ია ხუბაშვილი, ნანა ციხისთავი – იეზუიტები და საქართველო

სტატიის სრული სათაურია: „იესოს საზოგადოების (იეზუიტების) და საქართველოს ურთიერთობის საკითხისათვის
2006 წლის დეკემბერში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა  დიდი მეცნიერის, პირველი ქართული უნივერსიტეტის  დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილის დაბადების 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც ყველა წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების მეცნიერები იღებდნენ  მონაწილეობას, – მათ შორის, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თეოლოგიის, ფილოსოფიის, კულტურისა და ისტორიის ინსტიტუტიდანაც.
კონფერენციაზე მრავალი საგულისხმო მოხსენება იქნა წაკითხული. ზოგი მათგანი საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ისტორიასაც ეხებოდა. გადავწყვიტეთ ჟურნალ „საბას“ მკითხველს, მცირედი შემოკლებით, შევთავაზოთ ეს მოხსენებები.
ამჟამად წარმოგიდგენთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ია ხუბაშვილისა და ი. ჭავჭავაძის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ნანა ციხისთავის მოხსენებას – იეზუიტების საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ. იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ საკითხის შესწავლა ისევ გაგრძელდება და ჯერჯერობით უცნობ არაერთ ისტორიულ ფაქტს აეხდება ფარდა.
ნუგზარ ბარდაველიძე
იეზუიტების (იესოს საზოგადოების) საქმიანობას არაერთი მონოგრაფია და სამეცნიერო ნაშრომი  ეძღვნება. ფაქტია, რომ ამ საზოგადოების გარშემო დღესაც არ წყდება სამეცნიერო თუ საეკლესიო ინტერესი, მით უფრო, რომ ამ ორდენის წარმომადგენლები დღესაც საკმაოდ წარმატებულნი არიან როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო მოღვაწეობაში, ასევე   საზოგადოებრივ ასპარეზზეც. ჩვენს მიერ ზემოთ აღნიშნული საკითხის  წინა პლანზე წამოწევა განპირობებულია სადღეისოდ რელიგიისა და რელიგიური ორგანიზაციების  საკითხის აქტუალობით არა მხოლოდ ჩვენს სახელმწიფოში, არამედ მთელს მსოფლიოში. თუ გავიხსენებთ ცნობილი მეცნიერის ს. ჰანტინგტონის კონცეფციას ,,ცივილიზაციათა შეჯახების’’ შესახებ, ალი ტარიკის ,,ფუნდამენტალისტების შეჯახებას“, ფ. ფუკუიამას ,,ისტორიის დასასრულს“, ფ. ენგელჰარდტის ,,მესამე მსოფლიო ომის დასაწყისს“, აშკარაა, რომ ჩვენ მართლაც უზარმაზარი პრობლემისა და მისი გადაჭრის წინაშე ვდგავართ. ეს მექანიზმები, ალბათ, უნდა ვეძიოთ ჩვენი მენტალობისათვის უფრო ახლო მდგომ და მისაღებ ღირებულებებსა და ორიენტირებში. ამდენად, ისტორიული წარსულის ხელახალი გააზრება, საშუალებას მოგვცემს ამ კუთხით, უკეთ განვსაზღვროთ, რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ და რა სახის გზა ავირჩიოთ სამომავლოდ ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების  განვითარებისა და სრულყოფისათვის.
