რიჩარდ დოკინზი – NOMA

როგორც ტომას ჰაქსლი გადავიდა ყირაზე იმისათვის, რომ გუნდრუკი ეკმია სრულიად პირუთვნელი აგნოსტიციზმისთვის, რომელიც ჩემი შვიდსაფეხურიანი სპექტრის ზუსტად შუაში მდებარეობს, ასევე იქცევიან თეისტებიც საპირისპირო მიმართულებით, მაგრამ ანალოგიური განზრახვით. მაგალითად, თეოლოგ ალისტერ მაკგრეთის წიგნში “დოკინზის ღმერთი: გენები, მიმები და სიცოცხლის წარმოშობა” ამ აზრს ცენტრალური ადგილი უჭირავს. ჩემი სამეცნიერო ნაშრომების საოცრად ზუსტი რეზიუმირების შემდეგ, როგორც ჩანს, ერთადერთი (only point) კრიტიკული აზრი, რომლის შემოთავაზებაც მას შეუძლია არის უდავო (undeniable), მაგრამ სამარცხვინოდ სუსტი არგუმენტი, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია ღმერთის არარსებობა დაამტკიცო. აღმოვაჩინე, რომ მაკგრეთის წიგნის კითხვისას ხშირად ვწერდი გვერდების არშიებზე სიტყვა „ჩაიდანს“. შემდეგ კვლავ მოიხმობს რა ჰაქსლის, წერს: „მომაბეზრებელია როგორც თეისტების, ისე ათეისტების მხრიდან არასაკმარისი ემპირიული მონაცემების საფუძველზე დოგმატური განცხადებების კეთება. ჰაქსლიმ გასაგებად თქვა, რომ შეუძლებელია ღმერთის არსებობის საკითხი მეცნიერული მეთოდებით გადწყდეს”.
შემდგომ მაკგრეთი იმავე მიზნით აციტირებს სტივენ ჯეი გულდს: „მინდა ყველა ჩემი კოლეგისთვის კიდევ ერთხელ გავიმეორო უკვე მერამდენედ (და აქ ვგულისხმობ, როგორც ამ თემაზე მოკამათე სტუდენტებს, ისე სამეცნიერო ტრაქტატების ავტორებს): მეცნიერებას უბრალოდ არ შეუძლია (მისთვის დამახასიათებელი მეთოდებით), მიიღოს გადაწყვეტილება საკითხზე, მართავს თუ არა ღმერთი ბუნებას. ჩვენ ამის არც დადასტურება და არც უარყოფა შეგვიძლია ანუ როგორც მეცნიერები, მასზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ”. გარდა იმ თავდაჯერებისა, თითქმის დამრიგებლური ტონისა, რომელიც გულდის განცხადებაში იგრძნობა, არის თუ არა რაიმე სახის სიმართლე მის მხარეს? რატომ არ უნდა ვისაუბროთ ღმერთზე, როგორც მეცნიერებმა? რატომ არ აქვს რასელის ჩაიდანს ან მფრინავ სპაგეტის მონსტრს იგივე იმუნიტეტი მეცნიერული სკეპტიციზმისგან? ქვემოთ გაჩვენებთ, რომ გონიერი შემოქმედის მიერ მართული სამყარო მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნებოდა ამგვარი მმართველობის გარეშე დარჩენილი სამყაროსგან. რატომ არ ექვემდებარება ეს მეცნიერულ განხილვას?
