გენიალური წიგნები მოკლედ “ზარმაცებისთვის” #2

18 აგვისტო, 2016
“გენიალური წიგნები მოკლედ “ზარმაცებისთვის” მინი-პროექტია, რომლის  სტუმრები იმ ემოციებს და იდეებს გვიზიარებენ, რომელიც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნების კითხვისას გაუჩნდათ. ავტორებისა და ნაწარმოებების  რიგითობა, რა თქმა უნდა, პირობითია.
რუბრიკის მასპინძელი გიორგი ჭეიშვილია, რუბრიკის მეორე ავტორი – ლევან გიგინეიშვილი.
#1 პლატონი – „სახელმწიფო
ერთ ჩემს მეათეკლასელ მოსწავლეს ვათხოვე პლატონის “სახელმწიფო” ბაჩანა ბრეგვაძის შესანიშნავ თარგმანში. რამდენიმე ხნის შემდეგ მეუბნება: “მასწ, პლატონს რომ ვკითხულობ, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ის, რასაც ამბობს, უკვე დიდი ხანია ვიცოდი: ჩემში იყო, მან კი მხოლოდ გამახსენა და უფრო ცხადად დამანახაო”.
არ მგონია ჩემი მოსწავლე ერთადერთი იყოს, ვისაც მსგავსი განცდა დაეუფლება ამ დიდი წიგნის წაკითხვის შემდეგ.
იგი ეხება ყველაზე მთავარს: რა არის სამართლიანობა? არის თუ არა სამართლიანობა ის პრინციპი, რომელიც თვითმკმარია, რომელიც სხვა რამისთვის კი არ გინდა, არამედ თავისთავადი ღირებულება აქვს, როგორც (პლატონისვე მაგალითი რომ გამოვიყენოთ) ბავშვების თამაშს, რადგან ბავშვები არ თამაშობენ არაფერი გარეშე მიზნისთვის, ან მშობლების შექებისთვის, ან რამე ხელოვნებაში გაწაფვისთვის, არამედ თამაში თავისთავად სასიხარულოა, საკუთარი თავისთვის საკმარისია. არის თუ არა სამართლიანობა ასეთივე რამ?
სოკრატეს თანამოსაუბრეებს, კეფალოსის შვილებს, აქვთ კეთილშობილი ინტუიცია, რომ სამართლიანობა სწორედ ასეთი, აბსოლუტური და თვითმკმარი პრინციპი უნდა იყოს, მხოლოდ არ შეუძლიათ ამ ინტუიციის დასაბუთება და მთელი ეს დიალოგი სოკრატეს მცდელობაა ლოგიკურ-დიალექტიკურად დაასაბუთოს ეს, როგორც თავად ამბობს, “ღვთიური განცდა” მის თანამოსაუბრეებში.
ამ დიალოგში პლატონი წარმოდგება მთელ თავის დიდებულებაში: სიბრძნით, თავბრუდამხვევი დიალექტიკით, ხალასი და სიცილამდე მიმყვანი, მაგრამ, ამავე დროს, ყოველთვის ფილოსოფიის მიზანს დამორჩილებული ირონიით, მოულოდნელობებითა და პარადოქსებით. ჩვენ ლამის ძვალ-რბილში გვაქვს გამჯდარი, რომ დემოკრატია კარგია; აი “სახელმწიფოს” მერვე თავში პლატონი საპირისპიროს დაგიმტკიცებთ; მიდი და შეეჭიდე, შეეკამათე, ვინ გიშლის, მაგრამ გაფრთხილდი კიდეც: შენს წინ ამ ჭიდილში და კამათში პლატონია, ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში და ალბათ ყველა დროის ჩემპიონი ფილოსოფიაში.
და მაინც, ჭეშმარიტება პლატონზე მეტიცაა, ასე რომ პლატონთანაც უნდა ვიჭიდაოთ!
#2 ჰომეროსი – „ილიადა
“ილიადა” ალექსანდრე მაკედონელს ბალიშის ქვეშ ჰქონდა ამოდებული ყველგან, სადაც კი მიდიოდა. გარკვეული აზრით, “ილიადა” კაცობრიობის ბალიშის ქვეშ ამოსადები წიგნია.
