავსად თვისად.
– ისევე, როგორც ღმერთი.
– შენ საოცარი უნარი გაქვს სიტყვის შემობრუნების, როგორც ამას პოლონიუსი ამბობს „ჰამლეტში“, – გაიცინა ივანმა, – სიტყვაში გამომიჭირე ხომ, არა უშავს, მე მაინც მოხარული ვარ. კარგი ვინმე ყოფილა შენი ღმერთი, თუკი ისიც ადამიანმა შექმნა ხატად და მსგავსად თვისად. წეღან მკითხე, რისთვის ლაპარაკობ ასეთ რამეებსო, გეტყვი: მე ფაქტების მოყვარული და შემგროვებელი ვარ, გაზეთებიდან და მოთხრობებიდან ვიწერ და ვაგროვებ სხვადასხვა სახის ანეკდოტებს, უკვე მოზრდილი კოლექცია მაქვს. თურქების ამბავი, ცხადია, შესულია ამ კოლექციაში. უცხოელების გარდა, ჩემს კოლექციაში მშობლიური ამბებიც არის, თურქულზე გაცილებით უკეთესი. მოგეხსენება, ჩვენთან მეტად გავრცელებულია ცემა-ტყეპა და გამათრახება, ეს ჩვენს ეროვნულ ხასიათში ზის. შეიძლება ყურებით არავინ მივაჭედოთ, რაც უნდა იყოს, მაინც ევროპელები ვართ, მაგრამ წკეპლა და მათრახი – ჩვენია და ვერავინ წაგვართმევს. ახლა საზღვარგარეთ თითქოს აღარავის ამათრახებენ, ზნე გაუკეთილშობილდათ, ისეთი კანონები შეიქმნა, რომ ადამიანმა ადამიანს ხელი არ ახლოს. ამის სამაგიეროდ, ისეთი რამ მოიგონეს, ისიც სუფთა ეროვნული, მათთვის დამახასიათებელი, რომელიც თითქოს ჩვენთვის დაუშვებელია, მაგრამ, მგონია, ამ ბოლო ხანებში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მაღალი საზოგადოება რელიგიურ მოძრაობაში ჩაება, ჩვენთანაც უნდათ მისი დანერგვა. ერთი მშვენიერი ბროშურა მაქვს, ფრანგულიდანაა თარგმნილი, სადაც აღწერილია ხუთი წლის წინანდელი ამბავი – ოცდახუთი წლის ჭაბუკის, ბოროტმოქმედი მკვლელის, რიშარის სიკვდილით დასჯა. რიშარმა სიკვდილის წინ მოინანია თავისი ცოდვები და გაქრისტიანდა. ეს რიშარი ვიღაცის ნაბუშარი იყო, ექვსი წლის ასაკში მშობლებმა ვიღაც შვეიცარიელ მწყემსებს აჩუქეს. მათ ბავშვი ძაღლუმადურად გაზარდეს და ვირივით ამუშავებდნენ. რიშარი პატარა მხეცივით იზრდებოდა, არაფერს ასწავლიდნენ, შვიდი წლის ასაკში თოვლსა და ავდარში შიშველ-ტიტველი და მშიერ-მწყურვალი სამწყესურში გაუშვეს. ცხადია, როცა ამას სჩადიოდნენ, არც ფიქრობდნენ და არც ნანობდნენ იმას, რასაც აკეთებდნენ, პირიქით თვლიდნენ, რომ ამის სრული უფლება ჰქონდათ, რადგან რიშარი,  როგორც  ნივთი,  ძღვნად  მიიღეს.  ისინი იმასაც კი არ თვლიდნენ საჭიროდ, ბავშვი გამოეკვებათ. თავად რიშარი ადასტურებს, რომ იმ დროს, როგორც ძე შეცთომილი სახარებაში, შიმშილისაგან გასავათებული, მზად იყო, შეეჭამა ის სალაფავი, რასაც ღორებს გაყიდვის წინ აჭმევდნენ ხოლმე, მაგრამ იმის ჭამის ნებასაც არ აძლევდნენ და სცემდნენ, როცა ღორების სალაფავს იპარავდა. ასე გაატარა მან თავისი ბავშვობა და ყრმობა მანამ, სანამ არ დავაჟკაცდა და არ მომაგრდა. შემდეგ მწყემსებს გაექცა და ქურდობა დაიწყო. ეს ველური ყოველდღიურ ნაქურდალს ჭამდა, სვამდა და მხეცივით ცხოვრობდა ჟენევაში. ბოლოს კი იმით დაასრულა, რომ ვიღაც მოხუცი მოკლა და გაძარცვა. დააპატიმრეს, გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს. იქ ხომ სენტიმენტალურები არ არიან. ციხეში რიშარს თავს დაეხვივნენ პასტორები, ქრისტეს სხვადასხვა საძმოს წევრები, ქველმოქმედი ქალბატონები და ა.