მერაბ ღაღანიძე – ბერმონაზვნობა ქრისტიანულ აღმოსავლეთსა და დასავლეთში

ყველას მოგვეხსენება,  რომ ეგვიპტეში დღესაც არის ეროვნული უმცირესობა, რომელსაც კოპტები ეწოდება, სინამდვილეში კი ისინი ძირძველ ეგვიპტელებს წარმოადგენენ. ის კულტურა, რასაც კოპტური ეწოდება, ძნელად თუ ითქმება, რომ გამორჩეული და დიდად მნიშვნელოვანი იყოს (თუ არ ჩავთვლით მათ წინარე ანუ ძველ ეგვიპტურ წარსულს),  გაგვიჭირდება ვთქვათ,  რომ მათი წვლილი მსოფლიო კულტურაში რამით განსაკუთრებული იყოს. კოპტური ენა, რამდენადაც ცნობილია, ბერძნულისა და ძველი ეგვიპტურის სიმბიოზია; მათი ლიტერატურაც საკმაოდ ღარიბია და, ძირითადად,  თარგმნილი ტექსტებისგან შედგება. კოპტების წვლილი არქიტექტურასა და მხატვრობაშიც მოკრძალებულია, მაგრამ მათ ეკუთვნით ერთი დიდი წვლილი კაცობრიობის და, მით უმეტეს, ქრისტიანობის წინაშე – კოპტების შექმნილი და დაფუძნებულია ის, რასაც ქრისტიანობაში ბერმონაზვნობა ჰქვია.
ბერმონაზვნობა დღემდე არსებული ორივე სახით კოპტებს შორის ჩამოყალიბდა: იქნება ეს განდეგილური ბერობა თუ სამონასტრო ბერმონაზვნობა. რა თქმა უნდა, ეს უფრო სიმბოლურ ფიგურებს უკავშირდება. მონაზვნობა, როგორც ცხოვრების ტიპი, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ წინარექრისტიანულ ტრადიციებშიც, სხვა რელიგიებშიც, მაგრამ ქრისტიანული ტრადიცია ბერმონაზვნობის დაფუძნებას მაინც ერთი პიროვნების სახელს უკავშირებს და ეს გახლავთ წმინდა ანტონი დიდი ანუ, ქართული ტრადიციით,  ანტონ მეგვიპტელი. მან ჯერ კიდევ სიყმაწვილისას (იგი ცხოვრობდა მესამე-მეოთხე საუკუნის შუა წლებში, მან თითქმის 100 წელი იცხოვრა) სახარებისეულ ხმას მოუსმინა, რომელიც  მოუწოდებდა, დაეტოვებინა სახლ-კარი, ყოველივე, რაც ჰქონდა და გაჰყოლოდა ქრისტეს. ანტონ მეგვიპტელმა, როგორც ეს არაერთ წმიდანს გაუკეთებია, პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო ეს სიტყვები, მიატოვა სახლი და წავიდა უდაბნოში. ეს გახლავთ ის სახელგანთქმული უდაბნო, რომელმაც ევროპის კულტურის ისტორიაში სიმბოლური, ემბლემატური მნიშვნელობა შეიძინა – ეს გახლავთ თებაიდის უდაბნო, სამხრეთ ეგვიპტეში, სადაც იგი დაემკვიდრა და საიდანაც სათავეს იღებს IV საუკუნიდან დღემდე არსებული ყველა მონასტერი, ყველა განდეგილი თუ ბერ-მონაზონი. წმიდა ანტონისა და მისი კოპტი მოწაფისგან, პახომისგან, იწყება საბერმონაზვნო და სამონასტრო ცხოვრების ისტორია. წმიდა ანტონი განდეგილი იყო და, სხვა თუ არაფერი, ევროპული ლიტერატურიდან და ფერწერიდან ყველას გვახსოვს იმის შესახებ, თუ როგორ აფორიაქებდნენ მას ეშმაკები და ჭინკები. იგი მოდელი და პირველსახე გახლავთ იმ ბერისა, რომელსაც ცდუნებების სახით ეშმაკი ებრძოდა. მისი მოწაფე, წმიდა პახომი აფუძნებს ნამდვილ მონასტერს, ანუ განდეგილ ადამიანთა საერთო საცხოვრებელს.
შემთხვევით არ არის, რომ ამ მოძრაობის აღმოცენება IV საუკუნეში ხდება, მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა აღარ არის დევნილი რელიგია და ნელ-ნელა სახელმწიფო რელიგია ხდება არა მარტო რომის იმპერიაში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც. მაგრამ ეს, პირველ ყოვლისა, ეხება აღმოსავლეთ რომის იმპერიას, ანუ ბიზანტიას (თუმცა ყველას მოგეხსენებათ, ბიზანტიელებმა ისე დაამთავრეს თავიანთი არსებობა, არ იცოდნენ, რომ ბიზანტიელები იყვნენ და საკუთარი თავი მათ ბოლომდე რომაელებად მიაჩნდათ. ბიზანტიელები მათ მხოლოდ რენესანსის ხანაში უწოდეს).
