მაიკლ რუზი – რატომ ვფიქრობ, რომ ახალი ათეიზმი ავთვისებიანი სიმსივნეა

მაიკლ რუზი (Michael Ruse) – ფლორიდის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი, ფილოსოფოსი, მეცნიერების ისტორიკოსი. 50-მდე წიგნისა და მრავალი სტატიის ავტორი, მათ შორის მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთობის მიმართულებით. ჟურნალ Biology and Philosophy-დამფუძნებელი და რედაქტორი.
მაიკლ რუზის, როგორც ათეისტის, აზროვნებიდან აღსანიშნავია მისი პოზიცია, რომლის მიხედვითაც, ქრისტიანებს შეუძლიათ ისევე აღიარონ დარვინიზმი, როგორც, მაგ., უპრობლემოდ გაიზიარეს “კოპერნიკული რევოლუცია”. ამ საკითხზე ცნობილია მისი შემდეგი წიგნი: Can a Darwinian be a Christian? (2001). რუზი როგორც კრეაციონიზმის, ისე ღვთის მიერ სამყაროს შექმნის თეორიის (ე.წ. Intelligent Design, გონისმიერი შექმნა) კრიტიკოსია.
მაიკლ რუზი თავს ათეისტად მიიჩნევს, თუმცა ახალი ათეისტებისადმი რადიკალური შეურიგებლობით გამოირჩევა. მაგ., მისი წიგნი Science and Spirituality: Making Room for Faith in the Age of Science (2010), კრიტიკულად განიხილავს როგორც ახალი ათეისტების, ისე კრეაციონისტების უკიდურესობებს. იგი ასევე თანარედაქტორია ცნობილი გამოცემისა: The Oxford Handbook of Atheism (2013).
სამოცდაათი წლის ასაკს მიღწეული თავს საკმაოდ უჩვეულო მდგომარეობაში ვხედავ. მე კვაკერთა ოჯახში გავიზარდე, მაგრამ ოცი წლის ასაკიდან რწმენა დავკარგე, რომელიც შემდგომ არასდროს დაბრუნებულა ჩემთან. ღვთაებებისა და სიცოცხლის საზრისის არსებობის საკითხებთან დაკავშირებით თავს აგნოსტიკოსად ვთვლი. მართალია, ქრისტიანობის მთავარი დებულებებისადმი (მოსიყვარულე ღმერთი, ადამიანის დაცემული ბუნება, იესოს მიერ კაცობრიობის ხსნა) პატივისცემით ვარ განწყობილი, მაგრამ თავი ათეისტად მიმაჩნია, თუმცა, მაგ., პირველქმნილი ცოდვის შესახებ ქრისტიანული სწავლება მისაღებად მიმაჩნია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ხშირად საკუთარ თავს ძალიან კონსერვატულ ურწმუნოს ვუწოდებ. ვგულისხმობ იმას, რომ საკუთარ ურწმუნოებას სერიოზულად ვეკიდები და სხვა ათეისტებისგანაც ამას მოვითხოვ, რომ ანალოგიური დამოკიდებულება ჰქონდეთ (რაც ხშირად არ აქვთ). თუ ათეისტი ეპისკოპალურ ეკლესიაში დადის სოციალური თუ ოჯახური მიზეზებით, ან იმიტომ, რომ რელიგიური მუსიკა და ცერემონიები მოსწონს, ეს პრობლემად არ მიმაჩნია. მე, როგორც კვაკერ ქალზე დაქორწინებულს, ახლაც დავდივარ კვაკერთა რელიგიურ შეკრებებზე. მაგრამ არ მესმის იმ ადამიანის, ვინც ქრისტიანობის ცენტრალურ დოგმატებს უარყოფს და თავი მაინც ქრისტიანად მიაჩნია (ქრისტიანად ყოფნის სოციალური ასპექტი არ მიმაჩნია პრობლემად, როგორც უკვე აღვნიშნე). თუ არ არსებობს ღმერთის, იესოს, როგორც მისი ძის, აღდგომისა და მარადიული სიცოცხლის აღიარება, მაშინ არც ქრისტიანობა არსებობს. ჩემი მსოფლხედვის აღწერისას სიტყვა “სკეპტიკოსს” უფრო მივანიჭებდი უპირატესობას, ვიდრე სიტყვა “აგნოსტიკოსს”, რადგან ეს უკანასკნელი ხშირად სრულიად დაუინტერესებელ პირს ნიშნავს, მე კი ძალიან ინტერესიანი ადამიანი ვარ. თომას ჰენრი ჰაქსლის მსგავსად, ღრმად რელიგიურ ადამიანად მიმაჩნია თავი, მაგრამ ყოველგვარი თეოლოგიის გარეშე. მისი შვილიშვილის, ჯულიან ჰაქსლისგან (და ასევე სხვების, მაგ., ედუარდ უილსონისგან) განსხვავებით, “რელიგია გამოცხადების გარეშე” სრულიად არ მაინტერესებს. ვერ ვიტან “ჰუმანისტის” ტერმინსა და იდეას. ამ ცხოვრების მანძილზე ერთი რელიგია სავსებით საკმარისია, გმადლობთ.
