შტეფან ცვაიგი – „დოსტოევსკი” [ამონარიდები]

„ვერაფერს გავუგებთ დოსტოევსკის, თუ შინაგანად, მთელი არსებით არ განვიცადეთ იგი. ჯერ საკუთარი ძალები უნდა მოვსინჯოთ და გამოვწვრთნათ, შევიტყოთ, თუ რამდენად ძალგვიძს სხვისი დარდის გაზიარება, სხვისი თანაგრძნობის და ახლის ზეაღმატებული აღქმა: ფარული, ღრმა ფესვები უნდა გამოვჩხრიკოთ, ეგებ ამ გზით გავიგოთ მისი, ერთი შეხედვით ფანტასტიკური, სინამდვილეში კი საოცრად ალალი, საოცრად ჭეშმარიტი კაცთმოყვარეობა.“
„უძველესი დროის ლანდშაფტებს, მისტიკურ სამყაროს ეზიარება კაცი დოსტოევსკისთან, ეზიარება უძველეს და ამავე დროს ქალწულებრივად ხელუხლებელ ქვეყანას, და როგორც ყოველგვარ სიტიქიის სიახლოვეს, მასთან სიახლოვეც გულის ტკბილ, მაგრამ შიშნარევ თრთოლვას იწვევს.“
„თუ დოსტოევსკის შემოქმედების მთავარ ძარღვს მივწვდებით, თუკი გავიგებთ ამ დედააზრს, მხოლოდ მაშინ შეგვეცვლება შიშნარევი მოწიწება მისი მხურვალე სიყვარულით.“
„როგორც პიროვნება, როგორც მწერალი, როგორც რუსი ადამიანი, როგორც პოლიტიკოსი, როგორც წინასწარმეტყველი: ყოველთვის და ყველაფერში მარადიულ ცეცხლის შუქს ასხივებს დოსტოევსკი. არც ერთი გზა არ გაგიყვანს ბოლოში, არ დაგახედებს მის გულის ფსკერზე. მხოლოდ ქედმოხრა თუ შეიძლება მის წინაშე, თანაც მეტისმეტად დამორცხვებული, რადგან საოცრად აღმერთებს იგი ადამიანის არსებას, საოცრად, მეტისმეტად თაყვანს სცემს მას.“
„თვითონ დოსტოევსკის თითიც არ გაუნძრევია იმისათვის, რომ თავისკენ მივეზიდეთ. სხვა წარმომადგენლები ჩვენი ეპოქის დიდი ხელოვნებისა კი ასე როდი მალავდნენ თავიანთ ნებას. ვაგნერმა თავის შემოქმედებას თან დაურთო თავისი პროგრამული განმარტებანი, საპოლემიკო თავისმართლება; ტოლსტოიმ ფართოდ გააღო თავისი საყოველდღიურო ცხოვრების კარი, ასე რომ, ყველა ცნობისმოყვარეს შეუძლია გული იჯეროს, ყველა შეკითხვაზე მზადაა აშკარა პასუხი.“
„ადამიანებისადმი ჩემს დიდ სიყვარულს რაღაც დააკლდება, თუ ერთ-ერთ მათგანს გამორჩევით შევიყვარებ.“
„რაც უფრო ღრმად ჩასწვდები დოსტოევსკის სულს, მით უფრო ღრმად ჩაიძირები საკუთარ თავში, და მაშინ მიუახლოვდები მას, როდესაც ჩასწვდები შენს საკუთარ ზოგადსაკაცობრიო არსს. ვინც ბევრი იცის საკუთარ თავზე, ასევე კარგად შეიცნობს მას, ვინც ადამიანურობის უმაღლეს და უბადლო საზომად იქცა. გაჰყევი მის სიტყვაკაზმულობის ბილიკებს და ეს გზა მოგატარებს ვნებათაღელვის სალხინებელს, ბიწიერების ჯოჯოხეთს, ამქვეყნიური ტანჯვა-წამების ყოველ კუნჭულში შეგახედებს. დაგანახვებს წამებას ადამიანისას, წამებას მთელი კაცობრიობისას, წამებას ხელოვანისას და ყველაზე შეუბრალებელს – რელიგიურ წამებას.“
„დოსტოევსკის უკანასკნელი სიღრმე მისი უკანასკნელი სიდიადეცაა: და არასოდეს ყოფილა მისი სახე ისე მეტყველი, როგორც სიკვდილის სარეცელზე.“
„პირველი, რასაც დოსტოევსკი განგაცდევინებს, ძრწოლაა, შემდეგ კი – სიდიადე.“
„გულცივი ადამიანების ეპოქამ განგებ ამოირჩია დოსტოევსკი, რათა მის მაგალითზე ეჩვენებინა, რომ დღესაც შეიძლება სიხარულისა და ტანჯვის ტიტანური განცდა.“
„მისტიურად მოაზროვნე დოსტოევსკი ქვეშეცნეულად გრძნობს ამ მსახვრალი ხელის ღვთიურ ძალას, გრძნობს სკუთარი ბედისწერის საოცარ ტრაგიზმს. მისი ტანჯვის შემყურე კაცს ტანჯვა შეუყვარდება. თავისი წამების მცხუნვარე ცეცხლით იგი მთელ ეპოქას, მთელ თავის სამყაროს აგიზგიზებს.“
„უკვდავება, მთელი ქვეყნიერების სანაცვლოდ წამება. აღმაფრენა და დათრგუნვილობა, სიამაყე და ქედის მოხრა ერთმანეთს ენაცლებიან დოსტოევსკის მშფოთვარე სულში და მან არ იცის, რომელი ირწმუნოს, რომელ შინაგან ხმას დაუჯეროს. მთვრალივით ბარბაცებს ქუჩებში და იცრემლება. სიხარულისაა ეს ცრემლები, თან ტკივილის.“
„ადამიანისათვის არრა არის იმაზე უნეტარესი, ვიდრე საკუთარი კერპის წინაშე ქედის მოხრის, მისი თაყვანისცემის სურვილის დაკმაყოფილება.“
„სახარების დაწერის დღიდან მოყოლებული ასე დიდოსტატურად სხვამ ვერავინ შესძლო ღირებულებათა გადაფასება, როგორც დოსტოევსკიმ.“
„ყოველი ტანჯვა-წამება ამ გულისადაგ ადამიანში წამებისადმი ახალ სიყვარულს ჰბადებს, ჰბადებს გაუმაძღარ, დაუოკებელ, მწველ, თვითმგვემავ წყურვილს წამებულის ახალი ეკლესიის გვირგვინი დაიდგას თავზე. რამდენჯერაც ლახვარს ჩასცემს ბედისწერა, იმდენჯერ ფეხზე წამოდგება და ჯერაც გასისხლიანებული, ახალ წამებაზე ოცნებობს. მის მოსასპობად წარმოგზავნილ მეხს ხელით წაეპოტინება, სულში ჩაიხუტებს ხოლმე და სულიერ ლამპარად, შემოქმედებით ექსტაზად გადააქცევს.“