რამ განაპირობა ბერობის, მონაზვნობის ასეთი მძლავრი შემოჭრა ქრისტიანულ კულტურაში? ეს მართლაც მძლავრი ნაკადი იყო იმიტომ, რომ ასობით და ათასობით ელინურ და რომაულ კულტურას ნაზიარები ადამიანი მიემართება თებაიდის უდაბნოსკენ ჭეშმარიტების საძიებლად, ღმერთთან პირისპირ დასარჩენად, საკუთარი სულის გადასარჩენად…
ქრისტიანობაში არ არსებობდა ბერმონაზვნობა მანამ, სანამ ქრისტიანები იდევნებოდნენ. დევნის დამთავრების შემდეგ ქრისტიანი ადამიანი ირჩევს განდეგილობას, მონაზვნურ ცხოვრებას და ამაში ჩვენ დავინახავთ ყველა რელიგიისთვის ნაცნობ ასკეტურ ცხოვრებას, ასკეზას. ეს არის თვითშეზღუდვა ღმერთთან მისაახლოებლად, რაც ყველა რელიგიისთვის არის ცნობილი. ადამიანი რელიგიური განვითარების კვალობაზე ღმერთს მსხვერპლად სწირავს არა ცხოველს, არა მცენარესა თუ სხვას, არამედ საკუთარ თავს. ასკეტიზმი, პირველ ყოვლისა, არის საკუთარი თავის მსხვერპლად მიტანა. მეორე მოტივი ასკეტიზმისა არის ის, რომ ღმერთთან მისვლა და შემდეგ ღვთის სიტყვის ადამიანებამდე მიტანა მხოლოდ განწმენდილს შეუძლია. მესამე მოტივია სურვილი იმისა, რომ ქრისტიანი შეუერ-თდეს ქრისტეს ტანჯვას, რაც ჯერ კიდევ პავლე მოციქულთან არის დამოწმებული. იგი ამბობს: “მე, თანამოწამე ვარ, თანაჯვარცმულ ვარ ქრისტესთან, იესოსთან ერთად”. ყოველი განდგომილი, ყოველი თვითშეზღუდული ადამიანი  ქრისტესთან ერთად თანაეწამება. აქვე ჩავურთავ, რომ ეს, ძირითადად, დამახასიათებელია არაპროტესტანტული მიმდინარეობებისთვის, რადგან პროტესტანტებისთვის ქრისტეს წამება, ჯვარცმა ერთჯერადი იყო (თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს, მაგალითად, კირგეგორი). ჩვენთვის, არაპროტესტანტებისთვის, ქრისტეს ტანჯვა მარადიულია, რომელიც გრძელდება და რომელშიც მონაწილეობა გვევალება.
შეგვიძლია თუ არა დავსვათ ერთმნიშვნელოვანი ტოლობის ნიშანი ქრისტიანობასა და ასკეტიზმს შორის? არამც და არამც. მონაზვნებს ევალებოდათ სამი აღთქმის დადება: უპოვარებისა, უმანკოებისა და მორჩილებისა. ნებისმიერი მონაზონი (სხვათა შორის, ძველ ქართულში სიტყვა “მონაზონში” იგულისხმებოდა ქალიც და კაციც, დღევანდელ ქართულში ძირითადად ქალს გულისხმობენ, რაც სწორი არ არის. მე ორივე მნიშვნელობას ვგულისხმობ). უპოვარება მონაზვნებისთვის პირველი და აუცილებელი პირობაა, იგი ნიშნავს უქონლობას, მიუჯაჭველობას ამ სოფლისადმი, მისგან სულიერად განთავისუფლებას. უმანკოებაც ხორციელ ვნებათაგან თავშეკავებას, ხორციელ სწრაფვათაგან, ხორცის ძახილისგან თავისუფლებას ნიშნავს; ხოლო მორჩილება, რომელიც უცნაურად უპირისპირდება ამ ორ თავისუფლებას, ღვთის მიერ არჩეულ ადამიანთა მორჩილებას ნიშნავს. ეს გულისხმობს პიროვნული, ეგოცენტრული მეობის დაძლევას. ამ სამი აღთქმის დადებით ადამიანი, პირველ ყოვლისა, საკუთარი სულის, ჭეშმარიტი მეობის თავისუფლებას მოიპოვებს.