სმე: საზოგადოება, პოლიტიკა, რუსული გავლენები

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია: საზოგადოება, პოლიტიკა, რუსული გავლენები

დავით თინიკაშვილი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის (სმე) წევრად თავს ქვეყნის მოსახლეობის 83 პროცენტზე მეტი აცხადებს. ამ ინსტიტუტისადმი ნდობას კი 95 პროცენტი გამოხატავს. გელაპის მონაცემებით, ყველაზე მეტად რელიგიურ ქვეყნებს შორის საქართველო მე-11 ადგილზეა[1]. საზოგადოებაში ამგვარი მდგომარეობის მქონე ინსტიტუტისთვის, ალბათ, ბუნებრივად მოჩანს გავლენის ის მასშტაბი საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე, რომელიც მას აქვს.
თუკი გამადიდებელი შუშით განვჩხრეკთ ქვეყანაში დომინანტი ეკლესიის მდგომარეობას, აღმოჩნდება, რომ რეალურად ვითარება მთლად ისე არაა, როგორც ამას შეიძლება ოფიციალური მონაცემები აღწერდეს. გასარკვევია, რა რაოდენობის ადამიანია აქტიური მორწმუნე ანუ “ეკლესიური” და არა ფორმალური მართლმადიდებელი. ბოლო წლებში საგრძნობლად იკლო იმ ადამიანთა რიცხვმა, რომლებიც ტაძრებში რეგულარულად ესწრება ღვთისმსახურებას. მაგ., 2015 წლის მონაცემებით, კვირაში ერთხელ ან მეტჯერ მხოლოდ 18% დადის ეკლესიაში[2].
გარდა ამისა, ჯერ კიდევ, 2006 წელს საქართველოში ჩატარებული ღირებულებების კვლევამ[3] აჩვენა, რომ საქართველოში საკმაოდ მაღალია ე.წ. “ქცევითი სეკულარულობა”: გარდა სატაძრო ღვთისმსახურებაში მონაწილეთა ზემოთ ნახსენები მცირე პროცენტისა (რონალდ ინგლეჰარტის მიხედვით, პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში ამგვარ პირთა რაოდენობა 20 პროცენტია), საკმაოდ მაღალი გამართლების დონე დაფიქსირდა ისეთ ქმედებებთან დაკავშირებით, როგორიცაა ნაპოვნი ფულის არდაბრუნება და საკუთარი ინტერესებისთვის ტყუილის თქმა[4]. რაც შეეხება “რწმენით სეკულარულობას” აქ ვითარება წინააღმდეგობრივია და ტრადიციულ რელიგიურ დოქტრინასთან სრულიად შეუთავსებელი. მაგ., თუკი საქართველოში ღვთისადმი რწმენა 94.3 პროცენტს აქვს, სიკვდილის შემდგომი სიცოცხლისა მხოლოდ 49 პროცენტს სწამს[5].
დომინანტი ეკლესიის სოციალური გავლენა მომდევნო წლებში კიდევ უფრო შესუსტდა. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ხალხში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევდა და იწვევს ფუფუნების მოყვარე მაღალი იერარქიის წარმომადგენლები და მღვდლების ნაწილი, ასევე მათი განათლების დონე და რიგით მორწმუნეებთან ინტერაქციის ხასიათი. მაგრამ ეკლესიის მსახურთა ამაღლებულ-განწმენდილი იმიჯის შელახვის თვალსაზრისით, გამორჩეულად ნეგატიური აღმოჩნდა შემდეგი ორი მოვლენა:
2013 წლის 17 მაისი, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე, როდესაც ქალაქის მთავარ გამზირზე გამოსულ ოციოდე ახალგაზრდას, ეპისკოპოსების მოწოდებით, ათასობით მოქალაქე დაედევნა ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის[6].
