პაულ ლადუსირი – ეკუმენიზმმებრძოლეობის შესახებ: ანტიეკუმენიზმი მართლმადიდებლურ თეოლოგიაში

წერილები გამოქვეყნდა ვებგვერდზე: https://publicorthodoxy.org/tag/paul-ladouceur/
ვებგვერდი შექმნილია ფორდჰემის უნივერსიტეტის (ნიუიორკი, აშშ) მართლმადიდებლური თეოლოგიის კვლევის ცენტრის მიერ
მაისისექტემბერი 2016

 

წინამდებარე ტექსტის ქართულ ენაზე თარგმნის ინიციატორი თავად დოქტორი პაულ ლადუსირია. მადლობა მას შემოთავაზებისთვის. ჩვენთვის პატივი იყო ამ ტექსტის ქართულ თარგმანზე მუშაობა, – დავით თინიკაშვილი.

 

დოქტორი პაულ ლადუსირი (Paul Ladouceur) – მართლმადიდებელი თეოლოგი, ცხოვრობს როუდონში (კუებეკი, კანადა). კითხულობს ლექციებს ტორონტოს უნივერსიტეტის ყოვლადწმინდა სამების კოლეჯის მართლმადიდებლური თეოლოგიის სკოლაში, ასევე მონრეალის მართლმადიდებლური თეოლოგიის ინსტიტუტში, ლავალის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. მისი კვლევის სფეროებია თანამედროვე მართლმადიდებლური თეოლოგია და მართლმადიდებლური სულიერება მეთვრამეტე საუკუნიდან დღემდე. ავტორია მრავალი სტატიისა და რეცენზიისა, რომლებიც გამოქვეყნებულია კანადაში, აშშ-ში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. ავტორია სახელმძღვანელოსი Living Orthodoxy (2014) და რედაქტორია რამდენიმე წიგნისა, წმინდა მარიამ პარიზელისა (სკობცოვა) და მამა ლევ ჟილეს ნაშრომებისა. ამჟამად თანარედაქტორის სტატუსით მუშაობს კრებულზე, რომელშიც მამა გიორგი ფლოროვსკის ყველაზე მნიშვნელოვანი პუბლიკაციებია თავმოყრილი. პარალელურად ასრულებს მუშაობას წიგნზე თანამედროვე მართლმადიდებლური თეოლოგიის შესახებ. დოქტორი ლადუსირი პასუხისმგებელია ფრანგულენოვან ვებ-გვერდზე “Pages orthodoxes la Transfiguration” (www.pagesorthodoxes.net) და წევრია ეკლესიათა კანადური საბჭოს რწმენისა და მოწყობის კომისიისა. სრული ბიბლიოგრაფია და ზოგიერთი პუბლიკაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://utoronto.academia.edu/PaulLadouceur
ეკუმენიზმმებრძოლეობის შესახებ 1: ვინ შეიძლება ცხონდეს?
როგორც მართლმადიდებელი ეკუმენისტები, ისე ანტი-ეკუმენისტები საკუთარ თეოლოგიას ერთიდაიგივე ფუნდამენტურ ეკლესიოლოგიურ პრინციპს აფუძნებენ. ეს პრინციპი ნათლადაა გამოთქმული ათონის მთის წმინდა კინოტის[1] განცხადებაში (აპრილი 1980): “გვწამს, რომ ჩვენი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთი, წმინდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია ქრისტესი, რომელიც მადლისა და ჭეშმარიტების სისავსეს ფლობს”[2].
მაგრამ ამ პრინციპიდან პრო-ეკუმენისტ და ანტი-ეკუმენისტ მართლმადიდებლებს რადიკალურად განსხვავებული დასკვნები გამოაქვთ. ეკუმენისტები ამ პრინციპის საფუძველზე, – რომლის მიხედვითაც მართლმადიდებელი ეკლესია “მადლისა და ჭეშმარიტების სისავსეს ფლობს”, – ასკვნიან, რომ სხვა ქრისტიანული ეკლესიები ასევე ფლობენ მადლსა და ჭეშმარიტებას, თუმცა არა მთელი სისავსით. ამგვარი დასკვნის შემდეგ უკვე შესაძლებელი ხდება არამართლმადიდებელი ქრისტიანები ჭეშმარიტ ძმებად და დებად მივიჩნიოთ, გვევალება რა, მათთან სიყვარულით განმსჭვალული დიალოგის დაწყება, უფრო ღმა გაგება ერთმანეთის რწმენისა, ტრადიციებისა და ასევე იმ საერთო ელემენტების აღმოჩენა, რომლებიც სხვადასხვა დენომინაციის ქრისტიანებს გვაერთიანებს ერთმანეთთან. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ქრისტიანულ საკრებულოს რეალურად ერთნაირი რწმენა და დოქტრინა აქვთ. მართლმადიდებელი ეკუმენისტები ეთანხმებიან ანტიეკუმენისტებს, რომ მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ფლობს ქრისტიანული რწმენის სისავსეს, რომელიც არის ქრისტეს ჭეშმარიტი ხილული ეკლესია.
მართლმადიდებელი ანტი-ეკუმენისტებისთვის  მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში მადლისა და ჭეშმარიტების სისავსის არსებობა იმას ნიშნავს, რომ ეს მადლი და ჭეშმარიტება არა-მართლმადიდებელ ქრისტიანულ საკრებულოებში არ არსებობს, რომ ისინი ერეტიკულნი არიან და, შესაბამისად, მოკლებულნი არიან ცხონების შესაძლებლობას. ბულგარელი სამღვდელოთა და ბერმონაზონთა მიერ ბოლო ხანს გაკეთებულ განცხადებაში, მაგ., ნათქვამია, რომ “სამოციქულო და ათასწლოვანი პატრისტიკული ტრადიცია არაორაზროვნად გვაუწყებს, რომ ერეტიკოსები ეკლესიის ხომალდის მიღმა არიან და, შესაბამისად, ცხონებას მოკლებულნი”[3].
ამ განცხადებებს ზურგს უმაგრებს თეოლოგია, რომელიც წმინდა კვიპრიანე კართაგენელის ცნობილი გამონათქვამის რიგორისტულ ინტერპრეტაციას ემყარება. ეს გამონათქვამია: “არ არსებობს ხსნა ეკლესიის მიღმა”. კვიპრიანეს აზრით, ცხონება მხოლოდ ხილულ საყოველთაო ეკლესიაში იყო შესალებელი და მის გარეთ მყოფთ, თუნდაც ნომინალურად ქრისტიანულ საკრებულოების წევრნი, არ ჰქონდათ ცხონების შესაძლებლობა[4].