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ასკეტიზმი და მონაზვნობა აუცილებელ კავშირში არ არის ერთმანეთთან, ეს მე ერთხელ პრაქტიკულადაც, საკუთარი თვალითაც დავადასტურე და გეტყვით, როდის: ეგვიპტური მონაზვნობა მთელ მსოფლიოში გავრცელდა, ხოლო მცირე აზიაში ის გადმოიღო ეკლესიის დიდმა მამამ ბასილი დიდმა. იგი, თავის სულიერ თანამოღვაწეებთან – გრიგოლ ნოსელთან და გრიგოლ ნაზიანზელთან ერთად – სათავეში უდგება სამონასტრო სამონაზვნო მოღვაწეობას კაბადოკიაში. მე მქონდა ბედნიერება, უშუალოდ მენახა სწორედ ეს პირველი კაბადოკიური მონასტრები და გავცნობოდი ოდესღაც იქ მცხოვრები ბერების ცხოვრებას. თავდაპირველად, როდესაც ამ გამოქვაბულებს ნახავთ, წარმოიდგენთ, როგორი თვითშეზღუდული იყო ამ ბერების ცხოვრება. მაგრამ იქვე ვნახე სოფელი, რომელიც მიწისძვრას დაუზიანებია და ხალხისგან დაცლილა. იგი ისეთივე სახით იყო შენარჩუნებული, როგორიც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ყოფილა. ამ სოფლის ნახვისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბერობა, მონაზვნობა არა იმდენად საზოგადო ცხოვრებისგან განდგომას, არამედ შინაგან გარდაქმნას ნიშნავს, რომელსაც ძველი ბერძნები “მეტანოიას” უწოდებდნენ. მთავარია შინაგანი გარდაქმნა და არა გარეგნული ცხოვრების წესის შეცვლა.
მოგეხსენებათ, მონაზვნობა ამ გზით – ახლო აღმოსავლეთიდან და, პირველ ყოვლისა, სირიიდან საქართველომდეც აღწევს. მაგრამ, მე დღეს თავს ნებას მივცემ, საქართველოს შესახებ არ ვისაუბრო, თუნდაც იმიტომ, რომ ეს თემა ბევრისთვის ნაცნობია, მეტ დროს მოითხოვს და ბევრმა ჩემზე უკეთ იცის. თუმცა, ვიცით, რომ საქართველოში მონაზვნობა სირიის გზით შემოსულა.
ეგვიპტიდან, ახლო აღმოსავლეთიდან ბერმონაზვნური ცხოვრების წესი მალე მთელ მსოფლიოს მოედება და აღმოსავლური საბერო ცხოვრება, პირველ ყოვლისა, ყვავის ათონზე, სადაც ბერმონაზვნობა დღემდე იმ წესებს ინარჩუნებს, ბასილი დიდმა რომ დაუდო საფუძვლად.
თავი რომ არ შეგაწყინოთ, ახლა მე დასავლეთისკენ გადავინაცვლებ, სადაც მონაზვნობა და მონასტერი უკავშირდება ბენედიქტე ნურსიელის სახელს, რომელიც როგორც დასავლურ, ისე აღმოსავლურ ქრისტიანობაში წმიდანად არის აღიარებული (აღმოსავლურქრისტიანულ კალენდარში იგი ღირს მამად არის მოხსენიებული) და ლათინური, დასავლური მონაზვნობის ფუძემდებელი გახლავთ. სხვათა შორის, ღირშესანიშნავია, რომ მისი ცხოვრება, რომელიც რომის პაპმა, გრიგოლ დიდმა, დიალოგოსმა, აღწერა, ქართულად თარგმნა ეფთვიმე ათონელმა. არსებობს ეფთვიმეს ხელით დაწერილი ლოცვაც ბენედიქტესადმი. სხვათა შორის,  XIV-XV საუკუნემდე ათონზე მცხოვრებ ბენედიქტელ ბერებთან ქართველი ბერებიც მეგობრობდნენ და შემთხვევითი არ არის, რომ “იოანესა და ექვთიმეს ცხოვრებაში” (XI საუკუნე) მოხსენიებულია ერთი რომაელი ბენედიქტელი ბერი ლეონი, რომელიც მეგობრობდა გაბრიელ ქართველთან. ტექსტში წერია, რომ მათ ერთმანეთის ენა არ იცოდნენ, მაგრამ მათ შორის იმდენად დიდი სულიერი ერთობა ყოფილა, რომ ეს არ უშლიდა ხელს მათ ურთიერთობას. ათონელ ქართველთა ბერებს საგანგებო სენაკი ჰქონიათ ამ ბენედიქტელი ბერისთვის, სადაც იგი რჩებოდა ქართველ ბერებთან სტუმრობისას.
როგორც ვთქვით, პირველი დასავლური მონასტერის ფუძემდებელია ბენედიქტე ნურსიელი, რომელმაც 529 წელს დააარსა მონტე კასინო. თეოლოგებისა თუ მისტიკოსების აზრით, ეს თარიღი შემთხვევითი არ არის: როგორც ვიცით, 529 წელს დაიხურა ანტიკური წარმართული კულტურის უკანასკნელი კერა – პლატონის აკადემია, ხოლო უკანასკნელი წარმართი ნეოპლატონიკოსები ირანში გადასახლდნენ. სწორედ ამ წელს ჩნდება ევროპის მიწაზე მონტე კასინო, – ბარბაროსების მიერ აოხრებულ, განადგურებულ, კულტურა და ცივილიზაციადაკარგულ ევროპაში ახალი კულტურის კერა ჩნდება.
