დენიელ პალსი – რელიგია და პიროვნება: ზიგმუნდ ფროიდი

“…ამრიგად რელიგია  ყოვლად საკაცობრიო
აკვიატებულ მდგომრეობათა ნევროზი იქნებოდა”.
ფროიდი, ერთი ილუზიის მომავალი[1]
ახალი დროის ცოტა მოაზროვნეს თუ გამოუწვევია უფრო ცხარე დავები, ვიდრე ვენელ (ავსტრია) ფსიქოლოგს ზიგმუნდ ფროიდს (1856–1939), რომელმაც ადამიანის პიროვნების თავისი საოცარი და ახლებური ანალიზით მეოცე საუკუნის დასაწყისში შეძრა არა მხოლოდ სამედიცინო წრეები, არამედ მთლიანად საზოგადოება. დღემდე, თითქმის ყველასთვის, ფროიდის სახელი ორ რამეს – ფსიქოთერაპიას და სექსს უკავშირდება. ეს წარმოდგენა რაღაც გაგებით მართებულია, მაგრამ ნამდვილად არ არის ამომწურავი. ფროიდი ძალზე უჩვეულო ადამიანი იყო, რომელსაც დაუოკებელი ცნობისმოყვარეობა, მაღალი მისწრაფებები და ინტელექტუალური ინტერესების საოცრად ფართო სპექტრი ამოძრავებდა. მისი ძირითადი პროფესია მედიცინა, კერძოდ, ტვინის კვლევა იყო. მაგრამ რაც უფრო მეტად ღრმავდებოდა ამ ვიწრო სპეციალობაში, მით უფრო მეტ ახალ და განსხვავებულ მიმართულებებს ხედავდა. მისმა ინტერესებმა ნევროლოგიური კვლევებიდან ფსიქიურ აშლილობებზე და გონების სხვა თავსატეხებზე გადაინაცვლა და მალე მან ადამიანის პიროვნების ახალი, თამამი თეორია წამოაყენა. ამ პლატფორმიდან იგი თავდაჯერებულად დაიძრა წინ. ადამიანის ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში ფროიდი ფსიქოლოგიურ განზომილებას ხედავდა, იქნებოდა ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო სიზმარი, ხუმრობა და პიროვნული თავისებურებები, თუ ღრმა, კომპლექსური ემოციები, რომლებიც პიროვნულ ურთიერთობებს მართავენ და საზოგადოებრივ წეს-ჩვეულებებს აყალიბებენ. სადაც არ უნდა გაეხედა, იგი თავისი იდეების გამოყენებისთვის ახალ და ახალ სფეროებს პოულობდა, რომლებმაც შუქი მოჰფინეს ოჯახური და სოციალური ცხოვრების არსთან დაკავშირებულ კითხვებს; მან ასევე მითოლოგიის, ფოლკლორისა და ისტორიის განმარტებისთვის მნიშვნელოვანი სტიმული მიიღო, მიეცა რა ახლებური ინტერპრეტაციების გაკეთების საშუალება  დრამის, ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროებში. ფროიდსა და მის მიმდევრებს ზოგჯერ ეჩვენებოდათ, რომ ხშირად განმარტებათა ოქროს გასაღები იქნა ნაპოვნი. ფსიქიკის კვლევამ ფარდა ახადა ადამიანური აზრისა და მოქმედების სიღრმისეულ მოტივებს, დაწყებული პიროვნული სტრესებიდან დამთავრებული იმ მძლავრი ბიძგებით, რომლებიც მართავენ და ქმნიან ცივილიზაციებს. მან შეძლო ცალკეული ინდივიდის მშფოთვარე ეგოს საიდუმლოს გასხსნა და ამავე დროს ახალი კუთხით დაინახა კაცობრიობის ისტორიის უმნიშვნელოვანესი სფეროები, მათ შორის საზოგადოება, ზნეობა, ფილოსოფია და, რა თქმა უნდა, რელიგია.
ბიოგრაფია: ფროიდის ცხოვრება და მოღვაწეობა
ფროიდი 1856 წელს, ცენტრალურ ევროპაში, მორავიაში დაიბადა, რომელიც იმ დროს ავსტრო-უნგრეთის ვრცელ იმპერიას ეკუთვნოდა.[2] მამამისს, ებრაელ დაქვრივებულ ვაჭარს უკვე ყავდა ორი ზრდასრული ვაჟი, როდესაც მან ხელმეორედ დაქორწინება გადაწყვიტა. ფროიდი პირველი ბავშვი იყო, რომელიც მამამისის მეორე, ქმარზე გაცილებით უმცროსი, ცოლისგან გაჩნდა. ამრიგად, იგი გაერთიანებულ, მრავალწევრიან ოჯახში აღიზარდა. ბავშვობისას იგი თავის ორ ძმიშვილს ეთამაშებოდა – ბიჭუნასა და გოგონას, სახელად პაულინა, რომლის წვალება უყვარდა და რომელიც ამავე დროს მოსწონდა. შემდეგ, როდესაც ბავშვობას იხსენებდა, ფროიდმა ამ გამოცდილებაში აშკარა ამბივალენტურობა დაინახა, – ემოციური გაორების მდგომარეობა, რომელიც ლეიტმოტივად გასდევს მის ნაშრომებს, განსაკუთრებით იმ თხზულებებს, რომლებშიც რელიგიას განიხილავს. მას სჯეროდა, რომ ადამიანებს ხშირად წინააღმდეგობრივი გრძნობები მართავს – სიყვარული და აგრესია ერთი და იგივე საგნის ან პიროვნების მიმართ.
ჯერ კიდევ ყმაწვილი ფროიდი თავის ოჯახთან ერთად იმპერიის დედაქალაქში, ვენაში გადასახლდა, სადაც იგი თითქმის მთელ ცხოვრებას გაატარებს. როგორც ებრაელმა, მან ვერ შეძლო ამ, უმთავრესად, კათოლიკური ქალაქის შეყვარება, თუმცა მისი ოჯახი იქაურობას შეეგუა. აქ გაატარა მან თითქმის მთელი ცხოვრება, აღზარდა საკუთარი შვილები და ვენა სიკვდილამდე მხოლოდ ერთი წლით ადრე დატოვა, როდესაც ავსტრიაში ნაცისტების შემოსვლამ აიძულა იგი ინგლისში გახიზნულიყო. ფროიდის მშობლები არ ივიწყებდნენ თავიანთ ებრაულ წარმოშობას, იცავდნენ პასექს და იუდაური რელიგიის წესებით ზრდიდნენ შვილებს, მაგრამ სხვა მხრივ რელიგიისადმი გულგრილები იყვნენ. არ იცავდნენ კვების იუდაურ წესებს და არც ქრისტიანული დღესასწაულების, მაგალითად, შობის, აღნიშვნა იყო მათთვის უცხო.
სკოლაში ფროიდი ნიჭიერებით გამოირჩეოდა. ეუფლებოდა ბერძნულს, ლათინურს, და ებრაულს. მან სწავლა წარჩინებით დაასრულა. გერმანულთან ერთად, რომელიც მისი მშობლიური ენა იყო, ფრანგულსა და ინგლისურშიც გაიწაფა. შემდეგ დამოუკიდებლად სწავლობდა ესპანურსა და იტალიურს. 1873 წელს, ჩვიდმეტი წლის ასაკში, ფროიდი ვენის უნივერსიტეტის სტუდენტ-მედიკოსი გახდა, ანატომიისა და ფსიქოლოგიის შესწავლა დაიწყო. 1881 წელს, მედიცინის დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ, ფროიდმა ვენის კლინიკურ საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა, სადაც ტვინის კვლევა განაგრძო. რამდენიმე წლის შემდეგ მარტა ბერნაისზე დაქორწინდა. ექვსი შვილის დედა და დიასახლისი ამავე დროს ფროიდის ერთგული მეგობარი იყო მთელი მათი ხანგრძლივი ცოლ-ქმრობის განმავლობაში.
სამედიცინო მოღვაწეობის ადრეულ წლებში ფროიდი შეხვდა და მალევე დაუმეგობრდა იოზეფ ბროიერს, ფსიქიური აშლილობის პროფესიონალ მკვლევარს. გარდა ამისა, 1885 წელს იგი პარიზში ჩავიდა, რათა ცნობილ ფრანგ ექიმთან ჟან-მარტენ შარკოსთან ერთად ნევროზული აშლილობები შეესწავლა. ეს ვიზიტი ფროიდისთვის გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა და მისმა ინტერესმა სამუდამოდ გადაინაცვლა ტვინის წმინდა ფიზიოლოგიური შესწავლიდან ფსიქოლოგიურ კვლევებზე. პარიზიდან დაბრუნების შემდეგ ფროიდმა ფსიქიურად დაავადებულებთან მუშაობა განაგრძო და პირველი წიგნი „ისტერიის კვლევები“ (1895) გამოაქვეყნა, რომელიც თავის მეგობართან, ბროიერთან ერთად დაწერა. ამ კვლევაში ავტორებმა ფროიდის შემდგომი მოღვაწეობისთვის ძალზე მნიშვნელოვანი რეპრესიის პროცესი აღწერეს, რომლის მეშვეობით ადამიანი საკუთარ თავს ცხოვრებისეული მტკივნეული გამოცდილების დავიწყებას აიძულებს. ფროიდი ასევე ხაზს უსვამდა ჰიპნოზის ან პაციენტებთან ერთად მათივე აშლილობების განხილვის საშუალებით ნევროზის, ანუ პაციენტთა ირაციონალური ქცევის, მკურნალობაში მიღწეულ წარმატებებს. კერძოდ, აცხადებდა, რომ ისტერიისგან განკურნა პაციენტი სახელად ანა ო. სიტყვიერი ასოციაციებით, რომელიც ამ ქალის პრობლემის გამომწვევი მოვლენის გახსენებას უკავშირდებოდა. პაციენტებთან ურთიერთობაში დიალოგური მიდგომა (conversational approach) მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნია ფროიდმა, რომელსაც შემდგომ ადამიანის გონების კვლევა და მკურნალობა დააფუძნა. ფროიდმა გადაწყვიტა, ამ მეთოდისთვის „ფსიქოანალიზი“ ეწოდებინა.
ფსიქოანალიზის კლინიკური პრაქტიკა უმთავრესად მოსმენისგან შედგებოდა. პაციენტებს მოურიდებლად უნდა ეთქვათ ყველაფერი რეგულარულ ვიზიტებზე, რაც აზრად მოუვიდოდათ; თხრობის ლოგიკური თანმიმდევრობის დაუცველად, უბრალოდ აზრთა და მოგონებათა „თავისუფალი ასოციაციებით“ უნდა ესაუბრათ. ძალზე ბევრი ადამიანისთვის (ფროიდის დროსაც და ახლაც) ამგვარი ტექნიკა სხვა არაფერია, თუ არა კარგი მკურნალის დროის ფუჭად ხარჯვა. მაგრამ ფროიდი სხვაგვარად ფიქრობდა; ფსიქოანალიტიკურ საუბარში იგი პაციეტების ფსიქიკის ყველაზე დაფარულ კუნჭულებში შეღწევის საშუალებას ხედავდა. მან საკუთარი თავის გაანალიზებაც დაიწყო, საგანგებოდ იწერდა სიზმრებს და პაციენტებსაც იგივეს სთხოვდა. პაციენტებთან მუშაობის ხუთწლიანი პრაქტიკის, კვლევის, მოსმენის, კითხვისა და ფიქრის შედეგად ფროიდი გარკვეულ დასკვნებამდე მივიდა, რომლებიც გადმოცემულია მის ნაშრომში „სიზმართა განმარტება“ (1900). საუკუნის დასაწყისში გამოცემულმა ამ ეპოქალურმა წიგნმა ახალი დროის აზროვნებაში „ფროიდიანული რევოლუცია“ მოახდინა. ამ ნაშრომში ფროიდი პირველად იყენებს „არაცნობიერის“ ცნებას, რომელსაც მალე დაწვრილებით განვიხილავთ.
