თინიკაშვილი, დავით – რატომ არ ემიჯნება საპატრარქო რელიგიურ ექსტრემისტებს? (პოდიუმ-დისკუსია, 2012)

29 მარტს სასტუმრო „თბილისი მერიოტში” გაიმართა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ ორგანიზებული პოდიუმ-დისკუსია „რელიგია, თავისუფლება და ტოლერანტობა საქართველოში” (იხ. მოკლე სიუჟეტი: http://www.myvideo.ge/v/1683483 ). ღონისძიების თანაორგანიზატორი გახლდათ რელიგიათა კვლევის ცენტრი, რომლის ხელმძღვანელიც, ბ-ნი ლევან ჩოლოყაშვილი ქ-ნ რუსუდან ბერიძესთან (ნაუმანის ფონდი) ერთად მოდერატორის ფუნქციას ასრულებდა.
შეხვედრაზე მოკლე მოხსენებებით გამოვიდნენ დეკანოზი დავით შარაშენიძე (საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი), ეპისკოპოსი ჰანს იოახიმ კიდერლენი (ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის წინამძღვარი), მამა გაბრიელ ბრაგანტინი (ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი), არჩილ მეტრეველი (საეკლესიო სამართლის დოქტორანტი, საქართველოს უნივერსიტეტი), დავით ჩიკვაიძე (საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის მეორე კატეგორიის მრჩეველი) და ნუგზარ პაპუაშვილი (რელიგიათა კვლევის ცენტრი).
ქვემოთ გადმოვცემთ მხოლოდ იმ საკითხებს, რომლებიც საზოგადოებრივი ინტერესისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური ხასიათი აქვს.
სასიამოვნო ფაქტი ის იყო, რომ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი და ასევე საპატრიარქოსთან ასოცირებული და მისი ინტერესების დამცველი ორი მომხსენებელი (არჩილ მეტრეველი და დავით ჩიკვაიძე). ასეთი ტიპის შეხვედრებს და ზოგადად საჯარო დისკუსიებს, როგორც წესი, არ ესწრებიან საპატრიარქოს წარმომადგენლები. სწორედ ამიტომ ველოდით, რომ დისკუსია საგნობრივი, დაბალანსებული და საინტერესო გამოვიდოდა, რადგან ორივე მხარეს ექნებოდა საკუთარი არგუმენტების წარმოდგენის საშუალება.
პირველი მომხსენებელიც დეკანოზი დავით შარაშენიძე იყო. მისი მოხსენების ზოგიერთმა პუნქტმა, გაურკვევლობა გამოიწვია. კერძოდ, მამა დავითმა აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია (სმე) საქართველოში არსებულ ტრადიციულ რელიგიებთან მიმართებაში ტოლერანტულია. მაგრამ მას ე.წ. „ნიუ ეიჯის” სტილის რელიგიური გაერთიანებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშიც იკიდებენ ფეხს, საფრთხედ მიაჩნია.
საქართველოში მოქმედ ვერცერთ რელიგიურ გაერთიანებას (მამა დავითის მინიშნება აშკარად პროტესტანტულ ეკლესიებზე, ე.წ. სექტებზე იყო,) ვერ მოვიაზრებთ “ნიუ-ეიჯის” სახელით ცნობილი მოძრაობის ფარგლებში. ნიუ ეიჯის (New Age) ფილოსოფია აღმოსავლური რელიგიებისა და ქრისტიანული რწმენა-წარმოდგენების ეკლექტური ნარევია, რომელიც ასევე გაჯერებულია სხვადასხვა სახის ოკულტური შეხედულებითა და პრაქტიკით. ნიუ-ეიჯერები არ აღიარებენ პიროვნული ღმერთის არსებობას, არიან უმეტესად პანთეისტები, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ქრისტიანობის ნებისმიერი მიმდინარების მოძღვრებასთან. როგორც წესი, მათ სწამთ რეინკარნაციის ამა თუ იმ ფორმის. საკუთარი სულიერი ცხოვრების წარმართვისთვის ხშირად ასტროლოგიას, მკითხაობას და სხვადასხვა „ენერგეტიკის” მქონე ქვებსაც იყენებენ.