შარავანდედიან წმინდანად რომ არ წარმოვაჩინო თავი, – უკვე გაგაფრთხილეთ, რომ ძალიან კონსერვატული ურწმუნო ვარ, – მნიშვნელოვნად ვთვლი სახარებისეულ იგავს მიწაში დამარხული ტალანტების შესახებ. ამიტომ ჩემს ცხოვრებაში ყველანაირად ვცდილობდი, თუმცა წარუმატებლად (ჩემი მორალური სისუსტის გამო), იმ ტალანტების გამოყენებას, რაც მოცემული მაქვს. კერძოდ, ვცდილობდი გამოვსულიყავი უნივერსიტეტის პროფესორის კომფორტის ზონიდან, – მე კი 25 წლის ასაკიდან სრული განაკვეთით ვმუშაობ ფილოსოფიის პროფესორად, – იმისათვის, რომ მონაწილეობა მიმეღო საჯარო სივრცეში მიმდინარე დებატებში იმ საკითხებზე, რომლებიც მორალურად მნიშვნელოვანი მგონია. კონკრეტულად კი, ჩართული ვიყავი რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთობის შესახებ დაკავშირებულ დისკუსიებში, – უფრო ზუსტად კი, დარვინისტულ-კრეაციონისტულ პოლემიკაში. ეს ხდებოდა 30 წელზე მეტი ხნის მანძილზე. ამ სფეროში ხშირად ვწერ და რეგულარულ ლექციებს ვატარებ (საშუალოდ, ყოველ ორ კვირაში ერთხელ მიწევს საჯარო გამოსვლა, რომელთაგან მრავალი სწორედ ამ თემაზეა). აგრეთვე მომიწია სასამართლოში მოწმედ გამოსვლა იმისათვის, რომ დამეცვა ეკლესიისა და სახელმწიფოს გამოყოფის პრინციპი შეერთებულ შტატებში.
ის, რომ კრეაციონისტებსა და მომიჯნავე მოაზროვნეთ, განსაკუთრებით სამყაროს გონისმიერი შექმნის (Intelligent Design Theory, IDT) იდეის დაცველთ, არასდროს მოეწონებათ ჩემი შეხედულებები, აქსიომად მიმაჩნია. მათ არც უნდა მოსწონდეთ ჩემი აზრები, რადგან მთელი ცხოვრება მათ წინააღმდეგ ვიბრძვი. ამას ვამბობ მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ, პიროვნულად, მეგობრული ურთიერთობები მაქვს მათ ბევრ ლიდერთან, მაგ., დიუენ გიშთან, ფილიპ ჯონსონთან და ბილ (უილიამ) დემბსკისთან. მე არ ვთვლი, რომ ამ ადამიანებს ბოროტი ზრახვები ან ვერცხლისმოყვარეობა ამოძრავებთ, – მაგ., დიუენ გიშს შეეძლო მილიონები გაეკეთებინა მოტივაციური საჯარო საუბრებით, – თუმცა ვგმობ მათ შეხედულებებს, რადგან ძალიან საშიშად მიმაჩნია ისინი. აქ უნდა აღვნიშნო, რომ იმედგაცრუებული დავრჩი, როდესაც ბენ სტაინმა თავის ფილმში Expelled[1] ჩემი სულელად გამოყვანა სცადა. სამწუხაროდ, არცერთ ზემოთ ხსენებულ პირს არ უჩქარია ჩემი საჯარო დაცვა. ზოგადად, ვისაც ეს ფილმი არ დაუგმია (დიდწილად დამახინჯებული სურათის ჩვენების გამო) უნდა რცხვენოდეთ.