„ის, რაც სხვისთვის სასჯელი და განსაცდელია, ბრძენ კაცს შემწეობას უწევს ის, რაც მუხლზე დააჩოქებს კაცს, პოეტს აღამაღლებს; ის რაც მიწასთან გაასწორებს ადამიანს, დოსტოევსკის ექსტაზს ძალას მატებს.“
„დოსტოევსკის შეუძლია გადაასხვაფეროს თავისი განსაცდელი, გადაასხვაფეროს უდიდესი დამცირება, ამიტომ, ყველაზე მძიმე ხვედრია მისთვის შესაფერისი, რადგან ყოველდღიური ცხოვრების ტანჯვა-წამება უდიდეს შინაგან რწმენას უნერგავს მას. ტანჯვა მის სიმდიდრედ იქცევა, მანკიერება – ფასეულობად, ცხოვრების გზაზე შეხვედრილი დაბრკოლებანი – აღმავლობად. ციმბირი, კატორღა, ეპილეფსია, სიღატაკე, აზარტული თამაში, მრუშობა – მისი ცხოვრების ყველა ეს მანკი, გადაფასების სასწაული ძალით გადასხვაფერებული ნაყოფიერებას მატებს მის შემოქმედებას.“
„მხატვრული თვალსაზრისით დოსტოევსკის ცხოვრება ტრაგედიაა, მორალული თვალსაზრისით კი – უმაგალითო მიღწევვა, რადგან უმაგალითო ნიმუშია ადამიანის გამარჯვებისა საკუთარ ბედისწერაზე, ჩვეულებრივი არსებობის გადაფასებისა შინაგანი მისნობის შემწეობით.“
„ნუ დაგვავიწყდება, რომ დოსტოევსკი სნეული კაცი იყო და რომ ეს უკვდავი შემოქმედება დაუძლურებული სხეულისა და აგზნებული, დაძაბული და აცახცახებული ნერვების მქონე ადამიანმა შექმნა. მის სხეულში საშინელი, ავბედითი, მომაკვდინებელი სნეულება იყო დაბუდებული და ამ სენს ყოველ შეტევაზე სიკვდილის პირას მიჰყავდა კაცი.“
„მრავალჯერ სიკვდილგამოვლილ პოეტს დემონური ძალღონე გაუჯდება ხოლმე ტანში და მკვდრეთით ამდგარი ისეთი მარწუხებით შემოეჭდობა სცოცხლეს, რომ ვნებასაც გამოსძალავს და ძლევამოსილებასაც გამოსტაცებს.“
„როგორც მრავალჭირგამოვლილმა ოდისევსმა მოიტანა ჰადესის ამბები, ისე დოსტოევსკიმ – ლანდებისა და აგიზგიზებული კოცონების ქვეყნად მობრუნებულმა პირველად აღწერა ესოდენ სიზუსტით იქაური ამბები: საკუთარი სისხლით დაამოწმა, შიშით ათრთოლებული ბაგეებით გვიამბო, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის კიდევ არსებობსო რაღაც, კაცი რომ ცნობაზე აღარაა და აჩრდილს ჰგავს, სწორედ ეგააო სხეულის ეს მესამე მდგომარეობა.“
„დოსტოევსკისთვის ბედნიერება და ტანჯვა გრძნობის კიდური წერტილებია, რომელსაც ის უმაგალითო ინტენსივობით განიცდის ხოლმე. ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულებრივ საზომს როდი ხმარობს იგი. თავისი სულიერი სატკივარის აგიზგიზებული კოცონის სიმხურვალეს იყენებს ამ მიზნით. ზოგიერთისთვის ბედნიერების მაქსიმუმი ბუნებით დატკბობაა, ან ქალთა ჟინის მოკვლა, ან კიდევ სრული ჰარმონიის განცდა, ყველაფერი ეს მიწიერის სურვილით აღძრული გრძნობების დაოკებაა. დოსტოევსკისთან განცდათა დუღილის წერტილი წრეგადასული ტანჯვაა, სიკვდილის ჭაშნკია. მისი განცხრომა სპაზმი და პირზე დუჟმორეული კრუნჩხვაა, სატანჯველი კი დამუსვრა, კოლაფსი, ძალთა სრული განადგურება. მაგრამ ყველა ეს მდგომარეობა ელვაზე უსწრაფესი, შეკუმშული და არსებითად მნიშვნელოვანია, მიწიერ ცხოვრებაში ასეთ განცდებს ხანგრძლივი არსებობა არ უწერიათ, რადგან დუღილის ისე მაღალ ზღვარს აღწევენ, წამსაც კი უჭირს გაძლება და მაშინვე ხელს შეუშვებს ხოლმე ტკივილისგან შეწუხებული.“
„ადამიანს, რომელიც წამდაუწუმ თვალებში უყურებს სიკვდილს, ბევრად უფრო ძლიერი შიში აქვს მისი, ვიდრე სხვას. ვისაც განუცდია უსხეულო ლივლივი უსასრულობაში, მხოლოდ მას შეუძლია განიცადოს ამით გამოწვეული სიხარული და აღტაცება, რასაც ვერ მისწვდება სხვა, მიწაზე მიჯაჭვული ადამიანი.“
„დოსტოევსკიმდე ასე მწვავედ არავის გაუშიშვლებია გრძნობათა შინაგანი წინააღმდეგობა, არასდროს ყოფილა სამყარო ესოდენ მტკივნეულად დაძაბული, როგორც აღტკინებისა და იავარქმნის ამ ახალ პოლუსებს შორის, რომლებიც აღმართა მან წესად დადებული საზომების – ტანჯვისა და ბედნიერების მიღმა.“
„დოსტოევსკი, რგორც მწერალი, წინააღმდეგობათა უაღრესად სრულყოფილი პროდუქტია, ხელოვნების, და შეიძლება აგრეთვე კაცობრიობის, უდიდესი დუალისტია.“
„მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში ყველგან და ყველაფერში საზღვარს გადავდიოდი.“