ამ თვალსაზრისით, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს კათოლიკე მისიონერთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ორდენის – იეზუიტების ანუ იესოს საზოგადოების ინტერესთა არეალში საქართველოს მოქცევა. ეს საკითხი ფაქტობრივად შეუსწავლელია, ორიგინალური ნაშრომი ამ თემაზე (თუ არ ჩავთვლით რამდემინიმე სამეცნიერო სტატიასა და მოსაზრებას, გამოთქმულს ქართველი და უცხოელი მეცნიერების მიერ) არ არსებობს. ნაკლებად შემორჩენილა, ასევე, წერილობითი წყაროები, რომელნიც დაადასტურებდნენ იეზუიტთა ინტერესს საქართველოში მოღვაწეობის თაობაზე. ამდენად, თუ გავიხსენებთ  მე–17-18 საუკუნეებში საქართველოში კათოლიკე მისიონერების გამოგზავნის მიზეზებს, რამაც განაპირობა მე-17 ს-ის დასაწყისში საქართველო-რომის ურთიერთობების გააქტიურება და ამის გამო საქართველოში კათოლიკე მისიონერების ჩამოსვლა (მხედველობაში გვაქვს ოფიციალური მისიონები), სრულიად ნათელი იქნება, თუ რატომ გამოვარჩიეთ სხვა ორდენების წარმომადგენელთაგან ,,იესოს საზოგადოება“. იგი ყველა სხვა ორდენზე მეტად ძლიერი აღმოჩნდა და ისტორიის ავანსცენაზე გამოჩენისთანავე მე-16-ე საუკუნეში რეფორმაციისაგან შერყეულ კათოლიკე ეკლესიას რესტავრატორისა და მხსნელის როლში მოევლინა.  კათოლიკე ეკლესიისა და კონტრრეფორმაციის ძირითად დასაყრდენს სწორედ იეზუიტების ორდენი წარმოადგენდა, რომლის სამშობლოც ესპანეთი იყო, ხოლო იესოს საზოგადოების  ანუ  იეზუიტების ორდენის ფუძემდებლად ითვლება წმიდა ეგნატე ლოიოლა.
იეზუიტთა ორდენთან საქართველოს ურთიერთობა მე-17 საუკუნიდან იწყება. როგორც მიქელ თამარაშვილი თავის წიგნში ,,ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე“ აღნიშნავს, ,,მე-15 საუკუნის შუა ხანებიდან მე-17 ს-ის დასაწყისამდე საქართველოში კათოლიკე მისიონერები არ ყოფილან. მიუხედავად იმისა, რომ მისიონერები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იგზავნებოდნენ, ამ საწყალ ქვეყანაზე არავინ ფიქრობდა. ამიტომ ქართველებმა თვითონ დაიწყეს მისიონერთა ძებნა“. ჩვენ ვერ დავეთანხმებით მ. თამარაშვილის მოსაზრებას, ვინაიდან ცნობილია, რომ უკვე მე-13-14 საუკუნეებში საქართველოს ტერიტორიაზე კათოლიკეები მუდმივად ცხოვრობდნენ. თ. ბერაძის ცნობით, სოხუმში გენუელები პირველად 1280 წელსაა მოხსენიებული, რაც მიუთითებს სოხუმში მუდმივი კათოლიკური მოსახლეობის არსებობაზე. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მე-14 საუკუნეში კათოლიკეთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. 1318 წელს პაპმა დააფუძნა ე.წ. ,,სულთნის სამთავარეპისკოპოსო ილხანთა სახელმწიფოში“, ხოლო ცოტა ხნით ადრე საფუძველი ჩაეყარა ქალაქ სულთანიეს (ყაზვინთან ახლოს), რომელიც მალე მისიონერთა ცენტრად იქცა. 1315 წელს იქ უკვე 25 ეკლესია არსებობდა. პაპმა მთავარეპისკოპოსის კათედრა დააწესა, რომელსაც დამხმარედ ექვსი ეპისკოპოსი ჰყავდა, რომელთაგან ორი საქართველოში იყო: ერთი თბილისში, ხოლო მეორე სოხუმში.  ამ მხრივ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ინგლისელი პეტრუს გერალდის მიერ გაგზავნილი წერილი კენტერბერის მთავარეპისკოპოსთან, რომელიც 1330 წლითაა დათარიღებული. წერილიდან ჩანს, რომ გარდა სჯულშემწყნარებლობისა, რომელიც მე-14 საუკუნის სოხუმში იყო, ცხუმის საერისთავოსა და ოდიშის მფლობელის მამია დადიანის დროს კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების გაერთიანების შესახებ აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რომის პაპს იოანე XXII-სა და საქართველოს მეფე გიორგი ბრწყინვალეს შორის. გერალდის წერილის მიხედვით, მამია დადიანი მზად იყო ამგვარ გაერთიანებაზე და პირადად კათოლიკობის მიღებაზეც.
