კირლეჟევი, ალექსანდრე – ეკლესია და პლურალიზმი

უკანასკნელ პერიოდში მართლმადიდებელი ქრისტიანები სიტყვა ,,პლურალიზმს” დაუფარავად ნეგატიურ მნიშვნელობას ანიჭებენ. ეს სიტყვა მათში მხოლოდ უარყოფით ასოციაციებს იწვევს: ,,პლურალიზმი და ეკლესია? რა საერთო აქვს ქრისტეს ბელიართან?” აქ მართლმადიდებლები არა მხოლოდ ტოლს არ უდებენ პოსტსაბჭოთა ნაციონალ-კომუნისტებს ან სრულიად არარელიგიურ, ნაციონალისტური სახელმწიფოს მომხრეებს, არამედ ხშირად აჭარბებენ კიდეც მათ, შინაგანად ეყრდნობიან რა, როგორც მათ ეჩვენებათ, ურყევ ღვთივგამოცხადებულ ჭეშმარიტებას.
დღეს ,,პლურალიზმის” ნებისმიერი გამოვლინებისადმი წინააღმდეგობას თან სდევს გამარჯვებული პათოსი. ეს გასაგებიცაა: დემოკრატიის უკვე ცოტა ვინმეს თუ სჯერა, სამაგიეროდ ყველა, უზენაესი ხელისუფლების ჩათვლით, ერთიანი ,,საყოველთაო ეროვნული იდეის” ძიებაშია, რომელიც შეიძლება მასებისათვის ახალ იდეოლოგიად ჩამოყალიბდეს.
ამავე დროს ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია მყარად მიდის სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ეროვნულ ინსტიტუციად აღიარებისაკენ. ისეთ ინსტიტუციად, რომელიც ყველასათვის, არარუსი მუსულმანების, ბუდისტების, ებრაელებისა და სხვა ეროვნული უმცირესობების გარდა, ,,ერთადერთ ჭეშმარიტ რელიგიას” ფლობს.
ასეთ სოციალურ-ფსიქოლოგიურ ატმოსფეროში სრულიად შეუსაბამოდ ჩანს მცდელობა ვიპოვნოთ და ერთმანეთთან შევარიგოთ ,,პლურალიზმისა” და ეკლესიის რწმენის შეხების წერტილები. მით უფრო, რომ საეკლესიო სწავლების მიხედვით, ხსნის შესაძლებლობა მხოლოდ ქრისტეშია და, ერთი შეხედვით, თითქოს ადგილი აღარ რჩება შიდა საეკლესიო სინამდვილეში ,,პლურალიზმის” შესახებ საუბრებისათვის.
მართლაც ასეა თუ არა? შეესაბამება თუ არა გავრცელებული, ხშირად უარყოფითად შეფერილი წარმოდგენა სიტყვა ,,პლურალიზმზე” მის ნამდვილ შინაარსს?
უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ, რომ სიტყვა ,,პლურალიზმი”, რომელიც ამდენ ემოციას იწვევს, წარმოქმნილია ლათინური პლურალის-დან და უბრალოდ ,,მრავლობითობას” ან ,,მრავალსახეობას” ნიშნავს. მისი საპირისპირო ცნებაა ,,ერთობა” ან ,,ერთსახოვნება”. ამ სიტყვის ეს წმინდად მათემატიკური შინაარსი პირველადია და სხვადასხვა ადამიანურ სიტუაციას ეხება, როდესაც საუბარია ,,ერთსა” და ,,მრავლობითზე”.
როდესაც ეკლესიასთან მიმართებაში ვსაუბრობთ ერთობაზე, პირველ რიგში, იგულისხმება ეკლესიის თავი – ქრისტე, ვინც ეკლესიის ერთობის მიზეზიცაა და საფუძველიც. ,,რამეთუ ერთ არს ღმერთი და ერთ არს შუამდგომელი ღმრთისა და კაცთა, კაცი იესო ქრისტე” (1 ტიმ. 2:5). ამიტომ ეკლესიის რწმენაც ერთობის პრინციპს წარმოადგენს.