„სწორედ ცხოვრება, მისი აზრით, ესაა ცხოვრება მთელი გაქანებით, ისე, რომ განიცადო ყველაფერი – კარგიცა და ცუდიც, თანაც უფრო გამაბრუებლად დამათრობელ ფორმით. ამიტომ ეძებდა დოსტოევსკი ყოველთვის არა ფორმას, არამედ სისავსეს. მის გვერდით ტოლსტოი მუშაობას წყვეტს, ხელოვნებას თავს ანებებს და მთელი სიცოცხლის განმავლობაში იმაზე იტეხს თავს, ავი და კარგი განასხვაოს ერთმანეთისგან, ამოიცნოს, აზრიანად თუ ცხოვრობს თვითონ ან ეგებ უაზროდ გაჰყავს დრო. ამიტომ, ტოლსტოის ცხოვრება დიდაქტიკურია, ესაა სასწავლო წიგნი, ჰამლეტი, დოსტოევსკის ცხოვრება კი მხატვრული ნაწარმოებია, ტრაგედიაა, გარდაუვალი ბედისწერაა. მიზანსწრაფულად, შეგნებულად როდი მოქმედებს, გამოცდას როდი უტარებს თავის თავს, მხოლოდ ენერგიას იორკეცებს, ძალ-ღონეს იმატებს. ტოლსტოი საქვეყნოდ აღიარებს თავის მომაკვდინებელ ცოდვებს. დოსტოევსკი სდუმს, მაგრამ მისი დუმილი ბევრად უფრო მეტს ღაღადებს სოდომზე, ვიდრე ტოლსტოის აღიარებანი. დოსტოევსკი თავს არ იმართლებს, გამოსწორებას არ ცდილობს, გარდაქმნა არ სურს. მხოლოდ ერთი რამ სწადია მუდამ: გაძლიერება. თავისი ბუნების სახიფათო საწყისს არ უძალიანდება. პირიქით, მას უყვარს განსაცდელი, როგორც სტიმული, მონანიების ეშხით, თავის ეშხით თავის ცოდვებს ეთაყვანება და ქედისმომხრის ეშხით კი თავის სიამაყეს.“
„ვულკანურ ამოფრქვევას ჰგავს დოსტოევსკი, ვულკანური არიან მისი გმირებიც, რადგან მხოლოდ უკიდურეს მდგომარეობაში ჩავადნილი ადამიანი იმოწმებს ხოლმე ღმერთს, რომელმაც შექმნა იგი.“
„გადაფურცლეთ ორმოცდაათი ათასი წიგნი, რომლებიც ყოველწლიურად იბეჭდება ევროპაში, რაზე მოგვითხრობენ ისინი? ბედნიერებაზე. ვიღაც ქალს გათხოვება სწადია, ვიღაცას კიდევ გამდიდრება სურს, სახელის და დიდების მოპოვება. დიკენსთან ყველაზე დიდი ოცნებაა მწვანე მდელოზე წამოჭიმული ლამაზი კოტეჯი და ბავშვების ჟივილხივილი, ბალზაკთან – პერის გერბით დამშვენებული ციხე-კოშკი და მილიონები. აბა ირგვლივ მიმოვიხედოთ, ქუჩას გავაყოლოთ თვალი, შევიხედოთ ფარდულში, დაბალჭერიან ღარიბულ ბინებში, გაჩახჩახებულ მდიდრულ დარბაზებში. რას ნატრობენ აქ ადამიანები? მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერებას, კმაყოფილებას, სიმდიდრეს, ძლევამოსილებას. დოტოევსკის პერსონაჟთაგან თუ რომელიმე ნატრობს ამას? არც ერთი. არსად არ უნდათ მათ დაბანაკება, თვით ბედნიერების სავანეშიც კი არა. ისინი მუდამ წინ მიისწრაფვიან, მათ მკერდში ის „მგზნებარე გული“ სცემს, რომელიც მუდამ ოხრავს და იტანჯება. ბედნიერებას არად დაგიდევენ, კმაყოფილებაც ფუჭი რამაა მათთვის, სიმდიდრე არ ხიბლავთ, ეზიზღებათ კიდეც. საერთოდ არაფერი არ სურთ იმ ახირებულ, ძნელადმოსაპოვებელ სიკეთეთაგან, რომელთაც მთელი კაცობრიობა ნატრობს. მათ საღი გონების უარყოფა სჭირთ. ამა სოფლისგან არაფერს ითხოვენ.“
„დოსტოევსკის ნაწარმოებებში ადამიანი იბრძვის თავისი ადამიანური მეობისა და თავისი საბოლოო ჭეშმარიტებისათვის. მკვლელობა თუ მოხდა სადმე, ან თუ სიყვარულის ალმურით იწვის ქალი, – ყველაფერი ეს მეორეხარისხოვანი ამბავია, კულისებია. მისი რომანის მოქმედება ადამიანის სულის სიღრმეში, სულიერ სამყაროში, სულიერ სივრცეში წარმოებს. ანაზდეული მოვლენები, გარეგნული ცხოვრების შემთხვევები მხოლოდ რეპლიკებია, თეატრალური მანქანებია, სცენური ჩარჩოებია. ნამდვილი ტრაგედია კი შიგნითაა. მას ყოველთვის დაბრკოლებათა გადალახვა, ჭეშმარიტებისათვის ბრძოლა ეწოდება. ყოველი მისი პერსონაჟი, თვით რუსეთის მსგავსად ეკითხება საკუთარ თავს: ვინა ვარ მე? რის მაქნისი ვარ? იგი ეძებს საკუთართავს, ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, საკუთარი თავის აღმმატებით ხარისხში აყვანილ სახეს საზღვრის, სივრცისა და დროის გარეშე ვითარებაში. მას სურს წინასწარ შეიცნოს, თუ როგორი იქნება ღვთის წინაშე რომ წარსდგება. საკუთარ თავს აღსარებას ეუბნება, ცოდვებს ინანიებს. დოსტოევსკის გმირისთვის ჭეშმარიტება მარტო მოთხოვნლილება კი არაა, არამედ ექსცესია, ვნებათაღელვაა, აღიარებაა – ყველაზე წმინდა სიამეა, სპაზმია. დოსტოევსკის გმირის მოწოდება შინაგანი ადამიანის, სრულიად საყოველთაო ადამიანის, ღვთის გლახა ადამიანის ამოფრქვევაა მიწიერი საწყისიდან, ჭეშმარიტების ამოფრქვევაა, ყოფიერების ხორციელი გარსიდან ღვთაებრიობის ამოჩუხჩუხებაა.“
„დოსტოევსკის შემოქმედება მუდამ შუაგულს უმიზნებს, მაშასადამე, ფსიქოლოგიურ ცენტრს წვდება, ადამიანს ადამიანის შიგნით ეძებს, და სწორედ იქ პოულობს აბსოლუტურს, აბსტრაქტულს, რომელიც კულტურული ფენების სიღრმეშია შემალული. ხელოვანთა უმეტესობისათვის ამ ფენას ჯერაც არსებითი მნიშვნელობა აქვს, საშუალო სიმაღლეზე მდგომი რომანების წინამორბედი ნაწარმოებების მოქმედება ჩვეულებრივ სოციალურ, საზოგადოებრივ, ეროტიულ და საყოველთაო ვითარებაში წარმოებს, და აქვე იყინება.“
