პაპაშვილი, მურმან – საქართველოს ორიენტაცია დასავლეთ ევროპაზე და ს.ს. ორბელიანი

დასმული პრობლემის გასაშუქებლად ამთავითვე უნდა შევეხოთ ორ საკითხს: პირველი, როდის და რა მიზნით მიიღო ს. ს. ორბელიანმა კათოლიკობა და მეორე, როდის და რატომ აიღო ქართლის ჯანიშინმა ვახტანგ VI- მ ორიენტაცია საფრანგეთზე.
დასმულ კითხვებზე არ ვაპირებთ ვრცელ მსჯელობას. ჩვენს ნაშრომებში („საქართველო-რომის ურთიერთობა VI- XX სს.“, თბ., 1995, გვ. 247- 258; „კავკასიაში კათოლიკობის გავრცელების საკითხი საფრანგეთის სამეფო კარზე ს. ს. ორბელიანის დიპლომატიურ მოლაპარაკებებში“, ჟურნ. „საქართველო“, 1- 2, თბ., 1999, გვ. 44- 49; „რატომ გახდა სულხან-საბა ორბელიანი კათოლიკე?“,  ჟურნ. „საბა“, 7, თბ., 2003, გვ. 5- 7; „რა მიზნით მიიღო სულხან-საბა ორბელიანმა კათოლიკობა?“, ექვთიმე თაყაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია, თბ., 2003, გვ. 48- 52; „მადმუაზელ მარი პეტი ლუი XIV-ის თვითმარქვია ელჩი ირანში და მისი სტუმრობა საქართველოში“, კრებ.: „თსუ ზუგდიდის ფილიალი, შრომები“, I, თბ., 2002, გვ. 85- 98) აღნიშნული საკითხები, ვფიქრობთ, დამაჯერებლადაა გარკვეული, ამიტომ ორივე კითხვას დასკვნის სახით ვპასუხობთ:
ს. ს. ორბელიანმა, რომელიც 1686-1687 წლიდან აშკარა სიმპათიებს ატარებდა კათოლიკური სარწმუნოების მიმართ, 1701 წელს მიიღო კათოლიკობა. ყოველ შემთხვევაში, უდაოა, რომ სულხან-საბა 1709 წელს უკვე კათოლიკეა, მაგრამ ამის მოწინააღმდეგე საერო და სასულიერო მესვეურები (რა თქმა უნდა ასეთები იყვნენ) ვერ შეამჩნევდნენ. რატომ? იმიტომ, რომ სულხან- საბა ორბელიანი იყო უნიატი კათოლიკე, ანუ ბასილიანთა ორდენის მოწესე. მეტი ალბათობაა, რომ მან საქართველოში მოღვაწე კაპუჩინი მამებისაგან კარგად იცოდა ბასილიანთა ორდენის წესდება, სტრუქტურა და მიზანი. ამიტომ სულხან-საბას გაკათოლიკება, ანუ უნიატობა არ ნიშნავდა მართმადიდებლობის ღალატს, ტიპიკონისა და საეკლესიო წესების შეცვლას, წინაპართა ტრადიციების უგულებელყოფას, რადგან წმ. ბასილის ორდენის წევრობა, ანუ ბასილიანელობა ამას გამორიცხავდა. ამდენად, საბას გაკათოლიკება არ ნიშნავდა ჭეშმარიტების პოლიტიკურ ამოცანებზე მორგებას. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, სულხან-საბა ორბელიანის უპირატესობას პოლიტიკური მიზანი კი არ ედო საფუძვლად, არამედ ის ძირითადად ეკლესიათა უნიის იდეებისადმი ერთგულებით იყო ნაკარნახევი.
