ალისტერ მაკგრეთი – დოკინზის დელუზია

ალისტერ მაკგრეთი, ოქსფორდის უნივერსიტეტის თეოლოგიის პროფესორი და ბიოქიმიკოსი, რიჩარდ დოკინზის, ალბათ, ყველაზე ცნობილი კრიტიკოსია. მრავალ ნაშრომთან ერთად, მისი ავტორობით გამოიცა შემდეგი ორი წიგნი: “დოკინზის ღმერთი: გენები, კულტურული სტერეოტიპები და ცხოვრების საზრისი” [Dawkins’ God: Genes, Memes and the Meaning of Life][1] დადოკინზის დელუზია: ათეისტური ფუნდამენტალიზმი და ზებუნებრივის უარყოფა[Dawkins’ Delusion: Atheist Fundamentalism and the Denial of the Divine. ამ წიგნის თანაავტორია მისი მეუღლე, პროფესიით ფსიქოლოგი, ჯოანა მაკგრეთი]. რიჩარდ დოკინზმა რელიგიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მაკგრეთთანაც ჩაწერა საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ თავისი დოკუმენტური ფილმისთვის რელიგიის შესახებ, რომლის სათაურიაყველა ბოროტების სათავე?” [The Root of All Evil?]. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, დოკინზმა ეს ინტერვიუ თავის ფილმში არ შეიტანა, რასაც მოჰყვა მაკგრეთის საჯარო წერილი შემდეგი სათაურით: “პროფესორო დოკინზ, ნუ იქცევით ისე, თითქოს ღმერთი იყოთ”, რომელშიც ავტორი აღნიშნავს: “დოკინზთან დებატისას, ჩანდა, რომ ის დისკომფორტულად გრძნობდა თავს. ამიტომ სულაც არ გამკვირვებია, როცა შემატყობინეს, რომ მან ჩემი ინტერვიუ ფილმიდან ამოჭრა[2]. საბოლოოდ, დოკინზი იძულებული შეიქნა მაკგრეთის ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი საჯაროდ გამოექვეყნებინა[3]. ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი შემოკლებული [არა ჩემს მიერ – მთარგ.] ვერსიაა იმ მოსაზრებებისა, რომლებიც ალისტერ მაკგრეთმა რიჩარდ დოკინზის წიგნისღმერთი, როგორც დელუზიაშესახებ გამოთქვა.
წიგნმა “ღმერთი, როგორც დელუზია” რიჩარდ დოკინზი მსოფლიოს ყველაზე ცნობად ათეისტ პოლემისტად აქცია, რომელიც თავის ღვარძლიან კრიტიკას რელიგიის ყველა ფორმის წინააღმდეგ მიმართავს. მას თავისი მკითხველების გადმობირების სურვილიც კი აქვს. “თუ ეს წიგნი ისე იმოქმედებს, როგორც წარმომიდგენია, რელიგიური ადამიანი მის კითხვას ათეისტად დაასრულებს”[4]. მაგრამ მას ყველა მკითხველთან მიმართებაში როდი აქვს ამგვარი იმედი, რადგან, მისივე სიტყვით, “ხისთავიან მორწმუნეებზე არგუმენტები არ მოქმედებს”. სემ ჰარისისა და დენიელ დენეტთან ერთად, დოკინზი დაუნდობლად აკრიტიკებს ზოგადად რელიგიას, კერძოდ კი, ქრისტიანობას. ამ სტატიაში ორ მთავარ საკითხს შევეხები. პირველი, რა არის მიზეზი ამგვარი მოულოდნელი ანტი-რელიგიური აგრესიის წარმოქმნისა? მეორე, რამდენად სანდო და დამაჯერებელია რელიგიის დოკინზისეული კრიტიკა?
დავიწყოთ პირველით. ნებისმიერ მსოფლმხედველობას, რელიგიური იქნება ის, თუ სეკულარული, თავისი სუსტი მხარე აქვს, რომელიც გულისხმობს შეუსაბამობას თეორიასა და პრაქტიკას შორის. ეს გარემოება კი მოცემული მსოფლმხედველობის თანმიმდევრულობასა და სანდოობასთან დაკავშირებით ხშირად კითხვებს წარმოშობს. მაგალითად, ქრისტიანობის ამგვარ სუსტ წერტილად ადამიანთა ნაწილს სამყაროში ტანჯვის არსებობა მიაჩნია. ათეიზმის შემთხვევაში კი, ეს არის ღვთისადმი რწმენის სიმტკიცე მაშინ, როცა თითქოს ყველაფერი ღმერთის არარსებობაზე მიუთითებს.