„დოსტოევსკი მხოლოდ სალხინებელს აღიარებს, და იცის, რომ გზასაცდენილი ადამიანი უფრო მეტ სულიერ წვას განიცდის და უფრო ახლოსაა ადამიანის ჭეშმარიტ იერსახესთან, ვიდრე ამაყი, ცივი და თავაზიანი პიროვნება, რომელის გულმკერდში ჭეშმარიტი ადამიანი ბურჟუაზიულმა კანონიერებამ გააქვავა და გაჰყინა.“
„არც ერთ სხვა ხელოვანთან არაა ისე მკაფიოდ ასახული ჭეშმარიტება, როგორც დოსტოევსკისთან, ალბათობის ზურგს უკან როდი დგას იგი, თითქოს მისი პირდაპირ ასვეტილა. უბრალო, ფსიქოლოგიურად შეუიარაღებელი თვალი ვერ მისწვდება მას, ისევე როგორც წყლის წვეთში შეუიარაღებელი თვალი მხოლოდ კამკამა სითხეს, გამჭვირვალე ერთობლიობას ხედავს, მიკროსკოპით შეიარაღებული კი – მილიარდობით მოფუსფუსე ინფუზორიების მრავალსახოვან ქაოსს; მისთვის მთელი სამყაროა ეს, სხვას კი შეიძლება უბრალო ერთობლივი ფორმა ეგონოს. უზენაესი რეალიზმით აღკაზმული ხელოვანი ისეთ ჭეშმარიტებას შეიცნობს, რომელიც არსებულთან შედარებით დაუჯერებელი მოეჩვენება კაცს.“
„დოსტოევსკის გატაცების საგანი სწორედ ისაა, როგორმე შეიცნოს უზენაესი, ანუ სიღრმისეული ჭეშმარიტება, საგანთა გარეგნული საფარის ქვეშ ყოფიერების გულის კუნჭულში რომ შემალულა. მას სურს უბრალო და გამახვილებული, მაგრამ ორივე შემთხვევაში მართალი მზერით შეიცნოს ადამიანი ერთდროულად, როგორც ერთობლივი და როგორც მრავალსახოვანი. ამიტომ მისი ნათელმჭვრეტი და ბრძნული რეალიზმი, რომელიც აღჭურვილია როგორც მიკროსკოპის თვისებებით, ისე წინასწარმეტყველის თვალთახედვით, ზღუდითაა გამოცალკევებული იმისაგან, რასაც ფრანგებმა სინამდვილის ასახვის უპირველესი ხელოვნება და ნატურალიზმი უწოდეს. მიუხედავად იმისა, რომ დოსტოევსკის ანალიზები გაცილებით ზუსტი და ღრმაა, ვიდრე იმათი, ვინც თავის თავს „ჭეშმარიტ ნატურალისტებს“ უწოდბს (ამით იმის თქმა სურთ, რომ მათ ზღვარს მიაღწიეს, დოსტოევსკი კი მუდამ ამ მიჯნის იქით გადადის), მისი ფსიქოლოგია შემოქმედებითი სულის სულ სხვა სფეროს ეკუთვნის.“
„დოსტოევსკი ადამიანის სულს ისეთ მომენტში წაეტანება ხოლმე, როდესაც იგი ნაპირებიდან გადმოსვლას ლამობს, როდესაც ადამიანი თავის შესაძლებლობების უკიდურეს ზღვართან დგას. მას სძაგს საშუალო მდგომარეობა, სძაგს როგორც საერთოდ ყოველგვარი სიგლუვე, ყოველგვარი ჰარმონია. მხოლოდ უჩვეულო, თვალით უხილავი, დემონურ მოვლენები ეზიდება მის პოეტურ ვნების უკიდურესი რეალიზმისაკენ. შეუდარებელი მოქანდაკეა უჩვეულოსი, უდიდესი ანატომია გაღიზიანებული და ავადმყოფი სულისა. ხელოვნებაში ტოლი არა ჰყავს მას ამ მხრივ.“
„იდუმალი რამ ხელსაწყო-იარაღი, რომლითაც იგი ადამიანების სულის სიღრმეს აღწევს, სიტყვაა. გოეთე ყველაფერს თვალისმიერად ჰქმნის. იგი – ვაგნერის შესანიშნავი შედარება რომ ვიხმაროთ – თვალისმიერი ადამიანია, დოსტოევსკი კი – ყურისმიერი. ჯერ ხმამაღლა უნდა აალაპარაკოს თავისი გმირები, მოუსმინოს მათ და მხოლოდ შემდეგ გახდის მათ ჩვენი თვალისათვის ხილულად. მშვენივრად დაახასიათა მერეჟკოვსკიმ თავის გენიალურ ანალიზში ორი რუსი ეპიკოსი: ტოლსტოისთან გვესმის, რადგანაც ვხედავთ, დოსტოევსკისთან კი ვხდავთ, რადგან გვესმისო.“
„დოსტოევსკის ზებუნებრივი ფსიქოლოგიური გამჭრიახობა სხვა არა არის რა, თუ არა უჩვეულოდ გამახვილებული სმენადობა. მსოფლიო ლიტერატურა უფრო სრულყოფილ პლასტიკურ ქმნილებას, ვიდრე დოსტოევსკის გმირების დიალოგია, მართლაც რომ არ იცნობს. სიმბოლურია სიტყვათა წყობა, თავისებურია სიტყვათწარმოება, არაფერი არაა შემთხვევითი. საჭირო და აუცილებელია ყველა მარცვალი, ყოველი ბგერა, არსებითია ყოველი პაუზა, ყოველი განმეორება, ყოველი ამოსუნთქვა, ყოველი წამონაცდენი სიტყვა. ყოველი წარმოთქმული სიტყვის მიღმა დათრგუნვილი ხმიანობა იმალება, იდუმალი შინაგანი სულიერი ზვირთცემის ხმაური მოისმის.“
„იმდენად მაგიურია ეს დიდოსტატური ხელოვნება, რომ სხვა ენაზე თარგმნისას იძლებითი გაუხეშებაც კი ვერ უკარგავს მისი გმირის სულს ნარნარ სილაღეს. დოსტოევსკის პერსონაჟთა ხასიათები მეტყველების რიტმით სულდგმულობენ. მისი ინტუიციის გენიალობაა, რომ გვირისტად შეკრულ დახასიათებას, ჩვეულებრივი, ერთი პაწაწინა დეტალით, ზოგჯერ ერთადერთი სიტყვით აღწევს ხოლმე.“