სამედიცინო წრეების მხრიდან მკაცრი კრიტიკის მიუხედავად, ფროიდს მაინც ჰყავდა ერთგულ მიმდევართა ვიწრო წრე. 1902 წელს ამ თანამოაზრეებთან და მოწაფეებთან ერთად მან ჩამოაყალიბა პროფესიული ორგანიზაცია, „ვენის ფსიქოლოგიური საზოგადოება“. ამ წრეს ეკუთვნოდა ან მის წევრებთან კავშირში იყო რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც ფროიდთან ერთად გაითქვეს სახელი: ოტო რანკი, კარლ აბრაჰამი, ალფრედ ადლერი, კარლ იუნგი, ერნესტ ჯონსი და სხვები. დაარსდა რამდენიმე ჟურნალი და თანდათან ფსიქოანალიზი მეთოდიდან და რამდენიმე კრეატიული იდეიდან  უპრეცედენტო ახალი აკადემიური კვლევის სფეროდ იქცა.
ამ პერიოდში და შემდეგაც, პირველი მსოფლიო ომის უმძიმეს ხანას, ფსიქოანალიზის თეორიაში ფროიდის კალმიდან უწყვეტად ჩაედინებოდა ახალი იდეები. საუკუნის დასაწყისში, რამდენიმე, საოცრად ნაყოფიერ, წელში იგი შეეცადა ფსიქოანალიტიკური კვლევა ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროებზე განევრცო, რაც აისახა მის ნაშრომებში „ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია“ (1901) და „სამი ესე სექსუალობის თეორიაზე“ (1905). ომის წინმსწრებ ათწლეულში გამოიცა ბევრი სტატია, მათ შორის ერთი რელიგიასა და ნევროზზე და რამდენიმე პრიმიტიულ რელიგიებზე, შემდეგ კი წიგნი „ტოტემი და ტაბუ“ (1913). შემდგომ წლებში, როდესაც სადღაც ევროპაშო ბრძოლები მიმდინარეობდა, ფროიდი თავის სტატიებში არაცნობიერის, ადამიანის საბაზისო ინსტინქტებისა და რეპრესიის თემებს ავითარებდა და ამავე დროს ასრულებდა „ფსიქოანალიზის შესავალს“ (1916-1917); ომის დასრულების შემდეგ ფროიდი კვლავაც ცდილობს ფსიქოანალიზისადმი ყურადღების მიქცევას. ამ დროს დაიწერა  „ტკბობის საწყისს მიღმა“ (1920), „მე და ის“ (1926), „არაპროფესიული ანალიზის საკითხისთვის“ (1926). მთელი ამ დროის მანძილზე ფროიდი ენერგიულად ეწეოდა ფსიქოანალიზის პოპულარიზაციას: განაგრძობდა მუშაობას პაციენტებთან, აწარმოებდა მიმოწერას კოლეგებთან თავისი უახლოესი წრიდან, მართავდა აკადემიურ კონგრესებს და თანამშრომლობდა ორ აკადემიურ მეცნიერულ ჟურნალთან, რომლებიც ახალ ფსიქოანალიტიკურ ნაშრომებს აქვეყნებდნენ.
ვიწრო ფსიქოანალისტიკურ კვლევების გარდა სიცოცხლის ბოლო ოც წელიწადში ფროიდმა დაწერა რამდენიმე კონტროვერსიული ნაშრომი საზოგადოების, მეცნიერებისა და რელიგიის ზოგად თემებზე. მათ შორის იყო „ერთი ილუზიის მომავალი“ (1927) და „მოსე და მონოთეიზმი“ (1938). ამ ორ წიგნში და ადრეულ ნაშრომში „ტოტემი და ტაბუ“, რომელთაც მოკლედ მიმოვიხილავთ, გადმოცემულია ფროიდის მთავარი მოსაზრებები რელიგიის შესახებ.
[…]
ფროიდი და რელიგია
ფსიქოანალიზის ძირითადი იდეების განვითარების დასაწყისშივე ფროიდმა რელიგია კვლევის ყველაზე პერსპექტიულ საგნად მიიჩნია.[3] რა თქმა უნდა, ბავშვობაში იგი გაეცნო იუდაიზმის საფუძვლებს. მიუხედავად იმისა, რომ ფროიდის ოჯახი დიდი რელიგიურობით არ გამოირჩეოდა, იგი კარგად იცნობდა ებრაულ რელიგიურ ლიტერატურას; იგი ასევე დამაკმაყოფილებლად იცნობდა ქრისტიანობას, ნაწილობრივ კათოლიკური ვენის ქალაქური ცხოვრებიდან და ნაწილობრივ დასავლური ცივილიზაციის ლიტერატურისა და ისტორიის შესახებ დაწერილი ნაშრომებიდან. რელიგიური იდეები, სახეები და პარალელები მისი პირველი პაციენტების ნევროზებშიც შეინიშნებოდა. თუმცა თავად ფროიდი სრულიად უარყოფდა რელიგიურ რწმენას. ბიოგრაფი, რომელიც მას ყველაზე უკეთ იცნობდა, პირდაპირ გვეუბნება, რომ „მთელი ცხოვრების მანძილზე იგი ნამდვილი ათეისტი იყო“.[4] ფროიდისთვის ღვთისადმი რწმენა აზრს მოკლებული იყო. ამიტომ ვერც რელიგიური ცხოვრებისა და რიტუალების ღირებულებას და მიზანს ხედავდა.
ამ ფონზე, გასაკვირი არაა, რომ ფროიდის დამოკიდებულება რელიგიისადმი, ტეილორისა და ფრეიზერის მსგავსად, სრულიად განსხვავდება იმთავითვე რელიგიური ადამიანების დამოკიდებულებისაგან. უმეტეს შემთხვევაში მორწმუნეები ამბობენ, რომ სწამთ ასე და არა სხვაგვარად იმიტომ, რომ ღმერთი მოუხმო მათ ბიბლიის მეშვეობით, რომ მათ გულებს მადლი შეეხო, რომ ის, რასაც მათი ეკლესია ან სინაგოგა ქადაგებს, ჭეშმარიტებაა. ფროიდი კი დარწმუნებულია, რომ რელიგიური იდეები ღმერთისგან თუ ღმერთებისგან არ მოდის, რადგან ღმერთები არ არსებობენ; ამგვარი რწმენები არც სამყაროზე მეცნიერული დაკვირვების შედეგია, რომელსაც ჭეშმარიტებასთან მივაყავართ. ფროიდისთვის რელიგიური იდეები მცდარია; ისინი ცრურწმენებია, თუმცა საინტერესო ცრურწმენები, რომლებიც მნიშვნელოვენ კითხვებს ბადებს ადამიანის ბუნების შესახებ:  რატომ ეჭიდება ასე დაჟინებით უამრავი ადამიანი იმთავითვე მცდარ რწმენებს? თუკი რწმენა არ არის რაციონალური, როგორ იძენს მას ადამიანი? რატომ ინარჩუნებენ მას მთელი ცხოვრება? ფროიდი აცხადებს, რომ ფსიქოანალიზს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლია.
პირველ მეთოდოლოგიურ მინიშნებას ვხვდებით ერთ-ერთ ადრეულ სტატიაში, „აკვიატებული მოქმედებები და რელიგიური პრაქტიკა“ (1907). ფროიდი აღნიშნავს, რომ რელიგიური ადამიანების მოქმედებებსა და მისი ნევროზიანი პაციენტების ქცევას შორის დიდი მსგავსებაა. მათ ქმედებებს ერთიდაიგივე სტილი აქვს; განიცდიან დანაშაულის გრძნობას, თუკი სათანადოდ არ ასრულებენ წესებსა და რიტუალებს; ორივე შემთხვევაში რიტუალი ძირითადი ინსტინქტების ჩახშობას უკავშირდება: როგორც წესი, ნევროზი სქესობრივი ლტოლვის დათრგუნვითაა გამოწვეული; რელიგია ეგოიზმის დათრგუნვასა და ეგო-ინსტინქტის კონტროლს მოითხოვს. ამრიგად, სექსუალობის დათრგუნვა ინდივიდისთვის აკვიატებულ მგომარეობათა ნევროზით სრულდება, რელიგია კი „ყოვლად საკაცობრიო აკვიატებულ მდგომრეობათა ნევროზია“.[5] ეს შედარება ლეიტმოტივად გასდევს რელიგიის ფროიდისეულ თეორიას, რომლის მიხედვითაც, რელიგიური ქცევა ყოველთვის ჰგავს ფსიქიკურ დაავადებას. ამიტომ რელიგიის განმარტება ყველაზე კარგად ფსიქოანალიზის მეშვეობითაა შესაძლებელი.
რელიგიისადმი მიძღვნილ სამ ნაშრომში – „ტოტემი და ტაბუ“, „ერთი ილუზიის მომავალი“ და „მოსე და მონოთეიზმი“ – ფროიდი ამ მიდგომას იყენებს, თუმცა სხვადასხვაგვარად. სამივე ნაშრომი საკმაოდ მოკლეა. ამიტომ, თითოეულ მათგანს განვიხილავთ და არ გამოვარჩევთ მხოლოდ ერთს. ამასთან, შევეცდებით ვაჩვენოთ ფსიქოანალიტიკური ახსნის ერთიანი მოდელი.
„ტოტემი და ტაბუ“ (1913)
ამ ნაშრომს ფროიდი თავის საუკეთესო წიგნად მიიჩნევდა. მასში პრიმიტიული ხალხების ცხოვრების ფსიქოლოგიური ინტერპრეტაციაა წარმოდგენილი. აქ იგი ფსიქოანალიზის იდეებს იყენებს, მაგრამ მისი დროის სხვა ნაშრომების დარად, ევოლუციური იდეების გავლენას განიცდის – არა მხოლოდ ბიოლოგიური ევოლუციის დარვინისეული თეორიისა, არამედ ასევე გონებრივი და სოციალური ევოლუციის ზოგადი იდეებისა. ფროიდი იზიარებს იმ დროს გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ევოლუცია არა მხოლოდ ჩვენმა სხეულმა, არამედ ინელექტმაც განიცადა და აღნიშნავს, რომ საუკუნეთა განმავლობაში როგორც ჩვენი ბიოლოგიური სახეობა, ასევე საზოგადოებრივი ინსტიტუტები პროგრესს განიცდიან. იგი ამტკიცებს, რომ ზრდასრული ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების გასაღები მის ბავშვობაში უნდა ვეძიოთ, თანამედროვე ცივილიზაციისა კი უძველეს კულტურებში. ფროიდი გულისხმობს არა მხოლოდ ცივილიზებულ წინაპრებს, როგორებიც იყვნენ ბერძნები და რომაელები, არამედ  პრეისტორიულ კულტურებსა და ხალხებს (მით უფრო, რომ დარვინმა აჩვენა ამ კავშირის არსებობა), ანუ იმ თემებს, რომელთა წევრები ცხოველ წინაპართა უშუალო შთამომავლები იყვნენ.
ამ წანამძღვრებით შეიარაღებული ფროიდი განიხილავს პირველყოფილი წინაპრების ჩვეულ ორ პრაქტიკას, რომელიც განსაკუთრებულად უცნაურია თანამედროვე ადამიანისთვის: ცხოველური „ტოტემის“ გამოყენება და „ტაბუს“ წეს-ჩვეულება. როგორც უკვე ვიხილეთ, ტეილორი, ფრეიზერი და სხვა ანთროპოლოგები აღფრთოვანებულნი იყვნენ ამ ადათ-წესებით. პირველ შემთხვევაში თემი ან ოჯახი თავის წარმომავლობას უკავშირებს  ტოტემს – ცხოველს (ან მცენარეს), რომელიც მისი თაყვანისცემის ობიექტია. მეორე შემთხვევაში თემი აცხადებს რომ პიროვნება, საგანი ან ქმედება არის „ტაბუ“, ანუ აკრძალული და დაუშვებელი. უძველეს საზოგადოებებში უმკაცრესად იკრძლებოდა ორი რამ. პირველი: მიუღებელი იყო ინცესტი და ქორწინება ყოველთვის „ეგზოგამური“ უნდა ყოფილიყო, ანუ გამორიცხავდა ახლო ნათესავთა წრეს. პირველყოფილ ადამიანთა შორის თითქმის ყოველთვის არსებობდა ის, რასაც ფროიდი „ინცესტის შიშს“ უწოდებს. მეორე: დაუშვებელი იყო ტოტემური ცხოველის მოკვლა და შეჭმა. იშვიათი რიტუალური შემთხვევების გარდა, „ტოტემის“ ჭამა ასევე „ტაბუ“ იყო. ფროიდის აზრით, მათში ამგვარ ქმედებათა ჩადენის სურვილი არსებობდა. სწორედ ამიტომ იქნა დადგენილი ეს აკრძალვები. მაგრამ რატომ იქცა დანაშაულებრივად, პირველ რიგში, სწორედ ამგვარი ქმედებები? რატომ გაჩნდა წესები, რომელთა შესრულება არავის სურდა?