საბედნიეროდ, საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა პროტესტანტული ეკლესიის დოქტრინისა და რელიგიური პრაქტიკას საკმაოდ ახლოს ვიცნობთ (მათ შესახებ ჩვენი სტატიები იხილეთ სახალხო დამცველის ოფისის მიერ 2008 წელს გამოცემულ ენციკლოპედიაში „რელიგიები საქართველოში”). ამიტომ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ნიუ-ეიჯერთა რწმენისთვის დამახასიათებელი არც ერთი ნიშანი არ ახასიათებს საქართველოში მოქმედ ხსენებულ რელიგიურ გაერთიანებებს. ასე რომ, ეს საკმაოდ უხეში პროფესიული შეცდომა იყო მომხსენებლის მხრიდან.
დეკანოზმა დავითმა ხელისუფლების მისამართითაც გამოთქვა უკმაყოფილება გასული წლის ივლისში რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციასთან დაკავშირებით სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილების გამო. მისი თქმით, ეს საკითხი „უშუალოდ ეხებოდა” ეკლესიას და ამიტომ ამ საკითხზე საპატრიარქოსთან უნდა მომხდარიყო შეთანხმება.
ეს საკანონმდებლო ცვლილება ნამდვილად არ ეხება „უშუალოდ” სმე-ს და მეორეც, მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფო არ არის ვალდებული საპატრიარქოს შეუთანხმოს ის საკითხები, რომელიც მას (საპატრიარქოს) არ ეხება.
საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელისადმი ჩვენი უმნიშვნელოვანესი შეკითხვა-შენიშვნა ეხებოდა ქართველ რელიგიურ ექტრემისტებთან დამოკიდებულების საკითხს: დავსვით მკაფიო შეკითხვა იმის შესახებ, ოდესმე თუ გამოუქვენებია საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება, რომლითაც ის ემიჯნება მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს (მმკ) და თუკი არსებობს ამგვარი განცხადება, მაშინ რატომ დაჯილდოვდა საზეიმოდ დეკანოზი დავით ისაკაძე სწორედ მას შემდეგ, როცა მისი ორგანიზებით ჯერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი ტელეკომპანია კავკასიაში შეიჭრნენ და პირდაპირი ეთერი ჩაშალეს, მიაყენეს რა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა ტელეკომპანიის ხელმძღვანელს, დავით აქუბარდიას.
მამა დავითმა მოგვიგო, რომ საპატრიარქოს  ასეთი განცხადება  არ გაუკეთებია, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მმკ-ს წევრები თავის დროზე დაბარებულნი იყვნენ ქორეპისკოპოსთან, სადაც მათ გაფრთხილება და ძმური ქრისტიანული შეგონებანი მიიღეს. ამგვარი პასუხით უკმაყოფილოებმა აღვნიშნეთ, რომ თავად ეკლესიის ინტერესებში შედის ოფიციალური განცხადების გაკეთება, რადგან საზოგადოების თვალში ის (ეკლესია) ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიქმება, როგორც მინიმუმ, ამ დაჯგუფების (მმკ) მფარველად მაინც და იქ, საპატრიარქოში ფარულად რა შენიშვნებს აძლევენ მმკ-ს მესვეურებს, ეს ნაკლებად შესამჩნევი და ღირებულია საზოგადოებისთვის. დეკანოზ დავით ისაკაძის დაჯილდოების შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემას კი მამა დავითმა თავი აარიდა.