„დოსტოევსკის რომანებში ვერასდროს ვერ იპოვი სავანეს, ვერასოდეს ვერ დასტკბები ნაზი მუსიკალური რიტმით, თავისუფლად, მშვიდად სუნთქვის საშუალებასაც არ მოგვცემს მწერალი – განუწყვეტლივ აქეთ-იქით ეხლები, თითქოს ელექტროდენით იყო დამუხტული, და რაც უფრო შორს მიდიხარ მისი ფურცლების სიღრმეში, მით უფრო ძლიერად გეუფლება ციებ-ცხელება, მოუსვენრობა, ცნობისმოყვარეობა. და სანამ მისი პოეტური ძლიერების გავლენის ქვეშ ვიმყოფებით, მას ვბაძავთ, მას ვემსგავსებით. როგორც მარადიული დუალისტი, როგორც განხეთქილების ჯვარზე გაკრული ადამიანი, თავის გმირებსაც და თავის მკითხველსაც გრძნობათა განუწყვეტელ გაორებას განიცდევინებს იგი.“
„დოსტოევსკი თავისი გმირების იერსახეს ნერვების უკიდურესი დაძაბვით გრძნობს და განიცდის, მისი ოცნებების ზღვის ფსკერამდე ჩადის, მასთან ერთად ცახცახებს ვნებათა ღელვისაგან, მისი ზარხოშით თვრება. ერთი პაწაწინა აზრი, სულიერი თრთოლვის სულ უბრალო ვიბრაციაც კი არ გამოეპარება მხედველობიდან. გულმოდგინე თანმიმდევრობით ჭედავს იგი ფსიქოლოგიურ ჯაჭვს ხელოვნების ტყვექმნილთა გარშემო. ფსიქოლოგიურ ცდომილებას ვერ მოუძებნით მას, ვერც ისეთ კვანძებს, რომელიც გამჭვირვალე არ ხდებოდეს მისი მახვილი გონებისა და ნათელმჭვრეტი ლოგიკისათვის. არც ერთი შეცდომა, არც ერთი წინააღმდეგობა შინაგანი ჭეშმარიტებისადმი. გონების, სულიერი ცხოვრების რაოდენ დიდებული, ზეშთაგონებული, ხუროთმოძღვრული ტაძარი აღაშენა მან! რასკოლნიკოვისა და პორფირი პეტროვიჩის დიალექტიკური ორთაბრძოლა, დანაშაულებრივი ქმედობის არქიტეკტონიკა, კარამაზოვის ლოგიკური ლაბირინთი, – ესაა სულიერი არქიტექტონიკის უბადლო ნიმუში, მათემატიკასავით ზუსტი და მუსიკასავით დამატკბობელი. გონებისა და სულიერი გამჭრიახობის უზენაესი ძალები ახალ ჭეშმარიტებას წარმოქმნიან, ისეთ სიღრმეს სწვდებიან, რომლის მსგავსი ჯერ არ იცის კაცობრიობის სულიერმა ცხოვრებამ.“
„ზერეალისტმა, ყველა მიჯნის გადამლახავმა დოსტოევსკიმ განა ასახა სინამდვილე, საკუთარ თავს გადაამეტა იგი. შიგნიდან, მხოლოდ სულიდან მომდინარეობს მხატვრულად აღწერილი მისი სამყარო, შინაგანია ამ სამყაროს შებოჭილობა, განთავისუფლებაც შინაგანია. ხელოვნების ამ დარგს, ყველაზე ღრმას, ყველაზე ადამიანურს ლიტერატურაში წინამორბედი არა ჰყავს არც რუსეთში, არც საერთოდ მსოფლიოში.“
„დოსტოევსკის სწადია, რომ თავისი ეპოსი მხოლოდ დაძაბულ, აგზნებულ ადამიანებს გაუზიაროს, ისევე, როგორც მხოლოდ ასეთი ადამიანები შეარჩია მან თავისი ხვაშიადის მესაიდუმლე გმირებად. ბიბლიოთეკის ბეჯითი მკითხველები, გაცვეთილი პრობლემების გაკვალულ გზაზე ტაატით მოსეირნენი ვერ გაუგებენ მას, თვითონაც ვერ გაუგებს მათ. მხოლოდ მგზნებარე სულის პატრონი, ვნებათაღელვით შეპყრობილი, გრძნობააალებული ადამიანი თუ გაიკვლევს გზას მის სამყაროში.“
„დოსტოევსკის ხელოვნების უდიდესი საიდუმლოებაც სწორედ ეგაა: მისი ყველა რომანი ისეთ მწვერვალზეა კვირტგადაშლილი, რომელსაც თავს ებურვის გრძნობათა დაელექტროებული ატმოსფერო; მეხი სიმაღლეს ეძებს და ეს მწვერვალიც ანდამატივით იზიდავს ბედისწერის მეხს.“
„განა საჭიროა ვილაპარაკოთ ამ უბადლო ხელოვნებაზე, რომლის მსგავსი დოსტოევსკიმდე არ ყოფილა და ალბათ არც მომავალში იქნება? განა აუცილებელია დავიძინოთ, რომ მთელი სასიცოცხლო ძალების ეს წუთიერი სპაზმი სხვა არა არის რა, თუ არა ხელოვნებაში გადმოტანილი მისი პირადი ცხოვრება, მისი დემონური სნეულება? არასოდეს ყოფილა ხელოვანის ავადმყოფობა ისე ნაყოფიერი, როგორც ეპილეფსიის ეს მხატვრული ფერისცვალება, რადგან დოსტოევსკიმდე ხელოვნებამ არ იცის გრძნობათა სისავსის ასეთი კონცენტრაცია დროისა და სივრცის ესოდენ მცირე მონაკვეთებში. მხოლოდ მას, სემიონოვის მოედანზე რომ იყო ერთხელ ბოძზე გაკრული და ორიოდ წუთის განმავლობაში თავიდან რომ განიცადა მთელი თავისი განვლილი ცხოვრება, მხოლოდ მას, ყოველი ეპილეფსიური გულყრის დროს საშინელ თავბრუსა და სავარძლიდან გადმოვარდნას შორის რამდენიმე წამის განმავლობაში მთელს სამყაროს რომ აღიქვამდა ხოლმე, მხოლოდ მას შეეძლო დაუფლებოდა ამ ხელოვნებას, მხოლოდ და მხოლოდ მას შეეძლო კაკლის ნაჭუჭის ოდენა დროის მონაკვეთში ჩაეტია მოვლენათა მთელი კოსმოსი. მხოლოდ მას შეეძლო-მეთქი აფეთქებასავით მოულოდნელი და დაუჯერებელი წამების სინამდვილედ გადაქცევა ისე დემონურად, რომ ხშირად ვერც კი ვამჩნევთ დროისა და ადგილის უგულვებელყოფას. მისი ნაწარმოებები კონცენტრაციის ჭეშმარიტი სასწაულია.“
