უილიამ ლეინ კრეიგი – დოკინზის დელუზია

უილიამ ლეინ კრეიგი (William Lane Craig) – ამერიკელი ანალიტიკოსი ფილოსოფოსი, ქრისტიანი თეოლოგი, ბიოლას უნივერსიტეტის თალბოთის თეოლოგიის სკოლისა და ჰიუსტონის ბაპტისტური უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი. უ.ი. კრეიგი მრავალი საჯარო დებატის მონაწილეა ათეისტებთან, აგნოსტიკოსებთან და სკეპტიკოსებთან. ავტორია 30-ზე მეტი წიგნისა და 200-მდე peer-reviewed აკადემიური სტატიისა. მისი სფეროებია რელიგიის ფილოსოფია და ბუნებითი თეოლოგია. აწარმოებს პირად ბლოგს: ReasonableFaith.org
უილიამ ლ. კრეიგის სრული აკადემიური ბიოგრაფია იხ.: http://www.bethinking.org/apologetics/who-is-william-lane-craig
რიჩარდ დოკინზი „ახალი ათეიზმის“ მოძრაობის enfant terrible-ად (ფრანგ. „თავგასული ბავშვი“) მოგვევლინა. მისი ბესთსელერი წიგნი „ღმერთი, როგორც დელუზია”[1] ამ მოძრაობის მთავარ ნაშრომად იქცა. დოკინზი ცდილობს გვიჩვენოს, რომ ღვთისადმი რწმენა დელუზიაა ანუ „მცდარი რწმენა“ ან უფრო უარესი, „ჯიუტი მცდარი რწმენა საწინააღმდეგო დამაჯერებელი მტკიცებულებების მიუხედავად“[2]. აღნიშნული ნაშრომის მეოთხე თავის ბოლოს დოკინზი შეჯამებულად გადმოსცემს, როგორც თავად უწოდებს, „წიგნის ცენტრალურ არგუმენტს“. ყურადღება მიაქციეთ: თუ ეს არგუმენტი გაბათილდება, მაშინ მისი წიგნის მთავარი არსია მცდარი! მართლაც, ეს არგუმენტი უხერხულად სუსტია.
ამ მთავარ არგუმენტს შემდეგი სახე აქვს:
  1. ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა ადამიანური ინტელექტისთვის საუკუნეების მანძილზე იყო იმის ახსნა, თუ როგორ წარმოიშვა სამყაროში არსებული კომპლექსური და დაუჯერებელი ობიექტები, რომლებიც თითქოს ვიღაცამ შექმნა.
  2. არსებობს ბუნებრივი ცდუნება, რომ თუკი ეს სამყარო ზებუნებრივი მოაზროვნე არსების მიერ შექმნილად[3] გვეჩვენება, მართლაც ასეთად ჩავთვალოთ[4].
  3. ამ ცდუნებას ჩიხში შევყავართ, რადგან შემოქმედის ჰიპოთეზა მყისვე ასაჩინოებს უფრო დიდ პრობლემას: ვინ შექმნა შემოქმედი? (who designed the designer?)
  4. სამყაროს წარმოშობის ყველაზე მეტად მისაღები ახსნა არის ბუნებრივ გადარჩევაზე დაფუძნებული დარვინისეული ევოლუცია.
  5. ფიზიკის სფეროში ექვივალენტური ახსნა ჯერ არ მოგვეპოვება.
  6. იმედი არ უნდა დავკარგოთ, რომ ფიზიკაშიც გამოჩნდება ისეთივე დამაკმაყოფილებელი ახსნა, როგორც დარვინიზმია ბიოლოგიისთვის.
მაშასადამე, თითქმის ცხადია, რომ ღმერთი არ არსებობს.
ეს საკმაოდ უცნაური არგუმენტია, რადგან აშკარად იგრძნობა, რომ ათეისტური დასკვნა „თითქმის ცხადია, რომ ღმერთი არ არსებობს“, არსაიდან და სრულიად უადგილოდ ჩნდება. დიდი ფილოსოფოსობა არ ჭირდება იმის მიხვედრას, რომ ეს დასკვნა არ გამომდინარეობს წინა ექვსი მტკიცებიდან.