მე-17-18 საუკუნეებში ზოგადად საქართველო–რომის ურთიერთობებს პოლიტიკური, ეკონომიკური და რელიგიური ინტერესები განსაზღვრავდა. გარდა კონტრრეფომაციის ფუნქციისა,  იესოს საზოგადოებას რომის პაპისგან დაევალა ისლამურ სამყაროზე შეტევის მომზადება და ეს სავსებით ლოგიკური და მოსალოდნელი იყო, თუ გავითვალისწინებთ მე-16-18 საუკუნეების ევროპის ქვეყნების ისტორიის დინამიკას, იმ პერიოდისათვის დამახასიათებელ ძირეულ გარდატეხას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში. სწორედ ამ ინტერესთა ერთობლიობამ განაპირობა იესოს საზოგადოების აქტიური მისიონერული საქმიანობა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში, და მათ შორის საქართველოშიც.
ქართველ მეფე-მთავრებს ირან-ოსმალეთის წინააღმდეგ ევროპის  ქრისტიანული სახელმწიფოებისა და რომის პაპის იმედი ჰქონდათ. გავიხსენოთ ნიკიფორე ირბახის (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის) ელჩობა ევროპის ქვეყნებში 1625-1629 წლებში, განსაკუთრებით ელჩობა ესპანეთში. ქართველი მეფე თეიმურაზ პირველი ელჩის პირით სთავაზობდა ესპანეთის მეფეს, ფილიპე მეოთხეს, თავის სამხედრო-პოლიტიკურ გეგმას, რომელიც მიმართული იყო ,,ქრისტესა და კათოლიკე ეკლესიის მტრის“ – სპარსული ტირანიის წინააღმდეგ. ფილიპე მეოთხის დაინტერესებას ელჩი იმითაც ცდილობდა, რომ არწმუნებდა: ქართველთა მეფე ესპანეთის მეფეს კონსტანტინოპოლის ტახტის მოპოვებაში დაეხმარებოდა. როგორც ცნობილია, ქართველ ელჩს სარეკომენდაციო წერილები გაატანეს ესპანეთის მეფესთან იერუსალიმის პატრიარქმა თეოფანემ და თეატინელმა მისიონერებმა მესინადან. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ  ურთიერთდაახლოებისა და ურთიერთდახმარების ინტერესები ევროპისა და ქართული მხრიდან თანაბარი იყო. ევროპის  ანტიოსმალური კოალიციის შექმნის ინიციატორად რომის პაპი გამოდიოდა. კოალიციაში ევროპის სახელმწიფოებთან ერთად (ინგლისი, ესპანეთი, პოლონეთი, რუსეთი და ა.შ.) ირანი და საქართველო უნდა გაერთიანებულიყო. ქართველი მეფე-მთავრები ევროპასთან ურთიერთობას ეკონომიკურ მიზნებსაც უკავშირებდნენ. მათი პროექტით, უნდა აღდგენილიყო ძველი ,,აბრეშუმის გზა“, რომელსაც საქართველოზე უნდა გაევლო და ევროპა აზიასთან დაეკავშირებინა.