უკანასკნელ დრომდე დასავლური ათეიზმი მოთმინებით ელოდა, რომ ღვთისადმი რწმენა ადამიანებში თავისთავად გაქრებოდა. მას ამის ღრმად სწამდა. მაგრამ ახლა ისე ჩანს, რომ მოთმინების ნაცვლად იგი ერთგვარ პანიკას ეძლევა, რადგან რელიგიური რწმენა კი არ იკლებს, არამედ მატულობს. ის თანდათან ძლიერდება საჯარო სივრცესა და ადამიანების პირად ცხოვრებაში[5]. წიგნში “ღმერთი, როგორც დელუზია” ღრმა შეშფოთებაა გამოთქმული ამის თაობაზე, რომელიც ნაწილობრივ რელიგიისადმი სიძულვილს ასახავს, თუმცა აქ სიღრმისეული მიზეზიც იმალება, რაც შეუმჩნეველი რჩება ცხელი დებატებისას. ეს არის შიში, რომ ათეიზმის დამაჯერებლობა და დასაბუთებულობა ეჭვის ქვეშ დგება. რელიგიის გავლენის მოულოდნელი ზრდა ხომ მრავალ ადამიანს არწმუნებს, რომ ათეიზმს, როგორც მსოფლმხედველობას, რაღაც საბედისწერო ხარვეზი აქვს?
დოკინზი სწორედ ამის თაობაზე ღელავს. მისი კატეგორიული და აგრესიული რიტორიკა საჯარო სივრცეში ათეიზმის რესპექტაბელურობის კლებით არის განპირობებული. წიგნი “ღმერთი, როგორც დელუზია” უფრო იმ ათეისტებისთვის დაწერილს ჰგავს, რომლებიც თანდათანობით კარგავენ თავის ათეისტურ რწმენას და არა მორწმუნეთათვის ან ჭეშმარიტების მაძიებელთათვის, რომლებიც კეთილსინდისიერი და სკრუპულოზური დისკუსიისთვის არიან განწყობილნი. (იქნებ ამის მიზეზი ისაა, რომ მალე შეიძლება თავად დოკინზის ათეიზმმაც დაიწყოს შესუსტება?). რელიგიის შესახებ მისი რიტუალური სტერეოტიპები მორწმუნე ადამიანებს აშკარად განიზიდავს და დოკინზის მანიფესტის აშკარად მიკერძოებული ხასიათი მნიშვნელოვან დაბრკოლებას ქმნის მისი არგუმენტების სერიოზული აღქმისთვის. არც ჭეშმარიტების მაძიებლებს, რომლებიც სულაც არ მიიჩნევენ თავს რელიგიურ ადამიანებად, მოეწონებათ დოკინზის აგრესიული რიტორიკა და პირადი რწმენა-წარმოდგენების ობიექტურ რეალობად გასაღება, ასევე მისი შეურაცხმყოფელი ტონი “ხისთავიანი მორწმუნეების” შესახებ და რელიგიური რწმენის მხოლოდ ნეგატიურ მხარეებზე მსჯელობა.
სწორედ ათეიზმის მომავალთან დაკავშირებული ღრმა შფოთია ამ ახალი სეკულარული ფუნდამენტალიზმის აგრესიულ-რიტორიკული სტილისა და მისი დოგმატიზმის მაღალი ხარისხის საფუძველი. არა მხოლოდ რელიგიური, არამედ საერო პრესის წარმომადგენლებიც ინტენსიურად აკრიტიკებენ დოკინზის წიგნის სწორედ ამ დოგმატიზმს, რაც სეკულარული საზოგადოებაში არსებულ სერიოზულ შეშფოთებაზე მიუთითებს იმ ზიანთან დაკავშირებით, რასაც დოკინზი აყენებს მათ საჯარო რეპუტაციას. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მრავალი ადამიანი, რომლებსაც, წესით, დოკინზისთვის მხარი უნდა დაეჭირათ, ყველანაირად ცდილობენ მის მიერ წამოწყებული აგრესიული ანტირელიგიური კამპანიისგან დისტანცირებას[6]. მაგალითისთვის: წიგნი “ღმერთი, როგორც დელუზია” საზეიმოდ გვამცნობს, რომ უკანასკნელი გამოკითხვით მისი ავტორი მსოფლიოს სამ წამყვან ინტელექტუალს შორის იქნა დასახელებული. ეს გამოკითხვა ჩატარდა ჟურნალ Prospect-ის მკითხველთა შორის 2005 წლის ნოემბერში. საინტერესოა, თუ როგორ შეაფასა ამავე ჟურნალმა დოკინზის წიგნი, რომელიც 2006 წელს გამოიცა. ჟურნალის მიმომხილველი შოკირებული იყო ამ “ზედაპირული, დოგმატური, მოუწესრიგებელი და შინაგანად წინააღმდეგობრივი” წიგნით. მისი რეცენზიის სათაური კი, არც მეტი, არც ნაკლები, ამგვარი იყო: “დოგმატისტი დოკინზი”.
