სამუშია, ჯაბა – საქართველო და ევროპა

კავკასია ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რგოლია. თავისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით ეს რეგიონი ოდითგანვე იზიდავდა დიდ იმპერიებს, რომლებიც ძალუმად ცდილობდნენ ამ ტერიტორიაზე თავისი კონტროლის დამყარებას.
კავკასია გზაჯვარედინია, სადაც იკვეთება ჩრდილოეთ-სამხრეთისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის პოლიტიკური თუ კულტურული არეალები. ეს კიდევ უფრო ზრდის ამ ერთი შეხედვით მცირე რეგიონის მნიშვნელობას მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში. სწორედ ამგვარმა გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ განსაზღვრა საუკუნეების განმავლობაში აქ მცხოვრები ერების ბედი.
დიდი იმპერიების სამიზნე
კავკასიის ხელში ჩასაგდებად ყოველთვის უპირისპირდებოდა ერთმანეთს ორი ან მეტი დიდი ძალა. ამავდროულად, აქ გადიოდა ორი დიდი ცივილიზაციის საზღვარი. დასავლეთისა და აღმოსავლეთის შეხება ყველაზე თვალნათლივ კავკასიის რეგიონში ვლინდება. ამ ორი ცივილიზაციის შეჯერების შედეგად რეგიონში ერთგვარი ინტერკულტურული გარემო ჩამოყალიბდა, სადაც დასავლურ ფასეულობებს ეფინება აღმოსავლური კულტურის ნიშნები. ეს რეალობა პოლიტიკოსებსაც ჰქონდათ გათვითცნობიერებული და ამიტომაც არავის უკვირდა დავით IV აღმაშენებლის მეჩეთში სიარული, დემეტრე I-ისა და თამარის კარზე მუსლიმ სწავლულთა ყოფნა, ქართულ ფულზე არაბული ზედწერილი და სხვ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველო ყოველთვის წარმოადგენდა დასავლური ცივილიზაციის ნაწილს.
ქრისტიანულმა რელიგიამ კი საქართველოსა და აღმოსავლეთს შორის დიდი ნაპრალი გააჩინა. ცივილიზაციის თანამედროვე მკვლევარები (მაგ., სემუელ ჰანთინგტონი) ცალსახად აღნიშნავენ, რომ რელიგია იმაზე ბევრად მკვეთრად მიჯნავს ადამიანებს, ვიდრე ეთნიკური კუთვნილება და რომ, რელიგიური ერთობა გაცილებით ადვილად აყალიბებს საერთო ცივილიზაციურ ნიშნებს, ვიდრე სხვა რომელიმე ფაქტორი. ამდენად, გაქრისტიანების შემდეგ საქართველო საბოლოოდ გაემიჯნა ჯერ ცეცხლთაყვანისმცემლურ, ხოლო შემდეგ მუსლიმანურ აღმოსავლეთს.
ისე არ უნდა გავიგოთ, რომ საქართველოს ევროპული ორიენტაცია ქრისტიანობის შემოსვლამ განაპირობა. ამ ტენდენციას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს. ძვ. წ. IV საუკუნეში ალექსანდრე მაკედონელის აღმოსავლეთში ლაშქრობის შემდეგ, საქართველო ელინისტური სამყაროს ნაწილი გახდა, ძვ. წ. I საუკუნიდან კი რომმა კავკასია მოაქცია თავისი გავლენის ქვეშ და ამ გზით ქართლი და ეგრისი აქტიურად ჩაერთო საერთო რომაულ ცივილიზაციაში.
საქართველოს ტერიტორიაზე ქრისტიანული აღმსარებლობის დამკვიდრებამ უფრო ინტენსიური გახადა ევროპის ქრისტიანულ სამყაროსთან კავშირი.