1615 წელს თავადმა დადიანმა თავის ელჩს დაავალა კონსტანტინოპოლში მოეძებნა მისიონერები და მასთან ჩამოეყვანა. აღსანიშნავია, რომ მანამდე, მე-17 ს-ის დასაწყისში ქართველმა თავადებმა მიმართეს სპარსეთში მყოფ მისიონერებს, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს. ამის შესახებ ერთი პორტუგალიელი მისიონერი წერდა: ,,მანუჩარ ხან მთავარმა, რომელიც ქართველების ერთი სამთავროს პატრონია, ესრედ მითხრა ისპაჰანში, დიდად მოხარული ვიქნები, უკეთუ რამოდენიმე თქვენი მღვდელი წამომყვება ჩემს სამეფოში და თუ ერთ მკურნალსაც თან წამოიყვანს, უფრო დიდად პატივცემული იქნებიანო. იმავე დროს პატრი მელქიორი დეზანჟი, მეფის პალატაში (სპარსეთში) ყოფნის დროს დაჰპირდა წაჰყოლოდა ალექსანდრე მეფეს, საქართველოს ერთ მთავართაგანს, მაგრამ ლუდოვიკო პერეირე დელჩერდა, რომელიც (ისპანიიდან) ელჩად იყო სპარსეთს გაგზავნილი, არ დათანხმდა მის წასვლას, რადგან არ უნდოდა მოშორება“.  მიქელ თამარაშვილი თავის ნაშრომში, ,,ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“, აღწერს, თუ როგორ დაიწყო  ,,მეგრელებსა და ქართველებში გასაგზავნმა მისიონმა მოღვაწეობა, კერძოდ კი პატრმა ლუდოვიკე გრანჯერიომ (იგივე ლუი გრანჟემ) მორჩილ ძმასთან ერთად. ყოველივე ეს მოხერხდა იეზუიტი მამების თანადგომით. მისიონერები ჯერ გურიაში იქნენ მიპატიჟებულნი გურიელის მიერ, ხოლო მოგვიანებით კი სამეგრელოს მთავარს – დადიანს ეახლნენ. მათ  დიდი გეგმები ჰქონდათ, მაგრამ საომარი პირობების გამო აღნიშნულ რეგიონში, მისიონის საქმიანობა არ გაგრძელებულა, იეზუიტებმა ვერ შეძლეს იქ სხვა პირების გაგზავნა. ამას დაემატა ისიც, რომ ერთ-ერთი მამა შავმა ჭირმა იმსხვერპლა, ლუი გრანჟემ კონსტანტინოპოლამდე ჩააღწია, მაგრამ მალევე გარდაიცვალა. ამგვარად,  შეგვიძლია, რომ იეზუიტებისა და საქართველოს ურთიერთობის დასაწყისად ლუი გრანჟეს (1575-1615 წ.წ.) საქართველოში მოღვაწეობა მივიჩნიოთ. საქართველოში ჩასვლამდე, როგორც ჩანს გრანჟე აგროვებდა გარკვეულ ინფორმაციებსა და მონაცემებს ჩვენს ქვეყანაზე. იეზუიტთა თანამედროვე კატალოგებში იგი მოხსენიებულია, როგორც ფართო განათლების მქონე პიროვნება. იგი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლში ყოფნისას გასცნობია მეგრელ მოწაფეებს და იეზუიტთა უმაღლესი წინამძღვრისადმი მიწერილ წერილში დადებითად ახასიათებს მეგრელებს: ,,ისინი ქრისტიანები არიან, ამბობენ ნაწილობრივ ფრანგები ვართ, ნაწილობრივ ბერძნებიო. ძალზე განიცდიან მღვდლების ნაკლებობას. საფრანგეთის  მეფის ღრმადმორწმუნე ელჩს სურს, რომ ჩვენი ორდენიდან ვინმე მათთან ჩავიდეს“. 1615 წ. 2 მარტს მოქვიდან რომში ლუი გრანჟემ ვრცელი წერილი გააგზავნა, რომელიც ლიონში დაიბეჭდა 1616 წელს მნიშვნელოვანი და საგულისხმო წერილების კრებულში, რომლის საშუალებითაც მე-17 ს-ში იეზუიტები ფართოდ ავრცელებდნენ ცნობებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და ხალხის შესახებ.