დისკუსიას ესწრებოდა სახალხო დამცველის ოფისის ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი, რომელმაც 1991 წელს პატრიარქ ილია მეორის მიერ სვეტიცხოველში წარმოთქმული შემდეგი სიტყვები გაიხსენა: „ყოველი, რომელიც მართლმადიდებლობას, ჩვენს ეკლესიას, სვეტიცხოველს უღალატებს, მოღალატე იქნება მშობელი ერისაც, ამიტომ ყოველი კაცი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენში სექტანტური მოძღვრებებისა და სხვადასხვა რელიგიის გავრცელებას, ქართველი ერის მტრად გამოცხადდება” (სვეტიცხოველი, 13 ივლისი 1991 // იხ. კრებული: „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი”. წიგნი მეორე. თბ., 1997, გვ. 314).
საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ არ ახსოვს მსგავსი რამ თუ აქვს ნათქვამი კათალიკოს-პატრიარქს. მან ასევე აღნიშნა, რომ საეჭვოა, პატრიარქს ამგვარი რამ ეთქვა, რის შემდეგაც ბ-ნმა ბექამ შესაბამის წყაროზე მითითებით ეს მონაკვეთი სიტყვა-სიტყვით ამოიკითხა.
დეკანოზმა დავითმა თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ საქართველოში არც წარსულში და არც დღეს ანტისემტიზმი არ არსებობს. ამის შესახებ ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს მოუწია საეკლესიო პრესაში (რომელთა უდიდესი ნაწილი საპატრიარქოს სარეცენზიო საბჭოს ბეჭდით გამოდის) პერმანენტულად გამოქვეყნებული იმ პუბლიკაციების ხსენება, სადაც გამუდმებით ებრაულ-მასონური შეთქმულებები იგმობა… ბატონი მინდიაშვილის სამართლიანი მითითებით, არც ის ფაქტი მეტყველებდა სმე-ს ტოლერანტობაზე, როდესაც სხვა ეკლესიების კუთვნილი ტაძრები დღემდე არ არის დაბრუნებული.
დისკუსიისას 2009 წლის დეკემბერში საპატრიარქოსადმი გაგზავნილი შეკითხვების თაობაზეც ისაუბრეს. როგორც ცნობილია, საპატრიარქომ საზოგადოების ნაწილად არ მიიჩნია წერილის ავტორები (რამდენიმე ასეული ადამიანი), რაც დიდ შეურაცხყოფად აღიქვეს წერილის ავტორებმა. ჩვენთვის საინტერესო კი ის აღმოჩნდა, რომ საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა ეს ფაქტიც ვერ გაიხსენა.
შემდეგი მომხსენებელი, რომლის შეხედულებებმაც ასევე გამოიწვია კრიტიკული შენიშვნები ჩვენი მხრიდან, გახლდათ საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტი საეკლესიო სამართალში, ბ-ნი არჩილ მეტრეველი. როგორც მის მიერ წარმოთქმული მოკლე სიტყვიდან გახდა ნათელი, ბ-ნი არჩილი ერთმანეთისგან ვერ მიჯნავს, ერთის მხრივ, ადამიანის პირად რელიგიურ რწმენას, თეოლოგიურ მსოფლმხედველობას და, მეორეს მხრივ, მის სამოქალაქო პოზიციას. მას გულწრფელად ვერ გაეგო, როგორ შეიძლება ადამიანი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი იყოს და იმავდროულად სხვა კონფესიებისთვის მათი კუთვნილი ტაძრების დაბრუნება სურდეს (!). შევეცადეთ აგვეხსნა, რომ ადამიანის მიერ ერთი რომელიმე რელიგიის გულწრფელი მიმდევრობა არ გულისხმობს განსხვავებული რელიგიური რწმენის ადამიანების უფლებების შეზღუდვას სამოქალაქო სივრცეში.
