ზიზიულასი – მართლმადიდებელი ეკლესია და მესამე ათასწლეული

მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი
დაიბადა 1931 წელს საბერძნეთში. ათენის უნივერსიტეტი ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხით დაამთავრა. პატრისტიკას ჰარვადში სწავლობდა პროტოპროსვიტერ გიორგი ფლოროვსკის ხელმძღვანელობით. ამჟამად არის ატენის აკადემიის წევრი, თესალონიკის უნივერსიტეტის დოგმატიკის პროფესორი, ლონდონის უნივერსიტეტში სისტემატური დოგმატიკის შტატგაერშე პროფესორი. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა აგრეთვე რომის გრიგორიანულსა და ჟენევის უნივერსიტეტებში. 1986 წლიდან პერგამონის (კონსტატინოპოლის საპატრიარქო) ტიტულარული ეპისკოპოსია და საპატრიარქოს კონსულტანტი თეოლოგიურ საკითხებში. ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მთავარ კომიტეტში მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალურ წარმომადგენლადაა მივლენილი.აქტიურადაა ჩართული გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.
ცნობილმა კათოლიკე თეოლოგმა ივ კონგარმა ზიზიულასს XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა მოაზროვნე უწოდა. სამეცნიერო საქმიანობა მან ადრეული პატრისტიკითა და ადრექრისტიანული ეკლესიოლოგიის რეკონსტრუქციით დაიწყო. მაგრამ ეკლესიოლოგიურ თემატიკაზე მეტად მისი თეოლოგია ონტოლოგიურ პრობლემას ეხება.
მის თხზულებაში ონტოლოგია დაკავშირებულია ქრისტიანობის დოგმატურ საფუძვლებთან – ღვთის როგორც შემოქმედის, როგორც სამების და ღმერთკაცის შესახებ სწავლებასთან. ზიზიულასისთვის მთავარი ონტოლოგიური კატეგორია არის „კანონია“ – თანაზიარობა, ურომლისოდ არ არსებობს არანაირი ყოფიერება. ღვთის მყოფობის შემეცნება მხოლოდ პიროვნული თანაზიარობით, პიროვნული სიყვარულითაა შესაძლებელი. ყოფიერება ცხოვრებას ნიშნავს, ცხოვრება კი – თანაზიარობას. ღმერთის ონტოლოგიური შინაარსი, ჭეშმარიტი ყოფიერება კინონიის გარეშე არა აქვს. კინონიის გარეშე არაფერი არსებობს, მათ შორის ღმერთიც. მეორე მხრივ, თუკი ურთიერთობის წყარო არ არის ჰიპოსტასი, ანუ კონკრეტული და თავისუფალი პიროვნება, მაშინ იგი არ წარმოადგენს ღვთაებრივი ყოფიერების ხატს. პიროვნება ვერ მყოფობს თანაზიარობის გარეშე, მაგრამ დაუშვებელია ურთიერთობის ნებისმიერი ფორმა, რომელიც უარყოფს ან აკნინებს პიროვნებას და მის თავისუფლებას. მიტროპოლიტ იოანეს ღვთისმეტყველებას სწორედ პიროვნების თეოლოგიას უწოდებენ, რომელიც ტრიადოლოგიური და ანთროპოლოგიური დოგმატიკიდან ფილოსოფიურ-თეოლოგიურ სისტემად იქცა და თანამედროვე ყოფიერების ახლიდან და ახლებურად გაზიარების საშუალებას გვაძლევს.
ქვემოთ წარმოდგენილი სიტყვა სწორედ კინონიის ცნების მეშვეობით ეკლესიის და თანამედროვე მსოფლიოს ურთიერთმიმართებისა და სამომავლო პერსპექტივის დანახვის მცდელობაა, რაც, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ნაკლის უშიშრად წარმოჩენასა და სხვათა მიმართ ღიაობას გულისხმობს.
XX საუკუნის დასრულება და მოახლოება მესამე ათასწლეულისა ის მოვლენაა, დროის ჩვენეულ, პირობით აღქმას რომ მიეკუთვნება და ამიტომ ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, ძირეულ მნიშვნელობასაა მოკლებული. მთელ მსოფლიოში საზეიმო განწყობილება სუფევს, რამაც კალენდარულ თარიღთა მონაცვლეობასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არ უნდა შეცვალოს. ჩვენთვის დროის საეტაპო ცვლილება მხოლოდ ხსნის ისტორიის უდიდესი მოვლენებითაა განსაზღვრული, რომლებსაც ლიტურგიულად განვიცდით საეკლესიო დღესასწაულის ჟამს. მაგრამ ქრისტიანი დროის პირობითმა ცვალებადობამ უნდა დააფიქროს. და მარტო თითოეულმა ჩვენგანმა კი არა, მთელმა ეკლესიამაც ეს საბაბი მშვიდი ფიქრისთვის, მეტიც, თვითგამოცდისა და თვითკრიტიკისთვის უნდა გამოიყენოს…
როგორ მსოფლიოს გადმოგვცემს მემკვიდრეობით XX საუკუნე და დასასრულს მიღწეული ათასწლეული? რა პრობლემებსა და შესაძლებლობებს გამოაჩენს მომავალი? როგორი იქნება მართლმადიდებელი ეკლესიის მოწმობა ახალ ათასწლეულთან მიმართებაში?
ქრისტიანობის ისტორია: სიხარულისა და განხილვის მიზეზი
ორიათასწლიან ქრისტიანულ ისტორიას რომ გადავავლოთ თვალი, სიხარული და იმედგაცრუება ერთდროულად დაგვეუფლება. რა გვანიჭებს სიხარულსა და რა იწვევს კმაყოფილებას?
უპირველეს ყოვლისა, თავისთავად ცხად და კანონზომიერ მოვლენად არ უნდა მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ ეკლესია დღემდე არსებობს. ეკლესია მტრულ გარემოში იშვა და მარტო ადრეულ საუკუნეებში კი არა, ჩვენს დროშიაც უმძიმეს დევნას განიცდიდა. ამის მიუხედავად იგი დღესაც მყოფობს. „ჩვენ ვკვდებით და აი, კვლავ ვცოცხლობთ“, – პავლე მოციქულის ამ სიტყვებით ეკლესიის ისტორიაც შეიძლება დახასიათდეს, უკიდურეს შემთხვევაში ამ დრომდე მაინც. როგორ არის ეს შესაძლებელი? რაციონალისტი, ბედნიერი შემთხვევითობით ან ხელსაყრელი ისტორიული გარემოებით ახსნიდა ამ ფაქტს. ჩვენ, მორწმუნენი, კი პასუხს მაცხოვრის სიტყვებში ვპოულობთ: ეკლესიას „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან“. ასეა თუ ისე, საუკუნეთა განმავლობაში ეკლესიის მფარველობისათვის უფლისადმი მხოლოდ მადლობა გვეთქმის.