ცხადია, საფრანგეთსა და რომში სულხან-საბას დასახული დიპლომატიური ელჩობის ამოცანების ჭრილში, მისი ბასილიანელობა პოლიტიკურ ელფერსაც იძენდა. ეს მას სრულ საშუალებას აძლევდა, რომ კათოლიკურ დასავლეთთან გამოენახა საერთო ენა და ამასთანავე დაეცვა ქართული მართმადიდებლური ეკლესიის ინტერესებიც. მისი წარმოდგენით ელესიათა უნიას საქართველოსათვის უნდა მოეტანა შემდეგი წარმატებანი: პირველი, უნია რეალურად დააკავშირებდა საქართველოს რომთან და მისი მეშვეობით კათოლიკურ ევროპასთან. ამით საქართველოში გზა გაეხსნებოდა ევროპულ კულტურასა და ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც საფუძვლად დაედებოდა ქვეყნის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას; მეორე, უნია ხელს შეუწყობდა ქართველი მართმადიდებელი სამღვდელოების კულტურის დონის ამაღლებას. ამით მართმადიდებლობა კი არ დაკარგავდა თავის წეს- ჩვეულებებს, არამედ გამდიდრდებოდა და განმტკიცდებოდა.
სულხან-საბამ, როგორც უაღრესად განათლებულმა და მოწინავე ადამიანმა, ჩინებულად იცოდა, რომ, მიუხედავად ეკლესიათა გათიშვისა, ქართული მართმადიდებლური ეკლესია განსაკუთრებული სიხლოვით იყო დაკავშირებული კათოლიკურ ეკლესიასთან. ბასილიანელობისათვის სავალდებულო პაპის პრიმატის ცნობა კი არ ნიშნავდა საბას კომპრომისს სარწმუნოების სფეროში, არამედ იგი აღიარებდა პაპის, როგორც პეტრე მოციქულის მემკვიდრის მსახურებას მსოფლიო ეკლესიაში მის განმსაზღვრელ როლს. მისთვის პაპის პრიმატი უბრალოდ სახარებისეულ ძალაუფლებას წარმოადგენდა: „ხოლო მე ვარ თქვენს შორის, როგორც მსახური“ (ლუკას სახარება, 22, 27 ). ასე რომ, საბასათვის კათოლიკობა პროგრესს ნიშნავდა და განსაზღვრავდა ევროპასთან საქართველოს პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური ურთიერთობების ფაქტორებს.
მეორე კითხვასთან დაკავშირებით მოკლედ აღვნიშნავთ შემდეგს: ცნობილია, რომ XVII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში საფრანგეთის აბსოლუტიზმის ინტერესებში გააქტიურდა ლუი XIV-ის სავაჭრო პოლიტიკა აღმოსავლეთის ქვეყნებში და განსაკუთრებით ირანში. 1665 წელს ირანსა და საფრანგეთს შორის დამყარდა სავაჭრო ურთიერთობა, მაგრამ 1707 წლამდე მას განვითარება არ ჰქონია.
1705 წლის თებერვალში საფრანგეთის მეფემ ირანში ელჩად გაგზავნა ჟან-ბატისტ ფაბრი. მას უნდა შეესწავლა ირანში საქონლის შეტანის მეთოდები და შესაძლებლობები. ასევე უნდა გამოერკვია, თუ რა საშუალებებით შეიძლებოდა საფრანგეთი ჩაბმულიყო იქ სავაჭრო კონკურენციაში ინგლისელებთან და ჰოლანდიელებთან. (ჰერბერტი 1907: 248). ფაბრის ამ მისიას შესრულება არ დასცალდა. იგი 1706 წლის 16 აგვისტოს ერევანში მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი მისია გააგრძელა კონსტანტინოპოლში საფრანგეთის საელჩოს მეორე მდივანმა ლუი მიშელმა (ტაბაღუა 1972: 237). მან, მიუხედავად ინგლისელების ხელშეშლისა, მიაღწია საფრანგეთ-ირანის სავაჭრო ხელშეკრულების დადებას. ხელშეკრულება, რომელიც 1708 წლის 7 სექტემბერს დაიდო „წარმოადგენდა ირანის პირველ სავაჭრო კონვენციას, რომელიც ოფიციალურად დაიდო საფრანგეთის სახელმწიფოსთან, მაშინ როდესაც ყველა წინამავალი შეთანხმებები დადებული იყო დაინტერესებული კომპანიების მიერ ირანში“.