იგი აღწერს ერთ შედარებით მოკლევადიან ეპიზოდს ბერძნებისა და ტროელების ათწლიანი ომისა, კერძოდ ეპიზოდს, როდესაც აქილევსს, ბერძნების მთავარ გმირს, შეურაცხყოფას მიაყენებს ბერძნების მთელი კოალიციის მეთაური, მეფე აგამემნონი.
სიმართლე – აქილევსისაა, ძალაუფლება – აგამემნონის, ქარიზმა – აქილევსისაა, სამეფო სტატუსის ღირსება – აგამემნონის, ეს უკვე დიდი დაპირისპირებებია. აქილევსის ღირსება უნდა აღდგეს! რა აზრი აქვს პოლიტიკურ წარმატებას, თუნდაც ომის მოგებას, თუ კონკრეტული ადამიანია უსამართლოდ დამცირებული და შეურაცხყოფილი? ზევსიც, ამ შემთხვევაში, აქილევსს ემხრობა და დროებით, აქილევსის შეურაცხყოფის გამოსწორებამდე, ტროელებს ეხმარება ბერძნებთან ბრძოლაში, რადგან სამართლიანობა მარადიულია, პოლიტიკური წარმატება კი დროებითი.
ამ ეპოსში ჩადებულია დიდი სიბრძნე იმისა, რომ მტრობა ადამიანებს შორის არ არის აბსოლუტური, არამედ აბსოლუტურია პატიების უნარი და ის, რომ მტერშიც სრული ადამიანური ღირსების დანახვა და დაფასება შესაძლებელია.
ამის გამო მიდის ტროის მეფე პრიამოსი აქილევსთან და თავისი შვილის, ჰექტორის გვამის გამოსათხოვნად მას შვილის მომკვლელ ხელებს უკოცნის, რადგან იცის, რომ აქილევსი უსინდისო არაა და ბერძნობას და პოლიტიკურ კონიუნქტურებს ადამიანობაზე მაღლა არ დააყენებს.
ბოლო, 24-ე თავში მტრები – ტროელთა მეფე და ბერძნების მთავარი მებრძოლი – ერთმანეთს უღიმიან, როგორც ოლიმპოელი ღმერთები.
#3 ჰომეროსი – „ოდისეა
“ოდისეა” ორი პარალელური სიუჟეტისგან შედგება, რომლებიც ბოლოს ერთდება.
პირველი სიუჟეტი უკავშირდება ტელემაქეს და მის ურთიერთობას თავგასულ სასიძოებთან, რომლებიც ოდისევსის ქონებას აჩანაგებენ.
“ოდისეას” ამ პირველ სიუჟეტში, “ტელემაქიაში” ვხედავთ ტელემაქეს დაკაცების სტადიებს. ამისთვის მან უნდა მიატოვოს სახლი, იმოგზაუროს, შეიცნოს თავისი თავი, გაისიგრძეგანოს, თუ რას ნიშნავს იყო ოდისევსის შვილი; რომ ოდისევსის შვილობა ბიოლოგიური მოცემულობა კი არა, ზნეობრივი ძალისხმევა, პირადი სიქველე და გამბედაობაა.
ტელემაქე განიცდის ცვლილებას და ბედავს შევიდეს “ხიფათის ზონაში” სასიძოებთან ურთიერთობაში, რადგან სიმართლე და სიქველე, როგორც ნათქვამია, საბოლოოდ სიკვდილის ენით გველაპარაკებიან, ანუ მოითხოვენ, რომ სასიკვდილო საფრთხის წინაშეც დავიცვათ ისინი.
მამა-შვილის, ტელემაქეს და ოდისევსის შეხვედრა და ურთიერთცნობა სწორედ მაშინ ხდება, როცა ოდისევსი ამ ბოლო, კულმინაციურ გაკვეთილს აძლევს ტელემაქეს:“სჯობს მოგკლან, ვიდრე უსამართლობა აიტანო”.ამ ცოდნით ტელემაქე ოდისევსის ნამდვილი შვილი ხდება და მამა-შვილი ერთმანეთს პირველად უღიმიან, როგორც ერთ საიდუმლოს განდობილები.
მეორე, პარალელური სიუჟეტი ოდისევსის თავგადასავალია, უამრავი საინტერესო, დამანიტრიგებელი, იუმორისტული დეტალებით.
კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ანეკდოტი სწორედ “ოდისეადანაა”, როცა ოდისევსი ციკლოპ პოლიფემეს მოატყუებს და “არავინ” მქვიაო ეტყვის; მერე მისგან დაბრმავებული პოლიფემე რომ უხმობს სხვა ციკლოპებს “არავინ, არავინ მიქნა ესო”, ისინი მხრებს იჩეჩავენ და ამბობენ: “თუ არავინ უქნა, ჩვენგან რაღა უნდაო”.
ოდისევსიც ვითარდება, ისიც შემეცნებისა და ზრდის გზაზე დგას. ათენა ეხმარება თავის რჩეულს, მაგრამ როცა ეს დახმარება არ ჩანს, ოდისევსი დამოუკიდებლად თავის გონებას, გამჭრიახობას და მარიფათს მიმართავს.
ეს ყველაფერი კი დიდი სიყვარულის და ამ სიყვარულით გაჩენილი ნოსტალგიის სამსახურშია – ოდისევს უკვდავ ღმერთქალებთან ნეტარებაზე მეტად უყვარს თავისი ცოლი, პენელოპე და თავისი სამშობლო – ითაკა.
#4 ლევ ტოლსტოი – „ომი და მშვიდობა
ეს არის წიგნი, რომლის წაკითხვის შემდეგ გიჩნდება განცდა, რომ ერთი ცხოვრება უკვე იცხოვრე.
პერსონაჟები იმდენად ცოცხლები, დამაჯერებლები, იმდენად გამოკვეთილი ინდივიდუალურები არიან, რომ მათ დიდი ხნის ახლობლებივით აღიქვამ. მე მესიზმრებოდნენ ისინი.
ანდრეი ბალკონსკი, რომელსაც ასე სტკივა პირველი ცოლის გარდაცვალება, ყველაზე მეტად იმიტომ, რომ არ უთხრა ის, რაც უნდა ეთქვა, არ სთხოვა პატიება, რომ საკმარისი სიყვარული და გულისხმიერება არ გამოიჩინა. თითქოს მისთვის ყველა სიხარული დასრულდა ცხოვრებაში, მაგრამ ახალი სიყვარული ეწვევა.
მამამისის სიტყვები: “შენ თუ ომში მოგკლავენ, მეტკინება, მაგრამ თუ ბალკონსკის შვილის დარად არ მოიქცევი – შემრცხვება” – რა სიძლიერით არის წარმოთქმული! ხვდები, რამ შეიძლება მისცეს უდრეკი ვაჟკაცობა ადამიანს სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე.
დაჭრილი ბალკონსკის ფიქრები ლაზარეთში მტრის სიყვარულზე – ეს სახარების უმაღლესი პრინციპის ისეთი დამაჯერებელი და ცხადი ინკარნაციაა, რომ ძალაუნებურად იფიქრებ, “ამის მეტი საერთოდ რა შეიძლება დაიწეროს ლიტერატურაში?” სიკვდილის წინ მისი სიტყვები “по моему я слишком тебя люблю”, განგაცდევინებს, რომ სიყვარული არც შეიძლება არ იყოს გადამეტებული, მშიერი და უსაზღვრო.
სხვაც ბევრი, ძალიან საინტერესო და ღირსეული პერსონაჟია ამ ვრცელ ეპოსში: ნატაშა როსტოვა, პიერ ბეზუხოვი, ნიკოლაი როსტოვი თუ პლატონ კარატაევი. ისტორიული და გამოგონილი რეალობა არაჩვეულებრივად არის შერწყმული. ნაპოლეონი, კუტუზოვი, თუ ჩვენი თანამემამულე პეტრე ბაგრატიონი რომანის არა დეკორატიული, არამედ რეალური პერსონაჟები არიან და მათაც იყენებს ავტორი იმისათვის რომ დააფიქროს მკითხველი მთავარზე: ცხოვრების საზრისზე.
#5 მიხაილ ბულგაკოვი – „ოსტატი და მარგარიტა
პირველად მეცხრე კლასში ვიყავი რომ წავიკითხე. მაშინ, საბჭოთა კავშირის დროს, სტერილური ათეიზმის ფონზე, ყველაფერი, რაც ქრისტიანობასთან და რელიგიასთან იყო დაკავშირებული, რაღაც კეთილშობილი შარმითა და რომანტიზმით იყო მოცული.
