ალან ლური – არის თუ არა ომების უმრავლესობის მიზეზი რელიგია?

რელიგიის შესახებ მრავალი მცდარი შეხედულება ვრცელდება, რომლებიც ცხად ფაქტებად მიიჩნევა. მაგ., თვლიან, რომ მორწმუნე ადამიანები მეცნიერების წინააღმდეგ ილაშქრებენ, რომ წმინდა წერილის სიტყვასიტყვითი გაგება ყველაზე მისაღები რელიგიური პოზიციაა, რომ რწმენა და ცოდნა ერთმანეთს უპირისპირდება, რომ ყველა რელიგიას აქვს პრეტენზია ერთადერთი აბსოლუტური ჭეშმარიტების ფლობაზე.
შესაძლოა, ამგვარი იდეები მისაღებია მორწმუნეთა უმცირესობისთვის, მაგრამ უმრავლესობისთვის ისინი ნამდვილად არ უკავშირდება ნორმატიულ რელიგიურ სწავლებასა და პრაქტიკას. გასაგებია, რომ ამგვარი არასწორი შეხედულებები არსებობს, რომლებიც ხშირად რადიკალური მოწოდებების სახით გვესმის, კულტურასა და პოლიტიკაში არსებული სხვა პოლარიზებული პოზიციების მსგავსად. ამიტომ ისინი პრიმიტიულ იდეებს წარმოადგენს და მარტივ აზროვნებას უწყობს ხელს: “ჩვენ სხვების წინააღმდეგ”. განსაკუთრებით ერთი მცდარი აზრი ვრცელდება, რომელიც ხშირად და მიზანმიმართულად ცხად ჭეშმარიტებად საღდება ხოლმე, მათ შორის, განათლებული და მოაზროვნე ადამიანთა მიერ. მაგრამ ეს აზრი ვერ მყარდება ფაქტებით. მის მიხედვით, ომების უმრავლესობა რელიგიამ განაპირობა.
ჯორჯ ქერლინმა, ათი მცნების ანალიზისას, ხმამაღლა განაცხადა: “უფლის სახელით უფრო მეტ ადამიანს კლავდნენ, ვიდრე სხვა ნებისმიერი მიზეზის გამო”. ბევრი ამ იდეას ისტორიულ ფაქტად მიიჩნევს. როცა ვინმესგან მესმის, რომ ომების უმრავლესობა რელიგიით იყო გამოწვეული, ხშირად ვითხოვ ამ ომების დასახელებას. ტიპიური პასუხია: “კარგით რა! აბა, რა იყო ჯვაროსნობა, ინკვიზიცია, ჩრდილოეთ ირლანდია, ახლო აღმოსავლეთი, 11 სექტემბერი. არ არის საკმარისი?”
არა, არ არის საკმარისი. მართალია, ზოგიერთი ომი რელიგიური მიზეზით დაიწყო, მაგრამ ისტორიის მიუკერძოებელი ანალიზი გვიჩვენებს, რომ რელიგიის სახელით დახოცილი ადამიანები, რეალურად, ომების სისხლიანი ისტორიის მთლიანი სურათის მხოლოდ მცირე ფრაგმენტია. ბოლო ხანს გამოქვეყნებულ ნაშრომში “ომების ენციკლოპედია” (Encyclopedia of Wars by Charles Phillips and Alan Axelrod) ომების შესახებ ისტორიული წყაროებია დოკუმენტირებული. როგორც აღმოჩნდა, 1763 ომიდან მხოლოდ 123-ის შემთხვევაში იყო რელიგია ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი. ამგვარი ომები ყველა წარმოებული ომების შვიდ პროცენტს შეადგენს. რაც შეეხება მსხვერპლის რაოდენობას: ზოგადად ომებში დახოცილი ადამიანების მხოლოდ ორი პროცენტი მოდის რელიგიურ ომებზე. ჯვაროსნული ლაშქრობების დროს ერთიდან სამ მილიონამდე ადამიანი დაიხოცა, ინკვიზიციის დროს, სავარაუდოდ, სამი ათასი ადამიანი. პირველ მსოფლიო ომში კი ოცდათხუთმეტი მილიონი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე იქნა დაღუპული.
