გიორგი მთაწმინდელი და ფილიოკვე

ექვთიმე კოჭლამაზაშვილი, ანა ღამბაშიძე

ათანასე ალექსანდრიელის “სიმბოლოს” ძველი ქართული თარგმანი

 
“სიმბოლო”, ანუ მოკლე გადმოცემა მართალი სარწმუნოების დოგმატის უმთავრესი დებულებებისა, უძველესი დროიდან გამოიყენებოდა საეკლესიო პრაქტიკაში, როგორც ნათლისღების წინ საჯაროდ წარმოსათქმელი აღსარება სარწმუნოებისა, გამოთქმა ქრისტიანული მრწამსისა.
ნიკეა-კონსტანტინოპოლის კრებებამდე სარწმუნოების სიმბოლოს სხვადასხვაგვარი ფორმულირება იყო გავრცელებული მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ცნობილია “იერუსალიმური სიმბოლო”, “კესარიულ-პალესტინური სიმბოლო”, “ალექსანდრიული სიმბოლო”, “ანტიოქიური სიმბოლო” და სხვ[1]. საეკლესიო ტრადიციით, თითოეულ მათგანს საფუძვლად დაედო მოციქულთა მოძღვრება, გადმოცემული “მოციქულთა სიმბოლოში”. ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლო, როგორც საერთო-საეკლესიო მრწამსის ფორმულა, ამ სიმბოლოთა შეჯერებით იქნა შემუშავებული[2].
ცნობილია სხვა “სიმბოლოებიც”, შედგენილი ეკლესიის მოძღვართა მიერ (როგორც ნიკეა-კონსტანტინოპოლის კრებებამდე, ისე მის მომდევნო ხანაში) ქრისტიანული დოგმატის ამა თუ იმ იდეის ხაზგასასმელად.
ამათგან ქართულ ენაზე უთარგმნიათ გრიგოლ ნეოკესარიელის (+275), თეოდოროტე კვირელის (+458), მიქაელ სვინკელოსის (IX ს.), ფოტი კონსტანტინოპოლელისა (+891) და სხვ. “სიმბოლოები”[3]. ამათ რიცხვსვე ეკუთვნის ათანასე ალექსანდრიელის (+373) სიმბოლო, რომელიც უდიდეს ქართველ ღმრთისმეტყველსა და მთარგმნელს გიორგი მთაწმიდელს გადმოუღია ქართულად[4]. ბერძნულ ენაზე ამ თხზულების ოთხი რედაქცია (ოთხი “ფორმულა”) არსებობს (PG t. 28, col. 1587-1592), ლათინურად — ერთი.
ათანასეს სიმბოლოს ავთენტურობა XVII ს-მდე არავითარ ეჭვს არ იწვევდა. იგი, როგორც ავტორიტეტული დოგმატიკური ძეგლი, ფართოდ იყო გავრცელებული როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ეკლესიაში [გვ. 153-ს დასასრ.]. პირველი, ვინც ათანასეს ავტორობა საეჭვოდ მიიჩნია, იყო გ. ფოსი (1642 წ.)[5], შემდეგ კი ეს აზრი სხვა ავტორებმაც გაიზიარეს.
პირველი ბიბლიოგრაფიული ცნობა ათანასეს სიმბოლოს შესახებ VI ს-ის პირველი ნახევრიდანაა შემონახული[6]. ვარაუდობენ, რომ ეს ძეგლი დასავლეთში უნდა იყოს შეთხზული V ს-ში ლათინურ ენაზე, საიდანაც თითქოს მოგვიანებით ითარგმნა ბერძნულად[7]. საბერძნეთში, ზოგიერთი მკვლევრის მტკიცებით, იგი მხო¬ლოდ XIII საუკუნიდან გახდა ცნობილი რომის პაპის ლეგატების წყალობით[8]. ასეთი განცხადება, როგორც ჩვენთვის უკვე ნათელია, ათანასეს სიმბოლოს შესახებ არსებული ისტორიულ-ლიტერატურული ცნობების სიმწირეზე მეტყველებს. ევროპელ მკვლევრებს, როგორც ჩანს, ხელთ არ ჰქონდათ ათანასეს სიმბოლოს ბერძნული ვერსიის უფრო ადრინდელი დამოწმება. ქართულად კი ასეთი საბუთი მოგვეპოვება – ამ თხზულების გიორგი მთაწმიდელისეული ქართული თარგმანის სახით. ამ თარგმანის არსებობა უტყუარი მოწმობაა იმისა, რომ ათანასეს სახელით წარწერილი სიმბოლო უკვე XI საუკუნეში იყო ცნობილი ბერძნულ ენაზე, საიდანაც იგი უთარგმნია გიორგის ქართულად.
ბერძნულენოვანი ვერსიის წარმოშობის საკითხის გარდა, ვფიქრობთ, საბოლოოდ გადაწყვეტილად არ უნდა ჩაითვალოს ათანასეს სიმბოლოს ფსევდოეპიგრაფიკულობაც. ის საბუთები, რომლის მიხედვითაც სხვა ავტორებს მიაკუთვნებენ აღნიშნულ თხზულებას, უფრო სუბიექტური ხასიათისაა, ვიდრე ობიექტური[9].