რა შეესაბამება ეკლესიაში მრავლობითობას? პირველ რიგში, პიროვნებების სიმრავლე, რომლებიც ქმნიან საეკლესიო საზოგადოებას, ქრისტეს სხეულს. ,,რამეთუ ერთ პურ და ერთ ხორც ჩუენ მრავალნი ესე ვართ, რამეთუ ყოველთა ერთისა მისგან პურისა მოგუაქუს” (1კორ.10:17).
პიროვნებები, რომლებიც ბუნებითად ,,ერთ სახეობას მიეკუთვნებიან”, ანუ საღვთისმეტყველო ენაზე რომ ვთქვათ, ერთარსებაა, თავისუფლების თვალსაზრისით ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავდებიან, რადგან თითოეული მათგანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას და პასუხს აგებს თავის თავზე. უფრო მეტიც, ,,კაცად-კაცადსა თვისი მადლი აქუს ღმრთისაგან, რომელსამე ესრეთ და რომელსამე ეგრეთ“ (1კორ. 7:7), და ჩვენ ყველას ეკლესიაში ,,გუაქუს ნიჭები მადლისა მისებრ მოცემულისა ჩუენდა თითო-სახედ“ (რომ. 12:6).
ამგვარად, ეკლესიაში არსებობს როგორც ერთობა, ასევე მრავლობითობაც ანუ განსხვავება, არამსგავსება პიროვნებების, პირადი სულიერი გზებისა და მოწოდებების ,,პლურალიზმი”. მაგრამ, მეორე მხრივ, ცხადია, რომ განსხვავება და მრავლობითობა შეიძლება იყოს ცუდიც და კარგიც, სასარგებლოც და საზიანოც, გარდაუვალიც და ისეთიც, რომელსაც ყველა საშუალებით უნდა გავექცეთ ან გადავლახოთ. რომელი პლურალიზმია ეკლესიაში კანონიერი და კურთხეული, ხოლო რომელია ბოროტება?
ამ შეკითხვაზე პასუხს ახალი აღთქმის ტექსტში ვიპოვით.
პავლე მოციქული კორინთელების მიმართ პირველ ეპისტოლეში წერს: ,,რამეთუ შეკრებასა მას თქუენსა ეკლესიად მესმის, ვითარმედ წუალება (schismata) არიან თქუენ შორის, და ზოგს-რაიმე მრწამს. რამეთუ წვალებადცა (აზრთა სხვადასხვაობა) (aireseis) ყოფად არიან თქუენ შორის, რაითა რჩეულნი იგი თქუენ შორის გამოჩნდნენ” (1კორ. 11:18-19).
თავის მხრივ პეტრე მოციქული პირველ ეპისტოლეში წერს: ,,კაცად-კაცადმან, ვითარცა მიიღო მადლი (charisma), ეგრეთვე ურთიერთას ამსახურებდით მას, ვითარცა კეთილნი მნენი მრავალფერისა მის ნიჭისა ღმრთისანი (poikiles charitos theou)” (4:10). (მსგავსი გამონათქვამი აქვს პავლე მოციქულს: ღმერთის მრავალფერი სიბრძნე).
ამ ტექსტებში მოციქულები იყენებენ რამდენიმე სიტყვას, რომლებიც აზრობრივად ტერმინ ,,პლურალიზმს” შეესაბამება. Schisma – დაყოფა, განხეთქილება, უთანხმოება. Airesis – არჩევანი, რაიმეს მიმართ განწყობა, ცხოვრების ან აზრების არჩეული წესი. Poikilos და polypoikilos – ჭრელი, მრავალფეროვანი და ძალიან ჭრელი, ძალიან მრავალფეროვანი. ცხადია, რომ აქ საუბარია ორ სხვადასხვა ,,მრავლობითობაზე”, ორგვარი ტიპის ,,პლურალიზმზე”: ერთი გვაქვს ,,ეკლესიაში შესვლისას”, როდესაც ,,ეკლესიაში ვიკრიბებით”, ხოლო მეორე – ,,გამოსვლისას”, მას შემდეგ, რაც თითოეულმა ჩვენგანმა მიიღო ეკლესიაში სულიწმინდის ნიჭები.