მეორე მოვლენა იყო ე.წ. ციანიდის საქმე, როცა ჯერ პატრიარქის, შემდეგ კი საპატრიარქოს მაღალჩინოსნის მოწამლვის ბრალდებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. როგორც ჩანს, ხალხის ცნობიერებაში ეს ფაქტი არა მხოლოდ იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ სასულიერო პირი ციხეში ჩასვეს, არამედ ყურადღება მიიქცია მოტივაციამ, რომლითაც ხსენებული დეკანოზი მოქმედებდა, რაც პირად კარიერულ წინსვლას გულისხმობდა (ასე ჩანს, შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში, რომელშიც ეს მღვდელი საუბრობს). სასულიერო პირისთვის პატიმრობა მანამდეც მიუსჯიათ, კერძოდ, მღვდელ ბასილ მკალავიშვილისთვის, მაგრამ, ჯერ ერთი, ეს ადამიანი დომინანტი ეკლესიისგან განკვეთილი პირი იყო და მეორეც, ხალხის თვალში ის იბრძოდა “წმინდა იდეალებისთვის” ანუ სექტანტების წინააღმდეგ და არა პირადი გამორჩენისთვის. ამიტომაც, მასებისთვის მისი ციხეში ჩასმა არ ყოფილა მაინცდამაინც შოკის მომგვრელი.
ამრიგად, მსგავსმა ტენდენციებმა და მოვლენებმა შესამჩნევად დააზიანა სასულიერო დასის ავტორიტეტი, რაც ბუნებრივად აისახა ტაძრებში ღვთისმსახურებაზე დამსწრეთა მაჩვენებლების გაუარესებაში. ამას აღიარებენ როგორც რიგითი მღვდლები პირად საუბრებში (მათ შორის ჩემი მეგობარი სასულიერო პირები), ისე მაღალი იერარქიის წარმომადგენლებიც. მაგ., სულ ახლახანს, მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა თავის საშობაო ეპისტოლეში მკაფიოდ განაცხადა, რომ “ეკლესიაში მომსვლელთა რაოდენობა საგრძნობლადაა შემცირებული”[7]. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სინოდის წევრმა ღიად აღიარა ეს პრობლემა, რაც დასაფასებელია.
სმე-ს ავტორიტეტის ნელ, მაგრამ შეუქცევად კლებას არა მხოლოდ კონკრეტული ფაქტები და მოვლენები იწვევს, არამედ საპატრიარქოს ზოგადი პოლიტიკა და დამოკიდებულებაც, რომელიც ეკლესიის შიგნით არსებული ჯგუფებისადმი არსებობს. მაგ., ლიბერალი სასულიერო პირების დევნაში და ექსტრემისტი მღვდლების არდასჯაში[8] (პირიქით, ზოგიერთ მათგანს აჯილდოვებენ კიდეც დეკანოზის ხარისხში აყვანითა და გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით).
აქვე, ალბათ, არანაკლები უკმაყოფილება იმ გარემოებასაც უნდა გამოეწვია, რომ მიუხედავად დიდი ფინანსური რესურსებისა, სმე-ს სოციალური აქტივობა თითქმის არ ჩანს ქვეყანაში. 2012 წლიდან, ჟურნალში “ლიბერალი” თავად ვამზადებდი სტატიების სერიას საქართველოს რელიგიური უცირესობების სოციალურ მსახურებაზე[9]. განსხვავებით სხვა რელიგიური გაერთიანებებისგან, სმე სწორედ ის ინსტიტუტი აღმოჩნდა, რომლისგან ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელი შეიქნა. მსგავსი პრობლემა მანამდე სხვებსაც ჰქონიათ.
როგორც აღინიშნა, სტატისტიკა და სოციოლოგიური გამოკითხვები სმე-ს ძალმოსილებაზე მიუთითებს. ცხადია, ამგვარი ფორმალური მაჩვენებლების მქონე ინსტიტუტის გამოყენებას ყველა პოლიტიკური პარტია ეცდება. 1990-იანი წლებიდან საქართველოს ყველა ხელისუფლება ცდილობდა ეკლესიის (მაშინ ჯერ კიდევ მზარდი) გავლენის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური ლეგიტიმაციისთვის. სანაცვლოდ, მას მრავალ პრივილეგიებს, ფინანსურ რესურსებსა და მატერიალურ ქონებას აძლევს.