მაგრამ რა შეიძლება ითქვას წიგნში მოტანილ არგუმენტებზე? დოკინზის აღნიშნული წიგნი მხოლოდ ავტორისთვის საინტერესო და მოსახერხებელი ინფორმაციების კრებულია. გარდა იმისა, რომ მასში ფაქტები და შეხედულებები შერჩევითაა წარმოდგენილი, ისინი ასევე შეგნებულადაა გაზვიადებული მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად. ამასთან წიგნში ინფორმაცია საკმაოდ ზედაპირულადაა შეკოწიწებული, რაც ართულებს მათგან არგუმენტების ან ლოგიკური მსჯელობების გამოკვეთას. დოკინზი ხშირად მხოლოდ იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებს არჩევს, რომლებიც მის მიერ უკვე ჩამოყალიბებული თეორიულ ჩარჩოს შეესაბამება. რელიგია პერმანენტულად და სისტემატურად წარმოჩინდება მხოლოდ ნეგატიური ასპექტებით, რაც არაფრით განსხვავდება ათეიზმისადმი რელიგიური ფუნდამენტალისტების რადიკალური დამოკიდებულებისგან.
ვინაიდან ადგილი შეზღუდული გვაქვს, ამიტომ მზერა მივაპყროთ დოკინზის ორ მთავარ მოსაზრებას, ესენია: 1) მეცნიერებას შეუძლია რელიგიის ახსნა და ამით მისი უარყოფა; 2) რელიგია ძალადობას წარმოშობს. დოკინზი დაჟინებით გვიმტკიცებს, რომ რელიგიური რწმენა “ბრმა მინდობაა”[7], რომელიც უარს აცხადებს მტკიცებულებების მიღებაზე და საკუთარი თავის გაანალიზებაზე. მაშ რატომ სწამთ ადამიანებს ღმერთი, თუკი ის არ არსებობს? ამ კითხვაზე დოკინზის პასუხია: რელიგია შემთხვევითი და არააუცილებელი წარმონაქმნია ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური პროცესისა. ამ თამამ განცხადებასთან დაკავშირებული მისი არგუმენტები საკმაოდ სუსტია, რადგან მეცნიერული ცოდნისადმი მის საოცრად ზედაპირულ დამოკიდებულებას ემყარება.
მაგალითად, განვიხილოთ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი მისი წიგნიდან “ღმერთი, როგორც დელუზია”. ვინაიდან ღვთისადმი რწმენა უკიდურესად ირაციონალურია (ეს დოკინზის ერთ-ერთი მთავარი შეხედულებაა), უნდა არსებობდეს ბიოლოგიური ან ფსიქოლოგიური ახსნა, თუ რატომ სწამს მრავალ ადამიანს, – მსოფლიოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, – ღმერთი ანუ რატომ არიან ისინი ამგვარი დელუზიის მსხვერპლნი. დოკინზის მიერ შემოთავაზებული ახსნის მიხედვით, ღვთისადმი რწმენა ვირუსით დაავადების მსგავსია, რომელიც ადამიანთა შორის მასობრივად ვრცელდება. თუმცა ეს ანალოგია, – რომ ღვთისადმი რწმენა ვირუსს ჰგავს, – ონტოლოგიურ დასაბუთებას საჭიროებს. როგორც ვნახეთ, ღვთისადმი რწმენა აზრის ვირუსად მიიჩნევა. მაგრამ ბიოლოგიური ვირუსი ჰიპოთეზა ვერ იქნება. ჯერ ვირუსი უნდა იდენტიფიცირდეს, შემდეგ მას აკვირდებიან, რათა მისი სტრუქტურა და მოქმედების ხასიათის დადგენა შეძლონ[8]. ამრიგად, ეს ჰიპოთეტური “გონების ვირუსი” არსობრივად პოლემიკური კონსტრუქცია, რომლის ფუნქცია იმ იდეების დისკრედიტაციაა, რომელიც დოკინზს არ მოსწონს.
მაშ ასე, არის თუ არა ყველა მოსაზრება გონების ვირუსი? დოკინზი მკაფიო საზღვარს ავლებს რაციონალურ, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ იდეებსა და ირაციონალურ, ილუზორულ რელიგიურ წარმოდგენებს შორის. იგი მენტალურ ვირუსებად მხოლოდ რელიგიურ შეხედულებებს თვლის. მაგრამ ვინ წყვეტს რა არის “რაციონალური” და “მეცნიერული”? დოკინზს ეს პრობლემად არ მიაჩნია, რადგან, მისი აზრით, სრულიად არ წარმოადგენს სირთულეს ამ შეხედულებების დახარისხება. ეს უბრალოდ თხებისგან ცხვრების გამოყოფას ჰგავს.