(ერთი მცირე გადახვევა: ბენედიქტე ნურსიელის მემკვიდრეობისადმი, ევროპული ქრისტიანული ფასეულობებისადმი ერთგულების ნიშნად აიღო სახელი ბენედიქტე რომის ახლანდელმა პაპმა).
დავუბრუნდეთ ევროპასა და ბენედიქტეს. მე მქონდა ბედნიერება, მენახა ის ადგილი, სადაც წმიდა ბენედიქტემ განდეგილური ცხოვრება დაიწყო – იტალიაში, სუბიაკოში, მთის მწვერვალზე, სადაც იგი განმარტოებული ცხოვრობდა სამი წლის განმავლობაში. ეს იყო იმ გზის გაგრძელება, რომელიც აღმოსავლური ბერობისთვის არის ჩვეული. მისი ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ იგი შთაგონებული იყო წმიდა ანტონი მეგვიპტელის ცხოვრებით და მისი ცხოვრების წესს იმეორებდა (“ანტონი დიდის ცხოვრება” დაწერილია ეკლესიის დიდი მამის, ათანასი ალექსანდრიელის მიერ, რომელიც ქართულადაცაა რამდენჯერმე თარგმნილი. ეს ლიტერატურული ძეგლი მრავალი საუკუნის განმავლობაში იყო მოდელი წმიდა მამების ცხოვრების აღწერისთვის. სხვათა შორის, გარკვეული პარალელების გავლებაც შეიძლება ანტონ დიდის ცხოვრებასა და გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას შორის).
სამი წლის განმავლობაში განდეგილად ყოფნის შემდეგ წმიდა ბენედიქტე მიდის იმ აზრამდე, რომ ბერი ქვემოთ, ხალხს შორის უნდა ჩამოვიდეს და უნდა ცხოვრობდეს საზოგადოებაში. სუბიაკოში ჩემი ყოფნისას ამ გზის გავლა ოთხჯერ მომიწია ფეხით და მაშინ იმ გზაზე კარგად მივხვდი, რა მნიშვნელოვანი იყო ეს გზა – მთის მწვერვალსა და იქვე მდებარე პატარა ქალაქს შორის – ევროპული ცივილიზაციისთვის. წმიდა ბენედიქტე ჩამოდის ქვევით და ხდება შუა საუკუნეების ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი ფუძემდებელი. ბენედიქტეს შემოაქვს სულიერი კულტურა და მისი მოღვაწეობის საფუძველი. ორი რამ ხდება: ლოცვა და შრომა. ბენედიქტემ შემოიტანა სამიწათმოქმედო კულტურა – ბენედიქტელი ბერები ასწავლიან ევროპელებს მიწაზე შრომას, სოფლის მეურნეობას, მეღვინეობას. ისინი სახლდებიან ქალაქებთან და სოფლებთან ახლოს და აზიარებენ ცივილიზაციას გაველურებულ ევროპულ მოსახლეობას. დღესაც ევროპაში საუკეთესო ღვინოები, მინერალური წყლები და ხილ-ბოსტნეული შეგიძლიათ ბენედიქტელთა სამონასტრო მაღაზიებში იყიდოთ. მაგრამ მათი მოღვაწეობა მარტო ამით არ შემოიფარგლება. ბენედიქტე წერს წესდებას, მონასტრის ტიპიკონს, რომლის მიხედვითაც მონაზვნებისათვის სავალდებულოა წიგნების კითხვა. ბენედიქტელთა მონასტერში ერთ ბერს ჰქონდა საგანგებო მოვალეობა – დადიოდა და ამოწმებდა, კითხულობდნენ თუ არა წიგნებს ბერები. ბენედიქტეს მიმდევრები იწყებენ ძველი ლიტერატურული ძეგლების დამუშავებას. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს ადვილად შეგვიძლია მსჯელობა ანტიკური ლიტერატურული ძეგლების შესახებ. მაგრამ, როგორც გითხარით,  ბენედიქტელთა მონასტრები ქალაქებისა და სოფლების მახლობლად იყო დიდი გალავნით გარშემორტყმული. ადგილობრივი ელიტა საუკუნეების განმავლობაში თავიანთ ვაჟებსა თუ ქალებს ამ მონასტრებში აგზავნიდა განათლების მისაღებად. ევროპაში ცივილიზაცია და კულტურა ბენედიქტელთა გადარჩენილია.