ათანასეს ავტორობის საკითხის კვლევა ამჟამად ჩვენი ამოცანა არ არის. მაგრამ, ვფიქრობთ, “სიმბოლოს” ქართული თარგმანის შესწავლა, ისევე, როგორც მისი სხვადასხვაენოვანი ვერსიებისა, ამ პრობლემის გადაჭრასაც შეუწყობს ხელს.
ათანასე ალექსანდრიელის სიმბოლოს გიორგი მთაწმიდელისეული თარგმანი განსაკუთრებით საინტერესო (და ერთგვარად მოულოდნელიც) აღმოჩნდა ჩვენთვის მასში დაფიქსირებული იმ პნევმატოლოგიური დებულების გამო, რომელიც დასავლეთის (რომის) საეკლესიო დოგმატის თავისებურებადაა მიჩნეული (აღმოსავლურის საპირისპიროდ) – ს უ ლ ი წ მ ი დ ი ს  გ ა მ ო ს ვ ლ ა  მ ა მ ი ს ა  დ ა  ძ ი ს ა გ ა ნ.
ერთადერთი ხელნაწერი, რომელშიც მითითებულია ათანასე ალექსანდრიელის სიმბოლოს ქართულ ენაზე მთარგმნელი, – ესაა სამოციქულოს გიორგისეული რედაქციის ნუსხა A 584 – XI საუკუნის ეტრატი, გადაწერილი გიორგი მთაწმიდელის “თუალით მხილველისა და ხელით მსახური” მოწაფის, “გიორგი მთაწმიდელის ცხოვრების” ავტორის გიორგი ხუცესმონაზონის ხელით [გვ. 154-ს დასასრ.]. გადამწერის ანდერძში (228v-229r) ხელნაწერი დათარიღებულია 1083 წლით (ქორონიკონი ტგ; დასაბამითგანნი – ხქპზ).
A 584 ხელნაწერი კარგადაა ცნობილი მეცნიერებაში. ეს ნუსხა უდევს საფუძვლად სამოციქულოს წიგნთა გიორგისეული რედაქციის მეცნიერულ პუბლიკაცებს[10]; დაწვრილებითაა აღწერილი ილ. აბულაძის მიერ[11]. ათანასეს სიმბოლო (“აღსარებაი წმიდისა და მართლისა და უბიწოისა ქრისტეანეთა სარწმუნოებისაი”), რამდენიმე სხვა დოგმატიკურ ძეგლთან ერთად ერთვის სამოციქულოს ტექსტს, და უკავია 244v-246r გვერდები. შეიცავს 39 მუხლს, რომელთა თავკიდური ასოები სინგურითაა გამოყოფილი. ბოლოს კი ერთვის მინაწერი: “ესე მ ა რ თ ლ ი ს ა   ს ა რ წ მ უ ნ ო ე ბ ი ს ა   ა ღ ს ა რ ე ბ ა ი  ჰრომთა წიგნისაგან გარდმოვწერე. ვინ აღმოიკითხო, ლოცვა ყავთ გლახაკისა გ ი ო რ გ ი ს ა თ ვ ი ს, რომელმან ესე ვთარგმანე” (246r).
გარდა გიორგის მიერ თარგმნილი დოგმატიკური ძეგლებისა, A584-ში ეფთვიმე მთაწმიდელის მიერ თარგმნილი მიქაელ სვინკელოსის “მართლისა სარწმუნოებისა წარმოთქუმაცაა” შეტანილი. ყველა დანარჩენი თარგმანი რომ გიორგი მთაწმიდელისაა, საგანგებოდ მიუთითებს მნუსხველი 247r-ზე გაკეთებულ შენიშვნაში: “ესე ზემოით მიქაელ სვინკელისა თქუმული სარწმუნოებაი ნეტარისა მამისა ჩუენისა ევთვიმის თარგმნილი არს და სხუაი ყოველი — წმიდისა მამისა გ ი ო რ გ ი ს ა გ ა ნ, ვითა ამას წიგნსა სწერია”.
ათანასეს სიმბოლოს ტექსტი სხვა მრავალი ხელნაწერითაცაა ჩვენამდე მოღწეული, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია: Jer. 151,43v-47r (XI ს.), A65,167r-v (ბოლონაკლული) (1188-1210) და A 67,48r-v (XI ს.). სხვა ხელნაწერები გვიანდელია და ნაკლები მნიშვნელობისა: S269,43v-45v (1785 წ.) A627,3r-6v (1758-60 წ.) H1283,256r-257r (XVIII ს.) და სხვ.
Jer. 151-ში “სიმბოლოს” სათაურთან მითითებულია მუხლთა რიცხვი: ??? (=39), თუმცა მუხლები დანომრილი არაა, არამედ მხოლოდ სინგურით გამოყოფილი.
აქვე მოგვყავს გიორგი მთაწმიდელის თარგმანის ტექსტი ოთხი უძველესი ხელნაწერის მიხედვით: A 584 (A); Jer. 151 (B); A 65 (C); A 67 (D) (მუხლების ნუმერაცია შემოვიღეთ სინგურით გამოყოფილი ფრაზების აღსანიშნავად). [გვ. 155-ის დასასრ.]