ამ ყოველივეს კი იმ აზრამდე მივყავარ, რომლის გამოთქმაც მსურდა. საკუთარ თავს სპეციფიურ მდგომარეობაში ვხედავ. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მომსწრე გავხდით იმ ადამიანთა ჯგუფის გამოჩენისა და მათი რაოდენობრივი ზრდისა, რომელთაც “ახალი ათეისტები” ეწოდებათ. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც პრო-მეცნიერული და, განსაკუთრებით, პრო-დარვინისტული და აგრესიულად (violently) ანტი-რელიგიური პოზიცია აქვთ, განსაკუთრებით ქრისტიანობისადმი, თუმცა ისლამსაც და სხვა რელიგიებსაც გადასწვდებიან ხოლმე თავიანთი კლანჭებით. მათი არგუმენტები არ არის “ახალი”, მაგრამ, აბა, ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი ხომ ისაა, რომ საჯარო სივრცეში ასე ძალუმად გამოჩნდნენ? ამ ჯგუფის განმასხვავებელი თვისება შემდეგია (თუმცა, როგორც რელიგიის მკვლევარებმა იციან, ეს თვისება სწორედ რელიგიურ სექტებს ახასიათებთ, რომლებიც მუდმივად იყოფიან და მრავლდებიან): ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე ღიზიანდებიან, რომლებიც მეცნიერებას აფასებენ, მაგრამ იმავდროულად არ თვლიან, რომ ყველა რელიგია მცდარია, მავნებელია და საშიშია როგორც სოციუმის, ისე ინდივიდის ცხოვრებაში. თუმცა შესაძლებელია მათ რიცხვს (რომლებიც ყველაზე დიდ გაღიზიანებას იწვევენ ახალ ათეისტებში) კათოლიკური ეკლესიაც დავუმატოთ. ბოლო ხანს, მათი მრისხანება აშშ-ს ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის ახლად დანიშნულ დირექტორს, ფრენსის კოლინზს დაატყდა თავს. თუ ამ ადამიანის სამეცნიერო მიღწევებსა და მენეჯერულ თვისებებს გავითვალისწინებთ, ეს გარემოება ფრიად სამწუხაროა, გაუგებარი თუ არა. მაგრამ კოლინზი ხომ მართლმორწმუნე ქრისტიანია? აი, ამაშია საქმე!
მე არ ვარ მართლმორწმუნე ქრისტიანი, მაგრამ მათი მხრიდან ჩემს წინააღმდეგ გამოთქმული შეფასებანი გაცილებით უარესია. რიჩარდ დოკინზი თავის ბესტსელერში “ღმერთის დელუზია”, ნევილ ჩემბერლეინს მამსგავსებს, რომელიც ჰიტლერის მხდალი მეხოტბე იყო მიუნხენიდან. ჯერი კოინემ ჩემი წიგნის (Can a Darwinian be a Christian?) შეფასებისას ორუელის ციტატაზე[2] მოახდინა აპელირება და განაცხადა, რომ, მხოლოდ ინტელექტუალს შეუძლია დაიჯეროს ის სისულელე, რისიც მე მჯერა. შეუჩერებელმა ბლოგერმა (non-stop blogger), პ. ზ. მეიერსმა კი “უვიცი სულელი” მიწოდა. ამგვარი ლანძღვა-გინების ადრესატი მხოლოდ იმიტომ გავხდი, რომ მე, როგორც ათეისტი, ყველა მორწმუნეს ბოროტად ან სულელად არ მივიჩნევ, მეცნიერებასა და რელიგიას კი ერთმანეთთან დაპირისპირებულად არ განვიხილავ. (ბუნებრივია, ზოგიერთი მეცნიერული თეორია და ზოგიერთი რელიგიური იდეა ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მაგ., გაეცანით დარვინისტებისა და კრეაციონისტების დებატებს. მაგრამ აქ იგულისხმება ზოგადად რელიგიისა და მეცნიერების ერთმანეთთან შეუთავსებლობა, რასაც მე კატეგორიულად უარვყოფ).