შ. საკანში წერა-კითხვა ასწავლეს, აკითხებდნენ და უხსნიდნენ სახარებას, ნამუსს უღვიძებდნენ, არწმუნებდნენ, ტვინს უხვრეტდნენ. ბოლოს და ბოლოს, რაშარმა საგანგებოდ აღიარა თავისი დანაშაული. წერილობით მიმართა სასამართლოს: ადრე მხეცი და ნადირი ვიყავი, მაგრამ ახლა ღმერთმა გონება გამიხსნა და თავისი მადლი მომფინაო. მთელი ჟენევა ააღელვა ამ ამბავმა, მთელი ღვთისმოსავი და ქველმოქმედი საზოგადოება. თითქმის ყველა მაღალგანვითარებული და კეთილშობილად აღზრდილი ეწვია მას. ჰკოცნიდნენ, ეხვეოდნენ და ეუბნებოდნენ: „ძმა ხარ ჩვენი, შენ ღვთის მადლი მოგეფინა!“ გულაჩუყებული რიშარი კი ცრემლებს ღვრიდა: „დიახ, ასეა, ღმერთმა წყალობით გადმომხედა! ადრე, ჩემს ბავშვობაში, ღორის სალაფავის ჭამაც კი მიხაროდა, ახლა კი ჩემზე ღვთის მადლი გადმოვიდა და ღვთის მონად ვკვდები!“ – „ასეა, ასე, რიშარ, ღვთის მონად მოკვდი, შენ სისხლი დაღვარე და ამიტომ ღვთის მონად უნდა მოკვდე. მართალია, შენი ბრალი არ არის, რომ არ იცოდი, ვინ იყო ღმერთი; როცა შენ ღორების გშურდა, სალაფავს ჰპარავდი და ამის გამო მწყემსები გცემდნენ (ისე, ქურდობაც ცოდვაა, ქურდობაც დაუშვებელია), – მაგრამ რადგან შენ სისხლი დაღვარე, ამისათვის უნდა მოკვდე“. და აი, ბოლო დღეც დადგა. ღონემიხდილი რიშარი ქვითინებდა და ერთსა და იმავეს გაუთავებლად იმეორებდა: „ეს დღე ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, მე ღმერთთან მივდივარ!“ –
„ასეა, ასე, – უყვიროდნენ პასტორები, მსაჯულები და გლახაკთა გამკითხავი ქალბატონები, – ეს არის შენთვის ყველაზე უბედნიერესი დღე, რამეთუ ღმერთთან მიხვალ!“ ეშაფოტისაკენ მიმავალ სამარცხვინო ეტლს, რომელსაც რიშარი მიჰყავდა, უამრავი ხალხი მიაცილებდა, ზოგი ეკიპაჟით და ზოგი ფეხით. ეშაფოტთან მივიდნენ თუ არა, გაისმა ყვირილი: „მოკვდი, ჩვენო ძმაო, მოკვდი ღმერთის გულისათვის, რამეთუ შენზე გადმოვიდა იმისი მადლი!“ დებისა და ძმების მიერ დაკოცნილი რიშარი ეშაფოტზე აათრიეს, თავი გილიოტინაზე დაადებინეს და ძმურად წააცალეს, იმიტომ რომ მასზე ღვთის მადლი გადმოვიდა. ეს მათთვის დამახასიათებელია. ბროშურა რუსულად თარგმნეს მაღალი წრის საზოგადოების რუსმა მოლუთერანო ქველმოქმედებმა და დაურიგეს გაზეთებისა და გამომცემლობათა რედაქციებს ხალხში უფასოდ გასავრცელებლად. რიშარის თავს გადამხდარი ამბავი იმითაა საინტერესო, რომ ნაციონალურია. ცხადია, ჩვენთვის მიუღებელია, თუ კაცი ჩვენი ძმა გახდა, თუკი მასზე ღვთის მადლი გადმოვიდა, მაშინ რატომღა უნდა მოჰკვეთო თავი. ვიმეორებ, ჩვენ მათზე არანაკლები რამ გვჩვევია: ესაა ჩვენთვის ისტორიულად ბუნებრივი და მახლობელი, სხვისი ცემა-ტყეპითა და ტანჯვა-წამებით სიამოვნება. ნეკრასოვს ერთი ლექსი აქვს იმის შესახებ, თუ როგორ ურტყამს გლეხი ცხენს თვალებში მათრახს, „თვინიერ თვალებში“. ვის არ უნახავს ასეთი სურათი, ეს სუფთა რუსიზმია. იგი აღგვიწერს დატვირთულ საზიდარში შებმულ გასავათებულ ცხენს, რომელიც ტვირთს ვეღარ ერევა. გლეხი ურტყამს მათრახს, სცემს დაუნდობლად, არაფრის   გაგება არ უნდა, შეუჩერებლად უქნევს მათრახს და უყვირის:
„მართალია, აღარ შეგიძლია, მაგრამ მაინც უნდა წაიღო, მოკვდი, მაგრამ მაინც უნდა წაიღო!“ ჯაგლაგი ცდილობს წინ წაწევას, გლეხი კი კვლავ ურტყამს აცრემლებულ  და  „თვინიერ თვალებში.“ გამწარებულმა ცხენმა, როგორც იქნა, გაიწია და დაძრა საზიდარი. რაღაცნაირად საცოდავად მიდიოდა, გვერდულად და ხტუნვა-ხტუნვით, სუნთქვა-შეკრული და აკანკალებული. შემაძრწუნებელი სურათი აქვს აღწერილი ნეკრასოვს, მაგრამ ეს ხომ ცხენია, ცხენი იმისთვისაა, რომ გაამათრახონ. ასე აგვიხსნეს ეს თათრებმა და მათრახით საუკუნოდ დაგვასაჩუქრეს. მათრახი კი ადამიანსაც შეიძლება ურტყა. ახლა იმას მოგიყვები, როგორ წკეპლავდა ერთი ინტელიგენტი ცოლ-ქმარი ღვიძლ ქალიშვილს, შვიდი წლის გოგონას. ამის შესახებ დაწვრილებით მაქვს ჩაწერილი. მამას უხაროდა, რომ წკეპლა როკიანი იყო, „უფრო მწარე იქნებაო“, თავისთვის ამბობდა და დაალურჯებდა ხოლმე საკუთარ ასულს. მე მესმის, არსებობენ ისეთი ჯალათები, რომლებიც ყოველ დარტყმაზე უზომო სიამოვნებას განიცდიან,  ამ  სიტყვის სრული მნიშვნელობით – რაც უფრო მეტს დაარტყამენ, მით უფრო დიდ და დიდ ნეტარებას გრძნობენ ხოლმე. ბავშვს ჯერ ერთ წუთს ურტყამს მამა, შემდეგ ხუთს, ათ წუთს და ა.შ. უფრო ხშირ-ხშირად და მწარედ. ბავშვი ყვირის, შემდეგ სუნთქვა ეკვრება და ყვირილიც აღარ შეუძლია. „მამა, მამიკო, მამიკო!“ ეს  საშინელი ამბავი სასამართლომდე მივიდა. აიყვანეს ადვოკატი. რუსეთში უკვე დიდი ხანია, ხალხი ადვოკატს აბლაკატს – „დაქირავებულ სინდისს“ უწოდებს. ადვოკატი თავისი კლიენტის დასაცავად რიხიანად გაჰყვიროდა: „რა მოხდა, ხალხო, ჩვეულებრივი ოჯახური საქმეა, მამამ შვილი გაწკეპლა, სირცხვილია, ასეთი საქმის სასამართლოზე გატანაო!“ ადვოკატის ორატორობით მოხიბლულმა მსაჯულებმა შვილის მტანჯველი მამა გაამართლეს. პუბლიკა აღფრთოვანებული შეხვდა ჯალათის გამართლებას. ცუდია, რომ იქ არ ვიყავი, თორემ წინადადებას შევიტანდი – დაწესდეს მტანჯველის სახელობის სტიპენდია-მეთქი!.. მშვენიერი სურათებია, არა? ეს რაა?! მე ბალღების შესახებ უკეთესი რაღაცები მაქვს შეკრებილი, რუსი ბავშვების წამებაზე, ალიოშა. ხუთი წლის პატარა გოგონა შეიძულა დედ-მამამ, „პატივცემულმა და ჩინოსანმა, განათლებულმა და აღზრდილმა გვამებმა.“ ხედავ, მე  კვლავ  დაჟინებით  ვამტკიცებ,  რომ კაცობრიობის ნაწილს სიამოვნებას  ჰგვრის  ბავშვების  ტანჯვა-წამება,  მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების. ადამიანთა მოდგმის სხვა დანარჩენი ნაწილის მიმართ ისინი კეთილგანწყობილნი არიან, როგორც ეს განათლებულ ჰუმანურ ევროპელებს შეჰფერით, მაგრამ ბალღების ტანჯვა ძალიან უყვართ, ბავშვებიც ამისათვის უყვართ, სწორედ ამ მოსაზრებით. სწორედ ამ არსებების დაუცველობა აცდუნებთ ხოლმე ჯალათებს, მათი ანგელოზური მიმნდობლობა, ისინი ხომ ვერსად შეძლებენ ჩივილს, სწორედაც, ეს უმღვრევთ ბინძურ სისხლს მტანჯველებს. რასაკვირველია, ყოველ ადამიანში დამალულია მხეცი, პირსისხლიანი მხეცი, რომელიც უსაზღვრო სიამოვნებას განიცდის მსხვერპლის წივილ-კივილის მოსმენით, აღვირახსნილი მხეცი, რომელსაც გარყვნილებისაგან დაავადებული აქვს ნაღველი, აწუხებს ნიკრისის ქარი და ა.