აღსარებაი წმიდისა[12] და უბიწოისა ქრისტეანეთა სარწმუნოებისაი, თქუმული წმიდისა[13] ათანასე[14] ალექსანდრიელისაი მუხლ-მუხლი[15]
  1. უკუეთუ ვისმე ჰნებავს[16] ცხორებაი, პირველ ყოვლისა ჯერ-არს, რაითა აქუნდეს მართალი სარწმუნოებაი,
  2. რომელი-იგი არა თუ ვინმე განუხრწნელად და შეუგინებელად დაჰმარხოს[17], უეჭუელად წარწყმდეს საუკუნოდ.
  3. ხოლო მართალი სარწმუნოებაი ესე არს, რაითა ერთსა ღმერთსა სამებით და სამებასა ერთარსებით ვჰმსახურებდეთ[18].
  4. არცა შევჰრევდეთ[19] გუამოვნებასა, არცა განვჰყოფდეთ[20] არსებასა.
  5. რამეთუ სხუაი არს გუამოვნებაი მამისაი და სხუაი არს[21] ძისაი და სხუაი არს სულისა წმიდისაი[22].
  6. ხოლო ღმრთეებაი მამისა და ძისა[23] და სულისა წმიდისაი[24] ერთ[25] არს.
  7. ერთი ძლიერებაი, ერთი ხელმწიფებაი, ერთი მეუფებაი.
  8. სწორი დიდებაი, სწორი[26] დიდებულებაი და საუკუნოი.
  9. ვითარი არს მამაი, ეგევითარივე არს ძე[27], ეგევითარივე არს სული წმიდაი.
  10. დაუბადებელი მამაი, დაუბადებელი ძე[28], დაუბადებელი სული წმიდაი, არამედ არა სამნი დაუბადებელნი, არამედ ერთი დაუბადებელი.
  11. ყოვლისა-მპყრობელი მამაი, ყოვლისა-მპყრობელი ძე[29], ყოვლისა-მპყრობელი სული წმიდაი, არამედ არა სამნი ყოვლისა-მპყრობელნი, არამედ ერთი ყოვლისა-მპყრობელი.
  12. საუკუნოი მამაი, საუკუნოი ძე[30], საუკუნოი სული წმიდაი, არამედ არა სამნი საუკუნენი, არამედ ერთი საუკუნოი.
  13. ყოვლად-ძლიერი მამაი, ყოვლად-ძლიერი ძე[31], ყოვლად-ძლიერი სული წმიდაი, არამედ არა სამნი ყოვლად-ძლიერნი, არამედ ერთი ყოვლად-ძლიერი.
  14. ღმერთი მამაი, ღმერთი ძე[32], ღმერთი სული წმიდაი, არამედ არა სამნი ღმერთნი, არამედ ერთი ღმერთი.
  15. უფალი მამაი, უფალი ძე[33], უფალი სული წმიდაი, არამედ არა სამნი უფალნი, არამედ ერთი უფალი. [გვ. 156-ს დასასრ.]
  16. და ვითარცა თითოეულად თითოეულისა[34] გუამოვნებისა ღმრთად და უფლად აღსარებასა ჭეშმარიტად ქრისტეანობად[35] ვიტყვით,
  17. ეგრეთვე სამთა ღმერთთა და სამთა უფალთა თქუმად არა თავს-ვიდებთ[36], არამედ სრულიად განვიშორებთ.
  18. რამეთუ მამაი არავისგან არს შექმნულ, არცა დაბადებულ, არცა შობილ.
  19. ძე[37] მამისაგან მხოლოისა არს; არა შექმნით, არცა[38] დაბადებით, არამედ შობით.
  20. სული წმიდაი — მამისაგან და ძისა[39]; არა შექმნით, არცა დაბადებით, არცა შობით, არამედ გამოსლვით.
  21. ერთი უკუე არს მამაი, არა სამნი მამანი; ერთი ძე[40], არა სამნი ძენი; ერთი სული წმიდაი, არა სამნი სულნი წმიდანი.
  22. და ამას სამებასა შინა არავინ არს პირველი გინა უკუანაისკნელი; არავინ არს დიდი გინა მცირე; არამედ ყოვლითურთ სამნივე ესე გუამოვნებანი საუკუნო არიან და სწორ.
  23. ესრეთ ყოვლითურთ, ვითარცა ზემო თქუმულ არს, სამებაი ერთარსებით და ერთარსებაი სამებით იდიდებოდენ[41].
  24. და რომელსაცა ჰნებავს ცხორებაი, წმიდისა სამებისათვის ესრეთ დიდების-მეტყუელებდინ[42].
  25. ეგრეთვე ჯერ-არს ჩუენდა საუკუნოისა ცხორებისა[43] და უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტეს განხორციელებისა მტკიცე სარწმუნოებაი.
  26. არს უკუე მართალი სარწმუნოებაი, რაითა გურწმენეს და აღვიარებდეთ, ვითარმედ უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ძე[44] ღმრთისაი[45], ღმერთი და კაცი არს[46] სრული[47].