რელიგიური ადამიანები ცდილობენ რაციონალურები იყვნენ, მაგრამ ამაოდ; „ტაბუს“ წესებისა და ტოტემური რიტუალების დაცვით სასურველი ვერ მიიღწევა. მაგრამ მაშინ ჩნდება შეკითხვა: თუკი ტოტემების და ტაბუების რწმენა შეცდომაა, რატომ სწამთ ადამიანებს ეს ყოველივე? ფროიდი პასუხს არაცნობიერში პოულობს. იგი აცხადებს, რომ როგორც ნევროზით შეპყრობილ, ასევე ჯანმრთელ ადამიანებში მძლავრი ურთიერთასაწინააღმდეგო სურვილების შეჯახება შეინიშნება. ერთსა და იმავე დროს მათ შეიძლება სურდეთ და თან არ სურდეთ რაღაც. მაგალითად, აკვიატებული ნევროზით შეპყრობილმა ადამიანმა შეიძლება ზოგჯერ უდიდესი მწუხარება იგრძნოს, როდესაც მისი საყვარელი ადამიანი, დედა ან მამა კვდება. თუმცა არაცნობიერის კვლევისას ხშირად აღმოვაჩენთ, რომ მისი ემოცია სინამდვილეში დანაშაულისა და სიძულვილის გრძნობითაა გამოწვეული. ფროიდი აღნიშნავს, რომ ნევროზით შეპყრობილს არაცნობიერად მშობლის სიკვდილი სურს და როდესაც ეს მართლაც ხდება, ძლიერი დანაშაულის გრძნობა ეუფლება ამგვარი საშინელი სურვილის გამო. სტრესული მდგომარეობის დაძლევისთვის მან შეიძლება გარდაცვლილს გარკვეული ნეგატიური თვისებებიც მიაწეროს, რათა თავისი სურვილი გაამართლოს. ახლა კი ცხადი ხდება, რატომ განიხილავდნენ პირველყოფილი ადამიანები თავიანთ გარდაცვლილ წინაპრებს, როგორც დემონებსა და „ავსულებს“, რომლებიც მათ სიძულვილს იმსახურებენ. მათთვის გარესამყარო მათივე არსების ერთგვარი გაგრძელება იყო. ამას მაგიური რიტუალები ცხადჰყოფს: სჯეროდათ, რომ ჭექა-ქუხილის ხმის იმიტაციით ნამდვილი წვიმის გამოწვევა შეეძლოთ.
სწორედ ტოტემიზმისა და ტაბუს მაგალითზე ვხედავთ უძველესი ადამიანის ემოციის ძალას, მის ფსიქიკურ გაორებას. ფროიდი აღნიშნავს, რომ  თუკი დარვინი მართალია და მართლაც ჰომინიდებისგან წარმოვიშვით, მაიმუნ წინაპართა მსგავსად, პირველ ადამიანებს უნდა ეცხოვრათ ე. წ. „გაფართოებულ ოჯახებში“, რომლებიც ძლიერი მამრის მიერ მართული ქალებისა და შთამომავლობისგან შედგებოდა. ამ ჯგუფებს ერთგულება, სიყვარული და დაცულობის გრძნობა აერთიანებდა, თუმცა ახალგაზრდა მამრები დაუკმაყოფილებლობასა და შურს განიცდიდნენ. მათ ეშინოდათ მამის და პატივს სცემდნენ მას, თუმცა ამავე დროს განიცდიდნენ ლტოლვას მისი ცოლების მიმართ. ამ გაორებამ – ოჯახურ წიაღში უსაფრთხოების გრძნობამ და სექსუალურმა ლტოლვამ – მათ საბედისწერო ქმედებისკენ უბიძგა. ასეთი რამ, უეჭველია, არაერთ უძველეს თემში მომხდარა: ახალგაზრდა მამრებმა მოკლეს მამა, შეჭამეს მისი სხეული, რადგან კანიბალიზმი სჩვეოდათ და დაეუფლნენ მის ცოლებს. ამ პირველქმნილ მკვლელობას ჯერ სიხარულისა და გათავისუფლების გრძნობა მოჰყვა, რაც მალევე დანაშაულისა და სინანულის გრძნობებმა და მოკლული ბატონის დაბრუნების სურვილმა ჩაანაცვლა. „მამის შემცვლელი“ მათთვის ტოტემური ცხოველი გახდა. შვილებმა ტოტემის თაყვანისცემის აღთქმა დადეს, ამის შემდეგ კი უძველესი ტაბუ დააწესეს: „არ მოკლა ტოტემი“. დროთა განმავლობაში ეს ტაბუ კაცისკვლის აკრძალვის მცნებაში განზოგადდა. ამრიგად, ეჭვგარეშეა, რომ „არა კაც ჰკლა“ კაცთა მოდგმის პირველი ზნეობრივი განწესებაა.
სინანულის გრძნობის შედეგია მეორე ტაბუც – ინცესტი. შვილებმა ინანეს მამის მკვლელობა და მიხვდნენ, რომ მისი ცოლების დაუფლება მხოლოდ ახალ კონფლიქტს წარმოშობდა მათ შორის. ამიტომ მეორე მცნებაზე შეთანხმდნენ: “ხელი არ ახლო მამაშენის ცოლს”. იმისთვის, რომ მშვიდობით ეცხოვრათ ერთად, შვილები შეთანხმდნენ, რომ ცოლებს მხოლოდ „სხვა ტომიდან“ მოიყვანდნენ. ფროიდის ვარაუდით, მითიური „სოციალური შეთანხმების“ უკან, რომელსაც ფილოსოფოსები ადამიანთა საზოგადოების საფუძვლად მიიჩნევენ, სწორედ ეს წინაისტორიული შეთანხმებებია.
პირველი ტაბუს განმარტება უფრო რთულია და ამისთვის ფროიდი უილიამ რობერტსონ სმითის ნაშრომს მიმართავს. ამ მკვლევარმა უდიდესი გავლენა მოახდინა ფრეიზერზე და შემოიღო „ტოტემური მსხვერპლის“ იდეა.[6] ჩვეულებრივ ტოტემური ცხოველი სათაყვანო და ხელშეუხებელია, თუმცა ავსტრალიის მკვიდრ თემთა უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ გარკვეულ შემთხვევებში სრულდება მისი დაკვლისა და ერთობლივი შეჭმის რიტუალი. ფროიდი აღნიშნავს, რომ ფსიქოანალიზის თვალსაზრისით ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ტოტემური მსხველრპლშეწირვა სიღრმისეული ემოციის მატარებელი ცერემონიაა, რომლის დროსაც თემი იგონებს მოკვდინებას პირველი მამისა, რომელიც სიკვდილით მისი ღმერთი გახდა. ამ რიტუალით შვილები საჯაროდ ადასტურებენ მამის სიყვარულს და ამავე დროს სქესობრივი აკრძალვით გამოწვეული სიძულვილის გამოთავისუფლებას ახდენენ.
ამრიგად ტოტემური მსხვერპლის არსებობა ადასტურებს, რომ მამის პირველყოფილი მკვლელობა, – კაცობრიობის „ბავშვობაში“ ჩადენილი დანაშაული, – სხვა არაფერია, თუ არა ისტორიაში გათამაშებული მძლავრი ემოციური გაორება, რომელიც ყოველი მამაკაცის ბავშვობაში ოიდიპოსის კომპლექსს შობს. ძმების თავდასხმა მამაზე თავისი არსით სოფოკლეს ტრაგედიის შექმნამდე მრავალი ათასწლეულით ადრე ჩადენილი ოიდიპოსის დანაშაულია. მამის ცოლებისადმი, – საკუთარი დედებისადმი ლტოლვის გამო შვილებმა ჩაიდინეს მკვლელობა, რომელმაც სინანულისა და სიყვარულის დიდი რიტუალი შვა. ამ განსაკუთრებულმა მოვლენამ კაცთა მოდგმაში ემოციური გაორების ღრმა კვალი დატოვა. ცნობიერ დონეზე თემის წევრები ტოტემურ ცხოველს მკვდარ მამასთან აიგივებენ და აღმერთებენ; ისინი აღიარებენ, რომ მისი შვილები არიან, თაყვანს სცემენ მას ტოტემის ხორცის მიღებით და თოკავენ თავიანთ სექსუალურ სურვილებს. თუმცა უფრო ღრმა, არაცნობიერ დონეზე, საპირისპირო ემოციებს გამოხატავენ, რადგან რიტუალი თავისი არსით სწორედ ოდინდელი მკვლელობისა და კანიბალიზმის აქტის გამეორებაა, რომლის დროსაც ოიდიპოსისეულ ლტოლვათა დათრგუნვით გამოწვეული ფრუსტრაციისა და სიძულვილის გამოთავისუფლება ხდება.
ამავე ჭრილში ფროიდი ევქარისტიის ქრისტიანულ საიდუმლოს განიხილავს. უძველესი ტოტემისტური რიტუალის მსგავსად, ეს ჩადენილი დანაშაულის გახსენება და ამავე დროს მისი გამოსყიდვის მცდელობაა.  ზიარებისას მორწმუნეები ჯვარცმის მოსაგონრად მიიღებენ ქრისტეს (რომელიც უფროს ძმას, ჯანყის წინამძღოლს განასახიერებს), ღვთის ძის ხორცს. თავად ჯვარცმა, მოწამეობრივი სიკვდილი, სასჯელია წინაისტორიული ჯანყის „პირველქმნილი ცოდვისთვის“. ქრისტე თავისი ძმების წინაისტორიულ დანაშაულს გამოისყიდის, თუმცა ეს გამოსყიდვაც ამ დანაშაულის მოგონებაა. რამდენადაც ქრისტიანულ თეოლოგიაში მამა და ძე ერთნი არიან, ძის სიკვდილის საიდუმლო ამავე დროს სიმბოლურად მამის მკვლელობის საიდუმლოცაა. ამრიგად, ზიარება როგორც ოიდიპოსის სიძულვილის, ასევე სიყვარულის გახსენებაა.
რა თქმა უნდა, ფროიდი აღიარებს, რომ უძველეს კანიბალთა ტოტემისტურ რიტუალებსა და ქრისტიანულ ევქარისტიას შორის ხანგრძლივი ევოლუციური პროცესია. დროთა განმავლობაში ტოტემური მსხვერპლი შესაწირმა ძღვენმა ჩაანაცლა, თავად ტოტემი კი ჯერ ზოომორფულმა ღვთაებებმა, შემდეგ პოლითეიზმის ღმერთებმა, დაბოლოს ქრისტიანობის მამა ღმერთმა. თუმცა ეს მხოლოდ დეტალებია. ფრეიზერის მსგავსად, – თუმცა არა გონების, არამედ ემოციის თვალსაზრისით, – ფროიდის მთავარი ამოცანაა, აჩვენოს მტკიცე კავშირი დღევანდელ რელიგიასა და პირველყოფილ თემთა ბნელ რიტუალებს შორის. თუკი რელიგიის საწყისის პოვნა გვსურს, იგი სწორედ ამ პირქუშ მოვლენასა და სიღრმისეულ ფსიქოლოგიურ დაძაბულობაში უნდა ვეძიოთ; რწმენის საწყისი უნდა ვეძიოთ ოიდიპოსის კომპლექსში, მძლავრ ემოციურ გაორებაში, რომელმაც კაცობრიობა პირველ დიდ დანაშაულამდე მიიყვანა, შემდეგ კი მოკლული მამა ღმერთად აქცია, ხოლო სექსუალობის დათრგუნვა მისი მსახურების საშუალებად გამოაცხადა.  ფროიდის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ტოტემიზმი შვილობრივი დანაშაულის გრძნობის, მისი განელების მცდელობისა და დაგვიანებული მორჩილებით მამის მოლბობის სურვილის შედეგია. ყველა შემდგომი რელიგია სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის მცდელობაა“.[7]
ამრიგად, ფროიდის აზრით, წინაისტორიულ თემში მომხდარ მკვლელობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი განვითარების ისტორიისათვის. იმ მძლავრ ემოციებში, რომლებიც მან გამოიწვია, რელიგიის საწყისს ვხედავთ; ინცესტის აკრძალვაში კი, რასაც მომავალში თემი უნდა დაეცვა, – ზნეობისა და საზოგადოებრივი შეთანხმების საწყისს. ამრიგად, ტოტემი და ტაბუ ერთად იმის საფუძველს ქმნიან, რასაც შემდგომში ცივილიზაცია ეწოდა.