ამასთან კავშირში ასევე მოკლედ შევეხებით ერთ დეტალს, რომელიც, ჩვენი აზრით, უშუალოდ ავლენს ვახტანგ VI-ის ორიენტაციას საფრანგეთზე.
ირანში ფაბრის ოფიციალურ ელჩობას თან ახლდა ფრანგი მანდილოსანი მარი პეტი. მან მრავალი თავგადასავლისა და ფაბრის ერევანში გარდაცვალების შემდეგ, რაშიც მას ედებოდა ბრალი, გადაწყვიტა თვითონ გაეგრძელებინა მისია. ფაბრის ადგილზე დანიშნულ ლუი მიშელსა და მარი პეტის შორის ერევანში დაიწყო ბრძოლა იმაზე, თუ ვინ ჩავიდოდა ადრე ისფაჰანში და წარდგებოდა შაჰის კარზე. იგი ლუი მიშელზე ადრე ჩავიდა ისფაჰანში. იჯერა რა ირანში ყოფნით გული, მარი პეტიმ გადაწყვიტა საფრანგეთში დაბრუნება საქართველოს გავლით. ამაში მას დაეხმარა ლუი მიშელი.
თვითმარქვია ელჩი მარი პეტი 1707 წლის ივლისში თბილისში ჩამოვიდა და აქ სამი თვე დარჩა. ამით ვახტანგ VI- ს კარგი შემთხვევა მიეცა, რომ გარკვეულიყო საფრანგეთ-ირანის ურთიერთობის ასპექტებში. სახელდობრ, დაენახა, თუ რა მნიშვნელობას იძენდა ირანი საფრანგეთის აღმოსავლურ პოლიტიკაში. თუ გავითვალისწინებთ იმ ამოცანებს, რომელსაც საფრანგეთ-ირანის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის ჩარჩოებში მიზნად ისახავდა ს. ს. ორბელიანის დიპლომატიური მისია ვერსალში, თამამად შეიძლება დავასკვნათ, რომ მარი პეტის სტუმრობამ თბილისში საძირკველი ჩაუყარა საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის საფუძვლებს. უეჭველია, მარი პეტიმ გაარკვია ვახტანგი საფრანგეთის „ირანულ პოლიტიკაში“. მოკლედ, ვახტანგ VI განმანათებელმა ყოველივე ამაში ნახა საფრანგეთთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების მომავალი შესაძლებელი სინამდვილე. ასე რომ, მარი პეტის სტუმრობამ ბიძგი მისცა საფრანგეთ- საქართველოს დაკავშირებას. ამ მიზნითა და გრძნობით ანთებული ვახტანგ VI „ყველა შესაძლებელ სამსახურს” უწევდა ნებისმიერ ფრანგს (პაპაშვილი: 95- 97).
ამრიგად, წყაროებით მტკიცდება, რომ ვახტანგ VI-ის ორიენტაცია საფრანგეთზე 1707 წელს იღებს სათავეს. მან კონკრეტული სახე ირანში მისი ტყვეობის შემდეგ (1712 წ.) მიიღო, რასაც ორმხრივი სახელმწიფოებრივი ინტერესები ასაზრდოებდა.
