ალისტერ მაკგრეთი – სტივენ ჰოკინგი, ღმერთი და მეცნიერების როლი

თავის ბოლო წიგნში The Grand Design, რომელიც ავსტრალიაში სულ ახლახანს გამოიცა, ჰოკინგი აცხადებს, “ვინაიდან არსებობს ისეთი კანონი, როგორიც გრავიტაციაა, სამყაროს შეეძლო საკუთარი თავი შეექმნა არაფრისგან. სპონტანური ქმნადობაა მიზეზი იმისა, რომ არსებობს რაღაც არაფრის ნაცვლად, არსებობს ეს სამყარო, ვარსებობთ ჩვენ”.
 
“დიდი აფეთქება” სპონტანურად მოხდა, რაც ფიზიკური კანონების და არა შემოქმედი ღმერთის ნების მოქმედების შედეგი იყო. ამგვარი მოსაზრება საუკეთესო გზაა წიგნის რეკლამირებისთვის და ღმერთის შესახებ უძველესი პოლემიკის განახლებისთვის, რადგან ის საინტერესო კითხვებს წარმოშობს. ნება მომეცით ზოგიერთ მათგანს შევეხო.
მე თავად ვსწავლობდი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც ბაკალავრის ხარისხი ქიმიაში მივიღე. ჩემი პირველი სადოქტორო დისერტაცია კი ამავე უნივერსიტეტში მოლეკულურ ბიოფიზიკაში დავიცავი. არსებობს ფართო კონსენსუსი, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები არც ათეისტურია და არც თეისტური. ისინი უბრალოდ არ ოპერირებენ ამ დონეზე. თუმცა შესაძლებელია მათი მონაცემების რელიგიური ან ანტირელიგიური ინტერპრეტაცია. მაგალითად, მებრძოლი ათეისტი, რიჩარდ დოკინზი მეცნიერებას იყენებს, როგორც იარაღს რელიგიის წინააღმდეგ. მაგრამ, სხვათა აზრით, მეცნიერებას და რელიგიურ რწმენას შეუძლია ერთმანეთის გამდიდრება. მაგალითად, ფრენსის კოლინზის[1] წიგნი The Language of God [ღმერთის მეტყველება] ამტკიცებს, რომ მეცნიერული მონაცემები უფრო გასაგები ხდება ღვთისადმი რწმენის და არა ათეიზმის ფონზე.
ამრიგად, რას მოგვითხრობს ჰოკინგის ბოლო წიგნი? უწყობს თუ არა ის ხელს მეცნიერული ცოდნის გაღრმავებას ან გარკვეულ აზრამდე მისვლას? არა მგონია. ღმერთის არსებობასთან დაკავშირებით ჰოკინგის თამამმა განცხადებებმა საგონებელში ჩააგდო ჩემი კოლეგები ოქსფორდსა და ლონდონში, ძირითადად, იმ სპეკულაციური ინტერპრეტაციების გამო, რომელიც მის ისედაც სპეკულაციურ თეორიას უკავშირდება.
მთავარ პუნქტებში ჰოკინგის ანალიზი საოცრად სუსტია. მისი აზრით, დიდი აფეთქება გარდაუვალი შედეგი იყო ფიზიკის კანონებისა. “ისეთი კანონის მეშვეობით, როგორიც გრავიტაციაა, სამყაროს შეეძლო საკუთარი თავი წარმოეშვა არაფრისგან”. როგორც ჩანს ჰოკინგი ერთმანეთში ურევს კანონსა (law) და აქტორს (agency). კანონები თავად არაფერს წარმოშობენ[2]. კანონები უბრალოდ აღწერენ იმას, რაც გარკვეულ პირობებში ხდება.
წარმოიდგინეთ, რომ კრიკეტის თამაშს უყურებთ. ნიუტონის კანონი გვეხმარება გავიგოთ როგორ მოძრაობს ბურთი. მაგრამ ეს კანონი არ იწვევს ამ ბურთის ამოძრავებას. ამ საქმეში აქტორია (agency) ჩართული. კანონები მხოლოდ გვეხმარება გავიგოთ რა ხდება ამ დროს, მაგრამ ისინი არ იწვევენ ქმედებას.
ჰოკინგი გვეუბნება, რომ არ გვჭირდება შემოქმედის იდეა, რადგან უკვე გვაქვს ფიზიკის კანონები. ეს მოსაზრება არ წარმოადგენს სიახლეს. აქ პასუხგაუცემელი რჩება შეკითხვა: საიდან გაჩნდა ფიზიკის ეს კანონები? ვინ შექმნა ისინი? როგორ წარმოიშვა თავად გრავიტაცია ყველაზე უწინ? რომელი აქტორი (agency) იყო ჩართული საქმეში?