„ვკითხულობთ „იდიოტის“ პირველ ტომს, რომელიც 500-ზე მეტ გვერდს შეიცავს. რამდენი ადამიანის ბედიღბალს შევიტყობთ, სულების როგორი ქაოსია, რამდენი პერსონაჟ-გმირის იერსახე წარმოსდგება ჩვენს თვალწინ. მათთან ერთად შემოვივლით ქუჩებს, სახლშიც ვესტუმრებით თვითეულ მათგანს, მოვინახულებთ, გავეცნობით და მერე უცებ, გონს რომ მოვალთ, მივხვდებით, თურმე სულ რაღაც თორმეტიოდე საათის განმავლობაში, ე. ი. დილიდან შუადღემდე მომხდარა ყველაფერი ეს. კარამაზოვების ფანტასტიკური სამყარო რამდენიმე დღეშია ჩატეული, რასკოლნიკოვისა კი ერთ კვირაში, – ესაა შეკუმშლობის შედევრები, რომლის მსგავსსაც ვერც ერთმა ეპიკოსმა ვერ მიაღწია ჯერ.“
„არც ერთ ეპიკოსს არა აქვს მგრძნობიარე ნერვებით დასერილი ასეთი თხრობის სისტემა, ფაბულის ჩონჩხედში დიალოგების კანქვეშ შეფარებული ასეთი ალიაქოთი ამბებისა და მოვლენებისა. და მაინც სისტემას ვერ დავარქმევ ამას. ეს ფსიქოლოგიური პროცესი მხოლოდ ადამიანის ორგანიზმს თუ შეედრება. რადგან ერთგანაც და მეორეგანაც იდუმალი რამ მოწესრიგებულობა იმალება მოჩვენებითს ნებისმიერობაში. სხვა ეპიკოსები კი, განსაკუთრებით გოეთე, ბუნების სამყაროს უფრო ბაძავენ, ვიდრე ადამიანს, ორგანულად გვაამებენ თხრობით; ყვავილებით გვატკბობენ, ხატოვნად ლანდშაფტის სიამოვნებას განგვაცდევინებენ. დოსტოევსკის რომანი კი ღრმად მგრძნობიარე და ვნებით შეპყრობილ ადამიანთან შეხვედრას ჰგავს. უკვდავია მისი ხელოვნება, მაგრამ მეტისმეტად მიწიერი, თუმც კი სამარადისო, ესაა გაორებული, გონიერი, ნერვული, მუდამ აგზნებული და ვნებიანი ქმნილება, ხორცისა და ტვინის მარადიული ბობოქრობა და დუღილი. სულაც არა ჰგავს იგი მტკიცედ ნაჭედ კეთილშობი ლითონს, უმინარევოდ ნაწრთობ ელემენტს. როგორც ხორციელ გარსში ჩასახლებულ სულს, არც მასა აქვს განზომილება, არც გამოთვლა აქვს. ხელოვნების ფორმათა შორის არ არსებობს მისი ტოლი და სწორი.“
„არ არსებობს მისი ტოლი და სწორი: უზადოდ სრულყოფილია მისი ხელოვნება, მისი დიდოსტატობა, და რაც უფრო ღრმად ვეცნობით დოსტოევსკის ნაწარმოებებს, მით უფრო უკიდეგანო და ბუმბერაზული გვეჩვენება მათი სიდიადე.“
„მისი რომანების კოშკურებ ჩამონგრეული დაუმთავრებელი შენობები („კარამაზოვები“, ისევე როგორც „რასკოლნიკოვი“, მეორე ნაწილს გვპირდება, რომელიც, რა თქმა უნდა, არ დაწერილა) რელიგიის ცაში აღმართული, მარადიული კითხვების სფეროს სწვდება. რომანებს ნუ დავარქმევთ მათ, ეპიური საზომით ნუ გავზომავთ. კარგა ხანია მხოლოდ ლიტერატურის მონაპოვარს აღარ წარმოადგენენ ისინი. სხვა სახელი ეწოდება მათ, რადგან ესაა იდუმალი რამ ნიშნები, წინასწარმეტყველური ხმები; ეს ხომ პრელუდიაა მითისა ახალ ადამიანზე. რაოდენ ძლიერადაც არ უნდა ჰყვარებოდა დოსტოევსკის ხელოვნება, იგი მისთვის მაინც არ იყო მთავარი და ერთადერთი რამ, და როგორც მისი დიდი წინამორბედები, იგიც მხოლოდ ხიდად სთვლიდა მას – ადამიანის მიერ ღმერთის შეცნობის საშუალებად მიაჩნდა. ის, რაც მან შექმნა, აღარაა ხელოვნების ნაწარმოები ჩვეულებრივი მიწიერი გაგებით, ესაა მესამე სამეფოს სახარება, ესაა რაღაც მითი ახალ რუსეთზე, აპოკალიფსური ქადაგება, ბუნდოვანი და გამოუცნობი. ხელოვნება მისი დამშეული სულისათვის მხოლოდ დასაწყისი იყო და ბოლო კი… ბოლო უსასრულობაში იკარგებოდა. იგი მისთვის მხოლოდკარიბჭე იყო და არა თვით ტაძარი. მის ნაწარმოებებში არის ისეთი რამ, რაც სიტყვებით ვერ გამოითქმის. და რადგან ეს უზენაესი და საბოლოო აზრი მხოლოდ მინიშნებულია და წარმავალი ფორმით არაა ნათქვამი და დახურდავებული, სწორედ ამიტომაა მისი შემოქმედება ახალი ადამიანისა და საერთოდ მთელი კაცობრიობის სრულყოფისაკენ გაკვალული გზა.“
„იმ დიად მწერალთა შორის, რომელთაც ლიტერატურაში თამამად გადალახეს საზღვარი, ყველაზე დიადი ჩვენს ეპოქაში დოსტოევსკი გახლდათ, და ვერც ერთმა სხვამ ვერ აღმოაჩინა იმდენი ახალი სამყარო სულიერ ცხოვრებაში, რამდენიც ამ მიზანმსწრაფმა, უნაპირო შესაძლებლობით დაჯილდოებულმა შემოქმედმა, რომლისთვისაც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „განუზომლობა და დაუსრულებლობა, ისევე საჭირო იყო, როგორც თვით დედამიწა.“ არავითარ დაბრკოლებას არ შეუჩერებია იგი. „ყველგან და ყველაფერში მიჯნა გადავლახე“, – წერდა იგი სიამაყით და თანაც თითქოს საკუთარი დანაშაულის შეგნებით – „ყველგან“.“