2002 წელს გაფორმებული “კონკორდატის” მიხედვით, სახელმწიფოს დაეკისრა ვალდებულება სმე-ს საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზარალის კომპენსირებისა, რაც ყოველ წელს ამ ეკლესიისთვის გადარიცხულ ორ ათეულ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. აქ არაფერს ვამბობთ საგადასახადო შეღავათებსა და მრავალ სხვა სახის სარგებელზე. უნდა ითქვას, რომ ამგვარი ინიციატივა არცთუ ისე სამართლიანია შემდეგ მიზეზთა გამო: 1) საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეა არა საქართველოს ხელისუფლება, არამედ რუსეთი; 2) საბჭოთა პერიოდში საქართველოში სხვა რელიგიური გაერთიანებებიც დაზარალდნენ, თუმცა სახელმწიფოს არ აუღია ვალდებულება მათთვის მსგავსი კომპენსაციის გადახდისა; 3) სმე-სთვის მიყენებული ზარალი უნდა დათვლილ იქნეს. არ შეიძლება კომპენსაცია მუდმივად გრძელდებოდეს, რადგან კომპენსაციას თავისი საზღვრები აქვს. მაგრამ, როგორც ჩანს, აქ მნიშვნელოვანია არა იმდენად სამართლიანობა, რამდენადაც რელიგიური გაერთიანების მასშტაბი და გავლენა საზოგადოებაზე, რომლის გამოყენებაც სასიცოცხლოდ სჭირდება ხელისუფლებას.
საფუძვლიანი კითხვები არსებობს ასევე საპატრიარქოს მიერ სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით. მართალია, დიდი ძალისხმევის შედეგად შესაძლებელია ზოგადი ინფორმაციის მოპოვება თუ რა თანხა რომელ სფეროზე იხარჯება. მაგრამ ამ ინსტიტუტს ჯერ ვერავინ უბედავს იმის შემოწმებას, თუ კონკრეტულად როგორ იხარჯება და იხარჯება თუ არა საერთოდ დეკლარირებული თანხმები დეკლარირებული მიზნებისთვის.
აქ შეიძლებოდა მცირე მაგალითის მოყვანა: საპატრიარქოს ინფორმაციით, განათლებაში ანუ სასულიერო სასწავლებლების დაფინანსებაში რამდენიმე მილიონი იხარჯება. მე 2004 წელს დავამთავრე სმე-ს თბილისის სასულიერო სემინარია, მაგრამ არ მახსოვს სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საერთო ბიბლიოთეკაში ოდესმე ახალი შეძენილი წიგნები შემოტანილიყოს. ბიბლიოთეკაში, რომელიც 10-15 კვადრატული მეტრის ფართობის ოთახში იყო მოთავსებული, ძირითადად, მე-19 ს-ისა და მე-20 ს-ის პირველ ნახევარში გამოცემული წიგნები განისვენებდა და, ვგონებ, დღესაც არ შეცვლილა ეს ვითარება. შედარებისთვის: რომის კათოლიკური უნივერსიტეტის მიერ დაარსებულ სასწავლებელში მუდმივად ივსებოდა და დღემდე ივსება ბიბლიოთეკა ახალი წიგნებით სხვადასხვა ენაზე. საბედნიეროდ, ამ ბიბლიოთეკით აქტიურად ვსარგებლობდი სტუდენტობის წლებში, რის გამოც დღემდე მადლიერი ვარ მათი. წიგნები და ბიბლიოთეკა ჩემთვის ბევრს ნიშნავს და ამიტომ მომყავს ეს მაგალითი.
ქვეყნის მთავარი სასულიერო სასწავლებლის ბიბლიოთეკის სავალალო მდგომარეობის გარდა, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, თუ როგორ მძიმე, ადამიანის ღირსების შემლახავ და ანტისანიტარიულ პირობებში უწევთ სწავლა და ცხოვრება სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებს, რის შესახებაც ვრცელი სიუჟეტი გააკეთა ბოლო ხანს ერთ-ერთ წამყვან სატელევიზიო არხზე[10].
ეს ძალიან მოკლედ იმის შესახებ, თუ როგორ აფინანსებს მმართველი პოლიტიკური გუნდი დომინანტ ეკლესიას (ყველა ხელისუფლების პირობებში) და როგორ გაუმჭირვალედ და არამიზნობრივად იყენებს ეს უკანასკნელი ფინანსურ რესურსებს.
მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება საკმაოდ ანებივრებდა დომინანტ ეკლესიას მატერიალურად, ალბათ, იმ იმედით, რომ ეს უკანასკნელი ყოველთვის შეინარჩუნებდა ლოიალურობას მთავრობისადმი. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ აღმოჩნდა ეკლესიის მხრიდან მუდმივი ერთგულებისა თუ მორჩილების გარანტი.
პირველი აშკარა და ფართომასშტაბიანი მცდელობა, როცა ეკლესიამ თავისი გავლენა გამოიყენა პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, 2012 წლის არჩევნები იყო, როცა ეპისკოპოსთა და მღვდელთა ნაწილი არაორაზროვნად მოუწოდებდა ხალხს ამბიონებიდან ხმა მიეცათ ახალი პოლიტიკური კოალიციისთვის – ქართული ოცნებისთვის. მართლმადიდებელი სასულიერო პირები არა მხოლოდ მოუწოდებდნენ, არამედ პირადად ესწრებოდნენ კიდეც ქართული ოცნების აქციებზე, რითაც ერთგვარ საკრალურ ლეგიტიმაციას ანიჭებდნენ მსგავს შეკრებებს (მაგ., ეპისკოპოსი იობი აქიაშვილი[11], არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაიშვილი[12]).
სასულიერო პირთა ამგვარი ჩარევა პოლიტიკურ ცხოვრებაში იკრძალება. 2012 წლის 5 ივლისს სმე-ს სინოდმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, “კატეგორიულად მიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში. ეკლესია არის ნეიტრალური…”[13]. თუმცა 2012 წლის 15 ივლისს საზოგადოებამ იხილა “უფრო მეტი” სასულიერო პირი, რომლებიც გორში, ქართული ოცნების აქციის მხარდასაჭერად მივიდა. გასაკვირია, მაგრამ საპატრიარქოს არანაირი რეაგირება არ გაუკეთებია პოლიტიკურად აქტიური სასულიერო პირების მისამართით, რომლებიც აშკარად ეურჩნენ სინოდის დადგენილებას. ეს კი, ლოგიკურად, მხოლოდ იმაზე შეიძლება მიანიშნებდეს, რომ საეკლესიო ხელისუფლებას და თავად პატრიარქსაც ფარული სიმპათიები ჰქონდა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისადმი და მის მიერ დაკომპლექტებული ახალი პოლიტიკური გუნდისადმი. ქართული ოცნების პოლიტიკურ აქციებზე მისვლასთან დაკავშირებით საინტერესოა პატრიარქის მიერ საკვირაო ქადაგებისას წარმოთქმული შემდეგი სიტყვებიც: “არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენი მისვლით თითქოს მხარს ვუჭერთ რომელიმე მხარეს. ვისაც არ უნდა ვუჭერდეთ მხარს, საქართველოს ეკლესიისთვის ყველა სულიერი შვილებია…”[14]. როგორც ჩანს, პატრიარქმა არ დაივიწყა ხსენებული ოლიგარქის მიერ მანამდე გაღებული მილიონები ქვეყნის მთავარი გრანდიოზული საკულტო ნაგებობის, სამების საკათედრო ტაძრის ასაგებად და სხვა საქველმოქმედო პროექტების განხორციელებისთვის.
შესაძლებელია დისკუსია საკითხზე, თუ რამდენად გადამწყვეტი შეიძლებოდა ყოფილიყო სმე-ს გავლენა 2012 წლის არჩევნებზე. მაგრამ არ უნდა იყოს სადაო ის გარემოება, რომ დომინანტ ეკლესიას ჯერ კიდევ აქვს იმის რესურსი, რომ სერიოზული გავლენა იქონიოს მოქალაქეების პოლიტიკურ არჩევანზე. მაგ., ამას მოწმობს, სოციოლოგიური კვლევის ეს მონაცემიც: საქართველოს მოსახლეობის 74% აცხადებს, რომ არჩევნებზე არ მისცემს ხმას იმ პოლიტიკური პარტიას, რომელიც შეეცდება სმე-ს კრიტიკას[15].