ნება მომეცით გამოვთქვა მოსაზრება, რომ, ჩემის ღრმა რწმენით, ახალი ათეისტები დათვურ სამსახურს უწევენ მეცნიერებას. სიკვდილამდე დავიცავ მათ უფლებას გამოთქვან საკუთარი აზრები – ამას ვამბობ მე, ინგლისში დაბადებული კაცი, რომელიც ღრმა მოწიწებითაა განმსჭვალული აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორებისადმი. მაგრამ ეს ადამიანები მეცნიერებას დიდ ზიანს აყენებენ, როგორც აღვნიშნე. რელიგიური მსოფლმხედველობისადმი მათი დამოკიდებულება ძალიან პათეტიურია. რიჩარდ დოკინზი იმ ცოდნით, რომელიც მან თავის “ღმერთის დელუზიაში” გამოავლინა, ვერ მიიღებდა კრედიტს იმ სალექციო კურსიდანაც კი, რომელიც ფილოსოფიის ან რელიგიის შესავალს ეძღვნება. ის სიამაყით აკრიტიკებს იმას, რის გაგებაშიც არ არის. როგორც სხვაგანაც აღვნიშნე, ჩემს ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი ულმობელი სირცხვილი, განსაკუთრებით, დოკინზის მიერ ონტოლოგიური არგუმენტის განხილვისას. ვფიქრობ, თუკი ჩვენ ასეთივე უილაჯოდ დავიწყებდით გენების თეორიის კრიტიკას ისეთივე მწირი ცოდნით, როგორიც დოკინზს აქვს ფილოსოფიასა და რელიგიაში, ისიც სამართლიანად აღშფოთდებოდა. (და მართლაც, მახსოვს დოკინზის უკიდურესი სიბრაზე, როცა მან, 30 წლის წინ, გენეტიკაში სრულიად ჩაუხედავი მერი მიდგლეის მიერ ეგოისტი გენის კონცეპციას განხილვა მოისმინა). შესაბამისად, მეც გამოვხატავ ჩემს აღშფოთებას იმ უსუსური არგუმენტაციის გამო, რომელსაც დოკინზის, დენეტის, ჰითჩენსისა და მათი თანამოაზრეების ნაშრომებში ვხედავ[3].