გულდი ფეხქვეშ გაგების ოსტატია, რაც კარგად გამოვლინდა მის ნაკლებად ცნობილ წიგნში „მარადიულობის კლდეები”. აქ ის ქმნის აკრონიმს NOMA (non-overlapping magisteria, დ.თ.), რომელიც გულისხმობს მეცნიერებისა და რელიგიის გადაუკვეთავ სფეროებს:
მეცნიერების დაფარვის არეალი მოიცავს ემპირიულ სამყაროს: რისგან შედგება სამყარო (ფაქტი) და რატომაა ასე მოწყობილი (თეორია). რელიგიის სფერო კი ვრცელდება უმთავრეს საზრისსა (meaning) და მორალურ ღირებულებებზე. ეს ორი ავტორიტეტი ერთმანეთთან კონფლიქტში არ მოდის და არც ყველა თემას ეხება (მაგალითად, ხელოვნების ავტორიტეტი და სილამაზის მნიშვნელობა). ძველი გამონათქვამის თანახმად, მეცნიერება საზღვრავს კლდის ეპოქას (ასაკს, ხნოვანებას, დ.თ.), რელიგია კი – ეპოქის კლდოვანებას (სიმაგრეს, სიმტკიცეს, ღირებულებას, დ.თ.). მეცნიერება ასწავლის თუ როგორ მოძრაობს ცა, რელიგია კი ზეცისკენ მოძრაობას.
ეს აზრი მანამდე ჩანს საინტერესო, სანამ არ ჩაუკვირდები. რომელია ის დიადი საკითხები, რომელთა წინაშეც რელიგია პატივსაცემი სტუმარია, ხოლო მეცნიერება თავაზიანად უნდა გაიძურწოს?
ჩემს მიერ უკვე ნახსენები კემბრიჯის ცნობილი ასტრონომი, მარტინ რიზი, თავის წიგნს „ჩვენი კოსმოსური სამშობლო”, იწყებს უმთავრესი საკითხების ორი ვერსიით და NOMA-სებურ პასუხს სცემს: “მთავარი საიდუმლო ისაა, თუ რატომ არსებობს საერთოდ რაიმე. რა ქმნის ფორმულებს, რომელთაც ეფუძნება მთელი კოსმოსი? ასეთი კითხვები მეცნიერების მიღმაა, ისინი ფილოსოფოსებისა და თეოლოგების სფეროა”. მე კი ასე ვიტყოდი, რომ თუ ისინი მეცნიერებას არ ეკუთვნის, მითუმეტეს არ ეკუთვნის თეოლოგიას (ვეჭვობ, ფილოსოფოსებს გაუხარდეთ, რომ მარტინ რიზმა ისინი თეოლოგებს გაუთანაბრა). უფრო შორსაც წავალ და დავსვამ კითხვას, რა გაგებით შეიძლება ითქვას, რომ თეოლოგებს რაიმე მოქმედების სფერო აქვთ? დღემდე მეღიმება, როცა ვიხსენებ ოქსფორდის კოლეჯის ყოფილი ხელმძღვანელის შენიშვნას. როცა ახალგაზრდა თეოლოგი გამოეხმაურა ერთ-ერთ კვლევით სტიპენდიას, ქრისტიანულ თეოლოგიაში მისი სადოქტორო პროექტის შესახებ დირექტორმა განაცხადა: “დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს საერთოდ არაა კვლევის საგანი”.
რისი შემატება შეუძლიათ თეოლოგებს ღრმა კოსმოლოგიური საკითხების შესახებ ცოდნას, რაც არ შეუძლიათ მეცნიერებს? სხვა წიგნში მოვიყვანე ოქსფორდის ასტრონომის სიტყვები. როდესაც შევეხე ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხს, მან მიპასუხა: “აჰ, ეს მეცნიერების მიღმაა. მომიწევს გადაგამისამართოთ ჩემს კარგ მეგობარ მღვდელთან”. მაშინ საკმარისად ვერ მოვიკრიბე გონება, რომ ისე მეპასუხა, როგორც მოგვიანებით დავწერე: “მაგრამ რატომ მღვდელი? რატომ არა მებაღე ან მზარეული?” რატომ ეპყრობიან მეცნიერები ასეთი მოწიწებითა და პატივისცემით თეოლოგთა ამბიციებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებშიც მეცნიერებზე მეტი კომპეტენცია არ გააჩნიათ?