ამგვარი ცალსახა დაპირისპირების გარეშე ყველაფერი ძალიან რთულდება, რითაც იკარგება ის სიმარტივე და ელეგანტურობა, რაც დიად იდეას ახასიათებს. მაგალითად, ნებისმიერი მსოფლმხედველობა, რელიგიური იქნება ის, თუ სეკულარული, აუცილებლად “შეხედულებათა სისტემის” კატეგორიაში ექცევა, რადგან მისი ე.წ. მეცნიერული “დამტკიცება” შეუძლებელია. ასეთია მსოფლმხედველობათა ბუნება და ეს არავისთვის საიდუმლო არაა. ხშირად ადამიანი ჯერ იზიარებს გარკვეულ მსოფლმხედველობას და შემდეგ იცავს მას ინტელექტუალურად. საბოლოოდ, დოკინზის იდეა შიგნიდან იშლება (implode), რისი მიზეზიც მისივე სუბიექტური მსჯელობაა, თუ რა არის რაციონალური და ჭეშმარიტი. მის ამ იდეას სამეცნიერო საზოგადოება სერიოზულად არც იზიარებს. ამიტომ ის თავისუფლად შეგვიძლია უარვყოთ.
დოკინზის აღნიშნული წიგნის მეორე მთავარი იდეის მიხედვით, რელიგია ძალადობისა და ჩაგვრის საფუძველია. დოკინზისთვის ეს რელიგიის განმსაზღვრელი მახასიათებელია. მის საკმაოდ ზედაპირულ მსჯელობაში ძალადობის მიზეზების შესახებ არაფერია თქმული იმის შესახებ, რომ ძალადობა ასევე შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკურმა ფანატიზმმა და ათეიზმმაც კი. დოკინზი გვიმტკიცებს, რომ ის, როგორც სამაგალითო ათეისტი, არასდროს იძალადებს სხვაზე და არასდროს ჩაიდენს ტერორისტულ აქტს, მაგალითად, არ შეაჯახებს ცათამბრჯენს თვითმფრინავს. ძალიან კარგი. მინდა გაცნობოთ, რომ არც მე გავაკეთებ ამას. მაგრამ მწარე რეალობა ისაა, რომ წარსულში ჩადენილ ყველა ძალადობას ჰქონდა როგორც რელიგიური, ისე არარელიგიური ხასიათი. სავარაუდოდ, ასე იქნება მომავალშიც.
მე ჩრდილოეთ ირლანდიაში გავიზარდე და ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს რელიგიურად მოტივირებული ძალადობა. რასაკვირველია, რელიგიას შეუძლია წარმოშვას ძალადობა. მაგრამ მხოლოდ რელიგიას როდი შეუძლია ეს. მეოცე საუკუნემ შემაძრწუნებელი მაგალითები მოგვცა იმისა, თუ როგორ წარმოშობს იმავე ძალადობას პოლიტიკური ექსტრემიზმი. ლათინურ ამერიკაში მილიონობით ადამიანი უბრალოდ “გაქრა” მემარჯვენე პოლიტიკოსებისა და მათი სამხედრო შენაერთების მიერ განხორციელებული დაუნდობელი ძალადობის შედეგად. კამბოჯაში პოლ პოტმაც სოციალიზმის სახელით მილიონობით ადამიანი გაანადგურა.
ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღსანიშნავია საბჭოთა კავშირი. ლენინი თვლიდა, რომ სოციალისტური რევოლუციის მთავარი მიზანი რელიგიის ამოძირკვა იყო, რომლის მისაღწევად აუცილებლად მიიჩნეოდა “ძალადობის ხანგრძლივი გამოყენება” (protracted use of violence). კაცობრიობის ისტორიაში ამ ბნელი ეპოქის ერთ-ერთი დიდი ტრაგედია ის იყო, რომ რელიგიური რწმენის ძალით აღმოფხვრის მსურველნი ფიქრობდნენ, რომ მათი მოქმედება გამართლებული იყო. მიაჩნდათ, რომ მხოლოდ სახელმწიფოს მიმართ იყვნენ ანგარიშვალდებულნი. მათთვის სახელმწიფოზე მეტი ავტორიტეტი არ არსებობდა.