ჰოკინგი ფიქრობს, რომ აქ არჩევანი უნდა გავაკეთოთ ან ბუნების კანონებზე ან ღმერთზე, როგორც ერთმანეთთან შეუთავსებელ მოცემულობებზე. მაგრამ ეს ერთგვარი მარცხია აქტორის ვინაობის შესახებ საკითხის გამორკვევისას. ავიღოთ, მაგალითად, ლეონარდო და ვინჩის მიერ მონა ლიზას ნახატის შექმნა. ფიზიკის კანონები გვეხმარება გავიგოთ ეს პროცესი. მაგრამ საეჭვოა, რომ ამ კანონებს თავად შეექმნა აღნიშნული ნახატი, ლეონარდოს გარეშე. თითქოს ლეონარდო არააუცილებელი აქტორი იყოს ამ პროცესში.
თუმცა ვიტყოდი, რომ ჰოკინგის მიდგომასთან დაკავშირებულ პრობლემებს უფრო ღრმა ხასიათი აქვს. სტივენ ჰოკინგზე მრავალი მეცნიერი ბრაზობს[3] იმის გამო, რომ მეცნიერების დისკრედიტაციის რისკზე წავიდა თავისი გადამეტებული განცხადებებით. მეცნიერება ადამიანის დამოუკიდებელი ინტელექტის წარმატების ისტორიაა. ის ადამიანური ცოდნის ყველაზე უსაფრთხო და სანდო ფორმად მიიჩნევა. მეცნიერებამ ამგვარი შესაშური რეპუტაცია კი სწორედ თავისი ზომიერი ამბიციით მოიპოვა.
სწავლულებმა იციან, რომ ყველაფერზე მსჯელობა არ ძალუძთ[4] – მათ მხოლოდ იმ შედეგებზე საუბარი შეუძლიათ, რომლებიც მკაცრი და ტესტირებადი კვლევის შედეგად მიიღეს. მეცნიერება ამ ხილული სამყაროს მხოლოდ ფორმებისა და პროცესების აღწერას ცდილობს. საზრისისა და ღირებულების საკითხების კვლევა კი მისი საქმე არაა. მეცნიერება ეთიკურ, პოლიტიკურ და რელიგიურ დებატებზე მაღლა დგას და ასეც უნდა იყოს.
მეცნიერების კულტურული და ინტელექტუალური ავტორიტეტი ამგვარ დებატებში მის ნეიტრალობას ეფუძნება. თუ მას იდეოლოგიური მიზნებით იყენებენ, მაშინ მეცნიერების საჯარო რეპუტაცია ამით მხოლოდ ზიანდება. ამას ჯერ კიდევ კარგა ხნის წინ აცნობიერებდნენ.
ცნობილია დარვინის დიდი მხარდამჭერის თომას ჰაქსლის (1825-1895) სიტყვები, რომ მეცნიერება “სუიციდს მიმართავს, როცა ის გარკვეული მრწამსის მხარდამჭერი ხდება”. ჰაქსლი მართალი იყო. თუ მეცნიერებას სეკულარული ან რელიგიური ფუნდამენტალიზმი იყენებს, მაშინ მის ინტელექტუალურ კეთილსინდისიერებას დიდი ზიანი ადგება, კულტურული ავტორიტეტი კი ეცემა.
ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომაა მრავალი სწავლული თავზარდაცემული ახალი ათეისტების იდეოლოგიით. მათ მიაჩნიათ, რომ მსგავსი მიდგომა მეცნიერების რეპუტაციას ლახავს, როცა მას ანტი-რელიგიური პროპაგანდისთვის იყენებენ.
ბარონესა სუსან გრინფილდს, ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მეცნიერს, ღმერთის შესახებ სტივენ ჰოკინგისეული სპეკულაციების შეფასება სთხოვეს. მას ჰკითხეს, აწუხებდა თუ არა მეცნიერთა მიერ იმ სფეროებში გამოთქმული მოსაზრებები, რომელთანაც არავითარი კავშირი არ ჰქონდათ[5]. “დიახ, მაწუხებს”, – უპასუხა მან, – “რასაკვირველია, ამგვარ სწავლულთ ნებისმიერი კომენტარის გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ როდესაც, ერთგვარი თალიბანური ყაიდის სულისკვეთებით ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ყველაფერზე აქვთ პასუხი, ამ დროს ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. ეს ნამდვილად არ წაადგება მეცნიერებას”[6].