შ. და ა.შ. ამ საცოდავ ხუთი წლის გოგონას თავისი განათლებული მშობლები მრავალნაირად სტანჯავდნენ, სცემდნენ, ამათრახებდნენ, წიხლებს ურტყამდნენ, თავადაც არ იცოდნენ, რისთვის – ბავშვს სხეული ერთიანად დალილავებული ჰქონდა; ბოლოს უმაღლეს დონემდე დახვეწეს ტანჯვის მეთოდები: სიცივესა და ყინვაში, მთელი ღამის განმავლობაში ჩაკეტავდნენ ხოლმე საჭირო ოთახში, რომ ღამით ბავშვს ისინი არ შეეწუხებინა (თითქოს ღრმად მძინარე ხუთი წლის ანგელოზივით ბავშვს, ამ ასაკში, შეეძლოს ღამით გადაყენების მოთხოვნა) – პირისახეს განავლით მოუთხვრიდნენ  ხოლმე და  აიძულებდნენ  განავლის ჭამას, ამას კი უმეტესწილად დედა აკეთებდა, საკუთარი მშობელი დედა! ამ დედას შეეძლო მთელი ღამის განმავლობაში მშვიდი ძილი, მაშინ როცა საჭირო ოთახიდან საკუთარი გოგონას კვნესა ესმოდა! გესმის შენ ასეთი რამ, გესმის?! როცა პაწაწა არსება, რომელსაც ჯერ არც კი აქვს გაცნობიერებული, რა ემართება, რატომაა ჩაკეტილი ბნელ და ცივ ფეხსალაგში, გულამოსკვნილი ტირის, წყნარად და თვინიერად, სისხლიანი ცრემლებით და შესთხოვს „ღმერთს“, დაიფაროს იგი, – შენ გესმის რამე ასეთი უაზრობისა, ძმაო და მეგობარო ჩემო, ღვთის მორჩილო და მოსავო, გაგეგება რამე ამისა, რისთვისაა ასეთი უაზრობა საჭირო და შექმნილი! ამბობენ, ამის გარეშე ადამიანი ცხოვრებას ვერ შეძლებდა, რამეთუ ვერ შეიცნობდა კეთილსა და ბოროტსო. რად მინდა ეს წყეული სიკეთე და ბოროტება, თუკი ასე ძვირი ჯდება?! მთელი მსოფლიოს ცოდნა ბავშვის ერთ კურცხლადაც არ ღირს. მე აღარაფერს ვამბობ მოზრდილთა ტანჯვაზე, მათ ხომ ვაშლი იგემეს, ეშმაკმა დალახვროს, ისინი ეშმაკის კერძნი არიან, მაგრამ ესენი, ესენი! გაგაწვალე, მგონი ალიოშა, სახე ადამიანს აღარ გიგავს. გავათავებ, თუ გინდა.
– არა უშავს, მეც მინდა ვიტანჯო, – ჩაიბურტყუნა ალიოშამ.
– მხოლოდ ერთ სურათს აგიწერ კიდევ, ძალიან საინტერესოსა და დამახასიათებელს – ახლახან წავიკითხე ერთ-ერთ ჩვენს სიძველეთა კრებულში, არ მახსოვს „არქივში“, თუ „სიძველეებში“. ეს მოხდა ჯერ კიდევ ამ საუკუნის დასაწყისში, ბატონყმობის ყველაზე მძიმე პერიოდში, მაშ, გაუმარჯოს ხალხის განმათავისუფლებლებს! საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა ერთი გენერალი, გავლენიანი და მდიდარი მემამულე. იგი იმათ რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც გადადგომის შემდეგ ღრმად დარწმუნებულები არიან, რომ დაიმსახურეს უფლება, თავიანთი ქვეშევრდომების სიკვდილ-სიცოცხლე განაგონ. აი, ასეთი ბატონი, ყოყლოჩინა გენერალი, ცხოვრობდა მამულში და აბუჩად იგდებდა თავის ორი ათასამდე ღარიბ-ღატაკ ყმას, ექცეოდა მათ, როგორც მასთან სამადლოდ მცხოვრებ პირებს და ტაკიმასხარებს. ასეულობით ძაღლი ჰყავდა და მათი მუნდირში გამოწყობილი და ცხენიანი ასამდე მომვლელი. ერთხელ მისმა შინაყმამ, პატარა ბიჭუნამ, ასე რვა წლის თუ იქნებოდა, ქვებით თამაშის დროს, შემთხვევით, გენერლის საყვარელ მწევარს ფეხში ქვა მოარტყა.