გამოთქმა ,,ეკლესიაში შეკრება” პავლე მოციქულთან ნიშნავს ევქარისტიის აღსრულებისათვის შეკრებას, ანუ საეკლესიო ცხოვრების სწორედ იმ ცენტრალურ მოვლენას, რომელიც აღაშენებს ეკლესიას, როგორც ქრისტეს სხეულს სულიწმინდაში. ევქარისტიაში ხდება ყველას ზიარება და შერიგება ღმერთთან და ღმერთში, რისი გამომხატველიცაა ლიტურგიის დასასრულს წარმოთქმული სიტყვები: ,,მშვიდობით წარვიდეთ – სახელითა უფლისათა”.
ჩვენ ყველანი, ეკლესიის წევრები, მოვდივართ ეკლესიაში და თან მოგვაქვს ჩვენი პრიორიტეტები, განსხვავებული ,,არჩევანი” ანუ ,,ერესები” და ,,სქიზმები” იმ აზრით, როგორც პავლე მოციქული წერს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ ეკლესიაში მოვდივართ გარდაუვალი დაყოფის მდგომარეობაში. თუმცა ყველაფერი, რაც ჩვენ ერთმანეთისაგან გვყოფს, ანუ პირადი თავისუფლების რეალიზაციის შედეგები და ინდივიდუალური განსაკუთრებულობების – სქესი, ასაკი, ეროვნება, ხასიათი, ენა, კულტურული დონე, სოციალური მდგომარეობა, პროფესია, ადგილობრივი ტრადიცია, პოლიტიკური ორიენტაცია და ა.შ. – ფერისცვალება ევქარისტიაში უნდა მოხდეს.
ფერისცვალების არსი, რომელსაც ეკლესია ჩვენში აღასრულებს და რომელსაც ჩვენ აღვასრულებთ ეკლესიაში, იმაში მდგომარეობს, რომ დაყოფის ადგილზე რჩება განსხვავება. ყველაფერი ის, რაც დაყოფს, გადაილახება, მაშინ როდესაც ყველაფერი, რაც მხოლოდ განასხვავებს, განმტკიცებული და კურთხეულია. საეკლესიო საიდუმლოება საშუალებას აძლევს ერთ მრავლობითობას მეორეში გარდაიქმნას, შეარიგოს უსასრულოდ განსხვავებული და დაყოფილი პიროვნებები. მაგრამ არა პიროვნულობის წაშლით, არამედ უსასრულო განსხვავებებს შორის ერთგვარი თანხმობის, ჰარმონიის მიღწევით ერთი არსებითი გამოცდილების ფარგლებში, რომელიცაა სულიწმინდაში ერთობა.
ჩვენ გამოვდივართ ეკლესიიდან ,,გარე სამყაროში”, განმტკიცებულები ერთმანეთთან არამსგავსებაში, ჩვენი ღმერთთან ერთობლივი თანაზიარების გამოცდილებით. ,,სიჭრელე”, მრავალფეროვნება და მრავალსახეობა, რომელიც არ ისპობა ეკლესიაში, არამედ პირიქით, ვლინდება, სხვა არაფერია თუ არა საღმრთო კურთხევა, მისი მრავალფეროვანი სიბრძნის ნიჭი. დაყოფა ყოველთვის ბოროტებაა, განსხვავება კი კურთხევა, თუკი მას არ მივყავართ სხვებისაგან გამოყოფით თვითდამკვიდრებისაკენ.
ეს ნიშნავს, რომ განსხვავებები, როგორც ასეთი, არ უნდა იყოს ეკლესიაში დაყოფების წარმოშობის მიზეზი, არამედ აღიარებული უნდა იქნას როგორც აუცილებელი და სასურველი, რადგან საღმრთო სიბრძნე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ემსახუროს ყველას პირადი მოწოდებების მრავალფეროვნებითა და მადლისმიერი ნიჭებით. ერთსახოვნება, მონოტონურობა და ერთფეროვნება კი პირიქით, სულიერი დაკნინების ნიშანია. საეკლესიო ცხოვრებაში ერთსახოვნების დამკვიდრებისაკენ სწრაფვა არა მხოლოდ ეწინააღმდეგება საეკლესიო გამოცდილებას, რომლის შესახებაც მოციქულები და შემდეგ ეკლესიის წმინდა მამები წერდნენ, არამედ თავისთავად ხდება დაყოფის მიზეზი – წინააღმდეგობა უნიფიკაციისა და კანონიერი და სასარგებლო პლურალიზმის მომხრეებს შორის.