„კაცობრიობა თავის სულიერი ცხოვრების მექანიზმსა და მისტიკურ ძალებს ესოდენ ღრმად დოსტოევსკიმდე არ ჩასწვდენია. მისმა თვალმა მზერა გაუმახვილა, შეგნება გაუასკეცა, გრძნობით კი იდუმალებასა და ღვთაებრიობას აზიარა. თუ არა იგი, რომელმაც ყველა მიჯნა და საზღვარი გადალახა, კაცობრიობა ამდენს ვერ შეიტყობდა თავის მარადიულ საიდუმლოზე. მისი ნაწარმოებების სიმაღლიდან გაცილებით უფრო შორს შეგვიძლია გავიხედოთ მომავლისაკენ. ასეთი რამ კი წინათ არ შეგვეძლო.“
„დოსტოევსკი უფრო ღრმად ჩასწვდა ქვეშეცნეულის ქვესკნელს, ვიდრე ექიმები, იურისტები, კრიმინალისტები ან კიდევ ფსიქიატრები. ყველაფერი, რაც მეცნიერებამ მერე და მერე აღმოაჩინა, რასაც მერე და მერე დაარქვა თავ-თავისი სახელი და ექსპერიმენტისა და სკალპელის საშუალებით დაადგინა, სახელდობრ, ტელეპათიური, ისტერიული, ჰალუცინაციური, გაუკუღმართებული ფენომენები, – ყველაფერი ეს მან აღწერა თავისი ნათელმჭვრეტი განცდისა და თანაგრძნობის მისტიური უნარის წყალობით. სულის ფენომენებს რომ ჩაუდგებოდა კვალში, სიგიჟის კარამდე მიდიოდა (სულის ექსცესი), დანაშაულის კარამდეც (გრძნობის ექსცესი), სულის უსასრულო და უცნობ სივრცეებს შემოივლიდა ხოლმე გულთამხილავი. ძველმა მეცნიერებამ თავისი წიგნის უკანასკნელი ფურცელი ჩაათავა, დოსტოევსკიმ ხელოვნებაში ახალი ფსიქოლოგიის ერა დაიწყო.“
„მხოლოდ დოსტოევსკიმ, ერთიანობის პირველმა დამრღვევმა, მარადიულმა დუალისტმა შეაღო იდუმალების კარიბჭე. მხოლოდ მან ერთმა შესძლო გრძნობის სრული ანალიზი. დოსტოევსკისთან გრძნობათა ერთიანობა ნაკუწ-ნაკუწადაა ქცეული, თითქოსდა მის გმირებს სხვა სული ედგათ, არა ისეთი, როგორიც აქვთ სხვებს, მანამდე არსებულთ. სხვა მწერლების მიერ მანამდე დიდი გამბედაობით გაკეთებული სულიერი ცხოვრების ანალიზები მეტისმეტად ზერელე გვეჩვენება მისი დიფერენცირებული ანალიზების გვერდით.“
„დოსტოევსკისთან ყოველი გრძნობა, ყოველი მიდრეკილება უფსკრულის სიღრმეში ჩაფლული, ძალ-ღონის პირველ წყაროსთან ჩამუხლული, იმ უკიდურეს წინააღმდეგობათა ფსკერამდე ჩაღწეული, რომელიც არსებობს „მე“-სა და სამყაროს შორის, საკუთარი მეობის დაფუძნებასა და თავგანწირვას შორის, სიამაყესა და თვინიერ მორჩილებას შორის, მფლანგველობასა და მომჭირნეობას, ცენტრიდანულ და ცენტრისკენულ ძალებს შორის, თვითგანდიდებისა და თვითგანადგურებას შორის, პიროვნებასა და ღმერთს შორის. სხვადასხვა მომენტში წინააღმდეგობათა ამ წყვილების სხვადასხვა ცალი მოქმედებს, მაგრამ იგი მუდამ სულსა და ხორცს შორის დამკვიდრებული წინააღმდეგობის უკიდურესი, პირველდაწყებითი გრძნობის გამოვლინებაა. დოსტოევსკიმდე ჯერ არავის აუსახავს გრძნობათა ასეთი მრავალსახეობა, ასეთი ჭიდილი.“
„ყველაზე განსაცვიფრებელი ისაა, რომ თვით სიყვარულსაც კი ასე მრავალსახოვნად ანაწევრებს დოსტოევსკი. ეს მისი უდიდესი ღვაწლია, უდიდესი დამსახურება: ძველთაგანვე, ანტიკოსი მწერლებიდან მოყოლებული, მრავალი საუკუნის მანძილზე რომანში, და არა მარტო რომანში, საერთოდ მთელ ლიტერატურაში, – კაცისა და ქალის ურთიერთობის პრობლემა ითვლებოდა უმთავრეს გრძნობად, მთელი ყოფიერების განმსაზღვრელ პირველწყაროდ. ამ გრძნობასაც კვალში ჩაუდგა დოსტოევსკი და უკიდურეს სიღრმემდე მისდია, უმაღლეს მწვერვალამდე აზიდა იგი, ბოლომდე და საბოლოოდ შეიცნო. სხვა მწერლებისთვის სიყვარული საბოლოო მიზანია, მხატვრული ნაწარმოების დედააზრია. მისთვის კი იგი ცხოვრების საფეხურია და არა პირველდაწყებითი ელემენტი. სიტყვაკაზმულობის ოსტატებისათვის ყოველგვარ წინააღმდეგობათა დაზავების მაუწყებელია ის საზეიმო წუთი, როდესაც ერთი სქესი მეორე სქესს შეუხმატკბილდება, როდესაც ციურ განცხრომას მიეცემიან ერთ სულ და ერთ ხორც ქცეულნი. მათ მიერ ასახული ცხოვრებისეული კონფლიქტი სასაცილოდ პრიმიტიული მოგეჩვენება დოსტოევსკისთან შედარებით.“
„ორმაგი სიყვარულის ფენომენი, ყველაზე რთული რამ სხვა მწერლებთან, ჩვეულებრივი, სავსებით ბუნებრივი ამბავია დოსტოევსკისათვის.“
„თუ გვინდა, რომ ხელოვნება სინამდვილეს შეესატყვისებოდეს, მან თავი უნდა ანებოს გრძნობის წარმოსახვას იაფფასიან პატარა წმინდა ხატად, ხატად, რომელიც დაამსხვრია დოსტოევსკიმ, აღარასოდეს არ უნდა შემოზღუდოს რომანი საზოგადოებისა და გრძნობების ვიწრო ფარგლებით, დაე, ნუ შეეცდება-მეთქი იგი ჩრდილში დატოვოს სულის შუალედური სამყარო, ასე ძლიერი შუქით რომ გაანათა დოსტოევსკიმ. მან პირველმა გვამცნო ბევრი ისეთი რამ ადამიანზე, თვითეულ ჩვენგანში რომაა თურმე ჩაბუდებული, და გრძნობათა დიფერენცირების შეტყობინებით გაცილებით მეტი შესძინა ჩვენს ცოდნას, ვიდრე ყველა ადრინდელმა აღმოჩენამ. ვერავინ გაზომავს, თუ რაოდენ დავემსგავსეთ ჩვენ დოსტოევსკის გმირებს მას შემდეგ, რაც მისი წიგნები მოგვევლინა, რამდენი მისი წინასწარმეტყველების ახდენა დაადასტურა ჩვენმა სისხლმა, რამდენი მისი ნათქვამი გამართლდა ჩვენს სულიერ სამყაროში! ახალი ქვეყანა, რომელზედაც მან პირველმა დაადგა ფეხი, შეიძლება უკვე ჩვენიცაა, საზღვრები, რომელიც მან გადალახა, იქნებ ჩვენი ნამდვილი სამშობლოა.“