არსებობს ერთი აკვიატებული კლიშე (ბევრი კლიშესგან განსხვავებით, ის მცდარია), რომლის თანახმად, მეცნიერება პასუხობს კითხვას როგორ, მაგრამ მხოლოდ (only) თეოლოგიას აქვს კომპეტენცია უპასუხოს შეკითხვას რატომ. მაგრამ რას წარმოადგენს ეს რატომ კითხვები? სიტყვით „რატომ“ დაწყებული ყველა კითხვა ვერ იქნება ლეგიტიმური. რატომაა მარტორქა ცარიელი? ზოგიერთი კითხვაზე პასუხის გაცემა კი უბრალოდ უაზრობაა. რა ფერისაა აბსტრაქცია? როგორი სუნი აქვს იმედს? მხოლოდ ის, რომ წინადადება გრამატიკულად გამართულია, არ ნიშნავს მის აზრიანობას და არც სერიოზული ყურადღების ღირსად. თუნდაც კითხვა შინაარსიანი იყოს, რომელსაც მეცნიერება ვერ პასუხობს, ეს არ ნიშნავს, რომ პასუხის შემოთავაზება რელიგიას შეუძლია.
შესაძლოა, მართლაც არსებობს ღრმა და შინაარსიანი კითხვები, რომლებიც ყოველთვის მეცნიერების მოქმედების არეალის მიღმა იქნება. შესაძლოა, კვანტური თეორია უკვე აკაკუნებს ამოუცნობის კარზე. მაგრამ თუ ფუნდამენტურ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეუძლია მეცნიერებას, რატომ ფიქრობს ვიღაც, რომ ეს შეუძლია რელიგიას? ვეჭვობ, კემბრიჯისა და ოქსფორდის ასტრონომები იმ აზრზე ყოფილიყვნენ, რომ თეოლოგები კომპეტენტურები არიან იმ საკითხებში, რომელიც ზედმეტად ღრმაა მეცნიერებისთვის. ვფიქრობ, რომ ასე თავაზიანობის გამო მოიქცნენ: თეოლოგები ხომ არაფერ ღირებულს არ ამბობენ სხვა რამეებზე, ამიტომ მოდი ძვალი გადავუგდოთ და თავი იმტვრიონ იმ კითხვებზე, რომლებსაც ვერავინ პასუხობს და, ალბათ, ვერც ვერასდროს უპასუხებს. ჩემი ასტრონომი მეგობრებისგან განსხვავებით, წინააღმდეგი ვარ მათ ამგვარი ძვალი გადავუგდოთ. მე ჯერ კიდევ არ მაქვს სათანადო საფუძველი ვიფიქრო, რომ თეოლოგია (განსხვავებით ბიბლიის ისტორიისგან, ლიტერატურისგან და ა.შ.) საერთოდ დარგია.
ყველა ჩვენგანს შეუძლია დაეთანხმოს მოსაზრებას, რომ მეცნიერების კომპეტენცია მორალურ საკითხებში, რბილად რომ ვთქვათ, პრობლემურია. მაგრამ ნუთუ გულდი მართლა აპირებდა რელიგიისთვის იმის განსაზღვრის უფლება მიენიჭებინა, რა არის სწორი და რა არასწორი? ვინაიდან რელიგია სხვა ვერცერთ საკითხში (ანუ მორალის მიღმა, დ.თ.) ვერ ახერხებს ადამიანთა ცოდნის გაფართოებას, არ ნიშნავს, რომ მას უფლება აქვს, ჭკუის დარიგება დაგვიწყოს. თან გასარკვევია, რომელ რელიგიას აქვს პრიორიტეტი? რომლის ფარგლებშიც აღიზარდეთ? მაშინ ბიბლიის რომელი წიგნი და რომელი თავი უნდა ავიღოთ – რადგან ისინი შორს დგანან ერთსულოვნებისგან და ზოგიერთი მათგანი ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისთვის ამაზრზენიც კია? ბიბლიის პირდაპირი მნიშვნელობით გაგების მომხრეებიდან რამდენს წაუკითხავს ის და იცის, რომ მეუღლის ღალატი, შაბათს შეშის მოგროვება და მშობლისადმი ურჩობა სიკვდილით ისჯება? თუკი უარვყოფთ მეორე რჯულის და ლევიტელთა წიგნებს (როგორც თანამედროვე განათლებული ქრისტიანები იქცევიან), მაშინ რა კრიტერიუმით უნდა შევარჩიოთ ამ რელიგიის მორალური ღირებულებებიდან ჩვენთვის მისაღები? თუ მსოფლიოს ყველა რელიგია უნდა შევისწავლოთ იმის დასადგენად, თუ რომელი მორალური სწავლებები შეგვეფერება ყველაზე უკეთ? თუ ეს ასეა, ისევ და ისევ, რა კრიტერიუმით ვარჩევთ რელიგიას? ხოლო თუკი უკვე არსებობს დამოუკიდებელი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა რელიგიური მორალიდან ერთ-ერთი უნდა შევარჩიოთ, რატომ უნდა ვეძებოთ და ვარჩიოთ მორალი რელიგიებს შორის? იქნებ ჯობდეს, ამგვარი ძებნის ნაცვლად ყოველგვარი რელიგიისგან თავისუფალი მორალისკენ ავიღოთ გეზი? ამგვარ საკითხებს მე-7 თავში განვიხილავ.
მიჭირს დავიჯერო, რომ გულდი რეალურად ფიქრობდა იმის უმეტესობას, რაც „მარადიულობის კლდეებში” დაწერა. როგორც უკვე აღვნიშნე, ყველა ჩვენგანია დამნაშავე უღირსი, მაგრამ ძლიერი ოპონენტისადმი ფეხქვეშ გაგებაში და, ვფიქრობ, ეს სწორედ ასეთი შემთხვევაა. დამაჯერებელია ის, რომ გულდი გულწრფელი იყო, როცა ნათლად აღნიშნა, რომ მეცნიერებას საერთოდ არაფრის თქმა შეუძლია ღვთის არსებობის შესახებ: „ჩვენ არც ვადასტურებთ და არც უარვყოფთ ამას. როგორც მეცნიერები, მასზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ”. ეს უწყვეტი და საბოლოო აგნოსტიციზმივით ჟღერს, რაც არის მპა (Permanent Agnosticism in principle, PAP, დ.თ.) სრული სახით. ეს ნიშნავს, რომ მეცნიერებას ალბათობითი მსჯელობაც კი არ შეუძლია ამ საკითხზე. მაგრამ ეს ფართოდ გავრცელებული მცდარი მოსაზრება – რომელსაც ბევრი მანტრასავით იმეორებს, თუმცა მცირეოდენი მაინც, ვფიქრობ, გააზრებულად ამბობს – ზუსტად იმის განსახიერებაა, რასაც მე „აგნოსტიციზმის სიღარიბეს” ვუწოდებ. სხვათა შორის, გულდი არ ყოფილა მიუკერძოებელი აგნოსტიკოსი, არამედ ძლიერად იხრებოდა დე ფაქტო ათეიზმისკენ. მაშ რატომ მსჯელობდა ამგვარად, თუკი შეუძლებელია ღვთის არსებობის საკითხზე რაიმეს თქმა?
ღმერთის ჰიპოთეზა ჩვენს რეალობაში ზებუნებრივ არსების ყოფნას გულისხმობს. ეს არსება სამყაროს შემოქმედია და, როგორც ამ ჰიპოთეზის მრავალი ვერსია უთითებს, ის ამ სამყაროზე დღემდე ზრუნავს და ზოგჯერ სასწაულებითაც კი ერევა მის ფუნქციონირებაში, რითაც დროებით არღვევს, სხვა შემთხვევაში უცვლელ, ბუნების კანონებს. რიჩარდ სუინბერნი, ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი თეოლოგი, ნათლად ხსნის ამ საკითხს წიგნში „არსებობს ღმერთი?”:
თეისტების განცხადებით ღმერთს ნებისმიერი რამის, დიდი იქნება თუ პატარა, შექმნის, მფარველობისა და განადგურების ძალა აქვს. მას ასევე შეუძლია, ობიექტები აამოძრაოს ან სხვა ნებისმიერი სახით აამოქმედოს… მას შეუძლია, ამოძრაოს პლანეტები იმ ფორმით, როგორიც კეპლერმა აღმოაჩინა და ააფეთქოს დენთი, როცა ჩვენ მას ასანთს გავუკიდებთ; ასევე შეუძლია, პლანეტები სრულიად განსხვავებულად აამოძრაოს და არ ააფეთქოს ქიმიური შენაერთები იმ პირობებში, რომლებშიც წესით ფეთქდებიან და პირიქით. ღმერთი არაა შეზღუდული ბუნების კანონებით. ის თავად ქმნის მათ და შეუძლია შეცვალოს ან შეაჩეროს, თუკი ამას მოისურვებს.