მართლაც, თუ ექვსივე პუნქტს იმ დასკვნის წანამძღვრებად განვიხილავთ, რომლის მიხედვითაც „თითქმის ცხადია, რომ ღმერთი არ არსებობს“, მაშინ დოკინზის არგუმენტაცია არასწორია. ლოგიკის არცერთი კანონი არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ამგვარ წანამძღვრებზე დაყრდნობით ასეთი დასკვნა გამოიტანოთ.
უფრო შემწყნარებლური ინტერპრეტაცია იქნებოდა, თუ წარმოდგენილ ექვს მტკიცებას განვიხილავდით არა როგორც წანამძღვრებს, არამედ როგორც ექვსი ეტაპის სუმირებულ გადმოცემას ზოგად მსჯელობაში, რომლის საფუძველზეც დოკინზი ასკვნის, რომ ღმერთი არ არსებობს. მაგრამ ასეთი ლმობიერი ინტერპრეტაციის შემთხვევაშიც კი დასკვნა „თითქმის ცხადია, რომ ღმერთი არ არსებობს“, ასევე არ გამომდინარეობს ამ ექვსი მტკიცებიდან, თუნდაც დავუშვათ, რომ თითოეული ამ პუნქტთაგან ცალკე აღებული სწორია და გამართლებული. ერთადერთი დელუზია, რასაც ამგვარი მსჯელობა ავლენს, ესაა დოკინზის რწმენა, რომ ეს არის “ძალიან სერიოზული არგუმენტი ღვთის არსებობის წინააღმდეგ”[5].
რა დასკვნა შეიძლება იქნეს სინამდვილეში გამოტანილი დოკინზის მიერ შემოთავაზებული არგუმენტის ექვსი პუნქტიდან? ამგვარი თეზისებიდან მხოლოდ ერთი დასკვნა შეიძლება გამომდინარეობდეს: თუკი ვფიქრობთ, რომ შეუძლებელია ასეთი მოწესრიგებული სამყარო გონიერი არსების მიერ არ იყოს შექმნილი, ეს მაინც არ ადასტურებს ღმერთის არსებობას. მაგრამ ამგვარი დასკვნა სავსებით შეთავსებადია როგორც ღმერთის არსებობასთან, ისე ჩვენს რწმენასთან ღმერთის არსებობისადმი. შესაძლოა, ღმერთის არსებობა გვჯერა კოსმოლოგიური, ონტოლოგიური, მორალური და სხვა არგუმენტების საფუძველზე. შესაძლოა, ჩვენი რწმენა საერთოდ არ ეფუძნება არგუმენტებს, არამედ მხოლოდ პირად რელიგიურ გამოცდილებას ან ღვთის გამოცხადებას ემყარება. იქნებ ღმერთი ჩვენგან ოდენ ლიტონ რწმენასა და მინდობას მოელის ყოველგვარი არგუმენტებისა და მტკიცებულებების გარეშე? სხვა სიტყვებით, სამყაროს რთული მოწყობის რეალობიდან გამომდინარე ღმერთის შესახებ იდეის უარყოფა არანაირად არ მიუთითებს იმაზე, რომ ღმერთი არ არსებობს ან რომ ღვთისადმი რწმენა გაუმართლებელია. მრავალმა ქრისტიანმა თეოლოგმა უარყო და უმნიშვნელოდ მიიჩნია ამგვარი არგუმენტები ღვთის არსებობის სასარგებლოდ, მაგრამ ამის გამო არცერთი მათგანი არ ქცეულა ათეისტად.
ამრიგად, დოკინზის ათეისტური არგუმენტაცია საოცრად სუსტია იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მის მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ცალკეული პუნქტების სისწორეს ვაღიარებთ. მაგრამ ზოგიერთი ამ პუნქტთაგან მცდარია ნებისმიერ შემთხვევაში! ავიღოთ, მაგალითად, #3 პუნქტი. დოკინზი აქ აცხადებს, რომ სამყაროს რთული წესრიგის საუკეთესო ახსნა არ არის შემოქმედი ღმერთის მიერ ამგვარი სამყაროს შექმნა, რადგან ამ შემთხვევაში ჩნდება ახალი პრობლემა: ვინ შექმნა თავად შემოქმედი?