ერთი ილუზიის მომავალი (1927)
ფროიდის თანამოაზრეთა წრეში „ტოტემი და ტაბუ“ დადებითად მიიღეს, მაგრამ ყველა დანარჩენმა ეს ნაშრომი მწვავედ გააკრიტიკა. განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი იგი ქრისტიანი კრიტიკოსებისთვის აღმოჩნდა. ცხარე დებატებში ჩაბმას ფროიდმა ფსიქოანალიზის სხვა სფეროთა კვლევა ამჯობინა და რელიგიის თემას მხოლოდ თოთხმეტი წლის შემდეგ დაუბრუნდა. ფროიდი აღნიშნავდა, რომ „ერთი ილუზიის მომავალი“ (1927) მისი ოდინდელი კვლევის გაგრძელებაა და თუ „ტოტემი და ტაბუ“ წინაისტორიულ ხანას იკვლევს, ეს ნაშრომი რელიგიის აწმყოსა და მომავალს განიხილავს. მისი კვლევის საგანია არა წინაისტორიული ხანის დაფარული მოვლენა, არამედ ზოგადად რელიგიის „დაუფარავი მოტივები“; გარდა ამისა,  მეორე წიგნში მეტი ყურადღება იდეებსა და რწმენებს ეთმობა, – განსაკუთრებით კი ღმერთის რწმენას, – ვიდრე რიტუალებს.
ფროიდი რამდენიმე საყოველთაოდ აღიარებული ფაქტით იწყებს. ადამიანი გაჩნდა და განვითარდა ბუნების სამყაროში, რომელიც ჩვენს მიმართ ყოველთვის მეგობრული როდია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სახეობა შვა, ბუნება მუდამ გვემუქრება განადგურებით – მტაცებლების, სტიქიური უბედურებების, სნეულებების თუ ფიზიკური დაუძლურების საშუალებით. ამიტომ თავდაცვისთვის ოჯახებსა და თემებში გავერთიანდით და ამგვარად შევქმენით ის, რასაც ცივილიზაციას ვუწოდებთ. ეს უსაფრთხოებას გვაძლევს, თუმცა გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ. როგორც წიგნში „ტოტემი და ტაბუ“ აღწერილმა მოვლენებმა გვაჩვენა, საზოგადოება მხოლოდ მაშინ შეძლებს არსებობას, თუკი ჩვენს პირად სურვილებს მოვთოკავთ და მის წესებსა და შეზღუდვებს დავიცავთ. ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ მოვკლათ, როდესაც ბრაზი გვიპყრობს, ავიღოთ ის, რაც არ გვეკუთვნის ან დავიკმაყოფილოთ სექსუალური ვნებები ისე, როგორც გვსურს. უნდა მოვთოკოთ ჩვენი ინსტინქტები და ვეცადოთ, დანაკლისი სხვაგვარად ავინაზღაუროთ (რაც მაინც უკმარისობის გრძნობას გვიტოვებს): დავტკბეთ ხელოვნებით, უქმობით და ოჯახური, თემური და ეროვნული კავშირებით. თუმცა ამ დათმობა-ანაზღაურებითაც ცივილიზაციას არ შეუძლია ჩვენი სრული დაცვა. საბოლოო ჯამში, უსუსურები ვართ სნეულებისა და სიკვდილის წინაშე.  ბუნებისა და კულტურის ორთაბრძოლაში მუდამ იმარჯვებს ხრწნისა და სიკვდილის ბუნებითი კანონები.
ფროიდი აღნიშნავს, რომ ეს სავალალო ჭეშმარიტება ადვილი მისაღები როდია, რადგან ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია. ჩვენ გვსურს, ყველაფერი ისე იყოს, როგორც ბავშვობის მზიან დღეებში. მაშინ იყო მამა, რომელიც ქარიშხლის საფრთხისა და ღამის სიბნელისგან გვიცავდა. მაშინ დამაჯერებელი ხმა ამბობდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მოზრდილებიც ბავშვობის დროინდელ უსაფრთხოებას შევნატრით, მაგრამ სინამდვილეში მისი დაბრუნება არ შეგვიძლია. თუ შეგვიძლია? რელიგიის ხმა, – ამბობს ფროიდი, – გვარწმუნებს, რომ შეგვიძლია. რელიგია სწორედ ბავშვობის დროინდელ ნიმუშს იყენებს და გარე სამყაროს ღმერთს უმორჩილებს, რომელიც თავისი ძალით ბუნებრივ საფრთხეებს გააუვნებელყოფს, სიკვდილის პირას გვანუგეშებს და ცივილიზაციის მიერ თავსმოხვეული (imposed by civilization) მორალური აკრძალვების დაცვისთვის დაგვაჯილდოვებს. რელიგიური წარმოდგენის თანახმად, „ყოველ ჩვენგანს იცავს კეთილისმყოფელი განგება, რომელიც… არ დაუშვებს, რომ ბუნების ზემძლავრი და ულმობელი ძალების სათამაშოდ ვიქცეთ“.[8] ასეთი რწმენის შუქზე სიკვდილიც კი უძლურია, რადგან შეგვიძლია გვჯეროდეს: ერთ დღეს ჩვენი უკვდავი სულების სხეულისგან გათავისუფლდებიან და ღმერთთან განაგრძობენ სიცოცხლეს. ამრიგად, სურვილთა უარყოფით მხოლოდ საზოგადოებას კი არ ვეხმარებით, არამედ მარადიულ სამართალსა და სამართლიან ღმერთს ვემორჩილებით.
ფროიდი ამტკიცებს, რომ ამგვარ წარმოდგენებს ყველაზე უკეთ სიტყვა „ილუზია“ აღწერს. ამ ტერმინს იგი თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევს. მისთვის ილუზია არის წარმოდგენა, რომლის მთავარი მახასიათებელია ის, რომ ჩვენ ძალიან გვსურს ამ წარმოდგენის ნამდვილობა. ვთქვათ, მე მწამს, რომ დიდებისთვის ვარ გაჩენილი. იქნებ ოდესმე ასეც მოხდეს, მაგრამ ეს არ არის ჩემი რწმენის მიზეზი. მე მწამს იმიტომ, რომ ძალიან მსურს, ასე მოხდეს. ილუზია არ არის დელუზია, რადგან, მართალია, მისი სიმართლე ასევე მსურს, თუმცა ყველასთვის გასაგებია, რომ ის ვერასდროს იქნება სიმართლე. მე რომ დამეჩემებინა, – ერთ დღეს რვა ფუტი სიმაღლის გავხდები (243,84 სმ), – ეს დელუზია იქნებოდა. ფროიდი წინდახედულად იქცევა, როცა აღნიშნავს, რომ არ უწოდებს მამა ღმერთის რწმენას დელუზიას; იგი წერს: „ჩვენი კვლევის ამოცანა არ არის რელიგიურ დოქტრინათა ჭეშმარიტების შეფასება. ჩვენთვის ისიც კმარა, რომ თავისი ფსიქოლოგიური არსით ისინი ილუზიები აღმოჩნდნენ“.[9]
ამრიგად, რელიგიური მოძღვრებები არც ღმერთის მიერ გაცხადებული ჭეშმარიტებებია, არც მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ლოგიკური დასკვნები. პირიქით, ეს არის იდეები, რომელთა მთავარი თავისებურება ის არის, რომ ჩვენ ძალიან გვსურს მათი ჭეშმარიტება. ისინი „კაცობრიობის უძველესი, უძლიერესი და დაჟინებული სურვილების აღსრულებაა. მათი ძლიერების საიდუმლო ამ სურვილებშია“.[10]
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვიღაცისთვის განსხვავება ილუზიასა და დელუზიას შორის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ არა ფროიდისთვის. მისი აზრით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რა ტერმინს გამოვიყენებთ. თუნდაც რომ ამის ბოლომდე დამტკიცება შეუძლებელი იყოს (even if they cannot be absolutely proved to be such), საბოლოო ჯამში, რელიგიური წარმოდგენები მაინც დელუზიებია; ჩვენ ამ მოძღვრებათა მიღების უფლება არ გვაქვს, რადგან მათი დამტკიცება ვერ ხერხდება მეცნიერული მეთოდით, რომელიც ჭეშმარიტების დადგენის ერთადერთ გზას წარმოადგენს. საკუთარი გრძნობებისა და ინტუიციის ნდობა მორწმუნეებს ჩვევიათ, ჩვენ კი ვერ დავყრდნობით რელიგიას, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში მას გარკვეული სამსახური გაუწევია კაცობრიობისთვის. ფროიდი აღიარებს, რომ ზოგჯერ რელიგიურ წარმოდგენებს თავისი წვლილი შეჰქონდათ ცივილიზაციის განვითარებაში: ტოტემიზმმა ინცესტისა და კაცისკვლის აკრძალვა შემოიღო. ამ და სხვა დანაშაულებებს გვიანდელი რელიგიებიც გმობდნენ და მათ ჩამდენს ჯოჯოხეთის სასჯელით ემუქრებოდნენ. მაგრამ ცივილიზაცია უკვე განვითარდა და განმტკიცდა. მეტად აღარ გვსურს საზოგადოების აგება ცრურწმენებსა და დათრგუნვაზე, აღარ გვსურს, რომ ზრდასრულმა ადამიანებმა ბავშვებისთვის დადგენილი ქცევის წესები დაიცვან.
რელიგიური მოძღვრებებიც იგივე ჭრილში უნდა განვიხილოთ: ეს წარმოდგენები და წესები მხოლოდ კაცობრიობის უმწიფრობის ხანას შეეფერება. კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში, „მისი უმეცრებისა და გონებრივი უძლურების ხანას“, რელიგია გარდუვალი იყო, როგორც ნევროზული ეპიზოდი, რომლის გადალახვაც პიროვნებას ბავშვობაში უწევს. მაგრამ თუკი ბავშვობის დროინდელი ტრავმა და რეპრესია (დათრგუნვა) დაუძლეველი რჩება, ფსიქოანალიზი პიროვნულ აშლილობაზე საუბრობს. იგივე შეიძლება ითქვას განვითარებულ ცივილიზაციაზეც. რელიგიის არსებობა კაცობრიობის ისტორიის თანამედროვე ეპოქაში მხოლოდ სნეულების ნიშანია, მისი დავიწყების დასაწყისი კი გამოჯანმრთელების პირველი ნიშანია. ფროიდის სიტყვებით რომ ვთქვათ:
„…ამრიგად, რელიგია ყოვლად საკაცობრიო აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი იქნებოდა. მსგავსად ბავშვთა აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზისა, ის ოიდიპოსის კომპლექსიდან, მამისადმი ამბივალენტური დამოკიდებულებიდან განვითარდა. თუკი ეს თვალსაზრისი მართებულია, უნდა ვივარაუდოთ, რომ განვითარების პროცესში რელიგიისგან უკუქცევა გარდაუვალია და ჩვენ განვითარების ამ პროცესის შუა ფაზაში ვიმყოფებით“.[11]   
ფროიდი ტეილორს ეხმიანება და აღნიშნავს: “თუკი რელიგიური მოძღვრებებს განვიხილავთ… როგორც ნევროზის გადმონაშთებს, შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ დადგა დრო, როგორც ეს ნევროზით შეპყრობილთა ფსიქოანალიტიკური მკურნალობისას ხდება, რეპრესიის შედეგები გონებრივი ღვაწლის ნაყოფით ჩავანაცვლოთ“.[12] მოკლედ რომ ვთქვათ, კაცობრიობა მოწიფულ ასაკში შედის, ამიტომ რელიგია უნდა გაუქმდეს და იგი აზროვნების მოწიფულობისთვის შესაფერისმა ფორმებმა უნდა შეცვალოს. მოწიფული ადამიანის ცხოვრება კი გონებითა და მეცნიერებით იმართება და არა რწმენით ან ცრურწმენით.