ცნობილია, რომ 1713 წლის 17 აგვისტოს სულხან-საბა ფრანგ მისსიონერ ჟან რიშართან ერთად გორიდან გაემგზავრა საფრანგეთში დიპლომატიური მისიით. ეს ელჩობა ვახტანგ VI-ის კარგად მოფიქრებული ნაბიჯი იყო. საქართველოს ელჩს ფრანგი პოლიტიკური მოღვაწეების წინაშე ევალებოდა არა მარტო „სათხოვარი“ ირანის ტყვეობიდან ვახტანგის გათავისუფლების შესახებ, არამედ საქართველო-საფრანგეთის მომავალი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის ფორმების ჩამოყალიბება. აქედან გამომდინარე, ვახტანგ VI- ის ევროპული პოლიტიკის მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ გამოევლინა, თუ რა სარგებლობის მიღება შეეძლო საქართველოს საფრანგეთისაგან თავისი საშიანო და საგარეო პოლიტიკური ამოცანების გადაჭრის საქმეში. ამიტომ შექმნილ კონკრეტულ ვითარებაში ვახტანგ VI- მ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ირანის ტყვეობიდან დასავლეთის დახმარებით გათავისუფლების მიღწევას. თუ საფრანგეთი ამ მიმართულებით პრაქტიკულ ნაბიჯს გადადგამდა და ქართლის ტახტზე ვახტანგი ქრისტიანად ავიდოდა, მაშინ იგი აღმოსავლეთში საფრანგეთის მეფისა და რომის პაპის მტკიცე საყრდენი იქნებოდა.
ს. ს. ორბელიანი და ჟან რიშარი გორიდან ქუთაისში ჩავიდნენ და აქ 40 დღე დარჩნენ დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ გრიგოლ II ლორთქიფანიძესთან (1696-1742). სულხან-საბამ თავისი ელჩობის მიზნები და ამოცანები გააცნო გრიგოლ II- სა და მის თანაშემწეს დავით მეგრელს. ეს უკანასკნელნი იზიარებდნენ ვახტანგისა და საბას გეგმებს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში. საკუთრივ გრიგოლი II- ს „…სურდა პირველ რიგში თვითონ განათლებულიყო (მოქცეულიყო კათოლიკობაში, მ. პ) და შემდგომში რომის ეკლესიისადმი მიეზიდა ყველა ეს ქვეყანა (სამეგრელო, იმერეთი და აფხაზეთი, მ. პ)“ (საბუთები საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობის ისტორიიდან (1707 წლის მარტი – 1714 წლის დეკემბერი), ნაწილი I, შესავალი, თარგმანი და კომენტარები დაურთო ილია ტაბაღუამ, თბ., 1975, გვ. 213). ამ მხრივ კათალიკოს გრიგოლის მიზანი ცხადად ჩანს რიშარის შემდეგ ცნობარში. იგი წერს: ,,დასავლეთ საქართველოს პატრიარქმა… რამდენჯერმე გამოთქვა სურვილი, რომ შეერთებოდა კათოლიკურ ეკლესიას. ან მთხოვა გამომეგზავნა მისთვის მისიონერები სამი მისიისათვის, რომელსაც ის განალაგებდა სამეგრელოში, იმერეთსა და აფხაზეთში… უფალი საბა ყველა ჩვენი საუბრის მოწმე იყო და მოუწოდებდა ამ პარტიარქს გაეგზავნა მასთან ერთად მისი თანაშემწე დავით იბერი, რათა თან ხლებოდა იმ მისიონერებს, რომლებსაც, მე მას გაუგზავნიდი”. (საბუთები… გვ. 126- 129). ეს მისიონერები უმთავრესად სამედიცინო საქმიანობაში უნდა ყოფილიყვნენ დახელოვნებულნი (საბუთები… გვ. 233).