ძალიან მარტივია, არა? რაც არ უნდა იყოს ეს, ნამდვილად არაა NOMA. რასაც გინდა ამბობდნენ ის მეცნიერები, რომლებიც ეთანხმებიან „ურთიერთგამიჯნული სფეროების“ იდეას, უნდა აღიარონ, რომ ზებუნებრივი გონიერი შემოქმედის მიერ შექმნილი სამყარო ძალიან განსხვავებული იქნებოდა იმგვარი სამყაროსგან, რომელსაც ასეთი შემოქმედი არ ჰყავს. ამ ორ ჰიპოთეტურ სამყაროს შორის უზარმაზარი სხვაობა იქნება, თუდაც პრაქტიკაში მისი გამოცდა რთული იყოს. ეს კი ძირს უთხრის იმ მაცდურ მოსაზრებას, რომ მეცნიერებამ ხმა არ უნდა ამოიღოს რელიგიის უმთავრეს ეგზისტენციალურ საკითხებზე. შემოქმედი ზებუნებრივი არსების არსებობა-არარსებობის საკითხი ერთმნიშვნელოვნად მეცნიერების სფეროა, თუნდაც მისი პრაქტიკულად გადაწყვეტა მაინც ვერ ხერხდებოდეს ან ჯერჯერობით ვერ ხერხდებოდეს. იგივე ეხება ყველა იმ სასწაულებრივი ამბების სინამდვილეს თუ სიყალბეს, რომლებსაც რელიგიები ეფუძნება იმისათვის, რომ შთაბეჭდილება მოახდინოს მრავალ მორწმუნეზე.
ჰყავდა თუ არა იესოს მამა ადამიანთა შორის, თუ მარიამი ჯერ კიდევ ქალწული იყო იესოს შობისას? მიუხედავად იმისა, რომ არ გაგვაჩნია საკმარისი ცნობები ამის გადასამოწმებლად, ეს მკაცრად მეცნიერული საკითხია, რომელსაც შეიძლება დადებითი ან უარყოფითი პასუხი გაეცეს. აღადგინა თუ არა იესომ გარდაცვლილი ლაზარე? აღდგა თუ არა თავად იესო მას შემდეგ, როცა ჯვარცმიდან სამი დღე მკვდარი იყო? ყველა ამ კითხვას თავისი პასუხი აქვს. მიუხედავად იმისა მოვიპოვებთ თუ არა ამ პასუხებს პრაქტიკულად, პასუხი მკაცრად მეცნიერულია. იმ ნაკლებად მოსალოდნელ შემთხევაში, როცა ხელსაყრელი მტკიცებულებები გაჩნდება, საკითხის გადასაჭრელად გამოყენებული მეთოდები ყოვლითურთ და წმინდად მეცნიერული ხასიათის უნდა იყოს. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია, რომ ანთროპოლოგებს გაუმართლათ და იმგვარ დნმ-ის ნიმუშს გადააწყდნენ, რომელიც ამტკიცებს, რომ იესოს ბიოლოგიური მამა არ ჰყავდა (Jesus really did lack a biological father). განა რელიგიის აპოლოგეტები უნდობლად აიჩეჩავენ მხარს და ასეთ რამეს იტყვიან?: „მერე რა? მეცნიერული მტკიცებულებები თეოლოგიურ საკითხებში სრულიად უადგილოა. ეს საერთოდ სხვა სფეროა! ჩვენ მხოლოდ დიადი საკითხები და მორალური ღირებულებები გვაინტერესებს. არც დნმ-ი და არც სხვა მეცნიერული მონაცემი ამ ყველაფერთან შეხებაში არაა”.