როგორ პლურალიზმზეა აქ საუბარი?
საუბარია არა მხოლოდ პიროვნებების ,,პლურალიზმზე”, რომელთაგან თითოეული განსაკუთრებული და განუმეორებელია. არც მხოლოდ სხვადასხვაგვარ მსახურებებზე ეკლესიაში, რომელთაც მადლისმიერი ნიჭების სხვადასხვაობა შეესაბამება, არამედ ასევე საეკლესიო ცხოვრების ფორმების მრავალფეროვნებაზეც, მათ შორის ლიტურგიკულისაც და სულიერი ცხოვრების ტიპების განსხვავებაზეც, იმ ენების მრავლობითობაზე, რომლებზედაც ეკლესია ესაუბრება ადამიანსა და სამყაროს.
ღმერთი ერთია, მაგრამ მასთან მისასვლელ გზას სხვადასხვა ფსიქოლოგიური მოწყობისა და ცხოვრებისეული გამოცდილების, კულტურისა და სოციალური სტატუსის, დაბოლოს, სარწმუნოების სხვადასხვა ხარისხისა და გამბედაობის მქონე ადამიანები სხვადასხვაგვარად გადიან. ეკლესიისაგან არავის გამოთიშვა და უკუგდება არ შეიძლება, რადგან ღმერთი ღებულობს ნებისმიერ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს.
მთლიანობაში აღებული მართლმადიდებლური ტრადიცია, მრავალფეროვანი, მდიდარი და პლურალისტურია. ის მოიცავს სრულიად სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში მრავალი კულტურის გაეკლესიურების გამოცდილებას. ეს მოხდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ქრისტიანულ მისიოლოგიაში გაჩნდებოდა ინკულტურიზაციის ცნება. დღეს ვივიწყებთ რა სულიერი გამოცდილების გარეგნულ გამოხატულებასა და საეკლესიო პრაქტიკის ფორმებში ეკლესიის ამ მოქნილობასა და პლასტიკურობას – ვივიწყებთ წმინდა გარდამოცემას, უარს ვამბობთ ვისწავლოთ ეკლესიის მამებისა და მოძღვრებისაგან თანამედროვე ადამიანისაკენ მიმავალი ახალი გზების ძიება, ვამჯობინებთ მზა რეცეპტებს, რომლებიც დღეს ,,სრულებით გამოუსადეგარია”.
საეკლესიო ცხოვრებაში განსხვავებების, სასიკეთო და კურთხეული პლურალიზმის დადებითი მნიშვნელობის აღიარებაში არის სხვა მომენტიც. პლურალიზმი გვთავაზობს პრინციპულ პატივისცემას სხვა ადამიანის, როგორც ღვთისაგან მონიჭებული და ხელშეუვალი თავისუფლების სუბიექტის, მიმართ და ამ პატივისცემას ქრისტიანულ სათნოებად თვლის. შეხვედრა ნებისმიერ ,,სხვა ადამიანთან”, მასთან ურთიერთობა უნდა იყოს მუდმივი დიალოგი, საუბარი, რომლის მიზანიცაა ურთიერთშეცნობა და ურთიერთგაგების მიღწევა.
პატივისცემა და დიალოგისათვის მზადყოფნა სათნოებებია, რადგან ყველა ადამიანი ერთარსია და თანაბარია ღმერთის წინაშე. ეკლესიაში დაყოფების მადლისმიერი გარდაქმნა განსხვავებებად მხოლოდ და მხოლოდ იმის გამოვლინება და განხორციელებაა, რაც შესაძლებელი და აუცილებელია საერთოდ ადამიანური საზოგადოებისათვის. შეიძლება სწორედ ამაში მდგომარეობს ქრისტიანების ერთ-ერთი მთავარი მოწოდება ჩვენს პოსტქრისტიანულ ეპოქაში.