წყაროების მიხედვით, ფრანგი მისიონერების სამეგრელოში დაფუძნებით დიდად ყოფილან დაინტერესებულნი „ამ მხარის ბატონები“ (საბუთები…, გვ. 140, 282, 291). ერთერთ წყაროში კი ვკითხულობთ: „მეგრელებს აქვთ ბერძნული რიტი, მაგრამ პრეტენზია აქვთ იყვნენ კარგი კათოლიკეები და გამოხატავენ წმინდა სარწმუნოებისადმი ერთგულებას” (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, მ. თამარაშვილის პირადი არქივი, 85, ფურც. 46). ვფიქრობთ, შექმნილ ხელსაყრელ ვითარებაში სამეგრელოს წარმომადგენლებმა, რომლებიც ნიადაგ ცდილობენ თეატინელთა ტრადიციების განახლებას ოდიშის სამთავროში, კათალიკოს გრიგოლს თხოვეს, რომ სულხან-საბასთან ერთად გაეგზავნა დავით ბერი, რომელიც ფრანგულ წყაროებში „დავით მეგრელად“ არის წოდებული.
ახლა ერთი საკითხის შესახებ: წყაროების თანახმად, კათალიკოსი გრიგოლი ჟან რიშარის მეშვეობით საფრანგეთის მეფეს ლუი XIV-ს თხოვდა, რომ მას 10 ფრანგი მისიონერი გამოეგზავნა დასავლეთ საქართველოში. კითხვაზე, თუ რატომ უნდოდა მაინცდამაინც საფრანგეთის მისიის მისიონერების ჩამოყვანა საქართველოში გრიგოლი II-ს, პასუხს თვით წყარო იძლევა: „ამ პრელატმა (კათალიკოსმა გრიგოლმა, მ. პ), – წერს რიშარი, … როცა გავიარე მის სამფლობელოში მეტად დაჟინებით მთხოვა, რომ მის უდიდებულესობას (ლუი XIV- ს. მ. პ), რომელიც მთელს ლევანტში აღიარებულია როგორც ყველა მისიის მფარველი და მხარდამჭერი, ვთხოვო რვა ან ათი მისიონერი“ (საბუთები…, გვ. 184).
აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ კათოლიკოსი გრიგოლი, სულხან-საბა და რასაკვირველია, ვახტანგ VI კარგად იყვნენ გარკვეულნი აღმოსავლეთში საფრანგეთის მისიების მოღვაწეობის ხასიათსა და მასშტაბებში. ამ დროისათვის საფრანგეთი ითვლებოდა დიდ კათოლიკურ ქვეყნად, რომელიც ქმედითად მფარველობდა აღმოსავლეთში მოღვაწე კათოლიკე მისიონერებს და დიდ ფინანსურ დახმარებას უწევდა უცხოეთის მისიების საზოგადოებას (ლონო 1894: 499-500).
ყოველივე ამის შემდეგ ისმება კითხვა: რატომ სურდა კათოლიკოს გრიგოლსა და სულხან-საბას საქართველოში საფრანგეთის მისიონის დაარსება? მართალია, აღნიშნულ პირებს კარგად ესმოდათ, რომ ეს წმინდა საეკლესიო კატეგორია იყო, მაგრამ მას ჰქონდა პოლიტიკური გაგებაც. კერძოდ, საქართველოში პარიზის მისიონის დაპირებას მოჰყვებოდა ჩვენს ქვეყანაში საფრანგეთის ინტერესებისა და პოზიციების დამკვიდრება, რადგან მისიონის წინსვლა ხომ ამ სახელმწიფოს აქტიური პოლიტიკის გატარებაზე იქნებოდა დამოკიდებული?
ერთი სიტყვით, სულხან-საბამ და კათალიკოსმა გრიგოლმა კარგად იცოდნენ, რომ კათოლიკური ეკლესიის პრაქტიკული საქმიანობა არ არსებობდა კონკრეტული პოლიტიკის გარეშე. ამიტომ მათი სწორი აზრით, საფრანგეთი საქართველოში მისიონის დაარსების შემდეგ უფრო ქმედით ნაბიჯს გადადგამდა ვახტანგის ირანის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად. ამასთანავე, აღნიშნული გზით ქართველი პოლიტიკოსები ცდილობდნენ, რომ საფრანგეთი მიეახლოებინათ საქართველოსათვის. ამიტომ შემთხვევითი როდი იყო აქცენტი გადატანილი ფრანგი იეზუიტი მისიონერების საქართველოში ჩამოყვანაზე. ეს ორდენი „XVII ს- ის 80- იანი წლების შუა ხანებიდან მტკიცედ იყო ორიენტირებული თავის აღმოსავლურ პოლიტიკაში საფრანგეთზე“ (აზიატიკის… 1832: 354).