  27. ღმერთი დაუბადებელი ­— არსებისაგან მამისა პირველ საუკუნეთა მამისაგან შობილი; და კაცი ხილული — არსებისაგან დედისა უკუანაისკნელთა ჟამთა ცხორებისათვის ჩუენისა[48] ქუეყანასა ზედა შობილი.
  28. სრული ღმერთი და სრული კაცი, სულისაგან სიტყვიერისა და ხორცისაგან კაცობრივისა აგებული[49]. [გვ. 157-ს დასასრ.]
  29. სწორი მამისაი ღმრთეებითა და უმრწემესი მამისაი კაცებითა.
  30. და ჭეშმარიტად არს ღმერთი და კაცი ჭეშმარიტი; არამედ არა ორნი, არამედ ერთი არს ქრისტე.
  31. ხოლო ერთი ესე ქრისტე[50] არა შეიცვალა ხორცად, არამედ ამაღლდა[51] ღმრთისა.
  32. ყოვლითურთ არა შერევნითა ბუნებათაითა, არამედ შეერთებითა გუამოვნებისაითა.
  33. რამეთუ ვითარცა სული სიტყვიერი და ხორცნი ერთი კაცი არს, ეგრეთვე ღმერთი და კაცი ერთი ქრისტე არს.
  34. რომელმან ივნო ჩუენისა ცხორებისათვის და შთახდა ჯოჯოხეთად და აღდგა მკუდრეთით.
  35. და ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღმრთისა და[52] მამისა ყოვლისა-მპყრობელისა.
  36. ვინაი-იგი კუალად მოსლვად არს განშჯად ცხოველთა და მკუდართა.
  37. რომლისა მოსლვასა ყოველნი კაცნი აღდგენ[53] ხორცითა სიტყვისა მიცემად საქმეთა მათთათვის[54].
  38. და რომელთა კეთილი ექმნას, წარვიდენ ცხორებასა საუკუნესა, და რომელთა ბოროტი — ცეცხლსა საუკუნესა.
  39. ესე უკუე არს მართალი სარწმუნოებაი, რომელი-ესე არა თუ ვინმე უბიწოდ და წმიდად და შეუგინებელად დაიცვას, ბრძანებისაებრ წმიდათა მოციქულთაისა, ცხორებაი[55] ვერ ძალ-უც.
როგორც აღვნიშნეთ, ათანასეს სიმბოლო ბერძნულ ენაზე ოთხი რედაქციით (ოთხი ფორმულით) არის ცნობილი. შედარებამ გვიჩვენა, რომ გიორგი მთაწმიდელის თარგმანი თავიდან ბოლომდე არც ერთ რედაქციას სიტყვასიტყვით არ მისდევს. არის ცალკეული მუხლები, რომლებიც ოთხივე ფორმულაში სავსებით ერთნაირია ან უმნიშვნელოდ განსხვავებული (6, 9, 14, 21, 26, 29, 30, 33, 36, 37). ამ შემთხვევებში გიორგის თარგმანიც მათი იდენტურია. სხვა მუხლებში კი, რომლებშიც ბერძნულ რედაქციებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობებია, გიორგის თარგმანი ხან ერთ ფორმულას ეთანხმება, ხან მეორეს; ხანდახან კი, უფრო იშვიათად, ყველა რედაქციისაგან განსხვავებულ ვარიანტს გვიჩვენებს.
1) ყველაზე ხშირად გიორგი მთაწმიდელის თარგმანი IV ფორმულასთან ავლენს ნათესაობას. ასეთია, მაგალითად, 8-9 მუხლები:
“ერთი ძლიერებაი, ერთი ხელმწიფებაი, ერთი მეუფებაი; სწორი დიდებაი, სწორი დიდებულებაი და საუკუნოი”. შდრ:
en to kravtoz, mia exousia, mia basileia, ish hJ doxa, ish h megalwsunh kai aiwnioz (IV ფორმ.). [გვ. 158-ს დასასრ.]
სხვა რედაქციების ტექსტი შემოკლებული და სახეცვლილია:
ish doxa, sundiaiwnivzousa h megaleiothz (I ფორმ.)
ish doxa, sunaidioz megaleiothz (II ფორმ.)
mia estin h doxa, sunaidioz h megaleiothz (III ფორმ.)
გიორგისეული თარგმანის მე-11 მუხლის “ყოვლისა-მპყრობელის” შესატყვისი მხოლოდ IV ფორმულაში გვაქვს: Pantokratwr სხვაგანაა: ametroz – განუზომელი (I ფორმ.); apeiroz – უსაზღვრო, განუსაზღვრელი, “მოუგონებელი” (შეუცნობელი) (II ფორმ.); akatalhptoz –­ მიუწვდომელი (III ფორმ.). მსგავსი შენაცვლება მე-12 მუხლშიც მეორდება, რადგან მე-11 მუხლის მეორე ნახევარი, რომელშიც კვლავ მეორდება Pantokratwr-ი, I, II და III რედაქციებში მე-12 მუხლის ბოლოშია გადატანილი, და ეს რედაქციები ამითაც სხვაობენ IV რედაქციისა და გიორგისეული თარგმანისაგან.