ამგვარი კონტრარგუმენტი აზრს მოკლებულია მინიმუმ ორი მიზეზის გამო.
ჯერ ერთი, იმისათვის, რომ გარკვეული ახსნა საუკეთესოდ იქნეს მიჩნეული, სრულიად არ გვჭირდება ახსნის ახსნა. ეს მეცნიერების ფილოსოფიაში ცნობილი ელემენტარული ჭეშმარიტებაა საუკეთესო ახსნასთან დაკავშირებით. თუკი არქეოლოგები გათხრებისას ისრის წვერებს, ცულის თავებსა და თიხის მტვრიანი ჭურჭლის ნამსხვრევებს აღმოაჩენენ, მართებულად დაასკვნიდნენ, რომ ეს არტეფაქტები წარმოიშვა არა მიწის ქანებისგან ან სხვადასხვა სახის დანალექსიგან, არამედ ეკუთვნოდა ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ არქეოლოგებს შეიძლება არანაირი ახსნა არ ჰქონდეთ, თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და საიდან მოვიდნენ ამ ადგილას. ასევე თუ ასტრონავტები მთვარეზე გარკვეული სახის ამოუცნობ მექანიკურ მოწყობილობებს აღმოაჩენენ, ისინიც მართებულად დაასკვნიან, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის უცნობი გონიერი არსებების მოქმედების შედეგია და ეს არ იქნება ალოგიკური დასკვნა. ამ დროს არც ასტრონავტებს შეიძლება ჰქონდეთ მცირე წარმოდგენაც კი, როგორები არიან არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენელნი ან როგორ მოხვდნენ ისინი მთვარეზე.
ერთი სიტყვით, გარკვეული ახსნის საუკეთესოდ მიჩნევისთვის არ არის საჭირო ახსნის ახსნა ვეძებოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დაგვჭირდებოდა დაუსრულებელი ახსნის ახსნების ძიება. საბოლოოდ, ვერც ვერაფერი აიხსნებოდა და ამით მეცნიერებაც ხუხულასავით ჩამოიშლებოდა. ამრიგად, ნამდვილად არ გვჭირდება იმის ახსნა, თუ საიდან და როგორ შეიქმნა ღმერთი იმისათვის, რომ სამყაროს რთული წესრიგი ღმერთის არსებობის იდეას დავუკავშიროთ.
მეორეც, დოკინზის აზრით, რთული სამყაროს შემოქმედი თავადაც არანაკლებად რთული უნდა იყოს. ეს კიდევ უფრო ართულებს საქმეს, რადგან ამგვარი კონტრარგუმენტი საკითხთა მთელ წყებას წარმოშობს იმის შესახებ, თუ რა როლს ასრულებს სიმარტივე შესაძლო ახსნათა შეფასებისას. მაგ., რატომაა სიმარტივე უფრო მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, ვიდრე, ვთქვათ, დამაჯერებლობა, ახსნის სიმძლავრე და მისი მომცველობა, ალბათობა და სხვა. თუკი ნაკლებად მარტივი ჰიპოთეზა ყველა დანარჩენზე უკეთესი ახსნა აღმოჩნდება თავისი დამაჯერებლობით, სიღრმითა და მასშტაბურობით, რატომ არ უნდა მივანიჭოთ მას უპირატესობა? იმიტომ, რომ მარტივი არ არის?