პარიზსა და რომში სულხან-საბას ელჩობის ერთერთი მთავარი მიზანი იყო რომის პაპის დახმარებით საქართველოში საფრანგეთის მისიონის დაარსება. მისი სწორი აზრით, საფრანგეთი საქართველოში თავისი მისიონის დაარსების შემდეგ უფრო ქმედით ნაბიჯს გადადგამდა ვახტანგის ირანის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად. გათვლილი იყო ისიც, რომ ფრანგი მისიონერების პრაქტიკული საქმიანობა გაააქტიურებდა საქართველოში საფრანგეთზე ორიენტაციას და უფრო განამტკიცებდა მას.
სულხან-საბას ამ წინადადებას ფრანგი მესვეურები დადებითად შეხვდნენ. ეს მიუთითებდა იმას, რომ საფრანგეთი დაინტერესებული იყო საქართველოსთან კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობის დამყარება-განვითარებით. მის ცხოვრებაში პრაქტიკულად გაატარებდნენ ფრანგი მისიონერები. მათ, ერთი მხრივ, საქართველოში უნდა დაეარსებინათ სემინარია და კოლეჯი, რითაც ხელს შეუწყობდნენ ქართველ ხალხში ეროვნული განათლებისა და კულტურის დანერგვას, ხოლო მეორე მხრივ, გზა უნდა გაეკაფათ ,,საქართველოს ტერიტორიის გავლით სპარსეთთან ვაჭრობაში” საქართველოს კაპიტალისათვის. ეს კი ხელს შეუწყობდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და გაძლიერებას, რაც მომავალში საშუალებას მისცემდა საქართველოს ებრძოლა დამოუკიდებლობისა და ქვეყნის გაერთიანებისათვის. როცა ქართული მართმადიდებლური ეკლესია აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებად იყო გაყოფილი, როცა სამხრეთ საქართველოში მართმადიდებლური ეკლესია თითქმის დადუმებული იყო, როცა აფხაზეთში ქრისტიანობა ძალზე შესუსტდა და წარმართული სარწმუნოება აღორძინდა, როცა ქართული მართმადიდებლური ეკლესიის გამაერთიანებელი ხმა არ ისმოდა, ვახტანგ მეფე, სულხან- საბა და მათი მომხრეები კათოლიკობის გავრცელებით სახავდნენ ქვეყნის გაერთიანების გზას. საბას აზრით, საქართველოს გაკათოლიკება უნდა ყოფილიყო ის საშუალება, რომელიც დარღვეული საქართველოს სხეულს გააერთიანებდა რომისა და კათოლიკური საფრანგეთის დახმარებით, ამგვარად, ქართველი მესვეურები საფრანგეთთან მიმართებაში კათოლიკობას უკავშირებდნენ ქვეყანაში განათლების, ხელოსნობისა და ვაჭრობის განვითარებას, რასაც მომავალში უნდა მოეტანა მაჰმადიანური რკალის გარღვევა და საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება.
ამიტომ დასავლეთზე ორიენტირებული ქართველი პროგრესისტები (ვახტანგ VI, სულხან- საბა, კათალიკოსი გრიგოლი II, დავით მეგრელი და სხვ.). მტკიცედ უჭერდნენ მხარს ვატიკანის მისიონერულ პოლიტიკას საქართველოში და კათოლიკე პატრების მოღვაწეობაში ხედავდნენ პრაქტიკულ შედეგს. ამ მხრივ თავისებური თვალსაზრისი ჰქონდა სულხან- საბას.