ბ-ნი არჩილის სხვა შეხედულების თანახმად, ვინაიდან საქართველოს ისტორიაში ყველა კონფესიას არ აქვს თანაბარი წვლილი, ამიტომ არც დღეს უნდა იყოს მათი უფლებები თანაბარი. აქ გასაკვირია, რატომ არის გაუგებარი ის გარემოება (და ამგვარ თვალსაზრისს მხოლოდ ბ-ნი არჩილი არ გამოთქვამს), რომ წარსული დამსახურების გამო პრივილეგიების მოთხოვნა, უპირველესად, ქრისტიანულ მორალს ეწინააღმდეგება (სამართლებრივ კატეგორიებზე რომ არაფერი ვთქვათ). სულიერი დამსახურების გამო მატერიალური პრივილეგიების მოთხოვნა მაინცდამაინც ლამაზი საქციელი არ არის…
სწორედ ამ მომენტში მამა დავით შარაშენიძემ სიტყვა გაგვაწყვეტინა და გვკითხა, თუ რას ვგულისხმობდით პრივილეგიებში. ამ უცნაურ შეკითხვას თავაზიანად ვუპასუხეთ, რომ პრივილეგიაა, როცა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს მხოლოდ ერთი კონფესია (დღგ-ს, მოგების, მიწის და სხვა სახის გადასახადებისგან სრული გათავისუფლება), რითაც სხვა ვერ სარგებლობს. პრივილეგიაა, როცა ერთი რელიგიური გაერთიანება ყოველ წელს 25 მილიონი ლარით (+უძრავ-მოძრავი ქონების გადაცემა) ფინანსდება სახელმწიფოსგან, სხვა გაერთიანება კი ერთ თეთრსაც არ იღებს იმავე სახელმწიფოსგან. ამასთან ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ეს მილიონები ქვეყნის ყველა მოქალაქის (მიუხედავად რელიგიური მრწამსისა) შრომით მოპოვებული თანხისგან შედგება.
პრივილეგიების დამაკმაყოფილებელი განმარტების მიღების შემდეგ, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ განაცხადა, რომ ეკლესიის 25 მილიონით დაფინანსება წარსულში მიყნებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფორმაა. ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით შეხვედრის თანაორგანიზატორმა, ბატონმა ლევან ჩოლოყაშვილმა განაცხადა, რომ მატერიალური ზარალის ანაზღაურება მოთხოვნილი უნდა იქნეს ზარალის მომყენებლისგან. ეკლესიამ საკუთარი ქონება საბჭოთა კავშირის დროს დაკარგა, რომლის სამართალმემკვიდრე დღეს რუსეთია. ამიტომ სწორედ მისგან უნდა იქნეს მოთხოვნილი ამგვარი ანაზღაურება. რასაკვირველია, ამ მას ვერ მივიღებთ, მაგრამ მოთხოვნის დონეზე მაინც უნდა იყოს ეს საკითხი დაყენებული.
ბ-ნი არჩილ მეტრეველის შემდეგ მოხსენებით წარმოგვიდგა მისი მეგობარი და თანამოაზრე, მთავრობის კანცელარიის მრჩეველი, საეკლესიო სამართლის სპეციალისტი, დავით ჩიკვაიძე, რომელმაც საკუთარი მოხსენება ერთობ უცნაური შესავლით დაიწყო. მისი განცხადებით, თბილისის ქუჩებში ჩვენ ვერ ვნახავთ ვერც რუსეთის, ვერც ამერიკის და ვერც სხვა ქვეყნის დროშებს. გამოფენილია მხოლოდ ევროკავშირის დროშები. ამიტომ ორიენტაცია სწორედ ევროპის ქვეყნებზე უნდა ავიღოთ. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის მოდელების ზოგადი აღწერის შემდგომ მან იმ ევროპული ქვეყნების ჩამოთვლა დაიწყო, რომლებშიც დომინანტ ეკლესიებს პრივილეგირებული მდგომარეობა აქვს და გაკვირვება გამოთქვა, რატომ არ უნდა იყოს ჩვენთვის მაგალითი დასავლეთ ან ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ამგვარი რელიგიური მდგომარეობა.