სამ მუხლში (1, 3, 39) “მართალი სარწმუნოების” შესატყვისი მხოლოდ IV ფორმულაში გვაქვს: h orqodoxoz pistiz. სხვაგან (I, II, III ფორმულებში) ამის ნაცვლად წერია: h kaqolikh; pistiz (“საყოველთაო სარწმუნოება”). 26-ე მუხლში “მართალ სარწმუნოებას”, IV-სთან, ერთად, I და II ფორმულებიც აღნიშნავენ: h orqh; pistiz; II ფორმულა კი კვლავ განსხვავებულია – bebaia pistiz (“მტკიცე სარწმუნოება”).
30-ე მუხლის “ჭეშმარიტი” (alhqinoz) მხოლოდ IV ფორმულაში დასტურდება, სხვაგან — გამოტოვებულია.
მე-2 მუხლში გიორგისეული თარგმანი კვლავ უფრო IV ფორმულას ენათესავება (amolunton kai afqoron – შეუგინებელად და განუხრწნელად), სხვა ფორმულები კი რამდენადმე განსხვავებულ ვარიანტებს წარმოადგენენ: ugih kai amwmon – ჯანსაღად და უმწიკვლოდ (I ფორმ.); akeraian kai aparaqrauston – შეურევნელად და დაუმსხვრევლად (II ფორმ.); eiz ekastoz swan kai amvmhton – ყოვლითა კრძალულებითა და უმწიკვლოდ (III ფორმ.).
მსგავსი მდგომარეობაა რამდენიმე სხვა მუხლშიც: 6, 10, 16, 17, 18, 22, 31, 32, 33.
2) რამდენიმე მუხლში შებრუნებული ვითარება გვაქვს: გიორგი მთაწმიდელის თარგმანი სხვაობს სწორედ IV ფორმულისაგან და ეთანხმება ყველა დანარჩენ (I, II, III) ფორმულას. ასეთია, მაგალითად, მე-19 მუხლი: “ძე მამისაგან მხოლოისა არს”. “მხოლოისა” ყველა ფორმულაში წერია (O Uioz apo monou tou Patroz), გარდა IV-ისა, სადაც ვკითხულობთ: O Uioz apo tou Patroz estin…
ასევე, მე-20 მუხლის “და ძისა” (“სული წმიდაი მამისაგან და ძისა”) წერია მხოლოდ II-III ფორმულებში
To Pneuma to agion apo tou Patroz kai tou Uiou…,
I-სა და IV-ში — არა: To Pneuma to agion apo tou Patroz estin…
25-ე მუხლის “საუკუნოი ცხორებაი” იხსენიება კვლავ I, II და III ფორმულებში (proz thn aiwnion swthrian), IV-ში კი გამოტოვებულია.
23-ე მუხლის ფრაზა — “ვითარცა ზემო თქუმულ არს” — სამივე ფორმულაში გვაქვს (I, II, III): wz proeirhtai.  IV ფორმულაში კი 22-ე მუხლშია გადანაცვლებული. [გვ. 159-ს დასასრ.]
გარდა ამისა, ზოგიერთი მუხლი IV ფორმულაში გავრცობილია ყველა დანარჩენ ფორმულასა და გიორგი მთაწმიდელის თარგმანთან შედარებით. მაგ., 37-ე მუხლი ყველა ფორმულაში ერთნაირია, მხოლოდ IV-ში ემატება: oi ap aiwnoz kekoimhmenoi (“საუკუნითგან დაძინებულნი”). 24-ე მუხლში ემატება: zwopoiou kai omoousiou – “ცხოველმყოფელისა და ერთარსისა”. ასევე, გავრცობილია IV ფორმულის სხვა რამდენიმე მუხლიც: 27, 28, 34, 38.
3) ბერძნულ რედაქციათა სხვადასხვაობისას ქართული თარგმანი თითო-ოროლა შემთხვევაში I და III ფორმულის ვარიანტებს ეთანხმება. მაგალითად, 25-ე მუხლის “მტკიცე სარწმუნოების” შესატყვისი მხოლოდ I ფორმულაში გვაქვს: bebaiwz pisteuh/ (შდრ.: pistwz katecein – II ფორმ.; orqwz pisteush – III; orqwz pisteuein – IV); 35-ე მუხლის “ყოვლისა-მპყრობელი” მხოლოდ I-სა და III ფორმულაში წერია (Pantokratwr); მის შესატყვისად II ფორმულაში “ყოვლადძლიერი” გვაქვს (Pantodunamoz), IV-ში კი სრულიად გამოტოვებულია. ასეთივე ვითარებაა 28-ე და 38-ე მუხლებშიც.
4) ქართული თარგმანის ზოგიერთ მუხლში სხადასხვა ფორმულის პარალელები დასტურდება. სახელდობრ, 24-ე მუხლში გვაქვს ერთი ფრაზა (“და რომელსაცა ჰნებავს ცხორებაი”), რომლის ფარდი I, II და III ფორმულებში არის (o qelwn oun swqhnai – I; oJ boulovmenoõ swqhÖnai – II, III), ხოლო IV-ში სრულიად არაა; სამაგიეროდ, ამავე მუხლის “დიდების-მეტყუელებდინ” მხოლოდ IV ფორმულაში გვაქვს (doxazetw), სხვაგან კი froneitw (II, III) და noeitw (I) წერია (= “იგონებდინ”). ქართული თარგმანი სხვადასხვა ფორმულებთან პოულობს პარალელს მე-4, მე-5, მე-12, მე-13 და სხვა მუხლებშიც.