ასევე უდიდესი სასწაულია, რომ არაერთი კულტურული გარემოს გავლენის მიუხედავად შემოგვრჩა ეკლესიის ძირითადი ტრადიციები და სტრუქტურები. ეკლესია მსოფლიოში მყოფობს, მაგრამ „არა ამა სოფლისაგანია“. მათ შორის საზღრის გავლება ძნელია. ეკლესიისთვის მუდამ უმნიშვნელოვანესი პრობლემა იქნება თავისთავადობის შენარჩუნება ისე, რომ მსოფლიოს არ გაერიყოს, გეტოდ არ იქცეს. მით უფრო, რომ ყველგან, სადაც ეკლესია დამკვიდრდა, ზეგავლენა მოახდინა კულტურაზეც. მარტოოდენ ბიზანტიასა და შუა საუკუნეების დასავლეთს, ანუ ქრისტიანული კულტურის კერებს, არ ვგულისხმობ. ნათქვამი ახალ დროსაც ეხება, როდესაც დასავლეთში, ჰუმანისტური კულტურის შექმნის პროცესში, ეკლესიის, როგორც უცხო და ზედმეტი ფაქტორის, ღიად და ხაზგასმულად იგნორირება მოახდინეს. თანამედროვე საზოგადოების მორალურ და ჰუმანისტურ ფასეულობათა მნიშვნელოვანი ნაწილი არსობრივად სხვა არაფერია, თუ არა ზნეობრივი ქცევის ქრისტიანული პრინციპები. ეკლესია საზოგადოებრივი ცხოვრებისგან არასოდეს გაუცხოებულა ისე, როგორც ზოგიერთს სურდა.
მართლმადიდებელი ეკლესია ღმერთის მადლიერი ბევრი რამის გამო უნდა იყოს. ბიზანტიასა და რამდენიმე თანამედროვე სახელმწიფოს თუ არ ჩავთვლით, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია, ჩვენ პოლიტიკური ძალაუფლება არსად გვქონდა. მაგრამ ხსენებულ შემთხვევებშიც შეგნებულად ვავითარებდით მონაზვნობის ინსტიტუტს, რათა საკუთარი თავისთვის შეგვეხსენებინა, რომ ეკლესია „არა ამა სოფლისაგანია“. საერთოდ კი, მართლმადიდებლობის ისტორიაში ტანჯვა და დამცირება გაცილებით ხანგრძლივი იყო, ვიდრე დიდებისა და საერო ძალაუფლების პყრობის ჟამი. ეკლესიას შეუძლია იამაყოს, მაგრამ ეს განცდა საერო ძალმოსილების კი არა, მონაზვნებისა და სულიერი მოსაგრეების გამო უნდა დაგვეუფლოს. ამისთვის მადლობა უნდა შევსწიროთ ღმერთს, რადგან, მოციქულის თქმით, ღვთის ძალა უძლურებაში ვლინდება.
მართლმადიდებელი ეკლესია XX საუკუნემაც განსაკუთრებული მადლიერებით უნდა აღავსოს უფლისადმი, რადგან ღვთისმეტყველებამ თავიდან აღმოაჩინა თავისი, წმიდა მამებისეული ფესვები, ხელახლა გააცნობიერა lex orandi-სა (ლოცვის კანონისა) და წმინდა ევქარისტიის მნიშვნელობა. ამასთანავე, სამონაზვნო ტრადიციის შთამბეჭდავი აღორძინების წყალობით, მეუდაბნოე მამათა სულისკვეთება გააცოცხლა. და ყველაფერი ეს მრავალთა მონაპოვრად იქცა ეკუმენური მოძრაობის კონტექსტში, სადაც თვით მართლმადიდებელთა ერთობ სუსტი მონაწილეობის მიუხედავად, მართლმადიდებლობის მოწმობა ძალზე მძლავრი იყო.
წარუმატებლობასა და იმედგაცრუებასთან დაკავშირებით კი, ვფიქრობ, ბევრი რამ გვაძლევს წუხილისა და სინანულის მიზეზს.
ვერ განხორციელდა მსოფლიოს ჭეშმარიტი და ღრმა გაქრისტიანება. ქრისტიანული მისია ან მრავალმხრივი არ იყო, – ეს, პირველ რიგში, მართლმადიდებლებს გვეხება, – ანდა თავისი არსით არაქრისტიანული გახლდათ, რაც არაერთი დასავლური მისიონერული ძალისხმევისთვისაა დამახასიათებელი. ჩვენ სახარება გარკვეულ ნაციონალურსა და კულტურულ ღირებულებებს მივაჯაჭვეთ და, ამდენად, ეკლესიის ნამდვილი ინკულტურიზება ვეღარ შევძელით. ხშირად მისიონერობის ნაცვლად, კულტურასთან ყოველგვარი კავშირის გარეშე, ადამიანებს თავს ახვევდნენ ქრისტიანობას. უფალს ადამიანი უყვარს, ქრისტიანობა კი სხვაგვარად ეპყრობოდა ხოლმე მას. და ჩვენ ეს უნდა შევინანოთ.
ამას გარდა, თავად ქრისტიანობაში მოხდა ტრაგიკული განხეთქილება. მეორე ათასწლეულში, ქრისტიანთა შორის მანამდე არნახულმა სიძულვილმა და დაპირისპირებამ იჩინა თავი. დამნაშავის ძიება არ ღირს. მეუდაბნოე მამები სხვათა ცოდვებისთვის მუდამ საკუთარი თავის გაკიცხვას გვასწავლიან. დღეს მართლმადიდებლებში განყოფის ცოდვის გამო დასავლეთის პასუხისმგებლობის ხაზგასმის ტენდენცია არსებობს. დასავლელ ძმებს ძველი მტრობისთვის თითქოს ანგარიშს სთხოვენ. ისტორია, რა თქმა უნდა, ცხადად მოწმობს აგრესიაზე, მართლმადიდებლებთან ურთიერთობაში რომ გამოავლინა დასავლეთმა, მაგრამ სქიზმის ტრაგიკული რეალობა სიღრმისეულად მართლმადიდებელთა უნიათობასთანაცაა დაკავშირებული, რადგან წინააღმდეგობის სული ვერ დავძლიეთ და პატიებითა და სიყვარულით ვერ ავმაღლდით მასზე. კონფესიური მოშურნეობა უფრო ძლიერი გამოდგა. ამდენად, მეორე ათასწლეული საეკლესიო ისტორიის არცთუ ბედნიერი ხანაა.