ამგვარი რელიგიური რომანტიზმი ახლდა ჩემთვის ამ ნაწარმოებს. მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი, რომ არც ბულგაკოვის დახატული იესოა მთლად სახარების იესო და არც მისი ვოლანდია ტრადიციული სატანა (ერთმა რუსმა ლიტერატორმა ისიც თქვა: “ვოლანდი სატანა კი არა, უფრო ცხოვრებაზე გაბეზრებული და სარკაზმში გადავარდნილი ინტელექტუალიაო”).
რომანში ორი პარალელური სიუჟეტი ვითარდება: ერთი ოცდაათიანი წლების მოსკოვში, მეორე კი პალესტინაში, იესოს ეპოქაში. ეს ორი სიუჟეტი ბოლოში იკვეთება, როცა ლევი მათე (რომელიც უფრო პეტრე მოციქულის ტემპერამენტს ავლენს, ვიდრე მათესი, რომლის ხასიათი თითქმის სრულიად გამოუკვეთელია სახარებებში) ესაუბრება ვოლანდს.
ჩემთვის, პირველ წაკითხვაზე, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მოტივი იყო იდეოლოგიზირებული კომუნისტების თავდაჯერებულობის დამსხვრევა და გაშაყირება ვოლანდის და მისი ამალის მიერ. პილატეს პერსონაჟიც ძალიან კარგად არის გამოკვეთილი, ამობურცული და სავსებით ზუსტია ბულგაკოვის აზრი პილატეზე, რომ მისი მთავარი ცოდვა იყო სიმხდალე.
იესოს რეფრენული ფრაზა რომანიდან “ბოროტი ადამიანები არ არსებობენ, ყველა ადამიანი კეთილია” – ესეც თეოლოგიურად ძალიან ზუსტი და მეტაფიზიკურია: ქრისტიანულ-პლატონური თვალთახედვით ბოროტებას ხომ არსი არ აქვს, ის კვაზი-რეალობაა, ამიტომ ბოროტება ნებისმიერ ადამიანშიც არარსია, რომლის მიღმაც ამ ადამიანის ნამდვილი არსი, ანუ სიკეთე იმალება.
ამავე საზრისს ატარებს რომანის სხვა რეფრენიც: “ხელნაწერები არ იწვიან”: ანუ, რაც რეალურია, ნამდვილი და გულწრფელია გრძნობაში, აზრში თუ ქმედებაში, ის მარადიულიცაა და დაუკარგავიც.
ასეთი მარადიული და დაუკარგავია ის სიყვარული ოსტატსა და მარგარიტას შორის, რომელიც რომანის მთავარი მოტივია, თუნდაც მათ მხოლოდ სიმშვიდის დამკვიდრება დაიმსახურონ და არა სინათლის უფსკრულის.
#6 ჰერმან მელვილი – „მობი დიკი
მელვილის ეპიკა “მობი დიკი” ადგილებში ძალიან მოსაწყენი ჩანს: გემის დეტალების, ვეშაპების მუსვრის ტექნიკის ა.შ. გრძელი აღწერები თითქოს ზედმეტია. მაგრამ რეალურად, თუ მოთმინებით წაიკითხავ, ეს ადგილებიც და საერთოდ, მთელი ეს დიდი წიგნი მთელ სამყაროს გაზიარებს და არსებობის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე დაგაფიქრებს: ვაჟკაცობა-სიმხდალეზე, სიკვდილ-სიცოცხლეზე, ფანატიზმზე და გონიერებაზე, მეგობრობასა და უპირობო ერთგულებაზე.
კაპიტანი აქაბი მაგალითია დიდსულოვანი ადამიანის, რომელიც ფანატიზმს არის აყოლილი; თავად მელვილის მეტაფორით, იგი იქცა პრომეთედ, რომელიც თავის ილუზიებს კვებავს საკუთარივე ღვიძლით, ანუ სიცოცხლით: წარმოიდგინეთ, მან ფეხი დაკარგა როდესაც ცდილობდა მოეკლა თეთრი ვეშაპი და ამის შემდეგ ცხოვრების იდეაფიქსად ექცა, შური იძიოს პირადად მასზე, თეთრ ვეშაპზე, ადამიანმა – მხეცზე.