დოკინზის ათეისტური რწმენის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური პუნქტის მიხედვით, “მცირე მტკიცებულებაც კი არ არსებობს” იმისთვის, რომ ათეიზმს შეუძლია სისტემატურად უბიძგოს ადამიანს არაეთიკური საქციელისკენ. მისი აზრით, ეს გამორიცხულია. ეს საოცრად გულუბრყვილო განცხადება ჩვენში წუხილს იწვევს, რადგან ფაქტები საპირისპიროს მეტყველებენ. საბჭოთა ხელისუფლება 1918-1941 წლებში ათეისტური იდეოლოგიის პროპაგანდისას სისტემატურად ანადგურებდა ეკლესია-მონასტრებს და ხოცავდა სასულიერო პირებს. ამგვარი მონაცემების სტატისტიკას შეუძლია შოკში ჩაგაგდოს. ამ შემთხვევაში, ძალადობასა და რეპრესიას ხომ სწორედ ათეისტური იდეოლოგია იწვევდა, რომლის მიზანი რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა იყო? მაგრამ ეს გარემოება დოკინზის მიერ აღწერილ ათეიზმის იდეალიზირებულ და დეზინფექცირებულ (sanitized) სურათთან შესაბამისობაში არ მოდის. დოკინზი თითქოს სპილოს ძვლისგან აგებულ კოშკში სახლობს, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს მეოცე საუკუნის რეალურ და სასტიკ სამყაროსთან.
დოკინზი ასევე იმ კრიტიკას ავითარებს, რომელიც ხშირად გამოითქმება რელიგიის წინააღმდეგ ათეისტ აპოლოგეტთა ნაწერებში – კერძოდ, ქრისტიანული რწმენა დადანაშაულებულია ადამიანების დაყოფაში “ჩვენიანებად” და “სხვისიანებად”. დოკინზი დარწმუნებულია, რომ თუ რელიგიას გავაუქმებთ, მსგავსი სოციალური დემარკაცია და დისკრიმინაციაც აღარ იარსებებს. მაგრამ, აქ, ალბათ, მრავალ ადამიანს დააინტერესებს, შეიძლება თუ არა მსგავსი საყვედური გამოვთქვათ იესო ნაზარეველის მისამართით? განა მისი სწავლების მთავარი გზავნილი მტრის სიყვარული არ არის, რომელიც ასევე ამგვარი სოციალური ბარიერების წინააღმდეგაც არის მიმართული?
ამ საკითხზე დოკინზისეული მსჯელობა მიუღებელია, რადგან აქ უკვე აშკარად ჩანს, რომ რელიგიის სფეროში მისი უმეცრება არის არა ღიმილისმომგვრელი, არამედ უბრალოდ სასაცილო. ამ საკითხზე მსჯელობისას დოკინზი ინტენსიურად იყენებს 1995 წელს ჟურნალ Skeptic-ში გამოქვეყნებულ ჯონ ჰართუნგის სტატიას, რომელიც ამტკიცებს (აქ დოკინზისეულ შეჯამებას ვციტირებ): იესოც სწორედ ამ გვარ-ტომობრივი მორალის თავგადადებული მიმდევარი იყო – რაც ყველა განსხვავებულისადმი მტრულ განწყობას გულისხმობდა. ამგვარი გვარ-ტომობრივი მორალი ხომ დამკვიდრებული სტანდარტი იყო ძველი აღთქმის ებრაელებისთვის. იესო კი მართლმორწმუნე ებრაელი გახლდათ. წარმართებისთვის ებრაელთა ღმერთის ქადაგება პავლე მოციქულის იდეა იყო. ჰართუნგი ამას უფრო უკმეხად ამბობს, ვიდრე მე გავბედავდი ამის თქმას: “იესო საფლავში ამოტრიალდებოდა, თუკი გაიგებდა, რომ პავლე მოციქული მის მარგალიტებს ღორებს უყრიდა”. დარწმუნებული ვარ მრავალი ქრისტიანი გაოგნებული დარჩება სახარებისეული ჭეშმარიტების ამგვარი ხელოვნური ინტერპრეტაციის გაცნობისას. ვწუხვარ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ეს მაგალითი დოკინზისეული მიდგომის ნათელი ილუსტრაციაა: დაცინვა, დამახინჯება, დამცირება და დემონიზება. არც იმის შემჩნევაა რთული, რომ დოკინზის მსჯელობებს აშკარად აკლია მეცნიერული ობიექტურობა და ელემენტარული ადამიანური პატიოსნება. იგივე შეიძლება ითქვას ზოგადად დღევანდელ ათეისტურ ფუნდამენტალიზმზე.