ჩვენს კიდევ ერთ ნაკლად იმას ვთვლი, რომ სახარება ეგზისტენციალური კატეგორიებით არ იქნა განმარტებული. ფუნდამენტალიზმმა, კონფესიონალიზმმა და კონსერვატულობამ ბიბლია და დოგმატები მოაკვდინა, მოამწყვდია თეორიებში, რომლებსაც თითქოს უფრო უნდა ვინარჩუნებდეთ, ვიდრე გამოცდილებისეულად ვიმეცნებდეთ. გაიმიჯნა დოგმატიკა და ეთიკა, lex orandi (ლოცვის კანონი) და lex credendi (რწმენის კანონი). ურთიერთგანსხვავებულ სფეროებად იქცა ღვთისმეტყველება და ღვთისმოშიშება. ეს კი ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ღვთისმოშიში პიროვნება ნაკლებად უნდა იყოს ღვთისმეტყველი. მსგავსი დიქოტომიები დოგმატიკისა და კანონიკური სამართლის, ეკლესიოლოგიისა და საეკლესიო მართვის ურთიერთმიმართებაშიც წარმოიქმნება. ეპისკოპოსები ადმინისტრატორებად იქცნენ და თუკი აღმოჩნდა, რომ იმავდროულად თეოლოგებიც არიან, ამას „სამსახურებრივ შეუთავსებლობად“ უთვლიან. ამ მიზეზების გამო ღვთისმეტყველება არა მარტო ცხოვრების, არამედ ეკლესიური ყოფის მიმართაც მარგინალური გახდა.
ეკლესიაში, განსაკუთრებით ჩვენთან, მართლმადიდებლებში, ნაციონალიზმმა და ეთნოფილეტიზმმა შემოაღწია. ავტოკეფალიის იდეა ავტოკეფალიზმში, ანუ სახელმწიფო და ნაციონალური ინტერესების მომსახურებისათვის ეკლესიის გამოყენებაში გადაიზარდა. XX საუკუნეში მართლმადიდებლური დიასპორის მდგომარეობა ეკლესიოლოგიის პრინციპების ღია და პირდაპირი დარღვევაა. ეჭვგარეშეა, ასეთი ვითარებით კმაყოფილნი ვერ ვიქნებით, თუმცა, სამწუხაროდ, იგი ოფიციალურ დონეზეა „ნაკურთხი“.
ეს არის, რაც მემკვიდრეობით გადმოგვცა წარსულმა, ეკლესიის ორიათასწლიანმა ისტორიამ. იგი, ერთი მხრივ, მადლიერების გრძნობას გვიღვიძებს, მეორე მხრივ კი, სინანულის მიზეზს გვაძლევს. ახალი ათასწლეულის მიჯნაზე განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ამ ორმხრივი მემკვიდრეობის გაცნობიერება. პრობლემები, რომლებსაც ახალ ისტორიულ პერიოდში წავაწყდებით, ჩვენი წარსულის ხელახალ გააზრებას მოითხოვს.
ახალი ათასწლეულის უმნიშვნელოვანესი საკითხები
დღეს ყველამ კარგად იცის თანამედროვე ამერიკელი კონფლიქტოლოგის გახმაურებული თეორია, რომელიც ახალ ათასწლეულს „ცივილიზაციათა შეჯახების“ პერიოდად ახასიათებს. მის იუხედავად, იგი მართებულია თუ არა, ეკლესიისთვის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა იქნება (და, ვფიქრობ, მუდამ იყო კიდეც) ინკულტურაცია. რა უნდა იღონოს ეკლესიამ?
იმ დროს, როდესაც სახარება ბერძნებს ეუწყებოდა, იგი სემიტურისგან უბრალოდ განსხვავებულ კი არა, მასთან ღრმად დაპირისპირებულ კულტურას წააწყდა. ისტორიკოსები იმაზე კამათობენ, იესო ქრისტეს დროინდელ იუდაიზმში რამდენად შეაღწია ელინიზმმა. მაგრამ პატრისტიკული პერიოდის შესახებ არსებული გამოკვლევები ცხადყოფენ, რომ ანტიკურ – ბერძნულ-რომაულ – სამყაროში სახარების ინკულტურაცია ერთობ რთული ამოცანა გახლდათ.
პრობლემა პოლითეიზმის მონოთეიზმით შეცვლა როდი იყო მხოლოდ. სირთულეს უფრო სიღრმისეული მოვლენები, ბერძნული კულტურისთვის ნიშანდობლივი მსოფლხედვა და მსოფლგანცდა, ეთოსი და მენტალიტეტი ქმნიდა. I საუკუნის ბერძენ ფილოსოფოსთა – ბოეციუსისა და ნეოპლატონი-კოსების – რეაქციებით თუ განვსჯით, ღვთის განკაცებისა და მკვდართა აღდგომის მომცველი ქრისტიანული ისტორიზმის აღქმა ბერძნულ გონს არ შეეძლო. კიდევ უფრო სიღრმისეულ შრეზე, პატრისტიკულ ხანაში, ქრისტიანობის ინკულტურაცია ბერძნულ მსოფლხედველობას იმის გამო დაუპირისპირდა, რომ ეს უკანასკნელი პრიორიტეტს „მრავალის“ ანუ ცალკეულის, კონკრეტულის დაკნინების წილ, „ერთს“, სამყაროს ერთიანობას, მის ციკლურ, მოწესრიგებულ მოძრაობას ანიჭებდა, თანაც იმდენად, რომ მრავლობითობა დაცემასა და ბოროტებასთან იყო გაიგივებული. სხვაგვარად თუ ვიტყვით, სახარება, რომელსაც ისტორიისადმი პატივისცემა და მისი დასასრულის ესქატოლოგიური ხედვა მოჰქონდა, იმ კულტურის ნაწილი უნდა გამხდარიყო, ისტორიას რომ არ ენდობოდა და დასაბამს დასასრულზე – „ესქატონზე“ – უპირატესად მიიჩნევდა.
ასეთი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაშინ ინკულტურაცია მაინც განხორციელდა. მის წარმატებასთან დაკავშირებით მეცნიერთა შეხედულება იყოფა: ნამდვილად შენარჩუნდა სახარების ერთგულება თუ, როგორც ჰარნაკი ფიქრობს, „ხისტ ელინიზებას“ ჰქონდა ადგილი? მართლმადიდებლური თვალსაზრისით, პატრისტიკულ ეპოქაში ინკულტურაცია სწორედ წარმატებული გახლდათ, რადგან სახარების სიწმინდე არ შებღალულა.