არ იქნება სწორი, თუ ვიტყვით, რომ დომინანტი ეკლესია ყოველთვის აღწევს თავის პოლიტიკურ მიზნებს. ამ კუთხით ეკლესიის ყველაზე ცნობილი მარცხი ანტიდისკრიმინაციული კანონი იყო, რომელიც მაინც დაამტკიცეს მიუხედავად სასულიერო პირების ენერგიული წინააღმდეგობისა. ეს წინააღმდეგობა იმდენად უპრეცენდენტო იყო, რომ სასულიერო პირები საპარლამენტო კომიტეტის დებატებშიც კი მონაწილეობდნენ[16]. მართალია, კანონი დაამტკიცეს, მაგრამ მისი საბოლოო ვერსიიდან მაინც ამოიღეს ზოგიერთი, მათი აზრით, მიუღებელი მუხლი. მიუხედავად ამისა, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე პატრიარქმა ილია მეორემ განცხადა: “არცერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ასეთ კანონს”[17]. ძირითადი გართულება კანონში ნახსენებ “სექსუალურ ორიენტაციასა” და “გენდერულ იდენტობას” უაკვშირდებოდა[18].
ორიოდე სიტყით რუსული გავლენების შესახებ: ამთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ ნაკლებად მოიძებნება პირდაპირი მტკიცებულებები და საბუთები სმე-ში არსებული ე.წ. რუსეთის აგენტების შესახებ წარსულსა და აწმყოში. ამ საკითხს, ალბათ, ნათელს მოჰფენდა ლუსტრაციის კანონის ამოქმედება. მანამდე კი მხოლოდ სმე-ს წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული განცხადებებისა და ქმედებების შინაარსის ანალიზისა და ლოგიკის ამარა ვრჩებით, რაც სულაც არაა უმნიშვნელო. ამიტომაც, ამ კუთხით, შეგვიძლია მხოლოდ გავლენის აგენტობაზე[19] ვისაუბროთ, ამ გამოთქმის ამერიკული გაგებით, და არა მაინცდამაინც ჯაშუშური საქმიანობისთვის განსწავლულ-დაქირავებულ აგენტებზე, რასაც, პრინციპში, ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რადგან, სახარებისეული ენით რომ ვთქვათ, ხე ნაყოფით იცნობა ანუ საკმარისია ემპირიული დაკვირვება.
თუკი მე-20 საუკუნის დასაწყისში სმე-ს მესვეურები მკვეთრად ანტირუსული და გამოკვეთილად პრო-დასავლური მისწრაფებებით გამოირჩეოდნენ, დღეს, სამწუხაროდ, ვითარება სხვაგვარია. მაგალითისთვის ვახსენოთ ერთ-ერთი ქართველი ეპისკოპოსის საყოველთაოდ ცნობილი სიტყვები 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომ რუსეთისგან ნასროლი ბომბები ღმერთის მიერაა ნაკურთხი და რუსული ბლოკ-პოსტები არის ზეციდან გარდამოსული მარწუხები, რომლებმაც ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაცია უნდა დააბრკოლოს.
ასევე უნდა ვახსენოთ სტალინის კულტი, რომელსაც სმე-ს მრევლის ნაწილში განსაკუთრებული ფორმა აქვს მიღებული. არსებობს სტალინის ხატი, რომლის წინაშეც ადამიანები ლოცულობენ. მე არ მახსოვს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადება ამ მახინჯი რელიგიური პრაქტიკის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, როგორც აღმოჩნდა, თავად პატრიარქია სიმპათიით განწყობილი სტალინის პიროვნებისადმი. მან ამის შესახებ საჯაროდაც განაცხადა და აღნიშნა, რომ მას უყვარს სტალინი, რომ საბჭოთა დიქტატორი და ტირანი რეალურად იყო „მორწმუნე“, „გამოჩენილი პიროვნება“ და ა.შ.[20] ალბათ, ადვილად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ვითარება, რომელიც რომის პაპის მიერ ჰიტლერის შესახებ მსგავსი სიტყვების წარმოთქმას მოჰყვებოდა. ჩემი აზრით, ეს ანალოგია სრულიად ადეკვატურია.