გრანჟეს ეს წერილი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან მასში რვა კითხვაა დასმული სამოციქულო განგებასთან დაკავშირებით, რომლებზე პასუხსაც იგი უმაღლესი წინამძღვრისაგან ელოდა: 1) იმ შემთხვევაში, თუ სხვაგვარად დახმარება გამორიცხულია, ხომ არ უნდა მივიღოთ მართლმადიდებლური წესი? 2) მათი წესის მიღების შემთხვევაში ხომ არ უნდა ვამჯობინოთ ბერის სამოსი და ცხოვრების წესი? 3) თუ მართლმადიდებლები ზიარებისათვის ჩვენ მოგვმართავენ, ხომ არ უნდა დავრთოთ ნება ფრანკებს, თავის მხრივ მათაც მიმართონ მართლმადიდებლებს? 4) როცა მართლმადიდებლები აღსარებისათვის მოგვმართავენ, ავუხსნათ მათ ფილიოკვე თუ დავტოვოთ ისინი საკუთარ მრწამსში? 5) ხომ არ ჯობია გადავაფიქრებინოთ ბერძნებს მათთან მისული სომხების ხელახლა მონათვლა, რომლებიც მათ ხელახლა ნათლავენ, რადგან ეჭვი ეპარებათ, რომ სათანადოდ არ არიან მონათლული წმ. სამების სახელით? 6) ბერძენი ეპისკოპოსები, რომლებიც ეპისკოპოსად დანიშვნაში თურქებს ქრთამს აძლევენ, დამნაშავენი არიან თუ არა გამყიდველობაში? 7-8) რა ვუყოთ ლათინებს, რომლებიც თურქებთან თანამშრომლობენ? ამ წერილის შინაარსი გვაფიქრებინებს, რომ მასში   ჩამოყალიბებულია  იეზუიტთა სტრატეგია. რომიდან კარდინალმა ბელარმინმა ლუი გრანჟეს კითხვებზე უარყოფითი პასუხი გასცა: ,,შეუძლებელია, თუ ჩვენ ლათინები ბერძნულ წესს მივიღებთ, გავიმეორებთ ბერძენთა შეცდომას, რომლის თანახმადაც ლათინური წესი არასწორიაო“.
ლუი გრანჟეს მისია პირველი იყო იეზუიტებთაგან საქართველოში. აღსანიშნავია, რომ მის მიმოწერაში ფიგურირებს თამამი აზრები იეზუიტებისათვის იმის შესახებ, რომ საქართველოში წირვა-ლოცვის ჩატარებისას, ლათინური წესი არ გამოეყენებინათ და და ამიტომ რომის პაპს თხოვდა ნებართვას, ადგილობრივ ეპისკოპოსებთან ერთად ზოგჯერ მათივე წესით ეწირათ ეკლესია-მონასტრებში, ხოლო საკუთარი წესი კი ყოველდღიური წირვისათვის შემოენახათ. რომიდან პასუხი შემდეგი იყო: თუ იეზუიტები წესს შეცვლიან, ამით იტყვიან, რომ აღარ გვსურს ამ ხალხის დარწმუნება სქიზმიდან ერთიანზე, მცდარიდან ჭეშმარიტზე გადასვლის საჭიროებაში. გამოჩენილი იტალიელი მეცნიერი ვინჩენცო პოჯო თავის ნაშრომში ,,იეზუიტები და საქართველო“ რომიდან მიღებულ პასუხს კომენტარს უკეთებს და აღნიშნავს, რომ ,,მამა გრანჟეს მიერ ჩამოყალიბებული პრობლემა ახლოსაა თანამედროვე კათოლიკურ კონცეფციასთან, რომელიც არ გულისხმობს ერთი წესის უპირატესობას სხვა წესთან, როგორც ამას ბელარმინის დროს ფიქრობდნენ“.