ქრისტიანობა მარტოოდენ აღმსარებლობა როდი იყო, იგი გახლდათ მთელი სისტემა კულტურული ფასეულობებისა. IV საუკუნეში ქართლის მეფის მირიანის გადაწყვეტილება, თანამედროვე პოლიტიკური ტერმინოლოგია რომ მოვიშველიოთ, ნიშნავდა საქართველოს ევროპულ კულტურულ სივრცეში ინტეგრაციას.
ქართველობამ გამოკვეთილად პროდასავლური ორიენტაცია აირჩია და დაშორდა აღმოსავლურ ზოროასტრულ სამყაროს.
მთელი ათას ხუთასი წელი ქრისტიანობა იმ პატრუქს წარმოადგენდა, რომელსაც ჩვენში დასავლური კულტურის სხივებით ანათებდა. და თუ ჩვენ საუკუნეთა განმავლობაში ევროპულ ცივილიზაციას ვიყავით ნაზიარები და პოლიტიკურად ევროპისკენ ვიცქირებოდით, ესეც დიდწილად ქრისტიანობის დამსახურება იყო.
მარადიული არჩევანის წინაშე
ეს არჩევანი ამის შემდეგ არაერთხელ დადგა საქართველოს წინაშე. ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი თუ როგორ წყვეტდნენ ქართველი პოლიტიკოსები ამ დილემას, არის ეგრისის მეფის გუბაზის მოკვლის შემდეგ, 554 წელს წარჩინებულთა კრებაზე გამართული დისპუტი. ეგრისელი დიდებულები მსჯელობდნენ იმაზე, თუ რომელი ორიენტაცია აერჩიათ- პროირანული თუ პრობიზანტიური. ადვილი მისახვედრია, რომ აქ არ იგულისხმებოდა კონკრეტულ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა.
პრობლემა უფრო გლობალური იყო – აღმოსავლეთი თუ დასავლეთი. ამ დისპუტიდან შეგვიძლია გავაკეთოთ ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც მარტოოდენ VI საუკუნეს არ ეხება, არამედ ის შეიძლება გავრცელდეს მთლიანად შუა საუკუნეებზე. ქართველი ერი თავისი თვითშეგნებით ყოველთვის დასავლური ცივილიზაციის ნაწილს წარმოადგენდა და მყუდროდ გრძნობდა თავს ამ კულტურულ სფეროში. სწრაფვა დასავლეთისკენ გამოწვეული არ ყოფილა მხოლოდ პოლიტიკური მიზნით.
ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ქართულ სახელმწიფოს ანტიკურ და შუა საუკუნეებშიც გააჩნდა. რა თქმა უნდა, ის არ იყო ისე მწყობრ სისტემად ჩამოყალიბებული როგორც დღესაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი მოიცავდა მთელ კომპლექსს პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური, ეკონომიკური, კულტურული პრობლემებისას. საკითხთა ამ ერთობამ ჩამოაყალიბა ქართველთა ეროვნული ფასეულობანი და პოლიტიკური ინტერესები.
არაბთა სახალიფო თუ ბიზანტია?
არაბთა შემოსევებმა და ახალი რელიგიის – ისლამის გავრცელებამ მახლობელი აღმოსავლეთი კიდევ ერთხელ ორ ნაწილად გაყო. საქართველო არაბთა სახალიფოსა და ბიზანტიას შორის გადანაწილდა. ამჯერადაც, ქართველი საზოგადოება არჩევანის წინაშე დადგა – მუსლიმანური აღმოსავლეთი თუ ქრისტიანული ბიზანტია.
ბიზანტია კლასიკური ევროპული სახელმწიფო არასდროს ყოფილა, თუმცაღა ის ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილს წარმოადგენდა. ამიტომაც სავსებით გასაგებია რა ამოძრავებდა აშოტ კურაპალატსა და ქართველი საზოგადოების ნაწილს, როდესაც არაბთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ბიზანტიის გავლენის ქვეშ მოქცეულ ტაო-კლარჯეთში გადავიდნენ. ამით ეროვნული სახელმწიფოებისა თუ კულტურის აყვავების პერსპექტივა ჩნდებოდა.