არანაირი აზრი არ აქვს ამგვარ ათეისტურ ფუნდამენტალიზმთან კამათს. ეს იგივეა, რომ დედამიწის სიმრგვალეში დაარწმუნო ადამიანი, რომელსაც სწამს, რომ ის ბრტყელია. დოკინზი ისე ღმადაა გახლართული მის მიერვე შექმნილ რწმენა-წარმოდგენებში, რომ სხვა ალტერნატივების აღქმა უბრალოდ არ შეუძლია. მრავალი მკითხველი დააფასებდა უფრო სანდო, ინფორმირებულ და გაწონასწორებულ მსჯელობას, ვიდრე დოკინზის ვრცელი და მოსაბეზრებელი ანტირელიგიური ტირადებია. ახლა კი შევეცადოთ ობიექტურად განვიხილოთ ზემოთ წარმოდგენილი კონკრეტული საკითხი.
პირველ რიგში, იესო ქრისტემ ძველი აღთქმის მცნება “გიყვარდეს მოყვასი შენი” უზომოდ გააფართოვა და განაცხადა: “გიყვარდეს მტერი შენი” (მათ. 5:44). იესო ნამდვილად არ უჭერდა მხარს განსხვავებულის სიძულვილს. სწორედაც რომ პირიქით: მის მიერ დატოვებული ეთიკური მცნებები განსხვავებულის მიღებას და სიყვარულს ქადაგებს. განხორციელებული ძე ღმერთის სწავლების ეს მნიშვნელოვანი ასპექტი იმდენად ცნობილია, რომ დოკინზს არ აქვს მორალური უფლება არც კი ახსენოს ეს. გასაგებია, რომ ქრისტიანებს ხშირად უჭირთ ამ მოთხოვნის შესრულება. მაგრამ არა მხოლოდ განსხვავებულის, არამედ მტრის სიყვარულის მცნება ქრისტიანული ეთიკის გულის გულია.
მეორეც, მრავალი ადამიანი მიუთითებდა ასევე, რომ კეთილი სამარიტელის შესახებ ცნობილი ისტორიიდან (ლუკ. 10) სრულიად ნათელია, რომ იესომ თავად სიტყვა “მოყვასის” გაგებაც გააფართოვა (“გიყვარდეს მოყვასი შენი”). მოყვასად არა მხოლოდ იუდეველი, არამედ სამარიელიც შეიძლებოდა მიჩნეულიყო. (სწორედ ამის გამო ფიქრობდა მისი ზოგიერთი თანამედროვე იუდეველი, რომ იესოც სამარიელი უნდა ყოფილიყო: იხ. იოანე 8:48). მართალია იესო პალესტინელი ებრაელი იყო და, ძველი აღთქმის კვალად, ებრაელი ერი რჩეულად მიაჩნდა, მაგრამ მისი განსაზღვრება, თუ ვინ იყო “ჭეშმარიტი ებრაელი”, ძალიან ფართო (radically broad) იყო. “ებრაელის” იესოსეული გაგება ასევე იმ ებრაელებსაც მოიცავდა, რომლებმაც დამპყრობელ რომაელებთან მჭიდრო თანამშრომლობის გამო იუდაური საკრებულოდან გარიცხულნი იყვნენ. იუდეველთა ერთ-ერთი მთავარი ბრალდება იესოს წინააღმდეგ სწორედ ეს იყო: ის სიყვარულით იღებდა იუდაური საზოგადოებიდან გარიყულ ხალხსაც – მებაჟეებს, ავაზაკებს, მეძავებს. ამრიგად, იესოს სიტყვა და მოქმედება ერთმანეთის შესაბამისი იყო. ამას მოწმობს ასევე მისი მზაობა იმ ადამიანებთან ურთიერთობისთვის, რომლებიც რიტუალურად უწმინდურად ითვლებოდნენ (მაგ., მათ. 8:3; მათ. 9:20-25).
ამრიგად, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ათეისტური ფუნდამენტალიზმის ასეთი მძაფრი და აგრესიული მანიფესტისადმი? რელიგიის მრავალი კრიტიკოსი, აცნობიერებს რა მორალურ ვალდებულებას იყოს დამაჯერებელი რელიგიის ფენომენის კრიტიკისას და იმავდროულად აფასებდეს რელიგიის საუკეთესო გამოვლინებებსაც, აღშფოთებულია დოკინზის უხეში სტერეოტიპებით, უმოწყალოდ გამარტივებული და სქემატური აზროვნებით (“მეცნიერება კარგია, რელიგია ცუდია”), მის მიერ შექმნილი საფრთხობელებისა და რელიგიისადმი პათოლოგიურად მტრული დამოკიდებულების გამო. ამის გამო, წიგნს “ღმერთი, როგორც დელუზია” საპირისპირო შედეგის მოტანა უფრო შეუძლია. მაგალითად, საბოლოოდ დაარწმუნოს მკითხველნი, რომ ათეიზმიც ისეთივე არატოლერანტული, დოგმატური და აუტანელია, როგორც რელიგიის ყველაზე უღირსი გამოვლინებანი. როგორც ამას წინათ ცნობილმა ათეისტმა, მაიკლ რუზმა განაცხადა: “წიგნი ‘ღმერთი, როგორც დელუზია’ არცხვენს ჩემს ათეისტურ მრწამსს”[9].