„ერთი ილუზიის მომავლის“ საინტერესო თავისებურება დიალოგის ფორმატია. დროდადრო ფროიდი წყვეტს თავის მსჯელობას, რათა უპასუხოს თავის წარმოსახვით კრიტიკოსს, რომელიც რელიგიას ემხრობა. კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ შეცდომაა რელიგიის, როგორც ჩვენს ემოციურ მოთხოვნილებათა შედეგის განხილვა; იგი ჩვენი კულტურის საფუძველია და, რაც მეტად მნიშვნელოვანია, ზნეობის საყრდენია, ამრიგად მის გარეშე საზოგადოება ძალადობასა და ქაოსში ჩაეფლობა. ამ კრიტიკულ შენიშვნებს, რომლებიც ფროიდს საკუთარი მსჯელობის განმტკიცებისთვის სჭირდება, ოსტატურად და დამაჯერებლად პასუხობს. მაგალითად, წარმოსახვით კრიტიკოსს აინტერესებს, რატომ  არ განაგრძობს ფროიდი მსჯელობის განვითარებას ნაშრომში „ტოტემი და ტაბუ“ აღებული გეზით. ის წიგნიც რელიგიის წარმოშობას მიეძღვნა, თუმცა ტოტემიზმსა და მამისა და ძის ურთიერთობას განიხილავდა; ეს წიგნი კი უმთავრესად ადამიანის უსუსურობაზე საუბრობს. ხომ არ შეიცვალა მისი თეორია? ფროიდი განმარტავს, რომ იმ ნაშრომში განიხილავდა რელიგიის წარმოშობის მხოლოდ ერთ, სიღრმისეულ, დაფარულ ფაქტორს – პირველყოფილი თემის მმართველი მამისადმი სიყვარულისა და შიშის გაორებულ გრძნობას. ამ წიგნის განხილვის საგანი კი სხვა, უფრო ცხადი ფაქტორია – ბავშვური უსუსურობის გრძნობა, რომელსაც ზრდასრული ადამიანები ბუნების დამანგრეველ ძალთა წინაშე განიცდიან და მზრუნველი, დამცველი მამის მოთხოვნილება. თუმცა ფროიდი ყურადღების გარეშე ტოვებს იმ ფაქტს, რომ პირველ ნაშრომში ადამიანი ღმერთის მიმართ შერეულ ემოციებს განიცდის, მეორეში კი ღმერთი მოყვარული მამაა, რომელიც საპასუხოდ მხოლოდ სიყვარულის გრძნობას იღებს. თუმცა, მოტივებისდა მიუხედავად, ფროიდის დასკვნა უცვლელია: ღმერთი, რომელსაც ადამიანები ლოცვისას მოუხმობენ, არ არის რეალური არსება; იგი არის წარმოსახვა, ილუზია, დანაშაულის გრძნობისა თუ შიშის დაძლევის სიღრმისეული მოთხოვნილების ანარეკლი.
მოსე და მონოთეიზმი (1939)
„ერთი ილუზიის მომავალი“, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომია ფროიდის რელიგიური ნააზრევის შესწავლისთვის. თუმცა მისი ინტერესი რელიგიის მიმართ ამ წიგნით არ ამოწურულა. თავისი მოღვაწეობის დასასრულს სიმსივნით დატანჯული და ნაცისტური ვენიდან გახიზნული ფროიდი კიდევ ერთხელ დაუბრუნდა რელიგიის თემას. ამჯერად განხილვის საგანი იუდაიზმი – მისი საკუთარი რელიგიური ტრადიცია გახდა. 1934-1938 წლებში დაწერილ ესეთა ციკლი მიეძღვნა მოსეს ფიგურასა და მის გავლენას ებრაელი ხალხის ცხოვრებასა აზროვნებაზე. ეს ესეები ერთ კრებულად გამოიცა ფროიდის გარდაცვალების წელს სახელწოდებით „მოსე და მონოთეიზმი“.
როგორც წიგნში „ტოტემი და ტაბუ“, ასევე ამ მეტად უჩვეულო ნაშრომში ფროიდი რელიგიის ისტორიის, კერძოდ, ებრაელთა ისტორიის გარკვეულ მოვლენებს განიხილავს და მათ განმარტებას ფსიქოანალიზისგან ნასესხები ცნებებისა და შედარებების საშუალებით ცდილობს. ბიბლიიდან ვიცით, რომ მოსე ებრაელთა დიდი წინასწარმეტყველია, რომელიც ისრაელიანებს წარუძღვა აღთქმული ქვეყნისკენ, საღვთო რჯული მისცა მათ და ამრიგად შეცვალა მათი ცხოვრება. იქნებ ასეცაა, მაგრამ საიდან ვიცით, რომ მოსე მართლაც ებრაელი იყო? ფროიდის აზრით, ტექსტი გვაფიქრებინებს, რომ იგი სინამდვილეში ეგვიპტელი დიდგვაროვანი და ფარაონ ექნატონის კარის მოხელე იყო. ექნატონი ძველი ეგვიპტის მრავალი ღვთაების თაყვანისცემას მზის ღმერთის, ატონის კულტით ჩანაცვლებას ცდილობდა. სხვა კულტებისგან განსხვავებით, ატონის – სიყვარულისა და სიკეთის ღმერთის, მარადიული ზნეობრივი კანონის მცველის თაყვანისცემისას არც გამოსახულებები, არც რიტუალები არ გამოიყენებოდა. ექნატონის სიკვდილის შემდეგ ახალმა რელიგიამ ეგვიპტეში გავლენა დაკარგა, თუმცა კულტი არ გამქრალა. სწორედ ამ კულტის ადეპტი იყო მოსე, რომელმაც ახალი რწმენით გააერთიანა, შემდეგ კი ეგვიპტის ტყვეობიდან გამოიყვანა ებრაელი მონები.
როდესაც გათავისუფლების შემდგომი კეთილდღეობის განცდა უდაბნოს დანაკლისებით სავსე ცხოვრებით შეიცვალა, მოსეს რჩეული ერი აღუდგა თავის წინამძღოლს, უარყო მისი ღმერთი და მოკლა იგი. ისრაელიანები აღთქმული მიწის დასაპყრობად სისხლიან ომებში ჩაებნენ და მოსეს მონოთეისტური რელიგია ძლიერი ცეცხლოვანი იაჰვეს კულტმა შეცვალა. მოგვიანებით ებრაელთა წმინდა წერილის ავტორებმა ამ კულტის დაფუძნება მოსეს მიაწერეს, თუმცა ამ ხრიკით ვერ შეძლეს მათი პირველი და ჭეშმარიტი წინამძღოლის – მოსეს ადრეულ მონოთეიზმსა და ახალ რელიგიას შორის განსხვავების დამალვა. ებრაული მონარქიის ეპოქაში ძველი რწმენის სულიერება და ზნეობა რიტუალებმა, ცრურწმენებმა და სისხლიანმა მსხვერპლშეწირვებმა შეცვალა. ფროიდის აზრით, ახალმა რელიგიამ თითქმის სრულად განდევნა ძველი. შედეგად, პირვანდელი, ნამდვილი მოსესა და მისი მონოთეიზმის მხოლოდ ხსოვნა დარჩა.
თუმცა ამბავი ამით არ დასრულებულა. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, საუკუნეთა შემდეგ ისრაელის ხალხი დიდ მონოთეისტ წინასწარმეტყველთა წინაშე აღმოჩნდა. ამ ადამიანების მიზანი ძველი რწმენის აღდგენა და დაბრუნება იყო. ეს წინასწარმეტყველები – ამოსი, ესაია და სხვები, – გმობდნენ სისხლიან რელიგიას და მოითხოვდნენ ერთი, მოსეს მიერ გაცხადებული ღმერთის აღიარებას და მისი კანონის მოჩილებას. მათი ქადაგება გადამწყვეტი იყო არა მხოლოდ ებრაელი ერის ისტორიისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რადგან სწორედ ამ აღდგენილ მონოთეიზმზე აღმცენდა ქრისტიანობა და დიდ რელიგიად იქცა. ებრალთა წინასწარმეტყველების დროიდან მოსეს ძლევამოსილი და სამართლიანი ღმერთი ებრაელთა და ქრისტიანთა რწმენის უცვლელ ცენტრად იქცა.
ებრაელთა ისტორიის ამგვარი ავანტურისტული, ვარაუდებზე აგებული გადმოცემა ძნელად მისაღებია როგორც ისტორიკოსებისთვის, ისე ბიბლიის მკვლევართათვის. ძნელად თუ იპოვით ბიბლიაში მინიშნებას იმაზე, რომ მოსე ეგვიპტელი იყო, რომ იგი მოკლეს, რომ ამ სახელს ორი სხვადასხვა პერსონაჟი ატარებს (ორი მოსე), ან რომ ძველ ებრაელებს ოდესღაც ორი სხვადასხვა რელიგია ჰქონდათ. თუმცა ფროიდისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მისთვის უფრო საინტერესო ის არის, როგორ აღმოცენდა ოდესღაც ჭეშმარიტი მონოთეიზმი, შემდეგ გაქრა, შემდეგ კი ისევ აღდგა. როგორ მოხდა, რომ პირველი მოსეს რწმენა გაქრა მისი ხალხის ცხოვრებიდან, რათა საუკუნეთა შემდეგ ისევ დაბრუნებულიყო და მთელი ებრაელი ერის გულები და გონება დაეპყრო? შეიძლება თეოლოგებს გაუჭირდეთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ფსიქოანალიზს კი არა. ფროიდი გვთავაზობს, კიდევ ერთხელ გავავლოთ პარალელი ცალკეული პიროვნების ფსიქოლოგიურ განვითარებასა და თემის, ამჯერად ებრაელი ერის ისტორიულ განვითარებას შორის. იგი იმეორებს, რომ რელიგიას ყველაზე უკეთ ნევროზთან შედარება განმარტავს. ამ წანამძღვარიდან იგი შემდეგ არგუმენტზე გადადის.
ფსიქოანალიზის თეორიამ ცხადჰყო, რომ ნევროზი გარკვეული თანმიმდევრობით ვითარდება. იგი იწყება ტრავმატული მოვლენით (ხშირად ბავშვობაში), რომელიც დროთა განმავლობაში მეხსიერებიდან იდევნება. ამას მოსდევს „ლატენტური“ პერიოდი, როდესაც თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა. შემდეგ კი, ხშირად მოზარდობისას ან სიყმაწვილეში, მოულოდნელად თავს იჩენს ირაციონალური ქცევა, რომელიც არის ნევროზის ნიშანი. ეს „დათრგუნულის დაბრუნებაა“. ფროიდი ამ სტადიებს იუდაიზმის ისტორიას მიუსადაგებს, შემდეგ კი გვახსენებს წინა ნაშრომებში აღწერილ ემოციურ გაორებას, მამის მკვლელობას და რელიგიის, როგორც მამის დაბრუნების სურვილის განმარტებას. ფროიდი ასკვნის, რომ ეს ყველაფერი საოცარი სიზუსტით შეესატყვისება იუდაიზმის ისტორიას. მონოთეიზმი ეხმიანება ებრაელთა ბუნებრივ, ადამიანურ სურვილს, დაიბრუნონ ძლიერი მამა. მოსეს ძლიერი პიროვნება პირველყოფილი თემის ძლევამოსილი მამის ფიგურას გვაგონებს. ებრაელთა განდგომა და მოსეს სიკვდილი უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ როგორც ისტორიული ფაქტები, არამედ როგორც ძლიერი მამის პრეისტორიული მკვლელობის გამეორება, რაც არანაკლებს ტრავმატული იყო ებრაელებისთვის, ვიდრე პირველყოფილი თემისთვის. ისევე, როგორც პირველ შემთხვევაში, მკვლელობის შემდეგ ებრაული თემი დანაშაულის გრძნობის განელებას კოლექტიური რეპრესიის, მოგონების დათრგუნვით ცდილობდა, ამიტომ პირველი მოსე და მისი მონოთეიზმი მეორე მოსეს სისხლიანი იაჰვეს კულტით ჩაანაცვლა. პირველი მოსეს მონოთეიზმისთვის ეს ლატენტური პერიოდი იყო. იგი დიდი ხნით, თითქმის მივიწყებული, ებრაელთა კოლექტიური ცნობიერებაში ჩაძირულიყო. ნევროზის ფაზებს თუ გავიხსენებთ, დათრგუნული ხსოვნა ოდესმე უნდა გამოთავისუფლდეს. ასწლეულების შემდეგ ძველი მივიწყებული რწმენა წინასწარმეტყველთა ქადაგებაში გამოვლინდა. წმინდა მონოთეიზმი, შემოქმედისა და აღთქმის უფლის სიყვარულისა და ერთგულების რწმენა კვლავ ებრაელი ერის რელიგია გახდა. იმ დროიდან დღემდე ისინი თავს რჩეულ ერად აცხადებენ, რადგან ეს პატივი მათ აღთქმით ერგოთ.