5) დაბოლოს, არის ორიოდე შემთხვევა, როდესაც ქართული თარგმანი არც ერთი ფორმულის ტექსტს ზუსტად არ შეესატყვისება:
26-ე მუხლის “სრული” (“იესუ ქრისტე ძე ღმრთისაი, ღმერთი და კაცი არს სრული”) არც ერთ ბერძნულ რედაქციაში არ ჩანს. ასევე, 39-ე მუხლის ფრაზა — “უბიწოდ და წმიდად და შეუგინებელად” — სხვაგვარადაა ბერძნულ რედაქციებში: pistwz kai bebaiwz (სარწმუნოდ და მტკიცედ).
ამრიგად, გიორგი მთაწმიდელის თარგმანი შესრულებულია ათანასე ალექსანდრიელის “სიმბოლოს” ისეთი ბერძნული რედაქციიდან, რომელიც დღეისათვის ცნობილ არც ერთ რედაქციას არ ემთხვეოდა.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ქართულ თარგმანში დაცული პნევმატოლოგიური ფორმულა: “სული წმიდაი — მამისაგან და ძისა; არა შექმნით, არცა დაბადებით, არცა შობით, არამედ გამოსლვით”.
სულიწმიდის გამოსვლა მ ა მ ი ს ა  დ ა  ძ ი ს ა გ ა ნ — მიჩნეულია დასავლეთის (რომის) ეკლესიის უმთავრეს დოგმატურ თავისებურებად, რაც მას აღმოსავლეთის (მართლმადიდებელ) ეკლესიას უპირისპირებს. ეს იდეა პირველად დადასტურებულია ტოლედოს 547 წლის საეკლესიო კრებაზე[56], რის შემდეგაც იგი ფართოდ გავრცელდა დასავლეთის ეკლესიაში. [გვ. 160-ს დასასრ.] ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლოს მიხედვით, რომელსაც აღმოსავლეთის ეკლესია სარწმუნოების დოგმატურ საფუძვლად აღიარებს დღემდე[57], სულიწმიდა “მამისაგან გამოვალს” (შდრ. იოვანე 15,26). ეს განსხვავება იყო ერთ-ერთი საბაბი, რამაც ქრისტიანული ეკლესია 1054 წლის განხეთქილებამდე მიიყვანა. დროთა განმავლობაში კი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის გაჩენილი ნაპრალი დიდ უფსკრულად გადაიქცა.
უდიდეს ქართველ სწავლულ ღმრთისმეტყველს გიორგი მთაწმიდელს მოღვაწეობა მოუხდა დიდი სქიზმის ჟამს (+1065 წ.), და, შეუძლებელია, მისდამი გულგრილი დარჩენილიყო.
დიდი მთაწმიდელი მოძღვრის ბიოგრაფიიდან ვიცით, რომ იგი, როგორც სარწმუნოების სიწმიდისა და უბიწოების დამცველი ბერი, არაერთხელ გამოსულა სხვადასხვა მწვალებლობის განმაქიქებელი სიტყვით და მრავალი დოგმატიკური თხზულებაც უთარგმნია. მაგრამ, ზოგიერთი თანამედროვე საეკლესიო მოღვაწისაგან განსხვავებით, რომის ეკლესიის აღმსარებლობის ჭეშმარიტებაში ეჭვი არასოდეს შეუტანია; პირიქით, ისტორიულად წმინდა და მწვალებლობისაგანა დაცულ სულიერ ოაზისად წარმოედგინა იგი[58]. მაშასადამე, ის დოგმატიკური კამათი, რაც დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიებს შორის იყო აღძრული, უსაფუძვლოდ მიაჩნდა, და ამით ეკლესიის ერთიანობის დამცველად გამოდიოდა.
სახელდობრ, ეკლესიათა განყოფის ერთ-ერთ უმთავრეს საბაბს — ევქარისტიაში სამსხვერპლო პურისა და ღვინის სხვადასხვაგვარობას (აღმოსავლეთის ეკლესიაში — გაფუებული პური და წყალგარეული ღვინო; დასავლეთის ეკლესიაში კი — “უცომოი” და “ურწყოი”, ე. ი. უფუარი პური და წყალგაურეველი ღვინო) გიორგი მთაწმიდელი არარად თვლის: “არარაი არს ამას შინა განყოფილებაი, ოდენ სარწმუნოებაი მართალი იყოს”, — აცხადებს იგი მეფე კონსტანტინე დუკას წინაშე[59].
მეორე საბუთი, რომელიც მოწმობს გიორგი მთაწმიდელის შემწყნარებლობას რომის ეკლესიის აღმსარებლობის მიმართ, — ესაა ათანასე ალექსანდრიელის სიმბოლო (მასში დაცული დასავლური პნევმატოლოგიური ფორმულით), რომელიც მას ქართულად უთარგმნია.