სადღეისოდ ის, რაც პატრისტიკულ ხანაში მოხდა, ასლის გადასაღებ მოდელად თუ არა, ნიმუშად მაინც უნდა წაგვადგეს, რომელსაც ბევრი რამ შეუძლია გვასწავლოს. კერძოდ რა?
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია აღვნიშნოთ: იმდროინდელი ეკლესია აცნობიერებდა ბერძნული კულტურის სისუსტეს, მისი შესაძლებლობების ამოწურვის ფაქტს. ამან ეკლესიის მამებს, ბერძნებსა და ლათინებს, სახარებიდან გამომდინარე, ანტიკური კულტურისადმი კრიტიკული პოზიციის დაკავებისა და ალტერნატივის შეთავაზების უფლება მისცა. მდგომარეობა, ახლა რომ ვიმყოფებით, იმჟამინდელისგან ამ მხრივ არ განსხვავდება, ოღონდ ეკლესია ვერ დაუპირისპირდება კულტურას, რაკიღა გარკვეულწილად მის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. ყოველი შემთხვევისთვის ეკლესიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ განმანათლებლობის მიერ ჩამოყალიბებული ისტორიული კულტურის დასასრულს ვესწრებით. სახარება კი გასამიჯნია მისგან და წარსადგენი, როგორც ამ კულტურის ალტერნატივა.
თუკი ეს ვერ შევძელით, ჩვენი, გარდამავალი, დროის ადამიანს კითხვებზე სხვები უპასუხებენ. ჩემი აზრით, ჩანაცვლება უკვე დაწყებულია. პატრისტიკულ პერიოდში ეკლესია შინაარსობრივ დიალოგში ჩაება არსებულ კულტურასთან, რითაც სხვებს აღარ მისცა მასში მონაწილეობის საშუალება. აქედან შემდეგი დასკვნაა გამოსატანი: დღეს მარგინალიზების თავიდან ასარიდებლად ეკლესიამ დომინანტურ კულტურასთან დიალოგში და, რამდენადაც შესაძლებელია, სიღრმისეული წვდომით, წამყვანი ადგილი უნდა მოიპოვოს.
ზემონათქვამთან ერთად მნიშვნელოვანი ისიც იყო, რომ ეკლესიის მამებმა ელინისტური კულტურისადმი უბრალოდ კრიტიკული პოზიცია კი არ გამოხატეს, არამედ მასში ღრმად შეაღწიეს და შემოქმედებითად აითვისეს მისი წანამძღვრები. „ათვისება“ სხვადასხვა ფორმითა და მიმართულებით განხორციელდა. მაგალითად, ღვთისმსახურების სფეროში ტრადიციული დღესასწაულები და არაერთი რიტუალი იქნა ქრისტიანიზებული. ფილოსოფიაში ლეგიტიმურად ცნეს ბერძნების მიერ დასმული ყველა საკითხი, პირველ რიგში, ონტოლოგიური პრობლემა, ფაქტობრივად უცხო რომ იყო ბიბლიისა და სემიტური კულტურისთვის. ღვთისმეტყველებამ ყოველგვარი მერყეობის გარეშე გამოიყენა ფილოსოფიური ტერმინოლოგია. ბერძნული ენა იქ მიიღეს, სადაც ის გავრცელებული არ იყო. იმავდროულად, ლათინური დასავლეთში საეკლესიო ერთობის დამაბრკოლებელი არასოდეს გამხდარა.
და რაც მთავარია, ამ პროცესის ფონზე არ დამცრობილა სახარება. აღდგომის ცენტრალურმა მნიშვნელობამ და ევქარისტიაში სასუფევლის იკონურმა გაგებამ, საეკლესიო თემისა და მონაზვნობის, როგორც ანტისეკულარული ფორმების, განსაკუთრებული ფუნქციით აღჭურვამ ესქატოლოგიური ბიბლიური ორიენტაციის შენარჩუნებას შეუწყო ხელი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ინკულტურაცია ბიბლიური მსოფლხედვის ძირითადი ასპექტის გამოსახატად კულტურის ყველა ფორმის გამოყენების შესაძლებლობას გულისხმობს. ჩვენ კი ეს საქმედ უნდა ვაქციოთ. დღესდღეობით ეკლესიამ არსებითი და ნებისმიერ ფასად შესანარჩუნებელი ცვალებადისგან უნდა განასხვაოს. პატრისტიკული ეპოქის ისტორია გვიჩვენებს, რომ ეს არ გახლავთ ადვილი. აქედან გამომდინარე, ღვთისმეტყველებას, ინკულტურაციის ნებისმიერ ფორმაში, გადამწყვეტი როლი ენიჭება. ღვთისმეტყველება შეთანხმებას უნდა ცდილობდეს იმაზე, თუ რა არის სახარების არსი, რომლის ერთგულება, მისი სხვადასხვაგვარი კულტურული იერსახის მიუხედავად, აუცილებელია. საღვთისმეტყველო გონისა და შესაბამისი მგრძნობელობის გარეშე ინკულტურაცია შესაძლოა ერთობ სახიფათო იყოს…
სწავლების დონეზე ღვთისმეტყველება ინკულტურაციასთან ქრისტოლოგიითაა დაკავშირებული, რომელიც განუყოფელია წმინდა სულისგან. ინკულტურაცია არის მოთხოვნა, რომელსაც განკაცების შესახებ მოძღვრება წარმოშობს. ღმერთი, ქრისტეს სახით, მთლიანად იღებს ადამიანური არსებობის პირობებს და ეკლესიას ავალდებულებს, მუდმივად გაუკვალოს მას გზა ნებისმიერ კულტურაში. ის ფაქტი, რომ ძე ღვთისა კონკრეტულ კულტურაში, კერძოდ, გარკვეული ისტორიული ჟამის ებრაულ გარემოში შემოვიდა, მეტისმეტად იოლად შეიძლება იქნას გაგებული ისე, თითქოს უფალმა მხოლოდ ეს კულტურა აკურთხა და დაამტკიცა, სხვებს კი მისი მეშვეობით ერთგვარი მოქცევისკენ მოუწოდა. ის ქრისტოლოგია, რომელიც სულიწმინდის მოქმედებას არ ითვალისწინებს, შესაძლოა მსგავს დასკვნამდე მივიდეს.
მაგრამ პნევმატოლოგია (მოძღვრება სულიწმინდის შესახებ) მიანიშნებს ქრისტოლოგიაზე, რომელიც ესქატოლოგიურია და ამდენად, ინკლუზიურიც. ქრისტე სულში ინდივიდუუმი როდია. მას აქვს სხეული. იგი ძმათა შორის პირმშოა. ეს „კოსმიურ ქრისტეზე“ საუბრის უფლებასა და იმის ნებასაც გვრთავს, რომ განვაცხადოთ: ქრისტე მოთავეობს ყველასა და ყოველივეს (anakephaleosis). არ არსებობს რასა და კულტურა, რომლის მიმართ იგი უცხოა. სულიწმინდის მოქმედების წყალობით, ქრისტეს ინკულტურაცია ყველგან და ნებისმიერ დროს შეიძლება.