მართალია და ნებისმიერი, ვინც მეცნიერებას ანტი-რელიგიურ იარაღად იყენებს, მისი ეს სიტყვები ყურად უნდა იღოს. გრინფილდმა ასევე განაცხადა “მეცნიერებას პროვიზიონალური (დროებითი, პირობითი) ხასიათი აქვს. ამიტომ, როცა აცხადებ, რომ განსაზღვრული პასუხი გაქვს რაიმეზე, ეს ხისტი აზრია (hardline view). დიდად სამარცხვინო იქნებოდა, თუკი ახალგაზრდობა იფიქრებდა, რომ მეცნიერი მხოლოდ ათეისტი შეიძლება იყოს. მრავალი მეცნიერია ისეთი, როგორიცაა გენეტიკოსი ფრენსის კოლინზი, რომელიც იმავდროულად მორწმუნეა”.
ბუნებრივია, გრინფილდი სიმართლეს ღაღადებს. გარკვეული აზრით, მეცნიერება ვერაფერ ლეგიტიმურს ვერ იტყვის ღმერთის შესახებ. როგორც ერთმა დიდმა ევოლუციონისტმა ბიოლოგმა ჰარვარდიდან, სტივენ ჯეი გოულდმა (1941-2002) სწორად შენიშნა, “მეცნიერებას (თავისი ლეგიტიმური მეთოდებით) უბრალოდ არ შეუძლია დაადგინოს და გამოარკვიოს ღმერთის შესაძლო მოქმედება ბუნებაში. ამას არც უარვყოფთ და არც ვადასტურებთ. ჩვენ, როგორც მეცნიერებს, უბრალოდ არ შეგვიძლია ამ საკითხზე საუბარი”.
“ახალი ათეიზმი” მეცნიერებასა და რელიგიას მუდმივად დაპირისპირებულ მხარეებად წარმოგვიჩენს. მათ დროის საკითხად მიაჩნიათ მეცნიერების საბოლოო გამარჯვება რელიგიაზე. რელიგიის წინააღმდეგ გააფთრებულ ბრძოლაში ახალი ათეისტებისთვის მეცნიერება ერთ-ერთი იარაღია. მართლაც, ახალი ათეიზმი თავის თავში არა მხოლოდ ასახავს კულტურულ სტერეოტიპს მეცნიერებასა და რელიგიას შორის არსებული ‘წინააღმდეგობის’ შესახებ, არამედ მისი არსებობა რეალურად ამ სტერეოტიპზეა დაფუძნებული. მაგრამ ამგვარი პერმანენტული დაპირისპირება არ წარმოადგენს ობიექტურ ისტორიულ სურათს.
1970-იან წლებში მეცნიერების ისტორიკოსები, ძირითადად, შეთანხმდნენ, რომ მეცნიერებისა და რელიგიას შორის “ბრძოლის” მოდელი ისტორიულად დაუსაბუთებელია. ისტორიული მითები, რომელსაც ეს მოდელი ეფუძნება, – განსაკუთრებით პოპულარულ ათეისტურ პროპაგანდაში, – მთლიანად დამსხვრეულია (comprehensively dismantled).
ბოლო ათწლეულების მანძილზე პოპულარულმა კულტურამ უარყო აზროვნების ამგვარი ცალსახა დიქოტომიური სტილი, მიანიჭა რა უპირატესობა ისტორიისა და კულტურის უფრო რთულ, კომპლექსურ მოდელს, ნაცვლად მისი ზერელე სლოგანებამდე და სტერეოტიპებამდე დაყვანისა.
როგორც ცნობილია, “მეცნიერება” და “რელიგია” ერთგვარი სტენოგრაფიული სიტყვებია უსაზღვროდ კომპლექსური და მრავალფეროვანი იდეების, პრაქტიკებისა და სისტემებისთვის.
საბედნიეროდ, არსებობს იმის ნიშნები, რომ საქმე წინ მიდის. როგორც ჩანს, პუბლიკა თანდათან აცნობიერებს, რომ მეცნიერებასა და რწმენას შორის ურთიერთობას უფრო რთული ხასიათი აქვს, ვიდრე მედია ცდილობს წარმოგვიდგინოს მისთვის ჩვეული სლოგანებით. ნება მომეცით, ერთ მნიშვნელოვან შემთხვევაზე მიგითითოთ, რომელიც გარკვეული მინიშნება შეიძლება იყოს იმაზე, თუ როგორ შეიძლება მომავალში განვითარდეს მოვლენები ამ მიმართულებით.