ამ თხზულების თარგმნას პოლემიკური დანიშნულება არ უნდა ჰქონდეს (რომის ეკლესიის წინააღმდეგ), რადგან, ჯერ ერთი, მთარგმნელი მას “მართლისა სარწმუნოებისა აღსარებად” მოიხსენიებს თხზულების ბოლოში დართულ ანდერძში[60]; და მეორეც: თუ მთარგმნელს რომის ეკლესიის ცდომილების წარმოჩენა სურდა, რომელიმე დასავლელი ავტორის ანალოგიური თხზულება უნდა ეთარგმნა და ხაზი გაესვა აღმოსავლურ და დასავლურ მრწამსთა შორის სხვადასხვაობისათვის. [გვ. 161-ს დასასრ.]
“სიმბოლოს” ავტორად ათანასეს მიჩნევით მთარგმნელი ხაზს უსვამს, რომ მასში გადმოცემული დოგმატური მოძღვრება (მათ შორის — სულიწმიდის გამომავლობა მამისა და ძისაგან) მარტო დასავლეთის ეკლესიაში კი არ ყოფილა გავრცელებული, არამედ აღმოსავლეთის ეკლესიაშიც, რომლის ერთ-ერთი უდიდესი მნათობია წმიდა ათანასე.
ძნელი სათქმელია, რას ნიშნავს გიორგი მთაწმიდელის ანდერძში მოხსენიებული “ჰრომთა წიგნი”; უშუალოდ ლათინურიდან თარგმნა ქართველმა მთარგმნელმა აღნიშნული ძეგლი, თუ ბერძნულიდან, რომელიც თავის მხრივ ლათინურიდან იყო გადმოთარგმნილი(?).
თუნდაც ნამდვილად ლათინურიდან იყოს ნათარგმნი ათანასეს “სიმბოლო”, მარტო ეს ფაქტი ვერ გამოდგება საბუთად ათანასეს ავტორობის უარყოფისათვის, რადგან წმიდა მღვდელთმთავარმა დევნულების ჟამს რამდენიმე წელიწადი დასავლეთში გაატარა[61], და გამორიცხული არაა, რომ ზოგიერთი თხზულება ლათინურადაც დაეწერა.
სულიწმიდის გამოსვლა მ ა მ ი ს ა გ ა ნ  დ ა  ძ ი ს ა  დაფიქსირებულია გიორგი მთაწმიდელის თარგმანის უძველეს ნუსხებში — A584,245r და Jer.151,45r (ორივე – XI ს-ისა).
A584-ის აშიაზე “და ძისა”-ს გასწვრივ გვიანდელი ხელით მხედრულად მიწერილია: “არა და ძისა”. როგორც ჩანს, ეს მინაწერი გაუკეთებია XVIII-XIX სს-ის რომელიღაც ანტიკათოლიკე მკითხველს, რომლისთვისაც სულიწმიდის გამოსვლა მამისა და  ძ ი ს ა გ ა ნ – მძიმე დოგმატური ცდომილებაა.
უფრო რადიკალურად მოქცეულა A65-ის რედაქტორი. მართალია, გადამწერს (XII ს.) ათანასეს თხზულებაში თავდაპირველად “მამისაგან და ძისა” დაუწერია (167r), მაგრამ გვიანდელ რედაქტორს “და ძისა” სრულიად ამოუშლია და ხელნაწერის აშიაზე რაღაც სამ-სტრიქონიანი შენიშვნაც გაუკეთებია. ეს შენიშვნა ამჟამად საგულდაგულოდაა წაშლილი მელნით, და ვერ იკითხება. ტექსტში კი “და ძისა”-ს ამოშლის შედეგად თეთრი ლაქაა დარჩენილი.
გვიანდელი ხელნაწერების მნუსხველთ (XVIII-XIX სს.) “და ძისა” უკვე სრულიად აღარ შეუტანიათ ტექსტში; აშკარაა, ანტიკათოლიკური მოსაზრებით. ერთ-ერთ მნუსხველს კი (მზეჭაბუკ ორბელიანს) ამ თხზულების ახალი რედაქცია გამოუმუშავებია (A627,3r-6v)[62]. [გვ. 162-ს დასასრ.]

 

შენიშვნები:
[1] Sofokleouz D. Lvlh, Peri to prwton sumbolon thz pivstewz,  Aqhnai, 1958.
[2] Iw. Karmirh, Ta Dogmatika kai Sumbolika mnhmeia thz  Orqodoxou Kaqolikhz Ekklhsiaz, A, Aqhnai, 1960.
[3] კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, 1980,471; მისივე: უცხო ავტორები ძველ ქართულ ლიტერატურაში; ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. V, 1957, გვ. 25, 58, 101, 114.
[4] კ. კეკელიძე, ლიტ. ისტ., I, 225; მისივე: უცხო ავტორები… გვ. 8.
[5] Христианство, Энциклопедический словарь, под. ред. С. С. Аверинцева, А. Н. Мешкова, Ю. Н. Попова, т. I, М., 1993, 141.
[6] იქვე, 141.
[7] ზოგიერთი მკვლევარის აზრით, თხზულების ნამდვილი ავტორი ვიგილიუს ტაფსიელი (V ს.) უნდა იყოს. იხ. Филарет, Архиепископ Черниговский и Нежинский, Историческое учение об Отцах Церкви, т. II, СПБ, 1882, 50.