როგორც ჩანს, დოკინზი სერიოზულად ფიქრობს, რომ მთავარია ხმამაღალი და დამაჯერებელი ყვირილი, საწინააღმდეგო არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე ქილიკი ან უბრალოდ მათი იგნორირება, რითაც გონებაგახსნილ და არაწინასწარგანწყობილ ადამიანებს რელიგიის დელუზიურობაში დაარწმუნებს. გულუბრყვილო და მიმნდობი ადამიანებისთვის შეიძლება დამაჯერებელი სწორედ ასეთი ყვირილი აღმოჩნდეს და არა არგუმენტები. დოკინზის მიერ ქრისტიანობის არსის საოცრად ზედაპირული და დამახინჯებული გადმოცემა მორწმუნე ადამიანებს გვაფიქრებინებს, რომ მას წარმოდგენა არ აქვს რაზე ლაპარაკობს და რომ მისი ათეიზმი შეცდომებისა და გაუგებრობების მთელ წყებას ეფუძნება. ბედის ირონიით, დოკინზის წიგნმა შეიძლება იმ დასკვნამდე მიიყვანოს მკითხველნი, რომ თავად ათეიზმი წარმოადგენს ღმერთის შესახებ დელუზიას.
27 იანვარი 2007

 

შენიშვნები: 
[1] მაკგრეთმა მოგვიანებით, 2015 წელს, ეს წიგნი მნიშვნელოვნად გავრცობილ-გადამუშავებული გამოსცა, რომელშიც არა მხოლოდ დოკინზის წიგნი The God Delusion (2006) განიხილება, არამედ მისი სხვა წიგნებიც. მეორე გამოცემის სათაურია: Alister McGrath. Dawkins’ God: From the Selfish Gene to the God Delusion. Second Revised Edition. Willey Blackwell 2015, 208p. [მთარგ. შენიშ.].
[2] Alister McGrath. Do stop behaving as if you are God, Professor Dawkins”, 09 February 2007, http://www.dailymail.co.uk/news/article-433628/Do-stop-behaving-God-Professor-Dawkins.html [მთარგ. შენიშ.].
[3] Richard Dawkins Tried to Censor Alister McGrath But Failed, May 10, 2016, You-tube channel: Theology, Philosophy and Science, https://www.youtube.com/watch?v=_UZ8dq0vp-E [მთარგ. შენიშ.].
[4] რიჩარდ დოკინსი. ღმერთი, როგორც დელუზია. ინგლისურიდან თარგმნა მამუკა ჩახვაშვილმა. თბ., 2015, გვ. 9. [მთარგ. შენიშ.].
[5] 1950-60-იან წლებში ისტორიკოსთა და სოციოლოგთა ნაწილის აზრით (მათ შორის იყო ამერიკელი გავლენიანი სოციოლოგი, პიტერ ბერგერიც), ინდუსტრიალიზაციისა და მოდერნიზაციის შედეგად, ადამიანებში რელიგიურობის ხარისხი მნიშვნელოვნად დაიკლებდა. თუმცა ეს პროგნოზი მცდარი აღმოჩნდა, რის გამოც, პ. ბერგერს საკუთარი სეკულარიზაციის თეორიის გადახედვა მოუწია. იხ., მაგ., მისი სტატია: Peter L. Berger. Secularism in retreat”, The National Interest, 46 (Winter 1996): p3, http://csrs.nd.edu/assets/50014/secularism_in_retreat.html [მთარგ. შენიშ.].