პნევმატოლოგიაზე გაკეთებულ აქცენტს საერთო არაფერი აქვს იმ თანამედროვე შეხედულებასთან, რომლის მიხედვით სულიწმინდა გარკვეულწილად ყველა კულტურაში მყოფობს. ქრისტოლოგიისგან მოწყვეტილი პნევმატოლოგია ისევეა მცდარი, როგორც ქრისტოლოგია პნევმატოლოგიის გარეშე. წმინდა სული „ყოველგან არის“, „იქ სუნთქავს, სადაც ნებავს“ და, როგორც ლოცვის ტექსტი გვეუბნება, „ყოველსავე აღავსებს“. მაგრამ არასოდეს მოქმედებს ქრისტეს მიღმა და მისგან დამოუკიდებლად. ყოველივეს მიირქვამს ქრისტესგან და ქრისტეზე მიუთითებს. არ არსებობს „სულიწმინდის იკონომია“, ვიცით მხოლოდ იკონომია ძისა.
ინკულტურაცია ისტორიულად ცნობილი ფორმებისგან განსხვავებული საშუალებითაც რომ ხორციელდებოდეს, უთუოდ ქრისტეს განკაცებასთან იქნება წილნაყარი. სულიწმინდა ქრისტეს მიღმა და გარეშე მოქმედ ღვთაებრივ ძალად აღქმული კი არა, განხილული უნდა იყოს როგორც სამების პირი, რომელიც ქრისტეს ინკლუზიურობას ანუ ესქატოლოგიურობას ანიჭებს. სულიწმინდის წიაღში ქრისტე აღარც ებრაელია, აღარც ბერძენი (ქრისტეში „არცა ჰურიაებაი არს, არცა ელინობაი“). იმავდროულად, გარკვეული თვალსაზრისით, რჩება კიდეც ასეთად. სულიწმინდა ნებისმიერ კულტურაში კვლავ შესვლის საშუალებას აძლევს ქრისტეს, რათა კულტურის განწმედით, ანუ ნათლისმიერი გამოცდით (ნათლის, რომელსაც საბოლოო მნიშვნელობა აქვს და ქრისტეშია გაცხადებული), შეიძლება ითქვას, სამსჯავროზე მიწვევითაც მიიღოს იგი. ეს კი ერთიანი ქრისტეს ნაირგვარი კულტურული გამოსახვის შესაძლებლობას ქმნის.
კითხვას, არსებობს თუ არა ქრისტიანული კულტურა, ანუ ისეთი კულტურა, მთელ მსოფლიოში ქრისტეს სახელით რომ უნდა ვრცელდებოდეს, უარყოფითად ვპასუხობ. სახარება მეტისმეტად დაზარალდა იმით, რომ საეკლესიო მისია გარკვეული კულტურის გავრცელებასთან, ხშირად კი თავს მოხვევასთან იყო გაიგივებული. ნათქვამი სახარების საქადაგებლად კულტურის ყველა ფორმის იგნორირებას კი არა, იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანულმა მისიამ პატივი უნდა მიაგოს ადამიანის თავისუფლებას, გამოავლინოს რწმენა მისთვის მისაღები სახით. ამასთან ერთად, სახარების მართლუწყებისადმი ერთგულებაც უნდა იქნეს შენარჩუნებული.
ამის გამო ინკულტურაცია განმასხვავებლობას მოითხოვს, რასაც შესაძლებელს ხდის სულიწმინდა საღვთისმეტყველო ცნობიერების, ორთოდოქსიის (ამ სიტყვის თავდაპირველი გაგებით) მეშვეობით. და ამიტომ ნებისმიერ ინკულტურაციაში ეკლესიის როლი სრულიად გამორჩეულია. ეკლესია მოწოდებულია, თვალი ადევნოს იმას, რომ ახალმა კულტურულმა ფორმამ დაუმახინჯებლად შეასხას ხორცი ძირითად ეგზისტენციურ ჭეშმარიტებებს, რომლებსაც სახარება აუწყებს მსოფლიოს. კულტურა რთული ფენომენია და ყოველთვის როდი ხერხდება იმ მსოფლმხედველობისგან მისი გამოცალკევება, რომელსაც გამოხატავს.
ღვთისმეტყველებამ ეკლესიას ფუნდამენტური ორიენტირები უნდა დაუსახოს, რაც უფლებამოსილს გახდის მას ყოველი კონკრეტული შემთხვევისას განსაჯოს, კულტურული ფორმებიდან რომელი შეესაბამება სახარებას და რომელი ქადაგებს „სხვა ევანგელეს“. ეკლესიამ არა მხოლოდ ეთიკური, არამედ საღვთისმეტყველო კრიტერიუმიც უნდა მოიმარჯვოს, რადგან უკანასკნელი ხშირად კულტურულ კრიტერიუმს თანხვდება. მაგალითად, წამოიჭრა საკითხი: აფრიკულ კულტურულ კონტექსტში რამდენად წარმოადგენს მაგია და პოლიგამია კულტურულ ელემენტს და ეთანხმება თუ არა იგი სახარების არსს? საკითხი გადაწყდება, თუკი ვიცით სახარების არსი. ამ ცოდნას კი ეკლესიის საღვთისმეტყველო ცნობიერება გვაუწყებს.
სწორედ ამის გამო, როცა ახალ ათასწლეულში ეკლესია კვლავ ქრისტიანობის ინკულტურაციის პრობლემის წინაშე დადგება, უდიდესი მნიშვნელობა ექნება ფუნდამენტურ საკითხებს – ყოფიერების შესაძლებლობებს, ქრისტე რომ გვიცხადებს სულიწმინდის მეშვეობით.
მესამე ათასწლეულში ეკლესიამ გარკვეული გამოწვევები უნდა მიიღოს.
არაქრისტიანულ რელიგიათა გამოწვევა
ჩვენ მიზანდასახულად მივდივართ რელიგიურად პლურალური მსოფლიოსკენ. რა რეაგირება უნდა მოახდინოს ამაზე ეკლესიამ?
უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანობამ უნდა უკუაგდოს ადრინდელი აგრესიული სამისიონერო მეთოდები. ევანგელიზაცია შეუთავსებელია რაიმენაირ, თუნდაც ყველაზე დელიკატურ იძულებასთან.