ეს სიგიჟე მან შენიღბა ძალიან ჭკვიანურად გაწერილი და ეკონომიკური სარგებლობის მოლოდინით დასაბუთებული პროექტით, რომლის გამოც ახალი ვეშაპთმმუსვრელი ექსპედიცია დაუფინანსეს. ნებისმიერი ფანატიზმიც ესაა: გონებას უკვე იყენებს რაღაც ცრუ სინათლე და იგი ამ “ბნელი სინათლის” სრულ ტყვეობაშიც აღმოჩნდება; გონება და სინდისი ექვემდებარება აპრიორულ და კრიტიკის მიღმა დაყენებულ იდეასა თუ ვნებას, ეს კი ღუპავს როგორც თავად ამ დაავადებულს, ისე მის გვერდით მყოფ და მასზე მინდობილ ხალხს.
მაინც რა არის ეს თეთრი ვეშაპი, რომლის მოკვლაც აქაბს სურს ყველაფრის ხარჯზე? მისთვის ეს რაღაც მეტაფიზიკური ბოროტების განსახიერება, ინკარნაციაა. თითქოს კაცობრიობის ყველა წყევლამ, ტანჯვამ, უბედურებამ, წარუმატებლობამ ამ ვეშაპში მოიყარა თავი და მისი მოკვლით სამყარო შეიცვლება. ცხადია, აქაბი ცდება, მაგრამ ის, რომ სამყაროში ყველაფერი წესრიგში არაა, რომ არ უნდა მივიღოთ ის, როგორც მოცემულობა, არ უნდა ჩავიძიროთ ტკბილად ყალბი სიცხადეების და სიმშვიდეების თაფლში (როგორც ერთი ოჰაიოელი თაფლის შემგროვებელი, რომელიც, როგორც რომანიდან ვიგებთ, თაფლით სავსე ფუღუროში ჩავადრა და დაიხრჩო) არამედ ვაჟკაცურად ვიბრძოლოთ ამ ყველაფრის გადალახვისთვის, რომან “მობი დიკის” დიადი ინტუიცია და მოწოდებაა.
#7 ფიოდორ დოსტოევსკი – „ეშმაკნი
დოსტოევსკიმ ეს ნაწარმოები უცხოეთში ყოფნისას დაწერა, შეძრულმა გაზეთში წაკითხული ინფორმაციით, რომ რუსეთში ნეჩაევის რევოლუციური პარტიიდან გამოსვლისთვის ერთი სტუდენტი პარტიის წევრებმა მოკლეს.
ეს ინფორმაცია მხოლოდ ბიძგი იყო დოსტოევსკისთვის აღეწერა რუსეთის სულიერი მდგომარეობა, მასში არსებული შინაგანი კონფლიქტები და ერთმანეთს დაპირისპირებული მსოფლმხედველობები.
“ეშმაკნი” – აქ არ არიან სახარების დაცემული ანგელოზური სულები, არამედ ადამიანები, რომლებშიც მოქმედებენ მსოფლმხედველობრივი ვნებები და იმპულსები, ადამიანები, რომლებსაც აღარ აქვთ პიროვნული, შინაგანი ღერძი, ღირსების ღრმა პიროვნული განცდა, როგორც, მაგალითად შუბლმორეცხილ ვერხოვენსკის, ამიტომაც ყველაფერი დაცურდა, ყველაფერი სიგიჟის ზღვარზეა; პოლიტიკურ ავანტიურისტებს სრული გასაქანი აქვთ და ამ ყველაფრის შემაკავებელი არ ჩანს.
დადებითი პერსონაჟის პოვნა ამ ნაწარმოებში ძნელია, შეუძლებელი თუ არა. თავად სტუდენტ შატოვზე, რომელსაც კლავენ, ვერ იტყვი, რომ ჯანსაღი ფსიქიკისაა. ისიც გატაცებულია რუსული მართლმადიდებლურ-მესიანური პოლიტიკურ-რელიგიური იდეით და სურს დემონურად ქარიზმატული სტავროგინი ამ მისიის მედროშედ გახადოს. სტავროგინის კითხვაზე, “კი მაგრამ, ღმერთის თუ გწამსო”, შატოვი დაიბნევა და უპასუხებს: “მე, მე ვირწმუნებ ღმერთს”. ანუ, გამოდის მისთვისაც ღმერთი და ჭეშმარიტება კი არ არის მთავარი, არამედ დიდი რუსეთის პოლიტიკური პროექტი.