ამ დოქტრინის თანამედროვე ვერსია, რომელიც მართლმადიდებლური ტრადიციის ნაწილი გახდა, პატრისტიკული ტრადიციის მთავარი კორპუსისა და ადრეული ეკლესიის ისტორიის არასწორ გაგებაზეა აგებული. როგორც მამა გიორგი ფლოროვსკი მიუთითებდა, წმინდა კვიპრიანეს სიტყვების ძალა იმაშია, რომ ის ტავტოლოგიას შეიცავს: “ხსნა” და “ეკლესია” ერთიდაიგივე ცნებებია[5]. აქ შეკითხვა შემდეგშია: რა არის ეკლესია? ფლოროვსკი ადრეული ეკლესიის პრაქტიკიდან გამომდინარე ასკვნის (ამ პრაქტიკის მიხედვით კი, სქიზმატური და ერეტიკული გაერთიანებებიდან მოსულ ადამიანებს უმეტესად არ ნათლავდნენ), რომ ეკლესიის აზრით, საიდუმლოს ანუ საკრამენტის მადლი სხვა ქრისტიანულ საკრებულოებსაც ჰქონდათ, რომლებიც არ ითვლებოდნენ საყოველთაო ეკლესიის ნაწილად. სხვა სიტყვებით, ეკლესიის საკრამენტული, ქარიზმატული და მისტიკური საზღვრები არ ემთხვეოდა მართლმადიდებელი ეკლესიის ხილულ კანონიკურ საზღვრებს, არამედ აღემატებოდა მას[6].
ფლოროვსკიმ გვიჩვენა, რომ მართლმადიდებლობა მემკვიდრეა ნეტარი ავგუსტინესა და ადრეული ეკლესიის პრაქტიკისა, როცა საყოველთაო ეკლესიის მიღმა აღსრულებული საკრამენტები ვალიდურად მიიჩნეოდა, ხოლო ერეტიკოსებსა და სქიზმატიკოსებს ეკლესიისგან არა სრულიად მოწყვეტილად აღიქვამდა.
არამართლმადიდებელ ქრისტიანთა მადლისგან განძარცვულობის შესახებ მტკიცების თეოლოგიური შედეგი უზარმაზარია. თუნდაც, სულგრძელად ვუშვებდეთ, რომ ყველა მონათლული მართლმადიდებელი (დაახლ. 150 მილიონი ადამიანი) ცხონდება, ეს ნიშნავს, რომ დანარჩენი ორი მილიარდი ქრისტიანი განწირულია მარადიული ტანჯვისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ მართლმადიდებლები არ არიან. ამ მსჯელობას თუ ლოგიკურად მივყვებით, არაქრისტიანებიც ვერ ცხონდებიან. ამრიგად, დედამიწის მოსახლეობიდან ანუ 7.4 მილიარდი ადამიანიდან მხოლოდ 150 მილიონს (დაახლ. 2%) აქვს შანსი ცხონებისა (სწორედაც რომ შანსი და არა გარანტია, რადგან ადამიანის სულიერ ხსნა მართლმადიდებელი ეკლესიის მხოლოდ წევრობაზე როდია დამოკიდებული, დ.თ.).
სწავლება, რომლის მიხედვითაც კაცობრიობის აბსოლუტური უმრავლესობა სულიერად წარწყმდება, მართლმადიდებელი ეკლესიის დოქტრინის რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპს არღვევს. პირველ რიგში, ის უარყოფს ყოვლადკეთილობას ღვთისა, რომელსაც ყველა ადამიანის ხსნა სურს და ქმნის კარიკატურულ წარმოდგენას უმოწყალო ღმერთზე, რომელიც იმისთვის ქმნის ადამიანებს, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობის ერთადერთი საბოლოო ხვედრი ადამიანთა მარადიული ტანჯვა იყოს. ეს არ არის მართლმადიდებლური გაგება ღმერთისა, რომელიც, ეკლესიის სწავლებით, კაცთმოყვარეა (philanthropos), ლმობიერია (eleémón), კეთილისმყოფელია (energetēs) და სრულად შემწყალებელია (panoiktírmōn).
მართლმადიდებელი ეკლესიის მიღმა ცხონების ყოველგვარი შესაძლებლობის უარყოფა ასევე ეწინააღმდეგება პატრისტიკული ანთროპოლოგიის მთავარ პრინციპს. კაცობრიობის უმრავლესობის a priori გამოცხადება სამუდამოდ დაღუპულებად პრედესტინაციის (წინასწარგანსაზღვრულობის) შესახებ სწავლების ფორმაა, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია საუკუნეების მანძილზე უარყოფდა. ის ასევე წინააღმდეგობაში მოდის პატრისტიკული ანთროპოლოგიის იმ ფუნდამენტურ პრინციპთან, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი ონტოლოგიურად თანასწორია, შექმნილია უფლის ხატად, ფლობს თავისუფალ ნებას და მხოლოდ თავად შეუძლია განსაზღვროს საკუთარი თავის ხსნა თუ დაღუპვა ღვთაებრივ განგებულებასთან თანამშრომლობით ან მასთან დაპირისპირებით. როგორც ტალანტების შესახებ სახარებისეულ იგავშია ნათქვამი, ყოველი პიროვნება პასუხს აგებს იმ ღვთაებრივი ნათლისა და ჭეშმარიტებასადმი სწორ დამოკიდებულებაზე, რომელიც ღვთისგან მიეცა (მათ. 25, 14:30).
დაბოლოს, ის ვინც ამტკიცებს, რომ ხილული მართლმადიდებელი ეკლესიის მიღმა საღვთო მადლი არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს, ცდილობს ღვთის ქმედება ადამიანების მიერ შექმნილ საზღვრებში ჩაკეტოს. მაგრამ მართლმადიდებლური ტრადიცია ყოველთვის მტკიცედ მიუთითებდა, რომ ღმერთი მართლაც სიყვარულისა და მოწყალების ღმერთია, რომელიც უშურველად იძლევა ცხონების სხვადასხვა საშუალებას მართლმადიდებლებისთვის, არამართლმადიდებლებისთვისა და არაქრისტიანებისთვის, თითოეული პიროვნების მდგომარეობის გათვალისწინებით. ხსნის ამგვარი საშუალებანი კი შეიძლება სრულიად მიუწვდომელი და აღუქმელი იყოს მოკვდავი ადამიანის ცნობიერებისთვის. ძე ღმერთის განკაცება იმას ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს, ყველა დროში და ყველგან, შეუძლია სულიერი ხსნა.
აღიარება იმისა, რომ ღმერთი ეკლესიის ხილული საზღვრების მიღმაც მოქმედებს, მართლმადიდებელი ეკლესიის ეკუმენურ მოძრაობაში მონაწილეობის ლეგიტიმური საფუძველია. სულის საქმენი, უფლის თანდასწრება და ცხონების შესაძლებლობა არა მხოლოდ იქ არსებობს, სადაც ჩვენ გვგონია, არამედ ასევე იქ, სადაც სულიწმინდა მოისურვებს ამოქმედებას თავისი აბსოლუტური ღვთაებრივი თავისუფლებით ყველა დროში და უკლებლივ ყველა პიროვნებისთვის, რომელთაც შედეგად სულიერი შობის შესაძლებლობა ეძლევათ (ინ. 3:8; 1:3).
20 მაისი 2016