აშკარა იყო ტენდენციური მიდგომა. მისი მოხსენების ამ ძირითად ნაწილზე ჩვენ სიტყვასიტყვით შემდეგი განვაცხადეთ: „გაუგებარია რატომ უნდა გადმოვიღოთ მხოლოდ ევროპის ქვეყნების (ისიც მხოლოდ ზოგიერთი მათგანის) გამოცდილება და არა შეერთებული შტატების. დროშებთან დაკავშირებით სერიოზული საუბარი კი არ ღირს… ან თუნდაც ევროპის ფარგლებში რატომ მოგვწონს მხოლოდ იმ ქვეყნების რელიგიურ-სამართლებრივი პრაქტიკა, მაგ., ინგლისის ან საბერძნეთის, სადაც დომინანტ ეკლესიას გარკვეული პრივილეგიები აქვს სხვა კონფესიებთან შედარებით და არა მაგ., ნორვეგიის, სადაც მთავრობა თანაბრად აფინანსებს როგორც სახელმწიფო ეკლესიას, ისე ყველა დანარჩენ კონფესიას, ან რატომ არაფერს ვამბობთ ჰოლანდიის მაგალითზე, სადაც ყველა კონფესია თანაბარ პირობებშია ჩაყენებული?
აქ ბ-ნმა დავით ჩიკვაიძემ შესწორების შეტანა სცადა. მისი თქმით ნორვეგიაში თაბარწილოვანი დაფინანსებაა და არა თანაბარი. მაგრამ ჩვენი დაზუსტების შემდეგ განსხვავებული სიტყვებით (თანაბარი, თაბარწილოვანი) გადმოცემული შინაარსი ერთიდაიგივე აღმოჩნდა, რადგან თითოეული ჩვენგანი შემდეგს გულისხმობდა: ნორვეგიის სახელმწიფოს მხრიდან ყველა ეკლესიის თითოეულ წევრზე თანაბარ დაფინანსებას. ამიტომ, ბუნებრივია, თუ ხსენებულ ქვეყანაში რომელიმე ეკლესიას უფრო მეტი წევრი ყავს, მას საერთო ჯამში უფრო მეტი დაფინანსებაც მეტი აქვს.
საინტერესო იყო ასევე ბ-ნ დავით ჩიკვაიძის მიერ ხალხის ნებაზე აპელირება. მან გაიხსენა შვეიცარიაში რეფერენდუმით აკრძალული მინარეთების საკითხიც და ისურვა, რომ საქართველოშიც მართლმადიდებელი უმრავლესობა წყვეტდეს რელიგიურ საკითხებს. შვეიცარიის ხსენებული რეფერენდუმის შესახებ, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ რელიგიის თავისუფლების საწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნია, ამ წერილში არ ვისაუბრებთ, რადგან სწორედ ამ თემის განხილვა მოგვიწია ჩვენს ბოლო სტატიაში (იხ. „ქრისტიან-დემოკრატების რელიგიური სპეკულაციების შესახებ ისტორიულ ძეგლებთან დაკავშირებით“ // http://liberali.ge/statia/davit-tinikashvili/kristi )
ამრიგად, ბატონი ჩიკვაიძე მომხრეა ევროპის მხოლოდ იმ ქვეყნების ვითარების გადმოღებისა, სადაც დომინანტ ეკლესიას გარკვეული პრივილეგიები აქვს სხვებთან შედარებით. სწორედ ეს იყო ჩვენს შორის მთავარი სადავო საკითხი. სხვა სიტყვებით, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელისთვის (დეკანოზი დავით შარაშენიძე), ბ-ნ დავით ჩიკვაიძისთვის და ბ-ნ არჩილ მეტრეველისთვის მიუღებელი აღმოჩნდა თანასწორობის პრინციპი და სხვების თავისუფლებაზე თანაბრად ზრუნვა. სწორედ ამ თვალსაზრისით ვუწოდეთ მათ ანტილიბრალურად განწყობილნი, რადგან, მოგეხსენებათ, „ლიბერ“ თავისუფლებას ნიშნავს.
გამოქვეყნდა ჟურნალ „ლიბერალის“ ვებ-გვერდზე, 4 აპრილი, 2012
http://liberali.ge/statia/davit-tinikashvili/ratom
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s