თავად ეს იდეა ხუმრობაა. მაგრამ შეგვიძლია დავნაძლევდეთ, რომ ასეთი მეცნიერული მტკიცებულებების გამოვლენის შემთხვევაში მორწმუნენი სიხარულით ცას ეწევიან. NOMA-ს იდეა მხოლოდ იმიტომაა პოპულარული, რომ ღმერთის ჰიპოთეზის სასარგებლოდ არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება. მაგრამ თუ რელიგიური რწმენის დამადასტურებელი მცირე მტკიცებულება გაჩნდება, რელიგიური აპოლოგეტები NOMA-ს მყისიერად და უყოყმანოდ მოისვრიან ფანჯრიდან. ცოტა ხანი რომ დავივიწყოთ გამოცდილი თეოლოგები (თუმცა ისინიც კი სიხარულით საუბრობენ ამ სასწაულებზე გამოუცდელი ადამიანების წინაშე, რათა მეტი ხალხი მოიზიდონ საკუთარ ეკლესიებში), ალბათ, სასწაულებად მიჩნეული მოვლენები იქნება ის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც მრავალ ადამიანს რელიგიური რწმენა აქვს. სასწაულები კი, მათი განსაზღვრების მიხედვით, მეცნიერების პრინციპებს არღვევენ.
რომის კათოლიკური ეკლესია, ერთი მხრივ, ზოგჯერ NOMA-ს უჭერს მხარს, მაგრამ იმავდროულად სასწაულების აღსრულებას წმინდანად შერაცხვის ერთ-ერთ აუცილებელ კრიტერიუმად მიიჩნევს. ბელგიის გარდაცვლილი მეფე წმინდანობის ერთ-ერთი კანდიდატია, რადგან აბორტს აპროტესტებდა. ახლა მიმდინარეობს კვლევა იმის დასადგენად, გარდაცვალების შემდეგ მისი მისამართით წარმოთქმულ ლოცვებს მოჰყვა თუ არა სასწაულებრივი განკურნება. არ ვხუმრობ, საქმე მართლაც ასეა და იგივე ხდება სხვა წმინდანების შემთხვევაშიც. ეს ყველაფერი კი თავგზას ურევს ეკლესიაში მყოფ განათლებულ ადამიანებს. თუმცა რატომ უნდა დადიოდეს ეკლესიაში პიროვნება, რომელსაც შეგვიძლია განათლებული ვუწოდოთ, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ეს ისეთივე ღრმა საიდუმლოა, როგორსაც თეოლოგები უჩხიკინებენ.