XI საუკუნეში ქართველები თითქმის ნახევარი საუკუნე ბიზანტიის იმპერიას ებრძოდნენ ამიერკავკასიაში პირველობისათვის. ნიშანდობლივია, რომ ამ პერიოდში, იმავე ბიზანტიის იმპერიაში მოქმედებდა ქართული მონასტრები, რომლებიც დასავლური კულტურის ექსპორტს ახორციელებდნენ საქართველოში.
საქართველო და ჯვაროსნები
XI-XIII საუკუნეები საქართველოს პოლიტიკური სიძლიერის ხანაა. ქართული სახელმწიფოს საერთაშორისო ინტერესები მკვეთრად იზრდება. სწორედ ამან განაპირობა ევროპულ სახელმწიფოებთან მჭიდრო კავშირ-ურთიერთობების დამყარება. ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა აჩვენა, რომ მახლობელი აღმოსავლეთი მათ ინტერესებშიც შედიოდა. საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ევროპელ რაინდებთან განპირობებული იყო იმით, რომ მახლობელ აღმოსავლეთში, საიდანაც მოდიოდა საქართველოსთვის სამხედრო საფრთხე, ძალთა ბალანსი დაცული იქნებოდა.
საქართველოსა და ჯვაროსნების ურთიერთობას, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ოდნავ ვრცლად შევეხებით.
1095 წელს საფრანგეთის პატარა ქალაქ კლერმონში რომის პაპმა ურბან II-მ მორწმუნეებს ქრისტეს საფლავის გასათავისუფლებლად მოუწოდა. ამ მოვლენამ სათავე დაუდო დასავლეთისა და აღმოსავლეთის ყველაზე ხანგრძლივ დაპირისპირებას, რომელიც ჯვაროსნული ლაშქრობების სახელითაა ცნობილი.
თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში ევროპამ რვა ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყო აღმოსავლეთის მუსლიმთა წინააღმდეგ. ევროპის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც შეიქმნა ფართომასშტაბიანი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, რომელშიც დასავლეთ ევროპის თითქმის ყველა, დიდი თუ პატარა სახელმწიფო ჩაერთო.
ჯვაროსნების აღმოსავლეთში მოსვლის შემდეგ, რეგიონში ძალთა თანაფარდობა რადიკალურად შეიცვალა. ბიზანტია და საქართველო მარტო აღარ იყვნენ მუსლიმური სახელმწიფოების წინაშე. ის ფაქტი, რომ ჯვაროსნების გამოჩენამ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზეც იქონია გავლენა, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსსაც აქვს აღნიშნული.
მემატიანე შემთხვევით არ უკავშირებს ერთმანეთს ევროპელ რაინდთა მიერ იერუსალიმის აღებასა და დავით აღმაშენებლის მიერ თურქებისადმი ხარკის შეწყვეტის ფაქტს. ისტორიკოსი დასძენს: “ამას ჟამსა გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალემი და ანტიოქია… განძლიერდა დავით და განიმრავლნა სპანი და არღარა მისცა სულტანსა ხარაჯაი”.
XII საუკუნის დასაწყისში აღმოსავლეთში ორი ფრონტი ჩამოყალიბდა- ჯვაროსნებსა და ქართველებს საერთო სამხედრო-პოლიტიკური ინტერესები ჰქონიათ. ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად დააჩქარა კავკასიიდან თურქების განდევნა.
ორ ათეულ წელზე მეტხანს ვერ მოხერხდა მუსლიმური სამყაროს გაერთიანება, ეს კი ხელსაყრელი იყო როგორც საქართველოს, ასევე ჯვაროსნებისთვის. 1121 წელს ნეჯმ ად-დინ ილღაზის მიერ მოწყობილი კოალიციური ლაშქრობის დიდგორთან დამარცხებამ მხოლოდ საქართველოს არ მოუტანა შვება, ამან მნიშვნელოვანწილად შეამსუბუქა ჯვაროსანთა მდგომარეობა აღმოსავლეთში. ილღაზმა სახელი”ნეჯმ ად-დინ” (“სარწმუნოების ვარსკვლავი”) დაიმსახურა 1019 წელს მდ. ორონტის ნაპირას ე.წ.”სისხლიან ველზე” ჯვაროსანი რაინდების დამარცხების შემდეგ.