მაგრამ თუ ასეა, მაშინ გასაკვირი იქნებოდა რომ ქრისტიანებს შეშინებოდათ იმ პლურალიზმისა, რომელიც თანამედროვე სეკულარული საზოგადოებების ცხოვრების ნორმას წარმოადგენს. პლურალიზმის ცალსახად ბოროტებად შეფასება და მთელი ძალით მისდამი წინააღმდეგობა, ხომ არ არის ადამიანური თავისუფლებისა და კაცობრიობის ისტორიის სირთულის წინაშე შიშის ნიშანი? ხომ არ არის ეს გარკვეული არასრულფასოვნების კომპლექსის გამოვლინება, რომელიც აიძულებს ადამიანს გაიქცეს ამა სოფლიდან, სადაც დაყოფები და განსხვავებები ერთმანეთშია ჩახლართული? სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამა სოფელში საკუთარ მისიაზე უარის თქმასა და ,,ერთსახოვანი ჭეშმარიტების” თავშესაფარში დამალვას და თავის იმით მართლებას, რომ ,,სამყარომ ღმერთს ზურგი აქცია”.
დღეს ჩვენ ვცხოვრობთ პლურალისტურ ცივილიზაციაში, არა მხოლოდ სხვა კონფესიებისა და რელიგიების მორწმუნეების, არამედ ათეისტების, აგნოსტიკოსებისა და რელიგიურად გულგრილი ადამიანების გვერდით. ეს ცივილიზაცია ,,ბოროტსა ზედა დგას” ისევე, როგორც ,,ბოროტსა ზედა იდგა და ”დადგება” ნებისმიერი სხვა ცივილიზაცია (იმ აზრით, როგორც ამ გამოთქმას იყენებს მოციქული იოანე ღვთისმეტყველი (1 იოანე 5:19). მაგრამ ჩვენს ცივილიზაციას ერთი განსაკუთრებულობა აქვს: ეს არის დიალოგის, პიროვნებების, კულტურებისა და მსოფლმხედველობების ერთმანეთთან ღია შეხვედრის ცივილიზაცია. ის რაც არ უნდა ცუდი იყოს ემპირულად, მაინც მის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპად გამოცხადებულია სხვისადმი, მთელი მისი თავისებურებებითა და პიროვნული თავისუფლების გათვალისწინებით, პატივისცემის პრინციპი.
თავისთავად თანამედროვე ცივილიზაცია ჭეშმარიტების გარეშეც არსებობს, რადგან მას ის არ სჭირდება. მაგრამ მაინც ყველას, მათ შორის ჩვენც, ქრისტიანებს, გვაძლევს ჩვენი ჭეშმარიტების აღსაარებისა უფლებასა და შესაძლებლობას. და რადგანაც ქრისტიანობა არ არის უბრალოდ მსოფლმხედველობა, რომელიც ყველასა და თითოეულს თავზე უნდა მოვახვიოთ, არამედ ქრისტეში ცხოვრება და ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილებაა, თანამედროვე პლურალისტური ცივილიზაცია გარკვეული აზრით ხელსაყრელი ,,კონტექსტია”, რომელშიც ქრისტიანებს თავისუფლად შეუძლიათ თავიანთი ჭეშმარიტება სიტყვითა და საქმით საკუთარ ცხოვრებაშიც განახორციელონ და სხვებსაც შესთავაზონ.
დიალოგი ურთიერთობის ბუნებრივი ფორმაა, რომლის მიმდინარეობისას ბევრი რამ, რაც დაყოფად გვეჩვენება, შეიძლება გაცნობიერებული და გააზრებულ იქნას, როგორც მხოლოდ განსხვავება. დანარჩენი კი, რაც მართლაც დაყოფის მიზეზია, უნდა მივანდოთ ადამიანურ თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას, თუ, რა თქმა უნდა, მას ომისაკენ არ მივყავართ ანუ თუ ის არ სპობს ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებას. ჩვენ ყველანი ხომ ერთ, ღმერთის მიერ შექმნილ სამყაროში ვცხოვრობთ და როგორც პავლე მოციქული წერს: ,,კაცად-კაცადმან ჩუენმან თავისა თვისისათვის სიტყუაი მისცეს ღმერთსა” (რომაელთა 14:12).
რუსულიდან თარგმნა ნანა ბაღათურიამ
გამოქვეყნდა ჟურნალში „არჩევანი“ #7-8, 2006.
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s