მეორეც, ვფიქრობ, რომ ახალი ათეისტები დიდ პოლიტიკურ ზიანს აყენებენ კრეაციონიზმის წინააღმდეგ ბრძოლის იდეას. ამერიკელები რელიგიური ხალხია. ეს შეიძლება არ მოგვწონდეს, მაგრამ ასეა. ყველა მათგანი არ არის ფანატიკოსი მორწმუნე. მრავალი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამერიკელი ქრისტიანების (ასევე იუდეველთა და სხვათა რელიგიების მიმდევართა) უმეტესობა ზომიერი პოზიციით გამოირჩევა ისეთ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა აბორტი, ერთსქესიანთა ქორწინება, ასევე ზოგადად მეცნიერებასთან მიმართებაში. მათ ნამდვილად არ სურთ, რომ მეცნიერებისადმი მტრულად იყვნენ განწყობილნი, თუმცა ისიც მართალია, რომ ბევრი მორწმუნე ცდუნდა კრეაციონიზმით. ჩვენი, ევოლუციონისტების ვალია ვესაუბროთ ამ ზომიერ მორწმუნეებს. უნდა დავანახოთ, რომ დარვინიზმი მათი მეგობარია და არა მტერი. ისინი ჩვენს გვერდზე უნდა დადგნენ, როცა სკოლებში მეცნიერული ცოდნის დანერგვაზეა საუბარი. ისეთი მორწმუნე მეცნიერების კრიტიკა, როგორიც ფრენსის კოლინზია და მისი ფანატიზმში დადანაშაულება, არანაირ პოზიტიურ შედეგს არ მოიტანს. არც ჩემნაირი ათეისტების კრიტიკაა სასურველი, რომელთა მიზანია რელიგიურ ადამიანებთან ხიდის გადება. ბუნებრივია, ეს არ გულისხმობს მათი რელიგიური შეხედულებების გაზიარებას, მაგრამ ეს აუცილებლად გულისხმობს მათ პატივისცემას, რომელთაც ეს რელიგიური შეხედულებები აქვთ. მე პირადად ვისურვებდი ამერიკას კანადის მსგავსი ჯანდაცვის სისტემა ჰქონოდა, რომელსაც სახელმწიფო უწევს ადმინისტრირებას და უნივერსალური და სავალდებულოა. ეს უფრო იაფი და უკეთესი ვარიანტია. მაგრამ მიუხედავად ამისა, არ ვამბობ უარს კერძო სადაზღვევო კომპანიებთან საქმის დაჭერაზეც. მსგავსად ამისა, მორწმუნე ადამიანებთანაც მაქვს ნორმალური ურთიერთობა – არ ვიზიარებ მათ რელიგიურ შეხედულებებს, მაგრამ პატივს ვცემ მათ უფლებას ჰქონდეთ ამგვარი შეხედულებები.
რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ახალი ათეისტები გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ იმ ბრძოლას, რომლის მიზანია კრეაციონისტული სწავლების სკოლებს გარეთ გატანა. სახელმწიფოსგან დაფინანსებულ სკოლებში აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორება კრძალავს არა ცუდი მეცნიერების, არამედ რელიგიის სწავლებას. ამიტომ, ახალი ათეისტების აზრით, მნიშვნელოვანია იმის მტკიცება, რომ კრეაციონიზმი და მისი გულითადი მეგობარი Intelligent Design Theory რელიგიაა და არა უბრალოდ ცუდი მეცნიერება. მაგრამ დედალი ბატისთვის განკუთვნილი საწებლის გამოყენება ხომ მამალ ბატზეც შეიძლება? თუკი ფრაზა “ღმერთი არსებობს”, რელიგიურ სფეროს განეკუთვნება, – და ნამდვილად ასეა, – მაშინ რატომ არ განეკუთვნება იგივე რელიგიურ სფეროს ფრაზა “ღმერთი არ არსებობს”? ცხადია, რომ ესეც რელიგიური დისკურსის ნაწილია. თუ ზოგადად მეცნიერება და კერძოდ დარვინიზმი ღმერთის არარსებობას გულისხმობს, მაშინ ზოგადად მეცნიერების და კერძოდ დარვინიზმის სწავლება სკოლებში კონსტიტუციის პირველი შესწორების უპატივცემულობას არ ნიშნავს? მართლაც, ახალი ათეისტების მტკიცებით, დარვინიზმი იმპლიციტურად ათეიზმს ქადაგებს. თუ ეს ასეა, მაშინ მოგვიწევს სკოლებსა და კრეაციონიზმთან დაკავშირებული სტრატეგიის გადაფასება. მაგრამ საქმე ისაა, რომ ახალმა ათეისტებმა მწარე მარცხი იწვნიეს დაეცვათ საკუთარი თვალსაზრისი, მაგრამ ისინი მაგრები არიან ჩემნაირი ადამიანების დაგმობაში, რომლებიც მათ მიუთითებენ, რომ ლოგიკასა და არგუმენტებთან მწყრალად ყოფნით ფონს ვერ გავლენ.