2008 წელს რიჩარდ დოკინზი ოქსფორდის უნივერსიტეტში მეცნიერების პოპულარიზაციის პროფესორის თანამდებობიდან გადადგა. დოკინზისთვის დამახასიათებელმა მებრძოლმა ათეიზმმა სადაო გახადა მის მიერ ამ თანამდებობაზე ყოფნა და მუშაობა, რადგან ის მეცნიერების განმტკიცებას რელიგიის დაცინვას უკავშირებდა.
დოკინზის თანამდებობაზე ცნობილი მათემატიკოსი მარკუს დუ სოუთაი იქნა არჩეული. ჟურნალისტებს ინტერვიუს ჩაწერისას, ძირითადად, ერთი საკითხი აინტერესებდათ. გაჰყვებოდა თუ არა იგი დოკინზის კვალს და ისიც ათეიზმის პროპაგანდისთვის გამოიყენებდა თუ არა ოქსფორდის უნივერსიტეტის მაღალ ტრიბუნას?
დუ სოუთაიმ დამაჯერებელი და ყველასთვის ყურადსაღები პასუხი გასცა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ათეისტია, მან განაცხადა, რომ ანტი-რელიგიურ პროპაგანდას “არანაირად” არ შეუწყობს ხელს, რომ მისი ამოცანა იყო მეცნიერების პოპულარიზაცია, რასაც დიდი ენთუზიაზმით გააკეთებდა.
მისმა ამგვარმა სიტყვებმა დიდი გაღიზიანება გამოიწვია ზოგიერთებში რიჩარდ დოკინზის ვებ-გვერდზე (https://richarddawkins.net). ეს რანაირი მეცნიერია? თუ დუ სოუთაის ნამდვილად შესტკივა გული მეცნიერებაზე, მაშინ ის უნდა გმობდეს რელიგიას! “რა სასაცილო არჩევანი გააკეთა” – წერდა ერთი კომენტარებში. “თუ იგი ხალხში მეცნიერების პოპულარიზაციას აპირებს, მაშინ უნდა დაუპირისპირდეს კიდეც იმ ყოველდღიურ გამოწვევებს, რასაც რელიგია უქმნის რაციონალობას”, წერდა სხვა.
მაგრამ დუ სოუთაიმ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ვითარების გამოსწორებისთვის [დოკინზის შემდგომ, დ.თ.]. გაჩნდა იმედი, რომ რელიგიასთან ცივილიზებული დიალოგი მასთან კონფრონტაციასა და დაცინვას ჩაანაცვლებს. მეცნიერებასა და რელიგიას მრავალი საკითხი აქვთ ერთმანეთში გასარკვევი, რწმენისა და რაციონალობის ურთიერთმიმართების საკითხის ჩათვლით.
ვიმედოვნოთ, რომ ამგვარი თავისუფალი დიალოგის საშუალება ყოველთვის გვექნება, რომელიც არ დაბრკოლდება მეცნიერული “თალიბანის” მხრიდან, როგორც სუსან გრინფილდი იტყოდა. ამგვარი დიალოგი კი ძალზედ მნიშვნელოვანი და უაღესად საინტერესოა. ამიტომ ის არც უგულვებელყოფას და არც იგნორირებას არ იმსახურებს.

შენიშვნები:

[1] ფრენსის კოლინზი (Francis Collins) – ამერიკელი გენეტიკოსი, აშშ-ს National Institutes of Health-ის დირექტორი. 1970-იანი წლებიდან დღემდე მას 400-ზე მეტი peer-reviewed სტატია აქვს გამოქვეყნებული. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ათეისტები კოლინზს საპირისპირო ბანაკში მყოფად მოიაზრებენ, მის მიმართ, მაგალითად, აწ გარდაცვლილი ქრისტოფერ ჰიჩენსი პატივისცემით იყო განმსჭვალული. სამეცნიერო წონის თვალსაზრისით, კოლინზი ბევრად აღემატება ახალი ათეიზმის ოთხივე მხედარს. ამ კუთხით, ერთ-ერთი ბლოგერი საინტერესო გრაფიკულ გამოსახულებას იძლევა, რომელშიც ახალი ათეისტებისა და ფ. კოლინზის სამეცნიერო სტატიების რაოდენობაა შედარებული, რითაც მკაფიოდ ჩანს მათ შორის არსებული უზარმაზარი კონტრასტი კოლინზის სასარგებლოდ. იხ.: Francis Collins vs New Atheists, 10 January 2015, https://shadowtolight.wordpress.com/2015/01/10/francis-collins-vs-new-atheists/ [მთარგ. შენიშ.].