ასეთი მოწინააღმდეგის მოშორება, ბუნებრივია, ჯვაროსანთა უპირველეს საზრუნავს წარმოადგენდა. ამდენად, საქართველოსა და ჯვაროსანთა სამხედრო ბლოკს შორის ურთიერთობის პოლიტიკური მიზანი აბსოლუტურად გასაგებია. მათ საერთო მტერი და გეგმები აქვთ აღმოსავლეთში. ამ კონტექსტში სავსებით ლოგიკურად ჯდება იერუსალიმის მეფის ბოლდუინ II-ის საქართველოში ვიზიტი (ბოლდუინ II-ის დავით აღმაშენებელთან ჩამოსვლა გვიანდელ ავტორს აქვს მოთხრობილი და ამიტომ მას ზოგიერთი ისტორიკოსი სარწმუნოდ არ მიიჩნევს).
აშკარა იყო, რომ ევროპელ რაინდებს აღმოსავლეთში საქართველოს სახით სერიოზული მოკავშირე ჰყავდა. უკვე მოგვიანებით, XII-XIII საუკუნეებისთვის, როდესაც ჯვაროსნების მდგომარეობა აღმოსავლეთში მკვეთრად გაუარესდა, ევროპაში შეიქმნა ქრისტიანთა მხსნელის იოანე პრესვიტერის ლეგენდარული სახე, რომლის პროტოტიპი, ზოგიერი მკვლევარის აზრით, დავით აღმაშენებელი უნდა ყოფილიყო.
ჯვაროსნებთან დაწყებული ინტენსიური ურთიერთობა ნაწილობრივ შეიცვალა XII საუკუნის 80-იან წლებში.
1184 წელს გიორგი III-ს გარდაცვალების შემდეგ ტახტი ახალგაზრდა თამარმა დაიკავა. რეალურად სამეფოს თამარის მამიდა რუსუდანი მართავდა. ეს უკანასკნელი დასავლეთ ირანის სულთნის ყიას ად-დინ მასუდის მეუღლე იყო, რომლის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და აქ განაგრძო მოღვაწეობა.
როგორც ჩანს, რუსუდანი კარგად იცნობდა აღმოსავლურ პოლიტიკას და სიმპათიითაც იყო განწყობილი მუსლიმანი მმართველებისადმი. ყოველი შემთხვევისთვის მისი რეგენტობის პერიოდში ქართველებმა ჯვაროსნებსა და მუსლიმანთა შორის დაპირისპირებაში ნეიტრალური მდგომარეობა აირჩიეს.
1185 წელს საქართველოს სამეფო კარმა თავდაუსხმელობის ხელშეკრულება დადო ეგვიპტის სულთან სალაჰ ად-დინთან. ორი წლის შემდეგ სალაჰ ად-დინმა იერუსალიმი წაართვა ჯვაროსნებს. არასწორი საგარეო პოლიტიკის წყალობით, ქართველებმა ფაქტობრივად, ხელი შეუწყვეს აიუბიანელთა სახელმწიფოს არნახულ გაძლიერებას.
მცირე ხანში, მახლობელ აღმოსავლეთში საქართველოსა და აიუბიანელთა ინტერესებიც დაუპირისპირდა ერთმანეთს. სამწუხაროდ, ამ დროს უკვე აღმოსავლეთში ჯვაროსნები ანგარიშგასაწევ ძალას აღარ წარმოადგენდნენ.