ფროიდი აცხადებს, რომ საჭიროა ქრისტიანობის, როგორც იუდაიზმის მემკვიდრის როლის სათანადო გააზრება. მისი ისტორია ფსიქოანალიზის თვალსაზრისით უნდა განვიხილოთ. ნაშრომი „ტოტემი და ტაბუ“ აჩვენებს, რომ პირველყოფილი თემის აჯანყებას ემოციური გაორება მოჰყვა – სიყვარული და შიში. იუდაიზმი ახდენს მამის იდეალიზაციას, აქცევს მას სიყვარულის ღმერთად და თრგუნავს მისი მკვლელობით გამოწვეული დანაშაულის გრძნობას. სიყვარულისა და დანაშაულის იგივე გრძნობებს ქრისტიანობაში გამოსყიდვის სურვილი ემატება. ქრისტიანობის მთავარი მოაზროვნის, პავლე მოციქულის დროიდან, ქრისტიანული თეოლოგიის ცენტრი არა მამა ღმერთი, არამედ ღვთის ძე, იესო ქრისტე და მისი სიკვდილია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, – პირმშოს სახით მოვლენილი ღმერთი მოკვდა, რათა წინაისტორიული თემის პირმშოთა პირველქმნილი ცოდვა გამოესყიდა.
იუდაისტური და ქრისტიანული მონოთეიზმის ფროიდისეული ფსიქოანალიტიკური განმარტების გაზიარებას ცოტა თეოლოგი თუ ისტორიკოსი გაბედავდა. წინა ნაშრომებში გამოყენებული ანალოგიების საშუალებით ფროდი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ამ და სხვა რელიგიების მიმზიდველობა ღმერთისა თუ მხსნელის შესახებ მოძღვრების ჭეშმარიტებაში, სასწაულებში, რჩეულებაში ან საუკუნო სიცოცხლის იმედში როდია. ეს მოძღვრებები მხოლოდ ლიტონი სიტყვებია, რადგან მათი დამტკიცება შეუძლებელია. ფსიქოანალიზის იდეების მოშველიებით კი შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ რელიგიის ნამდვილი ძალა უნდა ვეძიოთ არა მოძღვრებებში, არამედ იმ სიღრმისეულ ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებში და არაცნობიერ ემოციებში, რომლებსაც ეს რელიგიები გამოხატავენ.

 

ანალიზი

1. ფსიქოლოგია და რელიგია
მეოცე საუკუნის რეალიებზე საუბრისას დიდმა ინგლისელმა პოეტმა უ. ჰ. ოდენმა ერთხელ თქვა: “ახლა ყველანი ფროიდიანელები ვართ“. ამ სიტყვებით მან ხაზი გაუსვა იმ უდიდეს გავლენას, რომელიც ფროიდის იდეებმა მოახდინა ახალი დროის აზროვნების ყველა სფეროზე, მათ შორის რელიგიაზეც. ადამიანის პიროვნებაში დაფარულ ძალთა ფროიდისეულმა ანალიზმა აიძულა ყველა, ვისაც რაიმე კავშირი ჰქონდა რელიგიასთან, – რელიგიის თეორეტიკოსები, ღვთისმეტყველები, სამღვდელოება, აღმზრდელები და პედაგოგები, – ჩაეხედათ აღიარებული მოძღვრებების საფარქვეშ და აღმოეჩინათ პიროვნების ღრმა, აქამდე შეუმჩნეველი ელემენტები, რომლებიც აყალიბებენ ადამიანის რწმენას და თავის მხრივ მის მიერ ყალიბდებიან. უნდა აღინიშნოს, რომ რელიგიური ქცევისადმი ფროიდის ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, ფსიქოანალიზის სხვა მესვეურები, მათ შორის თამანედროვე ფსიქოლოგიური სკოლები მისი იდეების საკუთარ, უფრო ლოიალურ შეხედულებებზე მორგებას ცდილობდნენ. მათ შორის ალბათ ყველაზე აღსანიშნავი ფიგურა შვეიცარიელი ფსიქოლოგი, კარლ იუნგია (1975-1961), ფროიდის ადრეულ თანამოაზრეთა წრის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი. იუნგის თანახმად, რელიგია იკვებება სახეთა და იდეათა საკაცობრიო საცავიდან, რომელიც გამოხატულებას  მითოლოგიაში, ფოლკლორში, ფილოსოფიაში და ლიტერატურაში პოულობს. ამ სხვა მონაპოვართა მსგავსად, რელიგია სათავეს „კოლექტიურ არაცნობიერში“ იღებს, ოღონდ არა როგორც ნევროზის ფორმა, არამედ როგორც ნამდვილი და სიღრმისეული ადამიანურობის ჯანსაღი გამოხატულება. სხვებმა, მაგალითად, თანამედროვე ეგო-ფსიქოლოგებმა და ობიექტურ დამოკიდებულებათა თეორიის მომხრეებმა, იგივე გეზი აიღეს, რელიგიისა და პიროვნების კვლევის სფერო გააფართოვეს და შექმნეს მრავალი თეორიული თუ პრაქტიკულ-თერაპიული ნაშრომი. მიუხედავად იმისა, ფსიქოანალიტიკოსები ფროიდის ნეგატიურ დამოკიდებულებას იზიარებენ თუ იუნგის პოზიტიურ შეხედულებებს, ორივე თვალსაზრისმა დიდი წვლილი შეიტანა რელიგიის თანამედროვე გააზრებაში.
2. რელიგიის ფროიდისეული განმარტება
ფროიდის რელიგიის თეორია მისი დროის მეცნიერულ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. მის შეხედულებებზე დიდი გავლენა ფოიერბახის ნააზრევმა მოახდინა. ამ მოაზროვნეს კიდევ ერთხელ შევხვდებით მოცემულ ნაშრომში, რადგან მან უდიდესი გავლენა იქონია კარლ მარქსის თეორიების ჩამოყალიბებაზეც. გერმანელმა ფისოლოფოსმა ლუდვიგ ფოიერბახმა თავდაპირველად სახელი ნაშრომით „ქრისტიანობის არსი“ (1841) გაითქვა. ამ კონტროვერსიულ კვლევაში იგი აცხადებს, რომ რელიგია ერთგვარი ფსიქოლოგიური საშუალებაა, რომლის საშუალებით ჩვენს საკუთარ იმედებს, ღირსებებს, იდეალებს წარმოსახვით მივაწერთ ზებუნებრივ არსებას, რომელსაც ღმერთს ვუწოდებთ და ამრიგად მხოლოდ თავს ვიკნინებთ. ფოიერბახს შეიძლება ვუწოდოთ ახალი დროის პირველი მოაზროვნე, რომელმაც რელიგიის „პროექციონისტული“ განმარტება შემოგვთავაზა. ფოიერბახს რელიგიურ იდეათა ჭეშმარიტება ან რაციონალურობა კი არ აინტერესებს, არამედ ის ფსიქოლოგიური მექანიზმები, რომლების რელიგიას შობს, – მიუხედავად იმისა, მცდარია იგი თუ ჭეშმარიტი, ირაციონალურია იგი თუ რაციონალური. ხანმოკლე პოპულარობის შემდეგ ფოიერბახის თეორია დავიწყებას მიეცა. როგორც შემდგომში ვიხილავთ, მისი განვითარება კარლ მარქსმა სცადა, თუმცა არც ამ უკანასკნელის ნააზრევს გამოუწვევია დიდი ყურადღება მისი სიცოცხლის პერიოდში. ფროიდის დროს საფუძველი შეიქმნა ფუნქციონალური პროექციონისტული თეორიისთვის, რაც მეტწილად ტეილორისა და ფრეიზერის ნააზრევის დამსახურება იყო. ორივე მეცნიერის დასკვნით რელიგია ინტელექტის სფეროს მიეკუთვნება; ეს არის ერთ დროს მიღებული, ახლა კი მცდარად და აბსურდულად გამოცხადებულ იდეათა სისტემა.  ჩვენი ამოცანაა, განვმარტოთ, რატომ ეჭიდება კაცობრიობა ამ ცრურწმენებსა და ცდომილებებს, როგორ გაუძლეს მათ ისტორიის ქარტეხილებს და როგორ შემოაღწიეს ჩვენს მეცნიერულ აწმყოში. თუკი რწმენა ასე აბსურდულია, რატომ აღიარებს მას მილიარდობით ადამიანი? ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ფროიდმა, რომელიც კარგად იცნობდა ინგლისელი ანთროპოლოგების ნაშრომებს, ბრწყინვალედ შეძლო ამ ამოცანის ამოხსნა. თუკი გვსურს გავიგოთ, რატომ აგრძელებს არსებობას რელიგია, რომლის ირაციონალურობა დამტკიცებულია მეცნერებისა და ფილოსოფიის მიერ, ფსიქოანალიზი უნდა მოვიშველიოთ. ფსიქოანალიზი ამტკიცებს, რომ რელიგიის ნამდვილი და ერთადერთი საწყისი არა გონება, არამედ არაცნობიერია. რელიგია ბავშვობის დროინდელი  ემოციებისა და კონფლიქტების შედეგია, იგი პიროვნების რაციონალური ზედაპირის ქვეშ იმალება. ყველაზე უკეთ ეს აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზში ვლინდება. ამრიგად, რაციონალური დასაბუთება ვერ აიძულებს მორწმუნეს, უარი თქვას რწმენაზე, ისევე, როგორც ნევროზით შეპყრობილი არ შეწყვეტს ხელების გაუთავებელ დაბანას, რამდენიც არ უნდა ვარწმუნოთ მათ სისუფთავეში, რადგან ამ ქცევის მიზეზი რაციონალურობის საფარქვეშაა დამალული.
ფროიდი საკმაოდ შემართებით ცდილობდა რელიგიის შესახებ საკუთარი სწავლების გავრცელებას. იგი სასხვათაშორისოდ როდი ამბობს, რომ რელიგიას გარკვეული ფსიქოლოგიური ფუნქცია აკისრია, არამედ აცხადებს, რომ მას სიღრმისეული ემოციური კონფლიქტი და აშლილობა შობს; სწორედ ეს არის ნამდვილი მიზეზი, რადგან ფსიქოანალიზმა ამ პრობლემის მეცნიერული თვალსაზრისით გადაჭრა შეძლო, რელიგიის ილუზია საკაცობრიო სცენიდან თავისთავად უნდა გაქრეს. განმარტების ფროიდუსეულ სტრატეგიას დიდი გავლენა ჰქონდა მეოცე საუკუნეში. თანამედროვე თეორეტიკოსები ამ მიდგომას ფუნქციონალურ რედუქციონიზმს უწოდებენ.  ფროიდი აცხადებს, რომ მხოლოდ რელიგიის ნამდვილი განმარტება კი არ იპოვა, არამედ მისი გაუვნებელყოფაც შეძლო. მისი აზრით, რელიგია სხვა არაფერია, თუ არა ფსიქოლოგიური აშლილობის გვერდითი მოვლენა, არაცნობიერის მიერ წარმოებული ილუზორული სურვილები, რომლებმაც იდეათა და რწმენათა ნაკრების სახით გამოჟონა.
უნდა აღინიშნოს, რომ ფროიდის მსჯელობა ყოველთვის არ არის თანამიმდევრული და ზოგჯერ მისი მსჯელობა მისივე ფსიქოლოგიურ რედუქციონიზმს ღალატობს. მაგრამ მთლიანობაში იგი ამტკიცებს, რომ რელიგია არასდროს არ არის თვითკმარი. იგი ვერ იქნება ადამიანის ქცევისა და აზრის მამოძრავებელი, რადგან თავისი არსით ყოველთვის პასიურია და მხოლოდ აირეკლავს სხვა, უფრო მძლავრ და ბაზისეულ რეალიებს, რომელთაც თავადვე ეფუძნება. ფროიდი მარტო არაა ამ აგრესიული ფუნქციონალისტური სტრატეგიის განვითარებაში. როგორც მომდევნო თავებში ვიხილავთ, იგივე მიდგომა ჰქონდა სხვა ორ თეორეტიკოსსაც, რომელთა აზრები მნიშვნელოვანი შენაძენი იყო მეოცე საუკუნის აზრის ისტორიისთვის. ამგვარი მიდგომის თავისებური ვერსიები გვაქვს როგორც ემილ დურკჰაიმის (ფროიდის ფრანგი თანამედროვე) სოციოლოგიაში, ისე კარლ მარქსის ეკონომიკურ მატერიალიზმში.