„რა მოუვიდა ჩემს საყვარელ ძაღლს, რატომ კოჭლობს?!“ – იკითხა გენერალმა. მოახსენეს, რომ ამა და ამ ბიჭმა ქვა ესროლა და დააკოჭლა. „აა, ეს შენა ხარ, – აათვალ-ჩაათვალიერა გენერალმა ბიჭი და გასცა ბრძანება,  –  დაიჭირეთ!“ შეიპყრეს ბავშვი, წაართვეს დედას და მთელი ღამე სატუსაღოში გამომწყვდეული ჰყავდათ. დილაადრიანად სანადიროდ გამოპრანჭული გენერალი გამობრძანდა, შეჯდა ცხენზე, გარშემო თავისი მაამებლები, ძაღლები, მეძაღლეები და ბაზიერები ახვევია, ყველანი ამხედრებულნი არიან. ირგვლივ შინაყმებსაც მოუყარეს თავი ჭკუის სასწავლებლად, წინ კი დამნაშავე ბავშვის დედა გაიგდეს. საპატიმროდან გამოიყვანეს ბავშვი. შემოდგომის დაბინდული, ცივი და ღრუბლიანი დილა იდგა. ნამდვილი სანადირო დღე იყო. გენერალმა ბრძანება გასცა, ბავშვი გააშიშვლეთო. ბავშვს გახადეს და დედიშობილა დატოვეს. იდგა სიცივისა და შიშისაგან აკანკალებული და გაოგნებული ხმას ვერ იღებდა…. „აიძულეთ გაიქცეს!“ – გასცა ბრძანება გენერალმა. „გაიქეცი, გაიქეცი!“ – უყვირიან ბავშვს მეძაღლეები,  ბავშვი გარბის… „ეცი მაგას, ეცი!“ – ყვირის გენერალი და თავისი მწევრების მთელ ხროვას უქსევს ბიჭს. მწევრები ეცნენ ბავშვს და დედის თვალწინ სულ ნაფლეთებად აქციეს! გენერალს, მგონი, მეურვე დაუყენეს. შენ რას იზამდი? დახვრეტდი? ზნეობრიობის დასაცავად დახვრეტდი? თქვი, ალიოშა!
– დავხვრეტდი! – ჩუმად წარმოთქვა ალიოშამ და გაფითრებულმა, სახედაღმეჭილმა შეხედა ძმას.
– ბრავო! – იყვირა რაღაცნაირად აღტაცებულმა ივანმა, – შენც თუ ასე ამბობ, ე.ი… შენ, სქიმოსანი! [ალიოშა ამ დროს ბერიც არ არის] აი, თურმე როგორი ეშმაკი გიზის სულში, ალიოშკა კარამაზოვ!
– რაღაც შეუსაბამო წამომცდა, მაგრამ…
– საქმეც სწორედ მაგ „მაგრამშია“ – იყვირა ივანმა, – იცოდე, მორჩილო, შეუსაბამობა ამქვეყნად ყველაზე საჭირო რამაა, შეუსაბამობაზე დგას ეს სამყარო, უმაგისოდ ამქვეყნად, შესაძლოა, არაფერიც არ ხდება. ჩვენ ვიცით, რაც ვიცით!
– რა იცი?
– მე არაფერი მესმის, – გააგრძელა ივანმა ისე, თითქოს ბოდავსო, – არც მინდა, რამე მესმოდეს. მინდა ფაქტთან დარჩენა. უკვე დიდი ხანია, ვცდილობ, არაფერი გავიგო. როგორც მოვინდომებ რამის გაგებას, მაშინვე ფაქტს ვუღალატებ, მე კი გადაწყვეტილი მაქვს, ფაქტებთან დავრჩე…
– მე რატომღა მცდი? – მწარედ შეჰყვირა აღელვებულმა ალიოშამ, – მეტყვი თუ არა, ბოლოს და ბოლოს?
– ცხადია, გეტყვი, იქით მიმყავხარ, რომ ყველაფერი გითხრა. შენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ, შენი გაშვება არ მინდა, შენს თავს ზოსიმას არ დავუთმობ.
ივანი ერთხანს გაჩუმდა, სახე ძალიან სევდიანი გაუხდა.