ახლა ცოტათი მოზრდილი დროით ნახტომს გავაკეთებ და ვისაუბრებ იმ მონაზვნური წესების რამდენსამე სახეობაზე, რომლებიც ევროპაში დამკვიდრდა. თქვენ უკვე იცით, რომ აღმოსავლური ტრადიციის ქრისტიანი ბერმონაზვნები, თვით აღმოსავლური წესის კათოლიკენიც, წმიდა ბასილის წესის, მისი წესდების მიმდევრები არიან (საქართველოს ისტორიიდან გვახსოვს, რომ ამ ტრადიციის მიმდევარი იყო სულხან-საბა ორბელიანიც, თუმცა, კათოლიკე ბასილიანელები აღიარებენ რომის პაპის მმართველობას, მის უზენაესობას) დასავლურევროპულ ქრისტიანობაში კი რამდენიმე წესის მონაზვნობა ყალიბდება.
ერთის შესახებ უკვე გვქონდა საუბარი და ეს არის ბენედიქტელთა ორდენი, რომელიც ცხოვრების წესად ირჩევს განუწყვეტლივ ლოცვას და შრომას. დღესაც ბევრი უმნიშვნელოვანესი სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი ბენედიქტელთა მფარველობის ქვეშ არის. ბენედიქტელები აქტიურად იყვნენ და არიან ჩართულნი საკომპიუტერო მოღვაწეობაში და მათ მონასტრებში არაერთი მნიშვნელოვანი საკომპიუტერო პროგრამა მომზადდა.
მაგრამ, დგება პერიოდი, როდესაც მონაზვნები სხვა ამოცანას დაისახავენ და აქ ჩნდება ქრისტიანობის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი პიროვნება, წმიდა ფრანჩესკო ასიზელი. იგი გამოდის სახარების რადიკალური აღსრულების იდეით, რომ სახარება სიტყვასიტყვით უნდა იქნეს გაგებული და შესრულებული (თუმცა დღეს ძალზე სახიფათო იქნებოდა ამგვარი ფორმულირება, რადგან მას ფუნდამენტალისტად ჩათვლიდნენ. მოგეხსენებათ, სალექსიკონო განმარტების მიხედვით, “ფუნდამენტალიზმი”, კანონიკური ტექსტის პირდაპირი მნიშვნელობით წაკითხვაა). მიწიერი ცხოვრებით გატაცებული ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელიც ფრანგულის ცოდნით ხიბლავდა ასიზელ ქალებს, უეცრად ასიზის ერთ-ერთ ტაძარში, ჯვრიდან ისმენს ხმას: მიდი და უპატრონე ჩემს ეკლესიას, რომელსაც საფრთხე ემუქრება. ფრანჩესკო ასიზელი ისმენს იესოს მოწოდებას და იმ წუთიდან ტოვებს მდიდრულ ცხოვრებას (მისი მამა ნაჭრების გამყიდველი ვაჭარი იყო). ჯოტოს ერთ-ერთ ფრესკაზე სწორედ ის მომენტია ასახული, როდესაც მამა ფრანჩესკოს ეუბნება, მე შენ გარჩენდი, გაჭმევდი და გაცმევდიო, ფრანჩესკო კი იხდის ყველაფერს და სრულიად შიშველი მიდის ახალი ცხოვრების დასაწყებად (ცოტა უცნაური შედარებაა, მაგრამ XII-XIII ს.ს-ის ევროპაში ფრანჩესკოს ორდენის დაარსება მოგვაგონებს XX საუკუნის ჰიპების მოძრაობას). ფრანჩესკოს მაგალითით აღტაცებულმა ათასობით ახალგაზრდამ მიატოვა საკუთარი სახლ-კარი და გაემართა ფრანჩესკოსთან ამ ულამაზეს და უმდიდრეს ქალაქში, რათა აღესრულებინათ იესოს სიტყვა. ვინც ასიზში ერთხელ მაინც ყოფილა, ყველა აღტაცებით მოგითხრობთ ამ ქალაქის შესახებ (როდესაც პირველად ვიყავი ასიზში, მეც ამგვარი აღტაცების გრძნობა დამეუფლა). მსოფლიოს ყველა კუთხიდან დღემდე ათიათასობით ადამიანი ჩამოდის ამ ქალაქში, რათა თაყვანი სცენ წმიდა ფრანჩესკოს ქალაქს. ფრანჩესკოს შესახებ დაწერილია უმშვენიერესი წიგნი “ფრანჩესკო ასიზელის ყვავილუკები” (სხვაგვარად შეუძლებელია, ეს იტალიური სიტყვა – “ფიორეტტი” – ითარგმნოს). ყველას გვახსოვს ფრანჩესკო ასიზელის ჰიმნი მზისადმი, რომელშიც ის სიყვარულს უცხადებს ყველაფერს, რაც კი ირგვლივ არსებობს: წყალს, მთას, მზეს, რომელიც დაგვნათის, იგი მიმართავს თავის დას, სიკვდილს, რომელიც უნდა მოვიდეს და მოეხვიოს მას. ფრანჩესკო ასიზელი იტალიური ლიტერატურის ფუძემდებელიცაა. მისი ტექსტებით იწყება იტალიური ლიტერატურის ისტორია. მე მახსენდება ოსკარ უაილდის ერთი პარადოქსული ფრაზა – “ქრისტემდე ბევრი ქრისტიანი ყოფილა, ქრისტეს შემდეგ კი მხოლოდ ერთადერთი – ფრანჩესკო ასიზელი”. ფრანჩესკოს ცხოვრების ყოველი ფურცელი აღსავსეა უმშვენიერესი უბრალოებით და სიყვარულით მთელი სამყაროსადმი. ის განიცდიდა, რომ არ შეეძლო ყველა არსების ერთნაირად შეყვარება. შემთხვევითი არაა, რომ თავიანთ კითხვებზე პასუხის საპოვნელად ადამიანთა ნაკადი განუწყვეტლად მიემართება ამ უდიდესი ადამიანის საფლავისკენ, რათა თაყვანი სცეს მას. დღემდე მახსოვს ჯერ კიდევ სიყმაწვილეში მოსმენილი პატარა ეპიზოდი “ფრანჩესკოს ყვავილუკებიდან”. ფრანჩესკო ეკითხება თავის მოწაფეებს: რა არის ყველაზე მშვენიერი ამქვეყნადო? ზოგი უპასუხებს, მთაო, ზოგი – ვარსკვლვიანი ცაო, ზოგიც – ყვავილიო. არაო, – ეუბნება მათ ფრანჩესკო, – ყველაზე მშვენიერი ის არის, ქვემოთ რომ ჩავალთ, მოხუც ქალს სახლის კარზე მივუკაკუნებთ და ვთხოვთ, პური გვიწილადოს, ის კი კომბლით გამოგვიდგებაო. ფრანჩესკოს იმდენად ვერ წარმოედგინა ორგანიზებული ცხოვრება, რომ ერთ ხანს წინააღმდეგიც იყო, თავისი საძმოსთვის ორგანიზაციის სახე მიეცა. მაგრამ რომის კათოლიკე ეკლესია, მოგეხსენებათ, ორგანიზაციის გარეშე არ არსებობს და ფრანჩესკოს მიმართეს მოწოდებით, რომ არ შეიძლებოდა წესრიგისა თუ წესდების გარეშე ცხოვრება. ის თვალცრემლიანი, ტირილით დათანხმდა, რომ¬ შექმნილიყო ფრანცისკელთა ორდენი და მათ თავიანთი წესდება ჰქონოდათ. ამ ორდენის წარმომადგენლები ერთ დროს საქართველოშიც მოღვაწეობდნენ.
საქართველოში ასევე მოღვაწეობდნენ სხვა ორდენის – დომენიკელთა ორდენის წარმომადგენლები (XIII ს.). ამ ორდენის დამფუძნებელია ესპანელი თავადი, დომენიკე დე გუზმანი, რომელსაც მიაჩნდა, რომ საჭიროა ქრისტეს მოძვღრების ქადაგებით მიტანა ადამიანებამდე. იგი ყველგან დადიოდა და ქადაგებდა – შარაგზაზე, სასაფლაოს კარიბჭესთან თუ დუქანში. მისთვის ქადაგება ისევე მნიშვნელოვანია ღვთისმსახურებისთვის, როგორც ევქარისტია. დომენიკელთა ორდენის ერთ-ერთი პრინციპია ქალაქის შუაგულში, ხალხში ცხოვრება. დომენიკელები ქალაქის ცენტრში აშენებდნენ მონასტრებს. დომენიკეს აზრით, კარგი ქადაგებისთვის აუცილებელია ღრმა ინტელექტუალური მომზადება და თეოლოგიური მზადყოფნა. სწორედ დომენიკელებმა დააარსეს პირველი უნივერსიტეტი ევროპის მიწაზე. დომენიკელთა სახელს უკავშირდება ისეთი დიდი მამები დასავლური ეკლესიისა, როგორებიც არიან წმიდა ალბერტუს დიდი და წმიდა თომა აკვინელი. სხვათა შორის, თომა აკვინელს დიდი დაბრკოლება შეხვდა, როდესაც ორდენში შედიოდა. ცნობილია, რომ ფრანცისკელთა და დომენიკელთა ორდენს მათხოვართა ორდენებსაც უწოდებენ, რადგან მათ წევრებს არ აქვთ უფლება, ჰქონდეთ რამე შემოსავალი, თუ ის მათხოვრობით არ არის მოპოვებული. და უცებ, დიდებული ნეაპოლელი ოჯახის წარმომადგენელი, თომა აკვინელი ხდება ამ ორდენის წევრი. ამის გამო, ის მამას და ძმებს ერთი წლით სახლში ჰყავდათ დამწყვდეული, ქალიც კი შეუგზავნეს, მაგრამ ამაოდ. ერთი წლის შემდეგ იგი გამოიპარა და ორდენს დაუბრუნდა. საქმეში ჩაუხედავ ხალხს ხშირად ეშლება იეზუიტთა ორდენი ინკვიზიტორებში. სინამდვილეში, იეზუიტები არასოდეს ყოფილან ინკვიზიტორები, ხოლო იეზუიტთა ორდენის დამაარსებელი თავად მოხვდა ინკვიზიტორთა სამსჯავროზე. ინკვიზიტორები ყოველთვის იყვნენ დომენიკელები, როგორც თეოლოგები.სწორედ მათ უნდა გამოეტანათ თეოლოგიური დასკვნა, ჰქონდა თუ არა საქმე ამა თუ იმ შემთხვევაში ღვთისგმობასთან ანუ მკრეხელობასთან. დომენიკელთა განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა დღემდე არის შენარჩუნებული რომის ეკლესიაში. რომის პაპს ჰყავს პირადი მრჩეველი თეოლოგიაში, რომელიც, წმიდა დომენიკედან მოყოლებული, ყოველთვის დომენიკელია.