სასწაულებრივ ამბებთან დაკავშირებით გულდი, ალბათ, მკვეთრად უარყოფდა მომდევნო სტრიქონებს. NOMA-ს მთელი აზრი იმაშია, რომ ის ორმხრივი შეთანხმებაა. როგორც კი რელიგია ზღვარს გადადის და მეცნიერების სფეროში იჭრება, ცდილობს მის რეალობაში სასწაულები შეიტანოს, ის აღარ იქნება იმ ტიპის რელიგია, რომელსაც გულდი იცავს. შესაბამისად, მეგობრული თანამშრომლობა ირღვევა. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ გულდის მიერ წარმოდგენილი უსასწაულებო რელიგია (miracle-free religion defended by Gould), მიუღებელია პრაქტიკოსი მორწმუნეებისთვის. უფრო მეტიც, ეს მათთვის დიდი იმედგაცრუებაა. დავესესხები ალისას, რომელიც, საოცრებათა ქვეყანაში მოხვედრამდე, მისი დის წიგნთან დაკავშირებით შემდეგს ამბობს: „ვის ჭირდება ისეთი ღმერთი, რომელიც არც სასწაულებს აღასრულებს და არც ლოცვებს პასუხობს?” შეგახსენებთ ამბროზ ბირსის მიერ „ლოცვის” გონებამახვილურ განსაზღვრებას: „ესაა თხოვნა, გაუქმდეს სამყაროს კანონების მოქმედება ერთი კონკრეტული მლოცველის თხოვნით, რომელიც, მისივე აღიარებით, უღირსია”. არიან სპორტსმენები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ღმერთი მათ მხარეზეა იმ მეტოქეების დამარცხებისას, რომლებიც, წესით, მათზე არანაკლებ ღირსეულნი არიან. არსებობენ მძღოლები, რომლებიც თვლიან, რომ ღმერთმა მათ მანქანის გასაჩერებელი ადგილი შემოუნახა. შესაბამისად, ეს ადგილი წაართვა ვიღაც სხვას. ამ სტილის თეიზმი სამარცხვინოდ პოპულარულია და საეჭვოა, რომ მისმა მიმდევრებმა ოდესმე NOMA-ს (ზედაპირულად) გონივრული დასკვნები გაიზიარონ.
კვლავ მივყვეთ გულდის ნააზრევს და რელიგია არაინტერვენციულ მინიმუმამდე დავიყვანოთ: გამოვრიცხოთ სასწაულები, პიროვნული კომუნიკაცია ღმერთთან, ფიზიკის კანონებთან თამაში და მეცნიერების კომპეტენციაში შეჭრა. საუკეთესო შემთხვევაში, მივიღებთ დეისტურ ღმერთს, რომელმაც სამყაროში შექმნა საწყისი პირობები, მისგან კი წარმოიშვა დრო, ვარსკვლავები, ელემენტები, ქიმია, პლანეტები და სიცოცხლე. ეს უკვე მართებული განცალკევებაა, არა? NOMA ხომ შეეგუება ამ მინიმალისტურ, მოკრძალებულ რელიგიას?
თქვენ შეიძლება ასეც ფიქრობთ. მაგრამ გაუწყებთ, რომ არაინტერვენციული, აბრაამისეულ ღმერთზე ნაკლებად ფიცხი და სასტიკი ღმერთის არსებობაც კი, თუ საკითხს ობიექტურად მიუდგებით, მეცნიერული ჰიპოთეზაა. ვუბრუნდები მთავარ თემას: სამყარო, რომელშიც მარტონი ვართ (ნელა ევოლუციონირებადი სხვა მოაზროვნე სიცოცხლის ფორმების გარდა), ძალიან განსხვავდება იმ სამყაროსგან, რომელსაც თავიდანვე ჰყავდა მზრუნველი შემოქმედი. ვეთანხმები აზრს, რომ პრაქტიკაში შეიძლება ძნელი იყოს ამ ორი სამყაროს გარჩევა. მიუხედავად ამისა, არსებობს რაღაც ძალიან განსაკუთრებული როგორც ღვთაებრივი ჩანაფიქრის ჰიპოთეზასთან, ისე მის ერთადერთ ალტერნატივასთან დაკავშირებით ანუ თანდათანობითი ევოლუციას ფართო გაგებით. ამ ალტერნატივებს შორის თითქმის მოურიგებელი განსხვავებები არსებობს. ევოლუცია საუკეთესო ახსნას გვთავაზობს ორგანიზმების განვითარებისა და ამ ორგანიზმების სხვაგვარად განვითარების შემთხვევაში, ევოლუციის თეორიის უარყოფა სავსებით შესაძლებელი იქნებოდა. ამ მსჯელობის დასკვნა კი, როგორც მეოთხე თავში ვაჩვენებ, ლამის ფატალური აღმოჩნდება ღმერთის ჰიპოთეზისთვის.
ინგლისურიდან თარგმნა დავით თინიკაშვილმა
ქვეთავი NOMA წიგნიდან:
Richard Dawkins. The God Delusion. London: Bantam Press 2006, pp. 54-61.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s