– ყური დამიგდე: ბავშვებზე ამდენს იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ყველაფერი ნათელი იყოს. დანარჩენ ადამიანთა ცრემლებზე, რითაც გაჟღენთილია დედამიწა ქერქიდან ცენტრამდე, აღარაფერს ვამბობ, ჩემი საუბრის თემა განზრახ შევამოკლე. თავს დავიმცირებ და გეტყვი, რომ მე მხოლოდ და მხოლოდ ბაღლინჯო ვარ, არაფერი მესმის, რისთვის და რატომაა ეს ქვეყანა ასე მოწყობილი. ალბათ თავად ადამიანები არიან დამნაშავე: მათ სამოთხე მისცეს, ადამიანებმა კი თავისუფლება მოინდომეს და ზეცას ცეცხლი მოსტაცეს, თუმცა იცოდნენ, რომ ეს მათ გააუბედურებდა – მაშასადამე, ისინი შესაბრალები არ არიან. ჩემი საცოდავი მიწიერი ევკლიდური ჭკუა-გონებით მხოლოდ ის ვიცი, ამქვეყნად ტანჯვა-წამება რომ არსებობს და დამნაშავე კი არავინაა, რომ ყველაფერი ერთი მეორიდან გამომდინარებს პირდაპირ და უბრალოდ, ყველაფერი მიედინება და წონასწორდება, – მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ევკლიდეს მონაჩმახია, ეს კარგად ვიცი და არ მინდა, მის მიხედვით ვიცხოვრო! რა ხეირია ჩემთვის, თუ მეცოდინება, რომ დამნაშავეები არ არსებობენ, – მე შურისძიება მწყურია, არადა თავს მოვიკლავ!  შურისძიება მინდა არა სადღაც და  ოდესღაც, უსასრულობაში, არამედ დღესვე, ამ დედამიწაზე, მინდა საკუთარი თვალით ვიხილო. მე მწამდა და ამიტომაც თავად მინდა ვიხილო ეს შურისძიება. და თუ იმ მომენტისათვის ცოცხალი აღარ ვიქნები, მაშინ გამაცოცხლეთ, რადგან ეს ყველაფერი უჩემოდ რომ მოხდეს, ძალიან მეწყინება. განა იმისათვის ვეწამე, რომ სამარეში თან გამყოლოდა ჩემს თავს დამტყდარი ყველა ბოროტება და ტანჯვა-წამება, რათა სხვებისათვის გამეპატივებინა მომავალი ჰარმონია. თავად მინდა ვნახო, როგორ მიუწვება ირემი ლომს, როგორ ჩაეხუტება მოკლული თავის მკვლელს. მეც მინდა ვიყო აქ მაშინ, როცა ყველა მოულოდნელად შეიტყობს, რატომ მოხდა ყოველივე ასე. ამ სურვილზეა დაფუძნებული ყველა რელიგია დედამიწაზე, მე კი მწამს. მაგრამ ბავშვები, რა უნდა ვუყო მაშინ მათ? აი, საკითხი, რომლის გადაწყვეტა არ შემიძლია. უკვე მერამდენედ ვიმეორებ – უამრავი საკითხიდან მე მხოლოდ ბავშვთა საკითხი ავიღე, იმიტომ რომ აქ გასაგებია, რა უნდა ვთქვა. მისმინე: თუკი ყველა უნდა იტანჯოს, რათა საკუთარი ტანჯვა- წამებით გამოისყიდოს მარადიული ჰარმონია, მაშინ, ერთი მითხარ, გეთაყვა, რა შუაში არიან აქ ბავშვები? სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა იტანჯებოდნენ ისინი და რატომ უნდა გამოისყიდონ თავიანთი ტანჯვით ჰარმონია? რატომ მოხვდნენ ისინი მოზრდილთა რიგებში, რატომ უნდა გაანოყიერონ მათ თავიანთი ტკივილებით მომავლის ჰარმონია? მე მესმის, ადამიანებს ცოდვების გამო რომ ჰმართებთ ერთმანეთის თანადგომა, შურისძიებაში სოლიდარობაც მესმის, მაგრამ ბავშვები რა შუაშია?! თუ სიმართლე ისაა, რომ ბავშვები გვერდში უნდა ედგნენ მამებს ყველა უკეთურობაში, მაშინ ეს სიმართლე არაამქვეყნიურია და ჩემთვის გაუგებარი. ზოგიერთი ხუმარა იტყვის, ეს ბავშვი გაიზრდება და მოასწრებს ცოდვის ჩადენასო, მაგრამ ის ხომ ჯერ არ გაზრდილა, ის ხომ რვა წლის ასაკში დაფლითეს ძაღლებმა. არა, ალიოშა, ეს მკრეხელობა არ არის! მე მესმის, როგორ შეიძვრება მთელი სამყარო, როდესაც ზესკნელსა და ქვესკნელში ყველა ცოცხალსა და მკვდარს აღმოხდება ღმერთის სადიდებელი ღაღადისი:
„მართალ ხარ, უფალო, რამეთუ განიხვნენ გზანი შენნიო!“ როცა ძაღლის მიერ დაფლეთილი ბავშვის დედა გადაეხვევა თავისი შვილის მწამებელს და სამივენი აცრემლებულნი აღავლენენ: „მართალ ხარ, უფალო“, მაშინ, რასაკვირველია, ეს იქნება შემეცნების გვირგვინი და ყოველივე ნათელი გახდება. მაგრამ, რა ვქნა, სწორედ ამის გაგება არ ძალმიძს. სანამ ამქვეყნად ვცხოვრობ, ვჩქარობ, ჩემი კუთვნილი მივიღო. იცი, ალიოშა, შესაძლოა, ყველაფერი ასეც მოხდეს, შესაძლოა, მეც მოვესწრო იმ დღეს, ან მკვდრეთით აღვდგე მის სანახავად, შესაძლოა, მაშინ, როცა ვიხილავ ერთმანეთს ჩახუტებულ წამებული ბავშვის დედას და ბავშვის მწამებელს, მეც სხვებთან ერთად აღმომხდეს: „მართალ ხარ, უფალო!“ მაგრამ მე არ მინდა ამის თქმა. სანამ დროა, თავს უნდა ვუშველო, ამიტომ უმაღლეს ჰარმონიაზე უარს ვამბობ, არ ღირს ის იმ წამებული ბავშვის ერთ კურცხალადაც კი, რომელიც ფეხსალაგში ეგდო, გამწარებული თავის პატარა მუშტებს მკერდში იბაგუნებდა და ღმერთს შველას შესთხოვდა. იმიტომ არ ღირს, რომ ეს ცრემლები გამოუსყიდველი დარჩა. თუ ისინი გამოსყიდული არ იქნება, არავითარ ჰარმონიას არ ექნება ადგილი. მაგრამ როგორ შეიძლება მათი გამოსყიდვა? განა ეს შესაძლებელია? ნუთუ იმით, რომ მათ გამო აღსრულდება შურისგება? მაგრამ მე რას მაძლევს მათზე შურისძიება, რაში მაინტერესებს მტანჯველების ჯოჯოხეთში მოხვედრა, რას გამოასწორებს ჯოჯოხეთი, თუკი ბავშვები უკვე ნაწამები არიან?  რომელ ჰარმონიაზე შეიძლება ლაპარაკი, თუკი ჯოჯოხეთი არსებობს: მე პატიება მინდა, ჩახუტება მინდა და არ მსურს, ქვეყნად კიდევ იტანჯებოდეს ვინმე. თუკი ბავშვების ტანჯვა-წამება იმ წამებათა საბოლოო ჯამის შესავსებადაა აუცილებელი, რომელიც საჭიროა ჭეშმარიტების გამოსასყიდად, მაშინ წინასწარ ვამტკიცებ, რომ არავითარი ამქვეყნიური ჭეშმარიტება არ ღირს ამ ფასად. მე არ მსურს, წამებული ბავშვის დედა ეხვეოდეს კაცს, რომელმაც მისი შვილი ძაღლებს დააფლეთინა. არც ერთ დედას არ აქვს უფლება, ასეთი რამ აპატიოს ვინმეს! თუ უნდა, აპატიოს თავისი ტანჯვა, რომელიც შვილის ტანჯვა-წამებით იყო გამოწვეული, მაგრამ ძაღლების მიერ დაფლეთილი შვილის გვემის პატიების უფლება მას არ აქვს, თუნდაც წამებულმა აპატიოს თავის მწამებელს. თუკი ეს ასეა, თუ არ აქვს პატიების უფლება, მაშინ სადღაა ჰარმონია? არსებობს კი ამქვეყნად არსება, რომელსაც უფლება აქვს აპატიოს? მე არ მინდა ჰარმონია კაცობრიობის სიყვარულისთვის, არ მსურს. მე მსურს, დავრჩე იმათთან, ვინც ტყუილუბრალოდ ეწამა და თავის მტანჯველებზე შური ვერ იძია. ჯობს, ჩემს შურუძიებელ ტანჯვასთან და გაუყუჩებელ გულისწყრომასთან დავრჩე, თუნდაც არ ვიყო მართალი. დიახ, ძალიან ძვირად შეაფასეს ჰარმონია, მასში შესასვლელად ძალიან დიდი გადასახადია საჭირო. იგი ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. ამიტომაც ვჩქარობ ჩემი შესასვლელი ბილეთის უკან დაბრუნებას. თუკი მე პატიოსანი კაცი ვარ, ვალდებული ვარ, იგი უკან დავაბრუნო და რაც შეიძლება ჩქარა. ამასაც ვაკეთებ. ალიოშა, მე განა ღმერთზე ვამბობ უარს, არა, მხოლოდ უდიდესი პატივისცემით ვუბრუნებ უკან შესასვლელ ბილეთს.