ეს დანაკლისი საკმაოდ მალე იგრძნეს ქართველმა პოლიტიკოსებმა და უკვე ლაშა-გიორგიმ მჭიდრო კავშირი დაამყარა ჯვაროსნებთან. რომის პაპის ჰონორიუს III-ს თხოვნით საქართველოს მეფეს V ჯვაროსნულ ლაშქრობაში (1219-1221) მონაწილეობა ჰქონდა გადაწყვეტილი.
ძირითადი მიზანი ამ ლაშქრობისა იერუსალიმის დაბრუნება და მახლობელ აღმოსავლეთში ეგვიპტის სასულთნოს პოზიციების შესუსტება იყო. ამჯერადაც, საქართველოსა და ევროპული კოალიციის ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა, მაგრამ 1220 წელს საქართველოში მონღოლთა შემოსევამ ეს განზრახვა მხოლოდ შეთანხმების დონეზე დატოვა.
რუსუდან დედოფალი რომის პაპს ჰონორიუს III-ს წერდა:”დამიეტში მყოფი შენი ლეგატისაგან მივიღეთ შენი დიდებული რჩევა და ბრძანება, რათა ძმა ჩემი ქრისტიანების დასახმარებლად წასულიყო. ეს თავად მისი სურვილიც იყო და წასასვლელადაც ემზადებოდა, მაგრამ, თუ თქვენც გაიგეთ, ჩვენს ქვეყანას ბიწიერ თათართა ტომი შემოესია და მან დიდი ზარალი მიაყენა ჩვენს ხალხს”. ქართველები ასევე აქტიურად ემზადებოდნენ VI ჯვაროსნული ლაშქრობისთვისაც. მაგრამ ამ ლაშქრობის სამზადისი დიდხანს გაჭიანურდა, ამასობაში, საქართველო ჯალალ ედ-დინმა დაიპყრო და ქართველთა საერთო ევროპულ კოალიციაში მონაწილეობა ვერ მოხერხდა.
გიორგი V და ფილიპე VI- თანასწორი პარტნიორები
XIII საუკუნეში მონღოლთა შემოსევებმა საქართველოს აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოება შეაფერხა, – მათ შორის ევროპულ სახელმწიფოებთან ურთიერთობები. ქვეყანა საშინაო პრობლემებში ჩაიძირა.
XIV საუკუნეში გიორგი V ბრწყინვალის დროს ვითარება კარდინალურად შეიცვალა და ქართულ-ევროპული ურთიერთობები კვლავ ძველი ტემპით აღდგა. დასავლეთ ევროპის კათოლიკური სამყარო დაინტერესებული იყო აღმოსავლეთში ძლიერი მოკავშირის ყოლით. თავის მხრივ, საქართველოც ცდილობდა სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის შექმნას ევროპულ მონარქიებთან.
რომის პაპმა საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობების დასამყარებლად სმირნადან საეპისკოპოსო კათედრა თბილისში გადმოიტანა.
ამავე პერიოდში საქართველოს მეფე გიორგი V ქრისტიანობის დაცვის მიზნით ევროპის მონარქებს სთავაზობს რეალური კოალიციის შექმნას. ჩვენამდე შემონახულია გიორგი ბრწყინვალის წერილი საფრანგეთის მეფე ფილიპე VI ვალუასადმი, რომელშიც ვკითხულობთ:”საფრანგეთის ღვთაებრივი ხელმწიფენი ხშირად აღძრავენ აღმოსავლეთის მეფეებს სარკინოზთა წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ საქმე ის არის, რომ შემდეგ ისინი აღარ მოდიან, სტოვებენ რა მათ ამ მტანჯველ ომში მარტოდ.
ამგვარად, გთხოვთ თქვენ დაადგინოთ, როგორ და როდის გადმოლახავთ ზღვას და მყისვე მეც იქ მიხილავთ, თქვენი კეთილი ნების შესაბამისად, 30 ათასი ჯარისკაცით”.