მაგრამ მოდით გვერდზე გადავდოთ ეს საკითხები. დოკინზის ფუნდამენტური შეცდომა იმ დაშვებაშია, რომ თურმე შესაძლებელია ზებუნებრივი არსების შედარება ბუნებრივ სამყაროსთან და რომ ღმერთიც ამ ხილული სამყაროს მსგავსად უნდა იყოს მოწყობილი, ოღონდ კიდევ უფრო რთულად. ღმერთი საოცრად მარტივი (simple) არამატერიალური არსებაა, რომელიც არ შედგება რაიმე ნაწილებისგან. მისი განუყოფელი თვისებებია აზროვნება და ნების გამოვლენა. ამ ცვალებადი, მრავალსახოვანი და დაუდგრომელი ხილული მატერიალური სამყაროსგან განსხვავებით, თავისი აუხსნელი ფიზიკური სიდიდეებითა და კონსტანტებით (რომელთაც დოკინზი თავისი არგუმენტის მეხუთე პუნქტში ახსენებს[6]), ღვთაებრივი არსება მუდმივად უცვლელი და ფრიად მარტივია. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას ვერ ექნება რთული იდეების გენერირების უნარი (მაგალითად, მას შეუძლია უსასრულოდ პატარა სიდიდეების აღრიცხვა), მაგრამ თავად გონი და არსება შემოქმედისა უკიდურესად მარტივია (ანუ შეუდგენელია, დ.თ.). დოკინზი ერთმენთში ურევს, ერთი მხრივ, ამგვარი გონის მიერ წარმოქმნილ იდეებს, – რომელთა წვდომაც შეიძლება მართლაც რთული აღმოჩნდეს ადამიანებისთვის, – და მეორე მხრივ, თავად ზებუნებრივი არსების გონს, რომელიც წარმოუდგენლად მარტივი მოცემულობაა[7]. ამიტომ მტკიცება იმის შესახებ, რომ [რთული, დ.თ] სამყაროს უკან ზებუნებრივი არსების [მარტივი, შეუდგენელი, დ.თ.] გონი დგას, არ გულისხმობს წინააღმდეგობას.
დოკინზის არგუმენტის სხვა პუნქტები არანაკლებად პრობლემურია. მაგრამ, ვფიქრობ, საკმარისი ვთქვით იმის წარმოსაჩენად, რომ მისი ეს მთავარი “არგუმენტი” არანაირად არ უქმნის საფრთხეს ღვთის მიერ რთული სამყაროს შექმნის იდეას. ეს “არგუმენტი” არც ათეიზმის გამართლებისთვის გამოდგება.
რამდენიმე წლის წინ, ჩემმა ათეისტმა კოლეგამ, კუენტინ სმითმა, ღვთის არსებობის წინააღმდეგ სტივენ ჰოკინგის არგუმენტს, რომელიც გამოთქმულია წიგნში “დროის მოკლე ისტორია”, მოურიდებლად და უბოდიშოდ უწოდა “ყველაზე ცუდი ათეისტური არგუმენტი დასავლური აზროვნების ისტორიაში”[8]. წიგნის “ღმერთი, როგორც დელუზია” გამოჩენის შემდეგ, დადგა დრო გავათავისუფლოთ ჰოკინგი ამ მძიმე გვირგვინისგან და ტახტის მემკვიდრედ რიჩარდ დოკინზი ვაღიაროთ.

შენიშვნები:

[1] რიჩარდ დოკინზის წიგნი ქართულ ენაზეც ითარგმნა შემდეგი სათაურით: “რიჩარდ დოკინსი. ღმერთი, როგორც დელუზია“. (მცირე შენიშვნა: ავტორის გვარი გამოითქმის როგორც “დოკინზი” და არა “დოკინსი”). წიგნის ქართულენოვანი ტექსტი 2015 წელს ელექტრონულად გავრცელდა ინტერნეტში პდფ ფაილის სახით. სამწუხაროდ, მასში არც მთარგმნელის გვარ-სახელია მითითებული და არც თარგმანის შესრულების დრო და ადგილი. როგორც გამოვარკვიე, წიგნი ითარგმნა 2015 წელს მამუკა ჩახვაშვილის მიერ, რომლის გვარ-სახელსაც აქ მისი ნებართვით ვახსენებ. მთარგმნელის თქმით, წიგნი ჯერ არ არის გამოქვეყნებული ბეჭდური სახით, თუმცა მის გამოცემას 2016 წლის შემოდგომისთვის აპირებს [მთარგ. შენიშვ.].