[2] პროფესორ დევიდ უილკინსონის მითითებით (უილკინსონს სამეცნიერო ხარისხები აქვს როგორც ასტროფიზიკაში, ისე თეოლოგიაში), ჰოკინგის აზრი, რომ ჩვენი სამყარო მხოლოდ ერთ-ერთია უამრავ სამყაროს შორის, რომლებიც ფიზიკური კანონებითაა წარმოქმნილი და არა ზებუნებრივი არსების რაიმეგვარი ჩარევით, “არაა მთლიანად გაზიარებული (not fully accepted) სამეცნიერო საზოგადოების მიერ” (Wilkinson, David. “The Origin and end of the Universe: A Challenge for Christianity”, in: Priest, Eric (ed.). Reason and Wonder: Why Science and Faith Need Each Other. West Conshohoken, PA: Templeton Press 2017, p. 68). [მთარგმ. შენიშვ.]
[3] მათ რიცხვშია ასევე ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯონ ლენოქსიც. მისი სტატიის ქართული თარგმანი იხ.: ჯონ ლენოქსი. ჩემთვის, როგორც მეცნიერისთვის, უეჭველია, რომ სტივენ ჰოუკინგი ცდება. შეუძლებელია სამყაროს ახსნა ღმერთის გარეშე“, http://www.orthodoxtheology.ge/ჩემთვის-როგორც-მეცნიერი/ [მთარგ. შენიშ.].
[4] თუნდაც მეცნიერებამ შეძლოს რელიგიის ფენომენის ახსნა, ეს არანაირად არ დააზიანებს რელიგიას. მაგ., ისეთი ცნობილი ათეისტი, როგორიც მაიკლ რუზია, აღნიშნავს, რომ რელიგიის მეცნიერული ახსნა არ ნიშნავს მისი (რელიგიის) სიყალბის დამტკიცებას. იხ.: Michael Ruse. “Atheism, Naturalism and Science: three in one?”, The Cambridge Companion to Science and Religion. Ed. By Peter Harrison. Cambridge: Cambridge University Press 2010, p. 240. [მთარგ. შენიშ.].
[5] მართლაც, სტივენ ჰოკინგის გამაოგნებელი უვიცობა რელიგიის სფეროში გამოვლინდა მის თუნდაც იმ სიტყვებში, რომლის მიხედვითაც ღმერთი თითქოს დროით კატეგორიას უნდა ემორჩილებოდეს. დოკუმენტურ ფილმის Stephen Hawking’s Grand Design: Did God Create the Universe? დასასრულს ის ამბობს: “როცა ხალხი მეკითხება, სამყარო ღმერთმა შექმნა თუ არა, ვპასუხობ, რომ ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. დიდ აფეთქებამდე დრო არ არსებობდა. სწორედ ამიტომ უფალს მის [სამყაროს] შესაქმნელად დრო არ ჰქონდა” (არსებობს თუ არა ღმერთი – სტივენ ჰოკინგის სამყარო (მოცემული სიტყვები იხ. 41:28 წთ-დან), 2 ოქტომბერი 2016, “შემეცნებითი არხი”, https://www.youtube.com/watch?v=yvHy8fBDKfs&t=337s [მთარგ. შენიშ.].
[6] ვრცლად. იხ.: Alastair Jamieson. “Baroness Greenfield criticises ‘Taliban-like’ Stephen Hawking”, 08 September 2010, http://www.telegraph.co.uk/news/science/stephen-hawking/7988785/Baroness-Greenfield-criticises-Taliban-like-Stephen-Hawking.html [მთარგ. შენიშ.].
14 სექტემბერი 2010
ალისტერ მაკგრეთი, ყოფილი ათეისტი, თეოლოგიის პროფესორი ლონდონის სამეფო კოლეჯში. ავტორია სტანდარტული სახელმძღვანელოსი Science and Religion: A New Introduction (Wiley Blackwell, 2009).
ინგლისურიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო დავით თინიკაშვილმა
ტექსტის ორიგინალი იხ.: http://www.abc.net.au/religion/articles/2010/09/14/3011163.htm
თარგმანი გამოქვეყნდა ჟურნალში: ახალი საუნჯე: ტექსტებისა და კონტექსტების ჟურნალი #7 (49) 2017, გვ. 66-68. 
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s