ეს წერილი, მასში გადმოცემული ამბის გარდა, საინტერესოა სტილის თვალსაზრისითაც. აქ არ არის მუდარა, თხოვნა დახმარებისა. მოლაპარაკება თანასწორ პარტნიორებს შორის წარმოებს და გიორგი V-ს საყვედურის ტონიც (“საფრანგეთის ღვთაებრივი ხელმწიფენი ხშირად აღძრავენ აღმოსავლეთის მეფეებს… და სტოვებენ მათ ამ მტანჯველ ომში მარტოდ”) ფილიპე VI-სადმი ამითაა ასახსნელი.
როგორც ვხედავთ, საქართველოს მეფე რეალურ მოკავშირეობას ითხოვს ევროპული სახელმწიფოებისგან, მაგრამ მალე თვით საფრანგეთი და ინგლისი დაუპირისპირდა ერთმანეთს (ე.წ. ასწლიანი ომი) და დასავლეთ ევროპისათვის აღმოსავლეთის პოლიტიკამ მეორე პლანზე გადაინაცვლა.
ანტიოსმალურ კოალიციაში
ევროპის ქვეყნებისა და საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის აუცილებლობა კიდევ ერთხელ დადგა 1453 წელს თურქ-ოსმალთაგან კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ. ევროპამ რეალურად იგრძნო ოსმალთა საფრთხის მოახლოება და ამიტომაც, რომის პაპის ინიციატივით დაიწყო მძლავრი ანტიოსმალური კოალიციის შექმნა. თავის მხრივ, ქართველებსაც კონკრეტული მიზნები ამოძრავებდათ. კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ ჩაიკეტა ის უმთავრესი გზა, რომლითაც საქართველო ევროპულ ცივილიზაციას უკავშირდებოდა.
1456 წელს საქართველოში ჩამოდის ცნობილი დიპლომატი ლუდოვიკო ბოლონიელი, რომლის მიზანი იყო დაერწმუნებინა აღმოსავლეთის მონარქები ჩაბმულიყვნენ ანტიოსმალურ კოალიციაში. პარალელურად რომის პაპი პიუს II ცდილობდა ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლა საერთო ევროპულ პრობლემად ექცია. მან 1459 წელს მანტუას კონგრესიც მოიწვია, რომელზეც ყველა დიდი სახელმწიფოს ხელისუფალთ მოუწოდა დასწრება. საფრანგეთის მეფეს საგანგებოდ ოქროს ვარდიც კი გაუგზავნა და”უქრისტიანესის” ტიტულით დააჯილდოვა.
ამავე პერიოდში საქართველოში ხელახლა ჩამოდის ლუდოვიკო ბოლონიელი, რომელსაც საქართველოს მეფე გიორგი VIII-მ თავისი ელჩი ნიკოლოზ თბილელი გააყოლა ევროპაში. ანტიოსმალურ კოალიციაში აქტიურად მონაწილეობს სამცხის ათაბაგი ყვარყვარე II-ც. ქართველი ელჩები არა მარტო რომის პაპის, არამედ სხვა ევროპელი მონარქების წინაშეც წარდგნენ, მაგრამ საერთო ევროპული კოალიციის შექმნა ამ ეტაპზე მაინც ვერ მოხერხდა. საქართველო მარტო აღმოჩნდა ოსმალთა და სეფიანთა ირანის წინაშე.
შუა საუკუნეებში დასავლური ცივილიზაცია ზოგადად წარმოდგენილი იყო ქრისტიანულ სამყაროდ. რელიგიურმა ფაქტორმა მართლაც დიდი როლი ითმაშა ევროპის, როგორც ერთიანი გეოკულტურული სივრცის ფორმირებაში. ქართველთა სწრაფვა ევროპისაკენ განპირობებული იყო სულიერი სიახლოვით. გვიან შუა საუკუნეებში, მუსლიმანური სახელმწიფოების გარემოცვაში მოქცეული ქართველები ამ სივრცეში ეძებდნენ თავისი ეროვნული უსაფრთხოების გარანტს.