[2] Richard Dawkins. The God Delusion (Boston: Houghton Mifflin 2006), p. 5.
[3] ამ აზრის გადმოსაცემად სათანადო ინგლისურენოვან ნაშრომებში გამოყენებულია ტექნიკური გამოთქმა Intelligent Design, რომლის სწორი გადმოქართულება არ არის ადვილი საქმე. დოკინზის წიგნის ზემოთ ნახსენებ ქართულ თარგმანში ეს შესიტყვება ნათარგმნია, როგორც “გონივრული დაგეგმვა”. სხვაგან მთარგმნელი სიტყვა “დაგეგმვის” ნაცვლად, “დაპროექტებასაც” იყენებს. (ინფორმაციისთვის: რუსულ ტექსტებში ეს გამოთქმა თარგმნილია, როგორც “разумный замисел”). ამ შემთხვევაში, არა მგონია საქმე მთლად ადეკვატურ ქართულ თარგმანთან გვქონდეს. გამოთქმა Intelligent Design გულისხმობს სამყაროს შექმნას და არა უბრალოდ დაგეგმვას/დაპროექტებას. “შექმნა” უფრო ზუსტად გადმოსცემს შინაარსს და აქ ფორმას ნაკლები მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს (დიზაინი). უცხოენოვანი ტექნიკური ტერმინების სიტყვასიტყვითი გადმოქართულებით ხშირად არასწორ მნიშვნელობას ვღებულობთ. ამავე ინგლისურენოვან გამოთქმაში იგულისხმება გონიერი ანუ მოაზროვნე არსება, რომელიც ქმნის სამყაროს. ამიტომ, ქართული სიტყვა “გონივრულიც” არ იქნებოდა ზუსტი შესატყვისი, რადგან საუბარია ზოგადად მოაზროვნე არსების მიერ ქმნადობაზე და არა გონივრულად თუ არაგონივრულად შექმნაზე. ამიტომ, ალბათ, ყველაზე მიახლოებული ქართული თარგმანი უნდა იყოს “გონისმიერი შექმნა”. დოკინზის წიგნის ქართულ თარგმანში ტექნიკური გამოთქმის სიტყვასიტყვითი თარგმანის სხვა მაგალითიც გვაქვს. მაგ., Design hypothesis ნათარგმნია, როგორც „დაგეგმვის ჰიპოთეზა“. სიტყვა “დაგეგმვა” კვლავ თავიდან უნდა ავიცილოთ. ამრიგად, უკეთესი ვარიანტი უნდა იყოს “სამყაროს შექმნის ჰიპოთეზა” (საპირისპიროა: სამყაროს თავისთავადი წარმოქმნის ჰიპოთეზა). უპრიანია აქვე აღინიშნოს სხვა მსგავსი გამოთქმის შესახებაც: სამყაროს შექმნასთან დაკავშირებულ დისკუსიებში ასევე ხშირად გამოიყენება გამოთქმა Fine-tuned Universe, რომლის პირველი სიტყვაც შეიძლება ითარგმნოს, როგორც “რეგულირება”, “მომართვა”, “აწყობა”. ე.ი. იგულისხმება მოაზროვნე ზებუნებრივი არსების მიერ სამყაროს გარკვეული ჩანაფიქრით, მიზნით, საზრისით ქმნადობა და არა მისი (ანუ სამყაროს) თავისთავადი წარმოშობა [მთარგ. შენიშვ.].
[4] მსგავს მოსაზრებას ვხვდებით ბოლო ხანს გამოცემულ ზაზა კიკვიძისა და გიგი თევზაძის წიგნშიც, კერძოდ, მეცხრე თავში, რომელიც ღვთის იდეის წარმოშობას ეძღვნება: “ჩვენთვის, უმაღლესი ნერვული მოქმედების მქონე არსებებისთვის, წარმოუდგენელია მართვა სუბიექტის, მმართველის გარეშე. შესაბამისად, როდესაც აღვიქვამთ გარემომცველ სამყაროში სიცოცხლეს, როგორც მართვას, ჩვენი ცნობიერება ავტომატურად ‘ამატებს’ მმართველ სუბიექტს. ასე იქმნება როგორც კულტურულ, ასევე ინდივიდუალურ დონეზე, წარმოდგენა უზენაესი არსების შესახებ” (ზაზა კიკვიძე, გიგი თევზაძე. ევოლუცია. თბ., ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2015, გვ. 107) [მთარგ. შენიშვ.].