 

ეკუმენიზმმებრძოლეობის შესახებ 2: რა არის ეკლესია?
2016 წლის 22 აპრილს, ბულგარეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო დადგენილება[7], რომელიც განმარტავდა, თუ რატომ იყო მიუღებელი დიდი და წმინდა კრების სამუშაო დოკუმენტი სახელწოდებით “Relations of the Orthodox Church with the Rest of the Christian World”[8]. საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმაც მსგავსი დადგენილება მიიღო 2016 წლის 26 მაისს[9]. ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოკლე განჩინება, რომელიც არანაირ თეოლოგიურ დასაბუთებას არ შეიცავს, უარყოფს სიტყვა “ეკლესიის” გამოყენების მართებულობას არამართლმადიდებელი ქრისტიანული დენომინაციების მისამართით. ასევე აღნიშნულია, რომ მიუღებელია, როდესაც არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ქრისტიანული ერთობისკენ მიმავალი ერთადერთი გზა “ერეტიკოსებისა და სქიზმატიკოსების” მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნებაა. არც ბულგარულ და არც ბერძნულ დადგენილებაში არ არის მოცემული იმაზე მეტად ღრმა მსჯელობა, ვიდრე ბულგარელ სამღვდელოთა და ბერმონაზონთა დეკლარაციაშია[10], რომელშიც ნათქვამია, “ერეტიკოსები ეკლესიის ხომალდის მიღმა არიან. ამიტომ ისინი მოკლებულნი არიან ცხონების შესაძლებლობას”, პრაქტიკული დასკვნა იგივეა.
რაც შეეხება სიტყვას “ეკლესია”, ბულგარულ განცხადებაში ვკითხულობთ: “გარდა წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, არ არსებობს სხვა ეკლესიები, თუ არა ერეტიკული და სქიზმატური გაერთიანებები, რომელთა “ეკლესიებად” მოხსენიება თეოლოგიური, დოგმატური და კანონიკური თვალსაზრისით სრულიად მცდარია”. ამრიგად, ბულგარული განცხადება, “ეკლესიას” მთლიანად და ექსკლუზიურად მართლმადიდებელ ეკლესიასთან აიგივებს. როგორც ჩვენს წერილში “ვინ შეიძლება ცხონდეს?” ვუთითებთ, ამგვარი თეოლოგია იმპლიციტურად კვიპრიანე კართაგენელის ცნობილი გამონათქვამის, – “ეკლესიის გარეთ ხსნა არ არის”, – რიგორისტულ (rigorist) და ვიწრო (narrow) ინტერპრეტაციას ეყრდნობა. მართლმადიდებელ ეკლესიას არასოდეს მიუღია წმინდა კვიპრიანეს სიტყვების ამგვარი ინტერპრეტაცია, რომელსაც ეკლესია ოდენ ხილულ ინსტიტუციამდე დაჰყავს. ამის ნაცვლად, ის ყოველთვის აღიარებდა, რომ სულიწმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ხილული საზღვრების მიღმაც მოქმედებს. მამა გიორგი ფლოროვსკის სიტყვები რომ გავიმეოროთ, მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური და საკრამენტული საზღვრები ერთმანეთს არ ემთხვევა – ქრისტეს ეკლესიის საზღვრები ჩვენგან დაფარული საიდუმლოა, რომელიც მხოლოდ ღმერთმა იცის.
ეკლესიის ხილულ ინსტიტუციამდე, კერძოდ კი, მხოლოდ ბიზანტიური ტრადიციის ეკლესიამდე დაყვანით, ბულგარული მიდგომა უარყოფს პავლე მოციქულისეულ ხედვას ეკლესიის, როგორც ქრისტეს სხეულის შესახებ (1 კოლ. 12:12-31; ეფ. 4:11-13; კოლ. 1:24 და სხვა), რომლის შესახებაც მრავალი საეკლესიო მამა საუბრობს. როგორც პატრისტიკულ ხანაში, ისე შემდგომ, ეს იდეა გამოიხატება გამოთქმით – “ქრისტეს მისტიური სხეული”, ხაზგასმულია რა ის ფაქტი, რომ ეკლესია მნიშვნელოვნად აღემატება მართლმადიდებელი ეკლესიის ხილულ საზღვრებს. იესო ქრისტე “გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლეა” (ინ. 14:6). ეს სამი მახასიათებელი ერთ მთლიანობას ქმნის. ამრიგად, სადაც ჭეშმარიტებაა, იქვეა გზაც და სიცოცხლეც – გზა და სიცოცხლე, რომელიც იესო ქრისტეა. ეკლესიის არსი ჭეშმარიტების ფლობას, ჭეშმარიტების დამოწმებას და ცხონების შესაძლებლობას გულისხმობს. არამართლმადიდებელი ეკლესიები და გაერთიანებები არ ფლობენ ჭეშმარიტების სისავსეს, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაშია, თუმცა მათში ნამდვილად მოიპოვება ჭეშმარიტების ელემენტები (elements of the Truth) იმ ზომით, რა ზომითაც სხვათა წინაშე ამოწმებენ იესო ქრისტეს და იცავენ მის სწავლებას. ამგვარად, წილი უდევთ ქრისტეს ეკლესიაში და, შესაბამისად, არიან წევრნი ქრისტეს სხეულისა, რის საფუძველზეც შესაძლებელია მათი “ეკლესიად” სახელდება.