მეორე: ღვთისმეტყველებას ხელახლა მოუწევს რელიგიური პლურალიზმისადმი თავისი დამოკიდებულების განსაზღვრა. ისტორიულად ამის თაობაზე სხვადასხვა შეხედულება არსებობდა. წარსულში დომინირებდა პოზიცია, რომელსაც შეიძლება ქრისტომონიზმი ეწოდოს. მასში მხოლოდ ქრისტიანთა ხსნა მოიაზრება. ამგვარი გაგება განსაკუთრებით „ბარტისეული მიდგომის“ მომხრე პროტესტანტებს ახასიათებდათ. დასავლეთში ეს თვალსაზრისი მრავალი მისიონერული მოძრაობის შთამაგონებელი გახდა. თუმცა მოგვიანებით პროტესტანტულსავე თეოლოგიაში კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა. დღეს ზოგიერთი პროტესტანტი ღვთისმეტყველი „კოსმიური ქრისტეს“ იდეას გვთავაზობს, ერთობ ფართოს საიმისოდ, რომ ტერმინი „ქრისტე“ ისეთ რელიგიებზეც გავრცელდეს, რომლებიც ქრისტესკენ ისწრაფვიან ცნობიერად თუ ქვეშეცნეულად. მსგავსი განშლილი ქრისტოლოგია განსაკუთრებით იმ პროტესტანტებთანაა აქტუალური, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყნებში, სადაც ქრისტიანები უმცირესობას წარმოადგენენ (მაგალითად, ინდოეთსა და იაპონიაში). ისინი თვლიან, რომ ტრადიციული, ვიწროქრისტიანული ხედვა მათი გარემო პირობებისთვის გამოუსადეგარია.
კათოლიკური ღვთისმეტყველება ისტორიულად წმინდა კვიპრიანე კართაგენელის მიერ ფორმულირებული პრინციპიდან ამოდიოდა: exstra ecclesiam nulla salvus – ეკლესიის მიღმა არ არის ხსნა (ამ აზრს ორიგენესთანაც ვხვდებით). სიტყვაში „ეკლესია“ უწინ რომაულკათოლიკურ ეკლესიას გულისხმობდნენ. XX საუკუნეში, განსაკუთრებით კი ვატიკანის II კრების შემდეგ, საკითხისადმი მიდგომა რადიკალურად შეიცვალა, რასაც თანაზიარობის სხვადასხვა ხარისხის შესახებ იდეამ შეუწყო ხელი. სადღეისოდ მიჩნეულია, რომ რომაული ეკლესიის წევრნი სრულად ურთიერთობენ ქრისტესთან, მის მიღმა მყოფნი კი მხოლოდ ნაწილობრივ არიან თანაზიარნი მისი სხეულისა. არაქრისტიანული რელიგიების მიმართ კათოლიკური ღვთისმეტყველება ღიაობის პოზიციას იკავებს – ესაა ღიაობა რელიგიური პლურალიზმის ფენომენის წინაშე. ცოტა ხნის წინ ამგვარი დამოკიდებულება ვატიკანის იმ საერთაშორისო კომისიის ანგარიშით გაცხადდა, რომელიც ქრისტიანობასა და სხვა რელიგიათა შორის ურთიერთობას მიეძღვნა. არის განსხვავებული თვალსაზრისიც: ზოგიერთი თეოლოგი (მაგალითად, ჟაკ დიუპუი) რელიგიურ პლურალიზმს საღვთო განგებულების ნაწილად მოიაზრებს.
მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას ამ საკითხზე თავისი აზრი ოფიციალურად არ გამოუთქვამს. ერთი მხრივ, არსებობს „დახშული“ პოზიცია, იმის მსგავსი, ადრე კათოლიკეებსა და პროტესტანტებს რომ ეკავათ, ხოლო მეორე მხრივ, – „ღია“, რომელიც შეგვიძლია ორ კატეგორიად – პნევმატოლოგიურად და ესქატოლოგიურად დავყოთ.
პნევმატოლოგიურის მომხრენი ხსნის ისტორიაში ქრისტეს საქმესა და სულიწმინდის მოქმედებას ასხვავებენ. ეს გამიჯვნა რუსი ღვთისმეტყველის ვლადიმერ ლოსკის „ორი იკონომიიდან“ მოდის, რომლის თანახმად, არსებობს როგორც ძის, ასევე სულიწმინდის იკონომია. წმინდა სულის მოქმედება ეკლესიითა და ქრისტიანობით არ არის შემოფარგლული და მთელ ქმნილებასა და კაცობრიობაზე ვრცელდება. ამდენად, სხვა რელიგიები სულიწმინდის მოქმედების არეალში არიან მოქცეულნი, თუმცა, შეიძლება ითქვას, ქრისტეს მიღმა რჩებიან.
ესქატოლოგიური პოზიცია სხვაგვარ არგუმენტს ეფუძნება. საშინელ სამსჯავრომდე კატეგორიულად ვერავინ იტყვის ვინ არ ეკუთვნის ქრისტეს და ვინ არ გადარჩება. ეს დებულება მისი უარყოფითი ფორმითაა მნიშვნელოვანი. იგი აგნოსტიციზმს არ გულისხმობს და ქრისტესა და ეკლესიის, როგორც ხსნისკენ მიმავალი უტყუარი გზის, თაობაზე ეჭვს არ შეიცავს. აგნოსტიციზმი და მერყეობა მხოლოდ იმას ეხება, ვისაც არა სწამს ქრისტე და მისი ეკლესიის გარეთაა. ამ თვალსაწიერიდან არაქრისტიანებისადმი დადებითი დამოკიდებულების შესაძლებლობა ჩნდება. ამასთანავე იგი პნევმატოლოგიურ მიდგომაზე უფრო დამაჯერებელია.
მართლაცდა, ყველაზე გონივრული იქნება, ეკლესიამ, რომელიც მთელი თავისი მრავალმნიშვნელოვნებით მონაწილეობს ისტორიაში, ღმერთს მიანდოს თითოეული ადამიანის საბოლოო ხვედრი. ეს ქრისტესა და ეკლესიის რელატივიზებას არ ნიშნავს. როგორც ჩვენ ვიცით, ეკლესია – სხეული ქრისტესი, ღმერთთან მისასვლელი ერთადერთი სწორი გზაა. იგი ადამიანს უფალთან ნამდვილი ურთიერთობის საშუალებას აძლევს. ამიტომ ქრისტიანებს არ შეგვიძლია განსხვავებულისა და უკეთესი გზის ჩვენება. მტკიცედ ვდგავართ ამ რწმენაზე, მაგრამ მხოლოდ უკანასკნელი სამსჯავრო გაგვიმხელს, ვინ გადარჩება თვით ქრისტიანთა შორისაც კი.