[6] მართლაც, თანამედროევეობის ცნობილმა ათეისტებმა არა მხოლოდ დაიცვეს რიჩარდ დოკინზი და ახალი ათეიზმის სხვა წარმომადგენლები, არამედ ისეთივე დაუნდობელი კრიტიკა მიაგებეს მათ, როგორიც თავად გამოავლენეს რელიგიის მისამართით. იხ., მაგალითად, ჯულიან ბეჯინის (Julian Baggini. “The New Atheist Movement is Destructive”, 19.03.2009,  http://fritanke.no/index.php?page=vis_nyhet&NyhetID=8484), მაიკლ რუზის (Michael Ruse. Reviev of The God Delusion, in: A Journal of the History of Science Society, Vol. 98, No. 4, 2007, p. 814-816; ასევე მისი მეორე სტატია: Ruse, Michael. “Why I think the New Ateists Are Bloody Disaster”, August, 2009, http://www.beliefnet.com/columnists/scienceandthesacred/2009/08/why-i-think-the-new-atheists-are-a-bloody-disaster.html), თომას ნაგელის (Thomas Nagel. “The Fear of Religion”, review of The God Delusion, in: The New Republic, 10/23/2006, p. 25-29) და კურთის უაითის (Curtis White. “Christopher Hitchens’ lies do atheism no favors”. June 23, 2013, http://www.salon.com/2013/06/23/christopher_hitchens_lies_do_atheism_no_favors/) პუბლიკაციები.  ასევე იხ. აგნოსტიკოსი დევიდ ბერლინსკის წიგნი ახალი ათეიზმის წინააღმდეგ (David Berlinski. The Devil’s Delusion: Atheism and its Scientific Pretensions. New York: Basic Books 2009, 237p.). ამ კონტექსტში უნდა ვახსენოთ ათეისტი ფილოსოფოსი ალენ დე ბოტონიც, რომელიც ცალსახად გაემიჯნა ახალ ათეისტებს თავის ცნობილ წიგნში (Allain de Botton. Religion for Atheists. Penguin Books 2012, 320p.), რომელშიც საზოგადოებრივ ცხოვრებაზე რელიგიის დადებითი გავლენის სხვადასხვა ასპექტია განხილული. ამ წიგნის შესახებ ჩვენი ვრცელი რეცენზია იხ. ჟურნალში “კადმოსი” #6, 2014, გვ. 565-577. ტექსტი გადატანილია ასევე ვებ-გვერდზეც: თინიკაშვილი, დავით. “დე ბოტონის ‘მეგობრული ათეიზმი’”, https://davidtinikashvili.wordpress.com/2016/07/30/დავით-თინიკაშვილი-მეგობ/ [მთარგ. შენიშ.]
[7] რელიგიური რწმენის, როგორც “ბრმა მინდობის” შესახებ მაკგრეთი თავის წიგნში Dawkins’ God წერს: “კლასიკური ქრისტიანული ტრადიცია ყოველთვის აფასებდა რაციონალობას და არასოდეს განუცხადებია, რომ რწმენა გონების სრულ უარყოფას გულისხმობს… თუნდაც ზედაპირული გადაკითხვა ისეთი გავლენიანი ქრისტიანი ფილოსოფოსების ნაშრომებისა, როგორებიც არიან რიჩარდ სუინბერნი (ოქსფორდის უნივერსიტეტი), ნიკოლას უოლტერსტოფი (იელის უნივერსიტეტი) და ალვინ პლანტინგა (ნოტრ დამის უნივერსიტეტი), საკმარისი იქნება იმის გაცნობიერებისთვის, თუ როგორი მნიშვნელოვანია მათთვის ღმერთის შესახებ ‘დასაბუთებული’ და ‘თანმიმდევრული’ მსჯელობა. ვგულისხმობ შემდეგ ნაშრომებს: Richard Swinburne. The Coherence of Theism. Oxford: Clarendon Press 1977; Nicholas Wolterstorff. Reason within the Bounds of Religion. Grand Rapids, MI: Eerdmans 1984; Alvin Plantinga. Warranted Christian Belief. Oxford University Press 2000” (Alister McGrath. Dawkins’ God: Genes, Memes and the Meaning of Life. London: Blackwell 2005, გვ. 99).
[8] მკითხველს შევახსენებთ, რომ ალისტერ მაკგრეთს ოქსფორდის უნივერსიტეტში სამი სადოქტორო ხარისხი აქვს მიღებული, მათ შორის მოლეკულურ ბიოფიზიკაში. თეოლოგიის შესწავლამდე, ის სწორედ ამ სფეროში მოღვაწეობდა [მთარგ. შენიშ.].
[9] მაიკლ რუზმა ეს სიტყვები ალისტერ მაკგრეთის შემდეგი წიგნის შესაფასებლად დაწერა: The Dawkins Delusion: Atheist fundamentalism and the denial of the divine. InterVarsity Press 2007. ეს სიტყვები წიგნის წინა ყდაზეა მოცემული და მისი სრული სახე ასეთია: “წიგნი ‘ღმერთი, როგორც დელუზია’ არცხვენს ჩემს ათეისტურ მრწამსს. თუ რატომ, მაკგრეთი კარგად აჩვენებს ამას” [მთარგმ. შენიშვ.].
ინგლისურიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო დავით თინიკაშვილმა
ტექსტის ორიგინალი იხ.: http://www.alternet.org/story/47052/the_dawkins_delusion
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s