სმე-ს ამჟამინდელ პატრიარქს თბილი მოგონებები აკავშირებს ერთმორწმუნე რუსეთთან. მან სულიერი აღზრდა-განათლება სწორედ ამ ქვეყანაში მიიღო და ახლო ურთიერთობები აქვს რუს იერარქიასთან. ქართველ პატრიარქს მიაჩნია, რომ ერთმორწმუნეობის ფაქტორი გადამწყვეტი თუ არა, მნიშვნელოვანი ფაქტორია რუსულ-ქართული კონფლიქტის მოგვარების საქმეში. მაგრამ ერთმორწმუნოების ფაქტორი არ მუშაობს: მართლმადიდებელი ქართველების უმრავლესობას რუსეთი მაინც ქვეყნის მთავარ მტრად მიაჩნია არა მხოლოდ ბოლო ათწლეულების, არამედ ბოლო ორი საუკუნის ისტორიის გამოც.
როგორც ჩანს, ერთმორწმუნეობის ფაქტორი არც რუსეთის ეკლესიისთვის ნიშნავს რამეს. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ამის დასტურია თუნდაც მისი საეკლესიო პოლიტიკა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში, სადაც ჩრდილოელი მეზობელი არა მხოლოდ არღვევს საეკლესიო კანონიკას იქ რუსი სასულიერო პირების შეგზავნით და აფხაზების ანტიქართული რელიგიური აქტივობის წახალისებით, არამედ ეწევა ვანდალიზმს, კერძოდ, ხელყოფს სმე-ს კუთვნილ საკულტო ნაგებობებს. ნად­გურდება ქართული ტაძრები, ფრესკები, კედლის წარწერები.
ხშირად ქართული საზოგადოების ნაწილში მოსკოვში სმე-ს პატრიარქის ვიზიტები უკმაყოფილებას იწვევს. არ ვფიქრობ, რომ ეკლესია არ უნდა ცდილობდეს მშვიდობისმყოფელის ფუნქციის შესრულებას დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობებისას და ეს სულაც არ ნიშნავს ეკლესიის გაუმართლებელ ჩარევას სახელმწიფოს საქმეებში. საქართველოს ისტორიაში ცნობილია სასულიერო პირების მიერ დიპლომატიური მისიით ევროპის ქვეყნებში ვოიაჟებიც, მაგ., სულხან-საბასი ან ნიკიფორე ირბახისა. მხოლოდ ვისურვებდი, რომ რუს ჩინოვნიკებთან გამართული მოლაპარაკებების შინაარსი და ხასიათი უფრო საგნობრივი და პრინციპული იყოს და არა ოდენ თბილი გრძნობების ურთიერთგაცვლის ნიშნით აღბეჭდილი. ვფიქრობ, უნდა დასრულდეს ეს ყოველი, რადგან რუსული მხარე, თავისი პრაქტიკული ნაბიჯებით სრულიად უპატივცემულოდ ეპყრობა სმე-ს. მაგ., სულ ახლახანს რუსეთის პატრიარქმა საქართველოს პატრიარქი ოფიციალურ მისალოც წერილში სრული ტიტულით არ მოიხსენია, კერძოდ, მან თავი აარიდა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტობის ხსენებას, რომელიც პატრიარქ ილია მეორის ტიტულს 2010 წლიდან დაემატა[21].
მიუხედავად ყოველივე ამისა, სმე-ს მესვეურებს მაინც გაუმართლებლად მიაჩნიათ რუსეთის ეკლესიასთან დაპირისპირების ენით საუბარი. როგორც ჩანს, აგრეთვე ეს გარემოებაც გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა საზოგადოების გარკვეულ წრეებში, რომლებიც სმე-ს პრო-რუსული ორიენტაციის მატარებლად მიიჩნევენ და სკეპტიკურად არიან განწყობილნი ამგვარი ვიზიტებისადმი.