ასეთი დამოკიდებულება როდია რელიგიური სინკრეტიზმი. სინკრეტიზმი ყველა რელიგიაში რაღაც პოზიტიურს, ღირებულს ხედავს და მთლიანობისათვის მათ შეკრებას მოითხოვს. შედეგად იქმნება მთელი – ერთგვარი ახალი რელიგია. არასინკრეტული თვალთახედვით კი, ნებისმიერ სარწმუნოებას სხვა რელიგიაში დადებითი ელემენტის აღიარება შეუძლია, ოღონდ მარტოოდენ თავისი რწმენის შესაბამისად უნდა განიხილოს და შეითვისოს იგი, და, რა თქმა უნდა, არა როგორც ახალი რელიგიის შემადგენელი ნაწილი.
ამრიგად, შესაძლებელია განვსაზღვროთ, თუ რა უნდა იღონოს ეკლესიამ თანამედროვე რელიგიური პლურალიზმის პირობებში. ქრისტიანობისთვის ერთადერთი მართებული და გონივრული ნაბიჯი სხვა აღმსარებლობებთან დიალოგის გამართვა იქნებოდა. ამავე დროს მკვეთრად უარსაყოფია, სინკრეტული ახალი რელიგიის შექმნის მცდელობა. დიალოგის კონსტრუქციულობა განსხვავებულ რელიგიურ შეხედულებათა არსებობას გულისხმობს. ქრისტიანული ღვთისმეტყველება რელატივიზმისა და აგნოსტიციზმის გარეშე უნდა გაძლიერდეს და გაღრმავდეს. დიალოგი სულაც არ ნიშნავს ჭეშმარიტებისადმი განუსხვავებლობას, პირიქით, მას რწმენის სიმტკიცე (არა სიჯიუტე) და ღიაობასთან შერწყმული ერთგულება სჭირდება.
დიალოგი შემწყნარებლობაზე მეტია. იგი ეფუძნება იმის აღიარებას, რომ: სხვას, ჩემგან განსხვავებულს, არა მარტო არსებობის უფლება (შემწყნარებლობა კი სწორედ აქ ჩერდება), არამედ რაღაც სათქმელიც აქვს ჩემთვის. ნათქვამი კი სერიოზულ მოსმენას, მოსმენილის საკუთარ შეხედულებასთან შეჯერებასა და ამის მიხედვით განსჯას მოითხოვს.
მაგრამ რას მეტყვის სხვა? თანამოსაუბრეთა გარდა დიალოგს განსჯის საგანიც ქმნის. რა უნდა განვიხილოთ? პოლიტიკასა და ეთნიკურ კონფლიქტებში რელიგიის როლი? ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის, განსაკუთრებით პოლიტიკოსებისთვის, ამაზე საუბარი ეგებ საინტერესო და სასარგებლოცაა, მაგრამ მსგავსი დიალოგის კონსტრუქციულობა მაეჭვებს. ვფიქრობ, რელიგიური დიალოგისთვის სხვაგვარი თემატიკაა საჭირო. უნდა წამოვწიოთ ყველაზე მწვავე საკითხები – პრობლემები, რომლებსაც ახალი ათასწლეული დააყენებს კაცობრიობის წინაშე.
რელიგიის არსი „რელიგიური“ და „რელიგიები“ კი არა, უფალთან, ადამიანთან და სამყაროსთან ადამიანის ურთიერთობაა. რელიგიამ ჩვენი ეპოქის გამოწვევები უნდა მიიღოს.
ტექნოლოგიებისა და გლობალიზაციის გამოწვევა
უკვე ყველამ ვიცით – სამყარო იკუმშება. გარკვეულწილად ეს დადებითი მოვლენაა, მაგრამ იმავდროულად სერიოზულ საფრთხესაც შეიცავს. ამ საკითხისადმი გულგრილნი ვერ ვიქნებით. გლობალიზაცია კარს მომდგარი ათასწლეულის უმნიშვნელოვანესი პრობლემა იქნება. როგორ მოვარიგოთ „ერთი“ და „მრავალი“? როგორ მივაღწიოთ უნივერსალურ ერთობას ლოკალური მრავალფეროვნების შენარჩუნებასთან ერთად? როგორ შევძლოთ, რომ განსხვავება არა მარტო დაშვებული და შეწყნარებული, არამედ კაცობრიობის კეთილდღეობის ხელშემწყობიც იყოს? ამ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული პოზიცია უნდა შევიმუშაოთ. უნდა ავხსნათ ჩვენი რწმენა და დასმულ შეკითხვებს გავცეთ პასუხი.
ეკოლოგიის გამოწვევა
შესაძლოა სწორედ ეკოლოგიაა თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე სერიოზული პრობლემა. ყველა აღიარებს, რომ ეკოლოგიური ვითარების გამო პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი წილი ქრისტიანობაზე მოდის. საბედნიეროდ, მასვე შეუძლია ამ კრიზისის მოგვარებაში არსებითი წვლილის შეტანაც. ნელ ნელა უკვე იწყებენ ამის გაცნობიერებას. ეკოლოგიის თემაზე დიალოგს თვით ეთნიკური და პოლიტიკური კონფლიქტების მხარეთა დაზავებაც შეუძლია. ეს რელიგიური პლურალიზმის კონსტრუქციული გამოყენება იქნებოდა.
სამეცნიერო მიღწევათა გამოწვევა
დღეს ალბათ ძნელად მოიძებნება ადამიანი, ბიოლოგიისა და გენეტიკის უახლესი მიღწევებით რომ არ იყოს შეშფოთებული. უკვე სიცოცხლითაც მანიპულირებენ. ამ სფეროში მიმდინარე პროცესებს ჩვენ შორიდან არ უნდა ვადევნოთ თვალი. ეს არის თემა, რომელსაც საღვთისმეტყველო გააზრება სჭირდება. მისმა სიახლემ ეგებ გაართულოს კიდეც საღვთისმეტყველო აზრის სწორად წარმართვა, მაგრამ გულუბრყვილობა იქნებოდა, მხოლოდ კანონმდებლებისთვის მიგვენდო ბიოეთიკის პრობლემები. უნდა შეიქმნას საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრი. რელიგია კი ცნობიერების ინფორმირებისა და ფორმირების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. საღვთისმეტყველო დიალოგი უშედეგო იქნება, თუკი მსგავსი პრობლემები მისი თემატიკის მიღმა აღმოჩნდება.
რა უნდა მოიმოქმედოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მესამე ათასწლეულის გამოწვევის წინაშე?
ამასთან დაკავშირებით პირადი მოსაზრება მინდა გაგიზიაროთ.