XV საუკუნიდან საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ კავშირები ევროპასთან არ შეწყვეტილა, მაგრამ უკვე ამიერიდან მოლაპარაკებები არათანასწორ პარტნიორებს შორის წარმოებდა. ქართველები ძირითადად დახმარებას ითხოვდნენ. მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც შორეული აღმოსავლეთიდან – საქართველოდან ევროპას სწვდებოდა საერთო სამხედრო პოლიტიკური კოალიციის შექმნის მოწოდების ხმა. ქართლის მეფე სიმონ I ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს სწერდა:”გევედრები და გემუდარები, მიშუამდგომლე მისი უდიდებულესობის, კეისარ იმპერატორის წინაშე, რათა მან მშვიდობა არ დაამყაროს თურქებთან, რომ ამან არ შეძლოს შეავიწროვოს ჩვენი ერი და ყველა ქრისტიანი”.
იგივე სიმონ I რომის პაპს სთხოვდა:”შევაგულიანოთ ქრისტიანი მეფეები და ხელმწიფეები, ჩვენი ქრისტესმიერი შვილები, გამოვიდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ”. თუ გავითვალიოსწინებთ XVI საუკუნეში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას, ადვილი მისახვედრია, თუ რა განწირულად ევედრებიდა სიმონ I ევროპას დახმარებას. საქართველო ორი უდიდესი იმპერიის წინაშე მარტო დარჩენილიყო. 1578 წელს ოსმალთა დიდვეზირის ლალ მუსტაფა ფაშას დაპყრობითი ლაშქრობის შემდეგ კავკასიის დიდი ნაწილი თურქეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა.
სიმონ I ზუსტად ხვდებოდა სად იყო გამოსავალი ამ სიტუაციიდან. იმ შემთხვევაში თუ ევროპის სახელმწიფოები ოსმალეთთან დაპირისპირებას დაიწყებდნენ, საქართველოს განთავისუფლების იმედი შეიძლება გასჩენოდა, მაგრამ თუ რეალურად შევაფასებთ იმდროიდელ საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებას, სიმონ I-ის ეს წინადადება უფრო რომანტიკულ ელფერს ტოვებს. ასევე უშედეგოდ დასრულდა ევროპისაგან დახმარების იმედად ჩასული სულხან-საბა ორბელიანის ელჩობა.
საფრანგეთის მეფის კარზე ერთადერთი, რაც დიდხანს ახსოვდათ ქართველი დიპლომატის ვიზიტიდან, იყო მოსწრებული ნათქვამი ლუი XIV-სადმი. აუდიენციისას, როდესაც სულხან-საბამ მიულოცა საფრანგეთის მეფეს გამოჯანმრთელება,”მეფე მზემ” უპასუხა,- ადვილი საქმე არ არის სამოც წელს გადასცილდეო.- ხელმწიფევ, თქვენი უდიდებულესობა ისე მოხდენილად ატარებს ამ ასაკს, რომ ყველა ისურვებდა ამ თქვენ ასაკში ყოფნასო,- უპასუხა სულხან-საბა ორბელიანმა. მხოლოდ ამ ერთი მოსწრებული პასუხის გამო კარგა ხანს ახსოვდათ ლუვრში ქართველი ელჩი. ხოლო ის, რის სათხოვნელადაც ჩავიდა ქართველი ელჩი, ადვილად დაივიწყეს საფრანგეთის მეფის კარზე.
როგორ დაუდგა რუსეთი საქართველოს ფარად(?!)