ბულგარეთის ეკლესიის დადგენილება ბულგარეთის სამღვდელოებისა და ბერმონაზონთა მიერ მანამდე შედგენილ წერილში გამოთქმულ მოსაზრებას იმეორებს, რომლის მიხედვითაც “ქრისტიანული ერთობა არასოდეს დარღვეულა, რადგან წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიას არასოდეს დაუკარგავს და არც დაკარგავს მომავალში თავის ერთიანობას”. შეუძლებელია ამ განცხადების კრიტიკა, რადგან ის ტავტოლოგიას შეიცავს: გამოთქმა “წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია” იმპლიციტურად იდენტურია გამოთქმისა “ქრისტიანული ერთობა”. ბულგარული განცხადების მიხედვით, არამართლმადიდებლურ სამყაროს არა მხოლოდ “ეკლესია” არ უნდა ვუწოდოთ, არამედ მისი წევრები ქრისტიანებიც არ არიან, რადგან არ იმყოფებიან ქრისტიანულ ერთობაში.
უფრო ფართო კონტექსტში, ხსენებული განცხადება, რასაკვირველია, ისტორიული ნონსენსია. ეგვიპტის უძველესი კოპტური ეკლესია, სომხური და სირიული ეკლესიები, ასევე, რა თქმა უნდა, რომის ეკლესია – ყველა მათგანი ერთი საყოველთაო ეკლესიის ნაწილნი იყვნენ (ქალკედონის მსოფლიო კრებამდე (451 წ.), რომის ეკლესია კი მეორე ათასწლეულის დასაწყისამდე). ეს ეკლესიები აღარ არიან ერთობაში იმ ეკლესიასთან, რომელსაც დღეს მართლმადიდებელ ეკლესიად ვიხსენიებთ. სად არის ის უწყვეტი ერთობა ეკლესიისა, რომელზეც ბულგარული განცხადება ასე თავდაჯერებულად საუბრობს?
აღნიშნული განცხადება ასევე მოხერხებულად უვლის გვერდს ბოლო ხანს თვით მართლმადიდებელ ეკლესიაში მომხდარ ისეთ განხეთქილებებს, როგორიც იყო 1996 წელს ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა კონსტანტინეპოლისა და რუსეთის ეკლესიებს შორის ესტონეთის იურისდიქციის საკითხზე, რომ არაფერი ვთქვათ ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის იმ დაპირისპირებაზე (squabble), რომელიც ყატარში იურისდიქციის საკითხს უკავშირდება[11]. შეკითხვა: იმ პერიოდში, როცა რუსეთისა და კონსტანტინეპოლის ეკლესიები არ იყვნენ თანაზიარებაში, რუსეთის ეკლესიამ შეწყვიტა “ეკლესიად” ყოფნა თუ კონსტანტინეპოლის ეკლესიამ?
ბულგარულ განცხადებაში წუხილია გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ წმინდა და დიდი კრების დოკუმენტში არ იხსენიებოდა, რომ ქრისტიანული ერთობისკენ მიმავალი ერთადერთი გზა “ერეტიკოსებისა და სქიზმატიკოსების” მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნებაა. გიორგი ფლოროვსკი, წამყვანი მართლმადიდებელი ეკუმენისტი ლამის მთელი ორმოცი წლის მანძილზე, ამ მოსაზრებას უფრო დელიკატურად გამოთქვამდა: “ჩემთვის, ქრისტიანთა კვლავ გაერთიანება მართლმადიდებლობაზე უნივერსალური მოქცევაა”. გიორგი ფლოროვსკიც და სერგი ბულგაკოვიც, რომლებიც ერთმანეთს მრავალ საკითხზე არ ეთანხმებოდნენ, ერთიანი პოზიცია ჰქონდათ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ქრისტეს ჭეშმარიტების სისავსით ფლობასთან დაკავშირებით, მაგრამ არასოდეს შეურაცხყოფდნენ არამართლმადიდებელ ქრისტიანებს ისეთი ეპითეტებით, როგორიცაა “ერეტიკოსი” და “სქიზმატიკოსი”. ეს სიტყვები, შესაძლოა, ტექნიკურად სწორი გამოთქმები იყოს, მაგრამ ქრისტიანული სიყვარულისგან ძალიან შორს დგას. როგორც მაცხოვარი გვასწავლიდა, ქრისტიანმა არავის უნდა მიაყენოს სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი (მათ. 5:22).
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დეკლარაცია ცდილობს ეჭვის ქვეშ დააყენოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ქრისტიანებთან დიალოგში ჩართულობის ლეგიტიმურობა. მაგრამ მართლმადიდებელმა ეკლესიამ მტკიცე ერთგულება უნდა გამოიჩინოს ქრისტეს ამ სიტყვებისადმი: “რათა ყველანი ერთ იყვნენ, როგორც, შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე, ჩემში” (ინ. 17:21). მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტების დამოწმება არ უნდა გულისხმობდეს თანამოძმე ქრისტიანების შეურაცხყოფას და მათდამი მტრულ დამოკიდებულებას, არამედ მართლმადიდებელი ტრადიციის თავმდაბალ დამოწმებას, მის წარმოჩენას გულწრფელი ქრისტიანული სიყვარულითა და ჭეშმარიტების ყველა მაძიებელისადმი პატივისცემით.
5 ივნისი 2016