ამრიგად, სმე სრულიად მართებულად მოიაზრება რუსეთის ეკლესიის გავლენის ქვეშ მყოფად და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა 2016 წელს, როდესაც კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოს ორგანიზებით საერთო მართლმადიდებლური საეკლესიო კრება ჩატარდა კრეტაზე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მოსკოვის საპატრიარქოს სურს ლიდერობა ჩამოართვას კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს. ამიტომ, რუსეთის ეკლესიამ ყველა ღონე იხმარა იმისთვის, რომ აღნიშნულ კრებას არ ჰქონოდა საერთო მართლმადიდებლური ხასიათი. კრების დაწყების წინ, რუსეთის ორბიტის ქვეშ მყოფმა ეკლესიებმა, – ბულგარეთის, სერბეთისა და საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიებმა, – ბოიკოტი გამოუცხადეს ამ კრებას.
ბოლოს, აუცილებლად მიმაჩნია ასევე მოკლედ მივუთითო 2017 წლის 23 ნოემბერს პატრიარქ ილია მეორის მიერ თავისი მოსაყდრის, ეპისკოპოს შიო მუჯირის დანიშვნაზე. არსებობს ანგარიშგასაწევი გარემოებები იმის აღსანიშნავად, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო მხოლოდ პატრიარქის მიერ მიღებული. ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა, მაგ., მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა[22]. ამასვე აღნიშნავენ სხვებიც[23]. კერძოდ, ყურადღება ექცევა 2017 წლის 1-ლ ნოემბერს რუსი მიტროპოლიტის, ილარიონ ალფეევის ვიზიტს საქართველოს საპატრიარქოში[24]. ვიზიტის ოფიციალური მიზეზი იყო ილია მეორის მიწვევა რუსეთის პატრიარქობის ასი წლის იუბილის აღსანიშვნის ღონისძიებაზე, ასევე აფხაზეთის რელიგიურ ვითარებაზე მსჯელობა. ამ შეხვედრაზე მყოფი ერთ-ერთი ქართველი მიტროპოლიტის ინფორმაციით, ალფეევმა პატრიარქის ჯანმრთელობის სიმძიმეს გაუსვა ხაზი და კონკრეტული მინიშნება გააკეთა მიტროპოლიტ შიო მუჯირზე, როგორც მის სასურველ წარმომადგენელზე.
სამწუხაროდ, ამგვარია ჩვენი რეალობა და ამ მოხსენებაში, ადგილის სიმცირის გამო, მხოლოდ ზოგიერთ გარემოებასა და ფაქტზე მინიშნებას ვახერხებთ. ცხადია, ჩვენ შეგვიძლია დავაფასოთ ის კეთილთვისებიანი სულიერი გამოცდილება, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში შეიძლება არსებობდეს, მაგრამ დასანანია, რომ ორ ეკლესიას შორის ურთიერთგამამდიდრებელი ურთიერთობა ხშირად რუსულ იმპერიულ ამბიციებს ეწირება, რომელიც ასე ღრმადაა გამჯდარი რუსეთის ეკლესიაში.

 

შენიშვნები:
[1] Georgia is Ranked Eleventh Most Religious Country in the World, 20 April 2015, http://orthochristian.com/78845.html
[2] RELSERV: Frequency of Attendance of Religious Services, Caucasus Barometer 2015, http://caucasusbarometer.org/en/cb2015ge/RELSERV/
[3] თარხნიშვილი, ლევან. რელიგია და საზოგადოება”, სეკულარიზაცია: კონცეპტი და კონტექსტები. თბ., 2009, გვ. 286-319.
[4] იქვე, გვ. 300.
[5] იქვე, გვ. 293.