XVIII საუკუნეში კავკასიის პოლიტიკაში თანდათან აქტიურად ერევა მესამე სახელმწიფო რუსეთის სახით. ქართველთა დაახლოება რუსეთთან სწორედ იმ სურვილმა განაპირობა, რომ ამ გზით ჩვენ საერთო ევროპულ სივრცეში დავბრუნდებოდით. ამასთანავე ქართული პოლიტიკური ერთეულები ეროვნული უსაფრთხოების მყარ გარანტს ეძებდნენ. თითქოს პირველ ეტაპზე ისეთი პირი უჩანდა, რომ რუსეთი საქართველოს ფარად დაუდგებოდა და ჩვენი ეროვნული ინტერესების დამცველად იქცეოდა, თავის მხრივ, საქართველოც სთავაზობდა რუსეთს მოკავშირეობას და საერთო მტრის, ირანისა თუ ოსმალეთის წინააღმდეგ სამხედრო დახმარებას აღუთქვამდა.
1783 წელს ერეკლე II-ის მიერ რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება იყო გარეშე ძალის დახმარებით ირან-ოსმალეთის აგრესიის შეჩერების მცდელობა. ტრაქტატში ცალსახად გამოიკვეთა მხარეთა ვალდებულებები- ქართლ-კახეთში უნდა მდგარიყო ორი სრული ბატალიონი, ოთხი ზარბაზნით. მათი შენახვის ხარჯებს ერეკლე II კისრულობდა. მაგრამ მალე პროცესები სხვაგვარად განვითარდა- რუსეთმა XVIII საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს უკვე ფაქტობრივად უარი თქვა ტრაქტატის შესრულებაზე. პეტერბურგში ქართლ-კახეთის დაპყრობის გეგმა შეიმუშავეს და 1800 წელს გარდაცვლილი გიორგი XII-ს შემდეგ ახალი მეფე კი არ დაამტკიცეს, როგორც ეს ტრაქტატით იყო განსაზღვრული, არამედ საერთოდ გააუქმეს მეფობა ქართლ-კახეთში. მცირე ხნის შემდეგ იგივე ბედი გაიზიარა იმერეთმა და სხვა ქართულმა სამეფო-სამთავროებმაც.
ეპილოგის მაგიერ
ზემოთ თქმული მოკლედ რომ შევაჯამოთ, ასეთ სურათს მივიღებთ: საქართველო-ევროპის ურთიერთობაში რამდენიმე ეტაპი გამოიყოფა: პირველი, როდესაც საქართველოს სამეფო კარი უშუალოდ თანასწორ კავშირ-ურთიერთობაში იყო ევროპულ მონარქიებთან და საერთო ევროპულ სამხედრო ბლოკებში მონაწილეობდა. ძირითადად ეს ერთიანი ქართული სახელმწიფოს არსებობის პერიოდია, როდესაც მსოფლიოში საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი მაღალია. მეორე ფორმა ასე გამოიყურებოდა – ქართველები ევროპის სახელმწიფოებთან ურთიერთობას ახორციელებდნენ მესამე სახელმწიფოს მეშვეობით – რომის, ბიზანტიის, რუსეთის… შუამავლობით.
მესამე ვარიანტი კი ქართული სახელმწიფოსთვის ყველაზე დამამცირებელი და ჩიხში მომქცევი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი პოლიტიკოსები ცდილობდნენ ევროპულ სახელმწიფოებთან დაკავშირებას, ეს უკანასკნელნი არავითარ ქმედით ნაბიჯს არ დგამდნენ. ამ ვითარებაში, ოსმალეთსა და ირანს შორის განაწილებულ საქართველოს, მესამე სახელმწიფოც არ ეგულებოდა, რომელიც ევროპასთან დაახლოებაში დაეხმარებოდა. საერთო ევროპულ ოჯახში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პერსპექტივა 1918-1921 წლებშიც არსებობდა. თუმცაღა, ბოლშევიკურმა რუსეთმა ჩაშალა ეს სწრაფვა.
ყოველივე ამას თუ გავითვალისწინებთ, ნათელია, რომ თანამედროვე სწრაფვა ევროსტრუქტურებისაკენ, ეს არის მცდელობა- საქართველო დაბრუნდეს თავის ბუნებრივ გარემოში.
სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში „ისტორიანი: ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი #1, 2011, გვ. 16-25.
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s