კიდევ ერთი ტიპი მონაზვნობისა,  რომელიც დასავლეთში ჩამოყალიბდა, გახლავთ კარმელელების ორდენი (XII ს.). მისი წარმომადგენლებიც მოღვაწეობდნენ საქართველოში. ამ ორდენის აყვავება გვიანდელ, XVI საუკუნის ესპანეთს უკავშირდება. განახლებულ ანუ ფეხშიშველა, ან უკეთესად რომ ვთქვათ, უხამურ კარმელელთა ფუძემდებელი იყო ორი მონაზონი. ერთია დიდებული ოჯახის წარმომადგენელი, უდიდესი თეოლოგი და ეკლესიის მოძღვარი წმიდა ტერეზა ავილელი, ხოლო მეორე იყო წმიდა იოანე ჯვრისა – ხუან დე ლა კრუსი. სხვათა შორის, დასავლურ ეკლესიას ჰყავს ოცდაორი უდიდესი მოძღვარი, მათ შორის, სამი ქალია. მათგან ერთი დომინიკელია – წმიდა ეკატერინე სიენელი, ხოლო ორი – წმიდა ტერეზა ავილელი და წმიდა ტერეზა ლიზიელი – უხამლო კარმელელები არიან. ტერეზა ავილელს ეკუთვნის ესპანური ლიტერატურის დიდებული ძეგლი “შინაგანი ციხე-სიმაგრე”. ავტორს ადამიანის სული ციხე-სიმაგრედ აქვს წარმოდგენილი, მის ლაბირინთებსა და ბნელ კუნჭულებში იკვლევს გზას. მის გვერდით იდგა მისი უმცროსი თანამოაზრე, ესპანური კულტურის უდიდესი წარმომადგენელი, ხუან დე ლა კრუსი (საეკლესიო ენაზე – წმიდა იოანე ჯვრისა). მისი ნაწარმოები – “ბნელი ღამე” ესპანური ლიტერატურის შედევრია. მას ტერეზა ავილელი პატარა სენეკასაც უწოდებდა.
უხამლო კარმელელთა ორდენის წევრი იყო XIX საუკუნის ფრანგული სულიერების უდიდესი წარმომადგენელი,  წმიდა ტერეზა ლიზიელი, რომელიც 27 წლისა,  1897 წელს გარდაიცვალა,  მაგრამ ეკლესიის 22 უდიდეს მოძღვართა შორის ისიცაა შერაცხილი. მისი წიგნი “ჩემი სულის ამბავი” ფრანგული ლიტერატურის,  ფრანგული სულიერი ცხოვრების უდიდესი ძეგლია.
კარმელელთა ორდენი მედიტაციური ორდენია, რომლის წევრები მთლიანად მოშორებულნი არიან საერო ცხოვრებას. ეს ორდენი დღესაც არსებობს. სამონაზვნო ცხოვრება დასავლეთში, როგორც ქანქარა, ისე მოძრაობს საერო და განდგომილ ცხოვრებას შორის.