[8] S. D. Lwlh, Sumbolon Pistewz, QHE t. 11,  Aqhnai, 1967, 529; Филарет, Истор. учение… გვ. 50.
[9] იხ. Филарет, იქვე.
[10] საქმე მოციქულთა, ძველი ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ, ა. შანიძის რედაქციით, თბ., 1950; კათოლიკე ეპისტოლეთა ქართული ვერსიები, X-XIV საუკუნეთა ხელნაწერების მიხედვით, გამოსცა ქეთევან ლორთქიფანიძემ, აკაკი შანიძის რედაქციით, თბ., 1956; პავლეს ეპისტოლეთა ქართული ვერსიები, გამოსაცემად მოამზადეს ქეთევან ძოწენიძემ და კორნელი დანელიამ, აკაკი შანიძის რედაქციით, თბ., 1974.
[11] საქმე მოციქულთა, გვ. 021-025.
[12] + და მართლისა B.
[13] წმიდისა – B.
[14] ათანასი B.
[15] მუხლ-მუხლი ] მუხლი კით B.
[16] ჰნებავს ] ენებოს B.
[17] დაჰმარხოს ] დაიმარხოს + იგი C.
[18] ვმსახურებდეთ BD. ჰმსახურებდეთ C.
[19] შევრევდეთ BD შეჰრევდეთ C.
[20] განჰყოფდეთ C.
[21] არს – D.
[22] წმიდისა AD.
[23] ძისაი A.
[24] სულისა წმიდისაი ] სულისაი A. ~ წმიდისა სულისა D.
[25] ერთი A.
[26] სწური B.
[27] ძე ACD.
[28] ძე ACD.
[29] ძე ACD.
[30] ძე ACD.
[31] ძე ACD.
[32] ძე ACD.
[33] ძე ACD.
[34] თვითეულად თვითეულისა B.
[35] ქრისტიანობად A. ქრისტეანობად B.
[36] ~ არა თავს-ვიდებთ თქუმად B. თქუმად ] თქუმასა D.
[37] ძე ACD.
[38] არა A.
[39] და ძისა – CD. + არს D.
[40] ძე ACD.
[41] იდიდებოდინ D.
[42] დიდების-მეტყუელებდენ C.
[43] ცხორებისათვის B.
[44] ძე ACD.
[45] ღმრთისაი + არს B.
[46] არს – B. აქ წყდება D ხელნაწერი.
[47] სრულ C.
[48] ~ ცხორებისა ჩუენისათვის C.
[49] აღგებული C.
[50] ქრისტე B.
[51] ამაღლდა + ნათელად B.
[52] და – B.
[53] აღდგენ ყოველნი კაცნი B.
[54] აქ წყდება ჩ ხელნაწერი.
[55] ცხორებად B.
[56]B. K. Stefanidou,  Ekklhsiastikh  Istoria, 1998,  Aqhnai, 343-344.
[57] ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლოს საბოლოოდ დაზუსტებული ქართული რედაქციაც გიორგი მთაწმიდელს გამოუმუშავებია. იხ. კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტ. ისტ., ტ. I, 1980, 225.
[58] გიორგი მცირე, ცხოვრება გიორგი მთაწმიდელისა, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ივანე ლოლაშვილმა, თბ., 1994, 238.
[59] იქვე, გვ. 238.
[60] “ესე მართლისა სარწმუნოებისა აღსარებაი ჰრომთა წიგნისაგან გარდმოვწერე. ვინ აღმოიკითხო, ლოცვა ყავთ გლახაკისა გიორგისათვის, რომელმან ესე ვთარგმანე” (A584,246r).
[61] იხ. Г. В. Флоровский, Восточные Отцы IV века, Paris, 1990, 27.
[62] A627-ში შეტანილია სულხან-საბა ორბელიანის “სარწმუნოების წიგნი” (“საქრისტეანო მოძღვრება, პირველად სასწავლო ყრმათათვის მართლისა და უბიწოისა სჯულისა”). ხელნაწერზე დართული ანდერძიდან ირკვევა (78r), რომ მზეჭაბუკ ორბელიანს მართლმადიდებლურ მოძღვრებასთან შეთანხმების მიზნით გადაუმუშავებია ბიძამისის – სულხან-საბას ეს ნაშრომი. როგორც ჩანს, ათანასეს სიმბოლო სულხან-საბას მიერვე იყო დართული “სარწმუნოების წიგნზე”. როდესაც ბიძის ნაშრომის რედაქტირებაზე მუშაობდა, მასზე დართულ ათანასეს თხზულებასაც შეეხო მზეჭაბუკ ორბელიანის რედაქტორული ხელი.
პუბლიკაციის წყარო:
კოჭლამაზაშვილი, ექვთიმე; ღამბაშიძე, ანა. “ათანასე ალექსანდრიელის ‘სიმბოლოს’ ძველი ქართული თარგმანი”, მრავალთავი: ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი #18, 1999, გვ. 153-162.
სამწუხაროდ, ბერძნული შრიფტი ლათინური ასოებით აღიქვა ამ საიტმა. ამ მხრივ, მეტი ადეკვატურობისთვის იხ.:  სტატია პდფ ფაილში
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s