ამრიგად, ისტორია არ ადასტურებს ჰიპოთეზას, რომ რელიგია კონფლიქტების მთავარი წყაროა. ძველი სამყაროს ომები ძალზე იშვიათად ეფუძნებოდა რელიგიას. ეს ომები ტერიტორიების დაპყრობისთვის, საზღვრებისა და უსაფრთხო სავაჭრო გზების კონტროლისთვის ან შიდა პოლიტიკური სტაბილურობის წინააღმდეგ არსებული გამოწვევების საპასუხოდ იწარმოებოდა. სინამდვილეში, ძველი დამპყრობნი, – ეგვიპტელები, სპარსელები, ბერძნები თუ რომაელები, – დაპყრობილთა რელიგიური რწმენა-წარმოდგენებისადმი ტოლერანტულნი იყვნენ და საკუთარ პანთეონს მათი ღმერთების სახელებსაც უმატებდნენ.
შუა საუკუნეებისა და რენესანსის პერიოდის ომებიც, როგორც წესი, კონტროლისა და სიმდიდრის მოპოვების სურვილით იყო ნაკარნახევი. ქალაქი-სახელმწიფოები ერთმანეთში ძალაუფლებისათვის მეტოქეობდნენ. ეკლესია შეიძლებოდა ამგვარი ომების მხარდამჭერი ყოფილიყო, მაგრამ არა ინსპირატორი. მაგ., მონღოლების შემოსევებს, რომელთაც ოცდაათი მილიონი ადამიანის დაღუპვას უკავშირებენ, არანაირი რელიგიური კომპონენტი არ გააჩნდა.
შემდგომი ომების უმეტესობის (ნაპოლეონის ომების, ფრანგული და ამერიკული რევოლუციების, ამერიკული სამოქალაქო ომების, პირველი მსოფლიო ომის, რუსეთის რევოლუციის, კორეული და ვიეტნამური კონფლიქტების ჩათვლით) არც ხასიათი და არც მიზეზი იყო რელიგიური. ამ ომებში განსაკუთრებით რელიგიური ჯგუფები იყვნენ სამიზნეში ამოღებულნი (ყველაზე მეტად, მეორე მსოფლიო ომის დროს). მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ომებს რელიგიური მიზეზი ჰქონდათ. ვინც ასე ფიქრობს, ის ხსენებულ მსხვერპლთ ადანაშაულებს და არასწორად აღიქვამს ამგვარი ომების მოტივებს, რომელთაც ნაციონალისტური, ეთნიკური ხასიათი ჰქონდათ და არა რელიგიური.
ასევე არ ჰქონდა რელიგიური საფუძველი გენოციდთა აბსოლუტურ უმრავლესობას (ანუ ეთნიკურ წმენდებს, რომლებიც გამოცხადებულ ომებთან არ არიან დაკავშირებულნი). როგორც მიახლოებით ითვლიან, ასსამოცი მილიონი სამოქალაქო პირი იქნა მოკლული მხოლოდ მეოცე საუკუნეში ჩადენილ გენოციდებში. აქედან ჩინეთსა და საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ასი მილიონი ადამიანი დაიღუპა. ზოგიერთი ცდილობს ამტკიცოს, რომ კომუნიზმი თავად იყო “სახელმწიფო რელიგია”, რადგან მას აბსოლუტური დიქტატორი ჰყავდა, რომლის სიტყვაც კანონი თუ ერთგვარი “წმინდა წიგნი” იყო. მაგრამ ამგვარი აზრი ძალაუფლებისადმი, კონტროლისადმი და კონფორმიზმისადმი ადამიანურ ლტოლვასა და რელიგიას შორის ტოლობის ნიშანს სვამს.