უპირველეს ყოვლისა, მართლმადიდებლურმა ღვთისმეტყველებამ საკუთარ ენას უნდა გადახედოს. ჩვენ მდიდარი დოგმატური ტრადიციის მემკვიდრენი ვართ. აუცილებელია მისი ერთგულება. მასში არაფერი უნდა შეიცვალოს. ახალი დოგმატები, როგორც ჩანს, არ დაგვჭირდება. მაგრამ დოგმატი არქეოლოგიურ რელიქტად არ უნდა იქცეს. ეჭვგარეშეა, ეგზისტენციალური კატეგორიებით მისი განმარტებაც აუცილებლობას წარმოადგენს.
მაგალითად, რას ეუბნება თანამედროვე ადამიანს იმის მტკიცება, რომ ღმერთი არის სამპიროვანი? უფრო ცხადი თუ ხდება ამით დღევანდელი კულტურა, უნივერსალიზმითა და ინდივიდუალიზმით გამოწვეული პრობლემები? რას გულისხმობს ეკლესიოლოგია, კერძოდ, სწავლება ადგილობრივი კათოლიკე ეკლესიის შესახებ, მაშინ, როცა ვაწყდებით გლობალიზაციას, რომელიც მსოფლიოს ინტერესის ცენტრშია მოხვედრილი.
იმავეს ვიტყოდი ეკლესიის ნებისმიერ დოგმატზე, რადგან ვერ დაასახელებთ ერთ მათგანსაც კი, ყოფიერების აქტუალურ პრობლემასთან რომ არ იყოს დაკავშირებული.
მართლმადიდებლობამ ეთიკის კი არა, დოგმატის მეშვეობით უნდა გაიაზროს კულტურის საკითხები, ანუ ეგზისტენციალური ინტერპრეტაცია მისცეს დოგმატს.
მართლმადიდებელმა ეკლესიამ უფრო მეტად უნდა ისაზრდოოს ლიტურგიული, განსაკუთრებით კი ევქარისტიული გამოცდილებით. ევქარისტია ერთ-ერთი როდია სხვა საიდუმლოთა შორის, იგი უზენაესი თავშერწყმაა (anakephaleosis) სამყაროს ხსნის მთელი რეალობისა. თანამედროვე კულტურულ პრობლემებზე მსჯელობისას ლიტურგიკას უფრო ხშირად უნდა მივმართოთ. საამისოდ, პირველ რიგში, ევქარისტიასა და სხვა მსახურებათა აღსრულებაზე გვმართებს ყურადღების გამახვილება.
ლიტურგიული თანმიმდევრობა რიტუალთან ერთად ღვთისმეტყველებაცაა და ღრმა ეგზისტენციური საზრისის მქონეა. მსოფლიოს რომ ეგზისტენციალური გაგებით მნიშვნელოვანი რამ შევთავაზოთ, ლიტურგია თავის შინაგან საზრისს უნდა შეესატყვისებოდეს. და მეორე, ლიტურგიაც ეგზისტენციალური კატეგორიებით უნდა განიმარტოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გვჭირდება ლიტურგიული დოგმატიკა ან დოგმატიკა, აღქმული და გამოხატული ლიტურგიულად. ეს იქნება XXI საუკუნისადმი ჩვენი გამორჩეული ძღვენი.
ლიტურგიის გარდა უნდა განვითარდეს სამონაზვნო ტრადიცია. იგი აღმავლობას განიცდის. მაგრამ მამათა თვითგანცდას – თვითგაკიცხვისა და სოფლის ცოდვათა საკუთრად მიჩნევის ღვაწლს ჩვენს დროში აგრესიული მოშურნეობა ცვლის. ეს უგონობა და ასკეზის არსის საწინააღმდეგო რამ არის. არადა ნამდვილი სამონაზვნო სულისკვეთება სულ უფრო აუცილებელი ხდება უტილიტარიზმითა და თავის მართლების ვნებით – თანამედროვე კულტურის მანკიერებებით – დაავადებული მსოფლიოსთვის.
მართლმადიდებელი ეკლესია მესამე ათასწლეულში პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების გარეშე შედის. საერო თვალთახედვით იგი იმდენად სუსტია, რომ სამომავლოდ მისი არსებობა სათუოდაც მიიჩნევა. ყველა მართლმადიდებელი ეკლესია პრობლემებითაა აღსავსე. ახალ ათასწლეულში ისინი კიდევ უფრო გაღრმავდება.
მაგრამ მართლმადიდებლობის ძალა არ განიზომება საერო სიძლიერით. მისი ძლიერება დოგმატურსა და ლიტურგიულ გარდამოცემაშია. ოღონდ იგი რეალური იმ შემთხვევაში ხდება, თუკი გარდამოცემის განმარტება ადამიანის ეგზისტენციურ ძიებას პასუხობს. საკმარისი აღარ არის გარდამოცემის დაცვა. ჩვენი წინაპრები ამას კარგად ახერხებდნენ, მაგრამ ჩვენ მართლმადიდებლობა ეგზოტიკურ რელიგიად არ უნდა ვაქციოთ. დასავლეთში მას ასე აღიქვამს ქრისტიანთა დიდი ნაწილი. ამიტომ იგი სადღეისო და სამომავლო ძირითადი ეგზისტენციური პრობლემების ფონზე უნდა განიმარტოს.
ახალ ათასწლეულში ღვთისმეტყველება ეკლესიის არსებობის უცილობელი პირობა იქნება. ამ თვალსაზრისით მისი მნიშვნელობა ერთიორად გაიზრდება. სწორედ მასშია მართმადიდებელი ეკლესიის ძალა. ღვთისმეტყველებამ ნებისმიერ მხარესთან, ყოველგვარი შიშის გარეშე, უნდა გამართოს დიალოგი. დიალოგია მისი ვალდებულება, მისი მნიშვნელობის, უნიკალობისა და აუცილებლობის დასამოწმებელი ერთადერთი საშუალება, ერთადერთი გზა, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიას არ გადააქცევს გეტოდ.
ცნობილმა ინგლისელმა ბიზანტინოლოგმა XXI საუკუნეს მართლმადიდებლობის ხანა უწოდა. მაგრამ ამან არ უნდა გაგვაამაყოს. ეს გამამხნევებელი სიტყვები უფროა, რათა კიდევ მეტად გავაცნობიეროთ უდიდესი პასუხისმგებლობა, ჭეშმარიტების დასამოწმებლად რომ დააწვა ჩვენს უღონო მხრებს.
თარგმნა ბექა მინდიაშვილმა
გამოქვეყნდა ჟურნალშიზღვარი“ #1, 2003.
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s