ალბათ, ეყრდნობოდა რა თეატინელი პატრების მოღვაწეობაში ხედავდნენ პრაქტიკულ შედეგს. ამ მხრივ თავისებური თვალსაზრისი ჰქონდა სულხან- საბას. ალბათ, ეყრდნობოდა რა თეატინელი პატრების საქმიანობის პრაქტიკულ შედეგს საქართველოში ტყვიის ყიდვის წინააღმდეგ ბრძოლაში, სულხან- საბა შეეცადა აღნიშნული მიმართულებით მისიონერთა მოღვაწეობის განახლებას იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, აფხაზეთსა და ჩერქეზეთში. ამ საქმეში ეფექტურად უნდა ემოღვაწათ საფრანგეთში `კარგად შერჩეულ მისიონერებს“ (საბუთები…, გვ. 223).
სულხან-საბას შეხედულებით, ფრანგ კათოლიკე მისიონერებს ისე უნდა დაერწმუნებინათ აღნიშნული მხარეების ამ მავნე წესების მიმდევარნი, რომ მათ „მისცენ თავიანთი ბავშვები 12 წლის შესრულების შემდეგ (საფრანგეთს, მ. პ), სადაც უფრო გათვითცნობიერდებიან და შეეძლებათ მხარი დაუჭირონ თავისი ქვეყნის სარწმუნოებას (დაიცვან მტკიცედ კათოლიკური სარწმუნოება, მ.პ.)“ (საბუთები, გვ. 223-224). „თუ სარწმუნოებამ (კათოლიკობამ, მ. პ) ერთხელ შეკრა კავშირის კვანძები” საქართველოში და „ამრიგად მოქცეული (კათოლიკურ სარწმუნოებაზე, მ.პ) ჩერქეზები შევლენ ამ კავშირში (საქართველოსთან გაერთიანდება, მ.პ), მაშინ „ვერავითარი ძალა მსოფლიოში ვერ შეძლებდა მათ განადგურებას“ და პირიქით, „ისინი თვითონ გახდებოდნენ საშიში… ირანისა და თურქეთისათვის“ (საბუთები, გვ. 221-222).
ამრიგად, პარიზსა და რომში სულხან-საბას დიპლომატიური ძალისხმვა მიმართული იყო იქითკენ, რომ საფრანგეთის აღმოსავლური პოლიტიკის ფართო ამოცანებში გამოეკვეთა თავისი ქვეყნის ინტერესები. ქართველთაგან ის პირველი შორსმჭვრეტელი მოღვაწეა, რომელმაც სცადა დასავლეთში საქართველოს თავისუფლების იდეა ასე ფართოდ დაეკავშირებინა რომისა და საფრანგეთის რელიგიურ და პოლიტიკურ ინტერესებთან. ერთერთი ასეთი სულიერი წახნაგი ამ ბრწყინვალე წარმომადგენლისა მკაფიოდ ჩანს მის ნაშრომში „მოგზაურობა ევროპაში“.
დამოწმებანი:
აზიატიკის… 1832: `Nauveau Journal Asiatiquet”. IX, Paris: 1832.
ლონო 1894: Launau, A. Historie generale dela Societe des missions etrangeres, t. I, Paris: 1894.
პაპაშვილი: პაპაშვილი მ. მადმუაზელ…
ტაბაღუა 1972: ტაბაღუა ი. საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობა. თბ.: 1972.
ჰერბერტი 1907: Herbertte M. Une Ambassade Persane sour Louis XIV, Paris 1907.
გამოქვეყნდა კრებულში: „სულხან-საბა ორბელიანი და ქართული ევროპეიზმი”. ლიტერატურა, კულტურა, ცნობიერება. II საერთაშორისო სიმპოზიუმი: ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები. შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი. თბ., 2009, გვ. 105-113.
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s