ასე დასცინა დოსტოევსკიმ ნებისმიერ ასეთ პოლიტიკურ-თეოლოგიურ მესიანიზმს.
ერთ-ერთი “ეშმაკი”, კირილოვი, ფიქრობს კაცობრიობის გათავისუფლებას და ახალი ეპოქის დაწყებას რიტუალური თვითმკვლელობით: ამით ის დაამტკიცებს, რომ ადამიანი აბსოლუტურად თავისუფალი და მარტო თავისი გადაწყვეტილებებით გაპირობებული არსებაა, რადგან ნებისმიერი რამის სურვილი უკვე დეტერმინიზმია, ხოლო სიცოცხლის სურვილი ყველაზე ფუნდამენტური და ძლიერი სურვილია, ამიტომ თუ ადამიანი ამ სურვილს დაამარცხებს თვითმკვლელობით, ამით დაამტკიცებს თავის რადიკალურ ავტონომიას და არადეტერმინირებულობას, ულიმიტო თავისუფლებას.
ამდენად, კირილოვს თავი ახალ ქრისტედ და კაცობრიობის გამაბედნიერებლად ჰყავს წარმოდგენილი. თუმცა, თვითმკველობის წინ ხვდება, როგორც ჩანს, რომ რაღაც დიდ სიგიჟეშია და ენაგამოყოფილ კარიკატურას ხატავს საკუთარ თავზე.
დოსტოევსკის ეს რომანი წინასწარმეტყველებაა: ის რაც “ეშმაკნიშია” აღწერილი, ბოლშევიკური რევოლუციის სახით, რუსეთში რეალურად მოხდა.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ლუნაჩარსკისთან ერთხელ ახალგაზრდა რევოლუციონერები მივიდნენ და ჰკითხეს, “დოსტოევსკის ბიუსტი დავდგით და რა წარწერა გავუკეთოთო?” ლუნაჩარსკიმ უპასუხა: “ძვირფას ფიოდორ მიხეილის ძეს მადლიერი ეშმაკებისგან”.
#8 ფრიდრიხ ნიცშე – „ესე იტყოდა ზარატუსტრა
თუ გინდა გაიგო რა არის კლდიან უცნობ გზაზე სიარული, სადაც უეცრად შეიძლება ფეხი ამოგიბრუნდეს და იღრძო, თუ არ გეშინია საკუთარ თავში საძაგლობების და სიყალბეების აღმოჩენის, თუ მზად ხარ დადგე ყველაზე არამპატიებელი გულწრფელობისა და აზრის სიმკაცრის წინაშე, გაბედე და წაიკითხე ნიცშეს “ესე იტყოდა ზარატუსტრა”. ამ ნაწარმოებში მთელი დასავლური ფილოსოფია,  წინასოკრატელებიდან დაწყებული, კრიტიკულ ქარ-ცეცხლშია გატარებული.
ნიცშეს აქვს ამბიცია, რომ მისცეს კაცობრიობას ახალი სახარება ყოველგვარი ყალბი და არანამდვილი იმედისა თუ ნუგეშის გარეშე. “რაც ეცემა, იმას წიხლიც ჰკარი” – ანუ რაც არ არის გულწრფელი და მართალი, არ შეაკოწიწო, არ დაიცვა საკუთარი სულმოკლეობის და გაუბედავობის, ახალი პერსპექტივის შექმნის შიშის გამო.
“ღმერთი მოკვდა” – ანუ ის, რაც თავს ღმერთად აცხადებდა და ადამიანს ნამდვილ, ავთენტურ ცხოვრებას ჰპირდებოდა, სინამდვილეში შეიძლება შენი სულის ყველაზე სულმოკლე იმპულსის ევფემიზმი იყო და კარგია თუ ასეთი ღმერთი მოკვდა, რადგან მარტო ასე გამოთავისუფლდება ადამიანში ის შემოქმედებითი ქაოსი, რომელმაც შეიძლება დაბადოს “მოცეკვავე ვარსკვლავი”.