 

ეკუმენიზმმებრძოლეობის შესახებ 3: ვინ არის ერეტიკოსი?
ეკუმენიზმის მართლმადიდებელი ოპონენტების ერთ-ერთი გამორჩეული იარაღია ეკუმენიზმის ერესად მოხსენიება და არამართლმადიდებლების ერეტიკოსებად გამოცხადება. ისინი ხშირად იმ მართლმადიდებლებსაც ერეტიკოსებს უწოდებენ, რომლებიც მხარს უჭერენ ეკუმენიზმს. ამის მაგალითები მრავლადაა, მაგალითად, რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის (ROCOR) დოკუმენტებში და წმ. იუსტინე პოპოვიჩის ჩანაწერებში. მიტროპოლიტი ფილარეტისათვის (ROCOR) კათოლიკები და პროტესტანტები „ერესის თანამედროვე მქადაგებლები“ არიან, ეკლესიათა მსოფლიო საბჭო კი — „ყველა შესაძლო ერესების“ კავშირი.[12] 1974 წლის წერილში იუსტინე პოპოვიჩი ყველა არამართლმადიდებელ ქრისტიანს „ერეტიკოსად“ მოიხსენიებს.[13] მაგრამ მართლმადიდებელი ანტი-ეკუმენისტების გამანადგურებელი იარაღია, როდესაც ეკუმენიზმს „ერესთა ერესს“ უწოდებენ.[14]
სიტყვებს „ერესი“ და „ერეტიკოსი“ ანტი-ეკუმენისტები კალაშნიკოვის ავტომატებივით იყენებენ. ეს ზედწოდებები, როგორც ტყვიები, განკუთვნილია როგორც არამართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, ისე თანამორწმუნე მართლმადიდებლებისთვისაც.
მართლმადიდებლურ ტრადიციაში სიტყვებს „ერესი“ და „ერეტიკოსი“ ძალიან ზუსტი და დიდი ხნის ისტორიული მნიშნველობა აქვთ. ერესი ქრისტიანთა მიერ აღიარებული და გადმოცემული მცდარი დოქტრინაა, მაშინ, როცა ერეტიკოსი არის პიროვნება, რომელიც აღიარებს და გადმოსცემს ამგვარ სწავლებას. დოქტრინა ერეტიკულად რომ იყოს მიჩნეული, ის ასეთად ეკლესიამ და არა უბრალოდ ცალკეულმა პირმა უნდა გამოაცხადოს. არ აქვს მნიშვნელობა ეს პირი ეპისკოპოსია, მღვდელია თუ ბერია, რომელიც ფიქრობს, რომ ეკლესიაში მისი ძმა თუ და ცდება სარწმუნოების საკითხებში. მაშასადამე, ერესისთვის აუცილებელი კრიტერიუმია მცდარი დოქტრინის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება, ეკლესიის მსოფლიო კრების მიერ გამოტანილი განაჩენი. ამგვარი კრება კი შემდგომ თვით ეკლესიის სხეულის მიერ საყოველთაოდ იყო აღიარებული. მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი სწავლება აღიარებულ იქნა ეკლესიის ოფიციალურ დოგმატებად, ერეტიკულად კი მცდარ სწავლებათა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა იქნა გამოცხადებული.
ზემოთ მოყვანილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით არამართლმადიდებელი ქრისტიანთა ზოგიერთი თანამედროვე სწავლება შეიძლება მიჩნეულ იქნეს ერეტიკულად. ყველაზე აშკარაა ისეთი ჯგუფების სწავლება, როგორიცაა იეჰოვას მოწმეებისა და სხვათა, რომელნიც უარყოფენ წმიდა სამებას, და ასევე, სულიწმინდისა და ქრისტეს ღვთაებრიობას. მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესიის არცერთ კრებას (მსოფლიოს თუ ადგილობრივს) არ გამოუცხადებია ეკუმენიზმი ერესად. პირიქით, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრება, რომელიც 2016 წელს კუნძულ კრეტაზე შედგა, მკაფიოდ მოიწონა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების თანამონაწილეობა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ეკუმენურ დიალოგში,[15] “იმ მიზნით, რომ ძველი ეკლესიისა და შვიდი მსოფლიო კრების სარწმუნოებასა და გადმოცემაზე დაფუძნებით, კვლავ მოპოვებულ იქნეს ქრისტიანთა დაკარგული ერთობა”[16].
მამა სერაფიმე როუზიც კი, – სხვა შემთხვევაში ეკუმენიზმის ძლიერი ოპონენტი — საკმაოდ ნატიფ მიდგომას გვთავაზობს ეკუმენიზმისადმი, როგორც ერესისადმი. „ეკუმენიზმი ერესია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის უარყოფს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიაა. […] არავის შეუძლია უწოდოს “ერეტიკოსები” [მართლმადიდებლებს, რომელიც მონაწილეობენ ეკუმენურ მოძრაობაში] და არც შეუძლია დაადასტუროს, რომ მხოლოდ მცირედი მართლმადიდებელი წარმომადგენელნი რეალურად ასწავლიდა ეკუმენიზმს, როგორც ერესს“[17]. სამწუხაროდ, ბევრი თანამედროვე მართლმადიდებელი ანტი-ეკუმენისტი ისეთივე სკრუპულოზური არაა, როგორც სერაფიმე როუზი.
მიუხედავად ერეტიკული სწავლების არსებობისა სხვადასხვა არამართლმადიდებელ ქრისტიანულ თემებში, მაინც აუცილებელია განსხვავება ერესსა და ერეტიკოსს შორის. არიან კი ზოგიერთი არამართლმადიდებელი ქრისტიანები „ერეტიკოსები“ ამ სიტყვის ისტორიული მნიშნელობით? სხვა ქრისტიანები ერეტიკოსებად რომ დავგმოთ, მათზე განაჩენი უნდა გამოვიტანოთ. იესო ქრისტე გვაფრთხილებს, რომ სხვათა განსჯისას ფარისევლურად არ ვიქცეოდეთ (შდრ. მთ. 7,1-5). მართლმადიდებელი ეკლესიის რეგისტრირებულ წევრთა შეხედულებების თეოლოგიური კვლევა უთუოდ გამოამჟღავნებდა, რომ ბევრი მართლმადიდებელი ატარებს რწმენას, რომელიც ჩაითვლებოდა ერეტიკულად მათ მიერ, რომელნიც თავისუფლად ადანაშუალებენ ერესში არამართლმადიდებელ ქრისტიანებს.
ნამდვილი ერეტიკოსები ისინი არიან, რომლებიც ქრისტეს ეკლესიის მიერ გამოცხადებულ ჭეშმარიტებას ფლობენ, მაგრამ უგულვებელყოფენ მას, ირჩევენ რა სხვა სწავლებას, რომელიც არ შეესაბამება ეკლესიის ჭეშმარიტ მოძღვრებას. ეს დოქტრინები მემკვიდრეობით მიიღეს მათგან, ვინც წინ უძღოდა მათ თავიანთ ეკლესიებში, როგორც წესი, ესენი არიან მშობლები, მღვდლები, მასწავლებლები. ამ უკანასკნელებმაც მემკვიდრეობით მიიღეს ეს სწავლება თავიანთი წინაპრებისაგან და ა.შ. ზუსტად ისევე, როგორც სწორი სწავლება გადაეცემოდა თაობიდან თაობას. დიახ, რაღაც მომენტში, სადღაც წყდება ჯაჭვი. სწორედ ისინი არიან ჭეშმარიტი ერეტიკოსები (და არა მათი მემკვიდრენი), რომლებმაც შეგნებულად გადადეს გვერდზე ჭეშმარიტი სწავლება, იმისათვის, რომ ეკლესიის მიერ მცდარად გამოცხადებული სწავლების მიმდევრებად დარჩენილიყვნენ.