„ჩვენი საბოლოო ჭეშმარიტების განუზომელი წილი, ჭეშმარიტებისა, რომლის მომსწრენიცა ვართ ახლა ჩვენ, დოსტოევსკიმ აღმოგვიჩინა წინასწარმეტყველურად. ახალი საზომი მოუძებნა მან ადამიანის სიღრმეს. სანამ იგი არ მოგვევლინა, არც ერთმა მოკვდავმა არ იცოდა, თუ რამდენი უკვდავი საიდუმლო ჰქონია ადამიანის სულს. მაგრამ საოცარი აი რა არის: მან უსაზღვროდ გააფართოვა ჩვენი ცოდნა ჩვენს საკუთარ თავზე, უზომოდ ბევრი რამ გვასწავლა მან, ამავე დროს მისგანვე შევიძინეთ ჩვენი თვინიერი მორჩილების დიადი უნარი, ცხოვრების დემონურობის აღქმის უნარი. მისი შემწეობით გავხდით ჩვენ უფრო შეგნებულნი, მეტის მცოდნენი, მაგრამ ხუნდები როდი აგვყარა ამან, პირიქით, უფრო ძლიერად შეგვბორკა. თანამედროვე ადამიანი ისევე განიცდის ელვის სიდიადეს, როგორც გარდასულ ეპოქათა ხალხები, თუმცა ახლა მშვენივრად იცის მისი ბუნება, იცის, რომ ელექტრონული მოვლენაა ეს, ატმოსფერული დამუხტვა და განმუხტვა. ასევე არ ძალუძს ადამინის სულიერი მექანიზმის ცოდნას დააკნინოს ჩვენი მოწიწება კაცობრიობის წინაშე. სწორედ დოსტოევსკიმ, რომელმაც ასე შესანიშნავად დაგვანახა სულიერი ცხოვრების ყოველი შემადგენელი ელემენტი, დოსტოევსკიმ – ბუმბერაზმა ანალიტიკოსმა, გრძნობის ბრწყინვალე ანატომმა, შეგვძინა ჩვენ სამყაროს უნივერსალური გრძნობა. ასეთი რამ ხომ ჩვენი დროის ვერც ერთმა სხვა მწერალმა ვერ შესძლო. ისე ღრმად, როგორც დოსტოევსკი, ვერავინ ჩასწვდენია ადამიანის რაობას, და არცთუ ისე მოშიში და მოკრძალებული ყოფილა სხვა ვინმე შეუცნობელის, შემქმნელის – ღვთაებრიობის, ღმერთის წინაშე, როგორც იგი.“
სულიერ ცხოვრების ისტორიას არ ახსოვს ადამიანის მორალული თვითგანადგურების მსგავსი მაგალითი, კონტრასტიდან იდეალის ესოდენ ნაყოფიერი წარმოქმნა. დოსტოევსკი, საკუთარი თავის მაწამებელი, ჯვართ ეცვა ნებით: სარწმუნოების დამკვიდრებას საკუთარი შემეცნება შესწირა, ხელოვნების გზით ახალი ადამიანის შექმნისათვის გასწირა თავისი სხეული, საერთო-საყოველთაოს მტლად დაუდო თავისი პიროვნება. საკუთარი „მე“-ს განადგურება სურს, სურს მოსპოს იგი როგორც ტიპი, რათა უფრო უკეთეს, უფრო ბედნიერ კაცობრიობას დაუცალოს გზა: იგი მზადაა ყველა სატანჯველი თვითონ იტვირთოს, ოღონდ კი სხვებმა გაიხარონ. და ვინც სამოცი წლის განმავლობაში საკუთარ უნაპირო წინააღმდეგობათა ყველაზე მტკივნეული ზღუდეებისაკენ ილტვოდა, ვისაც არ დაენანა ბოლომდე გადაეხსნა თავისი თავი, ოღონდ კი ღმერთი ეპოვნა, ოღონდ კი ცხოვრების აზრი ამოეცნო, აი, ეს კაცი იოლად შეელია შეძენილ სიბრძნეს ახალი კაცობრიობის გულისათვის, რომელსაც გაანდო თავისი ყველაზე უდიდესი საიდუმლოება, რომელსაც უანდერძა თავისი უკანასკნელი დანაბარები: „უფრორე შეიყვარეო სიცოცხლე, ვიდრე ცხოვრების აზრი“.
„ოჰ, რა უკუნი გზაა დოსტოევსკის სიღრმისაკენ, ოჰ, რა სევდიანია მისი ლანდშაფტი, რა დამთრგუნველია მისი უსასრულობა, ასე იდუმალად რომ წააგავს მის ტრაგიკულ პირი-სახეს, ცხოვრების ტკივილით დაღარულს! გამანადგურებელი ჯოჯოხეთური სარტყელები გულისა, სულის სალხინებლის მეწამული ცეცხლის ენები, უძირო მაღარო, უფრო უღრმესი რომ არ გაუთხრია მოკვდავის ხელს გრძნობის ქვესკნელში! ჰოი, რა უკუნი წყვდიადია მისი ადამიანების სამყაროში, ჰოი, რაოდენი ტანჯვა-წამებაა ამ წყვდიადში! რაოდენი ურვაა მის მიწასა ზედა, „ქერქიდან ვინემ ცენტრამდე ცრემლით რომაა გაჟღენთილი“, ჰოი, რა ჯოჯოხეთური სარტყელებია მის სიღრმეში, წინგამჭვრეტმა დანტემ რომ მოგვახილვა საუკუნის წინ, მასზე ბევრად უკუნი! მიწიერის მსხვერპლნი, განტევების ამაოდ მომლოდინენი, გრძნობის მარტვილნი, ვნების გველებშემოხვეულნი, სულის ჭირით განაწამებნი, ფუჭი ამბოხის შფოთით დატანჯულნი – რა ქვეყანაა ეს, რა სამყარო შექმნა დოსტოევსკიმ!“
წყარო:
https://temurkikava.wordpress.com/2014/05/31/%e1%83%a8%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%90%e1%83%98%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%95/#more-4607
Advertisements