[6] 17 მაისის საქმეზე ბრალდებული სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა, 9 სექტემბერი 2017, http://tbl.ge/2hqy
[7] იხ. რუსთავი 2-ის სიუჟეტი “პატრიარქის კარის თამაშები”, 13 იანვარი 2017, http://rustavi2.ge/ka/news/94288 უშუალოდ მიტროპოლიტის სიტყვები, იხ.: “მეუფე გრიგოლი: ეკლესიაში მომსვლელთა რაოდენობა საგრძნობლად არის შემცირებული”, http://tbl.ge/2psf
[8] თინიკაშვილი, დავით. რატომ არ ემიჯნება საპატრიარქო რელიგიურ ექსტრემისტებს?”, (სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ “ლიბერალის” ვებ-გვერდზე), 4, აპრილი 2012, https://davidtinikashvili.wordpress.com/2016/08/15/რატომ-არ-ემიჯნება-საპატრ/
[9] აღნიშნული სტატიები რელ. უმცირესობათა სოციალურ მსახურებაზე და სხვა საეკლესიო საკითხებზე, ძირითადად, ხელმისაწვდომია ჟურნალ “ლიბერალის” ვებ-გვერდზე: http://liberali.ge/authors/view/1825/davit–tinikashvili
[10] იხ. რუსთავი 2-ის სიუჟეტი “თბილისის სასულიერო აკადემიის მძიმე პირობები და კითხვები აკადემიისთვის გამოყოფილ თანხებზე”, 11 ივნისი 2017, http://rustavi2.ge/ka/news/77808
[11] წმინდა სინოდი ღვთისმსახურების აქციებში მონაწილეობას ეწინააღმდეგება, 2012.07.06, http://for.ge/view.php?for_id=14106&cat=3
[12] მამა ბართლომე: კმარა ბოკერია, კმარა სააკაშვილი…, 7 მარტი, 2013, http://geworld.ge/ge/4706/
[13] წმინდა სინოდის სხდომის ოქმი, მუხლი #2, 2012 წლის 5 ივლისი, http://patriarchate.ge/geo/wminda-sinodi/wminda-sinodis-ganchinebani/2012-weli-5-ivlisi/
[14] პატრიარქმა ჟურნალისტებს სთხოვა, არ დაუშვან, რომ ქართველი ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდეს, 22 ივლისი, 2012, http://www.patriarch.ge/news/id/1111
[15] NDI-ს კვლევის უცნობი შედეგები, 20 აპრილი, 2016, http://netgazeti.ge/life/109169/
[16] ანტიდისკრიმინაციული კომიტეტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტში, 15.04,2014, http://netgazeti.ge/news/30971/
[17] 06.05.2014, პატრიარქის ქადაგება ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, https://www.youtube.com/watch?v=1K9TQ-qTWnY
[18] ანტიდისკრიმინაციული კანონი: მიღწევები და გამოწვევები, 17 ივნისი 2014, http://www.transparency.ge/ge/blog/antidiskriminatsiuli-kanoni-mightsevebi-da-gamotsvevebi  Georgia’s Orthodox Church Opposes Antidiscrimination Bill, 29 April, 2014, https://www.rferl.org/a/georgias-orthodox-church-opposes-antidiscrimination-bill/25366250.html
[19] ღირსიაშვილი, ლ. გავლენის აგენტები, ახალი აზრი #1 (7), 2003, http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=1293
[20] Кавказская Политика, 29 июля 2013 https://www.portal-credo.ru/site/index.php?act=monitor&id=20424
[21] რუსეთის პატრიარქმა საქართველოს პატრიარქი მისალოც წერილში სრული ტიტულით არ მოიხსენია, რუსთავი 2, 05-01-2018, 12:39, http://rustavi2.ge/ka/news/93697
[22] ეპისკოპოსი გრიგოლი პატრიარქის ბრძანების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს, 25.11.2017, http://rustavi2.ge/ka/news/90604
[23] იხ., ჟურნალისტ გოჩა მირცხულავას გამოსვლა რუსთავი2-ის გადაცემაში „განსხვავებული აქცენტები“: ილარიონ ალფეევის საქართველოში ვიზიტის დროს გაკეთდა მინიშნება, რომ პატრიარქის ნდობით აღჭურვილი პირი მეუფე შიო ყოფილიყო, 25 ნოემბერი 2017, http://rustavi2.ge/ka/news/90615
[24] რუსეთის ეკლესიის მაღალიერარქი პატრიარქს შეხვდა და რუსეთში დაპატიჟა, 1 ნოემბერი 2017, http://tbl.ge/2lni

 

მოხსენება მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის“ მიერ ორგანიზებული პოდიუმ დისკუსიისთვის „რელიგია და საზოგადოება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“, 3 თებერვალი 2018
რუსულენოვანი ტექსტი ხელმისაწვდომია: http://newcaucasus.com/civil-hearings/16689-gruzinskaya-pravoslavnaya-tserkov-obshhestvo-politika-rossiyskoe-vliyanie.html 
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s