მათ შთამომავლებს, – რომლებიც თავის დროზე შეგნებულად გამოეყვნენ ეკლესიას, – „ერეტიკოსები“ რომ ვუწოდოთ, ეს იგივე იქნებოდა, მშობლების ცოდვების გამო პასუხისმგებლობა მათ შვილებზე დაგვეკისრებინა. მართლმადიდებლური ტრადიცია თანმიმდევრულად უარყოფს ამ სწავლებას. ამის სანაცვლოდ, მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის, რომ ცოდვა არის არა მემკვიდრეობითი, არამედ პიროვნული. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება პირველქმნილი ცოდვის შესახებ – ალბათ, უფრო სწორია, თუ მას წინაპრისეულ ცოდვად მოვიხსენიებთ, – რადიკალურად განსხვავდება პირველქმნილი ცოდვის იმ ცნებისაგან, რომელიც შენარჩუნებულია ბევრ არამართლმადიდებლურ ქრისტიანულ დენომინაციაში.
მოდით, ნუ ვუწოდებთ თანაქრისტიანებს ერეტიკოსებს. ამის ნაცვლად, ყოველთვის გვახსოვდეს ისინი, ლმობიერებით ვსაუბრობდეთ მათზე და სიყვარულით  ვიხსენიებდეთ ლოცვებში, როგორ ქრისტესგან დაშორებულ ჩვენს ძმებსა და დებს. კალაშნიკოვს ისევ კალაშნიკოვი არ უნდა მივუშვიროთ, ვინაიდან „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან ღვთის შვილებად იწოდებიან“ (მთ. 5,9).
13 ივლისი 2016
ეკუმენიზმმებრძოლეობის შესახებ 4: მოდით ვილოცოთ?[18]
ეკუმენიზმის მართლმადიდებელი ოპონენტები ეკუმენურ ლოცვებსა თუ სხვა რელიგიურ რიტუალებში მართლმადიდებლებისა და არამართლმადიდებლების ერთობლივი მონაწილეობისადმი არიან ყველაზე მეტად კრიტიკულნი. ისინი ამ კრიტიკას ძველ საეკლესიო კანონებს აფუძნებენ, რომლებიც “ერეტიკოსებთან და სქიზმატიკოსებთან” ლოცვას კრძალავენ. ხშირად ციტირებენ მოციქულთა მე-10, მე-11, 45-ე, 65-ე და 71-ე კანონებს. მაგ., მოციქულთა მე-10 კანონში ვკითხულობთ: “ვინც საეკლესიო თანაზიარებიდან განყენებულთან ილოცებს, თუნდაც სახლში, თავადაც განყენებით დაისაჯოს”. ხოლო მოციქულთა 45-ე კანონი იუწყება: “ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც მწვალებლებთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ ილოცებს, განყენებულ იქნეს; ხოლო თუ მათ ნებას მისცემს იმოქმედონ როგორც ეკლესიის მსახურებმა, განკვეთილ იქნეს”[19].
მართლმადიდებელთა ეკუმენურ ერთობლივ ლოცვებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ძველ კანონებზე აპელირებისას რამდენიმე გარემოება უნდა გავითვალისწინოთ. ამგვარი კანონების დამოწმება ისტორიული კონტექსტისგან მოწყვეტით და მართლმადიდებელი ეკლესიის მეოცე საუკუნეში არსებული პრაქტიკის გაუთვალისწინებლად, სრულიად არასაკმარისია სახელმძღვანელოდ როგორც დღეს, ისე მომავალში. მართლმადიდებლური საეკლესიო სამართალი არ არის არც კონსოლიდირებული (კოდიფიცირებული, დ.თ.) და არც რეგულარულად განახლებადი, როგორც ეს რომის კათოლიკურ ეკლესიაშია. ჩვენი საეკლესიო კანონმდებლობა იმ კანონებისა და წესების არასისტემური კრებულისგან შედგება, რომლებიც ორი ათასი წლის მანძილზე ადგილობრივ თუ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიიღეს. მთლიანობაში აღებული, ეს კანონები ზოგჯერ ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. მათმა ნაწილმა დიდი ხანია დაკარგა თავისი რელევანტურობა მართლმადიდებელი ეკლესიის დღევანდელი მდგომარეობისთვის. მართლმადიდებლური კანონიკური ტრადიცია ხაზს უსვამს დინამიური ინტერპრეტაციის (dynamic interpretation) საჭიროებას და არა ამ ძველი კანონების მექანიკურ დამოწმებას. ამ უკანასკნელს “კანონიზმი” (ე.წ. “ზაკონნიკობა”, დ.თ.) შეიძლება ეწოდოს და არა მართლმადიდებელი ეკლესიის ცოცხალი კანონიკური ტრადიციის გამოვლინება.
კლასიკური შემთხვევა იყო 1930 წელს, როცა მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალმა იერარქებმა არამართლმადიდებლებთან თანალოცვაში მიიღეს მონაწილეობა. 1921 წელს წმინდა ტიხონმა (ბელავინი) (1865-1925), მოსკოვის პატრიარქმა, მიტროპოლიტი ევლოგი (გეორგიევსკი) (1865-1925) დასავლეთ ევროპაში რუსული სამრევლოების დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა, რომ ყოფილიყო მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი დასავლეთ ევროპაში. 1929 წელს, რომის კათოლიკურმა, ანგლიკანურმა, ფრანგულ პროტესტანტულმა და მართლმადიდებელმა ეკლესიებმა დასავლეთ ევროპაში ერთობლივი ლოცვის კვირეული მოაწყვეს საბჭოთა კავშირში რელიგიური რეპრესიების მსხვერპლთა მოსახსენებლად. 1930 წლის თებერვალში, მიტროპოლიტმა ევლოგიმ მონაწილეობა მიიღო ეკუმენურ ლოცვაში ლონდონის მოციქულ პავლეს სახელობის კათედრალსა და პარიზის პროტესტანტულ კათედრალში L’Oratoire du Louvre. ამ დროისთვის, მიტროპოლიტ ევლოგის ეპარქია ჯერ კიდევ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში იყო. მოსკოვის საპატრიარქომ ამ ეკუმენური ღონისძიების საპასუხოდ განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირში რელიგიის თავისუფლება დაცული იყო. მოსკოვის საპატრიარქოს მაშინდელი დე ფაქტო ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი სერგი (სტრაგოროდსკი) (1867-1944) შეეცადა უფლებამოსილება შეეწყვიტა ევლოგისთვის, მაგრამ ამის მიზეზი იყო არა ეკუმენურ ლოცვაში თანამონაწილეობა, არამედ საბჭოთა რეჟიმისადმი გამოვლენილი არალოიალური დამოკიდებულება. 1931 წელს, მოსკოვიდან გატარებულმა დისციპლინარულმა ზომებმა კი შედეგად ის მოიტანა, რომ ევლოგი, მისი ეპარქიის სამღვდელოების, სამრევლოებისა და მორწმუნეთა უმრავლესობის მხარდაჭერით, მსოფლიო საპატრიარქოს დაქვემდებარებაში გადავიდა[20].