ამით იეზუიტებისა და საქართველოს ურთიერთობები არ დასრულებულა, მას ჰქონდა თავისებური გაგრძელება.  ამაზე მიუთითებს 1690 წ. 24 აგვისტოთი დათარიღებული  წერილი, რომელიც იეზუიტმა იოანე გოსტოვსკიმ პროპაგანდა ფიდეში ერთ-ერთ კარდინალს გაუგზავნა. ამავე იეზუიტს დავალებული ჰქონდა ქუთაისში მისიონის დაარსება. მე-19 ს-ის დასაწყისში კავკასიაში იმოგზაურა ბელგიელმა იეზუიტმა ჟიულ ანრიმ. როგორც მისი წერილიდან ჩანს, იგი საქართველოშიც უნდა ყოფილიყო: ,,1808 წელს, – წერდა იგი, – საქართველოში ვიყავი და ერთ კათოლიკესთან ვცხოვრობდი. ქართველები… ყველა მათგნისგან გამოირჩევიან. ერთხელ მთხოვეს დავრჩენილიყავი მათთან მღვდლად. დავთანხმდი და მათ ეკლესიაში ვიქადაგე. ისინი დიდი ყურადღებით მისმენდნენ“.
1920 წ. ივნისში იესოს საზოგადოების მდივანი პიეტრო ტაჩი ვენტური წერდა აღმოსავლური ეკლესიების კონგრეგაციის თანაშემწეს, მონსინიორ ისაია პაპადოპულუსს: ,,მაქვს სიამოვნება, გაუწყოთ, რომ შევარჩიეთ საქართველოში გასაგზავნი სამი მისიონერი: ჯოაკინო მოსკა – იტალიელი, ლუი ბაილი – ფრანგი, ლადისლავ ცისკიევიჩი – რუსი“. მათ ვიტო კოლანჯელოც შეუერთდა. 1920 წ. 19 ნოემბერს პაპმა ისინი სპეციალურ აუდიენციაზე მიიღო. 1921 წ. დამდეგს კი მისიონერები საქართველოსკენ გამოემგzავრნენ, მაგრამ თბილისამდე არ ჩამოუღწევიათ. ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციის ამბავი რომ შეიტყვეს, ისინი უკან გაბრუნდნენ.
იეზუიტებს საქართველოსთან კავშირი დღესაც არ გაუწყვეტიათ. აქ ჩამოსული იეზუიტები სწავლობდნენ ქართულ ენას, ლიტერატურას, კულტურას. მათგან შეიძლება დავასახელოთ მიშელ ვან ესბროკი, მიქელ არანცი და ვინჩენცო პოჯო.
ამგვარად, ზემოთ მოყვანილი ფაქტებით ჩვენ შევეცადეთ  გაგვეაზრებინა, თუ რა იყო იეზუიტების საქართველოში ფეხის მოკიდების მცდელობის მიზეზები, რა გეგმები ჰქონდათ ამ გამჭრიახ და პრაგმატულად მოაზროვნე კათოლიკე მოღვაწეებს. იყო ეს მათი ერთიანი სტრატეგიის ნაწილი თუ მხოლოდ მცდელობა თავიანთი ინტერესების გატარებისა, რატომ ამჯობინეს მეორე პლანზე გადასვლა და ადგილის დათმობა სხვა ორდენებისათვის, რომლებმაც გაცილებით დიდი როლი შეასრულეს მისიონერულ საქმიანობაში? ხომ არ შეინიშნებოდა მათი უჩინარი ხელი სხვა დანარჩენი ორდენების საქმიანობაში საქართველოს ტერიტორიაზე ანდა მეზობელ სახელმწიფოებში? რა თქმა უნდა, ეს ჩასაფიქრებელი კითხვებია, რომელზეც, ვიმედოვნებთ, რომ თანდათანობით გამოიკვეთება სათანადო პასუხები.
გამოქვეყნდა ჟურნალში „საბა: საქართველოს კათოლიკეთა ყოველთვიური მაცნე“ #7, 2007.
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s