მეხუთე მნიშვნელოვანი ორდენია იეზუიტების ორდენი. “იეზუიტების ორდენი” იესოს საზოგადოებას ნიშნავს და იგი XV საუკუნეში დააფუძნა ბასკმა აზნაურმა, ეგნატე ლოიოლამ. მას რაინდობა სურდა, მაგრამ ბრძოლაში დაიჭრა და დაკოჭლდა. მისი ისტორია დონ კიხოტის ამბავს მოგვაგონებს: მძიმე ოპერაციის შემდეგ, თვეების განმავლობაში იგი ლოგინში იწვა და სარაინდო რომანებს კითხულობდა. მაგრამ როცა წასაკითხი სხვა არაფერი დარჩა, მას წმიდანთა ცხოვრება მოუტანეს. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ მან წმინდანებში დაინახა რაინდები. ამის შემდეგ, ის ხდება ევროპის ისტორიის უდიდესი მოღვაწე და აარსებს იეზუიტთა ორდენს, რომლის მისიაც ქრისტიანობის გადარჩენა ხდება. ამ პერიოდში ევროპაში მძლავრობს პროტესტანტიზმი და ეგნატე ლოიოლა სიტყვის დამხარებით და ინტელექტუალური შრომით აღწევს მიზანს. იგი გადაწყვეტს, რომ ქრისტეს მოძღვრების დასაცავად განათლებული უნდა გახდეს. უკვე მოწიფულ ასაკში შედის სკოლაში, დაამთავრებს უნივერსიტეტს და დაიცავს სადოქტოროს. შემთხვევითი არ არის, რომ ამ პერიოდში იეზუიტების ხელში აღმოჩნდება წამყვანი სასწავლებლები. უმთავრესი უნივერსიტეტების დამაარსებლები იმ ხანად იეზუიტები არიან. ეს სხვაგვარი მონაზვნობაა, დასავლეთის სამონაზვნო პროფესურა დღესაც იეზუიტები არიან. იეზუიტებს არ აცვიათ გამორჩეული ტანსაცმელი, არც ლოცვის საათები აქვთ განსაზღვრული – ისინი ყოველთვის უნდა ლოცულობდნენ.
XX საუკუნეში დასავლურ საზოგადოებაში ჩნდება ახალი ტიპის მონაზვნობა – “ოპუს დეი”. ამ პრელატურის ფუძემდებელია ესპანელი მღვდელი, ხოსემარია ესკრივა. მისი იდეით, მონაზონი არ უნდა იყოს საზოგადოებისაგან, გარემოსაგან გარეგნულად გამორჩეული ადამიანი, იგი არ უნდა იჯდეს ჩაკეტილ სივრცეში და უნდა მუშაობდეს, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. მან წამოაყენა იდეა შრომის კურთხევისა, – რომ ყოველნაირი შრომა კურთხეულია (ჩემი ერთი ესპანელი მეგობარი, “ოპუს დეის” წევრი, სარეცხი ფხვნილების ფირმის მფლობელია, მაგრამ, ის მონაზონია საძმოსთან ერთად და ცხოვრების მათი მკაცრი წესით ცხოვრობს). ამ ორდენის წევრებიც ასრულებენ უმანკოების, უპოვარებისა და მორჩილების აღთქმას. მაგალითად, ისინი მთელ თავის შემოსავალს ორდენს აბარებენ. ეს არის XX საუკუნის მონაზვნობის ყველაზე რადიკალური ფორმა. “ოპუს დეის” წევრთა აზრით, თანამედროვე ეპოქა მონაზვნობის ასეთ ტიპს მოითხოვს.
ჩემი აზრით, საბერო-სამონაზვნო, სამონასტრო ცხოვრება გამოწვევა არის დღევანდელი საზოგადოებისთვის, ბერმონაზვნობა საზოგადოების განსხვავებულ მოდელს გვთავაზობს. ალბათ, ყველას აქვს უფლება, ასე სჯეროდეს, მიუხედავად იმისა, ეს მოდელი შეძლებს თუ არა არსებობას მომავალში. მე მიმაჩნია, რომ სასწავლო-საგანმანათლებლო, სამედიცინო საქმეში თუ ქველმოქმედების თვალსაზრისით, მონაზვნები დღესაც თავის სიტყვას ამბობენ. მათი ყოველი ქმედება დაფუძნებულია უანგარობაზე და იმ სამ პრინციპზე, რომლებიც ადამიანს ათავისუფლებს ამქვეყნიურ პრობლემებზე ფიქრისგან, აძლევს მას საშუალებას, თავისი თავი მიუძღვნას მოყვასს ისე, როგორც ამას სახარება გვასწავლის. ჩემი ღრმა რწმენით, მონაზვნობას არა მხოლოდ წარსული და აწმყო, არამედ დიდი მომავალიც აქვს. მე ჩემს რწმენაში მარტო არა ვარ და ამის დასადასტურებლად მხოლოდ ტომას სტერნზ ელიოტს დავასახელებ, რომელიც მონაზვნობას დიდ, მნიშვნელოვან და ღირსეულ მომავალს უწინასწარმეტყველებდა.
მერაბ ღაღანიძე. „ბერმონაზვნობა აღმოსავლეთსა და დასავლეთში“, მოხსენება წაკითხული ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 15 სექტემბერი 2006. კრებული: „საჯარო ლექციები ეროვნულ ბიბლიოთეკაში“. თბ., 2007.
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s