[5] Dawkins, The God Delusion, 157. მართლაც, დოკინზი ტრაბახობს კიდეც, რომ წარმოგვიდგინა “გამანადგურებელი” და “გაუბათილებელი გაბათილება” ღვთის არსებობის იდეისა.
[6]  ეს ფენომენი სხვაგვარად ცნობილია, როგორც სამყაროს შექმნა გარკვეული ჩანაფიქრით, საზრისით (ე.წ. fine-tuning of the universe), რომ ის გამიზნულად შეიქმნა ადამიანებისთვის. დოკინზის მე-6 პუნქტში გამოთქმული ოპტიმიზმს, მომავალში ამ გარემოების სათანადო ფიზიკური ახსნის გამოძებნასთან დაკავშირებით, არანაირი საფუძველი არ აქვს. ამიტომ ეს ოპტიმიზმი ნატურალისტი მეცნიერის ოდენ რწმენას წარმოადგენს. დისკუსია ამ სამყაროში სიცოცხლისთვის აუცილებელი კონსტანტებისა და სხვადასხვა სიდიდეების არსებობიდან გამომდინარე სამყაროს შექმნილობის ჰიპოთეზის შესახებ იხ.: William Lane Craig. Reasonable Faith. 3rd ed. (Wheaton, II.: Crossway 2008), 157-79.
[7] ამგვარი აღრეულობა დოკინზის მსჯელობაში სრულიად თვალსაჩინო ხდება მისი შემდეგი სიტყვების გაცნობისას: “ღმერთი, რომელსაც შეუძლია მუდმივად აკონტროლოს და ასწოროს სამყაროს ყველა ცალკეული ნაწილი, არ შეიძლება იყოს მარტივი… კიდევ უფრო გაუგებარი (სიმარტივის თვალსაზრისით) კი ის არის, რომ ღვთის გიგანტური ცნობიერების სხვა კუნჭულები იმავდროულად არიან დაკავებულნი ყოველი ადამიანის საქმეებით, გრძნობებითა და ლოცვებით. აქ ასევე უნდა ვიგულისხმოთ ყველა უცხოპლანეტელიც, რომლებიც მკივდრობენ სხვა ას მილიარდ გალაქტიკაში” (The God Delusion, p. 159). აქ ერთმანეთშია არეული ღმერთი და ის, რის შესახებაც ღმერთი შეიძლება ფიქრობდეს. მტკიცება იმის შესახებ, რომ ღმერთი, როგორც არამატერიალური არსება, უჩვეულოდ მარტივია, არ ნიშნავს თომა აქკვინელის სწავლების გამართლებას, რომლის მიხედვითაც ღმერთი ლოგიკურად მარტივია [logically simple] (ამას დოკინზიც უარყოფს 150-ე გვერდზე). ღმერთს შეიძლება მრავალი მახასიათებელი ჰქონდეს, მაგრამ არ იყოს იმგვარად რთული შედგენილობის, როგორადაც ეს დოკინზს წარმოუდგენია, კერძოდ, ვგულისხმობ მის მოსაზრებას ღვთის არსების “ნაწილთა ჰეტეროგენულობის” შესახებ (იქვე, გვ. 150).
[8] Quentin Smith. “The Wave Function of a Godless Universe”, in: Theism, Atheism, and Big Bang Cosmology (Oxford: Clarendon Press 1993), p. 332.

სპეციალურად საიტისთვის ინგლისურიდან თარგმნა და შენიშვნათა ნაწილი დაურთო დავით თინიკაშვილმა

ტექსტის ორიგინალი იხ.: Contending with Christianity’s Critics, edited by Paul Copan and William Lane Craig. B&H Publishing House 2009. http://www.reasonablefaith.org/dawkins-delusion

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s