 

კრიტიკა

განმარტებას საჭიროებს არა მხოლოდ რელიგიის ფროიდისეული თეორია, არამედ ზოგადად ფსიქოანალიზი, რომელიც მის საფუძველს წარმოადგენს. დარჩენილ სივრცეს ფროიდის თეორიასთან დაკავშირებულ რამდენიმე მთავარ საკითხსა და საკუთრივ ფსიქოანალიზის კრიტიკასაც დავუთმობ.
1. მონოთეისტური და არამონოთეისტური რელიგიების პრობლემა
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ფროიდის რელიგიის თეორია არა ზოგადად რელიგიას, არამედ მონოთეისტურ რელიგიებს, მეტწილად კი იუდეო-ქრისტიანობას განიხილავს. ჩვენს მიერ განხილულ სამივე ნაშრომში უმთავრესი ოიდიპოსის კომპლექსისა და მამის ხატის იდეებია. ამრიგად, არამონოთეისტურ რელიგიებზე საუბრისას ამ წიგნებში მოყვანილი არგუმენტების გამოყენება ერთობ რთულია.  მიუხედავად იმისა, რომ ფროიდი რამდენჯერმე იხსენიებს პოლითეიზმს, ქალღმერთებისა თუ სტიქიურ ძალთა რწმენას, ამგვარი რელიგიები მის ინტერესებს მიღმა რჩება. ამიტომ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, როგორ განმარტავდა მათ ფროიდი. მისი თეორია მხოლოდ იმ რელიგიებს განიხილავს, რომლებიც ერთ და მხოლოდ ერთ ყოვლისმპყრობელ მამა ღმერთს აღიარებენ. სხვა დანარჩენები კი მის თეორიას უბრალოდ ვერ ერგება.
2. ანალოგიისა და ისტორიის პრობლემა
მონოთეიზმის პრობლემის გარდა, რელიგიის ფროიდისეული თეორია სხვა სირთულეებსაც შეიცავს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ანალოგიური მსჯელობის პრობლემა. მაგალითად, ნაშრომებში „ტოტემი და ტაბუ“ და „მოსე და მონოთეიზმი“ ძირითადი არგუმენტი  უკავშირდება პიროვნების ფსიქოლოგიურ განვითარების შედარებას დიდი სოციალური ჯგუფის განვითარებასთან. პირველ შემთხვევაში განვითარების პროცესი რამენიმე ათწლეულს მოიცავს, მეორე შემთხვევაში კი – თემის, ერის ან თუნდაც ცივილიზაციის ისტორიის რამდენიმე საუკუნეს. მაგრამ რა ლოგიკური საფუძველზე ვასკვნით, რომ მართლაც არსებობს ანალოგია, ან თუნდაც კავშირი ორ ასე განსხვავებულ საგანს შორის? შეიძლება ნევროზით შეპყრობილი მართლაც გაივლის ბავშვობის დროინდელი ტრავმის, მოგონების დათრგუნვის, ლატენციის, ნევროზის გამოვლინებისა და დათრგუნულის დაბრუნების სტადიებს. მაგრამ, უბრალო დამთხვევებსა და ფროიდის მახვილგონივრულობას თუ არ ჩავთვლით, რა საფუძველზე ვაკეთებთ დასკვნას, რომ ებრაელი ერის ისტორია ერთი პიროვნების ნევროზული აშლილობის მიხედვით ვითარდება?
ასევე გაუგებარია, რის საფუძველზე ვასკვნით, რომ ქრისტიანული ევქარისტია პრეისტორიულ თემში ათასწლეულების წინ მომხდარი ოიდიპალური მკვლელობის კოლექტიური ხსოვნის შედეგად წარმოიშვა? შეიძლება გავიგოთ, რომ ბავშვობის დროინდელი ტრავმა მთელი ცხოვრების მანძილზე ახდენს გავლენას ადამიანზე.  მაგრამ როგორ უნდა „ახსოვდეს“ არაცნობიერად მთელ კაცთა მოდგმას წინაისტორიული მკვლელობა? ფროიდი დარწმუნებულია კოლექტიური მეხსიერების არსებობაში. იგი ფრანგი მეცნიერის, ლამარკის ევოლუციურ თეორიას ეყრდნობა, რომლის თანახმად, ინდივიდის ცხოვრებისეული გამოცდილება შეიძლება ბიოლოგიურად გადაეცეს მის შთამომავლებს. საუბედუროდ, დარვინის სიკვდილის შემდგომ ათწლეულებში ევოლუციის ეს ვერსია ეჭვქვეშ დააყენეს მათ, ვისთვისაც ევოლუციური პროცესის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ბუნებრივი გადარჩევა იყო. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ფროიდი, რომელიც თავს მეცნიერების ერთგულად აცხადებდა, რელიგიის კვლევისას ევოლუციონიზმის იმ ფორმას დაეყრდნო, რომლის უარყოფისთვისაც მისი დროის გამოჩენილმა მეცნიერებმა საკმაო მიზეზი იპოვეს.
ფროიდის თეორიის კიდევ ერთი სუსტი წერტილი ისტორიული პრობლემაა. ნაშრომში „მოსე და მონოთეიზმი“ ფროიდი ებრაელთა ისტორიის ძალზე თავისუფალ რეკონსტრუქციას გვთავაზობს, რომლის დამტკიცება ვერც ბიბლეისტიკის და ვერც არქეოლოგიის საშუალებით ხერხდება. ასევე სკეპტიკურად შეხვდნენ ანთროპოლოგები პირველყოფილ თემში მამის კვლელობის ვერსიასაც. ცხადი ისაა, რომ ამ მოვლენათა უდიდესი ნაწილი პრეისტორიული ნისლითაა დაფარული და მათი რეკონსტრუქცია მხოლოდ წმინდა ვარაუდია. ეს არ არის გაურკვევლობის საკითხი, როდესაც ერთი მტკიცებულება ადასტურებს რაიმე შეხედულებას, მეორე კი – არა. ეს ინფორმაციის უქონლობის საკითხია. ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს საკმაო მტკიცებულება იმისთვის, რომ ფროიდის თეორიას მივემხროთ.
3. ცირკულარობის (მანკიერი წრის) პრობლემა
თავის პირველ ესეში და ასევე „ერთი ილუზიის მომავალში“ ფროიდი ამტკიცებს, რომ რელიგია ძალზე ჰგავს ნევროზს. როგორც ნევროზიან, ასევე რელიგიურ ადამიანებს ირაციონალური რწმენა და ქმედებები ახასიათებთ. ფსიქოანალიზის მიერ აღწერილი აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი პიროვნებას იპყრობს, აკვიატებულ მდგომარეობათა რელიგიური, სრულიად საკაცობრიო ნევროზი კი – მთელ კულტურებს. ახლა კი ვნახოთ, როგორ იყენებს ფროიდი ანალოგიას, რადგან ქცევის განმარტებისთვის კონტექსტს ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ფროიდისადმი დადებითად განწყობილი ადამიანებიც კი აღნიშნავენ, რომ მონაზონი, რომელიც ლოცვისას საათობით ატრიალებს კრიალოსნის მარცვლებს და ნევროზით შეპყრობილი, რომელიც საათობით ითვლის პერანგის ღილებს, ერთი შეხედვით, თითქოს ერთნაირად იქცევიან, მაგრამ სულიერი აშლილობა მხოლოდ ერთ მათგანს აქვს. მონაზვნების ლოცვა ნორმალური მოვლენაა და არა ნერვული აშლილობა. ფროიდი კი ამ ქცევის არაცნობიერი მოტივის პოვნას ცდილობს, რადგან რატომღაც თავიდანვე ასკვნის, რომ ლოცვა ანომალიური ქცევაა. ამიტომ, ფროიდს ისღა დარჩენია, ამგვარი ქცევა არაცნობიერში დაფარული ირაციონალური მოტივებით განმარტოს. პირდაპირ რომ ვთქვათ, ფროიდის ზოგიერთი არგუმენტი ერთმნიშვნელოვნად ცირკულარულია.
დაზუსტებას მოითხოვს თავად პროექციის იდეაც. ის ფაქტი, რომ ადამიანი თავისი გრძნობების და აზრების პროეცირებას ახდენს გარე სამყაროზე, მაინცდამაინც ნევროზული სურვილების ასრულებას არ ნიშნავს. მაგალითად, მეცნიერებისა და მათემატიკის სიმბოლოები რიცხვთა და იდეათა სისტემას ეკუთვნის, რომელთა პროეცირებას გარე სამყაროზე ვახდენთ არა ნევროზის გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს სამყაროს შემეცნებაში გვეხმარება. მაგრამ თუკი ეს ჭეშმარიტია მათემატიკური და ბუნებითი მეცნიერებების ცნებებისთვის, შეიძლება ვაღიაროთ ისიც, რომ ჭეშმარიტი შეიძლება იყოს რელიგიური პროექციაც და იგი არა ნევროზის, არამედგ გარე სამყაროს ინდივიდუალური აღქმის შედეგია.
4. ფსიქოანალიზი, როგორც მეცნიერება
ჩვენს მოკლე ანალიზს ფსიქოანალიზის, როგორც მეცნერების განხილვით დავასრულებთ. ფროიდი კარგად იყო გარკვეული საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. თავისი მოღვაწეობა მან ტვინის ფიზიოლოგიის კვლევით დაიწყო. ფსიქოანალიზის სფეროში გადასვლისას ის აცხადებდა, რომ მისი მეთოდები მკაცრად მეცნიერულია. ფსიქონალიზი პაციენტებთან მუშაობის, ზედმიწევნით შემუშავებული და გადამოწმებულ ჰიპოთეზების, ზოგადი თეორიების ძიებისა და აკადემიური დებატების საფუძველზე უნდა განვითარებულიყო. „ერთი ილუზიის მომავალში“ ფროიდი სიამაყის გრძნობით ადარებს ფსიქოანალიზის მსგავსი მეცნიერული მეთოდების ნელი და უწყვეტი განვითარების პროცესს რელიგიური დოგმატიზმის გაყინულობასა და ჩამორჩენილობას. დღეს ფსიქოანალიზი აღიარებულია, როგორც რაციოზე დაფუძნებული მეცნიერება.