ნიცშე წერს ანტისახარებას, აკრიტიკებს ქრისტიანობას, მაგრამ ამავე დროს, ჩანს რომ უყვარს იესო და მას და თავის პროტაგონისტ ზარატუსტრას ერთ ბანაკში ათავსებს “მართლების და ქველების” ანუ ფარისევლების წინააღმდეგ. ცხადია, ეს ნიცშეს არ ხდის ქრისტიანად და მისი ზარატუსტრა განსხვავდება და უპირისპირდება იესოსაც, მაგრამ ჩემთვის, და, ვფიქრობ, ნებისმიერი ქრისტიანისთვის ძალიან სასარგებლოა ნიცშეს კრიტიკის კითხვა, რადგან ეს უფრო გაფიქრებს შენს რწმენაზე, იესოს პიროვნებაზე და მცნებებზე, მეტ შეკითხვას ბადებს, ზოგადად, ყველა შეჩვეული სიცხადის მიმართ: ვაითუ ეს სიცხადეები კერპებია, რომლებსაც არ ვამჩნევთ და რომლებიც კლავენ ჩვენში მთავარს: თავისუფალი შემოქმედების უკიდეგანო მხიარულებას.
#9 უმბერტო ეკო – „ვარდის სახელი
ეს ნაწარმოები თითქოს შუა საუკუნეებზეა. მართლაც, უამრავ რამეს გავიგებთ ევროპული ცივილიზაციის ამ ათასწლოვან ეპოქაზე, რომელსაც სრულიად დაუმსახურებლად “შუა საუკუნეები” უწოდეს, როგორც “გაჩხერილს” ორ დიდ კულტურულ ფენომენს, ანტიკურობასა და რენესანსს შორის. არადა ეს ეპოქა თავისთავად არის საინტერესო, მდუღარდ შემოქმედებითი და ცოცხალი, სავსე პოლიტიკური ინტრიგებით, ერეტიკული სექტებით, რელიგიური კამათებით სხვადასხვა სამონასტრო ორდენებს შორის, ლიტერატურული, მხატვრული  თუ არქიტექტორული განვითარებებით.
ყველაფერი ეს აღწერილია ამ რომანში, რომელიც შუა საუკუნეების ერთგვარი კომპენდიუმიცაა. ავტორს კარგად ესმის ამ ეპოქის სულისკვეთება და მკითხველსაც მიმზიდველად გადმოსცემს. მაგრამ. მაგრამ. მაგრამ. ეს სინამდვილეში არის შუა საუკუნეების დეკონსტრუქცია ირონიით. ამ ერთი შეხედვით დეტექტიური რომანის ინტრიგა ტრიალებს არისტოტელეს დაკარგული წიგნის, პოეტიკის მეორე ტომის გარშემო, რომელიც არისტოტელემ დაწერა კომედიაზე, სიცილზე და მის დადებით როლზე ადამიანისთვის. ეკლესია კი მალავს და ებრძვის ამ წიგნს, რადგან არისტოტელეს ავტორიტეტით მაშინ გაამართლებენ ყველას და ყველაფრის დაცინვას, თვით ღმერთისაც კი.
ეკოს აზრით, შუა საუკუნეებს ასეთი ასეთი ირონიის ეშინია, რადგან ეს დაშლის წმინდას და წმინდას წინაშე კრძალვას, რის გარეშეც არ არის სულის გადარჩენა. აქედან მოდის ეკლესიის მხრიდან ამ წიგნის გადამალვის მცდელობა. მაგრამ რამდენი უსამართლობა და ძალადობა მართლდება სიტყვით “წმინდა”? “წმინდას” სახელით ინთება ინკვიზიტორული კოცნები. ამიტომ, არისტოტელეს წიგნი დიდი ემანსიპაციისა და თავისუფლების მომასწავებელი შეიძლება იყოს. რადიკალური ირონია შლის ყველაფერ წმინდას და გზას აძლევს არაონტოლოგიურ თავისუფლებას, თავისუფლებას რაიმის წინაშე კრძალვის გარეშე.
იქნებ ეს არის თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის ლაიტმოტივი? იქნებ სწორედ ამის მაუწყებელია უილიამ ბასკერვილელი, ეს ფრანცისკანელი რაციონალისტი, შერლოკ ჰოლმსის შუა საუკუნეელი ანალოგი?
გადახედე ლევან ბერძენიშვილის გენიალური წიგნები მოკლედ “ზარმაცებისთვის” #1
http://indigo.com.ge/articles/genialuri-cignebi-mokled-zarmacebistvis-2#
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s