რუსეთის რეპრესირებული ეკლესიისთვის ორგანიზებულ ეკუმენურ ლოცვაში მიტროპოლიტ ევლოგის მონაწილეობისა და ასევე სხვა უამრავი მართლმადიდებელი იერარქის მხრიდან მსგავს თანალოცვებში მონაწილეობის მაგალითები (მთელი მეოცე საუკუნის მანძილზე), აუცილებლად უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, როცა “ერეტიკოსებთან და სქიზმატიკოსებთან” თანალოცვასთან დაკავშირებით ეკლესიის ძველი კანონების რელევანტურობაზე ვსაუბრობთ. რედუქციონისტული და მოდერნისტული ხედვისგან განსხვავებით (რომლის საფუძველზეც შესაძლებელია მართლმადიდებლური კანონიკური ტრადიციის დაყვანა კანონების ოდენ მექანიკურ და ლიტერალურ გაგებამდე), გააზრებულ უნდა იქნეს ამგვარი ტრადიციის დინამიური გაგება, რომელიც ფართო კონსენსუსის თანდათანობით მიღწევას გულისხმობს ეკლესიაში. ამგვარი კონსენსუსი კი შემდგომ არტიკულირებულ უნდა იქნეს კანონიკის მცოდნე იერარქთა მიერ. შედეგად, ეკლესია თავის მისიასა და სამოძღვრო პასუხისმგებლობას პირნათლად და ეფექტურად განახორციელებს თანამედროვე სამყაროში. ასე რომ, მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციის ნაწილნი არიან ის იერარქებიც, რომლებმაც თითქმის ერთი საუკუნის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ, გარკვეულ შემთხვევებში, და, განსაკუთრებით მათ მიერ, რომლებიც საკუთარი ეკლესიის ოფიციალური ხელმძღვანელობისგან არიან დელეგირებულნი, მისაღებია არამართლმადიდებლებთან თანალოცვის გარკვეულ ფორმებში მონაწილეობა. ძველი კანონების ამგვარი შემსუბუქება იმ ხანგრძლივი მართლმადიდებელური ტრადიციის ასპექტია, რომლის მიზანია არამართლმადიდებელ ქრისტიანებთან ურთიერთობის შენარჩუნება. მართლმადიდებელი ეკლესია იმ ეკლესიოლოგიური იმპერატივით მოქმედებს, რომლის მიხედვითაც ყოველთვის უნდა ცდილობდეს ქრისტიანები ერთიანობას დაუბრუნოს. გასული საუკუნის მანძილზე კი მართლმადიდებელი იერარქები თანხმდებოდნენ, რომ ამ მიზნის მიღწევისთვის საუკეთესო გზაა ეკუმენურ მოძრაობასა და საერთო ლოცვებში მონაწილეობა, ქრისტიანობის ერთობისადმი მიძღვნილი თანალოცვის ჩათვლით, ნაცვლად მისი ბოიკოტირებისა. მართლმადიდებლური კანონიკური ტრადიციის თვალსაზრისით, ბოიკოტის მომხრენი ვალდებულნი არიან დაასაბუთონ, რომ მათეული მიდგომა უკეთესად უწყობს ხელს ქრისტიანთა ერთობას, ვიდრე ეკუმენურ მოძრაობასა და საერთო ლოცვებში მონაწილეობაა.
ამგვარი შერბილება (იკონომია, დ.თ.) ძველი კანონებისა განპირობებულია იმ ცხადი საზღვრებით, რომლებიც საერთო ლოცვებთან და სხვა ეკუმენურ ცერემონიებთან დაკავშირებით არსებობს. ეკუმენურ ფორუმებზე გამართული ლოცვა, როგორც წესი, შედგება იმ ელემენტებისგან, რომლებიც ყველასთვის მისაღებია. ამგვარი თანალოცვა შემდეგი მთავარი კომპონენტებისგან შედგება: ლოცვა “მამაო ჩვენო”, “მრწამსი” (ფილიოკვეს გარეშე) და საკითხავები ბიბლიიდან (მონაკვეთები ფსალმუნიდან, სახარებებიდან და მოციქულთა ეპისტოლეებიდან). თანაზიარების (ინტერკომუნიონის) ან სხვა საიდუმლოებებში (საკრამენტებში) მონაწილეობის შესახებ საკითხი საერთოდ არ დგას. ხშირად ეკუმენურ შეხვედრებზე რელიგიური მსახურება ერთ დენომინაციას ეკუთვნის. ამ მსახურებაში სხვა დენომინაციის წევრებიც მონაწილეობენ, რაც, განსაკუთრებით, ლოცვების წარმოთქმითა და ჰიმნების გალობით გამოიხატება. მართლმადიდებლებს ხშირად სთხოვენ მწუხრის ლოცვების წარმოთქმას ან სხვაგვარი ლოცვითი მსახურების შესრულებას, რითაც მართლმადიდებლებს ფასდაუდებელი შესაძლებლობა ეძლევათ დაამოწმონ და სხვებს გააცნონ მართლმადიდებლური ლიტურგიკული ტრადიციის სიმდიდრე. ამავდროულად, მართლმადიდებლებს ყოველთვის მტკიცე პოზიცია აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ევქარისტიაში თანამონაწილეობა ანუ თანაზიარება სხვა ქრისტიანებთან ამ ეტაპზე დასაშვები არ არის.
მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართლის რიგორისტული, ხისტი, სიტყვასიტყვითი და ოდენ რაციონალური ინტერპრეტაცია თანამედროვე სიახლეა, რომელიც არ შეესაბამება მართლმადიდებლურ ტრადიციას. ძველი კანონები, რომლებიც “ერეტიკოსებთან და სქიზმატიკოსებთან” საერთო ლოცვასა და მათთან  ურთიერთობის სხვა ფორმებს კრძალავენ, მნიშვნელოვანი ისტორიული მოწმობაა იმისა, თუ როგორ აფასებდა ეკლესია თავის მდგომარეობას საკუთარი მისიის დამოწმების, სამოძღვრო პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ერთიანობის ეფექტური მიღწევის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბიზანტიაში ეკლესიას ოფიციალური სტატუსი ჰქონდა. გასული საუკუნის მართლმადიდებელი ეკლესიის გამოჩენილი იერარქების განსჯა ხსენებული კანონების მოხმობით დაუშვებელია. ეს ნამდვილად არ არის საუკეთესო შესაძლებლობა თანამედროვე მსოფლიოში მართლმადიდებელი ეკლესიის მისიის განხორციელებისთვის. ძველი კანონების მარტივი, მექანიკური დამოწმება არ არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე გასული საუკუნეში ეკლესიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისი პრაქტიკა. იესო ქრისტემ ხომ არაორაზროვნად განაცხადა: “სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის” (მათ. 18:20).
13 სექტემბერი 2016