რასაკვირველია, ებრაულ ბიბლიაში (ანუ ქრისტიანული სახელდებით, “ძველ აღთქმაში”, დ.თ.) აღრიცხული ომები, – რომელთაგან ყველაზე ცნობილია მოსეს ბრძოლები უდაბნოში და ისუ ნავეს ძის მიერ ქანაანის ხალხთა დაპყრობა, – შეიძლება რელიგიურად სანქცირებულ ძალადობად აღვიქვათ. მაგრამ აქ მოგვიწევს არქეოლოგიური გათხრებით მიღებული შედეგების აღიარება, რომელთა მიხედვითაც ეს ომები ან საერთოდ არ მომხდარა ან მათ არ ჰქონდათ ისეთი დრამატული სახე, როგორადაც ისინი ბიბლიის ტექსტშია გადმოცემული. მე, რომელიც ბიბლიას სულიერ სიბრძნესთან ზიარებისთვის ვკითხულობ და არა ისტორიული ფაქტების გამორკვევა-დადგენისთვის, ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ამგვარი ომების კვალი არსად ყოფილიყო. სხვათა შორის, ძველ რაბინებს ეს ბიბლიური ომები ესმოდათ არა როგორც ცნობილი გამარჯვებანი, არამედ როგორც გაფრთხილება ომის საშიშროებებთან დაკავშირებით.
იუდაიზმი ყოველთვის ასწავლიდა, რომ ომის დაწყება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუკი ყველა სხვა საშუალება ამოწურულია. მიზანი ომის თავიდან აცილება უნდა იყოს. ბიბლიაში, მეორე რჯულთას წიგნში ამგვარი სიტყვები გვაქვს: “ქალაქს რომ მიუახლოვდებით საბრძოლველად, ზავი გამოუცხადე მას” (მეორე რჯ. 20:10, დ.თ.). სხვა სიტყვებით, საფრთხის წინაშე ყოფნის პირობებშიც კი, პირველ რიგში, მშვიდობის შენარჩუნებისთვის უნდა ვიზრუნოთ. ძველი რაბინებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო ამგვარი მიდგომა, რომ ისინი ამგვარ სიტყვებს ამბობდნენ: “უფლის თვალში დიდად მოსაწონია ადამიანი, რომელიც მშვიდობას ამყარებს ადამიანებს შორის. მაგრამ მასზე უფრო მეტად მოსაწონი ის ადამიანია, რომელიც მშვიდობას ერებს შორის ამყარებს”.
ყოველივე ზემოთ ნათქვამი იმას როდი ნიშნავს, რომ რელიგია არ შეიძლება იყოს კონფლიქტის მიზეზი. რასაკვირველია, ეს სავსებით შესაძლებელი იყო, არის და იქნება. ბუნებრივია, არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც თავისი რელიგიური ფანატიზმით საზარელი საქმეები ჩაიდინეს. ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ ამგვარი საფრთხეების წინაშე, რომელთაც ასევე ძალის გამოყენებითაც უნდა ვპასუხობდეთ. მაგრამ მსოფლიოში, სადაც მილიარდობით ადამიანი თავს რელიგიურს უწოდებს, მათ შორის მხოლოდ ძალიან ღრმა უმცირესობას მიაჩნია, რომ ძალადობა უფლის ნებაა და უდანაშაულოთა ხოცვა საკრალური აქტია.
მშვიდობა უმაღლესი რელიგიური მისწრაფებაა. სწორედ მისი დამყარებისა და შენარჩუნებისთვის გვმართებს შრომა. ძველი ებრაელი წინასწარმეტყველი, ისაია, რომელიც მსოფლიოს მომავალს ადამიანთა გაცნობიერებული ქმედებების შედეგად სრულქმნილ სამყაროდ წარმოსახავდა, წერდა: “მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს” (ისაია 2:4, დ.თ.). მაშინ, როცა რელიგიები შორს არიან ამ ფანტასტიკური ხედვისგან, ვალდებულნი ვართ ვაღიაროთ, რომ ომების უმრავლესობის მიზეზი არა რელიგია, არამედ სიხარბისადმი მიდრეკილება, განუსაზღვრელი ძალაუფლების სურვილი და ირაციონალური სიძულვილია, რომელთაც საკუთარ თავში გამუდმებით უნდა ვთრგუნავდეთ.
10 იანვარი 2012
სპეციალურად საიტისთვის ინგლისურიდან თარგმნა დავით თინიკაშვილმა 
ტექსტის ორიგინალი:
http://www.huffingtonpost.com/rabbi-alan-lurie/is-religion-the-cause-of-_b_1400766.html
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s