– ეს ბუნტია, ამბოხება, – წყნარად წარმოთქვა თავჩაქინდრულმა ალიოშამ.
– ამბოხება? მე არ მინდოდა შენგან ეს სიტყვა მომესმინა, – თქვა ივანმა გულში ჩამწვდომი ხმით, – ამბოხებული გულით ცხოვრება შეიძლება, მე ასე მინდა ვიცხოვრო. პირდაპირ მითხარი, ძალიან გთხოვ, მიპასუხო: წარმოიდგინე ასეთი რამ – შენ მიზნად გაქვს დასახული, ააგო ადამიანთა ბედისწერის ისეთი შენობა, რომლის დასრულების შემდეგ შეძლებ გააბედნიერო ადამიანები, ბოლოს და ბოლოს მიანიჭო სიმშვიდე და მოსვენება, ამისათვის კი აუცილებელი და გარდაუვალია, აწამო მხოლოდ ერთი პაწაწა არსება – აი, ის არსება, ფეხსალაგში რომ შეაგდეს და აცრემლებული ღმერთს შველას სთხოვდა – და იმის შურუძიებელ ცრემლებზე საძირკველი ჩაუყარო ამ შენობას, მიპასუხე, თანახმა იქნები ამ პირობებზე ასეთი შენობის არქიტექტორი რომ იყო, მითხარი, არ მომატყუო!
– არა, არ ვიქნები თანახმა, – წყნარად თქვა ალიოშამ.
– შენ დასაშვებად მიგაჩნია ასეთი აზრი, რომ ადამიანები, ვისთვისაც შენ აპირებ ამ შენობის აშენებას, დათანხმდებიან საუკუნო ბედნიერებას პატარა წამებულის გაუმართლებლად დაღვრილი სისხლის ხარჯზე?
– არა, არ შემიძლია დავუშვა. ძმაო, – უცებ თვალებანთებული ალაპარაკდა ალიოშა, – შენ ახლახან თქვი: არის კი ამქვეყნად არსება, რომელსაც შეუძლია და აქვს უფლება პატიებისაო? არსებობს ასეთი არსება, მას შეუძლია ყველაფრის პატიება, ყველასი და ყველაფრის, რამეთუ მან თავად გაიღო საკუთარი უცოდველი სისხლი ყველასა და ყველაფრისათვის. შენ ის დაგავიწყდა,   სწორედ მასზე დაფუძნდება ის ნაგებობა და სწორედ მას შეჰღაღადებენ: „მართალ ხარ, უფალო,  რამეთუ განიხვნენ გზანი შენნი!“.
– აჰა, „სრულიად უცოდველი“ და მისი სისხლი! არა, არ დამავიწყდა და შენგან კიდეც მიკვირს, აქამდე რატომ არ ახსენე, რადგან ამნაირი დისკუსიების დროს შენნაირებს ყოველთვის გამოჰყავთ ხოლმე ის წინა პლანზე. იცი, ალიოშა, ოღონდ არ გაგეცინოს, მე ოდესღაც, ასე ამ ერთი წლის წინ, პოემა შევთხზე. თუ შეგიძლია, კიდევ ერთი ათი წუთი შემომწირო,  მოგითხრობ?
– შენ პოემა დაწერე?
– არა, არ დამიწერია, – გაიცინა ივანმა, – არასოდეს, ჩემს ცხოვრებაში ორი სტროფიც კი არ დამიწერია. მაგრამ ეს პოემა მოვიგონე და დავიმახსოვრე. მთელი ჩემი არსება ჩავაქსოვე მასში. შენ იქნები ჩემი პირველი მკითხველი, უფრო სწორედ მსმენელი. რატომ უნდა დაკარგოს ავტორმა თუნდაც ერთი მსმენელი, – გაიღიმა ივანმა. – მოგითხრო თუ არა?
– მთელი გულისყურით გისმენ, – თქვა ალიოშამ.
– ჩემს პოემას ეწოდება „დიდი ინკვიზიტორი“ – უაზრო რამაა, მაგრამ მაინც მინდა გიამბო.
ფიოდორ დოსტოევსკი. ძმები კარამაზოვები. ტომი 1, რუსულიდან თარგმნა ვაჟა ახალაძემ. თბ., 2011.
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s