 

შენიშვნები:

[1] წმინდა კინოტი ეწოდება ათონის მთის 20 მონასტრის საერთობოს. ინგლისურ ორიგინალში ამ მმართველი ორგანოს აღსანიშნავად გამოყენებულია გამოთქმა Sacred Community [დ.თ.].
[2] Announcement of the Extraordinary Joint Conference of the Sacred Community of the Holy Mount Athos [April 9/22, 1980], http://orthodoxinfo.com/ecumenism/athos.aspx (08.04.2016).
[3] ტექსტი რუსულ ენაზე იხ.: AgionOros.ru: http://agionoros.ru/docs/2257.htm  (08.04.2016). ფრანგული თარგმანი: Orthodoxie.com: http://orthodoxie.com/category/actualites/relations-oecumeniques/  (08.04.2016).
[4] კვიპრიანე სიტყვასიტყვით შემდეგს წერდა: Salus extra ecclesiam non est. თუმცა მას, როგორც წესი, ამგვარად ციტირებენ: Extra ecclesiam nulla salus. იხ. Epistula 4, 4 და Epistula 73, 21, 2. ამ აზრის ნაკლებად კატეგორიულ გამოთქმას ვხვდებით კვიპრიანეს სხვა ნაშრომში: “ვისთვისაც ეკლესია არ არის დედა, მისთვის ვერც ღმერთი იქნება მამა” (ეკლესიის ერთობის შესახებ, 6). [ქართული თარგმანი იხ.: მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი. “ეკლესიის ერთობის შესახებ”, http://www.orthodoxy.ge/tserilebi/kvipriane_eklesiis-ertoba.htm].
[5] Georges Florovsky, “Sobornost: The Catholicity of the Church” (1934), in Brandon Gallaher and Paul Ladouceur, eds., The Patristic Witness of Georges Florovsky: Essential Theological Writings (London: Bloomsbury/T & T Clark, forthcoming 2017).
[6] Georges Florovsky, “The Limits of the Church” (1933), in Gallaher and Ladouceur, eds., The Patristic Witness of Georges Florovsky.
[7] www.bg-patriarshia.bg/news.php?id=201851  (31.05.2016).
[8] www.orthodoxcouncil.org/decisions  (31.05.2016).
[9] www.amen.gr/article/apistefti-apofasi-tis-ellinikis-ierarxias-i-romaiokatholiki-den-einai-ekklisia (27.05.2016).
[10] www.pravoslavie.ru/90965.html  (25.04.16)
[11] ავტორი ამ ვითარებას დაპირისპირებას უწოდებს, თუმცა როგორც ცნობილია, ანტიოქიის ეკლესია რამდენიმე წელია აღარ იხსენიებს დიპტიქში იერუსალიმის პატრიარქს, რაც ნიშნავს კიდეც ევქარისტიული კავშირის გაწყვეტას [დ.თ.].
[12] The First Sorrowful Epistle of Metropolitan Philaret (27 July, 1969), http://orthodoxinfo.com/ecumenism/sorrow.aspx  (11.06.2016).
[13] St. Justin Popovich, “Letter to the Holy Synod of the Orthodox Church of Serbia” (November 26, 1974), www.synodinresistance.org/Theology_en/E3a4012Popovic.pdf (11.06.2016).
[14] Archbishop Vitaly of Montreal and Canada, “Ecumenism: A Report to the Sobor of Bishops of the Russian Orthodox Church Outside of Russia”, (1967-1968), www.roca-sobor.org/eng/ecumenism—a-report  (11.06.2016).
[15] “Encyclical of the Holy and Great Council of the Orthodox Church” (Crete, June 2016), § 20; “Message of the Holy and Great Council of the Orthodox Church” (Crete, June 2016), § 3; Holy and Great Council of the Orthodox Church, Crete, June 2016, “Relations of the Orthodox Church with the Rest of the Christian World,” §§ 4-7, 23. https://www.holycouncil.org/official-documents  (27.06.2016).
[16] “Relations of the Orthodox Church with the Rest of the Christian World,” § 5.
[17] Seraphim Rose, “In Defense of Father Dimitry Dudko,” Orthodox Word, no. 92 (1980), 130. http://orthodoxinfo.com/ecumenism/fsr_99.aspx  (11.06.2016).
[18] მადლიერი ვარ დოქტორ დევიდ უაგშელისა იმ კომენტარებისა და რჩევებისთვის, რომლებიც მან ამ წერილის წინა ვერსიასთან დაკავშირებით მომაწოდა.
[19] იხ., მაგ., დოკუმენტი “Conclusions of the Inter-Orthodox Theological Conference: “Ecumenism: Origins — Expectations — Disenchantment” s. 5, http://orthodoxinfo.com/ecumenism/thess_conclusions.aspx (16.04.2016) და ვრცელი სტატია: Anastasios Gotsopoulos, One Must Not Pray Together with Heretics or Schismatics: An Approach to the Precise Practice (akrivia) of the Church” (dated April 8, 2008) (http://oodegr.co/english/oikoumenismos/ou_dei.htm) (15.05.2016).
[20] ამ შემთხვევისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ, იხ.:  Daniela Kalkandjieva, The Russian Orthodox Church, 1917-1948: From Decline to Resurrection (London: Routledge, 2015), 44-48. ასევე: Evlogy Georgievsky, My Life’s Journey: The Memoirs of Metropolitan Evlogy (New York: St Vladimir’s Seminary Press, 2014), Vol. II, Chap. 22.

ინგლისურიდან თარგმნეს:

დავით თინიკაშვილმა (წერილი #1: “ვინ შეიძლება ცხონდეს?”, წერილი #2: “რა არის ეკლესია?”, #4: “მოდით ვილოცოთ?”)

ირაკლი ჯინჯოლავამ (წერილი #3: “ვინ არის ერეტიკოსი?”)

Translated from English into Georgian by:

David Tinikashvili (letter #1: “Who Can be Saved?”, Letter #2: “What is Church?”, letter #4: “Let Us Pray?”) 

Irakli Jinjolava (letter #3: “Who Is a Heretic?”)

ქართული თარგმანი პირველად გამოქვეყნდა: http://www.orthodoxtheology.ge/onecumenoclasm/
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s