ვფიქრობ, პ.ზ. მეიერსი და მის თანამოაზრეთა გუნდი ისეთივე კატასტროფაა ევოლუციონისტების ბანაკში, – და ეს სწორედ ჩემნაირმა ადამიანებმა უნდა აღნიშნონ, – როგორც ბენ სტაინია კრეაციონისტების ბანაკში, – და კრეაციონისტებსაც უნდა ჰყოფნოდათ სიმამაცე, ეს აღენიშნათ. ერთხელ დავწერე, რომ “ღმერთის დელუზია” სირცხვილი იყო ჩემი ათეიზმისთვის[4]. ნება მომეცით, ეს კვლავ გავიმეორო. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მეამაყება ახალი ათეისტების კრიტიკის ფოკუსში აღმოჩენა. ისინი ავთვისებიან სიმსივნეს ჰგვანან და მე ვისურვებდი იმ ადამიანებთან ერთად ყოფნას, ვინც ამას ღიად ეუბნება მათ.
შენიშვნები:
[1] ამ დოკუმენტური ფილმის სრული სათაურია Expelled: No Intelligence Allowed (2008). ფილმი პროფესურის იმ წარმომადგენლებზე მოგვითხრობს, რომელთა აკადემიური თავისუფლება მეინსტრიმული მეცნიერების მიერ იზღუდება. მათი შევიწროვების (საუნივერსიტეტო თანამდებობებიდან დათხოვნის ან არმიღების ჩათვლით) მიზეზი კი სამყაროს გონისმიერი შექმნის თეორიის (Intelligent Design Theory) მხარდაჭერაა. ფილმს დადებითად გამოეხმაურნენ კონსერვატული რელიგიური წრეები, თუმცა სეკულარულმა მედიამ ფილმი მიკერძოებულად მიიჩნია და მას “პროპაგანდისტული” უწოდა. აღნიშნული ფილმი მოიპოვება რუსულ და ქართულ ინტერნეტ სივრცეშიც, თუმცა მისი სათაურის თარგმანები ამ ენებზე სრულიად მცდარია. რუსულად ფილმს ეწოდება: Изгнанные: интеллект запрещен. ქართული ვარიანტი: “თქვენ გამორიცხული ხართ: ჭკვიანების ადგილი აქ არ არის” [მთარგ. შენიშ.].
[2] სავარაუდოდ, ავტორი გულისხმობდა ჯორჯ ორუელის ამ ციტატას: “You must be an intellectual. A normal person would never believe a thing like that” (“ალბათ, ინტელექტუალი ხართ, რადგან ნორმალური ადამიანი არასდროს დაიჯერებდა ასეთ რამეს”) [მთარგ. შენიშ.].
[3] ფილოსოფოს მაიკლ რუზის მსგავსად, ქრისტიანმა ფილოსოფოსმა და თეოლოგმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა (2004 წლამდე), ქეით უარდმაც სწორედ ფილოსოფიური კუთხით გააკრიტიკა დოკინზი, რადგან, როგორც უარდი წერს ამ წიგნში, ფილოსოფია “მისი ტერიტორიაა”. იხ.: Keith Ward. Why There Almost Certainly Is a God: Doubting Dawkins. Oxford: Lion 2008, 159p. [მთარგმ. შენიშ.].
[4] აქ მაიკლ რუზი თეოლოგ ალისტერ მაკგრეთის წიგნისთვის (The Dawkins Delusion, 2007) გაკეთებულ თავის შეფასებას გულისხმობს (რომელიც წიგნის წინა ყდაზეა მოცემული): “წიგნი ‘ღმერთის დელუზია’ არცხვენს ჩემს ათეისტურ მრწამსს. თუ რატომ, მაკგრეთი ამას კარგად აჩვენებს” [მთარგ. შენიშ.].

აგვისტო 2009

სპეციალურად საიტისთვის ინგლისურიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო დავით თინიკაშვილმა

ორიგინალი იხ.: http://www.beliefnet.com/columnists/scienceandthesacred/2009/08/why-i-think-the-new-atheists-are-a-bloody-disaster.html

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s