თუმცა ეს ფართოდ მიღებული თვალსაზრისი ბოლო ათწლეულების განმავლობაში მკაცრი მეცნიერული კრიტიკის საგნად იქცა. გასულ ოც წელიწადში ფსიქოანალიზის სრული მემკვიდრეობის გადაფასება მოხდა (დაწყებული ფროიდიდან და მის შემდგომ). კრიტიკოსთა საერთო ვერდიქტი, რომელიც საკმაოდ მკაცრია, შეიძლება ორიოდე წინადადებით შეჯამდეს: როგორი გამორჩეული ტალანტიც არ უნდა ჰქონოდა ფროიდს, ის არ იყო მეცნიერი და არც ფსიქოანალიზია მეცნიერება. ფსიქოანალიზის მოძღვრებას ყველაზე მძიმეწონიანი ბრალდებები ამერიკელმა მკვლევარმა, მეცნიერების ფილოსოფოსმა, ადოლფ გრუნბაუმმა (Adolf Grünbaum) წაუყენა. იგი ამტკიცებს, რომ ფსიქოანალიტიკოსები დასკვნების სახით წარმოგვიდგენენ იმ მოსაზრებებს, რომელთა შემოწმებასა და დამტკიცებას ჯერ კიდევ ცდილობენ პაციენტებთან მუშაობისას; რომ მტკიცებულებათა მოპოვების მათეული მეთოდები არამეცნიერულია, სათანადოდ დასაბუთებული მტკიცებულებები კი ფროიდისეულ ტრადიციას ეწინააღმდეგება.  გრუნბაუმი არ ამტკიცებს, რომ ფსიქოანალიზი იმთავითვე არამეცნიერული დარგია, არამედ აღნიშნავს, რომ თავის დებულებათა გასამყარებლად ამ დისციპლინამ მეცნიერული მეთოდები უნდა შეიმუშაოს.[13] სხვა კრიტიკოსთა აზრით, ფსიქოანალიზის მეცნიერულ ბირთვს, – პიროვნებისა და ნევროზის ფროიდისეულ თეორიებს, – ბუნდოვანი შედარებები და ჩიხური დასკვნები შეადგენს, რომელთა უმრავლესობის არც დამტკიცება შეიძლება, არც უარყოფა, რადგან ვერ ხერხდება მეცნიერული მეთოდებით მათი გადამოწმება.[14] კრიტიკოსთა კიდევ ერთი ჯგუფი ასევე თავად ფროიდის შესახებ აღნიშნავს, რომ იგი სულაც არ იყო ისეთი პიროვნება, როგორადაც მისი მიმდევრები წარმოგვიდგენდნენ: ფსიქოანალიზის პიონერი და ჭეშმარიტების დამცველი ბნელ ვიქტორიანულ ეპოქაში. ისინი აღნიშნავენ, რომ ფროიდს მართლაც ჰქონდა წარმოსახვისა და დარწმუნების ნიჭი, მაგრამ ხშირად თავისი ინტერესების სასარგებლოდ ამახინჯებდა ფაქტებს, უგულვებელყოფდა კრიტიკას და მიზნის მისაღწევად არც ადამიანებით მანიპულირებას ერიდებოდა.[15]
უნდა ითქვას, რომ ამგვარი მწვავე კრიტიკის ფონზე ფსიქოანალიზის მეცნიერული მომავალი არც თუ ისე სანუგეშოდ გამოიყურება. რელიგიის ფროიდისეული თეორია ვეღარ იქნება წარმატებული (თუმცა გამოსავალი ყოველთვის არსებობს), თუ არ შეიცვლება თავად მისი სტრუქტურა და არ განმტკიცდება მისი საფუძველი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქოანალიზი მხოლოდ ნაწილია თანამედროვე ფსიქოლოგიისა. ცხადია, რომ ფსიქოლოგია კვლავაც განაგრძობს რელიგიის განმარტების გზების ძიებას.

 

შენიშვნები:
[1]The Future of an Illusion, inThe Standard Edition of the Complete Psycho­logical Works of Sigmund Freud, ed. James Strachey with Anna Freud (London: Hogarth Press, 1961), 21: 43.
[2] ფროიდის ქრესტომათიული ბიოგრაფიის ავტორია ბრიტანელი ნევროლოგი ერნესტ ჯონსი, რომელიც ფროიდის პირველ მიმდევართა წრეს ეკუთვნოდა (Ernest Jones, The Life and Work of Sigmund Freud, 3 vols. (New York: Basic Books, 1953–1957). ბოლოდროინდელი ავტორიტეტული ბიოგრაფია: PeterGay, Freud: A Life for our Times (New York: W. W. Norton, 1988). არსებობს მრავალი სხვა ვრცელი თუ მოკლე ბიგრაფია.
[3] ფროიდის ებრაული წარმოშობისა და მისი რელიგიური შეხედულებების შესახებ დაწერილ მნიშვნელოვან ნაშრომთა შორის, იხ.: Howard Littleton Philp, Freud and Religious Belief (New York: Pitman, 1956); G. Zillboorg, Freud and Religion: A Restatement of an Old Controversy (Westminster, MD: Newman Press, 1958); Earl A. Grollman, Judaism in Sigmund Freud’s World (New York: Appleton-Century, 1965); Hans Küng, Freud and the Problem of God (New Haven, CT: Yale University Press, 1979); Edwin R. Wallace IV, “Freud and Religion,” in Werner Muensterberger et al., eds., The Psychoanalytic Study of Society, vol. 10 (Hillsdale, NJ: The Analytic Press, 1984), pp. 113–61; და Peter Gay, A Godless Jew: Freud, Atheism, and the Making of Psychoanalysis (New Haven, CT: Yale University Press, 1987). უოლასისა და გეის ნაშრომები ასევე გვთავაზობს საფუძვლიან და უახლეს ბიბლიოგრაფიებს.
[4] Jones, Life and Work of Freud, 3: 351.
[5] Freud, “Obsessive Actions and Religious Practices” (1907), in Standard Edition, 9: 126; this famous phrase, which heads this chapter, appears again in The Future of an Illusion.
[6] Totem and Taboo, in Standard Edition, 13: 132–42.
[7] Totem and Taboo, in Standard Edition, 13: 145.
[8] Freud, The Future of an Illusion, in Standard Edition, 21: 19.
[9] The Future of an Illusion, in Standard Edition, 21: 33.
[10] The Future of an Illusion, in Standard Edition, 21: 30.
[11] The Future of an Illusion, in Standard Edition, 21: 43.
[12] The Future of an Illusion, in Standard Edition, 21: 44.
[13] იხ. მისი მნიშვნელოვანი შრომა: The Foundations of Psychoanalysis (Berkeley, CA: University of California Press, 1984).
[14] იხ. განსაკუთრებით, Malcolm Macmillan, Freud Evaluated: The Completed Arc (New York: North Holland, 1991).
[15] ფროიდის ლიტერატურული ნიჭების შესახებ, კერძოდ, არამხატვრული ტექსტების სფეროში, იხ.: Patrick J. Mahony, Freud as a Writer (New Haven, CT: Yale University Press, 1987). ფროიდის მეცნიერული კრიტიკა და მისი მოძღვრების ავ-კარგი ინტენსიურადაა ნაჩვენები ნაშრომში: Frank Sulloway, Freud, Biologist of the Mind: Beyond the Psychoanalytic Legend (New York: Basic Books, 1979); იხ. ასევე: Jeffrey Moussaieff Masson, The Assault upon Truth: Freud’s Suppression of the Seduction Theory (New York: Farrar, Straus, and Giroux, 1984) და Frederick C. Crews, Skeptical Engagements (New York: Oxford University Press, 1986). ამ კრიტიკათა შეჯამებისა და შემდგომ მათ გამო წარმოქმნილი დებატებისთვის იხ.: Paul Robinson, Freud and His Critics (Berkeley, CA: University of California Press, 1993), და Frederick C. Crews, “The Unknown Freud,” New York Review of Books 40, no. 19 (November 18, 1993): 55–66.

 

რეკომენდირებული დამატებითი საკითხავი
Bernstein, Richard J. Freud and the Legacy of Moses. Cambridge: Cambridge Uni­ versity Press, 1998. ნაშრომის „მოსე და მონოთეიზმი“ ახლებური შეფასება. ავტორის აზრით, ეს ფროიდის უმნიშვნელოვანესი თხზულებაა, რადგან რელიგიის ახალ კონცეფციას გვთავაზობს.
Crews, Frederick C. “The Unknown Freud.” New York Review of Books 40, no. 19 (November 18, 1993): 55–66. ფროიდის ყოფილი მიმდევრის, შემდგომში კი ფსიქოანალიზის, მისი ისტორიისა და მეთოდების მკაცრი კრიტიკოსის ნაშრომი.
Freud, Sigmund. The Standard Edition of the Complete Psychological Works of Sigmund Freud. Translated under the editorship of James Strachey, in collab­oration with Anna Freud. London: Hogarth Press, 1953. ფროიდის თხზულებათა სრული კრებული ინგლისურ ენაზე. ხელმისაწვდომია სხვადასხვა გამომცემლობების მიერ გამოქვეყნებულ ცალკეულ ნაშრომთა თარგმანებიც.
Gay, Peter. Freud: A Life for Our Times. New York: W. W. Norton, 1988. გამოჩენილი ისტორიკოსის მიერ შედგენილი ბოლო დროის ყველაზე ავტორიტეტული ბიოგრაფია.
Gay, Peter. A Godless Jew: Freud, Atheism, and the Making of Psychoanalysis. New Haven: Yale University Press, 1987. რელიგიის ფროიდისეული თეორიის მოკლე მიმოხილვა.
Grünbaum, Adolf. The Foundations of Psychoanalysis. Berkeley: University of California Press, 1984.
Grünbaum, Adolf. Validation in the Clinical Theory of Psychoanalysis: A Study in the Philosophy of Psychoanalysis. Madison, Connecticut: International Universities Press, 1993. ფსიქოანალიზის, როგორც მეცნიერების წამყვანი კრიტიკოსის ორი მნიშვნელოვანი კვლევა.
Herzog, Patricia. Conscious and Unconscious: Freud’s Dynamic Distinction Reconsidered. Madison, Connecticut: International Universities Press, 1991. ინფორმაციული ნაშრომი ფროიდის თეორიის ძირითად ცნებათა შესახებ.
Jones, Ernest. The Life and Work of Sigmund Freud. 3 vols. New York: Basic Books, 1953–1957. დღეისთვის ყველაზე ამომწურავი ინგლისურენოვანი ბიოგრაფია. დაწერილია ფროიდის უახლოეს თანამოაზრეთა წრის წევრის მიერ.
Kerr, John. A Most Dangerous Method: The Story of Jung, Freud, and Sabina Spielrein. New York: Alfred A. Knopf, 1993. ნაშრომში ზნეობრივი და მეცნიერული თვალსაზრისით განხილულია ფროიდის, იუნგისა და მათი თანამოაზრეების მოღვაწეობა.
Küng, Hans. Freud and the Problem of God. New Haven: Yale University Press, 1979. გამოჩენილი კათოლიკე ღვთისმეტყველის ფროიდის თეოლოგიურ თვალსაზრისთა სიღრმისეული ანალიზი.
MacIntyre, Alasdair C. The Unconscious: A Conceptual Analysis. London: Routledge & Kegan Paul, 1958. ფსიქოანალიზის წარმოშობის ამჟამად უკვე მოძველებული, თუმცა მოკლე და ინფორმაციული კვლევა.
Masson, Jeffrey Moussaieff. The Assault upon Truth: Freud’s Suppression of the Seduction Theory. New York: Farrar, Straus, and Giroux, 1984. ფროიდის მეთოდების სადაო კრიტიკა ერთ-ერთი პაციენტის წარუმატებელი მკურნალობის მაგალითზე.
Neu, Jerome, ed. The Cambridge Companion to Freud. New York: Cambridge University Press, 1991. სხვადასხვა ავტორთა ინფორმაციულ ესეთა კრებული ფროიდის ცხოვრებისა და ნააზრევის შესახებ.
Palmer, Michael. Freud and Jung on Religion. London: Routledge, 1997. ფსიქოანალიზის ორი დამაარსებლის ფინდამენტურად განსხვავებულ რელიგიურ თვალსაზრისთა კვლევა.
Rieff, Philip. Freud: The Mind of the Moralist. 3rd ed. Chicago: University of Chicago Press, 1979. ფროიდის იდეათა ცნობილი და სათანადოდ შეფასებული კვლევა ბიოგრაფიულ და კულტურულ კონტექსტში.
Rizzuto, Ana-Maria. Why Did Freud Reject God? A Psychodynamic Interpretation. New Haven: Yale University Press, 1998. ავტორი ამტკიცებს, რომ ფროიდის ბავშვობისა და ოჯახურ გარემოებათა გამო ღმერთის რწმენა მისთვის შეუძლებელი გახდა.
Roazen, Paul. Encountering Freud: The Politics and Histories of Psychoanalysis. New Brunswick, New Jersey: Transaction Publishers, 1990. ფროიდის მიზნებისა და კვლევის სფეროს წინააღმდეგობრივი საკითხების განხილვა.
Roazen, Paul. Freud and His Followers. New York: Alfred A. Knopf, 1975. ინფორმაციული ნაშრომი „პირველი ფროიდიანელებისა“ და მათი ამოცანების შესახებ.
Robinson, Paul. Freud and His Critics. Berkeley: University of California Press, 1993. ფროიდისა და ფსიქოანალიზის, როგორც მეცნიერების ვალიდურობის გარშემო გაჩაღებული დავების ერთგვარი შეჯამება.
Sulloway, Frank. Freud, Biologist of the Mind: Beyond the Psychoanalytic Legend. New York: Basic Books, 1979. მრავალმხრივი კვლევა, რომლის ავტორიც ამ წიგნის დაწერიდან სულ უფრო კრიტიკული ხდებოდა ფროიდის ნააზრევის მიმართ.
მცირე შემოკლებით ინგლისურიდან თარგმნა რუსუდან ავალიშვილმა
რედაქტორი: დავით თინიკაშვილი
Daniel Pals. Eight Theories of Religion. 2nd Edition. Oxford University Press 2006, Chapter II, p. 53-83.
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s